გამოდის 1998 წლიდან
2010-10-27
რეკომენდაციები სააღმზრდელო პროცესის გასაუმჯობესებლად

გვესაუბრება სკოლამდელთა განათლების ინიციატივების
მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი ანა ჯანელიძე
სკოლამდელთა განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ფინანსდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.
სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის დაწყებამდე შეიქმნა `ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლებისა და განვითარების სტანდარტი~, რომელიც მოიცავს ბავშვის განვითარების ეტაპებს 0-დან 6 წლამდე. იქ გაწერილია კონკრეტული ინდიკატორები, რა უნარებს უნდა ფლობდეს ამ ასაკის ბავშვი, ასევე კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები აღმზრდელთათვის, ამ შედეგს რომ მიაღწიონ. ეს სახელმძღვანელო, ისევე როგორც მეორე _ `სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემო~ უკვე დაიბეჭდა და უფასოდ გადაეცა ყველა სკოლამდელ სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს მასშტაბით.
მიმდინარე პროექტი ოთხ მიმართულებას მოიცავს:
პირველი არის სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და დაფინანსების ანალიზი;
მეორე _ სკოლამდელი განათლების სფეროს პროფესიონალთათვის დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება;
მესამე _ სასკოლო მზაობის კვლევა;
მეოთხე _ სკოლამდელი განათლების ეტაპზე ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა.
რას მოიცავს თითოეული კომპონენტი?
პირველი _ სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და დაფინანსების კვლევა მოიცავს, ცენტრალურ დონეზე და ადგილობრივ დონეზე, განათლების პოლიტიკის მართვის ანალიზს, მართვის რა ტიპის მიდგომები არსებობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რომელი კანონები და დებულებები არეგულირებს სკოლამდელ განათლებას, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე, შევიმუშავებთ რეკომენდაციებს არსებული პრობლემების დაძლევისთვის.
გარდა ამისა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ვაგროვებთ ინფორმაციას სკოლამდელი განათლების სფეროს დაფინანსების შესახებ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კერძოდ: დაფინანსების მოცულობა, მთლიანი და ჩაშლილი, ანუ ცალკეული კომპონენტების _ კვება, პერსონალის ხელფასი და სხვ. ასევე შევისწავლით მშობლების შენატანს. ყველა მუნიციპალიტეტიდან ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. ეს იქნება სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური კვლევა, რომლის საფუძველზეც შევიმუშავებთ რეკომენდაციებს.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას _ სკოლამდელი განათლების სფეროს პროფესიონალთათვის დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებას, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, `ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლებისა და განვითარების სტანდარტის~ საფუძველზე, მოამზადებენ სასწავლო გეგმას სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც არ იქნება სავალდებულო, არამედ რეკომენდაციის სახე ექნება. ძირითადი აქცენტი გაკეთდება თანამედროვე მიდგომებზე ადრეული განვითარების მიმართ, ეს არის: შემოქმედებითი უნარების განვითარება, სწავლა კეთებით და თანამედროვე განათლების სხვა პრინციპები იქნება გათვალისწინებული. ასევე ვამზადებთ აღმზრდელთა დამხმარე სახელმძღვანელოს, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების თეორიული მიმოხილვა, სააღმზრდელო პროცესის მეთოდოლოგიურად გამართულად დაგეგმვა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც შეუძლიათ სააღმზრდელო პროცესში გამოიყენონ. ვმუშაობთ კიდევ რამდენიმე დოკუმენტზე, ესენია: სკოლამდელი აღზრდის პროცესის შეფასების სისტემა, რომლის გამოყენების შედეგად, აღმზრდელებს დამოუკიდებლად შეეძლებათ იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად და წარმატებულად მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი; აღმზრდელთა ტრენინგ-მოდული, რომელიც შეუძლიათ სატრენინგო ორგანიზაციებმა გამოიყენონ; სახელმძღვანელო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალისათვის _ მართვის სახელმძღვანელო. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უფასოდ გადაეცემა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საქართველოს მასშტაბით.
მესამე მიმართულებით _ სასკოლო მზაობა _ მიმდინარე კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, რამდენად არიან მზად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაძლევად და საერთოდ სკოლაში სწავლის დასაწყებად _ ემოციურად, ფიზიკურად, გონებრივად, სოციალურად. ამის დასადგენად, საქართველოს მასშტაბით, ვატარებთ ეროვნულ კვლევას აღნიშნული ასაკის ბავშვებსა და მათ მშობლებზე. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ და ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ბავშვების სასკოლო მზაობა, მაგალითად: სოფელში მცხოვრები და ქალაქელი ბავშვები, ბიჭები და გოგონები, სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლები, სხვადასხვა სოციალური ფენისა და განათლების დონის ოჯახებიდან და ა.შ. ახლა საველე სამუშაოები მიმდინარეობს, ორ კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც გაანალიზდება და შეჯერდება კვლევის შედეგები. საბოლოო სურათი წლის ბოლოს გვექნება.
მეოთხე მიმართულება _ ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ეტაპზე. თბილისის სკოლამდელი აღზრდის 12 დაწესებულებაში, შარშან, არასამთავრობო ორგანიზაციამ _ საქართველოს პორტიჯის ასოციაცია, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამზადდნენ აღმზრდელები, შემუშავდა რეკომენდაციები და რჩევები, რაც მათ ინკლუზიური განათლების დანერგვაში დაეხმარებათ. ახლა, უკვე ჩვენი პროექტის ფარგლებში, ფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მომუშავე აღმზრდელებს, შეიმუშავონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, სააღმზრდელო პროცესის შესაბამისად.
ეს არის ის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელზეც მუშაობს სკოლამდელთა განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტი. დეკემბრის ბოლოს პროექტზე მუშაობა დასრულდება და ყველა კომპონენტში მზად იქნება შედეგები, შესაბამისად, თითოეულ კომპონენტზე უფრო დეტალური საუბრის საშუალება გვექნება და საზოგადოებას პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებსაც გავაცნობთ.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N