2015-10-08 სერიოზული შანსი და მოტივაცია პედაგოგებისათვის მიმდინარე წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის განათლების სფეროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ადრე დაწყებული პროექტები გრძელდება და ვითარდება, იცვლებიან და კონკურსის წესით ინიშნებიან ახალი დირექტორები, იცვლება პრიორიტეტები და გამოწვევები, დროდადრო თავს იჩენს პრობლემებიც.
ახალი, 2015-16 სასწავლო წელი კი, ნამდვილად გამორჩეული იქნება ჩვენი პედაგოგებისათვის, მათივე კარიერული ზრდის თვალსაზრისით. ბუნებრივია, გამონაკლისი ამ მხრივ არც მარნეულელი პედაგოგები იქნებიან. რესურსცენტრის უფროსი, რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პროფესიული განვითარების სქემა სერიოზული შანსი და მოტივაციაა თითოეული პედაგოგისთვის, აიმაღლოს კვალიფიკაცია და, შესაბამისად, გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა. რესურსცენტრსაც და სკოლების დირექციებსაც სერიოზული ორგანიზაციული ხასიათის სამუშაოს გაწევა მოუწევთ, პედაგოგების სქემაში ჩართვისა და საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელად მომზადებისათვის. „2500 პედაგოგი მუშაობს მარნეულის 74 საჯარო სკოლაში. მათი დიდი უმრავლესობა (46 სკოლა) აზერბაიჯანული სკოლის პედაგოგია, 3 სკოლა რუსულია, 7 — სომხური, ხოლო 9 — ქართული. ასე რომ, ეს მრავალენოვანებაც ქმნის გარკვეულ სირთულეს ენობრივი ბარიერის თვალსაზრისით, თუმცა, დღეისათვის ეს პრობლემად აღარ მიიჩნევა. სახელმწიფოს მიერ, წლების განმავლობაში განხორციელებულმა ეფექტურმა პროექტებმა კარგი შედეგები მოგვცა. დინამიკას რომ ვაკვირდები, ვრწმუნდები, 5 წელიწადში, ჩვენს რეგიონში, ეს პრობლემა მოიხსნება. ამას რომ ვამბობ, ჩემი შვილის თაობას ვგულისხმობ. იგი ვჳჳჳ კლასშია, მარნეულის ¹2 სკოლის ქართულ სექტორზე სწავლობს და ხშირად მეხმარება ხოლმე, ჩემზე უკეთ ფლობს სახელმწიფო ენას. წელს იყო პრეცედენტი, როცა ჩვენი რაიონის რამდენიმე კურსდამთავრებული პირდაპირ არჩეულ ფაკულტეტზე მოხვდა და არა მოსამზადებელზე, მომავალ წელს უფრო მეტი იქნება ასეთი“ — გვეუბნება ბატონი რუსლანი.
რესურსცენტრის უფროსის ეს ოპტიმიზმი უსაფუძვლო ნამდვილად არაა. მიმდინარე სასწავლო წლიდან მარნეულის რაიონის კიდევ 20 სკოლაში განხორციელდება პროექტი „ქართული როგორც მეორე ენა“, რომელიც უკვე განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან რეგიონებში — სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ბატონი რუსლანი ამბობს, რომ ამ პროექტის პედაგოგების მიმართ რადიკალურად შეცვლილია არა მარტო სკოლების პედაგოგებისა და მშობლების, არამედ იმ სოფლების მცხოვრებთა დამოკიდებულება, სადაც ისინი ჩადიან. „ჩვენმა ბავშვებმა — აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ქართველებმა, რუსებმა, თითქმის, მთელი საქართველო მოიარეს, რაც, ძირითადად, პროექტში მომუშავე მასწავლებლების დამსახურებაა. ახლა ზუგდიდიდან ველოდებით იმ სკოლის მოსწავლეებს, სადაც მარნეულელმა მოსწავლეებმა, მიმდინარე სასწავლო წელს, ერთი კვირა ისწავლეს და იცხოვრეს თანატოლების ოჯახებში; სადახლოს ¹1 სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემაზე დადგმული სპექტაკლი, ბათუმში, ქართულ ენაზე ითამაშეს და ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ“.
რესურსცენტრის უფროსი, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, ხაზგასმით ამბობს, რომ შარშან და წელს, ამ მიმართულებით, გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში. ნაწილობრივი და მთლიანი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: ულაშლოს, კერამუღანლოს, შაუმიანის ¹1, წერაქვის, ბაითალოს, ბეითარაჩის, ბაიდარის, საბირკენდის ¹1, ქიზილაჯლოს ¹2, კასუმოს საჯარო სკოლებში. ბევრ სოფელში შეყვანილია გაზი და, სარემონტო სამუშაოების პარალელურად, სკოლების გაზიფიცირებაც მიმდინარეობს. რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით დაძაბულია — 40 000-ზე მეტი სახელმძღვანელოს სკოლებისთვის მიწოდება უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყონ.
კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც რესურსცენტრის უფროსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, ინკლუზიური განათლებაა. „საკითხის სირთულე მხოლოდ ის არ არის, რომ სკოლებში შესაფერისი გარემოს შექმნა სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი ბავშვებისთვის, სირთულე საზოგადოების საკითხისადმი დამოკიდებულებაშია. გასული წლიდან როგორც ქალაქის, ისე რამდენიმე სოფლის 10 სკოლაში მუშაობს ინკლუზიური კლასები, გვყავს სპეციალური პედაგოგები, რომლებმაც ტრენინგები გაიარეს. ახლად გარემონტებულ სკოლებში გათვალისწინებულია მათი საჭიროებები“. ბატონი რუსლანი გვირჩევს მე-2 საჯარო სკოლას ვეწვიოთ, რომელსაც რვა თვეა ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის კარგად ნაცნობი შორენა ხუხუა ხელმძღვანელობს. წლების განმავლობაში იგი სადახლოს სკოლაში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა, „იმედის გმირებში“ ფეისბუქის მომხმარებელთა რჩეულიც იყო. აქტიური, ხალისიანი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. დანარჩენზე თავად ისაუბრებს.
დირექტორობა მართლაც სხვა სამყაროა
შორენა ხუხუა: „მოგეხსენებათ, ეტლში საკმაო დროის განმავლობაში ვიჯექი, ეტლთან ერთად ცხოვრება ჩემი სიცოცხლის ნაწილი იყო. ამიტომაც სკოლის განვითარების გეგმაში ინკლუზიური სწავლება პრიორიტეტულ საკითხად შევიტანე და გადავწყვიტე, საქმით შემეწყო ხელი ამ ადამიანებისათვის. სხვათა შორის, ვამაყობ და მადლიერი ვარ ჩემი პროგრამის ხელმძღვანელის, რომელმაც ეტლში მჯდომი დამაბრუნა სადახლოს სკოლაში. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მეხმარებოდნენ ბავშვები მანქანიდან გადმოსვლაში, შენობაში შესვლაში. ხელშემწყობი არავითარი პირობა არ იყო არა თუ სკოლაში, არსად სხვაგან. ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია საქმის კეთებაში. მგონი, ყველაზე აქტიური სწორედ იმ პერიოდში ვიყავი, ალბათ იმიტომ, რომ მინდოდა დამემტკიცებინა, აქედანაც ყველაფერი შემეძლო. ყველა გამოცდა მაშინ ჩავაბარე, დირექტორობისაც კი, თუმცა თანამდებობაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ეს მოგვიანებით მოხდა. მოვლენები აეწყო ისე, რომ გადაწყვეტილება მივიღე ამ სფეროშიც მეცადა ბედი. მართლაც სხვა სამყაროა ხელმძღვანელის პოსტი — არის საკითხები, რომლებსაც ვერ წყვეტ (შენზე არ არის დამოკიდებული), არის ბარიერები, რომლებიც შეიძლება ვერ გადალახო. ძალიან რთული იყო შშმ ბავშვების მშობლების დარწმუნება, რომ მოეყვანათ თავიანთი შვილები სკოლაში, ასევე წინააღმდეგობა შემხვდა, ზოგადად, მშობლების მხრიდან. საბედნიეროდ, შევძელით ორივე მხარის დარწმუნება და ჳ კლასში, ქართულ სექტორზე 13 წლის ლევანი მივიღეთ, რომელიც ძალიან გონიერი ბიჭია, უყვართ ბავშვებს და ერთმანეთს ეჯიბრებიან მასზე ზრუნვაში. კი არ ებრალებათ, რასაც ხშირად ვგრძნობდი, როცა ეტლში ვიჯექი, უყვართ და გულშემატკივრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობისას.
ჯერჯერობით 4 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე გვყავს. კიდევ სამის შესაფასებლად საჭირო პროცედურა მიმდინარეობს, მათთვის შექმნილია სპეციალური პროგრამები, გვყავს კონკურსით შერჩეული პედაგოგიც. სწავლასთან ერთად, სასურველია, სასკოლო აქტივობებშიც ჩავრთოთ ისინი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. მე დღემდე მომყვებიან იმდროინდელი მეგობრები, რომლებთან ერთადაც სპორტულ ღონისძიებებში, ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი. მიხარია და ვამაყობ, რომ 14 სექტემბერს ისინი მარნეულში ჩამოვიდნენ ჩემი მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის მისალოცად“.
ქალბატონმა შორენამ ლევანიც გამაცნო და აიშეც. გაუმართლათ ამ ბავშვებს, სხვებსაც... ისეთი დირექტორი ჰყავთ, მხოლოდ წაკითხულითა და ნასწავლით კი არა, საკუთარი გამოცდილებითაც კარგად იცის, როგორ დაეხმაროს მათ გარესამყაროსთან ინტეგრაციაში, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში. ეს კი სასიცოცხლოდ აუცილებელია თითოეული მათგანისათვის ისევე, როგორც ის ადაპტირებული გარემო, რომელიც სკოლის ეზოდან იწყება, შესასვლელით, საკლასო და რესურსოთახებითა და ტუალეტით მთავრდება, რომელიც პედკოლექტივმა საკუთარი ძალებით გააკეთა, ზაფხულის განმავლობაში.
კიდევ ბევრი რამ მოასწრო რვა თვეში — პედაგოგების მომზადება სერტიფიცირებისათვის, უფასო ქართული ენის შემსწავლელი წრე აბიტურიენტებისათვის, ვინც ქართულს აბარებს, სექტემბრიდან ახალი პროცესი დაიწყო — პედაგოგთა ჩართვა პროფესიული განვითარების სქემაში. დღეისათვის 18 პედაგოგი სერტიფიცირებულია, 7 უფროსი პედაგოგია. ქართული სექტორის გასაძლიერებლად, დამატებით, 3 პედაგოგი მიიღო სკოლამ პროექტით „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“. ქართულ სექტორზე ორი პირველი კლასი რუსებით, უკრაინელებით, აზერბაიჯანელებით, ყაზახებით დაკომპლექტდა. „ბევრი დევნილია უკრაინიდან, ისინი, ძირითადად, რუსულ სექტორს ირჩევენ, მალე უკან დაბრუნების იმედით. ჩვენ ხელს ვუწყობთ როგორც შეგვიძლია“ — ამბობს დირექტორი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში ნამდვილად სანიმუშო წესრიგია — სპეციალური საშვების გარდა ეზოში ვერავინ შევა, მშობლები პატარებს გარეთ ელოდებიან. ეს წესი ყველაზე ვრცელდება. დირექციის ნებართვის გარეშე ვერც ერთი თანამდებობის პირიც კი სკოლის ეზოში ვერ შევა. მანდატურები პირნათლად ასრულებენ დირექციის ამ მოთხოვნას. ამ და ბევრ სხვა საკითხშიც დირექტორს თანამოაზრეები ჰყავს, ახალგაზრდა პედაგოგები — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთვრებული დათო კამკამიძე, რომელიც, 3 საუკეთესო პედაგოგთან ერთად, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი (23 წლის); თემო სუყაშვილი, ისტმენეჯერი და მისი ძმა ზაზა სუყაშვილი, ბუღალტერი. „მათი ტრენერი ვიყავი, შემდეგ დათო და თემო სადახლოში წამოვიდნენ სამუშაოდ, ხოლო სექტემბრიდან დათო მოადგილედ გადმოვიყვანე. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. წესიერი, საქმის და პროფესიის ერთგული ახალგაზრდები არიან. ვიცი, იდეალისტთან მუშაობა ადვილი არაა, მაგრამ კარგად ვიცნობ სამივეს და მათი იმედი მაქვს“.
ტრადიცია გრძელდება
მარნეულის ¹6 სკოლაში სტუმრობა, ძირითადად, მისი ახალი დირექტორის, ლელა ახსაბაძის მონახულების გამო გადავწყვიტე. იგი წლების განმავლობაში სოფელ წერაქვის სკოლას ხელმძღვანელობდა და არაერთხელ ვყოფილვარ მოწმე, რამდენი ძალა და ენერგია სჭირდებოდა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც გამუდმებით უხვად ჰქონდა ამ ისტორიული წარსულისა და მნიშვნელობის სკოლას. ისიც აღსანიშნავია, რომ ვიდრე ამ სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნებოდა (80-იანი წლების ბოლოს), მარნეულში ერთადერთი ქართული სკოლა ფუნქციონირებდა. დირექტორის მოადგილე მურად მაისურაძე იხსენებს (სამწუხაროდ ქალბატონ ლელას ვერ შევხვდი), რომ პირველი მოსწავლეები ქართულ სექტორზე აზერბაიჯანელები იყვნენ. ყოველწლიურად იზრდებოდა ინტერესი და შესაბამისად — კონტინგენტიც. სკოლის პედაგოგების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, არაქართულენოვანი მოსწავლეები უფრო და უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის მიმართ. 90-იანი წლების ბოლოდან უკვე ახალი ტრადიცია დამკვიდრა — სკოლის პირველი კურსდამთავრებულების შვილები შემოვიდნენ I კლასში. დღემდე ასე გრძელდება.
დიდი სკოლაა, 1300-ზე მეტი მოსწავლით, კარგი აკადემიური შედეგებით, კომპიუტერული კლასებითა და საგნობრივი ლაბორატორიებით, „მომავლის კლასით“, ოლიმპიადებში გამარჯვებულებით, მარნეულის ორგზის და საქართველოს ჩემპიონებით „მხიარულ სტარტებში“, მარნეულის და ქვემო ქართლის ჩემპიონებით ინტელექტთამაშებში. ასეთი მიღწევების სკოლა უდავოდ იმსახურებს უკეთეს, თანამედროვე საკლასო ოთახებსა და სპორტდარბაზს. იმედია, ასეც იქნება.
მოამზადა
ანა ფირცხალაიშვილმა
|