2016-04-14 სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიული სასწავლებელი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში რეგიონში ერთადერთი პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად, შესრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ერთი წელია, შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოები და ლაბორატორიები. კოლეჯი გეგმავს რეგიონის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ისეთი პროფესიული პროგრამების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას და თვითდასაქმებას. დაწყებულია სამუშაოები აგრარული მიმართულების პროგრამების განსახორციელებლად. მიმდინარეობს მრავალწლიანი კულტურების განაშენიანება. პარალელურად, ხორციელდება კოლეჯის დამატებითი კორპუსების რეაბილიტაცია დაბა თიანეთსა და დაბა სტეფანწმინდაში.
უახლოეს მომავალში, წინამძღვრიანკარში რეაბილიტაცია დასრულდება და დაიწყება აღჭურვითი სამუშაოები, ახალი სასწავლო წლიდან კი, პროფესიული სასწავლებელი განაახლებს ფუნქციონირებას, კვლავ აღორძინდება ის სასოფლო-სამეურნეო მიმართულელებები, რომელიც წლების წინ წარმატებით ფუნქციონირებდა.
„ადამიანი, პირველ რიგში, უნდა იყოს მამულიშვილი და სხვებზე უნდა ზრუნავდეს.“ — წერდა ილია წინამძღვრიშვილი საუკუნე-ნახევრის წინ. ეს სიტყვები ზედმიწევნით გადმოსცემს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად აზრს. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელი პუბლიცისტმა, პედაგოგმა, ქველმოქმედმა და საზოგადო მოღვაწემ, ილია წინამძღვრიშვილმა საკუთარი სახსრებით დააარსა. 1883 წლიდან მოყოლებული, ამ შენობას პროფილი არ შეცვლია, პირველივე დღიდან აქ სასოფლო-სამეურნეო სფეროს თითქმის ყველა სეგმენტი ისწავლებოდა — მევენახეობა, ღვინის დაყენება, მებაღეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, აბრეშუმის ჭიის მოვლა, ხვნა-თესვა, საქონლის მოვლა-მოშენება, დურგლობა და მჭედლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეფის რუსეთის დროს, მთელ ქვეყანაში, ეს ერთადერთი სასწავლებელი იყო, რომლის კედლებში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამ სასწავლებლის აღზრდილია მიხეილ ჯავახიშვილი.
თეიმურაზ ასათიანი, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი: „მიხეილ ჯავახიშვილი, თავის მოგონებებში წერს, რომ არა ეს სასწავლებელი, მე ქართული ენა არ მეცოდინებოდაო, იმიტომ რომ, ყველგან ყველაფერი რუსულ ენაზე იყო. ილია წინამძღვრიშვილის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ თავიდან, რადგან არ იყო სასწავლებლის მასწავლებლებისათვის სათანადო დაფინანსება, მან გამოიჩინა ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, სხვა საზოგადო მოღვაწეებიც ეხმარებოდნენ — ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი... სასწავლებელი იაკობ გოგებაშვილის მიერ დაწერილი წესდების მიხედვით ფუნქციონირებდა.“
სასწავლებლის შენობის გარდა, 55 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე არაერთი ძეგლი თუ ისტორიული ადგილია, მათ შორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც, მაშინდელი სტანდარტით, სკოლის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. აქვეა ადგილი, რომელსაც „ცხრა მუხას“ ეძახიან. ლეგენდის მიხედვით, ეს ხეები ოთხ საუკუნეს ითვლის და სწორედ ამ მუხების ჩრდილში დაისვენა პატარა კახმა. აქ არაერთი ქართული ფილმია გადაღებული.
გოჩა ზეიკიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი: „ამ სასწავლებლის გახსნა, იმთავითვე, ისტორიული ნაბიჯი იყო — აქ მომზადებულმა კადრებმა გამოაცოცხლა მაშინ სოფლის მეურნეობა. იმ საუკუნეში ეს იყო ახალი სიტყვა და იქიდანვე მიენიჭა სასწავლებელს ერთ-ერთი წარმმართველი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ ფუნქციის დაბრუნებაზეა ახლა საუბარი.“
დღეს უძველესი ქართული სასწავლებლის ცხოვრების ახალი ფურცელი იწყება. განათლების სამინისტრო აქ, ძველი პროფილით, ახალი პროფესიული სასწავლებლის გახსნას გეგმავს. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი მცხეთა-მთიანეთის მთელ რეგიონს უნდა მოემსახუროს. ტერიტორიაზე აშენდება ტექნოლოგიური კორპუსი და სტუდენტთა საცხოვრებლებიც. ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაწყებულია და სამუშაოს პირველი ეტაპი საშემოდგომო მიღებამდე უნდა დასრულდეს.
თამარ სანიკიძე: „ამ სასწავლებელში ისეთი მიმართულებებია, რომ მეცადინეობას შეიძლება მთელი დღე დასჭირდეს, განსაკუთრებით, როცა საქმე საველე სამუშაოების წარმოებას ეხება. ეს პროფესიული სასწავლებელი, ვფიქრობ, ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის. ისინი შეიძლება არა მხოლოდ თეორიული ნაწილით დაკავდნენ, არამედ პრაქტიკული ნაწილითაც, იმავე საველე სამუშაოებით. ამისათვის კეთდება ყველანაირი ბაზა — მეფუტკრეობის, მევენახეობის, მებოსტნეობის შესასწავლად, ასევე, სახელოსნოები, სადაც ხეზე მუშაობას ისწავლიან, სპეციალური სახელოსნო — შემდუღებლებისთვის და სხვ.“
სასწავლებლის დაარსებისთანავე შექმნილა სასწავლებლის მარანი, რომელსაც ასევე ჩაუტარდება რეაბილიტაცია. როგორც ამბობენ, აქ იდეალური პირობებია ღვინის შესანახად, იმიტომ რომ, ზამთარ-ზაფხულ თანაბარი ტემპერატურაა. რეაბილიტაციის შემდგომ, აქ საგამოფენო-სადეგუსტაციო დარბაზი განთავსდება, რომლის ერთ-ერთი უდავოდ გამორჩეული ექსპონატი ფრანგული წარმოების ღვინის საწური იქნება, რომელიც თავად ილია წინამძღვრიშვილმა ჩამოიტანა რვაასიან წლებში საფრანგეთიდან. მას დღემდე აკრია მწარმოებლის იარლიყი.
თორნიკე ცისკარიშვილი, წინამძღვრიანთკარის მცხოვრები: „როდესაც სოფელში ასეთი შენობაა, ბუნებრივია, დაგაინტერესებს. მე და ჩემი მეგობრები ხშირად შევდიოდით და ვათვალიერებდით, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ სასწავლებლის ასამუშავებლად. იმედია, ჩვენი მოლოდინი გამართლდება და ამ ისტორიულ შენობაში ვისწავლით.“
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სრული რეაბილიტაცია ორ წელზეა გათვლილი, ამისთვის ორი მილიონი ლარია გამოყოფილი. საქართველოს უძველეს სასწავლებელს, ასევე, ექნება ორი ფილიალი — სტეფანწმინდასა და თიანეთში.
|