2014-06-12 იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა
მზიანი და ნისლიანი დღეებით შეფერილი საუკუნოვანი
სკოლის ისტორია
ხან მზიანი, ხან ნისლიანი, ხანაც თოვლიანი, დარდითა და სიხარულით სავსე დღეები გაუვლია სკოლას, რომელთა შორის ყველაზე მტკივნეული იყო 1987 წელი, როცა დიდთოვლობით გამოწვეული სტიქიის გამო სოფლის დიდი ნაწილი გადასახლდა და სკოლა ერთბაშად დაიცალა, განახევრდა. ძნელი გახდა კადრების მოძიება, მაგრამ ისევ გამოჩნდნენ გულანთებული ადამიანები და ნელ-ნელა სკოლა კვლავ ფეხზე დადგა, მზის სხივები აინთო დერეფნებში, ჟრიამული მოედო ფანტელებით მოფენილ ეზოს. სკოლა ფიქრობდა მომავალზე — მზიან მომავალზე და მან ბევრი საინტერესო თაობა გამოუშვა, რომელთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებამ შეიყვარა: უჩა ცინდელიანი, ლადო ქალდანი, ქიშვარდ ცინდელიანი, ნერონ ქალდანი, ქეთევან მარგიანი, სოზარ სუბარი... მეორე დიდი ტკივილი, რომელიც სკოლას თავს დაატყდა, 1993 წლის აფხაზეთის ომი იყო, გზა კოდორის უღელტეხილიდან ჭუბერზე გადმოდიოდა. დევნილი ადამიანები, გარდა ოჯახებისა, თავს აფარებდნენ ყოველ ცარიელ შენობას და სიცივისაგან თავის დასაღწევად წვავდნენ ყველაფერს, რასაც ცეცხლი ეკიდებოდა. განადგურდა სკოლის მდიდარი ბიბლიოთეკა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიები, სპორტული ინვენტარი და ყველა სახის აღჭურვილობა, რაც სკოლას გააჩნდა. დარჩა მხოლოდ ცარიელი კედლები, უფანჯრო, უკარო... მდგომარეობა უმძიმესი იყო. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჭუბერის სკოლის მასწავლებლებმა კვლავ განაგრძეს მუშაობა ამ პირობებში თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთლარიანი ხელფასით. ამას ვერ დავარქმევთ მხოლოდ ენთუზიაზმს, ეს სკოლის, ხეობის, სამშობლოს უდიდესი სიყვარულია!.. მეც სწორედ ამ დროს, სოხუმის მე-6 საშუალო სკოლიდან გადმოვედი ჭუბერის სკოლის მეოთხე კლასში, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ხალხი უღელტეხილზე გადმოვიდოდა. ჩემ თვალწინ დაიწვა სკოლაში არსებული ყველა ნივთი და ჩემი მოსწავლეობის პერიოდშივე, პედაგოგიური კოლექტივის დიდი ძალისხმევით და სკოლისადმი საოცარი დამოკიდებულებით, აღდგა და შეიქმნა სამუშაო გარემო, განახლდა ბიბლიოთეკა. ამ კეთილგონიერმა ადამიანებმა სული შთაბერეს უსულოდ მდგარ, გაძარცვულ კედლებს, უმძიმეს პერიოდში შეძლეს კვლავ განეწყოთ ახალგაზრდობა უმაღლეს სასწავლებლებში გაეგრძელებინათ სწავლა-განათლება, ასწავლეს და დაარწმუნეს, რომ ზრუნვა, თანადგომა, მეგობრობა და სიყვარული ის ღირებულებებია, რომლებიც არასდროს უფერულდება და ქრება.
მეოცნებე და მოგზაურობის მოყვარული გოგონას არჩევანი
სკოლა 2000 წელს დავამთავრე და ჩემს მომავალ პროფესიად მხატვრობა ავირჩიე, მაშინ არ ვფიქრობდი მასწავლებლობის გზას თუ შევუდგებოდი. სამხატვრო აკადემიაში სწავლის ექვსმა ხალისიანმა და მრავალფეროვანმა წელმა ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. ბუნებით მეოცნებე და მოგზაურობის მოყვარული დავდიოდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების სანახავად და სტუდენტობის პერიოდში საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვიარე. არდადეგებზე კი სვანეთში ჩამოვდიოდი და რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვებს ხატვაში ვამეცადინებდი, ჩემს სკოლას ვსტუმრობდი და ვცდილობდი, რამით გამეხარებინა. ბევრჯერ მინატრია, სკოლის პერიოდში, ნეტავ ერთხელ მაინც შემახედა პროფესიონალი მხატვრები როგორ ხატავენ-მეთქი, მაგრამ ეს ნატვრა არ ამხდენია, სანამ სკოლა არ დავამთავრე და აკადემიის მოსამზადებელზე არ დავიწყე სიარული. ნაწილობრივ ამანაც განაპირობა, სვანეთში წამოსვლის გადაწყვეტილება რომ მივიღე, იქნებ ახლაც სურდათ მოსწავლეებს გამოეცადათ, როგორ იკვეთება ფორმები ხაზის, მონასმებისა და ფერების გათამაშებით, როგორი მრავალფეროვანი ხდება ერთი ფერის უბრალო ფურცელი, რამდენ ემოციას, სილამაზეს, ნათელ მოგონებას იტევს ერთი პატარა რვეული. 2007 წელს, როდესაც აკადემიაში სწავლის სრულ კურსს ვასრულებდი, უკვე ბევრი რამ მაფიქრებდა, რომ მომდევნო ეტაპი ჭუბერში, ჩემს ლამაზ სკოლაში მუშაობით დამეწყო. სტუდენტობის ბოლო წელს, პარალელურად, დავდიოდი სვეტიცხოვლის ხატწერის სკოლაში, სადაც ჩემი მოძღვარიც მირჩევდა, იქნებ სვანეთში წახვიდე და ცოტა ხნით იქ ასწავლოო. ვგრძნობდი, სკოლაც მეძახდა — მეუბნებოდნენ, მოხარული ვიქნებით თუ ჩვენთან ჩამოსვლას გადაწყვეტო. სკოლას ყველასათვის საყვარელი ადამიანი და მასწავლებელი ნატო სუბარი უდგას სათავეში. ის არა მარტო ჭუბერის, არამედ მთელი სვანეთის ხეობისთვის გამორჩეულად თბილი და საყვარელი, მაღალი ღირებულებების მქონე, საოცარი სიყვარულით სავსე ნატო მასწავლებელია!.. მან მასწავლა ბევრი რამ, მასწავლა რა არის უმთავრესი და უპირველესი.
ასე მთლიანდება და იკვრება სკოლა ერთ დიდ ოჯახად
და ასე, 2007 წლის სექტემბერში, დავიწყე მუშაობა ხელოვნების მასწავლებლად. იმავე წელს ჩამოვაყალიბე დამატებითი წრეები ხატწერასა და ქარგვაში, მოგვიანებით — კალიგრაფიაში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია იმეცადინოს უსასყიდლოდ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მასწავლებლის პროფესია ურთულესი და, ამავე დროს, სიხარულით სავსე იქნებოდა. ახლა უკვე შვიდი წელია ვმუშაობ. ას ოც ბავშვთან, მათ მშობლებთან და ოცამდე მასწავლებელთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ყველაფერი იდეალურად გააკეთო, მაგრამ, პირველ რიგში, სკოლა უნდა გიყვარდეს. შეუძლებელია იყო კარგი მასწავლებელი, თუ მთელ ენერგიას არ დებ გაკვეთილში, მოსწავლესთან ურთიერთობაში. ბევრი მიმართულებით მართებს დაფიქრება სკოლაში მომუშავე ადამიანს. უნდა შეგეძლოს იყო პირველკლასელიც, მეცხრეც და მეთორმეტეც, უნდა შეგეძლოს უთხრა პატარებს — მართლა? რა კარგია! ან — ვწუხვარ, მაპატიე... მათი სიხარულისა და დარდის გაზიარება ხომ უამრავჯერ მოგიწევს და მეტიც, ის შენს დარდად და სიხარულად იქცევა, ასე მთლიანდება და იკვრება სკოლა ერთ დიდ ოჯახად, რომლის კეთლდღეობის წარმართვაში უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია შენ — მასწავლებელს. და სწორედ აქ უნდა გამოიჩინო გონიერება და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროფესიის ცოდნა და უნარი.
მაღალმთიანი რეგიონის სკოლის თანმდევი პრობლემები
ჭუბერის სკოლა ცდილობს ფეხი აუბას განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს, შეძლებისდაგვარად მონაწილეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა თუ გადამზადებაში. დღეს სკოლაში ოთხი სერტიფიცირებული მასწავლებელია, ორს ჩაბარებული აქვს საგნობრივი გამოცდა, ოთხი მასწავლებელი დარეგისტრირებულია წლევანდელ გამოცდებზე.
ადამიანი, რომელსაც აღმზრდელობითი მისია აკისრია, სასურველია იყოს თავისუფალი სხვა მოვალეობებისგან, თუმცა, ეს დღევანდელ რეალობაში თითქმის შეუძლებელია. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა დააყენოს საკითხი და მასწავლებლის პროფესია მაღალანაზღაურებადი გახადოს იმდენად, რომ სკოლაში მომუშავე პერსონალს დამატებითი სამუშაოს შესრულება არ უწევდეს რაიმე სხვა სფეროში. მაგალითად, მთის სკოლაში მომუშავე მასწავლებლისთვის რთულია, საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობის პარალელურად, გაუძღვეს მეურნეობას, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ამის გაკეთება უწევს, რომ ოჯახის რჩენისთვის საკმარისი წყარო შეაკოწიწოს. ეს სირთულეები დასაძლევია. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პროფესიული განვითარებისა და წინსვლისათვის დაუბრკოლებლად ჩაერთოს სხვადასხვა პროექტებში.
მაღალმთიანი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად სირთულეს წარმოადგენს მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში. მთის მომხიბვლელობას ერთგვარი სიმძიმეც ახლავს და ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გაჭიმული ზამთრის პირობებში გზაზე გასვლა საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე აყენებს სკოლას. ჭუბერი რაიონულ ცენტრთან 76 კილომეტრითაა დაშორებული. გვახსოვს საგნობრივი ოლიმპიადების მეორე ტურში გადასული მოსწავლეების ნაღვლიანი სახეები, როცა მათი ტრანსპორტირება მესტიამდე სრული რისკის ქვეშ დგება და მომდევნო ეტაპში მონაწილეობას მკაცრი ზამთარი აფერხებს.
და მაინც, დარდს ისევ სიხარული ცვლის, ისევ ჟრიამული და დღეების გაფერადება. ხან აბიტურიენტების დადებითი შედეგები, ხან სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებული მონაწილეების მხიარული სახეები, ხანაც შემოქმედებითი ღონისძიებების მონაწილეთა ანთებული თვალები და აღტაცებით მონათხრობი შთაბეჭდილება...
შემოქმედებით ჩარჩოებში მოქცეული პროექტები
არასოდეს დამავიწყდება ის ხალისიანი დღეები (2011წ.), როდესაც, ctc-ის მხარდაჭერით, პირველად განვახორციელეთ შემოქმედებითი პროექტები. მოვხატეთ საბავშვო ბაღის ინტერიერი და მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. რა თქმა უნდა, უსაზღვროდ მიხაროდა, რადგან როცა სკოლაში ჩამოვედი, ბავშვების უმეტესობა ამბობდა, რომ ისინი საერთოდ არ ხატავდნენ. 2010 წლიდან სკოლა წარმატებით მონაწილეობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, გამართულ კონკურსში — ქართული კალიგრაფია, რომლის გამარჯვებული თავადაც გახლავართ კატეგორიაში — ზრდასრული დაინტერესებული პირები, ასევე 2011 წელს გავხდი საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრი. 2014 წლის 5 მაისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, სკოლაში გაიხსნა კალიგრაფიული სტუდია, რამაც დიდი სიხარული მოუტანა ყველა მოსწავლეს და თითოეულ ჩვენგანს. სტუდიის პრეზენტაციაზე გვეწვივნენ სასიხარულო და პატივსაცემი სტუმრები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ბუბა კუდავა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი, ცენტრის თანამშრომლები, ახალგაზრდა კალიგრაფები, მესტიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები.
ასე გავიდა შვიდი წელი, მიხარია, რომ მართლა აღმოჩნდნენ მოსწავლეთა შორის ისეთები, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ იკვეთება ფორმები ხაზის, მონასმებისა და ფერების გათამაშებით, უმეტესად — ალბათ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე — მთიანი პეიზაჟები ექცევა შემოქმედებით ჩარჩოებში, ზოგჯერ მზით გაჯერებული, ზოგჯერ ნისლით, ხანაც ზღაპრების თეთრი კვამლით...
გაბრიელა მისტრალისეული „მასწავლებელი“
წლების წინ დიდი ჩილელი მწერლის — გაბრიელა მისტრალის სიტყვები რომ წავიკითხე, შთაბეჭდილებისგან დიდხანს ხმაამოუღებლად ვიჯექი. ეს იყო და არის ჩემთვის მასწავლებელი:
1. გიყვარდეს მთელი გულით და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევ სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე, გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველ დღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
მოამზადა ლალი ჯელაძემ
|