2015-05-14 გაუწოდეთ ბავშვს ხელი და არა ფული ლალი ჯელაძე
სამი წლის წინ, საქართველოში, ქუჩაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა პროგრამა, რომლის მიზანი ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის სახელმწიფო მექანიზმებისა და სერვისების შემუშავება და ამოქმედება იყო. პროექტისთვის ევროკავშირმა 750 ათასი ევრო გაიღო, ხოლო იუნისეფმა — 75 ათასი. პროექტის დასაწყისი — 2012 წლის აგვისტო, ხოლო დასასრული 2015 წლის მაისია. „ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, განსაკუთრებით ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე“ — ამ ინიციატივის ძირითადი ამოცანა ბავშვების ჰარმონიული განვითარება და სოციალური ინტეგრაციაა.
პროექტს ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან, თბილისის და ქუთაისის მერიებთან თანამშრომლობით.
რა გაკეთდა პროგრამის ფარგლებში ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის და რამდენად ეფექტურია ასეთი ტიპის პროგრამის ამოქმედება — ამის გასაცნობად პროექტის ორგანიზატორებისა და მათში ჩართული უწყებების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა მედიის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ამ ბავშვების ბედი აღელვებს.
ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა მომსახურებები და მექანიზმები, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს გამოავლენენ და დაუყონებლივ დახმარებას და დაცვას შესთავაზებენ. ბავშვებს სათანადო, მათზე ინდივიდუალურად მორგებულ მომსახურებებს აწვდიან არასამთავრობო ორგანიზაციები: კარიტას საქართველო, ვორლდ ვიჟენი, ბავშვი და გარემო.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის შემუშავდა მობილური ჯგუფების, დღის/კრიზისული ინტერვენციისა და ტრანზიტული სერვისების კონცეფცია.
მობილურ ჯგუფებში შედიან: სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგი, თანატოლ-განმანათლებელი და ადამინისტრაციული მუშაკი/ მძღოლი. ჯგუფი პირველ კონტაქტს ბავშვებთან ქუჩაში ამყარებს, უზრუნველყოფს მათ გადაუდებელ საჭიროებებს და მუშაობს მათი დღის/კრიზისული იენტერვენციის ცენტრებში მიმართვის მიზნით. დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრები ღია ტიპის მომსახურებაა, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ძირითადი მოთხოვნების (საკვებზე, ჰიგიენაზე და სხვ.) დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს და სთავაზობს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების შემუშავებისა და არაფორმალური განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ბავშვების რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია; საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ბავშვებს ცენტრი ასევე სთავაზობს ღამის თავშესაფარს. ტრანზიტული ცენტრი წარმოადგენს 24-საათიან მომსახურებას, (მაქსიმუმ, ერთი წლის განმავლობაში), რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას, შესაძლებლობების ინტენსიურ განვითარებას და მათ უფრო ხანგრძლივი დროით მინდობით აღზრდაში ან მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში განთავსებისთვის ამზადებს. გარკვეულ შემთხვევაში, როდესაც ბიოლოგიურ ოჯახს შეუძლია ბავშვი უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოს, ხდება რეინტეგრაციის პროცესის აქტიური ხელშეწყობა.
აღნიშნული სერვისების კონცეფციის გადასინჯვა და შესწორება მუშაობის შედეგად მიღებული პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ხდება.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი მომსახურებები: 2013 წლის აგვისტოდან თბილისში ფუნქციონირებს 3 მობილური ჯგუფი; 2015 წლის აპრილიდან ქუთაისში ამოქმედდა ერთი მობილური ჯგუფი; 2014 წლიდან, თბილისში, 3 დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრი მოქმედებს, რასაც წელს კიდევ ორი დაემატა — თბილისსა და ქუთაისში; ტრანზიტული ცენტრი ფუნქციონირებს თბილისსა და რუსთავში. აღნიშნული მომსახურებებისთვის შემუშავდა მოსამზადებელი პროგრამა და კურიკულუმი, მომზადდნენ სპეციალისტები: 15 მობილური ჯგუფის წევრი, დღის/კრიზისული და ტრანზიტული ინტერვენციის ცენტრების ადმინისტრაციული მუშაკები და აღმზრდელები — დაახლოებით 150 პირი; 200 პოლიციელი — თბილისში და 50 — ქუთაისში.
დაარსდა ჯანდაცვისა და სოციალური ფონდი, რომელიც დაფარავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებების ხარჯებს. ამის გარდა, ფონდმა შეიძლება ერთჯერადი დახმარება გაუწიოს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დაბრუნებას ბიოლოგიურ ოჯახებში. ფონდის მომსახურებით უკვე 110-მა ბავშვმა და, შესაბამისად, მათმა ოჯახებმა ისარგებლეს.
2014 წლის გაზაფხულზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს იურიდიულ ხარვეზებს, რაც ზღუდავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებებს, ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით — განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის. სამუშაო ჯგუფმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქტიური მონაწილეობით შეიმუშავა რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს დროებითი პირადობის მოწმობების გაცემას აღნიშნული ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის სხვა მომსახურებებით სარგებლობა. რეკომენდაციები პარლამენტს 2015 წლის ბოლომდე წარედგინება.
დღეისთვის პროგრამა უკვე დაეხმარა 400-ზე მეტ ბავშვსა და მათ ოჯახებს თბილისსა და ქუთაისში. მათგან 158 ბავშვი დღის/კრიზისულ და ტრანზიტულ მომსახურებაშია ჩარიცხული; გადაუდებელ მინდობით აღზრდაში 10 ბავშვი განთავსდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში კი — 6; დოკუმენტაცია მოუწესრიგდა 40 ბავშვს, 26-ის სკოლაში ინტეგრირება განხორციელდა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში 36 ოჯახი ჩაერთო, სხვა ქვეპროგრამებში კი 34 ბავშვი გადამისამართდა. 110-მა ბაშვმა ჯანდაცვისა და სოციალური ფონდის დახმარება მიიღო — ასეთია სურათი, რომელიც პროექტის განხორციელების შედეგად მივიღეთ. თუმცა, თითოეული მომსახურების უკან, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა ჩადებული მობილური ჯგუფებისა თუ სოციალური მუშაკების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში შედეგიანი, მაგრამ ხშირად უშედეგოც. ორწლიანი მუშაობის შედეგების გაცნობა ყველაზე საინტერესო სწორედ იმ ნაწილში იყო, რომელიც პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს დაეთმო. „მომსახურებები ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის“ თავისი წარმატებებითა და პრობლემებით — ეს თემა შოთა ზურაბიშვილმა მობილური ჯგუფის წევრმა, და სოცმუშაკებმა: ანა ჯველაურმა და ნინო დანელიამ საკუთარი ბენეფიციარების ქეისების განხილვით წარმოადგინეს.
მათ მიერ განხილული სამი შემთხვევიდან ერთი უშედეგოდ, უფრო სწორად, მძიმე შედეგით დასრულდა. გოგონა, რომელიც მომსახურების პროგრამაში ჩაერთო ორ თვეში 18 წლის ხდებოდა. ძალიან დიდი ძალისხმევის და მუშაობის მიუხედავად, არაფერი გამოვიდა, რადგან ის რამდენიმეჯერ გაქცევის მცდელობის შემდეგ სამართალდამცველთა ხელში აღმოჩნდა. მეტად გაუმართლა 8 წლის გიორგის, რომელიც აცხადებს — „მე აღარ ვითხოვ მოწყალებას ქუჩაში“, რადგან ის მინდობით აღზრდაში იმყოფება ქალაქ ბოლნისში და, თანატოლების მსგავსად, სკოლაში სწავლობს და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს. მეტიც, თავს იმდენად კარგად გრძნობს მინდობით ოჯახში, რომ სურვილი გამოთქვა, ბიოლოგიურმა დედამაც მათთან იცხოვროს, მინდობითი ოჯახი დათანხმდა. მესამე შემთხვევა 13 წლის გოგონას ცხოვრებას გვაცნობს, რომელიც ქუჩას გამოსტაცეს და ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნეს. თუმცა, მას პრობლემები სკოლაში მისვლის გამო შეექმნა, რადგან არც ერთ სკოლას არ სურდა მისი მიღება. საბოლოოდ 72-ე სკოლამ მიიღო. და მაინც, რა პრობლემები და გამოწვევები დგას ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან მუშაობის პროცესში?
პრობლემები მეორდება: პირველ რიგში, მათი ნდობის მოპოვებაა რთული, შემდეგ ყველაზე თვალში საცემი მათი ასოციალური ქცევაა, რაც ძირითადად, ყველას ახასიათებს; ინტელექტალური ჩამორჩენა — რადგან ისინი სკოლას მოწყვეტილები არიან, უჭირთ ურთიერთობა, არ იციან დროის სწორად მართვა, არ აქვთ ჩამოყალიბებული უნარები, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ, ახასიათებთ არასტაბილურობა და ა.შ. გარდა მათი პიროვნული პრობლემებისა, სოციალურ მუშაკებსა და მობილურ ჯგუფებს უწევთ, ასევე, მათგან დამოუკიდებელი საკითხების მოგვარება სხვადასხვა უწყებებთან. ერთ-ერთი მაგალითი გახლდათ სკოლაში ბენეფიციარის მიყვანა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც ერთ სკოლას არ სურდა. კითხვაზე — კონკრეტული შემთხვევის დროს ეცნობა თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს? — შოთა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროსთვის არ მიუმართავთ, რადგანაც, საბოლოოდ, აღმოაჩინეს სკოლა, რომელიც 13 წლის გოგონას მიიღებდა. გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი მელიქაძის განცხადებით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებს „ჯერ მხოლოდ შევეხეთ, გავმართეთ მექანიზმი და ახლა საჭიროა მისი ამუშავება“. გამოწვევები და პრობლემები კი, როგორც ჩანს უხილავის მიღმაც უხვადაა. თუმცა, რასაკვირველია, პროგრამის ამუშავების შემდეგ, გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა ყველაზე დაუცველ ბავშვებს, მანამდე კი, როგორც ქალბატონი ქეთი ამბობს: „ბავშვთა დაცვის რეფორმის ფოკუსში, ძირითადად, ის ბავშვები იყვნენ, რომლებიც დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ცხოვრობდნენ. პრობლემა, თავისთავად, ძალიან რთული და მძიმეა — ბავშვები ქუჩაში ცუდმა ცხოვრებამ გამოიყვანა და მოწყალებას, რასაკვირველია, იმის გამო ითხოვენ, რომ მათ ოჯახებს ძალიან უჭირთ, ვერ უზრუნველყოფენ მათ ნორმალურ ცხოვრებას ან ოჯახში ძალადობაა და ა.შ.
მომსახურებები, რომელიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, მიზნად ისახავს ქუჩაში მოხვედრილი ბავშვების ქუჩიდან ნელ-ნელა გამოყვანას. ეს, ბუნებრივია, მარტივად და იოლად ვერ მოხდება, რადგან, როგორც გითხარით, ისინი ბევრმა ფაქტორმა აიძულა მოწყალება ითხოვონ. თუცმა, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, შეიქმნა სისტემა, რომელმაც შეძლო დაინახოს ასეთი ბავშვები, გამოავლინოს მათი საჭიროებები და შესთავაზოს მომსახურებები, რაც მთავარია, ჩვენ დაგვანახოს გზა, როგორ გამოვიყვანოთ ქუჩიდან, დავაბრუნოთ ბიოლოგიურ ოჯახში ან გადავიყვანოთ მინდობით ოჯახებში — ყველამ ვიცით, რომ ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდა საუკეთესოა მისი მომავლისთვის, გარდა ამისა, ქვეყანას აქვს ვალდებულება, დაიცვას მისი უფლებები.“
ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს შორის ყველაზე მეტი ბოშაა. მართალია, ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, შეიძლება ითქვას, არ არსებობს, მაგრამ ეს, უბრალოდ, თვალშისაცემია. როგორ მუშაობს პროგრამა ყველაზე მოწყვლად ჯგუფთან? „ყველა ბავშვი თანაბარია და ასე ვერ გამოვყოფ ცალკე ბოშა ბავშვებს,“ — ამბობს ქეთი მელიქაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ: „საქართველოში ბოშა ბავშვები ერთ-ერთი იზოლირებული და გამიჯნული თემაა. მათი მომთაბარე ცხოვრება, გარკვეული პასუხია იმ პირობებზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მეტი დაფიქრება გვმართებს, თუმცა, პროგრამა ისეა შედგენილი, რომ თითოეული ბავშვის საჭიროებებს ითვალისწინებს — კულტურულ მიკუთვნებას, უკიდურეს სიღარიბეს თუ ძალადობრივ პრობლემებს, ანუ ვცდილობთ, ბავშვს ინდივიდუალურად მოვარგოთ საჭიროებები, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ გეტყვით, რომ ეს მომსახურებები საკმარისი არ არის, კიდევ მეტი და მრავალფეროვანი გვინდა რომ იყოს. ბოშა ბავშვები კი სწორედ იმ მრავალფეროვნების ნაწილია, რომელიც შემდეგ ინდივიდუალური მიდგომით თითოეულის პრობლემას აგვარებს.“
ჩვენ ვსაუბრობთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე, თუმცა, არ ვიცით მათი რაოდენობა. სტატისტიკის არარსებობა იმით აიხსნება, რომ მსგავსი კვლევა ფინანსებს უკავშირდება. „ჩვენ გვაქვს 2008 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში, დაახლოებით, 1050 ბავშვია ქუჩაში. იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც პროგრამის ფარგლებში გვქონდა, უნდა აგვერჩია, რაში დაგვეხარჯა ფული — ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენაში თუ მომსახურებებისთვის — მათთვის სერვისების შეთავაზებაში. სტატისტიკური კვლევა ძალიან ძვირადღირებული პროცესია. ობიექტურად ძვირადღირებულია. მოგეხსენებათ, რომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ძალიან მობილური ჯგუფია და ხშირად გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე — ქალაქიდან ქალაქშიც კი. ამიტომ მათი რიცხვის დასადგენად, ერთდროულად, ბევრი მობილური ჯგუფი უნდა გავიდეს და აღწერონ ისინი. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ — გადავწყვიტეთ, ისინი მობილურმა სამსახურებმა გამოავლინონ და რეალურად დროში გაწელილი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ზუსტი სტატისტიკა გვექნება. მობილურმა ჯგუფებმა, დღეის მონაცემებით, ჯერ 600-მდე ბავშვი მოიცვეს, მაგრამ, მთავარია, ვიცით პრობლემების ტიპები და საჭიროებები, ვიცით რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა.“
მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, მაგრამ ოჯახების გასაძლიერებლად ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. „მნიშვნელოვანია, რომ განხორციელებულ პროექტს სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს. შესაბამისად, ბავშვები, რომლებსაც უკვე მოვემსახურეთ, სერვისებით სარგებლობას გააგრძელებენ.“ — აღნიშნავს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე, დიანა დურიჩი.
გაუწოდეთ ბავშვს ხელი და არა ფული — ეს ფრაზა შეხვედრის მთავარ გზავნილად იქცა. თუ ხედავთ, რომ ბავშვი ქუჩაში უმეთვალყურეოდ არის, მათხოვრობს და ვაჭრობს მარტო, ან ზრდასრულ პირთან, დღისით ან ღამით სძინავს ქუჩაში, არის სასკოლო ასაკის, მაგრამ მას ხშირად ხვდებით ქუჩაში დღის განმავლობაში, დარეკეთ და შეატყობინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე — 15-05. ეს მოწოდება სპეციალურად დამზადებული საინფორმაციო ფლაერით გაავრცელეს პროგრამის ორგანიზატორებმა, რათა ერთად ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რომ მათთვის სპეციალურად შექმნილი რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
პროექტის შემდეგი ნაბიჯები, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების გაძლიერებას ითვალისწინებს. „მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში შეიქმნას ძლიერი სოციალური და ბავშვის ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები, რომლებიც ბავშვის ქუჩაში გასვლის პრევენციას მოახდენს.“ — აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში. ამასთან ერთად კი, ძალიან მნიშვნელოვანია შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება და სოციალური ნორმები ყველაზე დაუცველი ბავშვების მიმართ, რათა საქართველოში ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული — მიუხედავად განსხვავებული ცხოვრების პირობებისა, ქუჩაში თუ მდიდრულ სახლში, ყველა ბავშვს ხომ თანაბარი უფლებები აქვს.
|