2015-03-12 სევდიანი ანეტას გმირული ისტორია 1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით — 17 მარტს) „პორტუგალს“ ბუქსირით მოჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, რადგან ერთი პატარა ნავი იძირებოდა და მისი შეკეთება გახდა აუცილებელი. იმ დროისთვის „პორტუგალზე“ არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყვნენ წითელი ჯვრის ექიმები და მედდები და, გემის მომსახურე პერსონალი. ხომალდის ეკიპაჟი ხედავდა, რომ გემს პერისკოპი მიუახლოვდა, მაგრამ „პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი გახლდათ და დაცული იყო ჰააგის კონვენციის თანახმად, ამიტომ არავითარი თავდაცვითი ზომები არ მიუღიათ. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც ხომალდს ასცდა. წყალქვეშა ნავი, კაპიტან-ლეიტენანტ კონრად განსერის მეთაურობით, ისევ დაბრუნდა, კვლავ გაუშვა ტორპედო 30 ფუნტის მანძილიდან, რომელიც სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა ხომალდს და ორ ნაწილად გახლიჩა. გემ-ჰოსპიტალ „პორტუგალზე“ ქართველი მოწყალების და ანეტა ანდრონიკაშვილი (1892-1916) იმყოფებოდა. ანეტამ თავისი მაშველი რგოლი სხვას დაუთმო.
„ვგრძნობდი, რომ მემშვიდობებოდა, ვუცქერდი ესოდენ ნატიფს და ვურჩევდი, ყველაფერი კიდევ აეწონ-დაეწონა, მოეფიქრებინა, არ აჩქარებულიყო, მან კი გადამწყვეტი ჟესტით, უსიტყვოდ მაჩვენა, რომ ყველაფერი დიდი ხნის ნაფიქრი აქვს და არაფერს და არავის შეუძლია შეუშალოს ხელი მისი ნების ასრულებას“ — ასე აღწერს ახლობელი ანეტა ანდრონიკაშვილის გამოთხოვებას — მოწყალების დად წასვლისას.
როდამ და დინარა ჯანდიერები იგონებენ:
„ანეტა ანდრონიკაშვილის მოწყალების დად წასვლა არავის გაკვირვებია, ის ისეთი სათნო იყო გარეგნულადაც და სულიერადაც. ჩვენი შტო ერეკლე მეორედან მოდის. ერეკლე მეორის ქალიშვილის, ელენეს შვილი მარიამი (ზოგჯერ მაიასაც ვეძახდით), ცოლად ჰყავდა მალხაზ ანდრონიკაშვილს, აი, აქედან არის ჩვენი შტო. ანეტა მალხაზის ძმის, სოლომონის შვილია. ბებიამ ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა. სამი მიცვალებული მიუყვანეს ერთად. ანეტას ძმა მერაბიც ფრონტზე დაიღუპა რუსეთ-სპარსეთის ომში (1916) და ბებიას ძმა ივანეც ფრონტზე დაიღუპა. სამივე მალხაზ ანდრონიკავშილმა ჩამოასვენა და თავიანთ მამულში, კახეთში, გურჯაანის რაიონში დაკრძალა. ივანე 24 წელს მიუნხენში გააგზავნეს სასწავლებლად, შემდეგ არეულობა დიწყო და იქ დარჩა, აღარ ჩამოსულა. მახსოვს, მან გამომიგზავნა ბეთხოვენის მე-9 სიმფონია ფუნტვენგერის დირიჟორობით, სიმებიც გამომიგზავნა, კონცერტი მქონდა და ის სიმები დავაგე ვიოლინოზე. 1956 წელს მისი და ელენე, ელიჩკაც გარდაიცვალა. ყრუ-მუნჯი იყო. პატარა რომ ვიყავი, ბებია წამიყვანდა ხოლმე და მისთვის ვიოლინოზე მაკვრევინებდა, ელიჩკა ხელით აჩვენებდა ბებიას ჩემზე, რომ ჭკვიანიაო. მაშინ ვერ ვხვდებოდი და მერე გავიგე, რომ მას ჩემი დაკრული არ ესმოდა...
მოწყალების დად წასვლა ოჯახური ტრადიცია იყო. ჩვენი ბებია ელისაბედი და მისი და ნინოც მოწყალების დები იყვნენ ახლანდელი უნივერსიტეტის ლაზარეთში. ბებიას უფროსი და ნინო ანდრონიკაშვილი გადაღებულია მომაკვდავ ვაჟა-ფშაველას სასთუმალთან.
ერთხელ კირამ თქვა, ანდრონიკაშვილები ძალიან უიღბლოები ვართო, მართლა ასეა...“
ისტორიის მეხსიერებაში ჩაძირული „პორტუგალი“ქართველი მოწყალების დის ისტორიას ინახავს. შავ ზღვაზე დატრიალებულ ამ ტრაგედიას ომის ყველაზე დიდ საშინელებას უწოდებდნენ, ამ ფაქტმა მსოფლიო აალაპარაკა. ჟენევის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ წითელი ჯვრის ყველა კომიტეტს გაუგზავნა მიმართვა, რათა პროტესტი გამოეთქვათ გერმანელთა დანაშაულზე — ითხოვდნენ დამნაშავეთა დასჯას, თანაგრძნობის დეპეშები იგზავნებოდა რუსეთში, ჟენევაში. წყალქვეშა ნავში, რომელმაც ჩაძირა ხომალდი „პორტუგალი“ მოწყალების დის თანამემამულეებიც იმყოფებოდნენ. ისინი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ხომალდს ძირავდნენ...
„პორტუგალის“ დაღუპვის ისტორია სხვადასხვა, ერთმანეთთან დაუკავშირებელ გადმოცემებს ეყრდნობა. მისი გეზიც — საით მიცურავდა ხომალდი — მოგონებებსა თუ გადმოცემებში სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი. არსებობს ვერსია, რომ გემი ლაზისტანის ნაპირებთან მიცურავდა, მემუარულ ლიტერატურაში ვკითხულობთ, რომ მას გეზი ბათუმისკენ ჰქონდა აღებული, ხოლო რუსული ჟურნალები წერდნენ, რომ გემი „პორტუგალი“ ოდესიდან ანტალიისკენ მიცურავდა.
ჟურნალი „ნივა“ დეტალურად აღწერს გემის ჩაძირვას: „1916 წლის 17 მარტი. დილის 8 საათი. გემი „პორტუგალი“ — მოძრავი ჰოსპიტალი, სამედიცინო კაბინეტებით და ავადმყოფებით შუა ზღვაში შევიდა. „პორტუგალს“ ბუქსირით მიჰყავდა ტრაილერი, რომელიც განკუთვნილი იყო დაჭრილების გადასაყვანად. გამოჩნდა წყალქვეშა ნავი, ირგვლივ შემოუარა გემს და მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით ორი ნაღმი ესროლა. პირველი ასცდა, ხოლო მეორე შუაგულში, სამანქანო ნაწილში მოხვდა. გემი აფეთქდა და შუაზე გაიპო. კიჩო და ცხვირი წყლის ზემოთ ავარდა. გავიდა ზუსტად წუთნახევარი და „პორტუგალი“ ფსკერისკნ დაეშვა. დაიღუპა 113 ადამიანი“.
მიხეილ დადიანი თავის მოგონებებში, რომელიც ვაშინგტონშია დაწერილი, სხვა ამბებთან ერთად, დაწვრილებით აღწერს წყალქვეშა ნავებს, რომლებსაც საქართველოში შემოჰქონდათ იარაღი. „საქართველოში პირველი წყალქვეშა ნავით გერმანელებთან ერთად ჩამოვიდნენ მიხაკო წერეთელი და მელიტონ ოსმან ბერი ქარცივაძე, რომელიც სტამბულში ცხოვრობდა. მეორე წყალქვეშა ნავის ექსპედიცია მარცხით დასრულდა, ვინაიდან ზღვა არ იყო კარგი. წყალქვეშა ნავი, რომელიც სინათლის შუქზე იმავე ადგილას უნდა მისულიყო, სადაც პირველი წყალქვეშა ნავი მივიდა, გზას ასცდა და სხვა სინათლისკენ გაეშურა, რაც რუსული პოსტის სინათლე გამოდგა. წყალქვეშა ნავიდან გადმოვიდა ორი ქართველი და ორი გერმანელი, ერთ-ერთი ქართველი, გიორგი მაჩაბელი, შემდეგში ცნობილი ქართველი პარფიუმერი ამერიკაში, რუსებს ხელიდან გაუსხლტა. მეორე ქართველი, ორ გერმანელთან ერთად, გაასამართლეს. გერმანელებმა ქართველების დასაცავად ბრალდება თავის თავზე აიღეს — ორივე გერმანელი ბათუმში ჩამოახრჩვეს. წყალქვეშა ნავმა, რამდენიმე დღე იხეტიალა ზღვაში — ეს იყო ის გერმანული წყალქვეშა ნავი, რომელმაც დაღუპა სანიტარული გემი „პორტუგალი“, რომელიც პარალელურად იარაღით იყო დატვირთული. წყალქვეშა ნავს გაუფრთხილებია გემის კაპიტანი, უკან დაბრუნებულიყვნენ, თორემ ჩაგძირავთო, რადგან ვიცით, რომ გემი იარაღით არის დატვირთულიო. გენერალ გოლუბოვს, რომელიც ბათუმის სამხედრო ოლქის უფროსი იყო, გემის კაპიტანისთვის უბრძანებია, გზა გააგრძელეთო. რიზესთან, წყალქვეშა ნავმა მართლაც ჩაძირა „პორტუგალი.“
1916 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ იუწყებოდა: „დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ „პორტუგალზე“ დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადის მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა.
ნათესავები ამბობენ, რომ უიღბლო სიყვარულის გამო წავიდა ომში მშვენიერი და სევდიანი ანეტა. ომის დროს თბილისის მოწყალების დების კურსები დაამთავრა და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მსახური. მერე ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრა, ნახევარი წელი ჭოროხის რაზმში, უმძიმეს პირობებში მუშაობდა და წერდნენ, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბოლოს რუსულ-ფრანგულ გემზე „პორტუგალზე“ ავიდა. მისი ძმები კი ოსმალეთის ფრონტზე იბრძოდნენ. ვინ, სად და რისთვის იბრძოდა ეს კი არ არის მთავარი, როგორც რევაზ გაბაშვილი წერს, მთავარი მათი სულისკვეთებაა: „თუნდაც ცუდად გაგებული სამშობლოს იდეისთვის თავგანწირვა“.
მან, ვინც უკანასკნელად დაინახა ანეტა, ასეთი სურათი აღწერა: „ტალღებმა რამდენჯერმე გადაუარეს გემს, ყველანი სასოწარკვეთილნი დარბოდნენ, ეს დიდი ხომალდი ფსკერისკენ წავიდა. ანეტამ თავისი მაშველი რგოლი უცნობ ბავშვიან ქალს მისცა. თითქოს ქარიშხალი ამოვარდნილიყო...“ ანეტა ბოლოს შემაღლებულზე, ანძასთან დაუნახავთ, ორივე ხელით მოუხსნია მოწყალების დის თავსაბურავი და ცისკენ აუხედავს, „სველი ქარი უწეწავდა მშვენიერ თმებს...“ ანეტას სხეული დიდხანს ვერ იპოვეს, 20 დღის შემდეგ კი ზღვამ გამორიყა სამშობლოსგან შორს სანაპიროზე. ბერძენ ბერებს უპოვიათ, წესი აუგიათ და დაუკრძალავთ. ის 24 წლის იყო.
მოამზადა ლალი ჯელაძემ
|