2012-10-04 სოფელ უდის სკოლა — განათლების უძველესი კერა სამცხეში დაარსებიდან 130 წლისთავის გამო
უდე ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია სამხრეთ საქართველოში — სამცხეში. მოძიებული არქეოლოგიური მასალებით, სოფლის ხანდაზმულობა განისაზღვრება ენეოლით-ადრე ბრინჯაოს პერიოდით. უდეს, მესხეთის სხვა სოფლების მსგავსად, მოუხდა თურქთა ბატონობის მძიმე უღლის ტარება, რომლისგანაც 1828 წლის ზაფხულში განთავისუფლდა. თურქთა ხანგრძლივი ბატონობის მიუხედავად, მოსახლეობამ შეინარჩუნა ენაც და სარწმუნოებაც. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ფრონელი (ყიფშიძე) ქვაბლიანის მხარეში, ახალციხის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად უდეს თვლიდა.
სოფელ უდეში აღზრდილ მამულიშვილთა შორის ღირსეული ადგილი უკავია სტეფანე აღოშაშვილს, რომელმაც ქართულად თარგმნა „მოთხრობა დაბადებისა ძველი და ახალი აღთქმისა“. სოფლის მკვიდრი იყო გრიგოლ მერაბიშვილი, რომელმაც 1834 წელს შეადგინა „ფრანგული ენის თვითმასწავლებელი“. მისი ნაშრომი საკმაოდ გვიან, 1899 წელს, გამოიცა ბათუმში. მანვე შეადგინა „იტალიურ-ქართული ენის თვითმასწავლებელი“. ეთიოპიაში წლების მანძილზე მოღვაწეობდა პეტერ მერაბიშვილი, რომელმაც ადისაბებაში დააარსა აფთიაქი „საქართველო“.
XIX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთი განთავისუფლდა თურქთა ბატონობისაგან და შეუერთდა საქართველოს, იგი იმავდროულად აღმოჩნდა მეორე დამპყრობლის — რუსეთის ხელში, რომელმაც იმთავითვე დაიწყო რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელება. რეალური საფრთხე შეექმნა ყოველივე ეროვნულს — ქართულ ენას, წესს, ჩვეულებას, ტრადიციას. აქედან გამომდინარე, ეპოქის უპირველეს მოთხოვნად იქცა მოსახლეობაში განათლების შეტანა და მისი კულტურული დაწინაურება. რამდენადაც ტრადიციულად ქართულ ოჯახში ქალი იყო მიჩნეული ძირითად აღმზრდელად და ეროვნული ტრადიციების დამცველად, აუცილელებელი გახდა განსაკუთრებით ქალთა განათლება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქთა მრავალწლიანმა ბატონობამ მძიმე ვითარება შექმნა საერთოდ განათლების სფეროში. საქართველოს სხვა კუთხეებისაგან განსხვავებით, აქაური ხალხი განსაკუთრებით ერიდებოდა გოგონების სკოლაში გაგზავნას (ვაჟების გვერდით და ისიც მამაკაც მასწავლებელთან მეცადინეობას — აქ აშკარად ჩანს მაჰმადიანური თურქეთის გავლენა).
ცოტა მოგვიანებით, გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მოთავსებული ერთ-ერთი კორესპონდენცია ნათელ წარმოდგენას იძლევა ყოველივე ამის შესახებ: „გოგონებმა უჩიტელთან როგორ შეიძლება ისწავლონ. უჩიტელი რომ ქალი იყოს, მაშინ კიდევ შეიძლებაო“, — ასე მსჯელობდნენ როგორც მაჰმადიანი, ისე ქრისტიანი მესხები. კათოლიკე პატარა ქალები უმეტესად მოხუცებულ დედაკაცებთან სწავლობდნენ ქართულ ლოცვებს და შემდგომ შემოკლებულ და ვრცელ საქრისტიანო მოძღვრებას — ხელნაწერი წიგნებით. მასწავლებელ დედაკაცებს „ოსტატებს“ ეძახდნენ. ხელნაწერთა წიგნების სწავლების შემდეგ ოსტატები ბეჭდურის კითხვას ასწავლიდნენ. დაბეჭდილ წიგნთა შორის ხმარებაში უფრო მეტად რომში გამოცემული საღმრთო წერილის წიგნები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ სასყიდელს „ოსტატები“ შეგირდებისაგან არ იღებდნენ, ხოლო შემდეგ, როცა შეგირდი დაქალდებოდა და გათხოვდებოდა, მათი მეჯვარეები ვალდებულნი იყვნენ „საოსტატო“ გადაეხადათ, რაც საშუალოდ შვიდი აბაზიდან ორ მანეთამდე ჯდებოდა. როგორც ჩანს, ეს წესვეულება ძველად მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული“.
მას შემდეგ, რაც მეფის ხელისუფლებამ გააუქმა ქართული ეროვნული სასწავლებლები და რუსული სკოლების დაარსებას შეუდგა, განსაკუთრებით უმძიმესი მდგომარეობა იყო ქალთა განათლების სფეროში. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, დიდი იყო ე.წ. „ოსტატების“ საქმიანობა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აღნიშნულ პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ქალთა განათლების ერთ-ერთ ფორმად იქცა ე. წ. საშინაო-საოჯახო სკოლები. ასეთი სკოლები გოგონებისათვის მხოლოდ წერა-კითხვის სწავლებით არ შემოიფარგლებოდა. მათ აგრეთვე ასწავლიდნენ: ანგარიშს, ლოცვებს, ეტიკეტს — ე.ი. საზოგადოებაში ქცევის წესებს და, რაც მთავარია, ქალის ხელსაქმეს: ჭრას, კერვას, ქარგვას, ქსოვას და ა.შ. საერთოდ, საშინაო სკოლების მიზანი გლეხთა და ხელოსანთა ოჯახებიდან გამოსული გოგონებისათვის ელემენტარული განათლების მიცემა იყო. XIX საუკუნის I ნახევრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე ასეთი სკოლა ფუნქციონირებდა, რომელთაც იმ დროის შესაფერისად განათლებული ქალბატონები უძღვებოდნენ.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფელ უდეში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ ქალბატონები: ანა თომას ასული ბალახაშვილი და პელაგია პეტრეს ასული სარაშვილი. ისინი ამ სოფელში სკოლის გახსნამდეც (1882წ.) და შემდგომ პერიოდშიც — ათწლეულების მანძილზე უფასოდ ემსახურებოდნენ გოგონების აღზრდის საქმეს. წერა-კითხვასთან ერთად ასწავლიდნენ ხელსაქმეს. ამდენად, იყვნენ ე.წ. „ოსტატები“ — სოფელ უდის ერთ-ერთი პირველი განმანათლებელნი. ანა ბალახაშვილი 1919 წელს, 75 წლის ასაკში, თანასოფლელებთან ერთად, სასტიკი წამებით მოკლეს იქ შეჭრილმა თურქებმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ინტელიგენცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართველ კათოლიკეთა განათლების საკითხს, ითვალისწინებდა რა მათ მდგომარეობას, ე.ი. ქართული ტიპიკონის უქონლობის გამო მათი გასომხების საშიშროებას. აღნიშნულს ასაბუთებს ზაქარია ჭიჭინაძის წერილი: „ეს საზოგადოება მოვალეა ყოველს საქართველოს სახალხო შკოლას მიეცეს შემწეობა, მხოლოდ იქ, სადაც ქართველები არიან, ანუ ქართველი კათოლიკეები“.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ სოფელს წარმოადგენდა უდე. 1882 წელს უდეში ერთკლასიანი სასწავლებელი დაარსდა, სადაც ასწავლიდნენ დედა ენას, ანგარიშს, რუსულ ენას, საღმრთო სჯულს. მეცადინეობა სეზონურად — ზამთრის პერიოდში მიმდინარეობდა. თავდაპირველად სკოლა მოთავსებული ყოფილა დაქირავებულ მიწურ ოდაში და მხოლოდ ვაჟებისათვის იყო განკუთვნილი. რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში ქართული სკოლის გახსნა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა და, ამასთანავე, დაკავშირებული იყო უამრავ სიძნელესთან. „არც ერთი ქართული სკოლა, რაც არ უნდა პაწაწკინტელა იყვეს, არ შეიძლება გაიხსნას, თუ მას არ წავუმძღვარეთ წინ გრძელი ფორმალური მიწერ-მოწერა მთავრობასთან და არ მიიღო უკანასკნელის ნებართვა, რომელსაც იშვიათად ეღირსებით. არც ერთ სკოლაში სწავლა არ შეიძლება მოიმართოს თუ არა ადმინისტრაციისაგან დამტკიცებული პროგრამით. რუსული ენა სავალდებულო საგნად ითვლება და უსათუოდ პირველი წლიდანვე უნდა დაიწყონ მისი შესწავლა, თუ არა და სკოლას უსათუოდ ანდერძის აგება და დამარხვა მოელის“, — წერდა იაკობ გოგებაშვილი.
XIX საუკუნის დასასრულს, რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სახალხო სკოლის გახსნას ქართულ კათოლიკურ სოფლებში. ამ სკოლის დაარსებამ ხელი შეუწყო სოფლის მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას.
თავდაპირველად, სკოლას ერთი მასწავლებელი ჰყავდა — ვინმე სანდრო, რომელიც 1882-1889 წლებში ხელმძღვანელობდა მას. ივანე ბარიკალაშვილი 1889 წელს დაინიშნა უდის დაწყებითი სკოლის გამგე მასწავლებლად, სადაც 26 წლის განმავლობაში მუშაობდა. მან სოფელ უდეში მოღვაწეობის პერიოდში დააარსა საკვირაო სკოლა მოზრდილთათვის, ხელმძღვანელობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ 1897 წელს დაარსებულ სამკითხველო ბიბლიოთეკას, იქვე მოაწყო საფუტკრე, გააშენა ხეხილის ბაღი, რასაც იმ დროისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო მოსწავლეთა შრომითი აღზრდისათვის, არამედ სოფლის მეურნეობით მშრომელთა დასაინტერესებლადაც. ასეთი სამაგალითო მოღვაწეობისათვის და სასკოლო ნაკვეთზე მეურნეობის მოწყობისათვის იგი სიგელით და ფულადი ჯილდოთი (200 მანეთით) დაუჯილდოებიათ. მანვე შეკრიბა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. 26 წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ზრუნავდა სკოლაზე და სოფელზე. ამიტომაც იყო, რომ სოფელ უდის მკვიდრი ივანე პავლეს ძე მერაბიშვილი წერდა: „სოფელ უდეში 1882 წელს სასწავლებელი დაარსდა მთავრობის მიერ და ივანე იოსების ძე ბარიკალაშვილი ძალიან ცდილობდა ამ სოფლის როგორც წერა-კითხვით, ისე ზნეობით განათლებას, მოსპო თითქმის ყველა ძველი ჩვეულებანი, რაც შეეხება ცრუმორწმუნეობას, მის ნაცვლად გაავრცელა მათში მამულის და გვაროვნების სიყვარული“. ივანე ბარიკალაშვილის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა ზაქარია ჭიჭინაძემაც: „დღეს იგი მასწავლებლად არის თავის სოფელ უდეში, კარგი მასწავლებელია და მასთან მწიგნობარიც. მისი წერილები იბეჭდებოდა გაზეთ „დროებაში“, „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ივანე ბარიკალაშვილმა იზრუნა და სკოლა ორკლასიანად იქნა გადაკეთებული. 1894 წლის მდგომარეობით, აქ 50 მოსწავლე სწავლობდა. როგორც მოძიებული მასალებიდან ჩანს, სკოლამ მისი წყალობით დიდ წარმატებებს მიაღწია. 1901 წელს ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: „დღეს მთელს ქვაბლიანში ოთხ სოფელში ლაპარაკობენ ქართულს — უდეში, არალში, ვალეში და ბოლაჯურში. ამავე სოფლებში არსებობს წერა-კითხვის საზოგადოების სამმართველოს მიერ გახსნილი სკოლები, ხოლო უდეში გახსნილია საერთო სამკითხველო, რომლის ნაყოფიც ჩემის თვალით ვნახე აქაურს ხალხში. მდაბიო ხალხი ქართულ წერა-კითხვას კარგად შეეჩვია, გაზეთებსა და ჟურნალებს სიამოვნებით კითხულობენ“.
1909 წელს სოფელ უდისა და ახალციხის საზოგადოებამ დიდი ზეიმით აღნიშნა ივანე ბარიკალაშვილის მასწავლებლობის 25 წლისთავი.
1914 წელს ივანე ბარიკალაშვილი გადაყვანილ იქნა გამგე მასწავლებლად ჯერ ხერთვისში, შემდეგ ხიზაბავრის სკოლაში, საიდანაც 1918 წელს გადაიყვანეს კავთისხევში, იქვე გარდაიცვალა 1948 წელს.
მას შემდეგ, რაც ივანე ბარიკალაშვილი გადაყვანილი იქნა სოფელ უდიდან, სკოლის გამგე-მასწავლებელი ორი წლის განმავლობაში (1914-1916წწ) იყო პეტრე ვარძელოვი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე სკოლას უძღვებოდნენ: ალექსანდრე ხითარიშვილი და ივანე მერაბიშვილი. 1921 წლიდან დღემდე, სკოლას 22 დირექტორი ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში, სკოლამ სტრუქტურული ცვლილებაც განიცადა. კერძოდ, 1923 წელს დაწყებით სკოლად გადაკეთდა, 1924 წელს ეწოდა გლეხი ახალგაზრდობის სკოლა, 1929 წელს — შვიდწლიან სკოლად, 1937-1938 სასწავლო წელს კი — საშუალო სკოლად, რომლის პირველი გამოშვება 1940 წელს შედგა, იყო 27 კურსდამთავრებული. 1970 წლიდან, სკოლის ბაზაზე, გაიხსნა ახალი — ¹ 2 სკოლა. მას კი ეწოდა ¹1 სკოლა. 2002 წელს უდის ¹1 სკოლას მიენიჭა სკოლის კურსდამთავრებულის და ტრაგიკულად დაღუპული იაკიმე ბალახაშვილის სახელი.
უდის სკოლამ რამდენჯერმე შეიცვალა ადგილმდებარეობა. თავდაპირველად, დაქირავებულ მიწურ სახლში იყო განთავსებული. საშუალო სკოლად გამოცხადების შემდეგ კი, განთავსდა სახელმწიფოს სახსრებით აშენებულ შენობაში. 1976 წელს სკოლის ძველ შენობას მიუშენდა კეთილმოწყობილი სამსართულიანი კორპუსი.
უდის სკოლა ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა. აქ მუშაობდნენ რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლები: მიხეილ კოპაძე, გიორგი მერაბიშვილი, პეტრე გიქოშვილი, სიმონ მერაბიშვილი, კონსტანტინე ყვავაძე, ნინო გიქოშვილი, ანტონ ობოლაშვილი, პავლე გზირიშვილი.
სკოლის ისტორიაში საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1978 წელს მესხეთში პირველი სკოლა იყო, სადაც მათემატიკის გაღრმავებული სწავლების კლასები გაიხსნა. 1982 წელს კი, აღინიშნა სკოლის დაარსების 100 წლისთავი.
უდის სკოლამ მრავალი ღირსეული ადამიანი აღზარდა. მათ შორის მოიაზრებიან ის ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა დროსა და სივრცეში მოუხდათ მოღვაწეობა, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოამჟღავნეს დიდი გონიერება და შრომისმოყვარეობა, რითაც საკუთარი თავიც წარმოაჩინეს და მშობლიური სკოლაც. ასეთ ადამიანთა რიცხვი ძალზედ დიდია. უნდა აღინიშნოს, რომ უდის სკოლის მრავალი კურსდამთავრებული ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას მეცნიერების სხვადასხვა დარგში, შესაბამისად აქვთ სამეცნიერო ხარისხი და არიან სერიოზული სამეცნიერო ნაშრომების ავტორები. ამრიგად, უდის სკოლის სახით ადიგენის რაიონში ფუნქციონირებს ერთ-ერთი უძველესი სკოლა ამ მხარეშიც და საქართველოშიც, მას ასოცდაათი წლის ისტორია აქვს.
XIX საუკუნის დასასრულს სოფელ უდეში სკოლის გარდა ერთ-ერთ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელიც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხელშეწყობით იქნა დაარსებული.
უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთში ბიბლიოთეკების დაფუძნების საკითხში ამ კუთხის მოსახლეობისა და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სურვილი თანმხვედრი აღმოჩნდა. ამ საზოგადოების საბიბლიოთეკო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ქ. ახალციხის ბიბლიოთეკის დაფუძნებით არ ამოწურულა. 1897 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იტყობინებოდა: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნება დართო მთავრობამ, რომ სოფელ უდეში გამართოს სახალხო სამკითხველო და წიგნთსაცავი. პასუხისმგებელი წიგნთსაცავის საქმეში იქაური მცხოვრები ივანე მერაბიშვილი იქნება“.
ბიბლიოთეკის დასაარსებლად სოფლის მოსახლეობამ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა. კერძოდ, 1897 წლის თებერვალში, ივანე მერაბიშვილისა და გიორგი ზაალიშვილის ინიციატივით, მოწვეულ იქნა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თანამგრძნობ პირთა კრება, სადაც არჩეულ იქნა სამზრუნველო კომიტეტი, მღვდელ სიმონ ბალახოვის (ბალახაშვილის), გრიგოლ და პეტრე აღოშოვების (აღოშაშვილების) და ივანე მერაბიშვილის შემადგენლობით. სამზრუნველო კომიტეტმა ყველა ხარჯი თვითონ იკისრა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას უნდა გამოეწერა ქართული პერიოდული პრესა, წიგნები და რუსული გაზეთი „კავკაზი“. საზოგადოების მთავარი გამგეობა მოწონებით შეხვდა და მისი დახმარებით სოფელ უდეში ბიბლიოთეკა 1897 წლის 1 ივლისს დაფუძნდა. როგორც საგაზეთო სტატიებიდან ირკვევა ივანე მერაბიშვილი კარგად უძღვებოდა ბიბლიოთეკას: „დიდი პატივისცემის ღირსია ამ ბიბლიოთეკის გამგე მერაბიშვილი, რომელსაც უფასოდ აქვს დათმობილი ორი ოთახი“. თვითონვე უძღვებოდა ე.წ. კოლექტიურ კითხვას.
სოფელ უდეში ბიბლიოთეკის დაარსებას განსაკუთრებით მოწონებით შეხვდა ახალგაზრდობა. მთავარი გამგეობისადმი გაგზავნილ წერილში ისინი წერდნენ: „სოფელ უდის ახალგაზრდობა არასოდეს არ დაივიწყებს იმ სიკეთეს, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებამ მოგვანიჭა ჩვენ საწყალ ერს და გაგვიხსნა სამკითხველო-წიგნთსაცავი 1 ივლისს 1897 წელსა“.
ბიბლიოთეკის პასუხისმგებლობა ძალზე დიდი იყო. იგი წარმოადგენდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს. აქედან გამომდინარე, გამგეები მომსახურებას უწევდნენ როგორც წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობას, ასევე აწარმოებდნენ კოლექტიურ კითხვას და წერა-კითხვის სწავლებას. ბიბლიოთეკა- სამკითხველოს მიერ გაწეული მუშაობით შესაძლებელი გახდა მოსახლეობის კულტურული დაწინაურება და მათში ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება-დაცვა. ამდენად, ბიბლიოთეკამ ერთდროულად შეასრულა როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური მისია.
სოფელ უდის ბიბლიოთეკა 1916 წლიდან დაექვემდებარა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილებას. 1919 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა, რადგან მთლიანად იქნა განადგურებული სერვერ ბეგის ბანდებისაგან.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, სოფელ უდეში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც ქართული კულტურის მძლავრ კერებად ჩამოყალიბდნენ. ამ დაწესებულებებმა კარგად გაართვეს თავი ეპოქის მოთხოვნებს. რადგან მათ პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდათ.
ნატო ყრუაშვილი
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის პედაგოგიკის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი;
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის
მეცნიერ მუშაკი
|