გამოდის 1998 წლიდან
2010-10-27
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის რა ვასწავლოთ და როგორ

2010-11 სასწავლო წელს დაიწყო ახალი პროექტის `ინგლისური ენა პირველ კლასში~ პილოტირება. მოსამზადებელი პერიოდის სიმცირის მიუხედავად, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს ახალი სასწავლო გეგმა _ სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მომზადდა სახელმძღვანელო. პილოტირების პროცესის პარალელურად, საზოგადოებაში არ წყდება მსჯელობა იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია ადრეულ ასაკში უცხო ენის სწავლება და ხომ არ შეუშლის ეს ხელს მშობლიური ენის ათვისებას. ამ შეკითხვით მივმართეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამმართველოს უფროსს _ თამარ ჯაყელს და ამავე ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელს _ მარინა ჩხიკვაძეს. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს. მომავალში გავესაუბრებით იმ პედაგოგებს, ვინც პილოტირებულ სკოლებში, პირველ კლასებში ინგლისურ ენას ასწავლიან და მათგან მოვისმენთ, თუ როგორ ართმევენ თავს პირველკლასელები უცხოური ენის შესწავლას.
თამარ ჯაყელი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამმართველოს უფროსი, პროექტის კოორდინატორი:
აღსანიშნავია, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს უცხოური ენის ადრეული სწავლება შემაფერხებლად მოქმედებს მშობლიური ენის ათვისებაზე, 60-იან წლებამდე ჩამოყალიბდა და ღრმად გაიდგა ფესვები საზოგადოებრივ ცნობიერებაში. უკვე ორმოცი წელია, ევროპის, ამერიკისა და შუა აზიის მრავალ ქვეყანაში ტარდება მრავალმხრივი კვლევები სწავლის პროცესში მშობლიური და უცხოური (მეორე) ენის ურთიერთქმედების დასადგენად. ამ გამოკვლევათა შედეგები ერთხმად ადასტურებს საწინააღმდეგოს _ მშობლიური და უცხოური ენის სწავლება ორივე ენაში აუმჯობესებს შედეგებს. დავაზუსტებთ, რომ ამის აუცილებელი პირობაა პედაგოგიურად გამართული მიდგომების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოური ენის სწავლება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეხება.
ჩატარებული კვლევების ფონზე მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ლევ ვიგოტსკის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ენების ათვისებასთან დაკავშირებით. ვიგოტსკის მტკიცებით, მშობლიური ენის ათვისება და უცხოური ენის შესწავლისას მიმდინარე სიტყვიერი განვითარების პროცესები ერთსა და იმავე კლასს განეკუთვნება და, ამდენად, ეს პროცესები ურთიერთშემავსებელი და ურთთიერთგამამდიდრებელი პროცესებია, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარებას. მოზარდი აცნობიერებს ენობრივ ფორმებს, აკვირდება და ადარებს ერთმანეთს ენობრივ მექანიზმებს, უფრო გაცნობიერებულად იყენებს ენას, როგორც კომუნიკაციის ინსტრუმენტს.
რაც შეეხება ასაკს, მინდა გითხრათ, რომ უცხოური ენის სწავლება ნებისმიერი ასაკიდანაა შესაძლებელი. როცა უცხოური ენის სწავლებაზე ვსაუბრობთ, მთავარი კითხვაა არა _ როდის ვასწავლოთ, არამედ _ როდის რა ვასწავლოთ და როგორ ვასწავლოთ? მეთოდიკა და პედაგოგიური მიდგომები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც დაწყებითი საფეხურის მოწავლეებთან გვაქვს საქმე. არასწორმა მეთოდებმა შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიღოს. ძალიან ხშირად მომყავს დიმიტრი უზნაძის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ სწავლა-სწავლების პროცესი დამთრგუნველად იმოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე, თუ სწავლას მხოლოდ აღმზრდელის მიზნების მიხედვით წარვმართავთ და სათანადო ანგარიშს არ გავუწევთ მოზარდის შინაგან შესაძლებლობათა განვითარების დონეს. სწორედ ამ აზრით ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის რა ვასწავლოთ და როგორ. მეთოდიკა უნდა დაეფუძნოს სათანადო ფსიქოპედაგოგიურ პრინციპებს.
I კლასის ინგლისური ენის საგნობრივი პროგრამა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ითვალისწინებს პირველკლასელი მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს და შესაბამისად, მოთხოვნებიც მის შესაძლებლობებთანაა მისადაგებული. აქცენტი გადატანილია მოსმენის უნარის განვითარებაზე, ლექსიკური მარაგის დაგროვებაზე, ლექსების და სიმღერების დასწავლაზე და ფონოლოგიური უნარების განვითარებაზე. ფონოლოგიური უნარების ათვისება, ერთი მხრივ, სახალისო აქტივობებს უკავშირდება _ ბავშვებს ძალიან უყვართ ბგერებთან თამაში, მეორე მხრივ, მოსწავლეს ამზადებს კითხვის უნარის დასაუფლებლად. მართლაც, იმისთვის, რომ მოსწავლემ კითხვა ისწავლოს, პირველ რიგში, უნდა გაიგოს ანბანის პრინციპი; ანბანის პრინციპის გასაგებად კი მან ჯერ უნდა შეძლოს სიტყვის ხმოვან ხატში მარცვლების აღქმა, ზეპირ მარცვლებში _ ბგერების აღქმა, რომ შემდეგ შეძლოს სიტყვის გრაფიკული ხატის ერთეულების (ასოს, ასოთშენაერთის, მარცვლის) შესაბამის ხმოვან ერთეულებთან დაკავშირება. კითხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, პირველი ორი წლის განმავლობაში, უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის ორთოგრაფიული ხატის დამახსოვრებას და ამოცნობას პირდაპირი გზით, გაშიფვრის გარეშე. მოსწავლე იძენს ერთგვარ ლექსიკონს სიტყვათა ორთოგრაფიული ხატებისა, რომლებზე დაყრდნობითაც, მესამე კლასში თანდათანობით ისწავლის სიტყვების გაშიფვრას.
სიტყვის გაშიფვრა, ანუ ასოების ამოცნობა, მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან და ბგერების სიტყვად გაერთიანება _ ამაზე პირველკლასელი ინტენსიურად ვარჯიშობს ქართულ ენაზე და დაუშვებელია ინგლისურ ენაზეც პარალელურად დავაწყებინოთ იგივე, მით უმეტეს, რომ ინგლისურში გაცილებით უფრო რთულადაა საქმე, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ძალიან შორის წაგვიყვანს.
უცხოური ენის საგნობრივი პროგრამების მიხედვით კითხვისა და წერის უნარების სისტემური სწავლება მხოლოდ სწავლების მესამე წლიდან იწყება, მანამდე კი ხდება მოსწავლეთა მომზადება იმისთვის, რომ მათ უცხოურ ენაზე წერა-კითხვის სისტემური კურსი დაუბრკოლებლად დაძლიონ. პირველი კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები არც ენობრივ-კომუნიკაციური უნარების თვალსაზრისითაა მაღალი. მოგეხსენებათ, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ენას ნელა ითვისებენ. დავაზუსტებ, რომ უნდა გავმიჯნოთ ენის სწავლის ორი სრულიად განსხვავებული გზა და პირობა: ენის სწავლა ბუნებრივი გზით, როცა ბავშვი ცხოვრობს მშობლიური ენისაგან განსხვავებულ ენობრივ გარემოში და გაუცნობიერებლად ითვისებს მას. ასეთ შემთხვევაში, მოზარდი ენას სწრაფად ითვისებს, მაგრამ სულ სხვა ვითარებაა, როცა უცხოური ენის სწავლა სკოლის გარემოში მიმდინარეობს, როცა მოსწავლეს მხოლოდ გაკვეთილზე აქვს ამ ენასთან შეხება და ამავე დროს, მისი გამოყენების რეალურ საჭიროებას არ განიცდის.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საბაზო საფეხურზე სწავლების მეორე წელს, ანუ მერვე კლასში, ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციის თვალსაზრისით, ერთ დონეზე დგანან ის მოსწავლეები, რომლებიც დაწყებითი სკოლიდან სწავლობდნენ ენას და ისინი, რომლებმაც იმავე ენის სწავლა VII კლასიდან დაიწყეს. ამის მიზეზი ისაა, რომ 13-14 წლიდან მოსწავლეებს განვითარებული აქვთ ცნებითი, ანალიტიკური აზროვნება, რაც მძლავრი ინსტრუმენტია გრამატიკული სტრუქტურებისა და გრამატიკულ-ლოგიკური მიმართებების შესასწავლად. ამ უნარის ხელშეწყობით ისინი სწრაფი ტემპით იძენენ უცხოურ ენაზე ენობრივ-კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს ეს სააზროვნო უნარები ჯერ არ აქვს მომწიფებული, ამიტომაც ძალიან უჭირს გრამატიკული კანონზომიერების გააზრება, ენის ფორმალური ასპექტების გაანალიზება. სწორედ ამის გამოა, რომ დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლება გაცილებით უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მომდევნო საფეხურებზე.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე, ფუნქციურ-კომუნიკაციური ენის შესწავლის თვალსაზრისით, არ არის გამორჩეულად პროდუქტიული, სამაგიეროდ, მისი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია სხვა თვალსაზრისით, კერძოდ, ადრეულ ასაკში ენის სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის საერთო _ გონებრივ, ფსიქოემოციურ და სოციალურ განვითარებას; მოზარდი აღმოაჩენს ახალ სამყაროს, კულტურას, ვერბალურ ნიშანთა განსხვავებულ სისტემას, განსხავებულ ბგერებსა და ინტონაციებს და ეს ყველაფერი ამდიდრებს მის გამოცდილებას, აფართოებს მის თვალსაწიერს და ავითარებს მის ენობრივ ცნობიერებას.
მეთოდიკის გარდა, კიდევ ერთი მნშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს უცხოური ენის წარმატებულ სწავლას. ეს გახლავთ მოსწავლის განწყობა შესასწავლი ენის მიმართ. უარყოფითი განწყობის შემთხვევაში, ძალიან დაბალია სწავლის მოტივაცია, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახება სწავლის შედეგებზეც. ამ მხრივ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლე, რასაკვირველია, მშობლების სურვილისა და განწყობის ზეგავლენას განიცდის. მშობელთა უმრავლესობა კი, დღეს, მოწადინებულია, რომ ბავშვმა, თუნდაც ადრეულ ასაკში, ინგლისური ენა შეისწავლოს; ასე რომ, მოზარდები მაღალი მოტივაციით მოეკიდებიან ინგლისური ენის შესწავლას, რაც წარმატებული სწავლის ერთგვარი საწინდარია.
უცხოური ენის პირველი კლასის სტანდარტზე დაყრდნობით შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც უფასოდ დაურიგდათ საპილოტე სკოლებს, ანუ იმ სკოლებს, რომლებშიც მიმდინარეობს ამ პროექტის პილოტირება. ვიმედოვნებთ, ნორმალური შედეგი გვექნება.

მარინა ჩხიკვაძე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის კონსულტანტი:
წელს დაიწყო პროექტის `ინგლისური ენა პირველ კლასში~ პილოტირება. მოგეხსენებათ, იმაზე, თუ როდის დაიწყოს მოსწავლემ უცხო ენის შესწავლა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და, ტრადიციულად, ეს დავის საგანია. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ, რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებს ბავშვი უცხო ენის შესწავლას, მით უკეთესია. მას ერთი უპირატესობა აქვს _ მისი სამეტყველო აპარატი ძალიან მოქნილია და იოლად გამოთქვამს ახალ სიტყვებს. ინტონაციაც სწორად უყალიბდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, უმთავრესია, პედაგოგი მეტყველებდეს გამართულად და სწორი ინტონაციით. ახალ სამყაროსთან შეხება პატარებისთვის ყოველთვის სახალისო და საინტერესოა, კულტურის თვალსაზრისით კი _ სასარგებლო. პრობლემა ის არის, თუ რა გარემოში სწავლობენ ისინი უცხოურ ენას და მთავარი აქცენტი აქ მეთოდიკაზეა. თუ უცხოური ენის სწავლება მეთოდურად სწორად წარიმართა, შედეგიც კარგი იქნება. სასურველია, საათების რაოდენობა იყოს მეტი, მაგრამ ამ პირობებშიც შეიძლება იმ მიზნის მიღწევა, რასაც ჩვენი პირველი კლასის სტანდარტი ითვალისწინებს. ეს არ არის რთული პროცედურა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ მოსწავლემ პირველივე კლასიდან დაიწყოს წერა-კითხვის სისტემური შესწავლა, უბრალოდ _ ლექსიკური მარაგის შეძენა და გაღრმავება, რაც მას იმ სისტემური სწავლებისთვის მოამზადებს, რომელიც მესამე კლასიდან დაიწყება.
მასწავლებლის გზამკვლევში იმდენი გაკვეთილია აღწერილი, რამდენიც უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის განმავლობაში. პრაქტიკულად, ეს სასწავლო გეგმაა, შეთავაზებულია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის უცხო ენის სწავლების მეთოდიკა, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, რაც აგებულია აქტიურ ფიზიკურ დატვირთვაზე, გარდა ამისა, მოიცავს ასევე სიმღერებსა და იმ ვიზუალურ მასალას, რომლის გამოყენება სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია. სახელმძღვანელო დაეხმარება პირველკლასელს, რომ რასაც გაკვეთილზე მასწავლებელთან ერთად გაეცნობა, სახლში სურათებისა და ბარათების საშუალებით გაიხსენოს.
მოსწავლის წიგნი ძალიან კარგადაა შესრულებული, მაღალი ხარისხის ილუსტრაციებით. დასურათებულია და თითოეულ ნახატს სათანადო წარწერა ახლავს. წიგნის ბოლოს კი დართული აქვს ლოტო _ ცალკე სიტყვები, ცალკე _ ნახატები და მოსწავლემ თითოეული სიტყვა შესაბამის ნახატს უნდა დაუკავშიროს, არა იმ მიზნით, რომ ანბანი ისწავლოს და, შესაბამისად _ კითხვა, არამედ აღიქვას მთლიანობაში როგორც ფოტოსურათი. თუ მოსწავლე, მთელი წლის განმავლობაში კონკრეტულ სურათს კონკრეტულ წარწერას სწორად უკავშირებს, იოლად უნდა მოახდინოს მათი თანხვედრა. ასეთი ფორმითაა მოცემული წერა-კითხვა. თემატიკა შერჩეულია ისეთი, რომელსაც ბავშვი ყოველდღიურად ხედავს და ისმენს. ველოდებით, რომ შედეგი კარგი იქნება.
პროექტი სატრენინგო მოდულის შექმნასაც ითვალისწინებდა იმ მასწავლებლებისთვის (როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან), ვინც ამ პროექტის პილოტირებაში მიიღებდა მონაწილეობას. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრთან ერთად, ბაზალეთზე, ტრენინგი ჩაატარა. სახელმძღვანელოს ავტორებმა პედაგოგებს თავიანთი ნამუშევარი წარუდგინეს და პრაქტიკულადაც აჩვენეს, როგორ უნდა იმუშაონ პირველკლასელებთან. ასე რომ, სანამ სასწავლო წელი დაიწყებოდა, პედაგოგები საფუძვლიანად მოემზადნენ და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ბევრი მათგანი დამწყები მასწავლებელია, მათთვის ეს ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველ კლასში სწავლება ძალიან სპეციფიკურია და საგანმანათლებლო აქცენტებიც სხვადასხვაგვარია. როდესაც სტანდარტში არის მიმართულება _ წერა-კითხვა, ეს პედაგოგებში გარკვეულ შიშს იწვევს, ბევრს ჰგონია, რომ მოსწავლემ პირდაპირ უნდა დაიწყოს კითხვა. არადა, მნიშვნელოვანია, პირველკლასელმა ისწავლოს სიტყვის ვიზუალურად აღქმა მთლიანობაში. ვფიქრობთ, ეს მეთოდი გაამართლებს, თუმცა ჯერ შედეგებზე საუბარი ადრეა.
ამ სიახლის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო იყო. ამის მიუხედავად, დიდი სამუშაო შესრულდა _ სახელმძღვანელოს ავტორებმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დახმარებით, სერიოზულად იმუშავეს სახელმძღვანელოს შექმნაზე, ცენტრის თანამშრომლებმა კი _ სტანდარტზე. სახელმძღვანელოს ავტორები არიან: ქეთევან ჯაყელი, ნინო ხოსროშვილი, ნინო გურგენიძე. მათ გავლილი აქვთ ხარისხიანი ტრენინგები უცხოელ ექსპერტებთან, ასევე ადრეულ ასაკში სწავლების კურსები, ონლაინრეჟიმში. სახელმძღვანელო იმდენად ეფექტურია, რომ ბევრად გააიოლებს ამ სიახლის დანერგვას სკოლებში. იმედი გვაქვს, ოპტიმალურ შედეგს მივიღებთ.

ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N