2015-05-28 მოთხრობითი ბრუნვის ფორმის სწავლების ასპექტები სომხურენოვან სკოლებში დოდო (ზამირა) კობიაშვილი
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.
ოზნის საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
ქართულის, როგორც მეორე ენის პრაქტიკოსი მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ, ზოგადად, არაქართველი მოსწავლეების მიერ ქართული ენის ათვისება უფრო შედეგიანია დაწყებით კლასებში, ვიდრე უფროსკლასელებში, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის — მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა უმცროსი ასაკის მოსწავლეებში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სმენითი და მხედველობითი მეხსიერების აქტიური განვითარება ამ ასაკში. არაქართულენოვანი, კერძოდ სომხურენოვანი, მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ რთულად დასაძლევ პრობლემას წარმოადგენს მოთხრობითი ბრუნვის ფორმის შეწყობა ზმნასთან და მისი სწორი გამოყენება ზეპირ მეტყველებაში. ამ ფორმის სწავლებისა და გაგების სირთულეს რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ მოთხრობითი ბრუნვა მხოლოდ იბერიულ ენებშია და ამ ფორმის აღქმა უჭირთ. მეორე, სომხურში, ქართულისგან განსხვავებით, სუბიექტიც და ობიექტიც ერთი და იმავე ფორმით ეწყობა ზმნას ყველა მწკრივში. ამიტომ მოსწავლეები ქართულის სუბიექტ-ობიექტის მიმართებას ზმნასთან მექანიკურად უკავშირებენ მშობლიური ენის ფორმებს — ცვლიან ზმნას,
აწმყო არამე კართუმე გირქ (არამი კითხულობს წიგნს)
უწყვეტელი არამე კართუმერ გირქ (არამი კითხულობდა წიგნს)
მყოფადი არამე კართალუე გირქ (არამი წაიკითხავს წიგნს)
წყვეტილი არამე კართაც გირქ (არამმა წაიკითხა წიგნი)
მე-2 კავშირებითი არამე პიტი კართა გირქ (არამმა უნდა წაიკითხოს წიგნი)სუბიექტისა და ობიექტის ფორმებს კი — არა. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მოვიყვანთ სომხური ზმნის მე-3 პირის ფორმათა უღლების მაგალითს ქართული ტრანსკრიფციით:
როგორც ვხედავთ, სომხურში სუბიექტისა და ობიექტის ფორმები უცვლელად მიჰყვება ზმნას. ასეა დანარჩენ მწკრივებშიც, თუ არ ჩავთვლით მცირე გამონაკლისებს, ე.წ. უწესო ზმნებს. სომხურის სუბიექტის ბრუნვის ფორმა (უღაკან) შეესატყვისება ქართულის სახელობითს, ობიექტისა (ჰაიცაკან) კი — აზრობრივად უახლოვდება ასევე ქართულის სახელობითი ბრუნვის ფორმას. ამას ემატება ისიც, რომ ქართულ მეტყველებაში ყველაზე ხმარებადი ბრუნვის ფორმა სახელობითია, ამიტომაც სომხურენოვანი მოსწავლეების მეტყველებაში ხშირია ასეთი წინადადებები: ბავშვი წერს წერილი, ბიჭი დაწერა წერილი და ა.შ.
როგორ ვასწავლოთ
როგორც აღვნიშნეთ, ენის ათვისება უფრო შედეგიანია უმცროსკლასელებში, ამიტომაც მოთხრობითი ბრუნვის ფორმის „სწავლება“ აქედან უნდა დავიწყოთ (რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ გრამატიკული ნორმების ახსნას). ამ ეტაპზე სწავლების მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოსწავლის ყური მიეჩვიოს ქართულ მეტყველებაში მოთხრობითი ბრუნვის ფორმის ჟღერადობას. აქედან გამომდინარე, აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსწავლის სმენით და მხედველობით მეხსიერებაზე. ანბანის სწავლების წინა პერიოდში და შემდეგ, გარკვეული ბგერების სწავლებისას, მოსწავლეებს შევთავაზოთ ისეთი წინადადებები, სადაც გამოყენებული იქნება მოთხრობითი ბრუნვის ფორმები, მაგ. ს-კ — საათმა დარეკა, ბებიამ სათვალე გაიკეთა, ყ-ჩ ბაყაყმა ისკუპა, ბებომ ჩაი დალია, ნ-წ — ნანამ გაკვეთილი ისწავლა, დათვმა დაიძინა, ქ-ხ — ქეთომ ქუდი იყიდა, მაიმუნმა ხეზე დაიძინა, შ-ტ — ეთერმა ტორტი გააკეთა, ჩიტმა ხეზე ბუდე გაიკეთა, მზიამ ბუშტი გაბერა, ფ-ღ — ლევანმა ფოთოლი დახატა, ძაღლმა დაიყეფა, კატამ გაიღვიძა, ც-ჭ — ციყვმა ფუღუროში დაიძინა, დათვმა თაფლი შეჭამა, ჭრიჭინა ჭრიჭინებს, პ-ჟ — არჩილმა თოვლის პაპა გააკეთა, ჟუჟუნამ პომიდორი იყიდა, ჟირაფმა ფოთოლი შეჭამა, ჯ-ჰ — ჯემალმა ჰამაკი მოიტანა, ჯარჯიმ ჯოხი იპოვა და სხვ. ამგვარად, მოსწავლეებს ყური „გაეხედნებათ“ არა მხოლოდ მოთხრობით, არამედ წყვეტილის ფორმებზეც, რასაც კიდევ უფრო განუმტკიცებთ მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები: რამ ისკუპა? ვინ დალია ჩაი? ვინ ისწავლა გაკვეთილი? რამ შეჭამა ფოთოლი? რამ მოიპარა პური? და ა.შ.
არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოები „პირველი ნაბიჯები“, აგებულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ექვსი „პერსონაჟის“ პრინციპით. სახელმძღვანელოს „გმირები“ არიან სამი გოგო და სამი ბიჭი — ია, მზია, ლია, რეზო, დათო და გია. როგორც ვხედავთ, ყველა მათგანის სახელი ხმოვანზე ბოლოვდება. ხმოვანფუძიან სახელთა თავისებურება კი, მოგეხსენებათ, არის ის, რომ მოთხრობითსა და ნათესაობითში (სხვა ბრუნვის ფორმებზე არ ვლაპარაკობთ, რადგან ისინი ნაკლებ აქტიურნი არიან მეტყველებაში) გამარტივებულ ბრუნვის ნიშნებს მოითხოვენ: მა-ს ნაცვლად — მ-ს და ის ნაცვლად — ს-ს. მართალია, მოსწავლეები ადვილად უღებენ ალღოს სწორ ფორმებს, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ თანხმოვანფუძიანი სახელების მქონე „პერსონაჟებიც“ (თამარი, ლევანი, მარიამი, მერაბი) იქნებიან აღნიშნულ სახელმძღვანელოებში, რადგან თანხმოვანფუძიანებში კარგადაა გარჩეული ბრუნვის ნიშნები.
„პირველ ნაბიჯებში“ უხვადაა მარტივი დიალოგები. ისინი ტექსტის გაგებაზე, ლექსიკაზე, მეტყველების განვითარებასა და ა.შ. არის ორიენტირებული. მაგალითად:
— გია, რა მაქვს ჯიბეში?
— ჯიბეში გაქვს ბურთი.
— არა, ის არის პატარა და გრძელი.
— კალამი.
— სწორია.
(„ქართული ენა 2“, გვ. 8)
ან კიდევ:
— მამიკო, ვინ არის ჩიპოლინო?
— ჩიპოლინო პატარა ხახვის ბიჭუნაა.
— სად ცხოვრობს ეს პატარა ხახვის ბიჭუნა?
— ზღაპრების ქვეყანაში.
— სად არის ეს ზღაპრების ქვეყანა?
— აი, ამ წიგნში.
(„ქართული ენა 2“, გვ. 65)
როგორც ვხედავთ, დიალოგები მხოლოდ კითხვა-პასუხზეა აგებული, არადა დიალოგები ძალიან კარგი საშუალებაა ისეთი მეტყველების ზმნების სასწავლად, როგორიცაა: უთხრა, ჰკითხა, თქვა, უპასუხა. გარდა იმისა, რომ ეს ზმნები მეტყველებაში ხშირად იხმარება, მათი ფორმა მოითხოვს მოთხრობით ბრუნვას. სამწუხაროდ, ეს რესურსი თითქმის არაა გამოყენებული „პირველ ნაბიჯებში“ (თუ არ ჩავთვლით მე-4 დონის სახელმძღვანელოს და მე-3 დონის ერთ-ორ მასალას), ამიტომ მათი სწავლება მასწავლებელმა უნდა იტვირთოს. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გავაგებინებთ ამ სიტყვების მნიშვნელობას, ვუთხრათ, რომ ჰკითხა-უთხრა-უპასუხა-თქვასთან ხმარებულ სახელებთან ყოველთვის საჭიროა მა, ან მ-ს დამატება, მაგალითად, მასწავლებელმა ჰკითხა, ლევანმა უპასუხა და ა.შ. (რა თქმა უნდა, ოთხივე ზმნას ერთბაშად ვერ მივაწვდით მოსწავლეებს). წავაკითხოთ მოსწავლეებს დიალოგები, ვამუშაოთ ლექსიკასა და გაგებაზე, დავუსვათ კითხვები: ვინ ჰკითხა? ვინ უპასუხა? ვინ უთხრა? ვინ თქვა? წავაკითხოთ თავიდან დიალოგები და ვთხოვოთ ფანქრით მიუწერონ ავტორის სიტყვები (ჰკითხა ლიამ, უპასუხა რეზომ და ა.შ.). ეს ფორმები მოსწავლეებს უნდა დავაზეპირებინოთ და სხვადასხვა აქტივობებით განვუმტკიცოთ — კითხვების დასმით, სწორია თუ არა (ლევანი უთხრა?) იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომები, ხშირად გავამეორებინოთ, შევადგენინოთ მარტივი დიალოგები აღნიშნული ზმნების გამოყენებით და ა. შ. დაზეპირება სწავლების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რადგან ერთხელ დაზეპირებულ ფორმებს მოსწავლეები შემდეგ ცოცხალ მეტყველებაში იყენებენ, მაგალითად, ჳვ-კლასელები ასე მეუბნებოდნენ: ჩვენ წადი სახლში, ჭამე და მერე მოდი. დაფაზე დავწერეთ: ჩვენ წავალთ სახლში, ვჭამთ და მოვალთ. მოსწავლეებმა დაიზეპირეს და შემდეგ უკვე ასე მესაუბრებოდნენ.ერთ დღეს კი ლარისა მეუბნება: ჩვენ ხვალ (შაბათი იყო) არ მოვალთ სკოლაში.
იმის მოლოდინი, რომ ამ გზით დაწყებით კლასებში მოთხრობითი ბრუნვის სწავლების პრობლემას გადავწყვეტთ, არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ შევქმნით კარგ საფუძველს იმ ეტაპისთვის, როცა მოსწავლეებს გააზრებულად შევთავაზებთ სუბიექტის ბრუნვის ფორმის სწავლებას გარდამავალი ზმნების წყვეტილის მწკრივთან. ეს ეტაპი კი შეიძლება მე-7 კლასიდან დავიწყოთ, რადგან ამ დროისთვის მოსწავლეებს ყურიც მიჩვეული აქვთ მოთხრობითი ბრუნვის ფორმებზე, ენაც გატეხილი აქვთ, იციან სახელთა ბრუნება და ზმნის დროისა და მწკრივების რამდენიმე ფორმა.
სწავლებას ვიწყებთ სუბიექტისა და ობიექტის რაობით. შევარჩევთ გარდამავალ ზმნებს, რადგან წყვეტილში სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია, თან გარდამავალ ზმნებში კარგად ჩანს სუბიექტის მოქმედება ობიექტზე, განსხვავებით გარდაუვალი ზმნებისგან: მამა აშენებს სახლს (მამა — სუბიექტი, სახლს — ობიექტი), ბავშვი ჭამს ნამცხვარს (ბავშვი — სუბიექტი, ნამცხვარს — ობიექტი) და ა.შ. ახალ ცოდნას რამდენიმე გაკვეთილზე ვამტკიცებთ სხვადასხვა აქტივობებით: დაფაზე ვწერთ წინადადებებს, ვპოულობთ სუბიექტსა და ობიექტს, სწორია, თუ არა, დამოუკიდებელი სამუშაო...
მე-2 ეტაპი უნდა იყოს ზმნის წარსული დროის, წყვეტილის, სწავლება (თუ ნასწავლი აქვთ, გავახსენოთ). ყურადღებას ვამახვილებთ, დამთავრდა თუ არა ზმნით აღნიშნული მოქმედება. ამისათვის დაფაზე ვწერთ წინადადებებს ზმნის ახლანდელი და წარსული დროის ფორმების, უწყვეტელისა და წყვეტილის, გამოყენებით ადარებთ ერთმანეთს: ლევანი ხატავს ცხენს, ლევანი მთელი დღე ხატავდა ცხენს, მაგრამ ვერ დაასრულა, ლევანმა უკვე დახატა ცხენი. კითხვების საშუალებით ვარკვევთ ზმნის დროებს, აგრეთვე რომელ წინადადებებში ჩანს, რომ არ დამთავრდა მოქმედება — ხატვა, რომელ წინადადებაში ჩანს, რომ ლევანი მორჩა ხატვას. სწორი პასუხების მიღების შემდეგ მოსწავლეებს ვუხსნით (ვახსენებთ): თუ ზმნა გამოხატავს წარსულ დროს და გვიჩვენებს, რომ მოქმედება არ დამთავრდა, ეს არის წარსული დაუმთავრებელი: თუ ზმნა გამოხატავს წარსულ დროს და გვიჩვენებს, რომ მოქმედება დამთავრდა, ეს არის წარსული დამთავრებული. ვამტკიცებთ ახალ ცოდნას. შემდეგ კი ვთხოვთ, თითოეულ წინადადებაში ისევ გაარკვიონ ზმნათა დროები, იპოვონ სუბიექტი და ობიექტი, შემდეგ კარგად დაუკვირდნენ ზმნებს და გვიპასუხონ, როდის არის სუბიექტი სახელობით ბრუნვაში და როდის — მოთხრობითში. თუ კარგი საფუძველი აქვთ, მოსწავლეები აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ სუბიექტი ახლანდელ დროსა და წარსულ დაუმთავრებელში სახელობით ბრუნვაშია, წარსულ დამთავრებულში კი — მოთხრობითში. სწორი პასუხი დავუდასტუროთ სათანადო ახსნა-განმარტებით და ვიმუშაოთ განმტკიცებაზე. გზადაგზა, განმტკიცების პროცესში, მოსწავლეები დაისწავლიან ახლანდელი დროის, წარსული დაუმთავრებელისა და დამთავრებულის გრამატიკულ ტერმინებსაც — აწმყოს, უწყვეტელსა და წყვეტილს. ამ მასალის ცოდნის განმტკიცება უნდა ხდებოდეს ხანგრძლივი დროის მანძილზე, განუწყვეტლად, რადგან, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საუკეთესო მოსწავლეებსაც კი მოსდით შეცდომები.
დამოუკიდებლად მუშაობის პროცესში მოსწავლეები აწყდებიან გარდაუვალ ზმნებს. თავიანთი ცოდნის შესაბამისად გადაყავთ რა ეს ზმნები წყვეტილში, ზმნას სუბიექტს უწყობენ მოთხრობითის ფორმით, მაგრამ ხვდებიან, რომ რაღაც ისე ვერ არის, რომ ზმნასთან შეწყობილი სუბიექტის ფორმა ვერ ჟღერს კარგად და სვამენ კითხვას: გათბა მან? დაწვა მან? იჯდა მან? კითხვა ლოგიკურია, მოსწავლეები აწყდებიან ვნებითი გვარის ზმნებს, რომელთაც სუბიექტი ყოველთვის სახელობითი ბრუნვის ფორმით ეწყობათ. ძალიან მარტივად ვუხსნით მათ, რომ ზმნა აწმყოს მე-3 პირში შეიძლება ბოლოვდებოდეს ს-ზე, ან ა-ზე. წყვეტილში სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია იმ ზმნებთან, რომლებსაც აწმყოს მე-3 პირში აქვთ ბოლოსართი ს. თუ ზმნა აწმყოს მე-3 პირში მთავრდება ა-თი, მაშინ სუბიექტი აწმყოშიცა და წყვეტილშიც სახელობით ბრუნვაში უნდა იყოს, მაგალითად, კატა თბება — კატა გათბა, ბიჭი ჯდება — ბიჭი დაჯდა, ძაღლი წვება — ძაღლი დაწვა და ა.შ.
არის ზმნათა ერთი ნაწილი, რომლებიც აწმყოს მე-3 პირში ბოლოვდებიან ს-ზე, მაგრამ წყვეტილში სუბიექტს სახელობითის ფორმით იწყობენ, ესენი არიან საშუალ-ვნებითი გვარის ზმნები: დგას ის — იდგა ის, წევს ის — იწვა ის, მიდის ის — წავიდა ის, მოვიდა ის — მოვა ის... ამ ტიპის ზმნებთან შეწყობილი სუბიექტის ფორმები მოსწავლეებს უნდა დავაზეპირებინოთ, როგორც გამონაკლისები. ასევე უნდა დავაზეპირებინოთ ვიცი ზნასთან შეწყობილი სუბიექტის ფორმები, რადგან ვიცი ზმნას აწმყოში სუბიექტი მოთხრობოთი ბრუნვის ფორმით ეწყობა (წყვეტილის ფორმას ვერ აწარმოებს), მაგალითად, არჩილმა იცის ხატვა.
ყოველივე, რაც ითქვა ზმნის წყვეტილის ფორმასთან სუბიექტის შეწყობასთან დაკავშირებით, ეხება მე-2 კავშირებითსაც, რადგან მოგეხსენებათ, მოთხრობითი ბრუნვა ზოგადად მეორე სერიის მწკრივებს ახასიათებთ.
გრამატიკული ნორმების დასწავლა სწორი მეტყველებისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია მისი გამყარება ასაკთან შესაბამისი საინტერესო ლიტერატურული მასალით, რადგანაც ლიტერატურა ვირტუალური სამყაროა და მოსწავლეს ენის ბუნებრივ „გარემოსთან“ აახლოებს, რაც ამეტყველების საუკეთესო საშუალებაა.
სომხურ ენაში გაწეული კონსულტაციისთვის მადლობას ვუხდით სოფელ ოზნის
საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელს ლუსინე მანუკიანს
|