2013-04-18 სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პროექტის — „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ — ფარგლებში, ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა 2013 წელს განხორციელებულ სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მოკლედ შეაჯამა სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე.
ზოგადი განათლება
v 2013-2014 სასწავლო წლისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2084 საჯარო სკოლის 650 000 მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს;
v 2013 წლის იანვრიდან პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ამოქმედდა. დღეისათვის 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლე უზრუნველყოფილია სასკოლო ტრანსპორტით. სამინისტრომ პროექტის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო.
v 2013 წლიდან მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%-60%-ით, ანუ 60-205 ლარით გაიზარდა და, რიგ შემთხვევებში, 554 ლარით განისაზღვრება, ხოლო თუ პედაგოგი, ამავდროულად, კლასის დამრიგებელია, მისი ანაზღაურება 626 ლარს შეადგენს და ა.შ. სერტიფიცირების შემთხვევაში, აღნიშნულ ხელფასს სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი — 75 ან 125 ლარი — ემატება. გაზრდილ ხელფასს იღებს საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი. ამ მიზნით, 50 მლნ. ლარით გაიზარდა სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტი.
სკოლების რეაბილიტაცია MCC-ის (5-წლიანი საგანმანათლებლო პროექტი) პროექტის ფარგლებში:
v დასრულდა პირველი ფაზა, რომელიც მოიცავდა სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევას წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით (სკოლის ფართი, მოსწავლეთა რაოდენობა, სოციალური ფაქტორი, გენდერული ბალანსი და ა.შ.). შეირჩა 150 სკოლა საქართველოს მასშტაბით. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 5 წლის განმავლობაში. პირველი ტრანში მოიცავს 41 სკოლის სრულ რეაბილიტაციას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც განხორციელდება 2014 წლის გაზაფხულზე. ამჟამად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. 2013 წლის ბოლომდე დასრულდება საპროექტო და ყველა მოსამზადებელი სამუშაო.
უმაღლესი განათლება
v სახელმწიფო, წელს პირველად, უმაღლესი სასწავლებლების 17 სპეციალობაზე სწავლას დააფინანსებს;
v 2013 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო დაფინანსების წლიური მოცულობა, 2012 წელთან შედარებით, გაორმაგდა და შეადგინა 22 800 000 ლარი.
v აღდგა სრული და ნაწილობრივი დაფინანსების სისტემა პროგრამებზე, რომლებზეც წინა წლებში მხოლოდ 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა არსებობდა. აბიტურიენტს, ნებისმიერ აკრედიტებულ პროგრამაზე ჩარიცხვისას, ექნება შანსი მიიღოს როგორც სრული, ისე 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსება;
v სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, დაფინანსების ოდენობა გაორმაგდა;
v პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ბიუჯეტი გაორმაგდა და შეადგინა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, რაც საშუალებას იძლევა გაორმაგდეს სტიპენდიანტთა რაოდენობა. პროგრამაში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
v 2012 წლის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ 2423 სტუდენტს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასური დაუფინანსდა. საერთო თანხა შეადგენს 4 465 310 ლარს.
***
სკოლის ცხოვრება საზოგადოების ინტერესის საგანი ყოველთვის იყო და არის, თუმცა იგივე საზოგადოება გულგრილია და არ გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას სკოლის საქმიანობის გაუმჯობესების საქმეში.
ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისათვის, მნიშვნელოვანია, თუ ახალი სტრუქტურის შექმნით ხელი შეეწყობა თემის, დონორი ორგანიზაციებისა და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებას და ჩართულობის უზრუნველყოფას სკოლის პრობლემების მოგვარებაში.
თუ სასკოლო ოლქები მოახერხებენ იყვნენ ობიექტურნი გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ ამ სტრუქტურის ამოქმედება გამართლებული იქნება როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის, ისე თემისათვის. საკითხების გადაწყვეტისას საზოგადოების ჩართულობა ერთგვარი გარანტი შეიძლება გახდეს, რომ სკოლების სარეაბილიტაციოდ სახსრების გამოყოფისას გამოირიცხება მიკერძოებულობა და პროტექციონიზმი და გამოყოფილი სახსრების ხარჯვაც მიზნობრივად და გამჭვირვალედ მოხდება.
რასაკვირველია, ჩნდება არსებითი ხასიათის შეკითხვებიც:
n რა პრინციპით შეირჩევა სასკოლო ოლქის 6 არჩევითი წევრი.
n როგორ მოხდება მათი გათვითცნობიერება ფუნქციებით განსაზღვრულ სპეციფიკურ საკითხებში: სასწავლო გეგმა, სკოლის განვითარების სტრატეგია, ოლქის სასკოლო პოლიტიკის განსაზღვრა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა.
n რა პერიოდულობით და კრიტერიუმებით მოხდება სკოლის ანგარიშის განხილვა.
n სამეურვეო საბჭოებისა და სკოლის ადმინისტრაციების ურთიერთობების რამდენიმეწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენადაა სასკოლო ოლქის მოვალეობების განხორციელება ენთუზიაზმის ხარჯზე.
n კარგად ვიცნობ რა, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მწირ საკადრო შესაძლებლობებს, საინტერესოა, როგორ მოხდება ოლქის წევრად ამ ცენტრის თანამშრომლის შერჩევა, თანაც საბჭოს მდივნის სტატუსით, რაც, ჩემი აზრით, შრომატევადი ფუნქციაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოუწოდა ფართო საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღოს მართვის ამ ახალი მოდელის შემუშავებაში.
ვფიქრობ, ამგვარმა თანამშრომლობამ ხელი უნდა შეუწყოს ავტორიტეტული, სამართლიანი და კვალიფიციური სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში, მოგებული დავრჩებით ყველანი.
მედეა სამსონია
სსიპ თბილისის ¹55 საჯარო სკოლის დირექტორი
***
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ახალი სტრუქტურა — სასკოლო ოლქი, მესტიის რაიონის სკოლებს, სავარაუდოდ, სამ ოლქად დაყოფს. დღემდე კი იყო სამეურვეო საბჭო. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭო სამგზის იყო არჩეული. ერთადერთი, რაც სამეურვეო საბჭომ შეძლო, ეს იყო: დირექტორების არჩევა, ბიუჯეტის, შინაგანაწესისა და საათობრივი ბადის შეთანხმება. ურთულეს პერიოდში სკოლაში მუშაობის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, უმეტესწილად, დაუძლეველ პრობლემად იქცა. გარკვეულწილად, ამას განაპირობებს რთული კლიმატური პირობები, ხანგრძლივი ზამთარი, ხანმოკლე დრო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. თუ სასკოლო ოლქის საბჭო, თავისი კონკრეტული შემადგენლობით, იმუშავებს ამ საკითხების მოსაგვარებლად — სკოლის დირექციას მიაწოდებს რეკომენდაციებს, შეისწავლის და სამართლიანად წარუდგენს განათლების სამინისტროს ოპტიმიზაციასა და სექტორების დამატებასთან დაკავშირებულ წინადადებებს, შეძლებს მოლაპარაკებას დონორებთან სასკოლო პროექტებისათვის დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით, მოახერხებს თვითმმართველობაში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას — ვფიქრობთ, გაიზრდება სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის მოტივაცია. უმთავრესი, რაც სასკოლო ოლქის არსებობის შექმნის გამართლებად მიგვაჩნია, გახლავთ ზემო სვანეთის ხეობის სპეციფიკის თაობაზე კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის.
ნატო სუბელიანი
ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორი
***
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იქმნება ახალი სტრუქტურა — სასკოლო ოლქი, რომელიც რამდენიმე სკოლას გააერთიანებს. ახალი მოდელი დაფუძნებულია ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებაზე. საკმაოდ დიდი პერიოდი ვიმყოფებოდით ტოტალიტარული მემკვიდრეობის გავლენის ქვეშ. ჩვენი საბოლოო მიზანი ქვეყანაში დასავლური სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღწევაა, ამიტომაც სისტემური ცვლილებების საყრდენი განათლების სივრცის დემოკრატიზაცია უნდა იყოს.
რამდენიმე წლის წინ სკოლების ფუნქციონირებაში სამეურვეო საბჭოების გამოჩენა განათლების სივრცის დემოკრატიიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია. ვერ ვიტყვი, რომ სამეურვეო საბჭოებმა მათზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულეს, მაგრამ სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოების წარმომადგენლები, რაც ამ პერიოდამდე ვერ ხერხდებოდა.
ამ ეტაპზე, ახალი მოდელის მიხედვით, სკოლის დეცენტრალიზებულ მართვაში ახალი თვითმმართველი რგოლი ჩაერთვება. ჩემი აზრით, მოდელი კარგია, მით უმეტეს, რომ ამ გაერთიანებაში, დაახლოებით, ათი სკოლა შედის და საზოგადოების ფართო ფენებისთვის ნათელი გახდება, რა პრობლემების წინაშე დგას სკოლა და დაისახება მათი გადაჭრის გზები. შესაბამისად, ათი სკოლის ერთი თვითმმართველი რგოლი უფრო მეტად შეუწყობს ხელს სკოლებს შორის თანამშრომლობას. რგოლში მყოფი თითოეული სკოლის პრობლემა შესაძლებელია ერთობლივად გადაიჭრას. სასკოლო ოლქის საბჭოს წევრები, რომლებშიც წარმომადგენლები ეყოლებათ როგორც რესურსცენტრსა და სამინისტროს, ასევე თვითმმართველობას, თვალნათლივ დაინახავენ სკოლის პრობლემებს და შესაბამის ორგანოებში მიიტანენ თითოეული სკოლის „გასაჭირს”. მიმაჩნია, რომ სასკოლო ოლქის საბჭოს წევრების მუშაობა დაფინანსებული უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, მათი საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება.
დოდო დოლიძე
აბაშის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორი
***
გავეცანი სასკოლო მართვის ახალ მოდელს. ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა იყოს ყველა ოლქში ფიქსირებული 9 წევრი, რადგან სასკოლო ოლქში შესაძლებელია სკოლების სხვადასხვა რაოდენობა იყოს.
საინტერესოა, რა პრინციპით მოხდება ოლქში 6 არჩევითი წევრის არჩევა.
სასკოლო ოლქის ფუნქციონირება და საქმიანობა ხელს შეუწყობს სკოლების თანამშრომლობას და ინტეგრირებას, ამ თვალთახედვით, სასკოლო ოლქის არსებობა პოზიტიურ მოვლენად მიგვაჩნია.
მნიშვნელოვანია სასკოლო ოლქის წევრების კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რადგან ისინი განსაზღვრავენ სკოლის ძირითად მიმართულებას — ბიუჯეტს და სასწავლო გეგმას.
სასკოლო ოლქის წევრთა შერჩევა არ უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით. საზოგადოებისათვის წინასწარ უნდა გახდეს ცნობილი, რა პრინციპებით და კრიტერიუმებით მოხდება სასკოლო ოლქის წევრთა არჩევა.
მიგვაჩნია, რომ სასკოლო ოლქის წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია.
ტარიელ კალანდაძე
ოზურგეთის ¹4 საჯარო სკოლის დირექტორი
***
როგორც სკოლის დირექტორს, მიმაჩნია, რომ სკოლის მართვის ახალ მოდელზე გადასვლა გაზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს შორის. ამავდროულად, ამაღლდება სკოლისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
მშობლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლქის მუშაობაში, შეეძლებათ ინფორმაცია მიაწოდონ სკოლის მოსწავლეების მშობლებს კონკრეტულ კითხვებსა და კანონებზე, რომლებიც გავლენას იქონიებს სკოლასა და მათ შვილებზე.
სასკოლო ოლქის საბჭოს უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საკითხები, რომელთა მოგვარებაც დღემდე არსებული ბიუროკრატიული მექანიზმების გამო გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ადვილად მოგვარებადი იქნება (მაგ. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან და სკოლის ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული საკითხები).
სასკოლო ოლქი, სამეურვეო საბჭოსგან განსხვავებით, არ იქნება ორგანო, რომელიც რომელიმე ერთი სკოლის ინტერესების დასაკმაყოფილებლად იმუშავებს. მაგრამ, ვფიქრობ, უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება, რომ დარეგისტრირდეს სასკოლო ოლქის წევრობის კანდიდატად და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
თუ სწორი არჩევანი არ გაკეთდა, პროექტი, ალბათ, არ გაამართლებს.
ლეილა ქოჩორაშვილი
ყვარლის ¹2 საჯარო სკოლის დირექტორი
პროფესიული განათლება
პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისათვის დაგეგმილია 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კოლეჯები, სკოლები), რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
სკოლების რეაბილიტაცია
v ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსულტაციისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით 600-მდე საჯარო სკოლა, პრიორიტეტების მიხედვით, გაივლის რეაბილიტაციას. წარმოებული სამუშაოები მხოლოდ ხარისხზე იქნება ორიენტირებული;
v 2013 წელს, რეგიონებში, 20-მდე საჯარო სკოლაში გაზიფიკაცია განხორციელდა, იგეგმება 42 საჯარო სკოლის გაზიფიკაცია;
v რეგიონებში 20-მდე საჯარო სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა;
v დაგეგმილია რამდენიმე სკოლის შენება (რაოდენობა შესათანხმებელია);
v ამ ეტაპზე სკოლა შენდება კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში და პროფესიული სასწავლებელი ამბროლაურში;
v წელს ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს;
v სკოლები აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით.
***
შეხვედრაზე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ მინისტრისთვის აქტუალურ თემებზე დაესვათ შეკითხვები. უფასო სახელმძღვანელოების დარიგებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ბევრი კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით, მათ შორის სახელმძღვანელოების ავტორთა ნაწილი. თუმცა, გამომცემლები აღნიშნავენ, რომ განათლების სამინისტრო მათ ინტელექტუალურ საკუთრებას ართმევს, სარჩელსაც ამზადებენ და აპირებენ სასამართლოში შეტანას, ასევე, აპირებენ მიმართონ საერთაშორისო ასოციაციასაც. იმავდროულად აღნიშნავენ, რომ განათლების სამინისტროსთან დიალოგისთვის მზად არიან. ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა ვრცლად ისაუბრა, თუ როგორია მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
— გუშინ შევხვდი ავტორებს და შოკირებული ვიყავი იმ გროშებით, რომელსაც, თურმე, ავტორები, ხშირ შემთხვევაში, იღებდნენ გამომცემლობებისგან. ეს პოლიტიკა შეიცვლება და ის სამუშაო, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეუკვეთავს ავტორებს, ბევრად უფრო ღირსეულად ანაზღაურდება. ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ყველა მიმართულებით ვახორციელებთ. გამომცემლებთან მიმართებაში ასეთი ვითარებაა: არიან გამომცემლობები, რომლებიც იაზრებენ სიტუაციას, იაზრებენ იმას, რომ, ფაქტობრივად, მოსახლეობის მუდმივად გაღატაკების პოლიტიკა საქართველოში დამთავრდა და გადავდივართ თანამშრომლობის რეჟიმში. ბუნებრივია, ამ გამომცემლებთან დიალოგი კი არ დაიწყება, არამედ გაგრძელდება, რადგანაც ის ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველი დღიდანვე განვაცხადე, რომ სახელმძღვანელოს ფასი უნდა შემცირდეს. ეს არ არის დამალული პოლიტიკა, შეგიძლიათ ნახოთ პირველივე განცხადებები, სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ სექტემბერი მშობლებისთვის ეკონომიკური კატასტროფის თვე გახდა, ხოლო აგვისტო — წამების თვე, რიგებში დგომით. ეს უნდა დასრულდეს. ბუნებრივია, გამომცემლობებთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც წინა წლის პრობლემებთან დაკავშირებით (მათ პრობლემები აქვთ ნაშთებთან მიმართებაში), ასევე მომავალი თანამშრომლობის თვალსაზრისით. სახელმძღვანელოების პრობლემის გადაწყვეტა უკვე დაიწყო. მათი დახვეწა ყოველთვის შეიძლება, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ ავტორები, დამკაბადონებლები, რედაქტორები, მხატვრები და ა.შ. ყველა ამ ადამიანის შრომა ადეკვატურად დაფასდება, მაგრამ ეს არ მოხდება ადამიანების ეკონომიკური გაღატაკების ფონზე.
ახლა, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს — განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოქმედებს მთლიანად იმ კონტრაქტის ფარგლებში, რაც დაგვხვდა, ვინაიდან ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სამართალი ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, თუნდაც ასეთი მტკივნეული პოლიტიკური პრობლემების მოგვარების კონტექსტში. შესაბამისად, არსებობს სამართლებრივი მხარე, რომელშიც ბოლომდე ვიცავთ კონტრაქტის პუნქტებს და, სხვათა შორის, იმედი მაქვს, გამომცემლობები, რომელთაც ანგარიშებზე დაუჯდებათ ახლა მილიონი, ისე არ მოექცევიან ავტორებს, როგორც აქამდე. მათ ისევე პირნათლად უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ავტორებთან, როგორც ჩვენ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც კონტრაქტით დაგვხვდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვასრულებთ იმ კონტრაქტის პირობებს, რასაც მათ მოაწერეს ხელი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამომცემლობებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ნაშთის შეძენის თაობაზე.
ამ წუთას ზუსტი მონაცემებით საუბარი მიჭირს, მაგრამ, ჩვენი ვარაუდით, ყოველწლიურად, 9 წლის განმავლობაში, ბაზარი 50-დან 80 მილიონ ლარამდე ადიოდა. ეს არის გარანტირებული თანხა, რომელიც ქართველი მოსახლეობის ჯიბიდან ამოდიოდა. იმ ვითარებაში, როცა საარსებო მინიმუმი 133 ლარია, ხოლო საშუალო შემოსავალი —141 ლარი. ამ ორ მონაცემს შორის განსხვავება მხოლოდ 8 ლარია, ამდენი თანხა ამოდიოდა მოქალაქეების ჯიბიდან. თანაც სახელმძღვანელო არ არის საბაზრო პროდუქტი, ეს არის პროდუქტი, რომლის ყიდვის არჩევანიც ადამიანს არ აქვს — ან უარი უნდა თქვას შვილის განათლებაზე, ან არადა, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც გუშინ რუსთაველი მოსწავლეები ვნახე, რომლებსაც უხდებოდათ ცალკე ქაღალდის შოვნა, შემდეგ ქსეროქსის გადაღება და გაკვეთილების ამგვარად სწავლა. ასეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდა, 19 ათასი რუსთაველი მოსწავლიდან, 3 ათასი. ეს რეალობაა. სქემის ანალიზი არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ კითხვები ბუნებრივად ჩნდება — როდესაც სახელმწიფოს ეს ყველაფერი 12 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც ქუთაისის პარლამენტის ერთი შესასვლელის ან „ანბანის“ კოშკის ერთი ფლიგელის ან პრეზიდენტის ვერტმფრენების ერთი სალონის ფასია ან, თუნდაც — 7 ვილიდან ერთ-ერთის მოპირკეთების ფასი. ვფიქრობ, დღეს ამ სისტემის შენარჩუნება დანაშაული იქნებოდა. ამის მოგვარება შესაძლებელია, დაახლოებით, იმ თანხით, რაც შარშან სოციალურად დაუცველი ბავშვების სახელმძღვანელოებისთვის იყო გამოყოფილი.
რაც შეეხება გამომცემლებს, ცხრა წლის განმავლობაში, ვფიქრობ, გარკვეულწილად ანაზღაურდა ის დიდი ღვაწლი, რაც გამომცემლებმა გასწიეს. 9 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 50 მილიონი ლარის ბაზარი იყო, გადაამრავლეთ ეს ცხრა წელზე — ნახევარი მილიარდი ლარი, რომელიც ამოღებულია ადამიანების ჯიბიდან, რომელთაც რეალურად უკიდურესად უჭირდათ. ეს ბაზარი ცხრა წელი მათ განკარგულებაში იყო. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი? გეგონება, წილებს ვიყოფთ. მათ ანგარიშზე მილიონი ჯდება, კეთილი ინებონ და იმ ავტორებს, რომლებსაც მართლა კაბალური პირობებით ამუშავებდნენ, ახლა მისცენ ფული. „ვის რამდენი შეხვდება“ — ეს მორალური დილემა არ მქონია, მქონდა საკანონმდებლო და იურიდიული პროცესი, რომელშიც მართალი ვარ და მქონდა მორალური პროცესი — ბავშვებისთვის, რომლებსაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ ჰქონდათ, მშობლებს ფული არ მოეკლოთ.
კანონის სრული დაცვით ვმოქმედებ, იმ კონტრაქტების მიხედვით, რომელიც მათ შაშკინთან გააფორმეს. ძალიან მომწონს, რომ შაშკინთან კარგად იყვნენ და ჩემით კი გაოცებულები არიან. გააგრძელონ კოაბიტაცია შაშკინთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვმოქმედებ კანონის სრული დაცვით — რაზეც ხელი მოაწერეს, იმ დოკუმენტით. მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ჩადო მან კონტრაქტში, ვფიქრობ სხვა თემებზე — ბავშვებზე, სახელმძღვანელოებზე...
შესაბამისად, სქემების ანალიზი ჩემი კომპეტენცია არ არის. ჩემი კომპეტენცია პოლიტიკური მიმართულების მიცემაა და იმის თქმა, რომ საქართველოში ბავშვის და მშობლის უფლებები არ უნდა დაირღვეს და ამას ვაკეთებ. მონაცემების ანალიზში ჟურნალისტები უფრო კომპეტენტურები ხართ, შეგიძლიათ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ და შეიტყოთ, რა თანხები იყო დახარჯული ან რა კონტრაქტები აქვთ გაფორმებული გამომცემლებს ავტორებთან.
დღეს კიდევ ერთხელ გავახმოვანებ ავტორებთან შეხვედრას, გზავნილს, რომელიც მათ მითხრეს: „ნუ ამბობთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩუქნის ბავშვებს წიგნებს. სინამდვილეში, სახელმძღვანელოებს ვჩუქნით ჩვენ, რადგანაც, წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერს ვიღებდით“. ეს მითხრა რამდენიმე ავტორმა გუშინდელ შეხვედრაზე — „ჩვენ ამ პროცესში არ ვიყავით ის ხალხი, ვინც მილიონებს შოულობდა, ჩვენ ქვეყანას ვემსახურებოდით“. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ დღეს სახელმძღვანელოების ავტორები ამ აქციის — უფასო სახელმძღვანელოების — მონაწილენი არიან.
შეხვედრაზე იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ავტორებთან, სახელმძღვანელოების დახვეწაზე. ავტორს სპეციფიკურად უნდა მისცე ინფორმაცია, თუ რა არის გამოსასწორებელი, როგორი მიდგომაა არასწორი და ა.შ. სხვათა შორის, რამდენიმე ავტორმა აღნიშნა, რომ ახლავე სურთ რაღაცის ჩასწორება სახელმძღვანელოებში. გარდა ამისა, სკოლებიდან ისმის კრიტიკა ამა თუ იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად გათვალისწინებული იქნება. ავტორებს ავუნაზღაურებთ პირდაპირ და არა უცნაური სქემებით. ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, ასევე, ავტორებთან შეხვედრაზე იმის გაგება, რომ გამომცემლობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 5-წლიანი კონტრაქტი ჰქონდათ დადებული და ავტორებთან კი — ერთწლიანი იმ ნაშრომზე, რაც მათ შეუკვეთეს. ეს კონტრაქტები იყო ავტორებისა და გამომცემლობების კომერციული შეთანხმება, მაგრამ ბოლომდე არავინ იცავდა ავტორების უფლებებს. ჩვენ გავაგრძელებთ კონტრაქტებს და მათთან შესაბამისად ვიმუშავებთ. რაც შეეხება მაკმილანის სახელმძღვანელოებს, ასეთი კონტრაქტი არ არის, რაც მისი გაწყვეტის შესაძლებლობას მოგვცემდა, შესაბამისად, მაკმილანისგან ვყიდულობთ წიგნებს.
„საავტორო უფლება“ — როცა ამ ფრაზას ვამბობთ, უნდა გვესმოდეს, რომ საავტორო უფლება კონკრეტული იურიდიული შეთანხმებაა, კონკრეტული კონტრაქტის ნაწილია, შესაბამისად, როგორ შეიძლება ის დარღვეული იყოს, თუკი მე კონტრაქტს ვიცავ.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების ხარისხს, ბეჭდვის ხარისხი ამაღლდება, რადგან სტანდარტის დაცვა და გაკონტროლება მოხდება, თუნდაც უვნებლობასთან მიმართებაში. ასევე, ვმუშაობთ სახელმძღვანელოების წონისა და ზომის შემცირებაზე. სტამბებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მოხერხდეს წიგნების უფრო მცირე ერთეულებად დაშლა და, შესაბამისად, ბავშვები სქოლიოზისთვის განწირულები არ იყვნენ. ასევე იგეგმება წიგნებისა და სამუშაო რვეულების განცალკევებაც, რათა სახელმძღვანელოს ბეჭდვა ყოველწლიურად არ იყოს აუცილებელი.
სტამბების შერჩევის კრიტერიუმია ფასთა მოკვლევა. საქართველოში არსებული ყველა სტამბა, რომელიც მზადაა ამ მასშტაბის შეკვეთა მიიღოს, შეკვეთას მიიღებს. ამ ეტაპზე, 4 სტამბაზეა საუბარი, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. არა მგონია, თითო-ოროლა სტამბამ შეძლოს ამხელა დაკვეთის შესრულება. უპრეცედენტოდ დიდი შეკვეთაა ქართული სტამბებისთვის და, იმედია, შესაბამისად, სიმძლავრეებსა და ხარისხს გაზრდიან. ეს სტამბებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა იქნება და ასევე — დისტრიბუციის.
წიგნები გადაეცემა სკოლას და არა მოსწავლეებს, მოსწავლე ვალდებული იქნება, წლის ბოლოს დაუბრუნოს სახელმძღვანელო სკოლას, ხოლო ვინც არ დააბრუნებს წიგნს, მისი შესყიდვა მოუწევს.
ახლა, რაც შეეხება კერძო სკოლებს, რა თქმა უნდა, პრობლემაა მათ რომ ვერ ვაძლევთ უფასო სახელმძღვანელოებს. პირველ ეტაპზე გვინდოდა, დიფერენციაციის გაკეთება და ლოგიკურიცაა, რომ კერძო სკოლა ფასიანია და იქ უფრო შეძლებული ოჯახების სეგმენტია. თუმცა, კერძო სკოლებში, სოციალურად დაუცველი ჯგუფებიც არსებობს, რომლებსაც სახელმძღვანელოებს უფასოდ დავურიგებთ.
ლალი ჯელაძე
|