2015-04-30 სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის ანა ფირცხალაიშვილი
25 აპრილს, თბილისის N131 საჯარო სკოლაში, გაიმართა კონფერენცია თემაზე — „თანამედროვე მიდგომების გამოყენება; ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის“. კონფერენცია გახსნა სკოლის დირექტორმა ხათუნა ენუქიძემ. პირველი მომხსენებელი კი დირექტორის მოადგილე მეგი როსტიაშვილი-წიკლაური იყო, რომელმაც წარმატებული სკოლის მახასიათებლების შესახებ ისაუბრა.
კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მასში ქალაქის NN106, 49, 139, 94, 28, 216, ნორიოს საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლების — „ფესვები“, „ივერია“, „ინტელექტი XXI“ პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები, აგრეთვე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, განათლების აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტი, მასწავლებელთა სახლის ინკლუზიური სწავლების კორდინატორი და პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე სულ 15 მოხსენება წაიკითხეს ამავე სკოლის სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა, გამონაკლისი მხოლოდ 49-ე სკოლა იყო, რომლის დირექტორმა, ეკა ცაავამ „უსაფრთხო სკოლის“ შესახებ ისაუბრა. ამჯერად ორ თემას შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, პრობლემატურობითა და აქტუალობის თვალსაზრისით, ორივე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
წიგნიერების კვლევა
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში იძენენ, კითხვის უნარია. მოსწავლე ჯერ სწავლობს კითხვას და მერე კითხულობს. იმისათვის, რომ ისწავლოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებასა და წიგნიერების ხელშეწყობას. სხვა მრავალი უნარისაგან განსხვავებით, კითხვის უნარი თავისით კი არ ვითარდება, არამედ მიზანმიმართული სწავლის შედეგად ყალიბდება. კითხვის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია ბავშვებისათვის. კითხვის დროულად სწავლება და კითხვაში გაწაფვა არა მხოლოდ პიროვნების, არამედ საზოგადოების კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ქართული საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევად კვლავ რჩება წიგნიერების დონის ამაღლების საკითხი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა შორის. არადამაკმაყოფილებელი სტატისტიკის განმსაზღვრელ მიზეზებად ექსპერტები სხვადასხვა პრობლემებს ასახელებენ. 131-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგეგებმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა თემაზე — „წიგნიერება“. კვლევის მოტივი იყო დირექტორის მოადგილის, მეგი როსტიაშვილის მიერ ჩატარებული ტრენინგი თემაზე „საგნობრივი სტანდარტის განხილვა, მასზე დაყრდნობით გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასების კრიტერიუმების შედგენა, შემუშავება“. ტრენინგს ესწრებოდა როგორც დაწყებითი, ასევე ქართულის კათედრის ყველა წევრი. ტრენინგის მსვლელობისას გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები ქართული ენის სწავლებაში, რაც გამოვლინდა პედაგოგების დაკვირვების შედეგად, კერძოდ, დაწყებითი კლასებიდან მომდევნო საფეხურზე გადასულ მოსწავლეებს უჭირთ კითხვა.
კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა წიგნიერების პროცენტული მაჩვენებელი, მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეები, ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები.
შევადგინეთ კვლევის გეგმა, სადაც დეტალურად გავწერეთ მომდევნო ნაბიჯები. ეს იყო კითხვარი მშობლებისთვის, ბავშვებისთვის, ტესტები, ტრენინგი, ანალიზი. კათედრის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო კითხვარების და ტესტების შედგენის პროცესი. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით თითოეული კითხვის ჩამოყალიბებას და ფორმირებას. გვსურდა ყველა მოსწავლეს შეძლებოდა ტესტზე დამოუკიდებლად მუშაობა. ვიხსენებდით მათ უნარებს და შესაძლებლობებს. ვფიქრობ, ვიყავით ობიექტურები და სამართლიანები.
კითხვარები მოიცავდა როგორც მხატვრულ, ასევე საინფორმაციო ხასიათის მასალას. პრინციპი იყო შემდეგნაირი: ტესტი დაიყო 4 ნაწილად:
1. გადახედვითი კითხვა. მოიცავდა 5 საკითხს. მათი კითხვები იყო: რა? სად? როდის? სულ 5 ქულა. დრო — 6 წუთი.
2. ძიებითი-დეტალური. არჩევითპასუხიანი კითხვები — „კი“ ან „არა“. 8 საკითხი. 8 ქულა. დრო — 8 წუთი.
3. გლობალური კითხვა. ტექსტზე ორიენტირებული კითხვები. 6 საკითხი. 10 ქულა. დრო — 20 წუთი.
4. შესწავლითი კითხვა. ტექსტის ანალიზი. გრამატიკული ნაწილი. 3 საკითხი. 8 ქულა. დრო — 25 წუთი.
ტესტი იყო რელევანტური. შერჩეული იყო ამ ასაკისთვის შესაფერისი, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით რეკომენდებული თემატიკა და განსაზღვრული იყო წასაკითხი ტექსტის დასაშვები მოცულობა.
მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში არ ხდება ქულებით შეფასება, ამიტომ შევიმუშავეთ შეფასების სქემა, რაც დაგროვილი ქულების განსაზღვრაში დაგვეხმარებოდა. 9-10 ქულა — მაღალი შეფასება, 7-8 ქულა — საშუალო, 4-5-6 ქულა — დაბალი.
როგორც მოგახსენეთ, შევადგინეთ კითხვარი მშობლებისათვის. რა თქმა უნდა, ამით ვერ დავადგენდით მათ სიღრმისეულ ცოდნას, თუმცა ზედაპირულად გავეცნობოდით მათ დამოკიდებულებებს. სახლი ის გარემოა, სადაც ბავშვი პირველად ეხება წერა-კითხვას. მას პირდაპირ თუ ირიბად გადაეცემა იმ გარემოში არსებული დამოკიდებულებები და ფასეულობები, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რის სწავლას მიიჩნევს ბავშვი საჭიროდ. ოჯახური გარემო გაცილებით მეტ კავშირშია ბავშვის აკადემიურ მიღწევებთან სკოლაში, რადგან დედა პირველი მასწავლებელია ბავშვისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ კვლევა მშობლებიდან დაგვეწყო. შედეგი იყო სავალალო. ერთმანეთისგან იწერდნენ პასუხებს, უჭირდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, ვერ ერკვეოდნენ ტერმინოლოგიაში. გამოიკვეთა სამი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი:
1. ოჯახის სოციალური მდგომარეობა — როდესაც მშობლები (დედა) მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად თავის თავზე იღებს ოჯახის მარჩენლის ფუნქციას. შესაბამისად, სამუშაოს გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ იქნება მაგალითის მიმცემი შვილებისათვის.
2. არშემდგარი ოჯახის შვილები — როდესაც დედა პირადი ცხოვრების მოწესრიგებას ცდილობს. ამ შემთხვევაში, ვერ ახერხებს შვილების წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვას.
3. ნაადრევად შექმნილი ოჯახები — როდესაც დედა თავად ვერ ახერხებს შესაბამისი სწავლა-განათლების მიღებას, რაც განაპირობებს მისი წიგნიერების დაბალ დონეს. მისთვის არ არის პრიორიტეტული განათლება, რაც აისახება ბავშვის განვითარებასა და მისწრაფებებზე.
მოსწავლეებში ტესტირება მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. სამიზნე ჯგუფი იყო ჳჳ-ჳვ კლასი, სულ 180 მოსწავლე. შედეგები არასახარბიელო იყო. მაღალი შეფასება მიიღო 46%-მა, საშუალო შეფასება — 34%-მა, დაბალი შეფასება — 20%-მა. შედეგების განხილვისა და ანალიზის შემდეგ აუცილებელი იყო სათანადო ნაბიჯების გადადგმა. საკითხის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებდა, რათა აგვემაღლებინა მოსწავლეთა მოტივაცია. ბავშვები მეტად დაინტერესდებოდნენ თამაშის ფორმით მიცემული დავალებებით და სახალისო აქტივობებით. შევიმუშავეთ რეკომენდაციები როგორც მშობლებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.
კვლევის დასრულების შემდეგ შევხვდით მშობლებს. მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაა მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მათ თავიანთი შვილების განათლებაში. გააცნონ ის აქტივობები, რომელიც შეიძლება თავად განახორციელონ სახლში შვილებთან ერთად. მაგალითად: ბავშვს დაევალოს ჩაატაროს ოჯახური გამოკითხვა საყვარელ საკვებზე, მცენარეებზე, ცხოველებზე, ან შექმნან ოჯახის გენეალოგიური ხე. მშობელი აქტიურად უნდა დაეხმაროს დავალების შესრულებაში. ერთად წაიკითხონ ბავშვისთვის საყვარელი ზღაპარი, განიხილონ შინაარსი, ისაუბრონ დადებით და უარყოფით პერსონაჟებზე. ხშირად მოაწყონ ოჯახური ექსკურსიები მედიათეკასა და წიგნის მაღაზიებში. მასწავლებელმა გაცილებით კარგ შედეგს შეიძლება მიაღწიოს მაშინ, როდესაც საკლასო ოთახში გადაცემული იდეები და ცოდნა გარკვეული ფორმით სახლშიც განმტკიცდება მშობლის მიერ.
კითხვის უნარის განვითარების ხუთი სტადია არსებობს. აუცილებელია მასწავლებელი ფლობდეს ინფორმაციას რისი გაკეთებაა საჭირო თითოეულ სტადიაზე, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კითხვის ტექნიკის განვითარებას.
1. კითხვის წინა პერიოდი
ამ ეტაპზე მასწავლებლის პასუხისმგებლობაა წაახალისოს მოსწავლეები, შეუქმნას საყურადღებო და სახალისო აქტივობები. სწავლება ფოკუსირებულია ზეპირი გამოხატვის ფორმებზე, ესენია: ზღაპრის მოყოლა, ხატვა, ნახატის დასათაურება და აღწერა.
2. კითხვის დაწყება
ამ ეტაპზე მოსწავლემ უნდა შეიძინოს ანბანის ასოების ამოცნობის უნარი. აქტივობები: „სიტყვებზე ნადირობა“, მოდელირება, მოსმენა და კითხვა.
3. კითხვის დახვეწა
აქტივობები: ნიშნები, სიახლეები, კროსვორდები.
4. კითხვის უნარის განვითარება და კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივება
აქტივობები: „სიტყვების არქეოლოგია“, ზღაპრის თხრობა, წიგნების განხილვა.
5. კითხვის უნარის გაძლიერება და დახვეწა
აქტივობები: სამაგიდო თამაშის შექმნა, დისკუსიის გამართვა, საკუთარი ნაწერების წაკითხვა და განხილვა.
ამ რეკომენდაციებს გავწერთ და გავითვალისწინებთ მომდევნო სასწავლო წლის სამუშაო გეგმის შედგენისას.
მინდა მოგახსენოთ, რომ კვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული დაწყებითი კლასების ყველა პედაგოგი, ფსიქოლოგი, გვეხმარებოდნენ სპეცმასწავლებლები. კვლევას კოორდინირებას უწევდნენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი ხათუნა ენუქიძე და დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მეგი როსტიაშვილი-წიკლაური, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ მათ თანადგომისა და ხელშეწყობითვის.
კვლევა ხანგრძლივი პროცესია და ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო ეტაპზე დავადგენთ, რამდენად დაგვეხმარა ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები პრობლემის გამოსწორებაში. ამ ეტაპისთვის თვალსაჩინო გახდა, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ძალზე ეფექტურია.
|