გამოდის 1998 წლიდან
2010-10-13
პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ არაკომპეტენტურობის შედეგი

პროფესიული განათლების შემდგომი განვითარებისათვის ზრუნვა, მისი ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების აუცილებლობა საქართველოს ევროკავშირის წევრობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამიტომაც ამ სფეროში მიმდინარე პროცესების ამსახველი არაერთი პუბლიკაცია შევთავაზეთ ჩვენს მკითხველს, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, ახალგაზრდობის დასაქმებისთვის პროფესიული განათლება ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური გზაა. თითქოს სახელმწიფო პოლიტიკაც აქეთკენ იყო მიმართული _ პროფესიული განათლება პრიორიტეტულ სფეროდ გამოცხადდა, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდანაც კი ისაუბრა პროფესიული განათლების როლსა და მისი განვითარების აუცილებლობაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ორმაგად გაუგებარია, რატომ მიიღო განათლების მინისტრმა მკაცრი და დაუნდობელი გადაწყვეტილება ერთბაშად 14 პროფესიული ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. ბედის ანაბარა დარჩა ათასობით ახალგაზრდა და ასობით პედაგოგი, რომლებიც სასოწარკვეთილნი ამაოდ ეძებენ სამართალს.

 რატომ არავინ დაიცვა მათი უფლებები და თავიდანვე არ იქნა მიღებული ზომები, რომლებსაც შეეძლო ამ გადაწყვეტილების თავიდან აცილება. ასეთია ჩვენი პირველი შეკითხვა ბატონ დენის დავითაშვილთან, რომელსაც, როგორც პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, სწორედ მათი უფლებების დაცვა ევალება.

_ მართალი ბრძანდებით. მე ვალდებული ვარ დავიცვა ამ ადამიანების უფლებები და გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ ეს უკანონო, სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილება გაუქმდეს, აგრეთვე გასწორდეს ნაჩქარევად მიღებული კანონები, რომელსაც ჩიხში შეჰყავს არა მარტო პროფესიული, არამედ უმაღლესი განათლების სფეროც.

როგორც თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, ეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა _ სწორედ ასე აუხსნა მან სასწავლებლების დირექტორებს ლიკვიდაციის აუცილებლობა. იხმეს დირექტორები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, დაახვედრეს გამზადებული ტექსტები შინაარსით: `გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან~ და უბრძანეს არ ეზრუნათ ახალი კონტინგენტის მიღებაზე, რადგან ერთ თვეში მოხდებოდა მათი სასწავლებლების ლიკვიდაცია. ეს იყო აგვისტოს დასაწყისი, რასაც მოჰყვა კიდეც მინისტრის 14 სექტემბრის #700 ბრძანება. ამ ბრძანების შინაარსი ცალკე საუბრის თემაა და აუცილებლად დავუბრუნდები. მანამდე კი იმის შესახებ, ვიცოდი თუ არა, რომ მზადდებოდა ასეთი ბრძანება და რა რეაგირება მოვახდინე.

საქმე ის არის, რომ, დაახლოებით, 5 თვის წინ მინისტრმა დააარსა საზოგადოებრივი დარბაზი პროფკავშირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შემადგენლობით. სწორედ ამ დარბაზს უნდა განეხილა განათლების სფეროში გასატარებელი ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი და მხოლოდ აქ მიღწეული შეთანხმების შემდეგ მისცემოდა მას მსვლელობა. დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი იდეაა. 3 თუ 4 სხდომა გაიმართა კიდეც. როგორც ახლა ვხვდები ეს საჭირო იყო მხოლოდ და  მხოლოდ იმისთვის, რომ მოსწრებულიყო სკოლებში მანდატურების შესვლასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა და სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაცია და პროგრამების აკრედიტაცია. 21 ივლისს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა 7 კანონში და მიიღო ახალი კანონი განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის შესახებ.

ერთ-ერთ ბოლო შეკრებაზე განათლების მინისტრმა მითხრა, რომ მზადდებოდა საკითხი პროფესიულ განათლებაში ჩასატარებელი რეფორმების შესახებ, ამ თემაზე მას ჩემთან შეხვედრა და საუბარიც სურდა, რის შემდეგაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა ჩასატარებელ რეფორმებზე. ამით დასრულდა ყველაფერი, არც ჩემთან შეხვედრა ისურვა ბატონმა შაშკინმა და აღარც დარბაზის  სხდომა მოუწვევია. არადა ჩვენ განათლების სამინისტროს სოციალური პარტნიორები ვართ, პროფესიული განათლების ნაწილში. ეს ცნობილია ევროკავშირის ელჩისთვისაც, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობები გვაქვს და რომელიც დაინტერესებულია ამ სფეროს განვითარებით. სწორედ ბატონი პერ ეკლუნდი აწერს ხელს ჩვენ ქვეყანასთან გაფორმებულ მემორანდუმს და აქედან გამომდინარე, ინტერესით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.

ბატონო დენის, რა უდევს საფუძვლად ბრძანებას 14 სასწავლებლის ლიკვიდაციის შესახებ, იქნებ მთავრობის რაიმე დადგენილება ან ნორმატიული აქტი...

_ არ არსებობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი არავითარი დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა ამ ბრძანების საფუძველი ყოფილიყო. თავად ბრძანებაში მითითებულია, რომ 14 სექტემბრის ბრძანება გამოცემულია განათლების მინისტრის 10 სექტემბრის #86- ბრძანების საფუძველზე და მისი შინაარსი მართლაც ცალკე საუბრის თემაა. პირველი პუნქტი, სადაც ჩამოთვლილია ლიკვიდირებული სასწავლებლები, მთავრდება ფრაზით: `ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2010 წლის 15 სექტემბრამდე~, მეორე პუნქტი _ `დაევალოს (ჩამოთვლილია რაიონები) საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს სალიკვიდაციო კომისიების შექმნა და ხელმძღვანელობა~;

მესამე პუნქტი _ `) სალიკვიდაციო კომისიებმა 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყონ (კვლავ ჩამონათვალი) სასწავლებლების თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლება;

)... ბალანსზე რიცხული ფულადი სახსრების დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა, ასევე ცენტრების ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია და შედეგების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენა;

) საარქივო მასალების დამუშავება და უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის გადაცემა,~ და .. სულ 11 პუნქტია. აქედან მე-8 ავალებს ზოგადი და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს, უზრუნველყოს ბრძანების მიწოდება შესაბამისი პირებისათვის, რაც არ შესრულებულა და რაც ყველაზე ადვილი შესასრულებელი იყო, 15-მდე თუ არა დღემდე მაინც. ბრძანება არც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულა. მე ვამბობ, რომ პროფესიული განათლების სისტემაში შექმნილი კრიზისი ამ დარგის მესვეურთა არაკომპეტენტურობის შედეგია, მაგრამ ის, რაც 14 სექტემბრის ბრძანებაში წერია, მარტო კომპეტენტურობის კი არა, უპასუხისმგებლობის, აბუჩად აგდების ნიმუშია. სამწუხაროდ, ასეა.

როგორც ირკვევა, 14-ვე სასწავლებლის დირექტორმა და მათ შორის თქვენც აგვისტოს დასაწყისში იცოდით მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ

_ დიახ. მე შევხვდი კიდეც ბატონ დიმიტრის, ვისაუბრეთ ამ თემაზე. ბევრი ჩემი არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ გზით წასვლა, მან მიიღო და ერთობლივი კომისიის შექმნაზეც დამთანხმდა. მითხრა, რომ კომისიაში ქალბატონ ლალი ებანოიძეს ჩართავდა. 14-ვე სასწავლებელს ვეწვეოდით, გავეცნობოდით თითოეულის მდგომარეობას, შევხვდებოდით ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობას, რის საფუძველზეც დაიწერებოდა ერთობლივი დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას. როცა ქალბატონ ლალის დავურეკე, რათა კონკრეტული გადაწყვეტილება მიგვეღო, სად როდის წავიდოდით, მიპასუხა, რომ ახლა პანსიონატების ლიკვიდაციით არის დაკავებული და შემდეგ შვებულებაში გადის. არ ვიცი, მან არ შეასრულა მინისტრის დავალება თუ ასე იყვნენ მოლაპარაკებული, მაგრამ ჩემი და ბატონ დიმიტრის შეთანხმება კიდევ ერთხელ არ შესრულლდა.

ამის შემდეგ თავად შევისწავლე ადგილებზე ვითარება, ხელთა მაქვს გამგებლების, თუ საკრებულოს თავმჯდომარეების, რიგ შემთხვევებში დეპუტატების წერილები, სადაც მინისტრს პროფესიული სასწავლებლების  არსებობის აუცილებლობას უსაბუთებენ, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ მათ შენახვას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ შეძლებს და სახელმწიფოსგან ითხოვენ დახმარებას; გარდა ამისა მივმართე პარლამენტის თავმჯდომარესა და მის ყველა მოადგილეს. აი, მაგალითად, ბატონი ფრიდონ თოდუა მპასუხობს: `მიზანშეწონილად მიმაჩნია პროფესიული ცენტრების ლიკვიდაციის საკითხი შესწავლილ იქნას ადგილებზე განათლების სამინისტროსა და პროფესიული განათლების პროფკავშირის ერთობლივი კომისიის მიერ, რომლის მასალები გახდება საფუძველი აღნიშნული ორგანიზაციების შემდგომი ფუნქციონირების საკითხის გადაწყვეტისას~. დაახლოებით ამავე შინაარსისაა სხვა პასუხებიც.

ბატონო დენის, თქვენ მოინახულეთ ლიკვიდირებული სასწავლებლები. რამდენად შეესაბამება მათი მატერიალურ-ტეკნიკური ბაზა დღევანდელ მოთხოვნებს და შეიძლება თუ არა სწორედ ეს იყოს ლიკვიდაციის მოტივი?

_ ევროპული სტანდარტის მიხედვით, და ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, მარტო ეს არ განსაზღვრავს სასწავლებლის ყოფნა-არყოფნის საკითხს. `მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კონცეფცია~ მიუთითებს განათლების შესაძლებლობების შექმნის შესახებ საცხოვრებელ ადგილებთან სასწავლო დაწესებულებებისა და საკონსულტაციო პუნქტების ქსელის დახმარებითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. აქვე მითითებულია: `კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს ევროპის უმნიშვნელოვანეს სიმდიდრეს. ადგილობრივი თავისებურებებისა და ტრადიციების გათვალისწინებით, მათ შორის, განათლების სფეროში, ყველა ადგილობრივი ორგანოს ამოცანაა, ადამიანები არ იყვნენ იძულებულნი დატოვონ მშობლიური ქალაქი ან სოფელი ხარისხიანი განათლების მისაღებად~.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #700 ბრძანებით სწორედ ეს ერთ-ერთი უპირველესი უფლება დაირღვა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით არც ერთი სასწავლებელი არ იმსახურებდა ლიკვიდაციას. ბუნებრივია, ვითარება ერთნაირად კარგი ყველგან არ არის, მაგრამ არის სასწავლებლები, სადაც სწავლისთვის ყველა პირობაა. მაგალითად, კაზრეთის პროფესიული ცენტრი, თითქმის, 50 წელია ფუნქციონირებს და ძირითადად, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისთვის ამზადებს სპეციალისტებს. საწარმოში 40%-ზე მეტი სწორედ სასწავლებლის კურსდამთავრებული მუშაობს. ისეთი ბიბლიოთეკა აქვთ, ბევრ უნივერსიტეტს შეშურდება. ძალიან დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს რეგიონში; 120 განცხადება უკვე მიღებული ჰქონდათ, როცა დირექტორი სამინისტროში დაიბარეს და მიღება აუკრძალეს. . ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიულ ცენტრში 183 სტუდენტი ირიცხებოდა, ლიკვიდაციამდე, სექტემბრისთვის 250-მდე ახალი განცხადება უკვე ჰქონდათ  მიღებული. აქ 14 სპეციალობაში ამზადებდნენ ახალგაზრდებს; რუსთავის `იმედში~ 18 ჯგუფში 350 სტუდენტი სწავლობდა და 500-მდე ახალგაზრდას განცხადება ჰქონდა დაწერილი. ბევრ უმაღლეს დაწესებულებას არ ექნება ისეთი ქიმიის ლაბორატორია, როგორც ამ სასწავლებელს აქვს. აქ სხვა სპეციალობებსაც ასწავლიდნენ, მაგრამ ძირითადი აქცენტი მეტალურგიული ქარხნისთვის საჭირო სპეციალობებზე კეთდებოდა. ამ პროფილის კურსდამთავრებულები უპრობლემოდ ეწყობოდნენ ქარხანაში და 600-700-ლარიანი ანაზღაურება ჰქონდათ.

განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით გამოვყო წინამძღვრიანთკარის პროფესიული ცენტრი და ვთქვა, რომ ის მარტო სასწავლებელი კი არა, კულტურული ძეგლია, რომლის მოვლა-პატრონობა, შენახვა, შემდგომი განვითარებისათვის ზრუნვა არა თუ სახელმწიფოს, თითოეული ქართველის ვალია, რადგან იგი ორი დიდი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელებთანაა დაკავშირებული. სასწავლებელი 350 ბავშვზეა გათვლილი, აქვს სპორტული მოედნები, მის მფლობელობაშია 22 ჰექტარი მიწა, აქედან 8 ჰა სავარგულია, საფუძველი ჩაეყარა მესაქონლეობის განვითარებას, გეგმაში ჰქონდათ ფუტკრის მოშენება, დარგულია 4500 ძირი მუხა, 300 ძირი კაკალი, 80 ძირი პავლოვნია, ცაცხვი... ახალ სანერგეში ბევრი ევროპული ჯიშის მცენარესაც ახარებენ. აი, ასეთი სასწავლებლის 150 სტუდენტი და 40 თანამშრომელი (18 პედაგოგი) დღეს სრულიად სასოწარკვეთილი, გადარჩენის გზებს ეძებენ.

ალბათ სხვა ლიკვიდირებული სასწავლებლებიც ეძებენ რაღაც გამოსავალს, თუკი არსებობს ასეთი.

_ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია, სურვილი იყოს. დღეის მდგომარეობით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩადენილია სახელმწიფოებრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე, არა მარტო იმიტომ, რაც 14 სექტემბრის ბრძანებით მოხდა, არამედ ის გზა და მიმართულებაა არასწორი, რითაც პროფესიული განათლების სისტემა მიჰყავთ სრულიად არაკომპეტენტურ ადამიანებს. ერთი წელია, შექმნილია ეროვნული პროფესიული საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით და ერთი სხდომაც არ ჩატარებულა, შემუშავებულია პროფესიული განათლების განვითარების შუალედური სტრატეგია და აბსოლუტურად მიუღებელია დაუხვეწავი და შესაცვლელია თითქმის ყველა პუნქტი, დღემდე არც ერთ პროფესიაში არ არსებობს პროფესიული სტანდარტი, რომლის საფუძველზე შეიქმნებოდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. არადა ამის გარეშე კურსდამთავრებული დიპლომს ვერ მიიღებს, ეს ევროკავშირის მოთხოვნაა. სამწუხარო ისაა, რომ სამინისტროში დღეს არ არსებობს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.  მათ არ იციან ეს სისტემა, არასოდეს უმუშავიათ პროფესიული განათლების არც ერთ რგოლში, არც  თეორიული ცოდნა აქვთ და არც პრაქტიკული გამოცდილება. სამაგიეროდ, ასეთი ადამიანები გვყავს ჩვენ. ისინი ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. სამინისტრომ უნდა მიიღოს ეს ხალხი და გამოიყენოს მათი ცოდნაც და გამოცდილებაც. აი, მაშინ ნამდვილად იქნება შედეგი, თორემ თუ ევროკავშირის ექსპერტები სისტემაში შექმნილი დღევანდელი ვითარების მიხედვით გააკეთებენ დასკვნებს, დამერწმუნეთ, ჩვენთვის სამწუხაროდ, შესაძლებელია, დაფინანსება მაშინვე შეწყდეს, არადა  დარჩენილი 13 მილიონი ევრო ის თანხაა, რომლის მიზნობრივად დახარჯვის შემთხვევაში, ნამდვილად გახდება ჩვენი სისტემა ევროპული სტანდარტის შესაბამისი, რაც ამავდროულად ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასაც გულისხმობს.

ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალზე ნეგატიურია საზოგადოების დამოკიდებულება ამ სასწავლებლების ლიკვიდაციის გამო. როგორც ვიცი დარჩენილი 20 სასწავლებლის დირექტორებსაც, ამჯამად,  სამინისტროში იბარებენ და შტატების 20%-იან შემცირებებს ავალებენ. საკითხი თანდათან პოლიტიზირებული ხდება. თუ რაღაც არ შეიცვალა, ალბათ, ვითარება კიდევ გართულდება და ხელშემწყობი ისევ არაკომპეტენტურობა იქნება. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა გუშინწინდელმა პარლამენტის სხდომამ, როცა ერთ-ერთი  დეპუტატის მოთხოვნას. შეიქმნას სპეციალური კომისია საკითხის შესწავლისათვის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა, ამ სასწავლებლების მდგომარეობა შესწავლილია და ცვლილებები ოპტიმიზაციის ფარგლებში განხორციელდაო, თან დასძინა, ჩვენ კი არ ვამცირებთ, არამედ ახალ სასწავლებლებს ვაშენებთ ქობულეთში, კაჭრეთში და ფოთშიო. ამ პასუხის პირველი ნაწილი, უბრალოდ, ტყუილია, ხოლო ქობულეთში, კაჭრეთსა და ფოთში სასწავლებლები 30 წელზე მეტია არსებობს. შენებაში კი, ალბათ, იმას გულისხმობს, რომ ორ მათგანში სარემონტო და მიშენებითი სამუშაოები მიმდინარეობს, იგივე განხორციელდება ფოთშიც მომავალ წელს.

ასეთი მიდგომით საქმე უფრო გამწვავდება. განათლების სამინისტროსთან ერთად სასწრაფოდ უნდა მოინახოს გამოსავალი. პირველი ნაბიჯი კი მინისტრისა და ამ საქმის პროფესიონალების შეხვედრა და გულახდილი საუბარია. უფლება არ გვაქვს ახალგაზრდების ბედით მანიპულირების, ისედაც ბევრი ფუჭი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. სხვის მაგალითზე მაინც ვისწავლოთ, თორემ დიდი დრო არ დასჭირდება ახლა ჩადენილი შეცდომად, დანაშაულად ან სისულელედ მოინათლოს და მაშინ, ვინ იცის მერამდენედ მოგვიწევს ყველაფრის ახლიდან დაწყება. როგორც სოციალური პარტნიორი, მოვალე ვარ, მინისტრს სიმართლე ვუთხრა, რაოდენ მწარეც უნდა იყოს ის და ხელი შევუწყო სამართლიანობის აღდგენაში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კი ვალდებულია, მოუსმინოს ჩვენს არგუმენტებს, წინადადებებს და უზრუნველყოს პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელება ქვეყნის პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, რეგიონების მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით. მჯერა,  ჯერ კიდევ ყველა შესაძლებლობა ამოწურული არ არის.

ესაუბრა

ანა ფირცხალაიშვილი

 

25-28(942)N