2015-11-12 თანადგომის გარეშე დარჩენილები — 18+ ლალი ჯელაძე
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბავშვების მომავალი, სრულწლოვანების შესრულების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია. ყოველწლიურად 100-მდე მზრუნველობას მოკლებული ახალგაზრდა 18 წლის ხდება. მათგან ბევრს არ უმართლებს, ზოგი იღბლიანია და მათ შემდგომ ცხოვრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ზრუნავენ. სახელმწიფო კი, ჯერჯერობით, არაფერს სთავაზობთ და ისინი ყოველგვარი თანადგომის გარეშე, მარტო რჩებიან პრობლემის წინაშე — სად წავიდნენ, რა გააკეთონ, როგორ იცხოვრონ, როგორ გადაირჩინონ თავი18 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ნაწილი არასწორ გზას ირჩევს. სრულწლოვანების შესრულების შემდეგ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბავშვების მომავალი, ხშირ შემთხვევაში, მართლაც რომ ბუნდოვანია, ამას თვითონ ახალგაზრდებიც ადასტურებენ: „რთულია გადარჩე და შეინარჩუნო ის დადებითი თვისებები და ღირებულებები, რაც მანამდე გქონდა, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნის დროს. 18 წლის შემდეგ აღმოჩნდები პირისპირ იმ რეალობის წინაშე, რომელიც გასვლის დღიდან გაგრძნობინებს, რომ არავის სჭირდები, არავინ დაგეხმარება, ამიტომ მოგიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის.“ — ეს სიტყვები ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკუთვნის, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს პრობლემა.
საცხოვრებელი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმება, სოციალიზაცია — ამ პრობლემებს მზრუნველობამოკლებული ბავშვები სრულწლოვანების შემდეგ მარტონი ხვდებიან. საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამები ძალიან ცოტაა. ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, სახელმწიფომ, ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და შემდგომი მხარდაჭერისთვის, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას — მათ მომავალზე ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს.
სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ფრონტლაინ კლუბში მოეწყო მორიგი დისკუსია, რომელიც „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბისა და ჟურნალ „ლიბერალის“ ერთობლივი პროექტის — „დისკუსიები ბავშვთა უფლებების თემაზე“ — ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (ჲნჳCჶფ) მხარდაჭერით, ტარდება.
საუბარი საკმაოდ საინტერესო და საჭირბოროტო თემაზე დაიძრა. დღემდე ამ ახალგაზრდების ბედით, მართლაც, არავინ ინტერესდება. წლების განმავლობაში ისინი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და სრულწლოვანების შემდეგ ხშირად შიშველი ხელებით, აბსოლუტურად მოუმზადებლები იწყებენ ცხოვრებას. ადრე, როცა ბავშვთა სახლები არსებობდა, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდებს სრულწლოვანების შემდეგ, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ, ისევ ბავშვთა სახლი მფარველობდა, წლების განმავლობაში შეკედლებული ცხოვრობდნენ უჩინრად, მათ მომავალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
რა მდგომარეობაა დღეს ამ მიმართულებით და სად მიდიან სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან ის სრულწლოვანი ახალგაზრდები, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ, რა პროგრამები და სოციალური მომსახურება არსებობს მათთვის — ამ საკითხებზე დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნუცა ოდიშარია, ჯანდაცვის სამინისტროს მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი და „საქართველო SჴS ბავშვთა სოფელი“ და „საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“ წარმომადგენელი მარინა შაღაშვილი. დისკუსიას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ჯაბა ნაჭყებია უძღვებოდა.
ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ ახალგაზრდული საბჭოს წევრი მირანდა ზგირვაჩი „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ გამართულ დისკუსიაზე ერთ-ერთ მომხსენებლად წარდგა. ის ფონდ „ნატახტარის“ ბენეფიციარი იყო და საკუთარ თავს გადახდენილი უამბო საზოგადოებას, თუ როგორ შეძლო წარმატების მიღწევა სხვების თანადგომითა და დახმარებით: „სამწუხაროდ, გარკვეული სირთულეების გამო, გვიან მომიწია სკოლაში მისვლა, უკვე 8 წლის ვიყავი. დიდი პერიოდი დამჭირდა იმისთვის, რომ კარგად სწავლა დამეწყო. დიდ ბავშვთა სახლში როცა ვცხოვრობდი, სწავლა გამიჭირდა, ჩემით ვერ ვძლევდი პროგრამას და მჭირდებოდა დამატებით პედაგოგის დახმარება. მაგრამ, შეუძლებელი იყო, ჩემთვის ვინმეს პედაგოგი დაექირავებინა. ამიტომ დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, ვცდილობდი სკოლაში მასწავლებლებისთვის მეტი მომეთხოვა, როცა დახმარება მჭირდებოდა, მათ ვთხოვდი დახმარებას და იმაზე ვიყავი ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი წამომეღო სკოლიდან. ამან, რასაკვირველია, შედეგი გამოიღო და შევძელი დამოუკიდებლად სწავლა. მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრებისას კი იყო შემთხვევები, როცა ვიღაც ინიციატივას გამოიჩენდა, მოდიოდა მოხალისედ და გვამეცადინებდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ინიციატივებიც წყდებოდა და ისევ ვრჩებოდით მარტო ან უბრალოდ იყო საგნები, რომლის პედაგოგებიც არ იჩენდნენ მსგავს ინიციატივებს. ამიტომაც დამოუკიდებლად მიწევდა მეცადინეობა. მერე გამოჩნდა ერთ-ერთი კეთილი ადამიანი, ის კალიფორნიაში ცხოვრობს და აქვს ორგანიზაცია, რომელიც სწორედ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებზე ზრუნავს. მან სპეციალურად გამოყო თანხა იმისთვის, რომ ჩემნაირი ბავშვებისთვის მასწავლებლები ექირავებინა, მოემზადებინა ისინი საატესტატო გამოცდებისთვის. საბედნიეროდ, მე ამ პროგრამაში მოვხვდი და ორი წლის განმავლობაში — მე-11 და მე-12 კლასებში ვემზადებოდი პედაგოგებთან. შარშან დავამთავრე სკოლა, წელს „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტი გავხდი და ფონდ Ele Lembra-ს დახმარებით, სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელებ. მე წილად მხვდა მაქსიმალური ხელშეწყობა კეთილი ადამიანების მხრიდან, რომ განვვითარებულიყავი და მიმეღო განათლება.“
მირანდა ზგირვაჩის წარმატების ისტორია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფ ახალგაზრდებს.
ჯერჯერობით, ასეთი ახალგაზრდების წარმატება და მომავლის ხელშეწყობა მხოლოდ კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული, სახელმწიფოს მხრიდან კი მსგავსი სერვისები არ არსებობს, მხოლოდ ლოკალური ჩარევები პრობლემას, ბუნებრივია, ვერ მოაგვარებს. ყოველგვარი ზრუნვის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდებისთვის საჭიროა ისეთი კომპლექსური სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. „ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის კოალიციის“ ფარგლებში, ამ თემაზე მუშაობა დაიწყო და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე შემუშავდა კონცეფცია. განისაზვრა ის სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, რადგან, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ამ ახალგაზრდებზე ზრუნვა ევალება. „ასეთივე მზრუნველ უწყებად განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რადგან სწორედ ამ სამინისტროს მიზნობრივი ჯგუფი უნდა იყოს სახელმწიფოს მზრუნველობიდან გასული ახალგაზრდები — განაცხადა მარინა შაღაშვილმა, — კონცეფციის ფარგლებში, ორი მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა. პირველი ნაწილი — სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ყოფნის პერიოდში, 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის, სერიოზული პროგრამის მომზადებას გულისხმობს, რომელიც ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადებს, განუვითარებს უნარ-ჩვევებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. მეორე ნაწილი კი — 18 წლის ზემოთ ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერას გულისხმობს. ჩემი ორგანიზაციის გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ 18 წელი სწორედ ის ასაკია, როცა ახალგაზრდებს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ მიიღონ პროფესიული ან უმაღლესი განათლება ან დასაქმდნენ და წარმატებულად წარიმართოს მათი ცხოვრება, როგორც ეს მირანდას შემთხვევაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ „საქართველო SჴS ბავშვთა სოფელში“ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ, მაინც ვერ ვიტყვი, რომ მათგან ბევრი შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას — 100-დან შეიძლება 2 პროცენტი აღმოჩნდეს ისეთი, ვინც საკუთარ თავზე იზრუნებს.
კოალიციამ წარადგინა მომზადებული კონცეფცია ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოსთან. მივესალმები, რომ ამ ფაქტზე, სახელმწიფომ მხოლოდ ფიქრი კი არ დაიწყო, არამედ რეალური ნაბიჯები გადადგა მომსახურებების განვითარებისთვის. შესაძლოა ეს არ იყოს უშუალოდ სახელმწიფოს მიერ წარმოებული მომსახურება, მაგრამ ორგანიზაციები, ვინც ამაზე იმუშავებენ, სტანდარტის ფარგლებში მოექცევიან.“
კონცეფციის მიხედვით, განისაზღვრა ის მინიმალური სავალდებულო მოთხოვნები, რაც მომსახურების მიწოდების პროცესში უნდა დააკმაყოფილონ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პირველი საცხოვრებელი ადგილია, რომელიც სჭირდებათ ახალგაზრდებს და მეორე — დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებელი სოციალური და ცხოვრებისებული უნარ-ჩვევების განვითარება, განათლებაში ხელშეწყობა. ამ მომსახურებების გარდა, აუცილებელია მათთვის შედგეს ბიუჯეტი, რომლის თანხები დაიხარჯება კვებაზე, კომუნალურ გადასახადებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროებებზე. თუკი ასეთი მხარდაჭერა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არ განხორციელდა, ის ბავშვები, რომლებზეც წლების განმავლობაში ზრუნავს სახელმწიფო, სრულწლოვნების შემდეგ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნუცა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ვიდრე სახელმწიფო დაიწყებდა ამ საკითხებზე მუშაობას, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ბიზნეს კომპანიამ ეს სერვისები თავიდანვე განავითარა, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა: „ბოლო მონაცემებით, არ გვყავს ბევრი ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს. სხვა საკითხია, სურთ თუ არა მათ, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება. რადგან ეს თემა კოალიციის ფარგლებში წამოიჭრა, ჩვენ გაფართოებული შეხვედრები მოვაწყვეთ კონცეფციის განსახილველად. შეხვედრებზე დავრწმუნდით, რომ ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ ეს ყველაფერი და შევთანხმდით სტანდარტის მომზადებაზე. სამი შეხვედრა მოეწყო სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან, რომელშიც ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, იუნისეფი და მერია. იმედი გვაქვს, მალე გვექნება ზოგადი სტანდარტი, რათა შევთანხმდეთ ზუსტ მექანიზმებზე, მაგალითად, ბავშვებს ფული მივცეთ თუ საკვები, ამაზე შიგნითაც ვერ ვთანხმდებით. ამიტომ უმჯობესია, საჭიროების მიხედვით, შიგნით გადაწყდეს, როგორი მომსახურება იქნება მისაღები. რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ასევე განათლების საკითხს — მზურნველობამოკლებულ ბავშვებს აქვთ სოციალური გრანტი და თუკი მირანდას მსგავსად, ისურვებენ სწავლის გაგრძელებას, შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ბოლო წლების განმავლობაში სამინისტრო მუშაობს, სათემო ორგანიზაციის განვითარებაა, სადაც სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ ბავშვებს ან შშმ პირებს შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება. თუმცა, ამჟამად, არც იქ არის სახარბიელო მდგომარეობა, ასეთი სერვისი სულ ერთი-ორია თბილისში. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს სერვისებიც განვავითაროთ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
„რეალურად იქმნება მოდელი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ, გარკვეულ პერიოდში, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის რეფორმა უნდა დაასრულოს და დარჩენილი ინსტიტუციები შშმ ბავშვების ოჯახური ტიპის დაწესებულებად გარდაქმნას, — აღნიშნა ჯაბა ნაჭყებიამ, — საქართველომ რატიფიცირება გაუკეთა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას, რაც ასევე უნდა იყოს დაცული და ამოსავალი წერტილი ამ სერვისების დანერგვისას. მოდელის შექმნისას სერვისები ორიენტირებული უნდა იყოს თემში ინტეგრაციაზე და არა სეგრეგაციაზე ან იზოლირებაზე“.
სტანდარტის შექმნა თავისთავად გააჩენს გარკვეულ რეგულაციებს, რომელიც მზურნველობამოკლებულ ბავშვებზე სრულწლოვანების შემდეგაც იზრუნებს. როგორც ირკვევა, არც თუ ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომელიც სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსვლის შემდეგ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, მარტო იწყებს ცხოვრებას. მარი წერეთლის მონაცემებით, 2014 წელს, მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან სულ 34 ახალგაზრდა გავიდა, აქედან 12 ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, 8 სრულწლოვანი გადავიდა ახალგაზრდულ სახლში, ესენი არიან SOS ბავშვთა სოფლის ბავშვები, რომლებიც ამ სერვისს იღებენ, 5-ს დაეხმარა ფონდი „ნატახტარი“. „რეალურად, ამ მონაცემებით, არც ერთი ახალგაზრდა არ გასულა მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან ისე, რომ არ ვიცოდეთ სად წავიდა და სამომავლოდ რა გეგმები აქვს. თუმცა, სახელმწიფო ზრუნვაში გაცილებით მეტი ბავშვია. მინდობითი აღზრდიდან, 2014 წელს, სულ 60 ბავშვი გავიდა, აქედან 44 ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, 5 ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით დაბინავდა — მათ ბინა უქირავეს, რამდენიმე სამხედრო სამსახურში წავიდა. ასეთია დღევანდელი სტატისტიკა.
მინდა ყურადღება ერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე გავამახვილო — მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებს, სრულწლოვანების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ისევ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ყოფნის უფლება ჰქონდათ. ამ უფლებას მათ კანონში არსებული ჩანაწერი აძლევდა. წელს ცვლილება განხორციელდა მინდობით აღზრდის კანონში და ასეთი ჩანაწერი გაკეთდა — მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში, აღარ მოუწევთ სერვისების ცვლა.
შეხვედრების დროს შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უნდა იყოს სისტემა, სადაც არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ჩართული, არამედ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც. ჯერჯერობით, სტანდარტზე ვმუშაობთ, მათი მხრიდან, საწყის ეტაპზე, მზაობაა. ამდენად, იმედია, ყველა ერთად, მივაღწევთ იმ იდეალურ ვარიანტს, რომელიც დაეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სრულწლოვანების შემდეგაც მიიღონ თანადგომა და მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად“.
დისკუსია მართლაც გარკვეულ იმედს იძლევა, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სრულწლოვანების შემდეგაც, გარკვეულ ეტაპამდე, მიიღებენ მხარდაჭერას და თანადგომას, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება და არ დარჩნენ ისევ მიუსაფარნი. ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემაა, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული დამოკიდებულება, რომ 18 წლის ახალგაზრდა დამოუკიდებლად ცხოვრობდეს. ჩვენთან ხომ 25 წლის ახალგაზრდასაც ბავშვს ეძახიან, მით უფრო, გაცილებით რთულადაა იმ ახალგაზრდების მდგომარეობა, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებიან და სრულწლოვანები სწორედ იქ ხდებიან. დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, ისინი აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მინდობითი აღზრდა, ასევე, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლებიც ოჯახურ გარემოს სთავაზობენ მათ, რაც ყველა ტიპის მომსახურებას გულისხმობს — ჯანდაცვით დაწყებული განათლების საჭიროებებით დამთავრებული.18 წლის შემდეგ განსაკუთრებულად ბუნდოვანია იმ ახალგაზრდების ცხოვრება და მომავალი, ვისაც ბიოლოგიური ოჯახი არ აქვს ან, უბრალოდ, უსახლკაროა. ყველა ზემოჩამოთვლილ სერვისს, სტანდარტით, გარკვეული ფუნქცია ეკისრება, რომ 14-დან 18 წლამდე მოზარდები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადონ, მაგრამ მაინც ვერ გავდივართ სასურველ შედეგზე — სრულწლოვანების შემდეგ მათთვის კიდევ უფრო რთული პერიოდი იწყება. სწორედ ამიტომ გვჭირდება სისტემა, რომელიც ახალგაზრდებს დღევანდელი შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანებად აქცევს და დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელების გარანტია იქნება.
თანადგომით და მხარდაჭერით,18 წლის შემდეგ, ამ ახალგაზრდების ცხოვრება რომ შეიძლება წარმატებით გაგრძელდეს, ამის საუკეთესო მაგალითად, თუნდაც მირანდას ცხოვრების ისტორიაც საკმარისია.
|