2015-01-29 პატიმრობა, როგორც უკიდურესი ზომა ლალი ჯელაძე
არასრულწლოვანებისთვის მართლმსაჯულების ახალი კოდექსი მზადდება, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. კოდექსი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და საერთაშორისო ექსპერტების, სფეროს სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების ჩართულობით მომზადდა. მასზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს საკითხებს, რომლებიც ეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ და დანაშაულის მსხვერპლ ან მოწმე ბავშვებს ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვებს.
როგორი უნდა იყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა და რა უნარებს უნდა ფლობდნენ ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არიან ჩართულები?
კოდექსი ითვალისწინებს:
— სისხლის სამართლის სფეროს პროფესიონალების (პოლიციის, პროკურორების და მოსამართლეების) სავალდებულო სპეციალიზაციას, რაც გამართული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედია;
— ალტერნატიული სანქციების და განრიდების ზომების ფართო სპექტრს (როგორიცაა: გაფრთხილება, კონსულტაცია, მსხვერპლისათვის კომპენსაციის გადახდა, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამაში მონაწილეობა და სხვ.), რაც პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ პატიმრობა, როგორც უკიდურესი ზომა;
— თავისუფლების აღკვეთის ლიმიტირებულ დროს და წინასწარი პატიმრობის პერიოდში რეგულარულ სავალდებულო რევიზიას;
— ახალ, ბავშვისადმი კეთილგანწყობილ მიდგომას და დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვებისთვის ისეთ გარანტიებს, როგორიცაა მსხვერპლის დაცვა სავარაუდო დამნაშავისგან, სისხლის სამართალის საქმის წარმოების პროცესში დამხმარე პირის მიმაგრება, კონფიდენციალობის დაცვა და იურიდიული დახმარების უზურნველყოფა.
საუბარი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევებსა და სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაზე საქართველოში უკვე წლებია მიმდინარეობს. როგორც სისხლის სამართლის ექსპერტები, ისე ფსიქოლოგები მიიჩნევდნენ და კვლავაც მიიჩნევენ, რომ, თუკი დანაშაულის ფორმა ამის შესაძლებლობას იძლევა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არასრულწლოვანი პენიტენციალურ სისტემაში არ მოხვდეს. სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა 2010 წელს არასრულწლოვანთა სასჯელისგან განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ან დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას გულისხმობს. თუმცა, მხოლოდ ეს პროგრამა არ აღმოჩნდა საკმარისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს საკითხებს, რომლებიც ეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ და დანაშაულის მსხვერპლ ან მოწმე ბავშვებს ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვებს.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით: „შემოგვაქვს ნოვაცია, რომ საქართველოში არსებობდეს სპეციალიზებული პოლიციელი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე. მთავარი პრიორიტეტი ენიჭება განრიდებას და ალტერნატიულ მეთოდებს, როგორც ეს გაეროს კონვენციაშია მოცემული, პატიმრობა იქნება უკიდურესი გამოსავალი. სხვა სიახლეებთან ერთად, სიახლეა ისიც, რომ ნასამართლეობის მოხსნა ბავშვისთვის სასჯელის მოხდისთანავე მოხდება.“
არასრულწლოვანებისთვის, ახალი ჰუმანური და ლიბერალური მართლმსაჯულებით, უქმდება უვადო და შემოდის შიდაპატიმრობა; უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში, უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება, როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული. ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე, ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლეობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს, მისი ნასამართლეობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. ახალი რეგულაციის თანახმად, წინასწარი პატიმრობის ვადა, 9 თვის ნაცვლად, 6 თვე იქნება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვანი პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაიკითხება. იცვლება სასჯელის მოხდის პირობებიც — იკრძალება არსრულწლოვანი ბრალდებულის სრულწლოვანთან ერთად, ერთ საკანში და ასევე ერთ დაწესებულებაში, განთავსება.
„ვაფასებთ იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დამოუკიდებელი კოდექსის შემუშავების საქმეში, რაც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. სპეციალიზაცია, პატიმრობის, როგორც სასჯელის უკიდურესი ფორმის, თავიდან არიდება ალტერნატიული ზომებისა და სასჯელის გამოყენების გზით, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ინდივიდუალური მიდგომა — თანამედროვე, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი კომპონენტებია — აღნიშნა საშა გრაუმანმა, იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ არასრულწლოვანთა საქმეებს სწორედ სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები წარმართავენ. ამგვარ ქმედებას სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს:
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთად მოუყრის თავს ყველა იმ ნორმას, რომელიც არასრულწლოვანს ეხება, მის ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ პროცედურებს ეხება. აქ არის გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიმატი. გათვალისწინებულია ისიც, რომ მოსამართლე იქნება, გამომძიებელი თუ პროკურორი, რომელსაც შეხება აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან, არასრულწლოვნის საქმეებში იყოს სპეციალიზებული“.
ბავშვის ინტერესების, განვითარების თავისებურებებისა და ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის არსებული განსხვავებული საჭიროებების უკეთ გათვალისწინების მიზნით, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოითხოვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას და ბავშვთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას და ავალდებულებს კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს, შეიმუშაონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დამოუკიდებელი პოლიტიკა, კანონმდებლობა და სისტემა.
„იუნისეფი კვლავ გაუწევს დახმარებას საქართველოს მთავრობას კოდექსის განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს: კანონქვემდებარე აქტების და პროფესიონალებისათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას, სხვადასხვა მექანიზმების შექმნას და მართლმსაჯულების სფეროსა და სხვა პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას“ — აღნიშნავს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში.
სიახლე იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების მიმართ მიდგომას ცვლის, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იუსტიციის სამინისტროში კოდექსზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ახალი სტანდარტების შემუშავებაში ფსიქოლოგები და საერთაშორისო ექსპერტებიც იყვნენ ჩართული. „შეიძლება კონკრეტული საკითხები შემდგომში დამუშავდეს, დაიხვეწოს, მაგრამ პრინციპი — ამ კუთხით სპეციალიზება, მართლაც მისასალმებელია“ — აცხადებს დეპუტატი შალვა შავგულიძე.
მოზარდობაში ჩადენილი დანაშაული არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი პოტენციური დამნაშავეა და აუცილებლად დამნაშავედ ჩამოყალიბდება. მართლმსაჯულების სისტემაში ჩართულმა ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ მოზარდობის ასაკის თავისებურებები და ჰქონდეთ გაცნობიერებული ის ზეგავლენა, რასაც პენიტენციალურ სისტემაში გატარებული წლები ახდენს არასრულწლოვანზე, სასჯელის მოხდა ამცირებს თუ, პირიქით, ზრდის არასრულწლოვანებში დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ალბათობას. ახალი კოდექსის ამოქმედებით ქვეყანა არასრულწლოვანებისთვის უფრო ლოიალურ სასამართლოს მიიღებს და, რაც მთავარია, ბავშვზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მის მომავალზე აუცილებლად აისახება. იმედისმომცემად ჟღერს ისეთი კოდექსის ამოქმედება, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული არასრულწლოვანების ინტერესებზე, რაც ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას განაპირობებს.
კოდექსის განხილვა პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე, დაჩქარებული წესით დაიწყება. ვახტანგ ხმალაძის აზრით: „კოდექსი შესაძლებლობას მოგვცემს, ასაკობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მივუდგეთ თითოეულ პირს“.
|