2011-11-03 დირექტორთა კლუბი თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი თემურ კიკნაძე
დაამთავრა თბილისის N87 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, საზღვარგარეთის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1974-1978 წლებში იწყებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში, გეოგრაფიის პედაგოგად. მოგვიანებით, მუშაობას აგრძელებს თბილისის განათლების სამმართველოში, შემდეგ თბილისის N102 საშუალო სკოლის დირექტორად.
1987 წლიდან მუშაობდა განათლების სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ხოლო 1999 წლიდან 2007 წლამდე იყო თბილისის მე-3 გიმნაზიის დირექტორი.
2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორად.
საფუძვლიანად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს. გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები და ტრენინგები.
დაინტერესებულია — ლიტერატურით, ისტორია-გეოგრაფიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური მეცნიერებებით, სპორტით — ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი.
თანამედროვე სკოლა
თანამედროვე სკოლა ბევრად განსხვავდება იმ სკოლებისგან, რომლებიც ახლო წარსულში, კომუნისტურ პერიოდში გვქონდა. განათლების სისტემაში, მართლაც რომ, რევოლუციური გარდაქმნები მოხდა. ძალიან ბევრი სიახლე შეიძლება მტკივნეულად მიმდინარეობდეს, თუნდაც მასწავლებლებისთვის, მაგრამ სკოლაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლება, უსაფრთხო გარემოს შექმნა და მრავალი სხვა სასიკეთო სიახლის გატარება, აუცილებელი რომ იყო, ეს უდავოა. მასწავლებელი მიჩვეული იყო გარკვეული მოდელით მუშაობას. ხშირ შემთხვევაში, დიქტატორი იყო და ყველაფერს წარმართავდა, მისი ასეთი ქმედებები ხშირად იწვევდა მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტს. დირექტორის, მასწავლებლისა და მოსწავლის ქცევის კოდექსების შექმნამ ბევრი რამ დაარეგულირა. შეიცვალა ურთიერთობები მასწავლებელსა და მოსწავლეს, ხელმძღვანელობასა და პედაგოგს შორის. ჩემთვის დირექტორის კოდექსი სავსებით მისაღებია. მიმაჩნია, რომ დირექტორი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ის არ უნდა სცილდებოდეს იმ უფლებებს, რაც მას სახელმწიფომ დააკისრა. კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. განათლების რეფორმის განხორციელებას, სიახლეების დანერგვას თავისთავად სხვა ტემპში გადაჰყავს მასწავლებელი. ახალ გარემოსთან ადაპტირება, მით უმეტეს ძველი მენტალობის პედაგოგისთვის, გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, თუმცა დაუძლეველი არაფერია.
განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლაში, ძალიან ბევრი სასიკეთო სიახლე ხორციელდება. მოგეხსენებათ, სწავლის ხარისხი სკოლისთვის ყოველთვის სუსტი წერტილი იყო. მისი გაუმჯობესება, პირველ რიგში, შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებით. ჩვენი პედაგოგები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ სასერტიფიკაციო გამოცდებში. სკოლაში გვყავს 6 სერტიფიცირებული მასწავლებელი და ერთი მენტორი პედაგოგი — ფრანგულ ენაში.
რა თქმა უნდა, იმ მასწავლებლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ სერტიფიკატის მიღებას, სამწუხაროდ, სკოლის დატოვება მოუწევთ. სკოლა შინაარსობრივადაც და ესთეტიკურადაც უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
უსაფრთხო სკოლა
რაც შეეხება სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას, ჩვენი სკოლა, ამ მხრივ, ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია. დიდ დახმარებას გვიწევს მანდატურის სამსახური. სკოლაში არ გვყავს ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეები, სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. მოსწავლეც, მასწავლებელიც და მშობელიც მკაცრად იცავს სკოლის შინაგანაწესს.
მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრება
საატესტატო გამოცდებზე ჩვენმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს — 10 საუკეთესო სკოლას შორის მოვხვდით. წელს სკოლა 65-მა მოსწავლემ დაამთავრა და 64 სტუდენტი გახდა, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა, საპატიო მიზეზის გამო, ვერ შეძლო ეროვნულ გამოცდაზე გასვლა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მისასალმებელია, რომ წელს აბიტურის საათი სავალდებულო გახდა, ეს კიდევ უფრო მაღლა ასწევს სწავლის ხარისხს.
ბრენდირება
ისევე როგორც ყველა სკოლა, რა თქმა უნდა, ჩვენც სერიოზულად ვემზადებით ავტორიზაციისთვის. იმისათვის, რომ სკოლა ბრენდირებული გახდეს, ძალიან ბევრი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოგვიწევს. მარტო გარემონტებული სკოლა და კარგი გარემო სკოლის შინაარსს და ბრენდირებას, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს. ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სწავლების და სწავლის ხარისხს. ჩვენს სკოლაში, რამდენიმე წელია, მაღალ კლასებში (IX-XI) ვატარებთ გამოცდებს, ამით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და მეთორმეტე კლასში საატესტატო გამოცდებს უფრო მომზადებულები შეხვდნენ. სასკოლო გამოცდები საკმაოდ სერიოზულად და მკაცრი წესების დაცვით ტარდება. თუ მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებულია, გამოცდიდან ვათავისუფლებთ, ეს მათთვის გარკვეულწილად სტიმულია, ასეთი მოსწავლე მთელი წელი მობილიზებულია სწავლაზე.
ბრენდირებისთვის მზადებას ყველა სკოლა თანაბარი პირობებით ვიწყებთ. გახდე ბრენდირებული სკოლა, ეს დამოკიდებულია სკოლის ხელმძღვანელობაზე, პედაგოგებზე, მოსწავლეებსა და მშობლებზე.
სკოლის მართვა
სკოლის დირექტორისთვის ყველაზე დიდი დამსახურებაა, გქონდეს ნდობა მოსწავლეებში, მშობლებსა და მასწავლებლებში. დაუმსახურებლად არასოდეს დავსჯი მოსწავლეს. ის, რომ დირექტორი ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება მაქვს და არაფრის უფლება არ აქვს მოსწავლეს. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არასწორია. ყოველთვის ვცდილობ, მეგობრულად მივუდგე მოსწავლეს, ვესაუბრო, ბოდიშიც კი მოვუხადო, თუკი არასწორად, დაუმსახურებლად მოვექეცი მას. უპირველეს ყოვლისა, დირექტორი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი პედაგოგისთვის, რომელიც ისევე უნდა მოექცეს მოსწავლეს, როგორც მისი ხელმძღვანელობა ექცევა. ჩვენი საქციელი სამაგალითო უნდა იყოს ერთმანეთისთვის. ჩემი, როგორც დირექტორის, მართვის მეთოდი მარტივია — ყურადღებას ვამახვილებ არა სიმკაცრეზე, არამედ ადამიანურ ფაქტორებზე. ბედნიერი ვარ, როცა მოსწავლეს სწორად ესმის ჩემი მითითებები, სანაცვლოდ კი, მისგან სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ.
კურსდამთავრებულები
23-ე საჯარო სკოლას მართლაც საამაყო კურსდამთავრებულები ჰყავს. შარშან პროექტის ALUMNI ფარგლებში, მათ სკოლას დიდი დახმარება გაუწიეს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ვატო კახიძე, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხემძღვანელი, რომელმაც სკოლას 1500 ლარი გადმოურიცხა. პროექტის ALUMNI ფარგლებში, შემოწირულობის საშუალებით, სკოლაში ბევრი პრობლემა გადავჭერით, კერძოდ, მოვაწესრიგეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შიდა ეზო, გავარემონტეთ რამდენიმე საკლასო ოთახი. შარშან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს. მსგავსი პროექტები სკოლას დიდ დახმარებას უწევს. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლა სერიოზულ რეაბილიტაციას მოითხოვს. იმედია, მომავალი წლისთვის გამოინახება საშუალება, სათანადო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და უძველესი შენობის გადასარჩენად.
წარმატებული სკოლა
პირველად, როცა ამ სკოლაში დავიწყე მუშაობა, 24 წლის ვიყავი. მაღალ კლასებში ვასწავლიდი გეოგრაფიას. ძალიან მიყვარს ეს სკოლა და მეამაყება, რომ ამ სკოლის დირექტორი ვარ. მოგეხსენებათ, 23-ე სკოლის მდიდარი ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში, 23-ე საჯარო სკოლამ კვლავ დაიბრუნა ღირსეული სახელი. მოგეხსენებათ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი სკოლა, თბილისში, საკმაოდ წარმატებული და მოწინავე გახდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი შრომის შედეგია. ის, რომ 23-ე საჯარო სკოლა საზოგადოებისთვის სასურველი და რეიტინგულია, სკოლაში 180 პირველკლასელის შემოსვლამაც ცხადჰყო.
სკოლის კლასგარეშე
საქმიანობა
ჩვენი მოსწავლეებისთვის სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი. მარტო სწავლებისა და სწავლის ხარისხზე არ ვართ ორიენტირებული, ვცდილობთ მოსწავლეს საშუალება მივცეთ აქტიურად ჩაერთოს კლასგარეშე საქმიანობაში.
სოციალურად დაუცველ ბავშვებს დავურიგეთ სახელმძღვანელოების კომპლექტები, რამდენიმე მოსწავლეს, დირექციის სახელით, შევუძინეთ სახელმძღვანელოები. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასკოლო პროექტებში, კონკურსებში. სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე ცეკვების სტუდია, ყალიბდება ქართული ცეკვის ანსამბლი; გვყავს ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი; მუშაობს ხატვის სტუდია; ფუნქციონირებს ინგლისური ენის წრე; გვაქვს გახანგრძლივებული ჯგუფები; გავხსენით სპორტული კლუბი „ირაო“, რომელიც აერთიანებს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთის გუნდი, ჩინური საბრძოლო ხელოვნების — უ-შუს წრე, ფრენბურთის და კალათბურთის წრეები და სხვ.
მომავლის გეგმები
მიზნად დავისახეთ, რომ სკოლამ გააგრძელოს დაწყებული წარმატებული საქმიანობა, უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ადგილი საუკეთესო სკოლებს შორის. მნიშვნელოვანია, სკოლაში გვქონდეს ჯანსაღი ატმოსფერო.
პირადად მე, თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება, ძირითადად, ჩემი ცხოვრება ისევ და ისევ სკოლასთანაა დაკავშირებული. მიხარია, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.
მოამზადა მაკა ყიფიანმა
|