2011-10-31 …ჩემს წინაპართა მსგავსად ვეომები ურწმუნოთ
1911 წლის 2(15) სექტემბერს მიხეილ თამარაშვილი სოფელ სანტა-მარინელასთან, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, პროფესორ ავგუსტისთან ერთად სეირნობდა. ზღვა საოცრად წყნარი იყო. უბედურებას თითქოს არაფერი მოასწავებდა. მოულოდნელად ამინდი აირია, ამოვარდნილმა ქარმა ზღვა ააღელვა. ამ დროს ყვირილი გაისმა. ვიღაც განწირული ხმით შველას ითხოვდა. ყველა ნაპირს მიაწყდა, მაგრამ ზღვაში შესვლას ვერავინ ბედავდა. ამ დროს შეგროვილ ხალხს ორი ვაჟკაცი გამოეყო და აქოჩრილ ტალღებს შეება. ერთი მათგანი მიხეილ თამარაშვილი იყო, მეორე — მისი მეგობარი პროფესორი. მაშველებმა მსხვერპლის — ნავების დარაჯის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ თვითონ ნაპირს ვეღარ მიაღწიეს. მიხეილი ამ დროს მხოლოდ 53 წლის იყო.
***
მიხეილ თამარაშვილი (ერისკაცობაში — ალექსანდრე) ახალციხეში დაიბადა, პეტრე თამარაშვილის ღარიბ და მრავალშვილიან, კათოლიკური აღმსარებლობის ოჯახში. ათი შვილიდან მეცხრე იყო.14 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ადრე დაობლებულს ოჯახზე ზრუნვა დააწვა მხრებზე, რის გამოც ნიჭიერი ყმაწვილი იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ხელობის შესასწავლად ხარაზს მიბარებოდა. 1874 წელს მიხეილი თავის ძმასთან ჩავიდა ქუთაისში ხელოსნობაში ბედის საცდელად. ძმის დუქანში ერთხანს წაღებს ჰკერავდა, მაგრამ ორიოდე წელიწადში ძმები გაკოტრდნენ და საცხოვრებლად ხაშურში გადავიდნენ. დახლი ვერც იქ დაიყენეს, სახელოსნო დახურეს და მშობლიურ ახალციხეს დაუბრუნდნენ.
დაწყებითი სასულიერო განათლება იქვე, „ქვემო ეკლესიის“ სამრევლო სკოლაში მიიღო, ივანე გვარამაძის, იგივე „ვინმე მესხის“ ხელმძღვანელობით. იმ დროს გვარამაძეზე უკეთესი მოძღვარი და საქართველოს ისტორიის მცოდნე ბევრი არ იყო. მოძღვარმა იგრძნო, რომ ბავშვი დიდი საქმისათვის იყო მოვლენილი და საგანგებო წვრთნა დაუწყო.
საფუძვლიანი განათლებისთვის 20 წლისამ მოიცალა. 1878 წელს, ივანე გვარამაძის დაჟინებული რჩევით, 20 წლის თამარაშვილი კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში და იქვე აღიკვეცა ბერად. ამ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. საფუძვლიანად ისწავლებოდა ფრანგული და ლათინური. სამ წელიწადში მიხეილი თავისუფლად დაეუფლა ამ ენებს.
სკოლის ხელმძღვანელობამ ყველაზე ნიჭიერი სამი მოსწავლე შეარჩია და სასწავლებლად ესპანეთში გაგზავნა. აქაურ სემინარიაში მიხეილმა კიდევ სამი წელი დაჰყო. პეტრე ხარისჭირაშვილმა კვლავ გამოარჩია სწავლას მოწყურებული ყმაწვილი და ამჯერად უკვე პარიზში, ლაზარეს სასწავლებელში მიავლინა.
პარიზის სამეცნიერო ცხოვრების გაცნობამ მიხეილზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. 1888 წელს, სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, თამარაშვილი თავის განუყრელ მეგობარ იოსებ მერაბიშვილთან ერთად კონსტანტინეპოლის ქართველთა ძმობაში მიიწვიეს. ამ დროისთვის დასნეულებული პეტრე ხარისჭირაშვილის ნაცვლად კონსტანტინეპოლის ქართველთა ცენტრს ნიკოლოზ მანველიშვილი განაგებდა. მონასტერში ის ძველი აღტყინება და შემართება აღარ სუფევდა.
თამარაშვილს გულმა სამშობლოსკენ გამოუწია. სამშობლოში დაბრუნებულს კი შავრაზმულ რეჟიმთან დაპირისპირება მოუხდა. ჟანდარმერიამ მასში იმპერიისთვის საშიში პიროვნება დაინახა და ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. თბილისში თამარაშვილი მიძინების ეკლესიის მოძღვრად განაწესეს. მან აქ თავისებური „განაწესი“ შემოიღო: ყოველი წირვისას თუ ლოცვისას, ეკლესიის კათედრიდან, მრევლს საქართველოს ისტორიის ცალკეულ ეპიზოდებზეც მოუთხრობდა. ცხადია, ეს ქართველ მრევლს ძალზე მოსწონდა. მაგრამ გამოჩნდნენ მოწინააღმდეგენიც. სომეხ კათოლიკეებს არ ესიამოვნათ მათ მიერვე გაყალბებული ისტორიის შესახებ სიმართლე, ამიტომ დაბეზღებებით, ათასგვარი ცილისწამებითა და ქრთამებით თამარაშვილისთვის ჯერ თბილისში, შემდეგ კი სრულიად საქართველოში მღვდელთმსახურების აკრძალვას მიაღწიეს. საქართველოს მაშინდელ მთავარმართებელ დუნდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით, მიხეილ თამარაშვილს, როგორც არაკეთილი აზრების მქონეს, ნაციონალისტური პროპაგანდისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მღვდელთმსახურება აუკრძალეს. მას უფლება დართეს ახალციხეში ეცხოვრა, ოღონდ, მღვდლის მოვალეობა არც აქ უნდა შეესრულებინა.
ახალციხეში ჩასული თამარაშვილი თავის მოძღვართან და უფროს მეგობართან — ივანე გვარამაძესთან საყვარელ საგნებზე საუბრით იქარვებდა დარდს. თუმცა, მალე ის ახალციხიდანაც გააძევეს. როგორც მთავრობის მიერ შერისხულს არც რომში წასვლის ნებართვას აძლევდნენ. სომხური ტიპიკონის მქონე ახალციხის ეკლესიამაც არ მიიღო. მამისეულ სახლში კი სიღარიბე და შიმშილი მეფობდა.
1890 წელს მიხეილ თამარაშვილმა მაინც მოახერხა ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე სტამბოლში ჩასულიყო. აქედან რომში გაემართა და რომის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა გამოცდები. უსახსროდ დარჩენილს მხსნელად თავისივე ნიჭიერება მოევლინა. მას სტიპენდია დაუნიშნეს. 1894 წელს თამარაშვილმა აკადემია წარჩინებით დაამთავრა და დოქტორის წოდება მოიპოვა. მის ცხოვრებაში შემოქმედებითი, მეცნიერული მუშაობის ეტაპი დადგა.
ამ დროისთვის მეტად მწვავედ იდგა ქართველ კათოლიკეთა წარმომავლობის საკითხი. სომხური კათოლიკური ეკლესიის მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ ქართველი კათოლიკენი ბუნებაში არ არსებობდნენ. ისინი, ვინც დღეს თავს ქართველ კათოლიკეებს უწოდებენ, სინამდვილეში გაქართველებული სომხები არიანო.1886 წელს კათოლიკურ ეკლესიებში ქართული ენა აკრძალეს. ივანე გვარამაძე წერდა მიხეილ თამარაშვილს: რომ არა ჩვენი ქალების დიდი შემართება, ამ ბრძანების შემდეგ ქართულ ქადაგებას საერთოდ ვეღარ შევძლებდითო.
ქართველი კათოლიკენი რომის პაპთანაც ჩავიდნენ, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი. 1894 წელს პაპის მიერ გამოცემული დეკრეტით, აღმოსავლეთის კათოლიკეებს საერთოდ აეკრძალათ ლათინური ტიპიკონით წირვა, მათ მხოლოდ სომხური ტიპიკონით უნდა ეწირათ.
კავკასიის მთავარმართებლის 1893 წლის მაისის ბრძანებაში თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესია სომხურ ეკლესიად იყო მოხსენიებული.
დაიწყო დავა ქართული კათოლიკური ეკლესიის თაობაზე. საჭირო გახდა დოკუმენტების მოძიება. ასეთი დოკუმენტები კი რომის არქივებში ინახებოდა. 1892 წელს თბილისის კათოლიკურმა ეკლესიამ თხოვნით მიმართა მიხეილ თამარაშვილს, მოეძიებინა ვატიკანის წიგნთსაცავებში საჭირო დოკუმენტები. შეკვეთა სიამოვნებით იქნა მიღებული. თამარაშვილის მიერ მოძიებულმა დოკუმენტებმა საქმე ერთმნიშვნელოვნად ქართველების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
რომის არქივებში მიხეილი არა მარტო საეკლესიო, არამედ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი მასალების მოძიებასაც შეუდგა. 1898 წელს ის რომიდან წერდა თავის მასწავლებელს — ივანე გვარამაძეს: „წიგნებს დღიდან დღეზე ვპოულობ. ძებნაზე დიდ შრომასა ვდებ, ხშირად 40-60 ტომს და ათასობით ფურცლებს ვფურცლავ და ზოგჯერ სრულებით ვერაფერს ვპოულობ და ზოგჯერ უცბად და მოულოდნელად შესანიშნავსა და სასიამოვნო ქაღალდებს შევხვდები, კიდევ დრო ბევრი უნდა, რომ ამისთანა დოკუმენტები შევკრიბო.“
ამ მართლაც ტიტანურ შრომას თამარაშვილი უკიდურესი სიღარიბის პირობებში ეწეოდა. მისი ერთადერთი შემოსავალი ამ დროს მღვდელთმსახურების მცირე თანხა იყო.
1894 წელს, თამარაშვილი კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა დაჟინებული თხოვნით, ფერიქოვის (კონსტანტინეპოლის ერთ-ერთი უბანი) ქართული სკოლის მასწავლებლობას იწყებს და თავისი ლექციებით აღფრთოვანებაში მოჰყავს მოსწავლეები, მაგრამ სკოლაში გამეფებულმა ფორმალობამ და რუტინამ მალე მას გული აუცრუა.
1459 წელს ყვარყვარე ათაბაგის მიერ პაპთან გაგზავნილ წერილში კარგად ჩანს არა მარტო სამცხის მაშინდელი ხელისუფალის პოლიტიკური ორიენტაცია, არამედ მისი პოლიტიკური ალღო და შექმნილი რთული ვითარების ღრმა ანალიზის უნარიც. „…ჩემს წინაპართა მსგავსად ვეომები ურწმუნოთ. გასულ წლებში მეზობელ ქრისტიან მთავრებთან ომი რომ არ მომხდენოდა, უფრო მომეტებულად გავიმარჯვებდი ურწმუნოებზე. ახლა შევურიგდი ყველა ჩემს მეზობელ ქრისტიან მთავარს და გარდავწყვიტე მთელი ჩემი ღონე და შეძლება მოვიხმარო ოსმალების წინააღმდეგ. მევე უნდა წავუძღვე 20 000 ცხენოსანს საომრად, რათა შეერთებულის ძალით შევებათ და ვსძლიოთ ოსმალთ.
გპირდებით, რომ ერთის ზაფხულის განმავლობაში დავიპყრობთ ანატოლიასა და ყველა ქვეყნებს, რომელიც ოსმალოს ამ მხარეს უჭირავს.
მეორე მხარეს თქვენ დაგიტოვებთ. ორ ჯარს შუა მოქცეული ოსმალეთი დამარცხდება. უწყოდეთ, რომ თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, შემდეგში, კიდევაც რომ გულით მოინდომოთ, ვერაფერს გააარიგებთ, რადგან ურჯულო ოსმალეთი მუდამდღე ძლიერდება და ვეღარც შევძლებთ შემდეგში გულმოდგინეთ შეერთებას.“
თამარაშვილმა ისიც დაასაბუთა, რომ ასეთი კოალიციის შექმნა ჩაიშალა სწორედ დასავლეთის სახელმწიფოთა მიზეზით. ირან-თურქეთის ექსპანსიის დროს ყველაზე მეტად განაპირა მხარეებს — სამცხეს და კახეთს გაუჭირდათ. მე-17 საუკუნეში მანუჩარ ათაბაგმა და ალექსანდრე კახთა მეფემ თავიანთ სამფლობელოებში კათოლიკე მისიონერები მიიპატიჟეს, რაც იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ ევროპაზე პოლიტიკური ორიენტაცია გრძელდებოდა.
თამარაშვილი დიდ ყურადღებას უთმობს ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობის გაშუქებას, ასევე ფართოდ მიმოიხილავს თეიმურაზისა და ერეკლეს ხანას, ხაზგასმით აღნიშნავს მათ დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციას.
მისი წიგნი გამოცემისთანავე იქცა საერთო ქართულ მოვლენად. „გამოცემულმა თქვენს მიერ „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ ყოველი საქართველოს ყურე და კუთხე დაიარა და ყველგან აღფრთოვანებული ნათელი წაიღო და სიბნელეს სხივი მიაყენა და დასძრა და დაჰფანტა იჭვიანობა, გამოვიდნენ ასპარეზზედ თქვენი ჰაზრების დამცველნი…“ .
„შენი გამოცემული წიგნები, რომელნიც არიან დოკუმენტები საქართველოს ისტორიის გვაროვნობისა და ქართული ტიპიკონისა, მართლაც ძვირფასი და დაუფასებელნი საუნჯენი არიან მამულის შვილებისათვის და თავგასული მტრებისთვის ლაგამის ამოსადებად. მართლა რომ შენი შრომა ძვირფასია ჩვენი საწყალი ქვეყნისთვის… “ — წერდნენ წიგნის გამოცემისთანავე. ილიას „ივერია“ კი 1902 წლის N 254-ში აღნიშნავდა: „ეს მარტო კათოლიკობის ისტორია კი არ არის, არამედ საქართველოს შინაგანი ცხოვრების და პოლიტიკური მდგომარეობის ისტორიაა და ამ მხრივ ეს შესანიშნავი წიგნი მეორე ქართლის ცხოვრებაა.“
მიხეილ თამარაშვილის წიგნს გამოეხმაურნენ: იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, მოსე ჯანაშვილი, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, თედო სახოკია, მიხეილ წერეთელი, ივანე გვარამაძე და სხვები. ყველა მათგანი აღნიშნავდა ავტორის მიერ გაწეულ ტიტანურ შრომას და სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი ფასდაუდებელი დოკუმენტების განუზომლად დიდ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიის არაერთი ბურუსით მოცული მოვლენის ახსნის საქმეში.
უსახსრობის გამო მიხეილ თამარაშვილმა თავისი წიგნის მეორე ტომის გამოცემა ვერ შეძლო. მან ისღა მოახერხა, რომ ცალკე გამოყო საკითხების ნაწილი და ჩვენი ისტორიის გამყალბებელთა წინააღმდეგ პოლემისტური წიგნის სახით დაბეჭდა.
1902 წელს, იტალიაში, იტალიურ ენაზე მხიტარისტთა კონგრეგაციის წევრმა ტერ-გაბრიელ ნახაპეტიანმა გამოსცა წიგნი „სომხის კათოლიკეები საქართველოში და საკითხი კათოლიკე სომეხთა და ქართველთა შორის“, რომელშიც ქართველთა მიმართ ცილისწამება იყო გადმონთხეული.
1904 წელს, ისევ და ისევ სტეფანე ზუბალაშვილის ფინანსური მხარდაჭერით და პავლე მირიანაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის აქტიური მონაწილეობით, გამოიცა მიხეილ თამარაშვილის წიგნი „პასუხი სომეხ მწერლებს, რომლებიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას“ (ისტორიული გამოკვლევა).
ნაშრომში სათანადო ასახვა ჰპოვა ქართული დამწერლობის წარმოშობის, საქართველოში სომეხთა შემოხიზვნისა და გადმოსახლების, კათოლიკე მისიონერთა საქართველოში მოღვაწეობის, ქართველ კათოლიკეებში სომხური რიტის გავრცელების და სხვა საკითხებმა.
1905 წლისთვის მიხეილ თამარაშვილმა ფრანგულ ენაზე მოამზადა ნაშრომი ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ, რომელსაც დაურთო დოკუმენტური ტექსტები, გეოგრაფიული რუკები, სურათები და ა.შ. ასეთი ნაშრომის გამოცემა, ცხადია, გაცილებით ძვირი ჯდებოდა. მას ამჯერადაც ზუბალაშვილების იმედი ჰქონდა, მაგრამ 1904 წელს გარდაცვლილი სტეფანე ზუბალაშვილის მემკვიდრეებმა და ძმებმა აღარ ისურვეს მკვლევარის დახმარება. საჭირო გახდა აკაკი წერეთლის, ზაქარია ჭიჭინაძის, ცხადაძის და სხვა ქართველ მოღვაწეთა დიდი ძალისხმევა, რომ ზუბალაშვილებს კვლავ მოწყალე თვალით შეეხედათ რომში მყოფი მამულიშვილისთვის.
მათ კვლავ აღუდგინეს დახმარება თამარაშვილს და წიგნის გამოცემაშიც თანადგომა აღუთქვეს. 1910 წელს წიგნი ფრანგულ ენაზე გამოიცა.
საყოველთაო შეფასებით, ამ წიგნის გამოცემა მოასწავებდა ახალი ეტაპის დაწყებას ქართველოლოგიის სფეროში. ევროპელთათვის ის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. თვით მიხეილ თამარაშვილი აღნიშნავდა, რომ „ადრე ჩემს მიერ გამოცემული წიგნები ამ წიგნთან მოსატანი და სახსენებელიც არ არიან.“
საქართველოში წიგნმა 1910 წლის ივნისში ჩამოაღწია. ლ. გოზალიშვილი თამარაშვილს წერდა: „თავადაზნაურთა საკრებულოში... რა ნახეს წიგნი განცვიფრებაში მოვიდნენ წიგნის სიდიადეზე და ავტორის მხნეობაზე და უზენაესს უმადლოდნენ, რომ მოევლინა ქვეყანას ჩვენი კულტურის დასავლეთში გასაცნობად თქვენი მამობა. ვერ მოვახერხებ მათი სიხარულის გამოთქმას. დამპირდნენ, რომ ახლა მაინც შეგეწევიან, რომ სინდისი გაისწორონ. მგონი 1000 მანეთამდე გაახლონ”.
ხუთიოდე თვის განმავლობაში წიგნის გამოცემიდან ევროპაში მის შესახებ 50-ზე მეტი რეცენზია დაიწერა. წიგნს უმაღლესი შეფასება მისცა ვატიკანმაც. „...სახელოვანმა ავტორმა მიხეილ თამარაშვილმა მოგვიძღვნა თავისი შესანიშნავი წიგნი ფრანგულ ენაზე. საუცხოო სტილით, სისწორით და გემოვნებით დაწერილი... ეს თხზულება შესანიშნავია ძველი დროის საბუთების და მასალების საქართველოს ეკლესიის შესახებ ბრძნული კრიტიკით და თავისი ქვეყნის მტერთა მიმართ წყნარი ტონით. შიგ გამოსჭვივის მხურვალე, მაგრამ შეგნებული პატრიოტიზმი ავტორისა, რომელიც ერთგვარი სისწორით აღნიშნავს თავისი ერის როგორც ბრწყინვალე საქმეებს, ისე შეცდომებსა და საშუალებებს, რითაც შეეძლო მას თავი დაეხსნა. მკითხველნი, რომელნიც შეიძენენ ამ დიდებულ თხზულებას, მიუძღვნიან მის ავტორს დიდ მადლობას, ისინი გულის ფანცქალით წაიკითხავენ ამ წიგნში საგმირო ისტორიას იმ ერისას, რომელმაც, მიუხედავად საშინელი დევნისა და ტანჯვა-წამებისა, შეინარჩუნა სიმამაცე, სულგრძელობა, სამართლიანობა და უმეტეს შემთხვევაში დარჩა თავისი ქრისტიანული ტრადიციების ერთგული,“ — წერდა ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი ჟოზეფ პტი.
თამარაშვილის შრომებმა ერთგვარად შეაჯამა უცხოეთში მოღვაწე ქართველ კათოლიკეთა პატრიოტული საქმიანობაც. მას კონტაქტები ჰქონდა მსოფლიოს თითქმის ყველა წიგნთსაცავთან და არქივთან, რომელშიც კი ქართული მასალების არსებობა იყო სავარაუდებელი. მან უკვე უტყუარად იცოდა, რომ საქართველოს ისტორიის შესახებ დოკუმენტები მრავლად მოიპოვებოდა პეტერბურგის, მოსკოვის, ლენინგრადის, პარიზის, კონსტანტინეპოლის, ტრაპიზონის, ბეირუთის, ქაიროს, ალეპოს და სხვა ქალაქების წიგნთსაცავებსა და არქივებში.
ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მიხეილ თამარაშვილი დაუსწრებლად აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად. თამარაშვილმა სხვა ღვაწლიც დასდო ქართულ ისტორიოგრაფიას. მან აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მოიძია და შეისწავლა სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის მასალები.
***
ქართველი მეცნიერი და რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, 1911 წლის 15 სექტემბერს, სოფელ სანტა-მარინელაში აღესრულა. რომში მიხეილ თამარაშვილი დიდი პატივით დაკრძალეს. იტალიური პრესა აღნიშნავდა, რომ ამ კაცში ბუნებრივად იყო შეთვისებული თავისი ერისთვის დამახასიათებელი ერთგულება და კაცთმოყვარეობისთვის გმირული თავგანწირვაო. იტალიის საზოგადოებამ გადაწყვიტა. თამარაშვილისთვის ძეგლი დაედგა. ამან ქართველი ინტელიგენცია გამოაფხიზლა. დაიწყო მსჯელობა თამარაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაზე, სამწუხაროდ, ეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ განხორციელდა.
მისი პირველი ქართველი ჭირისუფალი მკვლევარი და შემოქმედი რეზო თაბუკაშვილი აღმოჩნდა. მან მიხეილ თამარაშვილზე დოკუმენტური ფილმის „კვალი ნათელის“ გადაღებისას მოიძია მისი საფლავი და 1978 წელ ნოსტალგიით გატანჯული მამულიშვილის ნეშტი იტალიიდან თბილისში ჩამოასვენეს.
„სალამი შენდა,
სამშობლო მხარევ
სალამი შენდა, კავკასიონო;
შენც, ალაზანო,
ცრემლთა მდინარევ,
და შენც, კოლხეთის
ცელქო რიონო!
უცხოეთიდან სალამს გიგზავნი,
სალამს მზიურს
და არწივის ფრთიანს,
შენის ოცნებით ვიქარწყლებ
ვარამს
და თავს გევლები,
ბუნება ღვთიანს.
თუ ვეღარ გნახე, ტურფა ედემო,
და უცხო ცის ქვეშ
აღმომხდა სული,
შენ დამიტირე,
სიცოცხლევ ჩემო,
შენ მიისვენე შენი ერთგული!“
— ამ სტრიქონების ავტორი, დიდი ქართველი მამულიშვილი მიხეილ თამარაშვილი, გარდაცვალებიდან 67 წლის შემდეგ, ქართულ მიწას მიაბარეს.
მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა.
მოამზადა
ლალი ჯელაძემ -
|