2016-05-19 პროგრამა, რომელიც ევროპელ კოლეგებთან გვაახლოებს მერვე წელია, საქართველოში განათლების სპეციალისტთა განვითარების მიზნით შექმნილი პროგრამა „პესტალოცი“ ხორციელდება. ევროსაბჭოს მიერ შექმნილ პროგრამას ჩვენს ქვეყანაში კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევს და განათლების სპეციალისტებს, ყოველწლიურად, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს, რაც მთავარია, ქართველ მონაწილეებს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. კონკრეტულად პროგრამის რა აქტივობებში მონაწილეობს სამიზნე ჯგუფი, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოში პროგრამა „პესტალოცის“ კოორდინატორი ნინო მაისურაძე:
— რა არის „პესტალოცი“ და როგორია მისი მიზნები?
— პროგრამა „პესტალოცი“ განათლების დარგის პროფესიონალთა განვითარების მიზნით შეიქმნა და მას ევროსაბჭო, ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში, ახორციელებს. საქართველოში პროგრამას, 2009 წლიდან კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევს. პროგრამას საკმაოდ ფართო სამიზნე აუდიტორია ჰყავს, მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ მასწავლებლებს, არამედ ტრენერებს, ტრენერობის მსურველებს, შეიძლება ითქვას მთლიანად სასკოლო საზოგადოებას, განათლების საკითხებით დაინტერესებულ და სფეროში სხვადასხვა ფორმით ჩართულ პირებს. სამიზნე აუდიტორია თითოეული აქტივობის მიხედვით ინდივიდუალურად არის განსაზღვრული. რომელი სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ღონისძიების ორგანიზატორი ქვეყანა თავად აწესებს და უთითებს კალენდარში. ასე მაგალითად, თუ ერთი ღონისძიებისთვის, მაგ., ტრენერთა ტრენინგისთვის, მოითხოვება ტრენერობის გამოცდილების მქონე პირები, მეორე ღონისძიებისთვის შესაძლოა განისაზღვროს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებლობის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლები, ან სკოლის ფსიქოლოგები და სხვ. ამიტომ, აპლიკანტი დარეგისტრირებამდე ყურადღებით უნდა გაეცნოს მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ეს დამოკიდებულია თავად ღონისძიებაზე, სამიზნე აუდიტორიას განსაზღვრავს ის ქვეყანა, რომელიც, „პესტალოცის“ ფარგლებში, ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორია. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, სამიზნე ჯგუფის წევრები იყვნენ სპორტის მასწავლებლები, დირექტორები, სახელმძღვანელოებისა თუ ტრენინგმოდულების ავტორები და ა.შ.
პროგრამას, როგორც გითხარით, ევროსაბჭო ახორციელებს და, შესაბამისად, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ყოველი წლის ბოლოს დგება შემდეგი წლის სამოქმედო პროგრამა, სადაც მოცემულია ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები სთავაზობენ „პესტალოცის“ მონაწილეებს. საქართველო რამდენჯერმე იყო „პესტალოცის“ მასპინძელი ქვეყანა.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს. პროგრამაში ჩართულ პირებს საშუალება ეძლევათ, ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან საგანმანათლებო პროგრამების დასაგეგმად და განსახორციელებლად. პროგრამა განათლების სპეციალისტებს, ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას სთავაზობს.
მასწავლებელია მთავარი ხიდი მომავალ თაობებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის, სწორედ ამიტომ კეთდება აქცენტი მათ ინფორმირებულობაზე, რომ შეძლონ მოსწავლეებს განუვითარონ ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა: დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, ინტერკულტურული განათლება და სოციოკულტურული მრავალფეროვნება, ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია, მედიაწიგნიერება და სხვ.
— უფრო დეტალურად რა თემებს მოიცავს პროგრამა და რა აქტივობები ხორციელდება მის ფარგლებში?
— სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა სკოლებში, ადამიანთა უფლებების სწავლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, ინტერკულტურული განათლება და სოციოკულტურული მრავალფეროვნება, ისტორიის სწავლება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების სწავლება, ბავშვთა უფლებები, ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია, მედიაწიგნიერება და სხვ. — ეს „პესტალოცის“ ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ძირითადი თემატიკაა. როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა ამ თემებზე და როგორ განუვითარონ მოსწავლეებს უნარები ამ მიმართულებით, ამისთვის ტარდება ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პედაგოგები, დირექტორები და ზოგადად სასკოლო საზოგადოება მონაწილეობენ.
„პესტალოცი“, დღეისთვის, რამდენიმე ტიპის აქტივობას ახორცილებს, მათ შორის: ევროპული სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ; ტრენერთა ტრენინგები — გრძელვადიანი კურსი ტრენერებისთვის, რომელიც 18 თვე გრძელდება და ორი მოდულისგან შედგება და ძირითადად მოიცავს 5 ფაზას: დაგეგმვა და მომზადება (6-8 თვე), ა მოდულის შეხვედრაზე დასწრება (3-4 დღე), საკუთარი ტრენინგმოდულის შექმნა და პილოტირება (6-8 თვე, ონლაინრეჟიმში ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა), ბ მოდულის შეხვედრაზე დასწრება (3-4 დღე), ტრენინგმოდულის განახლება და რედაქტირება (2-3 თვე). პროგრამის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ უნდა გააკეთოს მის მიერ შემუშავებული და ჩატარებული ტრენინგმოდულის პრეზენტაცია.
„პესტალოცის“ ერთ-ერთი აქტივობა — საზაფხულო სკოლა ძალიან პოპულარულია ქართველ პედაგოგებში, ორგანიზებულია ბადვილდბადის აკადემიის — გერმანიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა 8 დღეა.
დისტანციური (ელექტრონული) ტრენინგკურსები (eTraining Courses) — „პესტალოცის“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ ტრენინგკურსებში. სწავლება მიმდინარეობს დისტანციურად.
ეროვნული სემინარები 1-3 დღე გრძელდება. მისი მიზანი „პესტალოცის“ პროგრამების შესახებ ინფორმაციის ეროვნულ დონეზე გავრცელებაა. ეროვნული სემინარები ჩვენთანაც ჩატარებულა ისევე, როგორც ევროპული სამუშაო შეხვედრები. ასეთ ფორმატში, „პესტალოცის“ ეგიდით, ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყოველწლიურად, ქართველ მასწავლებლებს, ქვეყნიდან გაუსვლელად, უცხოელი კოლეგების მრავალმხრივი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ეძლევათ. შარშან გვქონდა ევროპული სამუშაო შეხვედრა სქემასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს თემა ძალიან აქტუალურია.
წელს, „პესტალოცის“ ფარგლებში, საქართველოში სამუშაო შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა მასწავლებლები უწყვეტ რეჟიმში რეგისტრირდებიან და მიემგზავრებიან საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ახლახან ერთ-ერთი ასეთი აქტივობის რეგისტრაციის ვადა იწურებოდა და კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას „პესტალოცის“ პროგრამაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მონაწილეობის მსურველ პირს შესაძლებლობა აქვს, წლის დასაწყისშივე, შეარჩიოს მისთვის სასურველი აქტივობა და დარეგისტრირდეს ელექტრონულად.
— რა აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აქტივობაში ჩასართავად და არის თუ არა მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული?
— რაოდენობა, რასაკვირველია, განსაზღვრულია და ევროსაბჭოსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანახმად, წელიწადში, საშუალოდ, 10-12 პირის გაგზავნის შესაძლებლობა გვეძლევა. ხანდახან თემა იმდენად აქტუალურია, რომ ბევრი მსურველი რეგისტრირდება. აქაც გარკვეული შეზღუდვებია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, თითოეულ ღონისძიებაზე, მინიმუმ — 2, მაქსიმუმ კი 5 კანდიდატის წარდგენა შეუძლია, რომელთაგან, შემდეგ ორგანიზატორები თავად არჩევენ მონაწილეებს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, „პესტალოცის“ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ: საჯარო სკოლის მასწავლებლებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, დირექტორებს, განათლების სპეციალისტებს, მასწავლებელთა ტრენერებს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე სხვა პირებს, რომლებიც საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობენ იმ ენას, რომელზეც სასურველი აქტივობა წარიმართება. ევროსაბჭოს მიერ დადგენილია ენის კომპეტენცია — ბ 2 ან უფრო მაღალი.
მონაწილეობის მსურველი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, „პესტალოცის“ ვებგვერდზე ირჩევს მისთვის საინტერესო თემატიკას, რეგისტრირდება ელექტრონულად მითითებული ვადების მიხედვით. შერჩევის პირველ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობას კანდიდატს დამსაქმებელი აძლევს, რაც ელექტრონულად ხორციელდება, მაგალითად, მასწავლებლის შემთხვევაში — სკოლის დირექცია. შერჩევის მეორე ეტაპზე — „პესტალოცის“ კოორდინატორი კანდიდატს იმის მიხედვით განიხილავს, თუ როგორი სამოტივაციო წერილი აქვს ან როგორ შეესაბამება მისი კვალიფიკაცია განაცხადში მითითებულ კრიტერიუმებს. საბოლოოდ კი, კოორდინატორის მიერ შერჩეული კანდიდატების განაცხადები სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორ ქვეყანას გადაეგზავნება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
როგორც აღვნიშნე, ყველა აქტივობას თავისი სამიზნე აუდიტორია ჰყავს, თუ ერთი შეხვედრისთვის შეიძლება მხოლოდ ტრენერობის გამოცდილების მქონე კანდიდატები შეირჩნენ, მეორე ღონისძიებისთვის შეიძლება უპირატესობა მოქმედ მასწავლებლებს ან მასწავლებლობის მსურველ ახალგაზრდა კადრებს მიენიჭოს. ამიტომ ამ კრიტერიუმების მიხედვით შერჩევის მეორე ეტაპს ჩვენ ვახორციელებთ. საბოლოო გადაწყვეტილებას, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, ღონისძიების ორგანიზატორი მხარე იღებს, რის შესახებაც აცნობებს აპლიკანტს. შერჩევა ელექტრონულ ფორმატში და სატელეფონო საუბრით მიმდინარეობს.
შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე აპლიკანტი მიიღებს შეტყობინებას შერჩევის პროცესის შედეგების შესახებ, რათა დროულად დაიწყოს მგზავრობასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ევროსაბჭოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროგრამა „პესტალოცის“ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოა და ითვალისწინებს მგზავრობის, დაბინავებისა და კვების ხარჯის ანაზღაურებას. მონაწილე თავად ირჩევს და გეგმავს გამგზავრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ათანხმებს „პესტალოცის“ კოორდინატორთან. მონაწილემ შეიძლება თავად გაიღოს ხარჯი და, დაბრუნებისთანავე, მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ასანაზღაურებლად ან წინასწარ მოითხოვოს ეკონომიური ავიაბილეთის შეძენა.
— რა შედეგი მოგვცა რამდენიმეწლიანმა პროექტმა და რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა „პესტალოცის“ ღონისძიებებში?
— ევროსაბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, „პესტალოცის“ ფარგლებში, საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრებში (სამუშაო შეხვედრები, ტრენერთა ტრენინგები, საზაფხულო სკოლები და ა.შ), 2009 წლიდან, 65-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გაიზიარა უცხოელი კოლეგების გამოცდილება. საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში 35-მდე უცხოელ და 150-მდე საქართველოს მოქალაქე განათლების სპეციალისტს აქვს მონაწილეობა მიღებული.
— რა დოზით არიან ჩართული პროექტში რეგიონის მასწავლებლები და ზოგადად, როგორია „პესტალოცის“ მიმართ ინტერესი?
— პროგრამის მიზანი, როგორც აღვნიშნეთ, დემოკრატიული ღირებულებების სწავლების მასწავლებლებისთვის გაცნობა-გაზიარება, ახალგაზრდა თაობებისთვის სწორად მიწოდება, ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების სწორად გაგება და პრაქტიკაში დანერგვაა. პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და, შესაბამისად, მასში ჩართული არიან მონაწილეები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. ინტერესი, რასაკვირველია, დიდია, მაგრამ არსებობს შემაფერხებელი ფაქტორი — ენის ბარიერი. შეიძლება მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ უცხო ენის სათანადოდ არცოდნა პრობლემას უქმნიდეს. რომ არა ენის ბარიერი, ინტერესი გაცილებით დიდი იქნებოდა. თუმცა, ყურადსაღებია ისიც, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს, მხოლოდ ინგლისურის მასწავლებლებს შეუძლიათ „პესტალოცის“ ღონისძიებებში მონაწილეობა. ნებისმიერი საგნის მასწავლებელს — ქიმიის, მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა თუ სხვ. — შეუძლია მონაწილეობა, მთავარი მოთხოვნის გათვალისწინებით — უნდა ფლობდეს იმ ენას, რა ენაზეც ტარდება ღონისძიება და უნდა ჰქონდეს მყარი მოტივაცია. წელს, ენობრივი თვალსაზრისით, მრავალფეროვნებაა, რადგან ღონისძიებები, „პესტალოცის“ ეგიდით, დაგეგმილია ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. მათგან ერთ-ერთი, ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე შეხვედრა — „უწყვეტი პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე“ — მოლდოვაში ჩატარდება და თარგმანი რუსულ და ინგლისურ ენებზე იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, დარეგისტრირების ინტერესი, ვფიქრობ, უფრო მეტ მასწავლებელს გაუჩნდება.
— დაბოლოს, „პესტალოცის“ ღონისძიებებში მონაწილეობა აისახება თუ არა პედაგოგების კრედიტქულებზე?
— „პესტალოცის“ მონაწილეს გადაეცემა „პესტალოცის“ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია: ღონისძიების ფორმატი, თემატიკა, სამუშაო საათების რაოდენობა. მასწავლებელი, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სკოლის შიდა შეფასების ჯგუფს წარუდგენს სერტიფიკატს. ამის შემდეგ შეფასების ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭების შესახებ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|