2013-04-25 ისევ რამდენიმე სიტყვა ჩვენი პროგრამის შესახებ - საქართველო არის ესე მოგესალმებით, ჩემო კოლეგებო!
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ — მომენატრეთ!
ელემენტარულ თავმდაბლობას თუ დავივიწყებ, გეტყვით, რომ იმედი მაქვს, ძალიან მოკრძალებული იმედი, რომ თქვენც ელოდით ჩემ გამოჩენას.
ჩვენი პროგრამის „ქართული, როგორც მეორე ენა“ (ხელმძღვანელი — მაკო ჭილაშვილი) უმთავრესი მიზანია არა მხოლოდ ქართულის სწავლება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, არამედ მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში, ანუ მათ უნდა გაითავისონ, რომ საქართველოს შვილები არიან, რომ მათაც იგივე უფლებები და თავისუფლებები აქვთ ამ სახელმწიფოში, რაც ქართველებს; რომ ეს პარკები, გზები, უნივერსიტეტები, სავაჭრო ცენტრები და, საერთოდ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მათაც ელოდება, მათთვისაც მუშაობს. უნდა იგრძნონ და გაითავისონ, რომ ეს სახელმწიფო ზრუნავს მათზე, როგორც თავის შვილებზე, თავის მიწა-წყალზე დაბადებულებზე და გაზრდილებზე. მათ სხვებისგან არ გამოარჩევს და სწორედ იმისთვის, რომ ისინი ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები იყვნენ, სჭირდებათ ერთი რამ — ქართული ენის შესწავლა, რადგან თუ ენა არ იცი, საზოგადოების სხვა წევრებთან კონტაქტი შეუძლებელი იქნება.
ჩვენი საქმის მთელი სირთულე იმაში კი არ არის, გავაგებინებთ თუ არა მათ მეორე კავშირებითს და პირველ თურმეობითს, არამედ იმაში, რომ გავაგებინოთ და ვაგრძნობინოთ — ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და არა კონკრეტულად იმ სოფლის, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ; ძალიან საფრთხილო სირთულე სწორედ აქ იწყება — გააგებინო, რომ ეს სოფელი, სადაც ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქართულია, უხსოვარი დროიდან ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის.
ჩემი დაკვირვებით, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ის კი არ უნდა ვუთხრა — ეს მიწაა ჩვენი და ქართული, არამედ ის, რომ თავად არიან ჩვენი, ქართული საზოგადოების წევრები და, თუ ადამიანები ქართული სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები არიან, მაშინ მიწაც, რომელზეც ისინი სახლობენ, ქართულია და პირიქითაც — ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან იმიტომ, რომ ქართულ მიწაზე სახლობენ.
ყველაზე რთული, მაინც, სამშობლოს ცნებაა. ჩემს კოლეგებს, ჩვენი პროგრამის მასწავლებლებს გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე — არის თუ არა საქართველო აქ მცხოვრები აზერბაიჯანლებისა და სომხების სამშობლო; ზოგი ამბობდა, რომ არის, რადგან ისინი ასწლეულებია აქ ცხოვრობენ, ზოგი ამბობდა, რომ საქართველო მათი „საცხოვრისია“, სამშობლო კი აზერბაიჯანი და სომხეთია.
ჩემმა ვაჟმა აქაური სომხები ფერეიდნელ ქართველებს შეადარა, რომლებიც საუკუნეებია საქართველოში არ ცხოვრობენ, მაგრამ თავიანთი ქართველობის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობენ. ესენიც ასე არიანო, ანუ მათი სამშობლო უფრო სომხეთია, ვიდრე საქართველოო...
მე კი იანგული მახსენდება თავისი ჰელადოსით, სამშობლო გულზე გაკეთებული წარწერა არ არის, ის უფრო ღრმაა. მაგრამ იანგული, ჩემი თანასოფლელებისაგან განსხვავებით, მაინც უფრო ქართველი იყო, ვიდრე ბერძენი, ის ქართული საზოგადოების, „ვენეციის გზატკეცილის“ სრულუფლებიანი წევრი იყო და ამ სრულუფლებიანობას, პირველ რიგში, ენის ცოდნა განაპირობებდა.
...იანგული — ბატონი ნოდარის საკუთრებაა... მე ჩემი მოსწავლეები გამახსენდა.
მე, მოგეხსენებათ, განათლებით რუსულის ფილოლოგი გახლავართ. განათლება ბელორუსიაში, მინსკში მაქვს მიღებული და ოც წელზე მეტი სწორედ რუსულ სკოლაში სომხებს, ბერძნებს, რუსებს, უკრაინელებსა და ქართველებს ვასწავლიდი რუსულ ლიტერატურას, ენას. მათ ისევე უყვართ ეს ენა და ამ ენაზე შექმნილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, როგორც მე...
მაგრამ საინტერესო ცოტა სხვა რამაა. რუსულის გაკვეთილებზე ჩვენ, რატომღაც, თავისთავად გამოგვდიოდა ქართული მენტალობის გაღვიძება და გაღვივება. ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეროვნებით არ არიან ქართველები, მაინც ამ ქვეყნის, ამ მიწაწყლის შვილები არიან და მუდამ ქართველებად დარჩებიან. და ეს ასეც იყო, რადგან იანგულის არ იყოს, მათი სამშობლო იყო ქართველი მეგობრები, ქართველი მეზობლები, ქართველი შეყვარებულები. რუსეთში სასწავლებლად წასული ჩემი რუსი მოსწავლე ამბობდა — პირველ წელს დავიღალე იმის მტკიცებით, რომ მე რუსი ვარ, შემდეგ დავანებე თავი და ყველას ვეუბნები: დიახ, მე ქართველი ვარ! ჩემმა ბერძენმა მოსწავლემ, რომელიც საბერძნეთში იყო წასული სამუშაოდ (როგორც ბევრი ქართველი), კითხვაზე — რას შვრები, როდის მიდიხარ შენს ისტორიულ სამშობლოში-მეთქი? ასე მიპასუხა — რას ამბობთ, იქ რა მინდა? ჩემი სამშობლო საქართველოა! ჩემი სომეხი მოსწავლე, რომელმაც პირველ განახლებულ ეროვნულ ოლიმპიადაზე ბევრ ქართველს აჯობა და ქართულში მეორე საპრიზო ადგილი აიღო, ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანი ქართულად აბარა და დღეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტია, ბრაზობს იმის გამო, რომ მისი ნათესავები, რომლებიც ჯავახეთში ცხოვრობენ, ისეთი სინანულით ამბობენ — ჯავაკხ, თითქოს ეს მათი დაკარგული ტერიტორიები იყოსო...
ანუ, ფაქტი რჩება ფაქტად, ნებისმიერი არაქართველისთვის საქართველო არის სამშობლო, როგორც ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, ჩვენი პროგრამის წევრმა ნათია მანიამ დაწერა თავის ჩანახატში — „არიან ქართველი არაქართველები, რომლებსაც აქაურობა ყველაფერს ურჩევნია…“ ვფიქრობ, რომ ქართველი არაქართველების ქართველობას, ისევ და ისევ, ენის ცოდნა განაპირობებს
ამიტომ გვჭირდება ჩვენი პროგრამის პედაგოგებს დახმარება, აუცილებლად და უპირობოდ უნდა შესრულდეს განათლების კანონის შესაბამისი მუხლი, სადაც უკვე 7 წელზე მეტია წერია, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებები არაქართულენოვან სკოლებში ქართულად უნდა ისწავლებოდეს. სანამ ეს მუხლი ოფიციალურად არ არის ამოქმედებული, საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლის ფუნქციას ჩვენი პროგრამის „ქართული, როგორც მეორე ენა“ მასწავლებლები ვითავსებთ.
***
ბევრს ახსოვს, ალბათ, ცნობილი რუსული საბავშვო სიმღერა „საიდან იწყება სამშობლო“...
ეზოდან, წიგნებიდან, ქუჩიდან, მერხიდან.
ანუ იქიდან, რაც შენთვის ყველაზე ახლოა, რაც ბავშვობიდან იცი, რაც ბავშვობიდან გახსოვს.
წლების შემდეგ, უფრო სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, რა არის სამშობლო და მივხვდი — ჩემი სამშობლო არ იწყება ბათუმით და არ მთავრდება თბილისით!
ჩემი სამშობლოა ყველა ის გზა, ყველა ის მთა, ყველა ის სოფელი, სადაც ოდესმე ყოფილა ქართველი კაცი — უცხოვრია, უშენებია, ულოცავს, სისხლი დაუღვრია და სამშობლო დაუცავს.
როცა პირველად მოვხვდი გზაზე, რომელიც, როგორც ისტორიის სახელმძღვანელო, გადაიშალა ჩემ თვალწინ — ტაშისკარი, ასპინძა, ხერთვისი — მივხვდი, ვიგრძენი, რომ საქართველო არის ესე! ეს არის სამშობლო, როცა, ყოველი ახალი წარწერის წაკითხვისას, გზაზე, ყელში ბურთი გაწვება და გახრჩობს, თვალებზე კი მოღალატე ცრემლს გრძნობ, რადგან იცი, რომ ეს მიწაც წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ მთაზე ქართველების სისხლით იწერებოდა საქართველოს ისტორია და ყალიბდებოდა საქართველო, როგორც სახელმწიფო!
და შენ რწმუნდები, რომ „საქართველო არის ესე!“ და რაოდენ დამაბნეველია, როცა ამ უძველესი ქართული მიწის დიდ ნაწილზე ქართველი კაცი აღარ ცხოვრობს, ქართული სიტყვა აღარ ისმის, ქართული წირვა აღარ აღევლინება...
აქ ჩამოსვლის პირველი დღიდან მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება ბევრი ქართველი ჩამოვიდეს ამ ჩემს სოფელში, არწივებთან და ღმერთებთან ახლოს, რომ გრძნობა სრული იზოლაციისა, რომელიც ამ სოფელში სუფევს, განელდეს! უფრო მეტი იყოს სტუმრიანობა, უფრო ხშირად ჟღერდეს ქართული სიტყვა, ქართული ლექსი, ქართული სიმღერა...
...იმის გამო, რომ მაღალ კლასებს ვასწავლი, პატარ-პატარა საბავშვო ღონისძიებები არ პასუხობენ ჩემს ამბიციებს და მოთხოვნებს. ამიტომ, პირველივე სტროფები, რომლებიც ჩემს მოსწავლეებს ვასწავლე, იყო :
„შენ ჰე ფარნავაზ, ჰქმენ ერთმთავრობა,
შენ მიეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა ნიჭი და ძალი.”
ძნელია, როცა ყოველი სიტყვის ახსნა და განმარტება გიწევს, მაგრამ ამასთან მეტად საინტერესო და საპასუხისმგებლო. იმისათვის, რომ მოსწავლემ გაიგოს ერთი სტროფის აზრი, თითქმის მთელი საქართველოს ისტორია უნდა მოუყვე! თითქმის ყველა სიტყვა ფონემების დონეზე უნდა გაარჩიო და ორთოეპიული სავარჯიშოები გააკეთებინო, რათა სწორად წარმოთქვან: „ფშავ-ხევსურს ჰშვენის აბჯარი“!
ბევრჯერ დამწყდა გული იმის გამო, რომ მე მათი ენა არ ვიცი, მათ კიდევ ჯერ იმ დონეზე არ იციან ქართული, რომ მთელი სიღრმე და სიმდიდრე იგრძნონ ქართული სიტყვისა, ემოცია ამ სიტყვისა შეიგრძნონ და გაითავისონ. თუმცა, ემოციას, ალბათ, ყველაზე ადრე გებულობენ, რადგან მასწავლებლის ემოცია გადამდებია და ემოციების ენა — ინტერნაციონალური ან მულტილინგვისტური, როგორც დღეს ვამბობთ.
სულ ვფიქრობ, ნუთუ მივაღწევ იმას, რომ ამ ბავშვებს ისე ველაპარაკო ქართულად, როგორც ჩემს ქართველ მოსწავლეებს, რომ მათ გაიგონ ყველაფერი, რასაც ვეუბნები? ძალიან მინდა, მაგრამ... ვნახოთ!
***
წინა წერილში მოგახსენეთ ჩვენი ვიზიტის შესახებ აჭარაში, ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლაში (დირექტორი — ტარიელ ქათამაძე) გასული წლის ნოემბერში. შემდეგ მთელი წელი ბავშვები ელოდნენ თავიანთი ქართველი მეგობრების სტუმრობას. მთელი წელი ჰქონდათ ერთმანეთთან მიმოწერა ინტერნეტით. ზოგიერთი მათგანი კი, ქართულში მიცემულ დავალებას გასაკვირად კარგად აკეთებდა და, როცა ვეკითხებოდი, როგორ გააკეთე-მეთქი, ეღიმებოდათ — ჩემი მეგობარი დამეხმარა ჩაქვიდანო, ანუ ინტერნეტით უკვე საშინაო დავალებებსაც აკეთებდნენ.
ჩაქვის ¹1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯგუფი, 5-6 მაისს, გვეწვია სოფელში, გიორგობა დღეს. ჩაქვიდანაც ჩემი მოსწავლეები ჩამოვიდნენ, ისინი, ვისაც ერთი წლის წინ ვასწავლიდი: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!“ იმათაც ჩამოიტანეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია საქართველოზე (ხელმძღვანელი — ისტორიის მასწავლებელი ლელა კონცელიძე) და ჩვენც დავახვედრეთ ჩვენი კომპოზიცია სახელწოდებით — „საქართველო არის ესე!“.
სტუმრად გვყავდნენ ახალქალაქის რაიონის მესვეურები, ასევე ადამიანი, რომლის სახელს ახალქალაქში ყველა დიდი მოწიწებით მოიხსენიებს — სამველ პეტროსიანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საფრანგეთში ისვენებდა მეგობრებთან ერთად და ძალიან კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ პირველივე საგანგაშო ცნობის გაჟღერებისთანავე, საფრანგეთის სომხების თხოვნის მიუხედავად, მათივე შეკრებილი ფულით, ერევნის გავლით, ჩამოვიდა საქართველოში და დადგა იქ, სადაც იდგა ყველა ქართველი — საკუთარი სამშობლოს, საქართველოს სადარაჯოზე. მისმა მონათხრობმა და მისმა დარიგებამ, რაც სამშობლოს სიყვარულსა და იმ მიწის პატივისცემას ეხებოდა, რომელზეც ცხოვრობ, ძლიერი მუხტი დატოვა დარბაზში.
ჯავახეთის მიწაზე, სომეხი მოსწავლეების მიერ, ქართულად წარმოთქმულ სიტყვებს „საქართველო არის ესე“, დამერწმუნეთ, ძალიან დიდი ძალა და ემოციური დატვირთვა აქვს, ამას ჩემი ჩაქველი კოლეგების ძლივს შეკავებული ცრემლებიც ადასტურებდნენ.
ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, რომელსაც ჩემი სომეხი მოსწავლეები ამბობდნენ, ბოლომდე გააზრებული და გათავისებული ჰქონდათ. ამიტომ ჟღერდა მათი სიტყვები ასე დამაჯერებლად და გულწრფელად. სწორედ ამიტომ თქვეს ჩვენმა სტუმრებმა, ნამდვილად გაგვიჭირდა გაგვერჩია, რომლები იყვნენ ქართველები და რომლები — სომხებიო.
ის დღე ქართული ცეცხლოვანი ცეკვებით დამთავრდა, რასაც აღტაცებაში მოჰყავდა ჩემი ალასტანელი მოსწავლეები. ეს უკანასკნელნი კი, ცდილობდნენ თავიანთი ძალით გაეკვირვებინათ ჩაქველები და ამას იოლად მიაღწიეს, რადგან ჯავახეთის მთების შვილებს ზღვისპირზე გაზრდილმა ბიჭებმა მხოლოდ ცეკვაში აჯობეს. გაოცებულები მორბოდნენ ჩემთან იმის საკითხავად, თუ საიდან აქვთ ასეთი ძალაო. ეჰ! რაც ამათ შრომა და ჯაფა აწევთ, ძლიერები და დაკუნთულები იქნებიან, აბა რა! — იყო ჩემი პასუხი.
მეორე დღეს კი, ყველანი ერთად ვესტუმრეთ ვარძიას. შეიძლება სირცხვილია ამის აღიარება, მაგრამ მე პირველად ვიყავი ვარძიაში. და აქ ისევ ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა გული, რაღაც გამეჩხირა ყელში. ჩემს თავს შემოვუძახე: ბავშვი ხომ არ ხარ, რა ამბავია ამდენი სენტიმენტი-მეთქი. მაგრამ, როცა თამარის ფრესკის წინ აღმოვჩნდი... რის შეძახილი, რა შეძახილი. რაღაც გაიხსნა შიგნით, ყველა დაკეტილი სახრახნისი მოეშვა და მიუშვა... ცრემლები თავისით, დაუკითხავად მოდიოდნენ და მოდიოდნენ.
— ალბათ როგორ გიყვარდა ეს კუთხე... განსაკუთრებით!
— შენი შვილიც კი ამ მხარეს მოაბარე, ნამდვილ ვაჟკაცად რომ გაზრდილიყო.
— შენ დანამდვილებით იცოდი, რომ საქართველო არის ესე!
— ახლა, ალბათ, როგორ გტკივა გული, როცა ქართველებისაგან თითქმის დაცლილს ხედავ ჯავახეთს!
— ახლა, ალბათ, როგორ ბრაზობ, როცა მავანნი ეჭვქვეშ აყენებენ იმას, რომ „საქართველო არის ესე!“
***
მე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი დიდი თამარის წინაშე, დედა თამარის წინაშე, მეფე თამარის წინაშე იმისათვის, რომ აქამდე ჩემთვის ჯ ა ვ ა ხ ე თ ი მხოლოდ სიტყვა იყო და მეტი არაფერი.
და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ჩემს სომეხ მოსწავლეებს ვასწავლი, რომ „საქართველო არის ესე“... მე ჩემს ქართველ მოსწავლეებსაც ვასწავლი, რომ „საქართველო არის ესე“; ჩემს მეგობრებს, ჩემი ოჯახის წევრებს, შვილებს და... საკუთარ თავს ვასწავლი, რომ „საქართველო არის ესე“! რომ ეს არის ჩვენი სამშობლო.
სწორედ ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს პროგრამას — „ქართული, როგორც მეორე ენა“, სწორედ ამისთვის, რომ მე ვიცი, სამშობლო არ არის მხოლოდ ის, რაც გიყვარს და გენატრება, არამედ ისიც, რაც ყრუდ და ჩუმად გტკივა.
ინგა ბაგრატიონი
|