2016-11-10 მოსწავლე მასწავლებელში უნდა ხედავდეს ადამიანს, რომელიც მის მხარესაა
რუბრიკის სტუმარია ლევან ზარდალიშვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი
— საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ბაზაზე, ფსიქოლოგიური ცენტრი უკვე კარგა ხანია ფუნქციონირებს. რამდენად წარმატებით მუშაობს პროექტი?
— 2013 წლის 10 აპრილიდან ამუშავდა ფსიქოლოგიური ცენტრები, რომლებიც დაკომპლექტებულია კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგებით, ბავშვთა ფსიქიატრებით და სოციალური მუშაკებით. ცენტრები მოსწავლეებს (6-დან 18 წლამდე) და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში — პედაგოგებსა და მანდატურებს უფასო, კვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას სთავაზობენ. მომსახურება რამდენიმე მიმართულებით მუშაობას მოიცავს. მულტიდისციპლინარული ჯგუფი ეხმარება ბავშვებს, მოზარდებს და მათი ოჯახის წევრებს ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიცირებასა და მართვაში, კერძოდ: იმპულსური ქცევის მართვა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავება; აგრესიული ქცევის შემცირება და მართვა; ემოციების რეგულაცია; თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარება; კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება; მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირება.
ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მანდატურებთან, სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან. მომსახურება გულისხმობს: ინდივიდუალურ კონსულტირებას; ინდივიდუალურ თერაპიას; ჯგუფურ თერაპიას; თემატური ტრენინგ-პროგრამების შემუშავებას და ჩატარებას.
ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახურის ბაზაზე, ფუნქციონირებს 7 ფსიქოლოგიური ცენტრი, რომლებიც აქტიურ მუშაობას ეწევიან: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ფოთში, რუსთავში, გორში. სამომავლოდ ცენტრის გახსნას ვაპირებთ ზუგდიდსა და ახალციხეში.
— როგორ ხვდებიან ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეები ფსიქოლოგიურ ცენტრში და რამდენად დიდია მომართვიანობა?
— ცენტრში მოსწავლეთა გადმომისამართება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და მასწავლებლის მიერ, მშობლის თანხმობით შევსებული რეფერალის საფუძველზე, ხდება, თუმცა, ცენტრებში მომართვიანობა თვითდინებითაც შეიძლება განხორციელდეს.
იმ სკოლებში, სადაც მანდატურები არიან (ასეთი სულ 400 სკოლაა), რა თქმა უნდა, ისინი გვეხმარებიან ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვის/ბავშვების გამოვლენაში. მანდატურები სკოლის თანამშრომლები არიან, ყოველწლიურად და ხანდახან წელიწადში ორჯერ, ძალიან ბევრ ტრენინგს გადიან, რომლებიც მიმართულია პრობლემების იდენტიფიცირების საკითხებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატურმა უნდა შეამჩნიოს ბავშვის ქცევაში ცვლილება და შეატყობინოს კლასის დამრიგებელს ან სკოლის ადმინისტრაციას. ამის შემდეგ საქმის კურსში უნდა ჩააყენონ მშობელი და, თუ გადაწყვეტენ, რომ ბავშვი საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, მშობლის ნებართვის საფუძველზე (ბავშვის ნებართვაზე საუბარი აღარ არის, ეს აუცილებელი პირობაა, ბავშვს თავად უნდა უნდოდეს ცენტრში მოხვედრა), მოხდება ასეთი ბავშვის ჩვენთან, ფსიქოლოგიურ ცენტრში გადმომისამართება. მეორე გზა — თავად ბავშვი მიმართავს დახმარებისთვის პედაგოგს, მანდატურს ან მშობელს. ამბობს, რომ რაღაც აწუხებს და ითხოვს დახმარებას (ამ შემთხვევაში, საუბარია უფროსკლასელებზე). არსებობს მესამე გზა, როდესაც მშობელი თავად იღებს გადაწყვეტილებას და ბავშვი მოჰყავს ჩვენთან. ბავშვები მოდიან ასევე სოციალური სააგენტოდან და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ცენტრებიდან.
რაც შეეხება მომართვიანობას, საკმაოდ დიდია. ცენტრის დაარსების პირველ წელს, დაახლოებით, 300 ბავშვი გვყავდა, დღეისათვის, ცენტრის მომსახურებით 1400-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს. ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
— როგორ უნდა ამოვიცნოთ ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე, ე.წ. „რთული ბავშვი“?
— ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ჯგუფს მიეკუთვნება ბავშვი, რომელიც გამუდმებით ცდილობს გაკვეთილის ჩაშლას, ვერ ისვენებს ერთ ადგილას, გაკვეთილზე დადის, ხელს უშლის მასწავლებელს, თანაკლასელებს. ასევე, ბავშვი, რომელიც მოწყენილია, დეპრესიულია, გუნება-განწყობა დაქვეითებული აქვს, ხშირად ეტირება... ყველა ასეთი ქცევა, რაც შეიძლება ბავშვებს ამ ასაკში ჰქონდეთ, პრობლემაზე მიგვითითებს. მოგეხსენებათ, ბავშვებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ისევე როგორც უფროსებს. ცენტრში ყველა სახის პრობლემით შეიძლება მოხვდეს ბავშვი. არ ვიქნები მართალი, თუ გეტყვით, რომ ჩვენთან მხოლოდ ის ბავშვები მოდიან, რომლებსაც ქცევითი პრობლემები აქვთ. მოდიან ისინიც, ვისაც ემოციური პრობლემები აქვთ ან რაიმე სახით თვითდაზიანების მცდელობა ჰქონდათ; ბავშვები, რომლებსაც დეპრესიული ფონი აქვთ.
ბავშვები ძალიან ბევრ რამეს განიცდიან — ოჯახურ პრობლემებს, მშობლების დაშორებას. გვქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა დახმარებისთვის ბავშვს თავად მოუმართავს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მშობელს ვუკავშირდებით და ვაყენებთ საქმის კურსში (მშობლის გარეშე არასრულწლოვნის მიღების უფლება ფსიქოლოგიურ ცენტრს არ აქვს).
— ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვების გარდა ცენტრი დახმარებას უწევს მშობლებს და პედაგოგებს
— მათი სურვილიდან გამომდინარე, ცენტრი მომსახურებას უწევს მშობლებსა და პედაგოგებს. არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგები მოგვმართავენ თხოვნით, ჩაუტარდეთ ტრენინგი, მაგალითად, აინტერესებთ, როგორ იურთიერთონ „რთულ ბავშვებთან“. ასეთ შემთხვევაში მათთვის ვამზადებთ პროგრამას და ვუტარებთ ტრენინგებს. მშობლებისთვისაც გვაქვს ჯგუფები, რადგან ბავშვის პრობლემები, ძალიან ხშირად, ოჯახიდან მოდის. თუ მშობელი თანახმაა, ფსიქოლოგიურ მომსახურებას მასაც ვუწევთ, ეს ნებაყოფლობითია.
— არიან ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ ერთ პედაგოგთან, ერთ გაკვეთილზე აქვთ პრობლემა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბავშვს ქცევითი დარღვევა აქვს?
— კომუნიკაციაში ორივე მხარეზე მოდის დატვირთვა. ქცევითი დარღვევა გულისხმობს, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემები აქვს. როგორც გითხარით, როცა ბავშვი ჰიპერაქტიურია, ყურადღება აქვს გაფანტული, ვერ ისვენებს ერთ ადგილზე, დგება, გადის გაკვეთილიდან და ამას აკეთებს ყველა გაკვეთილზე (არა მარტო ერთ გაკვეთილზე), ეს ქცევით დარღვევაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა მოსწავლეს მხოლოდ ერთ პედაგოგთან აქვს პრობლემა ან პირიქით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი საჭიროებს ჩვენს დახმარებას და ფსიქოლოგიურ ცენტრში გადმომისამართებას.
— ზოგიერთ სკოლაში ქცევითი დარღვევის მქონე მოსწავლე, სკოლიდან გაშვებით/გარიცხვით ისჯება, რამდენად გამართლებულია ასეთი ქმედება და არის თუ არა ეს გამოსავალი?
— ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია. ბავშვის სხვა სკოლაში გაშვება არ არის პრობლემის გადაწყვეტა. პირადად მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დასჯითი მეთოდების გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. საჭიროა მასწავლებელმა, დირექტორმა, ჩვენ, ყველამ ერთად ვიპოვოთ გზა, რათა ასეთი ბავშვი შევაგუოთ სკოლის გარემოს და ადაპტაციაში დავეხმაროთ.
— რამდენად არიან ინფორმირებულები პედაგოგები ცენტრის მუშაობის შესახებ?
— ვაწყობთ შეხვედრებს დირექტორებთან და ვაცნობთ ჩვენი ცენტრის საქმიანობას. ის, რომ პედაგოგები ჩვენი ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულები არ არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრის მუშაობის შესახებ ყველა დირექტორმა იცის და ისინი ვალდებული არიან, ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლებს.
— გასულ წლებთან შედარებით, რამდენადაა გაზრდილი მოზარდებში დეპრესიული ფონი, რა ახასიათებს დეპრესიას და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი/მასწავლებელი, რომ მოზარდი დეპრესიაშია?
— ვერ გეტყვით, დეპრესიული ფონი, გასულ წლებთან შედარებით, იზრდება თუ არა, რადგან ამას ძალიან სერიოზული კვლევა სჭირდება. ჩვენ შევქმენით უნიკალური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვაწარმოოთ სრული სტატისტიკა. ეს გახლავთ ელექტრონული სისტემა, რომელიც რაოდენობრივად აღრიცხავს ყველა შემთხვევას, იქნება ეს სიგარეტის მოწევა თუ სხვა პრობლემა. სულ ერთი წელია, რაც ეს სისტემა ამუშავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე საკმაოდ ზუსტი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ, რადგან წინა წლებში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობდა, ძალიან მიჭირს რაიმეს შევადარო. ამიტომ ვერ გეტყვით, გასულ წლებთან შედარებით, ფონი გაზრდილია თუ არა. ზოგადად, ფონი ნამდვილად მძიმეა. რა თქმა უნდა, არის საკმაოდ საგანგაშო შემთხვევები. ამაზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ, ფაქტობრივად დასრულებულია „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობის და პრევენციის პროგრამა“, რომელსაც ერთობლივად განახორციელებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამაში შედის ყველა პირველი და მეორე საფეხურის, ჯერ დამრიგებლების და შემდეგ ყველა პედაგოგის დატრენინგება. ეს გახლავთ კურსი ზოგადად ბავშვის განვითარების ეტაპებზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ინტერაქტიული კურსი კონკრეტულად იმ ნიშნების, რასაც პედაგოგმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ასევე, რა შემთხვევაშია ქცევა საგანგაშო, ვის მიმართონ, როგორ მიმართონ და ა.შ. ეს ძალიან სერიოზული, 30-36-საათიანი კურსია, გაიცემა სერტიფიკატი. გარდა ამისა, გვინდა დავიწყოთ ფსიქოგანათლებითი მუშაობა ჰიპერაქტიურ ბავშვებთან, იმიტომ რომ, ძალიან ხშირად ასეთი ბავშვი საკუთარი პრობლემის იდენტიფიკაციასაც ვერ ახდენს. ხვდება, რომ ძალიან ცუდად არის, მაგრამ არ იცის, ვის მიმართოს, რა სჭირს. სხვადასხვა მიზეზთა გამო, მშობელი ძნელად მოვა სკოლაში ტრენინგზე დასასწრებად, ამიტომ გვინდა, ტელევიზიით ან რადიოთი, მშობლებს გადაცემების ციკლი შევთავაზოთ, სადაც მიეწოდებათ ინფორმაცია როგორ მოეპყრონ ბავშვებს. სამწუხაროდ, ბევრმა მშობელმა არ იცის ბავშვის სწორად აღზრდა, განა არ უნდა, უბრალოდ, არ იცის და სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ უშვებს შეცდომებს. პროგრამა მზადაა და სულ მალე საპილოტე რეჟიმში დაიწყება.
ფსიქოლოგისადმი მშობლის დამოკიდებულება, გასულ წლებთან შედარებით, საგრძნობლად შეცვლილია. დეპრესია ჯანსაღი ადამიანის ერთ-ერთი დაავადებაა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, თერაპია და ძალიან ხშირად — მედიკამენტოზური მკურნალობა. ადამიანები ნელ-ნელა ხვდებიან ამას და ფსიქიატრის აღარ ეშინიათ, მით უმეტეს — ფსიქოლოგის. საბედნიეროდ, მიხვდნენ ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს შორის განსხვავებას.
— თუ არის შემთხვევები, როცა ფსიქოლოგიური ცენტრი ვერ აგვარებს პრობლემას, სად ამისამართებთ ასეთ ბავშვებს?
— რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა გვიწევს მოსწავლის სხვაგან გადამისამართება, სამწუხაროდ, მასთან ვერ ვმუშაობთ. მაგალითად, როცა ბავშვს აქვს სპეციალური საჭიროება, რომელსაც სჭირდება სათანადო შეფასება, და სპეცპედაგოგი სკოლაში, რომელიც მასთან იმუშავებს. მეორე ფაქტორია ის, როცა ბავშვს სჭირდება ფსიქიატრის მეთვალყურეობა. ცენტრში, რა თქმა უნდა, გვყავს ფსიქიატრი, მაგრამ მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის. ის მკურნალობას არ ნიშნავს, რადგან ჩვენ არ ვართ სამედიცინო დაწესებულება. თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს ფსიქიატრის მეთვალყურეობა სჭირდება, ვამისამართებთ სტაციონარში, სადაც ბავშვთა ფსიქიატრები და ფსიქოლოგები არიან. როდესაც ბავშვს ნევროლოგიური ან ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ვხვდებით, რომ ვერ ვეხმარებით, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება, რა თქმა უნდა, შესაბამის ცენტრებში ვაგზავნით. ხდება პირიქითაც, როდესაც სხვა ცენტრებიდან ბავშვებს ჩვენთან ამისამართებენ.
— რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვის რთულ ქცევას, რით შეიძლება იყოს გამოწვეული მოზარდებში ქცევითი და ემოციური პრობლემები?
— ბავშვის რთული ქცევა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორებით. არ არსებობს რთული ქცევის გამომწვევი ერთი კონკრეტული ფაქტორი, ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ბავშვის რთულ ქცევას, ძალიან ხშირად, ოჯახური ფაქტორი განაპირობებს. რთული ქცევა, უმეტესწილად, ვლინდება პირველივე წლებში, სასკოლო ასაკის დასაწყისიდანვე. ამას არ განსაზღვრავს ოჯახის მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ იქ სხვა პრობლემები არსებობდეს, მაგალითად, მშობლების ხშირი კონფლიქტი, დაშორება და ა.შ. ქცევის პრობლემები, უმეტესწილად, ოჯახიდან მოდის. გასაგებია, რომ არც ერთ მშობელს არ სურს, ბავშვს პრობლემები გაუჩინოს, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად, მათდაუნებურად ხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემო (გარდა ოჯახისა), რომელშიც ბავშვი იზრდება, სადაც ხშირად უწევს ყოფნა, თამაში, რა ესმის, რას უყურებს. შესაძლებელია, ეს იყოს სკოლაც, რომელიც ბავშვისთვის ასევე ძალიან სერიოზული გარემოა. სკოლაში, ჩანასახის სახით არსებული პრობლემები, შეიძლება, მთლიანად ჩამოშორდეს ბავშვს ან პირიქით, ეს პრობლემები გაღვივდეს და გაძლიერდეს.
ასევე ბევრი ფაქტორითაა განპირობებული ბავშვების დამოკიდებულება კომპიუტერზე, სოციალურ ქსელებზე. ძალიან ხშირად ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ბავშვს არ აქვს მიკუთვნებულობის განცდა, აკლია ყურადღება. იმიტომ კი არა, რომ მშობლები ცივები არიან, არამედ იმიტომ, რომ, დავუშვათ, მუშაობენ და არ აქვთ თავისუფალი დრო, ვერ აგრძნობინებენ იმ სითბოსა და ყურადღებას, რაც ბავშვს სჭირდება. უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, ასევე არ არსებობს დესტრუქციული ქცევის გამომწვევი ერთი ფაქტორი, ძალიან ბევრია და ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება — უნდა დავადგინოთ როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორები.
— რამდენად მორგებულია უცხოეთის გამოცდილება ქართულ რეალობას?
— ზოგადად, უცხოეთიდან პირდაპირ რაიმე მეთოდის თუ ფორმის გადმოღების წინააღმდეგი ვარ. 20 წელი ვცხოვრობდი ევროპაში, ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული და შესაბამისად, ძალიან ბევრ რამესთან მქონდა შეხება. მინდა გითხრათ, რომ ბევრ ევროპულ წამყვან ქვეყანაში, უამრავი პრობლემაა ბავშვებთან დაკავშირებით, რომლის მოგვარება არც ისე მარტივია. მოსაზრება, რომ ევროპული მეთოდის პირდაპირ გადმოღებით ჩვენს პრობლემებს გადავწყვეტთ, გამართლებული არ არის. ევროპელები თავადაც ვერ წყვეტენ ძალიან ბევრ პრობლემას. ჩვენი მენტალიტეტი და გერმანელი, შვეიცარიელი თუ შვედი ბავშვის მენტალობა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ მეთოდების, ფორმების თუ თეორიების ადაპტირება ჩვენს რეალობასთან, უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ბავშვები გაიზარდონ საღსალამათები და ჯანსაღები, ჯანსაღ და საღსალამათ გარემოში. ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება. საქართველოში იმის უცვლელად დანერგვა, რამაც ამერიკაში კარგად და წარმატებით იმუშავა, აბსოლუტურად გაუმართლებელია.
— როგორ ფიქრობთ, რა იწვევს კომუნიკაციის პრობლემას, რატომ უჭირთ ბავშვებს სასკოლო გარემოსთან შეგუება?
— კომუნიკაციის პრობლემა ორივე მხრიდან მოდის. ხშირად, როცა ბავშვი სკოლაში მიდის, სრულიად უცხო გარემოში ხვდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ამზადებს სკოლისთვის ბავშვს მშობელი, რას ეუბნება, რა განწყობას უქმნის, რა მიმართულებას აძლევს. მნიშვნელოვანია ასევე, რამდენად განვითარებულია ბავშვი და არის თუ არა მზად სკოლისთვის. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ 5 წლის ბავშვის ადგილი სკოლაში არ არის, თუმცა, ხანდახან, 6 წლის ბავშვიც არ არის მზად სკოლისთვის. ეს ძალიან ბევრ ინდივიდუალურ, პიროვნულ თვისებაზეა დამოკიდებული. კომუნიკაციის პროცესი ბავშვს სწორედ პროცესში უნდა ვასწავლოთ. დაწყებითი კლასის პედაგოგი უნდა იყოს ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, უმაღლესი კლასის ოსტატი. მეათეკლასელ ბავშვს შეიძლება ვერ ასწავლო ქიმია, მაგრამ ის უკვე ჩამოყალიბებულია პიროვნებად და მისი შეცვლა ძალიან ძნელია. პირველკლასელ ან მეორეკლასელ ბავშვს შეიძლება ისეთი ზიანი მიაყენო, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვეს. როცა კლასში 20 ბავშვი გყავს, რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად ვერ მიუდგები, ყველასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაა საჭირო.
— რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში ფსიქოლოგის მუშაობა?
— სკოლის ფსიქოლოგის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. სასკოლო ფსიქოლოგია ერთ-ერთი მიმდინარეობაა ფსიქოლოგიაში, რომელსაც მაღალ დონეზე მომზადებული სპეციალისტები სჭირდება. ფსიქოლოგს ბავშვებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამიტომ კარგი იქნება, სტუდენტებისთვის, რომლებიც სასკოლო ფსიქოლოგიას სწავლობენ, არსებობდეს გაცვლითი პროგრამები უცხოეთში. დღეისათვის, რეალურად, ამ მიმართულებით ნამდვილად განვიცდით კადრების ნაკლებობას. 2000 სასკოლო ფსიქოლოგის პოვნა, ამ ეტაპზე, ძალიან ძნელია, შესაძლებელია, რამდენიმე სკოლაზე მიმაგრებული იყოს ერთი კვალიფიციური ფსიქოლოგი. სკოლაში ფსიქოლოგი უდავოდ საჭიროა, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნამდე სპეციალისტების მომზადება უნდა დავიწყოთ. ეს საუკუნე ნამდვილად ფსიქოლოგიის საუკუნეა, რადგან დიდი დატვირთვა მოდის ადამიანის ფსიქიკაზე.
— რა რჩევას მისცემთ მასწვლებლებს - როგორი უნდა იყოს მათი მიდგომა ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების მიმართ?
— ბავშვს, რომელსაც გარდამავალი ასაკი დაწყებული აქვს, უნდა მოექცე, როგორც მეგობარს, ტოლს, უნდა გაუგო. დაპირისპირებით, შებრძოლებით, შეტაკებით, დასჯით, მუქარით, რომ გაგრიცხავ და მით უმეტეს შიშის დანერგვით, ვერაფერს მივაღწევთ. ჩვენი ფუნქცია ხომ ბავშვზე ზრუნვაა და არა ის, რომ ჩვენ ვიყოთ კომფორტში და ბავშვი — დისკომფორტში. ბავშვიც კომფორტში უნდა იყოს და პედაგოგიც. ეს ყველაფერი ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა და არავითარ შემთხვევაში — ომითა და ბრძოლით. ამის კარგი გამოცდილება გვაქვს ჩვენ, ომს არავისთვის არასოდეს კომფორტი და სიკეთე არ მოუტანია, სკოლაშიც იგივე წესები ვრცელდება. ბავშვს უნდა გაუგო, დაეხმარო, ის შენში მოწინააღმდეგეს არ უნდა ხედავდეს. პირველ რიგში, უნდა ხედავდეს ავტორიტეტს და ადამიანს, რომელიც მის მხარესაა. ამის შემდეგაც თუ ვერ მართავ, მაშინ უნდა მოგვმართო ჩვენ, რომ ამ ბავშვს დავეხმაროთ.
ზოგადი რჩევა ასეთი იქნება — აუცილებელია ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვს მიუდგე გაგებით, როგორც შენს თანასწორს, როგორც ზრდასრულ ადამიანს, რადგან ბავშვს, რომელსაც ქცევითი ან ემოციური პრობლემები აქვს, თვითონ სტკივა და აწუხებს საკუთარი მდგომარეობა. არ არის მართალი, რომ ამ ბავშვს ასეთი ქცევა უხარია. ასე იმიტომ იქცევა, რომ რაღაც უჭირს. ამ ყველაფერს მასწავლებელი ადეკვატურად უნდა მიუდგეს და დაანახოს, რომ მისი მეგობარია, მოკავშირე და მასზე მზრუნველი, უნდა აგრძნობინოს სითბო და სიყვარული. ასეთი დამოკიდებულება ბევრად უფრო დაგვეხმარება ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის მოგვარებაში.
ესაუბრა მაკა ყიფიანი
|