2014-10-09 ცხოვრებაში ყველა მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება რეალიზებადია დარინა გამხიტაშვილი რეგენსბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი
— დარინა, მოსწავლეობის პერიოდი მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში გაატარე, როგორ გახსენდება იქ გატარებული წლები, შენი მასწავლებლები... გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი? — უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემი პიროვნებით და მომეცით შესაძლებლობა, ვიყო თქვენი გაზეთის ძალიან საინტერესო რუბრიკის სტუმარი. მოსწავლეობის პერიოდი ჩემთვის, ასე ვთქვათ, ტკბილ-მწარე მოგონებაა, რადგან ჩემს მშობლიურ სოფელში, მოსწავლეთა სიმცირის გამო, მხოლოდ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა. მუხრანის საჯარო სკოლაში, გაკვეთილებზე დასასწრებად, სრული შვიდი წელი, ყოველდღე, 8 კილომეტრის ფეხით გავლა გვიხდებოდა. მყავდა თბილი, ყურადღებიანი, თავისი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები. თქვენი გაზეთის საშუალებით დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს პედაგოგებს. ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით ვსწავლობდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა ერთნაირად მაინტერესებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი ქართულ და გერმანულ ენებს, საქართველოს და საზღვარგარეთის ისტორიას. სკოლაში სიღრმისეული ზოგადი განათლება მივიღე, რომელიც დღემდე მეხმარება, თუმცა ჩემს პროფესიულ მომავალზე სკოლაზე მეტად დიდი გავლენა დედამ მოახდინა, რომელსაც კარგად ესმოდა, რომ უცხო ენების შესწავლა და საზღვარგარეთ განათლების მიღება, წარმატებული მომავლის შეუცვლელი წინაპირობაა.
— რა გზა გაიარე საქართველოდან გერმანიამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ეს ქვეყანა? — 2002 წელს სწავლა განვაგრძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე, გერმანული ენის განხრით, რომელიც 2006 წელს წარჩინებით დავამთავრე. რადგან გერმანული ენა, ლიტერატურა და კულტურა პროფესიულ დონეზე მქონდა შესწავლილი, სწავლის გასაგრძელებლად, რა თქმა უნდა, არჩევანი ამ ქვეყანაზე გავაკეთე. გერმანიაში „აu-ჵair“ პროგრამით ჩამოვედი, რომელიც გულისხმობდა გერმანულ ოჯახში მუშაობას და, პარალელურად, გერმანული ენის შესწავლას. საერთოდ, გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება, უცხოელი სტუდენტებისთვის, ბევრ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. პირველად ორიენტაციაში ძალიან დამეხმარნენ უკვე აქ მყოფი ქართველი სტუდენტები. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანისტის დიპლომს ვფლობდი, მომეცა საშუალება შემესწავლა ნებისმიერი სასურველი პროფესია. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პიროვნება გერმანისტის დიპლომს არ ფლობს, მაშინ მას ეძლევა უფლება, მხოლოდ იმ განხრით გააგრძელოს სწავლა, რაც სამშობლოში უკვე შეისწავლა. უფრო რთულია მდგომარეობა, თუ მხოლოდ სკოლის ატესტატი გაქვს — ამ შემთხვევაში, გიწევს წინასაუნივერსიტეტო კოლეჯის მოძებნა, სადაც ადგილის მიღება ძალიან რთულია.
— დაამთავრე აიხშტეტ-ინგოლშტატის უნივერსიტეტი. მოკლედ მიამბე ამ უნივერსიტეტის შესახებ. — აიხშტეტ-ინგოლშტატის უნივერსიტეტი, 6000 სტუდენტით, ბავარიის მიწაზე ყველაზე პატარა უნივერსიტეტად ითვლება. გადანაწილებულია ორ ქალაქზე — ქალაქ აიხშტეტში ისტორიის და საზოგადოებრივ მეცნიერებათა, პედაგოგიკის, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფია-პედაგოგიკის, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტებია განთავსებული, ინგოლშტატში კი, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. აიხშტეტ-ინგოლშტატის უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტია და დაფინანსების 85%-ს ბავარიის მიწის ბიუჯეტიდან იღებს, დანარჩენი 15% დაფინანსება ხდება კათოლიკური ეკლესიის მიერ, რის გამოც ის კათოლიკურ უნივერსიტეტად იწოდება. სახელწოდება არანაირ გავლენას არ ახდენს საუნივერსიტეტო პროგრამებზე და, რა თქმა უნდა, მისი კარი ღიაა ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის. მიუნხენის გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის გამოცდის — „ტესტდაფ“-ის („Testდaf“) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, 2008 წელს, სწავლა გავაგრძელე ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინტერდისციპლინარულ ბაკალავრიატზე, სახელწოდებით — „დროები, სივრცეები, კულტურები“, რომელიც მოიცავდა დასავლეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკას, კულტურას. სავალდებულო ერთი ძირითადი საგნიდან არჩევანი გავაკეთე — „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უახლესი ისტორია და პოლიტოლოგია“. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი — „დისიდენტური მოძრაობა საქართველოში 1953-1989 წლებში და ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის საწყისები 1989-დან 1992 წლამდე“ — ჩავაბარე გერმანიაში ძალიან ცნობილ პროფესორთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიაში, ლეონიდ ლუკსთან. გერმანიაში თითქმის ყველა ბაკალავრიატი, თავის სასწავლო გეგმაში, მოითხოვს თეორიის საფუძველზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. სასწავლო სავალდებულო პრაქტიკა გავიარე ქალაქ ინგოლშტატის კულტურის სამსახურში, ხოლო სასწავლო პროექტი, რომლის ჩაბარებაც დიპლომის ერთ-ერთი აუცილებელი და შემადგენელი ნაწილია, გავაკეთე თანაკურსელებთან ერთად ქალაქ შტუტგარდში. როგორც პრაქტიკის, ასევე პროექტის შესრულების პერიოდში, საშუალება მომეცა მემუშავა პროფესიონალ, ნოვატორ ადამიანებთან, რამაც როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით ძალიან გამზარდა. — ამჟამად, სწავლას მაგისტრატურაზე აგრძელებ, რა პროფესიას ეუფლები? — სწავლას რეგენსბურგის უნივერსიტეტში ვაგრძელებ, რომელიც 11 ფაკულტეტს მოიცავს და, გერმანიის მასშტაბით, ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტია. ქალაქი გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს, მიზნად აქვს დასახული იყოს ხიდი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამის გამოხატულებაა უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი — „ჶuropaeum“ — „Fast-West-Centre“. ეს ცენტრი კურირებს საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ მაგისტრატურას „აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპის სწავლებები“ („Fast-West-Studies“), რომლის მეორე კურსის სტუდენტი გახლავართ. ვსწავლობ პოლიტოლოგიას, სამართალს და პროექტების მენეჯმენტს. „ჶast-West-Studies“ თემატურად ჩემი წინა ბაკალავრიატის გაგრძელებაა და მაძლევს დიდ კონცეპტუალურ ცოდნას, მიღრმავებს ანალიტიკური აზროვნების უნარს აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების სფეროში. ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ქვეყანათაშორისი ურთიერთობების სპეციფიკა. დიდი სურვილი მაქვს, სწავლის დასრულების შემდეგ, ამავე სფეროში მოვსინჯო ჩემი ძალები. ვფიქრობ, პოლიტოლოგიის და სამართლის შესწავლა დასახულ მიზანთან დიდად დამაახლოვებს.
— სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები? — თავად სასწავლო დაწესებულების მიერ, საკონკურსო საწყისებზე, ნიჭიერ სტუდენტთა დაფინანსება თითქმის არ ხდება. გერმანიაში რამდენიმე უნივერსიტეტს, მათ შორის, რეგენსბურგის, აქვს საკუთარი ფონდი, რომელიც სემესტრულად უცხოელ ნიჭიერ, ფინანსურად ხელმოკლე სტუდენტებზე გასცემს სტიპენდიებს სემესტრში მიღწეული შედეგების მიხედვით. უკვე ორი სემესტრია, ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ფონდის სტიპენდიანტი, რაც უზომოდ მახარებს და მიღწეული შედეგების გაუმჯობესების უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. ასევე, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო რეგენსბურგის უნივერსიტეტისა და ბავარიის პოლიტიკის აკადემიის მიერ ორგანიზებულ პროექტში — „გამოწვევები უსაფრთხოების პოლიტიკაში და ევროპული ინტეგრაცია — NATO და ევროკავშირი XXI საუკუნეში“. პროექტი განხორციელდა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ხუთი დღის განმავლობაში ვმონაწილეობდი ევროპარლამენტში, NATO-ში, ევროკომისიაში გამართულ სასწავლო სემინარებში. ამავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირად შეხვედრებზე ვისაუბრეთ ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: ევროკავშირის და NATO-ს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, მისი შედეგები და მიზნები, ლობიზმი ევროკავშირის მასშტაბით, სამოქალაქო საზოგადოება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნების შედეგები და მათი მნიშვნელობა ევროპის ერთიანი მომავლისთვის, ტრანსატლანტიკური სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და სხვ. სწავლაში მიღწეული შედეგების მიუხედავად, ყველა სტუდენტი სარგებლობს ფასდაკლებით: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მუზეუმებში, თეატრებში, ხშირად — კაფეებსა და რესტორნებშიც კი. — რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ. რამდენადაც ვიცი, ასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი? — სასწავლო პროგრამები ხშირად თეორიული მასალისა და პრაქტიკული მაგალითების სინთეზს წარმოადგენს, რაც, ჩემი აზრით, მასალის ათვისებას უფრო აადვილებს. ბაკალავრიატზე სწავლება სამი წელი გრძელდება, მაგისტრატურაზე — ორი. სასწავლო პროგრამების ორგანიზება დამოკიდებულია ფაკულტეტზე, ძირითადად, განასხვავებენ ოთხი ტიპის სამეცნიერო სასწავლო ლექციას: ლექცია, პროსემინარი, სემინარი და მთავარი სემინარი. ლექციის გარდა, სტუდენტი პროსემინარის, სემინარის და მთავარი სემინარის მიმდინარეობისას აქტიურადაა ჩართული სემესტრული სწავლების პროცესში, ევალება ლიტერატურის დამოუკიდებლად მოძიება, სასურველ თემაზე მოხსენების წაკითხვა და, სემესტრის ბოლოს, დაახლოებით 15-20 გვერდი წერითი საკურსოს დამუშავება. ლექციას კი, 90 წუთის განმავლობაში, პროფესორი კითხულობს და სემესტრის ბოლოს სტუდენტი წერით გამოცდას აბარებს. ერთდღიან ლექციებზე, რომლებსაც ცნობილი პიროვნებები კითხულობენ, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ ცნობილ პიროვნებათა შორის არიან: გერმანის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც, რეგენსბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტი მოინახულა და ისაუბრა თემაზე — „ევროპა და ევროკავშირის ლტოლვილთა პოლიტიკა“; გერმანიის პრეზიდენტი იოხიმ გაუკი; რუსეთის სიციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის — „ლევადას ცენტრის“ დირექტორი ლევ გუდკოვი, რომელმაც ძალიან საინტერესო ლექციები წაიკითხა თემაზე — „რუსეთი და ევროპა“, „რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინის შიდა და საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში“. ხშირად გვსტუმრობენ გერმანიის ბუნდესტაგის თუ ევროპარლამენტის დეპუტატები, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობადი სახეები. ასევე ხშირად ტარდება რამდენიმედღიანი, ინტერდისციპლინარული, სასწავლო-შემეცნებითი კონფერენციები მეცნიერების ყველა სფეროში.
— რა როლი უჭირავს გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს? — საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებით სარგებლობა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ბავარიაში ყველა საჯარო, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ერთ მთლიან „ბავარიის ბიბლიოთეკების კატალოგს“ ქმნის და ონლაინრეჟიმში ფუნქციონირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სტუდენტი თავისი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სასურველ ლიტერატურას ვერ მოიძიებს, შესაძლებლობა აქვს, საერთო კატალოგის საშუალებით, ბავარიის მიწაზე ყველა დანარჩენ ბიბლიოთეკას დაუკავშირდეს და შეუკვეთოს სასურველი მასალა, რომელსაც საკუთარ უნივერსიტეტში მიიღებს. შესაძლებელია როგორც წიგნების, ასევე დაარქივებული და ისტორიულად ღირებული ჟურნალ-გაზეთების, აუდიო-ვიდეო მასალის შეკვეთა. თუ სასურველი მასალის შეძენა გსურთ, არც ეს წარმოადგენს პრობლემას, თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ სასურველი ლიტერატურის ქსეროასლს. ასეთი მოწესრიგებული და დახვეწილი სისტემა საშუალებას გვაძლევს, სასურველი ლიტერატურა მაქსიმალურად მცირე დროში მოვიპოვოთ, რაც სასწავლო პროცესს ძალიან კომფორტულს ხდის. გარდა ამისა, გერმანიის მასშტაბით, ფუნქციონირებს „გერმანიის ბიბლიოთეკათა საერთო კატალოგი“, რომელიც გერმანიაში არსებულ ყველა ბიბლიოთეკას მოიცავს.
— როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით? — დარწმუნებული ვარ, ქართული უმაღლესი სასწავლებლები პროფესიონალი კადრების ნაკლებობას არ განიცდიან. ევროპული სასწავლებლების უპირატესობა, ქართულთან შედარებით, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაში, საბიბლიოთეკო სისტემასა და ინტერდისციპლინარული სემინარების სიმრავლეში გამოიხატება. ასევე ძალიან აქტუალურია და სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს გაცვლითი პროგრამები — ამერიკის, აზიის, ევროპის ქვეყნებში. საშუალება გვაქვს, უფასოდ შევისწავლოთ უცხო ენები, ვისარგებლოთ უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით, სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და ცეკვის შემსწავლელი კურსებით. სტუდენტებისათვის მსგავსი კომფორტული გარემოს შექმნა, უახლესი ინვენტარით აღჭურვა, რა თქმა უნდა, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და, ვფიქრობ, სწორედ ეს წარმოადგენს ქართული უნივერსიტეტებისთვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს. — როგორც ვიცი, ჩართული ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია — „საერთაშორისო ამნისტია“ საქმიანობაში. კერძოდ, მუშაობ ლტოლვილთა პოლიტიკის ჯგუფში, სადაც ეხმარები გერმანიაში მყოფ ლტოლვილებს. საინტერესოა ვინ არიან (რომელი ქვეყნის წარმომადგენლები) ისინი, რას ასახელებენ სამშობლოს დატოვების მიზეზად და რა დახმარებას უწევ მათ? — გერმანიის კანონმდებლობა, საბედნიეროდ, მუშაობის უფლებას გვაძლევს. მთელ ჩემს დროს, დიდი სიამოვნებით დავუთმობდი სწავლას, თუმცა, საცხოვრებელი და სასწავლო ხარჯების დასაფარად სტუდენტობის პირველივე დღიდან მიწევს საჭირო თანხის გამომუშავება. სწავლისა და მუშაობის შეთავსება წარმოუდგენლად ძნელია და დიდ სულიერ და ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, როდესაც მკაფიოდ დეფინიცირებული მიზანი გაქვს, მის ფონზე ყველანაირი ფინანსური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემა ფერმკრთალდება. ცხოვრებაში ყველა მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება რეალიზებადია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ („Amnesty International“) 3 მილიონზე მეტ წევრს ითვლის და ამით მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამცველი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1961 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ უფლებების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან სხვადასხვა ქვეყნებში. თავისი საქმიანობით ცდილობს ხალხის ყურადღება მიიქციოს დარღვევის ფაქტებზე და ზეწოლა მოახდინოს დამრღვევებზე. ვმუშაობ ლტოლვილთა პოლიტიკის განყოფილებაში. „საერთაშორისო ამნისტიაში“ სასწავლო სემინარების გავლის შემდეგ, ოფიციალურად მომენიჭა ლტოლვილთა მრჩევლის სტატუსი. ჩემი მთავარი დავალება ლტოლვილთა დაკვალიანებაა. სურვილის შემთხვევაში, გვაკითხავს ლტოლვილის სტატუსის მქონე პიროვნება. მისი საბუთების შესწავლის შემდეგ ვურჩევ, მიმართოს ადვოკატს თუ დაელოდოს შესაბამისი სტრუქტურებიდან პასუხს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ვაძლევ მიმართულებას, თუ სად, რომელ სახელმწიფო ინსტანციაში შეძლებს საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებას. ლტოლვილთა სტატუსის მაძიებლები, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (სირია, პალესტინა, ერაყი, ირანი) და აფრიკის ქვეყნებიდან (ეთიოპია) მყავდა, რამდენიმე ლტოლვილი — სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. სამშობლოს დატოვების მიზეზებს შორის, ძირითადად, ასახელებენ: ომს, დევნას პოლიტიკური შეხედულებების გამო, ოჯახურ ძალადობას. ემოციურად ეს ისტორიები ძალიან რთული მოსასმენია. ევროკავშირის ქვეყნებში საერთო ლტოლვილთა პოლიტიკა მრავალსაფეხურიან, ბიუროკრატიულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ლტოლვილთა უფლებების დარღვევით, მათთვის არაადეკვატური განაჩენის გამოტანით სრულდება.
— რეგენსბურგი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მისი შუასაუკუნეების ისტორიული ნაწილი, 2006 წელს, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. შენთვის რა არის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ამ ქალაქში? — რეგენსბურგი, მთელ გერმანიაში, თავისი 2000-წლიანი ისტორიით, ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული შუასაუკუნოვანი ქალაქია: მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის ძველი ნაწილი და შუასაუკუნეების არქიტექტურა თითქმის არ დაზიანებულა. აგებულია რომაელთა მიერ და თავისი ვიწრო ქუჩებითა და ქვის ხიდებით საოცრად მაგონებს იტალიის ქალაქებს. გერმანიის მთავარი ტურისტული სააგენტოს 2014 წლის მონაცემებით, რეგენსბურგი 28-ე ადგილს იკავებს გერმანიაში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ რეგენსბურგი სტუდენტური ქალაქია, ქალაქის მიერ შემუშავებული ყოველწლიური კულტურული პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული ახალგაზრდა თაობის ინტერესებზე. ასევე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქალაქის მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ლტოლვილთა პრობლემატიკის გადაჭრა და ემიგრანტთა გერმანულ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაცია წარმოადგენს. რეგენსბურგი ჩემთვის, ბერლინის შემდეგ, გერმანიის იმ ქალაქთა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.
— სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? როგორ ცხოვრობენ გერმანელი ახალგაზრდები? — თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. როგორც გითხარით, სწავლის პარალელურად ვმუშაობ საჭირო დანახარჯების დასაფარად. არდადეგებზე კი სასწავლო პრაქტიკით ვარ დაკავებული. და თუ მაინც გამოვძებნი თავისუფალ დროს, ვხვდები მეგობრებს და აუცილებლად ვამზადებთ რაიმე ქართულ კერძს, ვესწრებით მუსიკალურ ფესტივალს ან გავდივართ ქალაქგარეთ ორიოდე დღით. მაგისტრატურის დამთავრებამდე ორი სემესტრი დამრჩა, მომდევნო არდადეგებზე ბერლინში საინტერესო სასწავლო პრაქტიკები მელოდება. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ კი მსურს დისერტაციის დაცვა საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში. გერმანელ ახალგაზრდებზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მონდომებული, საოცრად მოწესრიგებული და მიზანსწრაფულები არიან. აქტიურად მისდევენ სპორტს. დრო მკაცრად აქვთ გადანაწილებული ცხოვრებისეულ და პროფესიულ პრიორიტეტებზე. 18 წლიდან მშობლიურ სახლს ტოვებენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ. გერმანელ სტუდენტთა თითქმის 60% მშობლების დაფინანსებით და მორალური მხარდაჭერით იღებს განათლებას და აღწევს კარიერულ წარმატებას. ვთვლი, რომ ემოციურად ძალიან ცივი, საკუთარ წრეში ჩაკეტილი საზოგადოებაა და უცხო კულტურების მიმართ ნაკლებად გახსნილები, ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურებიც კი არიან. გერმანიის საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდიანრე, პროფესიად ირჩევენ მიმართულებებს ეკონომიკის, კერძოდ სავტომობილო ინდუსტრიის, ინფორმატიკისა და პედაგოგიკის სფეროებიდან.
— საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად, შესაძლოა, ახალგაზრდებს გზა ადვილად აერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ? — საზღვარგარეთ სწავლა საკმაოდ რთულია, მაგრამ არა — შეუძლებელი. ძნელია „უცხოელობა“, რაც არ უნდა ინტეგრირებული იყო საზოგადოებაში, ევროპა სრულყოფილ მოქალაქედ მაინც არ აღგიქვამს. ნუ შეუშინდებიან სირთულეებს, სწორედ მათი გადალახვის შემდეგ ვიზრდებით პიროვნულად, ადამიანურად და პროფესიულად. ძალა საკუთარი თავის რწმენაშია. გერმანიაში ჩამოსვლის მსურველებს კი ვურჩევ, ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, მოიძიონ გერმანული პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული პროფილის ფონდები. მსგავსი ფონდები უზრუნველყოფენ ყველანაირი საჭირო დოკუმენტაციის მოგვარებას და სრულყოფილ დაფინანსებას. ალბათ არც არის საჭირო იმის თქმა, რომ წარმატების მისაღწევად და ახალ გარემოში თავის დასამკვიდრებლად უცხო ენის უმაღლეს დონეზე ფლობა მთავარი წინაპირობაა.
— დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ის ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს, როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს, როგორებიც ვართ, თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს? — სიტყვა „სამშობლო“ ჩემთვის ემოციურად ძალიან ღრმა და ყოველი ქართულის მომცველი ცნებაა. საქართველო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და კონტინენტის „აზიურ“ ნაწილს ესაზღვრება, ქართული კულტურა და ცივილიზაცია სწორედ დასავლურ-აღმოსავლური კულტურების სინთეზს წარმოადგენს. ვფიქრობ, ევროპისთვის სწორედ ამაშია ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის უნიკალობა. მეორე მხრივ, სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპეიზაციის ეპოქაშიც რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონულ პოლუსად, სადაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უამრავი საგარეო პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა ხდება. ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწარფებაზე საპასუხოდ ევროპა, თავის მხრივ, სამეზობლო პროგრამას გვთავაზობს, სადაც მიმღები ქვეყნის როლში ვართ. მიმღები ქვეყნების დამოკიდებული მდგომარეობა დონორს, ამ შემთხვევაში ევროკავშირს, საბოლოო სიტყვის თქმის საშუალებას აძლევს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობა ევროპასთან შეუძლებელია. ამისათვის აუცილებელია თანამშრომლობა მიზნების და შეხედულებების ურთიერთპატივისცემაზე იყოს აგებული. მიმაჩნია, რომ საკუთარ, ქართულ ღირებულებებს ევროპული ინოვაციური იდეები უნდა მოვარგოთ და არა პირიქით. ამით ჩვენს თვითმყოფადობასაც შევინარუნებთ და ევროპაში ინტეგრაციასაც წარმატებით შევძლებთ.
ესაუბრა მაკა ყიფიანი
|