2012-12-05 განათლების ხარისხის ამაღლება — ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები და კომპეტენციები 2012-13 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII-XII კლასებში დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა აქტივობები ხორციელდება ამ მიმართულებით — გვესაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე.
— საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომზადდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წლებისთვის, რომლის დანერგვის პროცესი სკოლებში გასულ სასწავლო წელს დაიწყო, შარშან, I-VI კლასებში დაინერგა, წელს კი VII-XII კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დავიწყეთ. როცა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე ვსაუბრობთ, სკოლებისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია რამდენიმე მიმართულება, რადგან სასწავლო გეგმის დანერგვა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი კომპონენტი — ეს არის სახელმძღვანელოები. სახელმძღვანელოები ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით იქმნება, შემდგომ ხდება მათი შეფასება სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად, აუცილებელი პირობაა ყველა სახელმძღვანელო აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი მასწავლებლების ხელშეწყობაა, მათი ტრენინგი სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მიხედვით. ჩვენი კომპეტენციაა ახალი სასწავლო გეგმის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, მოვამზადოთ და დავეხმაროთ მასწავლებლებს, როგორ, რა მეთოდიკით ასწავლონ ესა თუ ის საგანი.
I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის ყველა საგანში მოვამზადეთ სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები. 2011 წელს სასწავლო გეგმის საგნობრივი ტრენინგი 8000-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა — როგორ გაიყვანოს მოსწავლე იმ კომპეტენციებზე, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა აყენებს, იმ შედეგებზე, რაც აუცილებლად უნდა დადგეს კონკრეტული საგნის სწავლებისას წლის ბოლოს. როგორ მიაღწიონ ამ შედეგს — სწორედ ამაზეა საუბარი საგნობრივ გზამკვლევებში. პუბლიკაციებში მოცემულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი სხვადასხვა ტიპის აქტივობებითა და მეთოდიკით. მზად გვაქვს ასეთივე ტიპის გზამკვლევები VII-XII კლასებისათვის, მაგრამ აღნიშნული გზამკვლევების დასრულება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ბიუჯეტის არქონის გამო. ამის თქმა, ვფიქრობ, აუცილებელია, რადგანაც ხშირად ისმის შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოიცა VII-XII კლასების საგნობრივი გზამკვლევები. როცა 2011 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ლიკვიდაცია გადაწყდა, მისი გარკვეული ფუნქციები სამინისტროში გადავიდა, ანუ შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ბიუჯეტში კი ეროვნული სასწავლო გეგმების მიმართულებით გამოყოფილი თანხები გახლდათ ნული, რის გამოც ძალიან ბევრი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შევძელით. ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გვქონდა მაშინდელ მინისტრთან ბიუჯეტის გამოყოფის მოთხოვნით, თუმცა ასე არ მოხდა. რაც შეეხება VII-XII კლასების გზამკვლევებს, ეს მასალა შეიქმნა დეპარტამენტში მომუშავე საგნობრივი ექსპერტების ინტელექტუალური შრომის შედეგად, მაგრამ ფინანსების არქონის გამო გზამკვლევები ვერ დასრულდა. მიხარია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებულია და მოგვეცემა საშუალება, რომ VII-XII კლასების გზამკვლევები დასრულდეს და ადრესატამდე, მასწავლებლამდე მივიდეს. მერწმუნეთ, მოთხოვნა ძალიან დიდია. გასულ წელს, იმ პედაგოგებს, რომლებმაც ტრენინგები გაიარეს, გზამკვლევები უფასოდ დავურიგეთ. გარდა ამისა, ყველასთვის ხელმისაწვდომია I-VI კლასების გზამკვლევების ელექტრონული ვერსიები სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გზამკვლევებს თან ახლავს CD-დისკები, დამატებითი რესურსი. მათ შექმნაში დიდი და ფუნდამენტური შრომაა ჩადებული. ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოცემებია მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის, ასევე, სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობისთვის. გარდა ამისა, მასწავლებლებს ასეთი ტიპის რესურსი დაეხმარება სხვადასხვა სახის სერტიფიცირების მოდელებში მონაწილეობისას. ასეთი ტიპის საგნობრივი გზამკვლევის გამოცემა ჩვენს ქვეყანაში პირველი შემთხვევაა. დიდი იმედი მაქვს, VII-XII კლასების გზამკვლევიც მალე გახდება ხელმისაწვდომი.
დანერგვის მესამე კომპონენტი ყველა ის დამატებითი სასწავლო რესურსია — დამხმარე ვიზუალური და აუდიომასალა, რაც ჩვენს სკოლებს ასე აკლია, რაც ჩემი გულისტკივილიცაა. ვიზუალურ მასალაში ვგულისხმობ სხვადასხვა ტიპის პლაკატებს, ცხრილებს, დიაგრამებს და ა.შ. რა თქმა უნდა, აუდიომასალა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უცხოური ენების სწავლებისთვის, აგრეთვე, სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის რუკები და სხვ. არის რიგი მასალებისა, რომლის დეფიციტიც ნამდვილად აქვს სკოლებს, ეს კი დანერგვის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვფიქრობთ, თუ როგორ შევქმნათ და როგორ გავხადოთ ხელმისაწვდომი ამ ტიპის მასალა საჯარო სკოლებისათვის.
დანერგვის პროცესში შემდეგი მიმართულება მონიტორინგი და კვლევაა. ჩვენ შეიძლება მოვამზადოთ გარკვეული მასალა, მაგრამ ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ, რა ხდება უშუალოდ საკლასო ოთახში, როგორ ართმევს თავს მასწავლებელი ახალი სასწავლო გეგმის თითოეულ მოსწავლემდე მიტანას, რა უკუგება აქვს მასწავლებელს, ანუ როგორ ხდება მოსწავლის საკლასო შეფასება, როგორ მუშაობს პედაგოგი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიმართულებით, რა მეთოდებს იყენებს საგაკვეთილო პროცესში — სწორედ ეს არის მონიტორინგისა და კვლევის მიზანი.
მონიტორინგისა და კვლევის მიზანია, მასწავლებელს შევუწყოთ ხელი იმაში, რომ მან უკეთ შეძლოს ახალი სასწავლო გეგმის მიტანა მოსწავლემდე. მონიტორინგის დროს მასწავლებლებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ და აღმოვაჩინოთ, რა არის დასახვეწი ან შესაცვლელი. ამით მასწავლებლებს დავეხმარებით და მივცემთ საშუალებას, მოსწავლის ცოდნის მიღების პროცესი მყარი, ფუნდამენტური, თანმიმდევრული და გრძელვადიანი გახდეს.
დანერგვის შემდეგი მიმართულება მასწავლებლებისა და დირექტორებისათვის საკონსულტაციო ჯგუფების ამოქმედებაა, რასაც ჩვენი დეპარტამენტი 2013 წლიდან გეგმავს. გვეყოლება მობილური ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით ჩავლენ რეგიონებში და ადგილებზე იმუშავებენ მასწავლებლებთან კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მეთოდიკაზე — ტრენინგებისა თუ საკონსულტაციო შეხვედრების სახით.
ასეთი მრავალმიმართულებიანი დანერგვა ძალიან სერიოზულ საფუძველს ქმნის იმისა, რომ სასწავლო გეგმით დადგენილი შედეგები და კომპეტენციები იქნეს მიღწეული, გააზრებული და თითოეულ მოსწავლემდე სწორად მიტანილი, რაც თავისთავად, ნიშნავს, რომ ჩვენ განათლების ხარისხის ამაღლებაზე ვიმუშავებთ.
ჩამოთვლილი აქტივობების უმეტესი ნაწილი 2013 წელსაა დაგეგმილი — მონიტორინგი და კვლევა, საკონსულტაციო ჯგუფები და დამატებითი რესურსების ხელმისაწვდომობა. უკვე ვადგენთ სასწავლო რესურსების კლასიფიკატორს, რომელიც ასევე ღია იქნება და თითოეულ სკოლას შესაძლებლობა მიეცემა კლასისა და საგნის მიხედვით გაეცნოს მისთვის საჭირო მასალებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დანერგვის მიმართულებით საგანმანათლებლო პროცესში მშობლების მოზიდვა და ჩართულობაა. ყველა ტიპის კვლევებით დადგენილია, რომ მშობელი, რომლისთვისაც ცოდნა და განათლება ღირებულებაა, ხელს უწყობს შვილის განათლების პროცესს და ბავშვსაც მაღალი აკადემიური და სოციალური შედეგები აქვს, ვიდრე მის თანატოლს, რომლის მშობელიც მოწყვეტილია შვილის სასწავლო და სასკოლო ცხოვრებას. ეს სამეცნიერო კვლევების დასკვნაა, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმებით. ჩვენც ჩავატარეთ ეროვნული შეფასებები 2009-2010 წლებში და მოსწავლის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ მშობლის ჩართულობა აღმოჩნდა. ვგეგმავთ გზამკვლევის შექმნას მშობლებისთვის, რაც ღია და ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული რესურსის სახით. დავიწყებთ, ასევე, შეხვედრების ციკლს მშობლებთან. შევეცდებით, ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა შვილების განათლების ხარისხის ამაღლებაში. მშობლის ჩართულობაში, პირველ რიგში, იგულისხმება ოჯახში ბავშვისთვის სასურველი გარემოს შექმნა. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგანაც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება მოიძებნოს ბავშვის კუთხე. მნიშვნელოვანია, ასევე, საუბარი სწავლისა და ცოდნის ღირებულებებზე, სასკოლო აქტივობებში ჩართვა — ექსკურსიის დაგეგმვა ან სკოლის პერიმეტრის დასუფთავება და სხვ. ერთი მხრივ, ეს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას აღრმავებს, მით უფრო მოზარდობის ასაკში, მეორე მხრივ, ბავშვის თვითშეფასებასა და მის მოტივაციაზე დადებითად აისახება.
2011 წლიდან, როცა ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა დავიწყეთ, სამწუხაროდ, მონიტორინგი არ ჩატარებულა, არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ გვქონდა. ბუნებრივია, სურვილიც გვქონდა და ამის საჭიროებასაც ვხედავდით, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება არ იყო. ახლა ამის შესაძლებლობა გვაქვს, რაც პირადად მე ძალიან მახარებს. რაც უნდა კარგი დოკუმენტი შევქნათ და საზოგადოებაც შეთანხმდეს იმაზე, რომ ეს დოკუმენტი მართლაც მოსწავლეების ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების და ღირებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება, თუკი სასწავლო გეგმა თითოეულ მოსწავლემდე არ მივიდა, ანუ არ აღსრულდა, შეგვიძლია ეს დოკუმენტი მხოლოდ თაროზე შემოვდოთ და მერე დიდხანს ვიდარდოთ იმაზე, რომ განათლების ხარისხი ჩვენს სკოლებში არ არის მაღალი. იმისთვის, რომ განათლების ხარისხის ამაღლებას შევუწყოთ ხელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სასწავლო გეგმა არ არის საკმარისი, ამას უამრავი თანმდევი და პარალელური პროცესი ახლავს, თუნდაც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სხვ. მაგალითად, როცა სასწავლო გეგმაში ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში, უბრალოდ სავალდებულოა, რომ ამისთვის გარკვეული ტიპის მცირე ლაბორატორია მაინც ჰქონდეს სკოლას. ბუნებრივია, ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
ყველა ჩამოთვლილი ინტერვენციით შევძლებთ განათლების ხარისხის ამაღლებას. კიდევ გავიმეორებ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი, ცენტრალური ადგილი მასწავლებელს უჭირავს. განათლების ხარისხის ამაღლების პროცესში ყველაზე მეტად ხელი მასწავლებელს უნდა შევუწყოთ, არა მხოლოდ კონსულტაციითა და ტრენინგით, არამედ უნდა მივცეთ კარიერული ზრდის, პროფესიული განვითარების, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება. მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული უნდა იყოს. ხშირად მოჰყავთ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის მაგალითი, სადაც მასწავლებლობა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად ითვლება. ფინეთის სახელმწიფომ მასწავლებლის პროფესიაში საკმაოდ სერიოზული ფინანსური ინვესტიციები ჩადო.
როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი არსებობდა, ბუნებრივია, ნებისმიერ მასწავლებელს და დირექტორს ჰქონდა საშუალება, ჩვენი საგნობრივი ექსპერტებისგან მიეღო სატელეფონო კონსულტაციები, შეეძლოთ შეხვედრის დაგეგმვა და ა.შ. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, როცა იწყებოდა VII-XII კლასებში ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა, ამოქმედდა ცხელი ხაზი როგორც სატელეფონო, ასევე ელექტრონული ფოსტის სახით, ამის შესახებ ინფორმაცია ყველა რესურსცენტრს დავუგზავნეთ. იყო შემთხვევები, როცა დღეში 300 ზარი შემოდიოდა. ამან დაგვანახა იმის საჭიროება, რომ კონსულტაციებს უფრო ორგანიზებული სახე უნდა მისცემოდა. თითოეული რეგიონისა და იქ მოღვაწე მასწავლებლებისთვის, ადმინისტრაციისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი განრიგი, რის მიხედვითაც მათთან ვითანამშრომლებთ, რათა უკეთ შეძლონ თავიანთი საქმიანობის დაგეგმვა. აუცილებელია, მათ იცოდნენ, რომ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი ექსპერტებისაგან, ადმინისტრაციული ჯგუფის წარმომადგენლების, დანერგვის ექსპერტებისა და განათლების ფსიქოლოგებისაგან, რომლებთანაც შეეძლებათ კონსულტაციების მიღება არა მხოლოდ დაგეგმილი შეხვედრების დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე ჩვენი დეპარტამენტისთვის, რადგანაც გარკვეული ტიპის კვლევაა, რომელიც დაგვანახებს, თუ რა კითხვებს სვამენ მასწავლებლები, რა მიმართულებით გვჭირდება საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება, რა მიმართულებითაა აუცილებელი დამატებითი ინტერვენცია, მაგალითად, გზამკვლევის შექმნა ან რომელიმე კონკრეტულ საკითხზე უფრო საფუძვლიანი ტრენინგის მომზადება და ა.შ.
დავუბრუნდები სახელმძღვანელოების თემას და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახელმძღვანელო აუცილებლად უნდა იყოს შედგენილი სასწავლო გეგმების მოთხოვნების მიხედვით. 2011 წელს I-VI კლასების სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრმა განახორციელა. შეფასებაში მონაწილეობდნენ როგორც ცენტრის საგნობრივი ექსპერტები, ისე გარედან მოწვეული საგნობრივი მასწავლებლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები. მას შემდეგ, რაც ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სახელმძღვანელოების გრიფირების ფუნქცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მთლიანად გადაეცა. შესაბამისად, VII-XII კლასების სახელმძღვანელოების გრიფირება ამ ცენტრმა განახორციელა. სამწუხაროდ, ამ პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ეს ჩვენი კომპეტენცია აღარ არის. შესაბამისად, არც მონაწილეობა მიგვიღია გრიფირების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ეს იცოდეს, რადგანაც ხშირად და ლოგიკურადაც, ისევ ჩვენთან შემოდის კითხვები გრიფირების შესახებ. ვწუხვარ, რომ უფრო ფუნდამენტური და დეტალური პასუხების გაცემა არ შემიძლია. ვისაც VII-XII კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით აინტერესებს ინფორმაცია, უნდა მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
კიდევ ერთი თემა, რომელიც 2013 წელს იქნება აქტუალური, სკოლამდელი განათლების კომპონენტია. საუბარია სასწავლო პროგრამებზე, მეთოდოლოგიურ რესურსებზე მასწავლებლებისთვის, მუნიციპალიტეტების ხელშეწყობაზე, თუ როგორ დანერგონ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროგრამები და მეთოდიკა. 2013 წელს, ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზულ და ინტენსიურ მუშაობას ვგეგმავთ.
ლალი ჯელაძე
|