2015-05-28 ინოვაციური საფეხური — სასკოლო მზაობის პროგრამის ხმაურიანი დასაწყისი ლალი ჯელაძე
პირველკლასელთა რეგისტრაცია 14 ივნისამდე გრძელდება და წელს სკოლაში ის ბავშვები მიიღებიან, ვისაც სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება 6 წელი — ამ ახალ რეგულაციას მშობელთა საყოველთაო მღელვარება მოჰყვა. ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა კობა სუბელიანმა მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე დაბადებულ პატარებს სწავლის დაწყების უფლება უნდა მიეცეთ, ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში ორი მოსმენით უყარეს კენჭი — პირველ მოსმენაზე მან დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა, მეორე კენჭისყრზე კი ჩავარდა. 27 მაისს, პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მესამე მოსმენა გაიმართება. თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას დაამტკიცებს, იმ 20 ათას ბავშვს, ვისაც 14 სექტემბრის შემდეგ, წლის ბოლომდე, უსრულდება 6 წელი, მიეცემა შანსი გახდეს პირველკლასელი. მოქმედი კანონით კი მათ, როგორც 5 წლის ასაკის ბავშვებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო მზაობის პროგრამის გავლას სთავაზობს. რა არის სასკოლო მზაობის პროგრამის მიზანი, როგორ მოხდება მისი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა რეალური შესაძლებლობები არსებობს ამისთვის და, ზოგადად, რა სიახლეები და გამოწვევებია სკოლამდელი განათლების სფეროში — ამ საკითხებზე,19 მაისს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, Frontline გeorgia-ში საინტერესო დისკუსია გაიმართა.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯოხაძემ სასკოლო მზაობის პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლზე ისაუბრა: „სკოლამდელი განათლების დეცენტრალიზების მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ამ სექტორის ძალიან სერიოზულ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდა. ეს თემა მხოლოდ დღეს არ წამოჭრილა და 2006-08 წლებიდან მოყოლებული აქტუალურია. ბევრი რესურსი შეიქმნა სკოლამდელი განათლების სფეროში. პროცესებში ჩართულები იყვნენ როგორც დარგობრივი ექსპერტები, განსაკუთრებით სასკოლო მზაობის მიმართულებით, ასევე განათლებისა და ბავშვთა ფსიქოლოგები და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ამ მიმართულებით მოღვაწეობენ — ისინი არაერთი პუბლიკაციის ავტორები არიან. სკოლამდელი განათლების ინსტიტუციონალიზაცია, ცენტრალურ დონეზე, 2012 წელს დაიწყო, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოფიციალურად გაჩნდა სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო, რომელსაც დებულებაში ყველა ის ფუნქცია ჩაეწერა, რასაც საქართველოს კანონმდებლობა სკოლამდელი განათლების მიმართულებით ითვალისწინებს. ადგილობრივი ხელისუფლება ამ სფეროს ექსკლუზიური მეპატრონეა რესურსების მიწოდებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქცია კი მეთოდოლოგიური მხარდაჭერაა — სასწავლო პროგრამები, შეფასების ინსტრუმენტები, აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროგრამები და ა.შ.
არაერთმა საერთაშორისო და ლოკალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც სასკოლო მზაობის პროგრამას გადიან ინსტიტუციებში ან კვალიფიციური აღმზრდელების დახმარებით, გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ დაწყებითი განათლების საფეხურზე, ვიდრე ის ბავშვები, ვინც ამ პროგრამების მიღმა იყვნენ დარჩენილი. ბევრი ფიქრის, დისკუსიის და მსჯელობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, კონცენტრირებულნი ვყოფილიყავით სასკოლო მზაობაზე (ბუნებრივია, მთლიანად სასკოლო განათლებაზე) და ინტენსიურად დაგვეწყო მუშაობა იმაზე, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა განათლების სისტემის სავალდებულო ნაწილი გამხდარიყო. ჯერჯერობით, სკოლამდელი განათლება არ არის სავალდებულო საფეხური, თუმცა ვისურვებდი, რომ სავალდებულო იყოს და ხარისხიანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობას რეალობა ჯერ არ იძლევა.“
რა გააკეთა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმისათვის, რომ სასკოლო მზაობას სავალდებულო სახე მიეცეს? როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, სასკოლო მზაობის გავლა ნამდვილად არ არის სპონტანურად მოფიქრებული სიახლე და დიდი ხანია, სამინისტრო ამაზე მუშაობს: „ჯერ კიდევ 2012-13 წლებში დავიწყეთ ფიქრი სასკოლო მზაობის პროგრამაზე, რომელსაც სავალდებულოდ გავხდიდით. პროგრამის დაწერა ყველაზე მარტივია იმ დანარჩენ ინტერვენციასთან შედარებით, რაც ამ სფეროში უნდა განახორციელოს სახელმწიფომ. უპირველესად, ეს არის ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობა. როგორც ვიცით, ბევრი ბავშვისთვის სკოლამდელი განათლება სწორედ სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო არ არის ხელმისაწვდომი. მეორე სერიოზული საკითხი, რაც უნდა გადავჭრათ, მასწავლებელთა კვალიფიკაციაა. არსებული კანონმდებლობით, ბაღებში გვყავს აღმზრდელები, თუმცა, ჩვენ სულ ვაყენებდით საკითხს, რომ ისინი არ უნდა იყვნენ მხოლოდ აღმზრდელები, არამედ — აღმზრდელ-პედაგოგები. რადგან სკოლამდელ დაწესებულებაში საგანმანათლებლო კომპონენტი უნდა შევიდეს და ის მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული ინსტიტუცია არ უნდა იყოს, უმჯობესია, ასწავლოს პედაგოგმა და არა აღმზრდელმა.
მომზადდა კანონპროექტი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, რომელიც ექსპერტიზისა და უკუკავშირის პროცედურებს გადის; შემუშავდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა; ასევე, მოვამზადეთ სკოლამდელი სწავლისა და განვითარების სტანდარტები, რომელიც უნივერსალურია და პუბლიკაცია ყველა საჯარო სკოლამდელი განათლების დაწესებულებას შევთავაზეთ. მომზადებული გვაქვს სასკოლო მზაობის დიდი პაკეტი, რომელზეც 2013-14 წლებში, იუნისეფთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტები მუშაობდნენ, მათ შორისაა სასკოლო მზაობის კონცეფციის დოკუმენტი, ანუ სასწავლო გეგმა და მასწავლებელთა გზამკვლევი. მზადაა სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც რამდენიმე ბლოკისგან შედგება — დაწყებული იმით, თუ რა კომპეტენციები უნდა განუვითაროს სასკოლო მზაობის პროგრამამ ბავშვს, დამთავრებული იმ მინიმალური რეკომენდებული რესურსების ჩამონათვალით, რომელიც სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, როდესაც ბავშვს პროგრამას შესთავაზებს. ზაფხულში იგეგმება ყველა იმ აღმზრდელ-პედაგოგის გადამზადება, რომლებიც ამ ჯგუფებში შევლენ — სატრენინგო მასალების დიდი პაკეტი საბოლოო რედაქტირების პროცესშია.
ჩვენი სურვილია, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა სავალდებულო გახდეს ყველა მუნიციპალიტეტისთვის და ყველა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროგრამაში და განივითაროს საჭირო უნარები, რათა ადვილად შეძლოს სკოლაში სწავლის გაგრძელება. ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტები ჩართულები იყვნენ სასკოლო მზაობის პროგრამის ვალიდიზაციაში, რათა სასკოლო მზაობის პროგრამისა და ეროვნული სასწავლო გეგმის ბმა იყოს რელევანტური და არანაირი შეფერხება არ გამოიწვიოს ბავშვის განვითარების მიმართულებით.“
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის შემუშავება 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და მის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონსულტანტები, შესაბამისად, გათვალისწინებულია საერთაშორისო გამოცდილება: „მთავარი კომპონენტები, რაც სასკოლო მზაობის პროგრამას პირველი კლასის პროგრამებისგან განასხვავებს, არის ის, რომ 5 წლის ასაკის ბავშვების პროგრამა დაფუძნებულია თამაშზე, აქტიურ სწავლაზე, კვლევაზე. ბავშვების დღის განრიგი და აქტივობები ნაკლებად ორგანიზებულია, ვიდრე სკოლაში. ბავშვის ასაკობრივი და განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი და სასკოლო მზაობის სააღმზრდელო-სასწავლო პროცესები ბავშვის საჭიროებებს და ინტერესებს მოვარგოთ. პროგრამა და მისი პრინციპები მთლიანად გაჯერებულია ბავშვის უფლებების პატივისცემით, მისი, როგორც პიროვნების, აღიარებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვებს შორის მეგობრული, არაკონფლიქტური ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათი ემოციური სიჯანსაღის ხელშეწყობა და ა.შ. რა თქმა უნდა, სასკოლო მზაობის პროგრამა გულისხმობს წიგნიერებისა და რაოდენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კლასიკურად აკადემიურ სფეროდ მოისაზრება. ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა სოციალურ-ემოციური, ზოგადად, სააზროვნო უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნება და ა.შ. ეს ის ძირითადი თანმდევი პრინციპებია, რომლებიც საფუძვლად უდევს სასკოლო მზაობის პროგრამას.“
2003 წლის მონაცემებით, საბავშვო ბაღებში ბავშვების მხოლოდ 23 პროცენტი დადიოდა, 2013 წელს მათი რიცხვი 58 პროცენტს გაუტოლდა. ზრდა იმ დიდი ძალისხმევის შედეგია, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი ამ მიმართულებით ახორციელებდა. როგორც იუნისეფის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ყუფარაძემ აღნიშნა: „2006 წელს, სკოლამდელი განათლების სისტემაში, დავიწყეთ თემზე ორიენტირებული მუშაობა. ეს ის პერიოდია, როცა ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სკოლამდელი განათლება ინტერესმოკლებული ან გაიგივებულია მხოლოდ სოციალურ საქმიანობასთან — იქ ბავშვებს მხოლოდ კვებავენ ან აძინებენ. სკოლამდელი დანიშნულება კი ბავშვის განვითარებაა. ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვის წარმატებული ქცევისა და სწავლის საწინდარია სკოლაში და მთელ შემდგომ ცხოვრებაში.
წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საბავშვო ბაღის გამგეებთან, მასწავლებლებთან. პრაქტიკულად, ეს საკმაოდ დაფინანსებული სექტორია, მაგრამ არ არსებობს არავითარი სტანდარტი, რომელიც ეტყვის თვითმმართველობას, როგორ უნდა მართოს და რა არის ხარისხი, რომელსაც სკოლამდელ განათლებაში მოვითხოვთ; რა არის ის კომპეტენცია და კვალიფიკაცია, რომლითაც აღმზრდელმა უნდა ისწავლოს და კიდევ სხვ. არ არსებობდა ბავშვის განვითარების სტანდარტები, პროგრამები. რეალურად დიდ გამოწვევას დავუპირისპირდით — ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევქმენით ბავშვის განვითარების მაღალპროფესიული სტანდარტი და მთელი რიგი პროგრამები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აღმზრდელს, როგორ უნდა იმუშაოს, რა პედაგოგიური მიდგომები გამოიყენოს, რომ ბავშვისთვის საბავშვო ბაღში გატარებული დრო მნიშვნელოვანი გახდეს არა მხოლოდ კვების და ძილის თვალსაზრისით, არამედ მისი განვითარების, მოქალაქედ ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც.
სტანდარტი, რომელსაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და არც ერთი ხელისუფლების ორგანო არ არის ვალდებული სტანდარტებს სავალდებულო ხასიათი მისცეს, თვითმმართველობების და მუნიციპალიტეტების ძალიან მცირე ნაწილმა მიიღო და დანერგა, ანუ რეალურად არც თუ ისე სახარბიელო რეზულტატზე გავედით — არ დაინერგა იმ მასშტაბით, როგორითაც ველოდებოდით. თუმცა, წლების განმავლობაში, თემზე ორიენტირებულმა, ინტენსიურმა მუშაობამ შედეგი მაინც გამოიღო. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა მშობლების მხრიდან სკოლამდელი განათლების მიმართ, რეალურად გაიზარდა ბავშვთა ჩარიცხვა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში.
მაგრამ, ალბათ, უფრო მეტია საჭირო ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდის თვალსაზრისით. სისტემაში რომ გავიდეს, მას ძალიან ჭკვიანად გააზრებული სტრატეგია უნდა მართავდეს. ეს იყო, ალბათ, საქართველოში ერთადერთი სფერო, რომელსაც არ გააჩნდა სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა.
თვითმმართველობის კანონში სკოლამდელ განათლებას, დაახლოებით, ნახევარი გვერდი ეთმობოდა, სადაც ეწერა, რომ ის თვითმმართველობის პასუხისმგებლობის ქვეშაა და უფასოა, მაგრამ არ არსებობდა არანაირი სტანდარტი, შინაარსი, ხელმისაწვდომობა, კომპეტენციები, ხარისხის მონიტორინგი, პასუხისმგებლობები, რომელიც ამას ყველაფერს დაარეგულირებდა.“
იუნისეფის და მისი პარტნიორების მიერ სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელების შედეგად გამოიკვეთა, რომ სისტემა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სავალდებულოა ბავშვებისა და საზოგადოებისთვის, როგორც უზარმაზარი პოტენციალი და ინვესტიცია ქვეყნის ცივილური განვითარებისათვის, საჭიროებდა საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც ბაღების დეცენტრალიზებული მართვის მიუხედავად, ერთ ქოლგა დოკუმენტის ქვეშ მოაქცევდა ამ დაწესებულებებს.
„ამ ეტაპზე ახალ კანონზე მიმდინარეობს მუშაობა. იგი თავისი არსით ინოვაციურია. კანონპროექტით მიღებულია სამსაფეხურიანი სწავლების სისტემა. ეს არის ბავშვის ადრეული განათლება და ზრუნვა, დაბადებიდან 2 წლამდე, შემდეგი — 2 წლიდან 3 წლამდე და 3 წლიდან ბავშვის სკოლაში წასვლამდე. პირველი საფეხური ადრეული განათლებაა, მეორე — სკოლამდელი განათლება და მესამე საფეხური ინოვაციურია, რომელიც წინა სასკოლო მზაობის პერიოდს მოიცავს. ინოვაციური რაც აქვს ამ კანონს და რაც საერთაშორისო საზოგადოებაშია დანერგილი, ისაა, რომ იგი ხელისუფლებას ავალდებულებს, ცენტრალურ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლება დეცენტრალიზებულია, შექმნას მართვის სისტემები და რეგულაციები, რომელიც სავალდებულო სახით უნდა მიიღონ და განახორციელონ თვითმმართველობებმა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კანონი განსაზღვრავს რა კვალიფიკაციებს და კომპეტენციებს უნდა ფარავდეს სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელი. სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრმა ჩაატარა კვლევა სკოლამდელ დაწესებულებებში და გამოიკვეთა, რომ დაწესებულებების 70 პროცენტში ადგილი აქვს ბავშვზე ემოციურ, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას, გაუაზრებლად ან გააზრებულად. არ შეიძლება ამაზე საზოგადოებამ თვალი დახუჭოს. თუ როგორ შეიძლება ბავშვთა დაცვა ძალადობისაგან, სკოლამდელი განათლების დონეზე, ამას კანონპროექტი ერთ-ერთი რეგულაციის სახით გვთავაზობს.“
იუნისეფის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სტატისტიკის არარსებობაზე — ქვეყანაში, სადაც 71 მუნიციპალიტეტია, არ არსებობს ერთიანი მონაცემების ბაზა, რამდენი სსსმ ბავშვისთვისაა ხელმისაწვდომი სკოლამდელი განთლება ან საერთოდ, რამდენი ბავშვი სწავლობს სკოლამდელ დაწესებულებაში. „ნებისმიერ თქვენგანს რომ მოგინდეთ ერთიანი სტატისტიკის ნახვა — რამდენი ბავშვია სკოლამდელ განათლებაში ჩართული ან რამდენი აღმზრდელი, რამდენია გოგო ან ბიჭი — თქვენ ამას ვერ გაიგებთ. სტატისტიკით ვერც იმას შეიტყობთ, რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი დადის ბაღში, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ არ არსებობს დაჯამებული სტატისტიკა. თვითმმართველობების ვებგვერდზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, შეიძლება მხოლოდ გაფანტული სტატისტიკა მოიძიოთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ინდიკატორების ერთიანი უნივერსალური სისტემა და მონაცემთა ბაზის შექმნა.“ — აცხადებს მაია ყუფარაძე.
პარლამენტის წევრმა სერგო რატიანმა კანონის და სტანდარტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო საქმედ შეაფასა და დასვა კითხვა: „საიდან ვიწყებთ? ერთია, რომ ვმსჯელობთ თეორიაზე და მეორეა, ფაქტობრივად რა კომპონენტს ვცვლით სახელმწიფოში. როგორც ვიცით, რეალურად ბაღებს ბავშვების 60 პროცენტის მოცვა შეუძლია, ანუ ჩვენ ვდგავართ რეალობის წინაშე, როცა სრულად ვერ დავაკმაყოფილებთ ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში მიყვანას. რასაკვირველია, ძალიან კარგია, რომ მოამზადეთ სტანდარტი და პროგრამა, რომელიც თვითმმართველობებმა უნდა განახორციელონ, მაგრამ სრულად რომელი კომპონენტის განხოცრიელებას შეძლებს სახელმწიფო და რა თანხა იდება ამაში?“
შეხვედრას ესწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კობა სუბელიანი. მან საბავშვო ბაღებში ფართის ნაკლებობით გამოწვეულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: „რა ეშველება ბავშვების იმ 40 პროცენტს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ დადიან საბავშვო ბაღებში, რომ ადგილი არ არის, მათთვის საკმარისი ფართი და ინფრასტრუქტურა არ არსებობს. რას უპირებს სახელმწიფო მათ?
დეპუტატების შეკითხვებს ნათია ჯოხაძემ უპასუხა: „სასკოლო მზაობის პროგრამის გავლა რომ სავალდებულო უნდა გახდეს, ამ მოსაზრებას ყველა ექსპერტი ეთანხმება. ბავშვი, რომელსაც არ აქვს სასკოლო მზაობის პროგრამა გავლილი, უფრო დაბალ შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ის, ვისაც გავლილი აქვს. თავისუფალი პრინციპი არსებობს: თუ მშობლები მიიჩნევენ, რომ ეს პროგრამა ბავშვმა უნდა გაიაროს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ყველა ბავშვს, საქართველოს მასშტაბით, მიეცემა სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა. ინფრასტრუქტურა ნამდვილად არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის (ვგულისხმობ საბავშვო ბაღების შენობებს), განსაკუთრებით უჭირს დიდ ქალაქებს. შენობების დიდი ნაწილი აღარც არის ბაღების საკუთრებაში, ან ფუნქცია აქვს შეცვლილი, ან არ არის უსაფრთხო და ა.შ. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ ამ მიმართულებითაც იმუშავა და აღწერა საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი და შესაძლო ადეკვატური ფართი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სასკოლო მზაობის პროგრამის განსახორციელებლად. არც ერთი ბავშვი რომ არ დარჩეს ამ პროგრამის მიღმა, განათლების სამინისტრო მის განკარგვაში არსებულ რესურსს სწორედ ამ მიზნისთვის გამოიყენებს. მაქვს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თბილისის მერიამ გამოყო ბიუჯეტი ამ ოთახების სათანადოდ აღჭურვისთვის. თუმცა, იქ, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს რესურსი და ფართი, რომ ეს პროგრამა განახორციელოს — სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, რასაკვირველია, იმ შენობაში გაიხსნება ჯგუფები, ვისაც დამატებითი ფართი დასჭირდება, სწორედ მათ შევთავაზებთ სკოლაში მოძიებულ ფართს.
ერთ-ერთ წინაპირობად, სასკოლო მზაობის პროგრამის ძალიან მოკლე ვერსიაში, სწორედ ინფრასტრუქტურა ჩავდეთ, რომელიც ითვალისწინებს ყველა მოთხოვნას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საკლასო ოთახი, სადაც ბავშვებს სასკოლო მზაობის პროგრამის გასავლელად შევიყვანთ.“
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელსაც სკოლამდელი განათლების კანონპროექტი გვთავაზობს, აღმზრდელის პედაგოგის რანგში გადაყვანაა, რათა ის მასწავლებლის სტატუსს დაუახლოვდეს. მაგრამ ვიდრე აღმზრდელები კანონით მინიჭებული სტატუსით ისარგებლებენ, სასკოლო მზაობის პროგრამის უკეთ დანერგვის მიზნით, მათ ტრენინგის გავლა მოუწევთ. „რაც არ უნდა კარგი იყოს სტანდარტი, თუ აღმზრდელ-პედაგოგი სათანადოდ არ არის გადამზადებული, ის ხარისხიან განათლებას ბავშვს ვერ მისცემს — აცხადებს ნათია ჯოხაძე, — ამიტომაც შეიქმნა ტრენინგ-მოდული და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილია მასწავლებელთა გადამზადება. მინდა იმაშიც დავარწმუნო ყველა, რომ არც ერთი ბაღის აღმზრდელი არ იქნება განთავისუფლებული. პირიქით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური რუსურსი. ამიტომაც, ვეცდებით, ხელი შევუწყოთ მათ, რომ სათანადოდ მომზადებულებმა დაიწყონ სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვა. რაც შეეხება სტატუსს — პედაგოგი თუ აღმზრდელი? ხედვა ჩამოყალიბებულია და როგორც კი კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღარ გვეყოლებიან მხოლოდ აღმზრდელები, მათ აღმზრდელ-პედაგოგები ერქმევათ.“
დისკუსია ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის თხოვნით დასრულდა: „იმისთვის, რომ შევძლოთ საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიანი დანერგვა, თხოვნა მაქვს მთელ საზოგადოებასთან, დაგვიდექით გვერდში, რომ რეალურ პრიორიტეტად ვაქციოთ სკოლამდელი განათლება და პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა უზრუნველვყოთ. სამინისტრო, რასაკვირველია, ამას მხარს უჭერს და ლობირებს, მაგრამ, ბუნებრივია, მოქალაქეების სურვილიც უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ სკოლამდელი განათლება პრიორიტეტად აღიაროს და დიდი ფინანსური ინვესტიცია სწორედ სკოლამდელ განათლებაში ჩადოს.“
სასკოლო მზაობის პროგრამის პილოტირება 2015 წელს იგეგმება და ის სავალდებულო სახეს 2016 წლიდან მიიღებს. მანამ კი, პროგრამის გავლის მსურველები, ისევე უნდა დარეგისტრირდნენ ბაღებში, როგორც დანარჩენი აღსაზრდელები. სასკოლო მზაობის პროგრამით გათვალიწინებულ სამსაათიან საგაკვეთილო პროცესს, ბავშვები „თამაშით სწავლების“ აქტივობებით გაივლიან და რაც მთავარია, ისინი, შეთავაზებულ აქტივობებს დამოუკიდებლად აირჩევენ.
როგორი მომზადებული ხვდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ ინიციატივას მერიის ბაღების სააგენტო, ამის შესახებ მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე აცხადებს, რომ ბაღებში პროგრამის დასანერგად მათი მხრიდან აბსოლუტური მზაობაა. თუმცა, მისივე თქმით, ადგილების შეზღუდული რაოდენობა, ჯერჯერობით, ისევ პრობლემად რჩება — ყველა მსურველის დაკმაყოფილება, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც ვერ მოხერხდება. „ეს ბაღების კი არა, ქვეყნის პრობლემაა, თუმცა მიმდინარეობს ბაღების მშენებლობა, დაემატება ახალი ჯგუფები, რაც ბაღის მიღმა დარჩენილთა რაოდენობას მინიმუმამდე დაიყვანს, მაგრამ პრობლემას სრულად ვერ მოხსნის“ .
P.S. წერილის მზადების პროცესში 6 წლამდე ბავშვების მშობლებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხმაურიანი აქცია გამართეს ლოზუნგით: „ნუ დატოვებთ სკოლის გარეშე 20 000-ზე მეტ ბავშვს“, „შეუშვით ბავშვები სკოლაში“. მათი აზრით, მინისტრი გაუგებარ და არალოგიკურ შეზღუდვებს უწესებს ბავშვებს და ამიტომ ისინი თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მინისტრი მათ შეხვდა, თუმცა მშობლებმა შეხვედრა რამდენიმე წუთში ეტაპობრივად დატოვეს და აცხადებდნენ, რომ აუდიენცია არაფრის მომცემი აღმოჩნდა, რადგანაც მინისტრი საკუთარი პოზიციის დასაბუთებას ცდილობდა და მშობლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დათმობაზე წასვლას არ აპირებდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. თამარ სანიკიძის განცხადებით: „გადაწყვეტილება მიღებულია და, შესაბამისად, დასაბუთებაც წარდგენილია. ახლა თავიდან ბოლომდე პარლამენტზეა დამოკიდებული, რას და როგორ იმსჯელებს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. ეს რეალობა ყოველთვის არსებობდა, უმცირესობის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში, რომლებმაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენეს და ამით სპეკულირებას ახდენენ. ეს უნდა დასრულდეს, რადგან ბავშვები არ გახდნენ სპეკულირების მსხვერპლნი“.
|