2014-09-25 შვილად აყვანის პროცედურებში ცვლილებები იგეგმება
ლალი ჯელაძე
საქართველოში შვილად აყვანის გახანგრძლივებული პროცედურები მსურველებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. მათი რიცხვი, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, 3000-ზე მეტია, ხოლო გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა — 60, თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა მუდმივად იცვლება. სურვილიდან რეალობამდე ლოდინის პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, 5 წელიც კი გრძელდება. ხანგრძლივ პროცედურას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სეერგეენკო სწორედ არსებული სტატისტიკით ხსნის: „სირთულე იმდენად იმაში არ არის, რომ რეგულაციაა გართულებული, არამედ იმაში, რომ ასეთი სურათი გვაქვს — საბედნიეროდ არ არის ბევრი დედა, რომელიც მიატოვებდა შვილს და ჩასვამდა იმ ჯგუფში, რომელიც გაშვილებისთვისაა განკუთვნილი“.
ქართული კანონმდებლობით, გასაშვილებელთა სიაში ხვდება ის ბავშვი, რომელიც ობოლია ან მშობლები სასამართლოს მიერ არიან აღიარებულნი ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან; ან იმ შემთხვევაში თუ ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა; ან თუ ბავშვი ნაპოვნია და აღიარებულია მიტოვებულად. გაშვილებისა და შვილად აყვანის პროცედურის წარმართვა მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეშვეობითაა შესაძლებელი, სხვა ნებისმიერი გარიგება კანონით ისჯება.
იმისთვის, რომ წყვილმა ან მშვილებელმა პირმა ბავშვის შვილად აყვანა შეძლოს, სოციალური მომსახურების სააგენტოში ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს, ამის შემდეგ კი სოციალური კვლევა იწყება.
ეკატერინე სანებლიძე, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენი პრიორიტეტი არ არის ბავშვების ბიოლოგიური ოჯახებიდან გამოყვანა, პრიორიტეტი მათი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებაა. აქედან გამომდინარე, მცირეა იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც სტატუსს ვანიჭებთ. დღეს 3000-მდე მშვილებელია რეესტრში დაფიქსირებული. 3000 ბავშვს რომ გასაშვილებელი სტატუსი ჰქონდეს, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდი იქნებოდა.
ნეგატიური კრიტერიუმები არსებობს და ეს მოყვანილია კანონმდებლობაში. მაგალითად, გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა — თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სასურველი — ნარკომანია, ალკოჰოლიზმი ან ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც ხელს შეუშლის ბავშვის აღზრდაში ადამიანს; ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციასაც — ამას, რა თქმა უნდა, სოციალური მუშაკი აფასებს.“
აღნიშნული პროცედურა საქართველოში „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ კანონით რეგულირდება. 2010 წლის რედაქციაში შესაძლოა მალე ცვლილება შევიდეს — დაზუსტდეს შვილად აყვანის ზედა ზღვარი და განისაზღვროს სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც.
50 წელს გადაცილებულ პირებს ბავშვის აყვანის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. თუმცა, გამონაკლისი დაიშვება დაქორწინებული პოტენციური მშვილებლების შემთხვევაში, როცა ერთ-ერთი 50 წელს გადაცილებულია, ხოლო მეორეს კი ჯერ არ მიუღწევია 50 წლამდე.
მეორე ცვლილება, სავარაუდოდ, პირდაპირი წესით გაშვილების პროცედურებში შევა. მშობელს, რომელიც შვილზე უარს ამბობს, უფლება აღარ ექნება აირჩიოს მშვილებელი პირი ან ოჯახი.
კანონპროექტი შეთავსების სისტემის დანერგვასაც ითვალისწინებს. შეთავსება მიზნად ისახავს ბავშვისათვის საუკეთესო მშობლების შერჩევას, რომლებიც ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, მისივე ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ.
კანონპროექტზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. სამუშაო ჯგუფში პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, იუნისეფის ექსპერტები, სახელმწიფო სააგენტოები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან ჩართულები.
„შვილად აყვანასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოში ამ სისტემის არსებული რეგულაციები ხშირად ბუნდოვანია და წესების განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამუშაო ჯგუფში ჩართული სხვა დაწესებულებების მოსაზრებით, არსებობს საკანონმდებლო ბაზის დეტალიზაციის მკაფიო საჭიროება, რაც გულისხმობს როგორც უფრო კონკრეტული პროცედურული და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტების შექმნას, ასევე კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების შევსებასაც,“ — ამბობს „იუნისეფის“ საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.
კანონმდებლობასთან ერთად ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები პრობლემას პრაქტიკულ საქმიანობაში ხედავენ. „ევრი ჩაილდის“ დირექტორის, ანდრო დადიანის აზრით, პროფესიონალები, რომლებიც უნდა მოქმედებდნენ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მოიკოჭლებენ კვალიფიკაციით, სამუშაო პირობებით და, ზოგადად, ღირებულებებით — იმოქმედონ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საკეთილდღეოდ. ის განმარტავს, რომ კანონპროექტის მიზანი ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება და ბავშვის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება უნდა იყოს. „ყველაზე მეტი საჭიროებაა გაუმჯობესდეს სოციალური სამსახურების მუშაობა, რათა თუნდაც ის კანონი, რომელიც არსებობს, ეფექტურად იქნეს გატარებული ცხოვრებაში“.
ანდრო დადიანი დისკრიმინაციად აფასებს პოტენციური მშვილებლის ასაკობრივ შეზღუდვასაც: „შესაძლოა, 50 წელს გადაცილებულ პირებზე ჩვილი ბავშვი არ მიშვილდეს. ამ შემთხვევაში არგუმენტი ისაა, რომ როდესაც ბავშვი წამოიზრდება, მშობლები უკვე მოხუცებულები იქნებიან. მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა აეკრძალოთ ამ ადამიანებს, მაგალითად, შედარებით მოზრდილი ბავშვების აყვანა. წლების განმავლობაში ოჯახები რიგში დგანან და ბავშვის აყვანას ელოდებიან, ამიტომ შესაძლოა კანონპროექტში ჩაწერილი ასაკობრივი შეზღუდვა ამ რიგის გაცხრილვის ერთ-ერთი გზაც იყოს”.
კანონპროექტით გათვალისწინებულ ამ ცვლილებას განსხვავებულად ხსნის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე: „არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ 50 წელს გადაცილებულ პირებს ბავშვის აყვანის შესაძლებლობა არ ექნებათ. საუბარია იმაზე, რომ პოტენციურ მშვილებელსა და ბავშვს შორის ასაკობრივი განსხვავება მაქსიმუმ 50 წელი უნდა იყოს. ანუ 55 წლის პირი ვერ იშვილებს, მაგალითად, 4 წლის ბავშვს“.
კანონპროექტში განისაზღვრება შვილად აყვანის მსურველთა რეგისტრაციის საკითხიც: „ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მშვილებელთა დარეგისტრირება გაიოლებულია, რაც რეალურად მშვილებელსა და ბავშვის რაოდენობას შორის დიდ დისბალანსს ქმნის“ — აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცვლილებებია დაგეგმილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შვილად აყვანის პირობებშიც. დღევანდელი მონაცემებით, შშმ ბავშვთა შვილად აყვანის პრაქტიკულად არც ერთი შემთხვევა არ არსებობს. დისკრიმინაციული მიდგომის აღმოსაფხვრელად კი, კომიტეტისა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, მშვილებელი ოჯახებისთვის სამინისტრომ უნდა დაამკვიდროს გარკვეული შეღავათები, რათა ქვეყანაში შშმ ბავშვთა შვილად აყვანის პრაქტიკა დაინერგოს.
რაც შეეხება მინდობით აღზრდის ნაწილს, მაია ქურციკიძის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ დასამუშავებელია, თუმცა საყურადღებო თემებია: მინდობით აღმზრდელთა აუცილებელი ტრენინგი ბავშვის ოჯახში განთავსებამდე; დამატებითი მხარდაჭერის მომსახურების აუცილებლობა სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელებისათვის, რომლებიც ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე; 3 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის არმქონე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის მინდობით აღმზრდელთა ანაზღაურება სხვა შშმ ბავშვების ანაზღაურების ანალოგიურად.
ასევე იგეგმება პოტენციური მშვილებლისთვის მოსამზადებელი კურსების ჩატარებაც. ქალბატონი მაიას განმარტებით, სხვა ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი კურსების არსებობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, სასარგებლოა: „გარდა იმისა, რომ მშვილებლები ბავშვის აღზრდის პროცესში წარმოქმნილი შესაძლო სირთულეების შესახებ ინფორმირებულები უნდა იყვნენ, მოსამზადებელი კურსი მშვილებლებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, მზად არიან თუ არა, შვილად აიყვანონ ბავშვი“.
ახლა მოქმედი კანონის ავტორი და დამატებითი რეგულაციების ინიციატორი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მათ მიერ 2007 წელს შემოღებული კანონით ბავშვებით ვაჭრობასა და კორუფციულ გარიგებებს ბოლო მოეღო. უცხოელი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ არსებულ კანონს ცვლილებები, საერთაშორისო კანონთან გათანაბრება და ვადების დაბალანსება სჭირდება.
საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საშა გრაუმანის აზრით, რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი: „ვერ იქნება კანონში განსაზღვრული დრო, თუ ბავშვი გარკვეულ ვადაში არ მოიკითხა მშობელმა, გაშვილდეს. ეს ვერ მოხერხდება, რადგან თითოეული საქმე ინდივიდუალურია და ასევე უნდა განიხილებოდეს. მაგრამ სტატუსის მინიჭება უფრო მოხერხებული უნდა იყოს. ასევე ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების გაშვილებას — მშობლები უნდა წახალისდნენ, მათთვის სპეციფიკური დაზღვევა და დღის ცენტრები უნდა არსებობდეს“.
„არსებული კანონმდებლობა ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე უმეტესობა ქვეყნების — აცხადებს დავით სერგეენკო, — მაგრამ გარკვეულად მოუქნელია და სწორედ ამისთვის საჭიროებს რეფორმას, რათა გავხადოთ უფრო მოქნილი, თუმცა უფრო მეტად ვეღარ გამარტივდება“.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. კონკრეტულად რა ცვლილებები შევა კანონში, სწორედ ამის შემდგომ გახდება ცნობილი. თუმცა, მთავარი რეგულაციების გამკაცრება ან გამარტივება არა მარტო ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების სრულად გათვალისწინებაა, არამედ მათთვის საუკეთესო მომავლის შექმნაც.
|