2016-09-22 როგორ დავძლიოთ არაპროფესიონალიზმი ტოტალური რეპეტიტორობის ფონზე აგვისტოში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა 3464-მა მასაწავლებელმა ჩააბარა, რაც გაცილებით მცირეა ჩაჭრილთა რაოდენობაზე. დღევანდელი მონაცემებით, 25 ათას მასწავლებელს დადასტურებული აქვს საგნის კომპეტენცია, დაახლოებით ორი ამდენი მასწავლებელი კი ამას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სამი წელი დარჩა საგნის გამოცდის ჩასაბარებლად, სხვა შემთხვევაში მათ სკოლა ავტომატურად ხელშეკრულებას უწყვეტს. ეს ჩანაწერი, როგორც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე დღის წინ მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, მუქარის შემცველია და, დაახლოებით, ერთ თვეში სქემიდან გაქრება, მასწავლებლებს კი, გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში, სკოლა არსად არ გაუშვებს. გარდა ამისა, სქემაში სხვა ცვლილებებიც იგეგმება. უცვლელი რჩება რეალობა, რომელიც წელიწადში ორჯერ, გამოცდების შედეგების გახმოვანების შემდეგ, გვახსენებს ხოლმე თავს და ყველაზე მეტ აღშფოთებას თავად პედაგოგებში იწვევს. ნუ წაგვართმევთ ღირსებას! — ეს ერთ-ერთი პედაგოგის სიტყვებია, რომელიც რეალურად ისევე ასახავს გამოცდის ჩაჭრით განაწყენებული პედაგოგების განწყობას, როგორ გამოცდის შედეგების სტატისტიკა — რეალობას!
„axali ganaTleba“-ს დღევანდელი სტუმარი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა სწორედ ამ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე გვესაუბრება.
— ზაფხულში, მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე მიღებულმა შედეგებმა და გახმაურებულმა ციფრებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა და შეაშფოთა. როგორ ფიქრობთ, ასახავს თუ არა სტატისტიკა რეალობას?
— ივლისში ჩატარებული გამოცდის შედეგები ერთ-ერთი დეტალია მთლიანი პროცესისა, რომელიც მასწავლებლების სერტიფიცირების მიმართულებით მიმდინარეობს. ეს ერთი კონკრეტული ნაბიჯია, სადაც გარკვეული რაოდენობის მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, მასწავლებლობის მსურველებმა. დაწესებული კომპეტენციის ზღვარი მცირე ნაწილმა გადალახა, უმეტესობამ — ვერ. შედეგი კი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ერთ-ერთია ის, რომ მასწავლებლებს, რომელთაც შეეძლოთ ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დაძლევა, ეს უკვე გააკეთეს და ამ გამოცდებში აღარ მონაწილეობენ. შესაბამისად, დარჩენილია პედაგოგთა კრიტიკული მასა, რომლებსაც უჭირთ გამოცდის დაძლევა, მათი შედეგების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არც უნდა ველოდოთ, რადგან ტესტის სირთულე, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა და მხოლოდ რამდენჯერმე გასვლა აქ არაფერს შეცვლის — ვინც ვერ ჩააბარა გასულ წლებში, მას ახლაც უჭირს ზღვრის გადალახვა. ვფიქრობ, მხოლოდ კონკრეტული საგნის გამოცდის კონკრეტული შედეგი არ უნდა იყოს განსჯის საგანი, უფრო მეტად უნდა დავინტერესდეთ იმით, მთლიანობაში მასწავლებლების კოჰორტის რა ნაწილი ადასტურებს საგნის კომპეტენციას და რა ნაწილი ვერ ადასტურებს.
თუ ზოგადად მასწავლებლის პროფესიონალიზმის შეფასებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგნის კომპეტენციის დადასტურება ერთ-ერთი მაჩვენებელია და არა ერთადერთი. თუმცა, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი უმნიშვნელოვანესია და თან სავალდებულო. მასწავლებლის პროფესიონალიზმის შეფასებისას ასევე, უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ მუშაობს ის ბავშვებთან, როგორ შეუძლია მასალის გადაცემა, რა პედაგოგიურ მეთოდებს იცნობს და როგორ იყენებს მათ; როგორ თანამშრომლობს კოლეგებთან; როგორ ზრუნავს თვითგანვითარებაზე, რამდენად აქტიურად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში და ა.შ. თავისთავად, მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია იმ საგნის ცოდნა, რომელსაც ასწავლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დანარჩენი აზრს კარგავს. მარტივია, თუ მე არ ვიცი გამრავლების ტაბულა, მასწავლებლობისთვის აუცილებელი რაც უნდა კარგი თვისებები მქონდეს, საბოლოო ჯამში, გამრავლების ტაბულას მაინც ვერ შეგასწავლით. მეორე საკითხია, როცა ვიცი გამრავლების ტაბულა, მაგრამ ვარ მაგალითად ინტრავერტი, არ შემიძლია ცოდნის გადაცემა, ახსნა, ბავშვების დანახვაზე გული მისკდება ან, უბრალოდ, აგრესიული ვარ. ამიტომ ვამბობ, მასწავლებლის შესაფასებლად საგნის გამოცდა ერთ-ერთი კომპონენტია და არა ერთადერთი. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია გამოცდები მიმდინარეობს, მაინც გვრჩება მასწავლებლების დიდი რაოდენობა, ნახევარზე მეტი, რომლებსაც საგნების კომპეტენციები არ აქვთ დადასტურებული. ძალიან ბუნებრივია, ეს სისტემას აზიანებს, მათ შორის, თავად მასწავლებლებსაც და პროფესიის პრესტიჟსაც.
— რატომ ვიღებთ ასეთ შედეგებს, საგნის გამოცდა რთულია?
— ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ საგნობრივი გამოცდა რთული არ არის. იმასაც ვფიქრობ, რომ ამ გამოცდებში არის რთული კითხვები, მაგრამ მარტივი და საშუალო სირთულის კითხვები იმ რაოდენობითაა, რომ მასწავლებელმა, რომელიც სხვებს გადასცემს ცოდნას, თავად შეძლოს მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დაძლევა. ჩემი ღრმა რწმენით, რამდენიმე საგანში (ყველა საგანში, რა თქმა უნდა, არ ვარ კომპეტენტური) ნამდვილად არ არის ისეთი სირთულე, რომ მასწავლებელმა ვერ დაძლიოს. მსმენია იმის შესახებაც, რომ მაგალითად, ფიზიკაში ტესტი ამოცანებითაა გადატვირთული, რაც პრობლემას ქმნის დროში და ა.შ. მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ იქ, სადაც აპლიკანტთა 83 პროცენტი ვერ აბარებს, ტესტის პრობლემააო. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ხომ მასწავლებლების სტანდარტთან შესაბამისობას ვამოწმებთ. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ სტანდარტია მაღალი ან რომ ტესტი არ შეესაბამება სტანდარტს. ეს თუ ასეა, თავად მასწავლებლებსაც შეუძლიათ, გააკეთონ არგუმენტირებული ანალიზი და დაასაბუთონ, რომ ტესტებში კითხვების უმრავლესობა სტანდარტთან შესაბამისობაში არ არის, აქედან გამომდინარე, ეს მათ არც მოეთხოვებათ. ტესტები ღიაა, სტანდარტი საჯარო და ამის გაკეთება და საკუთარი სიმართლის დადასტურება პედაგოგებს თავადაც შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებ არგუმენტად ცალკეული დავალების სირთულეს. ერთ-ერთი დავალება, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რთული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტესტი მთლიანად რთულია.
ჩვენ, წლების განმავლობაში, პრობლემის იდენტიფიცირებას ვახდენთ, მაგრამ განზრახ ვხუჭავთ თვალს. პოლიტიკურ კონტექსტზე ვსაუბრობ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ამბობენ, რომ მასწავლებლებთან მიმართებაში პრობლემა არ გვაქვს. დღესაც იგივე რიტორიკა გვესმის, რომ ყველა მასწავლებელი ძალიან კარგია და პრობლემა სხვა რამეშია. კი ბატონო, პროფესიონალი მასწავლებელიც გვყავს და, თავისთავად, ყველა არ მოიაზრება იმაში, ვისზეც ახლა ვსაუბრობთ.
სახელმწიფომ უნდა აღიაროს პრობლემა, დასვას დიაგნოზი, რომ მერე მისი მკურნალობა დაინიშნოს. მაგრამ დიაგნოზის დასმამდე ვერ მივედით, რადგანაც სახელმწიფო არ აღიარებს, რომ რაღაც აწუხებს. როგორც კი არჩევნების პერიოდი მოდის, მაშინვე იწყება ასეთი რევერანსული პოლიტიკა. რატომღაც ავიწყდებათ, რომ სისტემა ემსახურება არა მასწავლებლებს, არამედ მოსწავლეებს. ამიტომაც სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსწავლეების ინტერესები და არა პირიქით — ვინც სისტემას ემსახურება, იმათი ინტერესების დაცვის ხარჯზე დავაზიანოთ მოსწავლეთა ინტერესები.
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ გვყავს მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა (და, სამწუხაროდ, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა), რომლებიც დროთა განმავლობაში საჭიროებენ ჩანაცვლებას. ეს თუ არ ვთქვით, პრობლემის მოგვარება ვერ დაიწყება, ეს ცალსახაა. პრობლემების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც უნდა ჩანაცვლდნენ და ასევე გამოიყოს ის ჯგუფი, რომელთა მხარდაჭერა და კვალიფიკაციის ამაღლება არის შესაძლებელი. ამის შემდეგ, უკვე იდენტიფიცირებული პრობლემების მაქსიმალური გათვალისწინებით, აქცენტი მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე უნდა გაკეთდეს. პარალელურ რეჟიმში, ხელფასის ზრდასთან (ხელფასი აუცილებლად კომპეტენციას უნდა შეესაბამებოდეს. არ შეიძლება, მაგალითად, სამეცნიერო ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ მუშაკი და პრაქტიკანტი ერთნაირ გასამრჯელოს იღებდეს — მაღალი კომპეტენციები მაღალ ანაზღაურებას საჭიროებს) ერთად, გაძლიერდეს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და მისი პრესტიჟის ამაღლებისათვის დაიგეგმოს მასშტაბური და თანმიმდევრული საინფორმაციო კამპანია. დროთა განმავლობაში სახელმწიფო ჩანაცვლების პოლიტიკაზე უნდა გადავიდეს და არა შენარჩუნების, როგორიც ახლაა. ჩვენ გვეუბნებიან: რომელი მასწავლებელიც სამ წელიწადში ამას ვერ გააკეთებს, წავა სკოლიდან. მერე მოახლოვდება არჩევნები და მასწავლებლებს ეტყვიან: კომპეტენტურები ხართ და არსად არ წახვალთო. მესმის, რომ შესაძლოა ამდენი შემცვლელი კადრი ერთდროულად ვერც მოიძებნოს ქვეყანაში, მაგრამ ისინი დროებით მოვალეობის შემსრულებლები უნდა გახდნენ და სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ, ეროვნულ სასწავლო დეპარტამენტთან ერთად, რესურსცენტრების უშუალო დახმარებით, დეტალური ინსტრუქციები მიაწოდონ ასეთ მასწავლებლებს, როგორ ჩაატარონ გაკვეთილები. ასევე აუცილებელია, ის მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, და კარგად ატარებენ გაკვეთილებს, იყვნენ მეტად დაფასებულნი და დატვირთულნი, ვიდრე ის მასწავლებლები, რომლებსაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ აქვთ დაძლეული.
— როგორ მივიზიდოთ ახალგაზრდა კადრები და ფიქრობთ თუ არა, რომ პროფესიაში შესვლა გართულებულია?
— ვინაიდან დღეს, რეალურად ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტია (ამას ვერავინ უარყოფს. ბოლოსდაბოლოს ვიცით საერთაშორისო კვლევებში მოსწავლეთა ცუდი შედეგებიც, რომელშიც ყველაზე დიდი წილი მასწავლებლის „დამსახურებაა“), ვფიქრობ, კიდევ დამატებით ბარიერებს ვქმნით იმისთვის, რომ სკოლაში ახალგაზრდა კადრი მოვიდეს. სინამდვილეში, პირიქით უნდა იყოს. მესმის, რომ მასწავლებლობა რეგულირებადი პროფესიაა, ისე როგორც ექიმის, მაგრამ სკოლები მაქსიმალურად ღია და მიმზიდველი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის. მათ ბარიერი კი არ უნდა შევუქმნათ, არამედ როგორღაც შევიტყუოთ სკოლაში და მერე მოვთხოვოთ კრედიტების დაგროვება თუ გარკვეული აქტივობების შესრულება. თავიდან მას ერქვას მაძიებელი, როგორც ადრე იყო, ჰქონდეს უფრო ნაკლები ხელფასი, იყოს დაკვირვების ქვეშ, შევუშვათ იქ, სადაც გაკვეთილი ცდება და ამ ყველაფრის პარალელურად, ვუთხრათ, რომ თეორიული ცოდნა გაიღრმავოს. ახალგაზრდა მასწავლებელს მხოლოდ სასკოლო გარემოს გაცნობის შემდეგ შეიძლება მოუნდეს პროფესიაში დარჩენა. მეც ასე ვიყავი. პირველად, მე-6 სკოლაში მივედი, პირდაპირ გაკვეთილზე კი არ შემიშვეს, იმ გაკვეთილს ვატარებდი, რომელიც ცდებოდა. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე გარემოს, ბავშვებთან და კოლეგებთან ურთიერთობას, მომეწონა ეს ყველაფერი და ისე „მოვიწამლე“ სკოლით, რომ გადავწყვიტე მაგისტრატურაში განათლების მიმართულებით ჩამებარებინა. რაც მთავარია, სკოლაში მუშაობის პერიოდში სხვაგან მუშაობის საშუალებაც მქონდა. ახლა პირიქით ხდება — ახალგაზრდას ეუბნებიან, რომ სკოლაში შესვლამდე, ჯერ „ნორმატივს“ შეასრულებ და თუ ამას წარმატებით შეძლებ, მერე შეგიშვებ სკოლაში. ეს მაშინ, როცა მას წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება, დარწმუნებულიც არ არის ნამდვილად უნდა თუ არა იქ მუშაობა. ამიტომ ვამბობ, რომ უმჯობესია უფრო იოლად შევიდეს სკოლაში და მერე გზადაგზა ააკრეფინო უნარები თუ თეორიული ცოდნა.
ჩემი სტუდენტები, რომლებიც მაგისტრატურაში განათლების მართვაზე სწავლობენ, სუპერმარკეტებში არიან დასაქმებული კონსულტანტებად ან სხვა მსგავს სამსახურებში. პროფესიით იშვიათად თუ ვინმე მუშაობს, რადგან სკოლებში გარკვეული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ შედიან. სკოლა მათ არ ეძახის. შემდეგ, როცა ამთავრებენ მაგისტრატურას, ისევ კრედიტ-ოფიცრებად, მოლარე ოპერატორებად აგრძელებენ მუშაობას. არადა, ადამიანების ნაწილს, რომლებიც აქ ქირით ცხოვრობენ, ურჩევნიათ თავიანთ სოფლებში დაბრუნდნენ და დასაქმდნენ სკოლაში. ამის შემდეგ კი, პარალელურ რეჟიმში, შეიძლება მოსთხოვო, დაადასტურონ კომპეტენციები ან განავითარონ ისინი.
— ხედავთ თუ არა ბმას მასწავლებელთა გამოცდების შედეგებსა და კიდევ უფრო მომძლავრებულ რეპეტიტორობის ინსტიტუტს შორის, ანუ ფიქრობთ თუ არა, რომ არაკვალიფიციურ პედაგოგს მშობელი არ ენდობა და ის რეპეტიტორთან მიჰყავს? თქვენ მიერ განხორციელებული კვლევების მიხედვით, რა არის ასე მომძლავრებული რეპეტიტორობის ძირითადი მიზეზები?
— რეპეტიტორობა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არაა დამახასიათებელი, უბრალოდ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ტოტალურია. ამას ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის — განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის — მიერ ჩატარებული რამდენიმე კვლევა — „კერძო რეპეტიტორობის ფენომენი საქართველოში“.
ჩვენს ქვეყანაში, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, საშუალო შეძლების მქონე ოჯახებიდან, მასობრივად ემზადებიან რეპეტიტორებთან. კვლევა კატის გამოცდებამდე ჩატარდა, რის შემდეგაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. რეპეტიტორობა სხვადასხვა საფეხურზე გვხვდება და სხვადასხვა მიზეზი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ რეპეტიტორობაზე 100-პროცენტიანი მოთხოვნაა იმიტომ, რომ იმ ოჯახების უმრავლესობა, როლებიც ვერ ამზადებენ ბავშვებს რეპეტიტორთან, დამატებით კითხვაზე — საშუალება რომ გქონდეთ, მოამზადებდით თუ არა შვილს რეპეტიტორთან? პასუხობენ — რა თქმა უნდა, მოვამზადებდით. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ ამზადებენ შვილებს რეპეტიტორებთან, ფინანსური პრობლემაა ან, რიგ შემთხვევებში, უბრალოდ, არ არის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით რაიონებში, სადაც არ ჰყავთ რეპეტიტორი.
მიზეზი, თავისთავად, გამოცდებისთვის მზადების დამახინჯებული ტრადიციული კულტურაა. არც გამოცდებისთვის მზადებაა მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, დამახინჯებული ფორმა შეიძინა. წლების წინ ნასწავლის გამეორება, თავისთავად, ნორმალურია, მაგრამ კონკრეტულად რაღაც ტესტისთვის მომზადება, როგორც საქართველოში ხდება, არანორმალურია — ოღონდ „ტესტი ჩავაბარო“ პრინციპით. როგორც კი ტესტზე ორიენტირებულობაზე გადავდივართ, განათლების არსს საერთოდ ვცდებით, მეტიც, განათლების მიღებისა და შემეცნების პროცესი იქ მთავრდება, რადგან გარკვეული დროის მონაკვეთში ვცდილობთ კონკრეტული ინფორმაციის დამახსოვრებას კონკრეტული მიზნისთვის და ამ მიზნის მიღწევისთანავე, ეს ამბავი მთავრდება, ინფორმაცია ქრება და არანაირ გავლენას ვინმეს განვითარებაზე, არსებითად, არ ახდენს. სხვა საკითხია, როცა რეპეტიტორთან ემზადები, ცოდნას იღრმავებ, რაღაცებს იხსენებ ან აანალიზებ.
რაც შეეხება მიზეზებს, რატომ ემზადებიან რეპეტიტორებთან, ეს, ერთი მხრივ, ტესტების პრობლემაა, მეორე მხრივ — მრავალრიცხოვანი კლასების, რომლის გამო მასწავლებელი ვერ ახერხებს მოსწავლისთვის საჭირო ცოდნის მიცემას ან, უბრალოდ, არ აქვს სათანადო კომპეტენცია, ინდივიდუალურად განსაზღვროს მოსწავლეთა საჭიროებები. არსებობს მესამე მიზეზიც — რიგ შემთხვევებში მასწავლებელს არ აქვს სათანადო კომპეტენცია საგანთან მიმართებაში ან არ აქვს შესაბამისი პედაგოგიური უნარი და, შესაბამისად, უჭირს მოსწავლისთვის ცოდნის მიწოდება. ეს, რაც შეეხება დამამთავრებელ კლასებს, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ვიცით, რეპეტიტორობა საკმაოდ გავრცელებულია დაწყებით საფეხურზეც. დაწყებით კლასებში ეს პრობლემა, ზემოხსენებულ ბოლო ორ მიზეზთან ერთად, ცალსახად კავშირშია კულტურულ თავისებურებებთან, ქართველი „მშობლის ფენომენი“ — არიქა, დამატებით მოვამზადებ იმისთვის, რომ კლასში უფრო კარგად გამოჩნდეს, პირველი იყოს და ა.შ. კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მშობლები ვერ ახერხებენ, ორგანიზებულ გარემოში მოაქციონ შვილები, რომ იმეცადინონ. ამიტომ ურჩევნიათ, რეპეტიტორი აიყვანონ, რომელიც სასწავლო-სამეცადინო გარემოს შეუქმნის მათ შვილს.
პრობლემა ისიცაა, რომ ზოგიერთ პრესტიჟულ სკოლაში გამოაცხადეს, რომ სწავლება გაძლიერებულია. მაგალითად, მათემატიკასა და ფიზიკაში. და ეს გაძლიერებული სწავლება იცით რაში გამოიხატება? რაც შეიძლება ბევრ მასალას აძლევენ სამეცადინოდ, იმდენად ბევრს, რომ მოსწავლეები დამოუკიდებლად ვერ ძლევენ. ამიტომ იძულებული არიან დამატებით იარონ მასწავლებლებთან — რეპეტიტორებთან. ჩემი აზრით, გაძლიერებული სწავლება იმას ნიშნავს, რომ უფრო კარგად აუხსნა და ინტენსიურად იმუშაო მოსწავლეებთან, ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენო თითოეულ მათგანზე, შეამცირო კლასებში მოსწავლეების რაოდენობა და ა.შ. აბა, ნახეთ, ვისთან ემზადებიან კომაროველი ბავშვები? იმავე მასწავლებელთან, ვინც სკოლაში ასწავლით და, რაც მთავარია, გაიგეთ რა ღირს მომზადება? ეს, უბრალოდ, არ შეიძლება. ამის შემდეგ, სკოლამ მოსწავლეთა კარგი შედეგებით იამაყოს და ჩვენც ვაქოთ და ვადიდოთ, რომ მაგარი სკოლაა, არაობიექტურია. სკოლა აქ არაფერ შუაშია, მშობლებმა ამ შედეგების მისაღებად დიდი თანხა გაიღეს რეპეტიტორებისთვის.
— რას ფიქრობთ შეფასების სისტემაზე?
— როგორც აღმოჩნდა, სკოლის შიდა შეფასებები არ ემთხვევა ცენტრალიზებულ შეფასებას. ადრე, სკოლები თავად ატარებდნენ გამოსაშვებ გამოცდებს, შემდეგ ამას ნაეკი აკეთებდა. როგორც კი საატესტატო გამოცდების ჩატარება ე.წ. კატის სახით დაიწყო, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნაწილი ვერ აბარებს გამოცდებს. ადრე რომ 100 პროცენტი აბარებდა, ეს მაჩვენებელი შეიცვალა. მასწავლებელს ბავშვი კლასიდან კლასში გადაჰყავს არა ობიექტური შეფასების შედეგების მიხედვით, არამედ დამოკიდებულებით — აბა, კლასში ხომ არ ჩავტოვებ ან ნიშანს ხომ არ გავუფუჭებ?! ასე მიდის მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ დამამთავრებელ კლასამდე და ბოლოს, დამამთავრებელ კლასში, აღმოჩნდება, რომ არაფერიც არ იცის და ჩნდება შიში, საატესტატო გამოცდას ვერ ჩააბარებს, ანუ მინიმალურ ზღვარსაც ვერ გადალახავს. ამიტომაც სასწრაფოდ იწყება ფაცი-ფუცი და რეპეტიტორების ძებნა, მოსწავლე ყველა საგანში ემზადება, რომ ატესტატი აიღოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სახელმწიფო და სკოლა მოსწავლეს, რეალურად, ბოლოში აფასებს და წლების განმავლობაში არ კითხულობს, როგორ სწავლობს და გადადის კლასიდან კლასში. ოჯახიც იძულებულია, მოამზადოს შვილი 8 საგანში, რომ მან შეძლოს სკოლის დამთავრების დამადასტურებელი საბუთი — ატესტატი აიღოს. პრობლემა ქართველი მშობლის მენტალობაშიცაა, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, მისთვის მთავარია ნიშანი. თუ მის შვილს ათიანს დაუწერს მასწავლებელი, ის ამით ბედნიერია და ნაკლებად აინტერესებს რეალობა, რომ მისი შვილის ცოდნა გაცილებით დაბალია. ამით გამოდის, რომ მშობლები თავისივე ძალისხმევით ცდილობენ ლამაზად შეფუთული ცუდი საქონელი იყიდონ.
სკოლა, არაკვალიფიციური მასწავლებელი, სკოლის შიდა კულტურა, როგორც მიმდინარე, ისე ცენტრალიზებული შეფასებების სისტემების გაუმართაობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციები და კულტურა, მშობლების მოუცლელობა — ამ ყველაფრის ერთობლიობა არის მიზეზი ტოტალური რეპეტიტორობის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო იდგამს ფესვებს.
— ახდენს თუ არა გავლენას მშობელზე, სკოლის არჩევისას, მასწავლებელთა საატესტატო გამოცდების შედგები?
— როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, უმეტეს წილად, მასწავლებლების კვალიფიკაციის შესახებ მშობლები არც ინტერესდებიან. მეტწილად ისინი სკოლებს არჩევენ ზედაპირულად, იმის მიხედვით, ვის ურჩევენ მეგობრების წრეში. ხშირად მეც მირეკავენ და მეკითხებიან, რომელი სკოლაა კარგი. აბა, მე რა ვიცი მისთვის რომელი სკოლაა კარგი და, საერთოდ, რას ანიჭებს უპირატესობას და რას ეძახის კარგ სკოლას. უფრო ხშირად კითხულობენ დაწყებითების მასწავლებლებს. მაგრამ, ზოგადად, სკოლის მიმართ მოთხოვნა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ ისიცაა, რომ გვგონია, საჯარო სკოლა უფასოა და ამიტომაც მოთხოვნებიც ნაკლები უნდა იყოს. კერძო სკოლებში, ამ მხრივ, მშობლები უფრო გააქტიურდნენ, ანუ რადგანაც საჯარო სკოლაში თავისი ხელით არ მიაქვს მშობელს ფული გადასახდელად, ფიქრობს, რომ სწავლა უფასოა. არადა, უფასო არ არის, სახელმწიფო უხდის მის შვილს თანხას, რომ ისწავლოს. ასეთი იდეაც კი მქონდა, რომ მივცეთ ვაუჩერს მატერიალიზებული სახე და დავურიგოთ მშობლებს, რომ წელიწადში ერთხელ თავისი ხელით მიიტანონ სკოლაში. დამერწმუნეთ, ამით გავზრდით მშობლის მოთხოვნებს მასწავლებლისა და სკოლის მიმართ და გავუჩენთ მეტ დაინტერესებას.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ადამიანები, ვერ აცნობიერებენ, რომ მათი შვილებისთვის და ოჯახებისთვის ელევაციის, სოციალურად ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ საფეხურზე ტრანზიციის ერთადერთი საშუალება, რომელსაც რაიმე დამატებითი ფინანსური ინვესტიციები არ სჭირდება, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო აკეთებს — განათლების მიღებაა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არც სახელმწიფო აკეთებს აქცენტს საზოგადოების ინფორმირების ხარისხის ზრდაზე.
— თქვენი აზრით, როგორია დირექტორების პასუხისმგებლობა და წილი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში?
— დღეს დირექტორები შავ დღეში არიან, მათი ერთადერთი სატკივარი ისაა, რომ აუდიტი არ მოვიდეს და შესყიდვებში რაიმე ფინანსური დარღვევა არ აღმოუჩინოს. მაგალითად, არასწორად ნაყიდი ცოცხი, ცარცი ან შუშა. ამასობაში კი ყველაზე მთავარი მიღმა რჩება — დირექტორები, როგორც საგანმანათლებლო ლიდერები, ვეღარ პოზიციონირებენ. მათი რუტინული სამსახური იმდენად დატვირთულია, რომ, ფაქტობრივად, საგანმანათლებლო პროცესის გაძღოლისთვის დრო და ენერგია აღარ რჩებათ. პრინციპში, ამის მოტივაციაც დაბალია, რადგან მათ არავინ ეკითხება, როგორ ასწავლიან მათი მასწავლებლები.
მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ დღეს სკოლები ან მასწავლებლები მოსწავლეთა შედეგებით შეფასდნენ. ამის მიზეზებზე ბევრი ვისაუბრე და გამოიკვეთა, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი მასწავლებლის მოსწავლეს, რეპეტიტორის დამსახურებით, შეიძლება ყველაზე კარგი შედეგები ჰქონდეს, ასევეა სკოლაც — საუკეთესო შედეგები შეიძლება აჩვენოს ისეთმა სკოლებმაც, რომლებიც მოსწავლეებს მხოლოდ თავშესაფრად აქვთ ქცეული, თითქმის არ დადიან, რადგან, დროს რეპეტიტორებისთვის ზოგავენ. ასეთმა სკოლებმა შეიძლება ყველაზე კარგი შედეგები აჩვენონ. ამიტომ უნდა შემუშავდეს დირექტორების მოტივაციის სისტემა. მაგალითად, მასწავლებელს, რომელსაც მივცემთ ვაუჩერს ტრენინგებისთვის და ის ტრენინგზე მაღალ შედეგებს აჩვენებს, ამ ვაუჩერიდან დირექტორს, წახალისების მიზნით, მიზერული — 5 პროცენტი — მივცეთ. თავისი სკოლის მასწავლებლის წარმატებისთვის მიღებული მცირე თანხა, დამერწმუნეთ, დირექტორის მოტივაციას გაზრდის და ის შეეცდება, რაც შეიძლება მეტი წარმატებული პედაგოგი ჰყავდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემდეგ დირექტორს მოვთხოვოთ ანგარიშგება, მაგალითად, რა გააკეთა სკოლამ სამოქალაქო განათლების მიმართულებით. ამის შემდეგ ის ვეღარ დანიშნავს სამოქალაქო განათლების მასწავლებლად ადამიანს მხოლოდ იმ კრიტერიუმით, რომ მისი მამიდაშვილია, რადგან, პირველ რიგში, თვითონ ჩაფლავდება.
დღეს სკოლაში ანგარიშვალდებულების და მოტივაციის ასეთი სისტემები უნდა განვავითაროთ, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა. სკოლა, იცით, რას დაემსგავსა? რაღაც შენობას, სადაც ვიღაცები შევლენ, კარს შეიკეტავენ და იქ რა ხდება, ვინ რას აკეთებს და როგორ, მთელი წლის განმავლობაში, არავინ აფასებს. არავინ არავის მიმართ ვალდებული არ არის, ერთადერთი, მთავარია, ფული არ დახარჯონ არამიზნობრივად, არასწორად.
ჩვენ გვინდა, რომ დამოუკიდებელი მოქალაქეები აღვზარდოთ, მაგრამ ამისთვის მასწავლებელთან საკლასო ოთახში კაციშვილს არ შეუხედავს. სულ რამდენიმე წელია, რაც მასწავლებლებს მოვთხოვეთ, რომ მათემატიკას თუ ასწავლი, დაგვიდასტურე, რომ მათემატიკა იცი. ამაზე კი ისეთი ამბავი ატყდა, რომ ქვეყანა დაიქცა, ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებენო. არადა, მასწავლებელი პირველი უნდა ადასტურებდეს საგნის ცოდნას. მასწავლებლებმა კი, ეს პრესტიჟის შელახვად მიიღეს და ბრაზობენ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს სულაც არ არის პრესტიჟის შელახვა. მე თვითონაც მასწავლებელი ვარ და ძალიან მიყვარს ის პედაგოგი, ვინც მართლა მასწავლებელია. ვერც ერთ ადამიანს, რომელსაც თავშესაფრად აქვს ქცეული ეს პროფესია და ბავშვების დამახინჯებითაა დაკავებული, ვერ დავუძახებ მასწავლებელს და ვერც ლოიალური და ლმობიერი ვიქნები მის მიმართ. ეს ცალსახაა. რაც მთავარია, მასწავლებლის რეპუტაციას ვერც გამოქვეყნებული რეიტინგები და გამოცდაზე ჩაჭრილთა პროცენტები, ვერც ჩემნაირი ადამიანების საუბარი ვერ შელახავს, მათ პრესტიჟს, ყველაზე მეტად ჩრდილს თვითონ ის მასწავლებლები აყენებენ, რომლებიც თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებენ. არაკვალიფიციური მასწავლებლის შესახებ სკოლიდან ამბის გამომტანი ნახევარი მილიონი მოსწავლეა, ჩემნაირი ადამიანი კი რამდენიმეა. ამიტომ, თვითონ პროფესიონალმა მასწავლებლებმა უნდა ამოიღონ ხმა, მოითხოვონ არაპროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლება და ჩემზე კი არ უნდა გაბრაზდნენ, არამედ სწორედაც იმ კოლეგებზე, რომლებიც მათ ჩრდილს აყენებენ.
— მოგწონთ თუ არა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი სქემა?
— სქემის იდეა, ზოგადად მომწონს. მასწავლებლებმა საქმით, ცოდნით უნდა დაადასტურონ თავიანთი კვალიფიკაცია. სქემა პილოტირების რეჟიმში იყო და, თავისთავად, მუშაობის პროცესში გამოჩნდა ხარვეზებიც, უფრო მეტად დასახვეწია. მაგალითად, ჩემი აზრით, არ არის სამართლიანი, დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი რომ მისცეს. შესაძლოა, ადამიანს შამქორის ბრძოლის სტრატეგიებში წარმატებით ჰქონდეს დაცული დისერტაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი კარგი პედაგოგია და იმ მასწავლებელზე უკეთესია, ვისაც დისერტაცია არ აქვს დაცული, მაგრამ წლების განმავლობაში მუშაობს სკოლაში. სკოლის შიგნით უფრო კარგად ჩანს და თავად მასწავლებლებმა იციან, ვინ არის კარგი მასწავლებელი. ჩემს სკოლაშიც ასწავლიდნენ ხარისხის მქონე მასწავლებლები, ხშირად, მათ გაკვეთილებზე ყირაზე იდგნენ მოსწავლეები და კლასის მართვასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად იმ მასწავლებლებს ეძახდნენ, ვისაც ხარისხი არ ჰქონდათ, მაგრამ გაცილებით უკეთ ფლობდნენ პედაგოგის უნარებს და მათგან განსხვავებით, ძალიან მარტივად აგვარებდნენ მსგავს პრობლემებს. ამიტომაც ვამბობ, რომ მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი პედაგოგიკის ცოდნაა. მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით გაკვეთილის ჩატარება არ მიმაჩნია სწორად. მასწავლებელი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს სწავლების პედაგოგიურ მეთოდებში, იმაში, თუ როგორ მართოს კლასი, შეეძლოს კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება, მოსწავლესთან მუშაობდეს ინდივიდუალური მიდგომებით და ა.შ. არ ვამბობ, რომ მას აუცილებლად თეორიების სიღრმისეული ცოდნა მოვთხოვოთ, მაგრამ ელემენტარული პრაქტიკული საკითხები უნდა ესმოდეს. რასაკვირველია, მასწავლებლის შეფასებისას პირველ ადგილს საგნის ცოდნა იკავებს, ეს აუცილებელი პირობაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მისი მოქმედების შეფასება გაკვეთილზე.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|