2016-12-01 დისტანციური გაკვეთილი მინიმალური უნარებითა და ეფექტური შედეგით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტი „ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსი“, ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. პროგრამა უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს და, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიზნით. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომპანია „Microsoft-საქართველო“ მხარდაჭერით, ხორციელდება.
რა უნარებზეა გათვლილი და როგორ წარიმართება Live Stream გაკვეთილები, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი მარიკა სიხარულიძე:
— ინიციატივა დიასპორის საკითხების სახელმწიფო აპარატიდან წამოვიდა, მის განხორციელებას ბატონი ალექსანდრე ჯეჯელვა თაოსნობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად მინისტრის დავალებით, ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის, კერძოდ, ამ ეტაპზე, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული ენის დისტანციურ რეჟიმში სწავლებას გულისხმობს. ორთვიანი, მოკლე საპილოტე პროექტი, სამინისტროს ხელმძღვანელობით, „მicrosoft-საქართველოს“ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობით წარიმართება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ახლა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, დაგვიზუსტებს და მოგვაწვდის უცხოეთში მცხოვრები იმ მოსწავლეების სიას, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ჩაერთონ საპილოტე პროექტში. ამ ეტაპზე, პროექტისთვის შერჩეული გვყავს 5 მასწავლებელი (ქართულისა და ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგები), რომლებისთვისაც ვორქშოფი ჩატარდა. კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები სემინარზე დისტანციური კურსისთვის საჭირო ტექნოლოგიებს გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია იმ რესურსის გამოყენების შესახებ, რომლის საშუალებითაც ჩატარდება დისტანციური გაკვეთილები — ეს რესურსია „მაიკროსოფტ კლასრუმი“, რომელიც ამ პროექტისთვის დაგვითმო „მicrosoft-საქართველომ“.
პროექტის უშუალო განმახორციელებელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრია. სწორედ ჩვენგან მოხდება Live Stream გაკვეთილებში მასწავლებლებისა და ბრიტანეთში შერჩეული მოსწავლეების ჩართვა. ერთობლივად მოვსინჯავთ, საპილოტე რეჟიმში, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. შემდეგ კი, გაკეთდება საპილოტე პროექტის ანალიზი, რომლის გათვალისწინებით, უფრო მასშტაბური და დატვირთული სახე მიეცემა. დეკემბრის ბოლომდე ვაპირებთ საცდელი გაკვეთილების ჩატარებას. მალე მასწავლებლებისთვის გამართულ ვორქშოპებსაც დავასრულებთ, რომლის შემდეგაც საბოლოოდ გამოიკვეთება პირდაპირი გაკვეთილებისთვის მათი მზაობა. სავარაუდოდ, 5 დეკემბრისთვის, ვეცდებით, პირველი ონლაინ გაკვეთილი ჩავატაროთ.
— როგორ შეარჩიეთ ის 5 მასწავლებელი, რომელიც საპილოტე პროექტს განახორციელებს და, პრაქტიკულად, პროგრამის მომავალს განსაზღვრავს. ვინ არიან ეს პედაგოგები — თბილისის თუ რეგიონის მასწავლებლები?
— არც ერთი მათგანი არ არის თბილისის სკოლის პედაგოგი. მასწავლებელთა შესარჩევად ღია კონკურსი გამოვაცხადეთ და პროექტში მონაწილეობის მსურველთა ათეული განაცხადი მივიღეთ. შემდეგ მათგან ის პედაგოგები ავარჩიეთ, რომლებსაც ჳT უნარები უფრო ძლიერი ჰქონდათ და, ამასთანავე — ამ ტიპის რესურსებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება. სულ ხუთი მასწავლებელი შევარჩიეთ და არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა თბილისის სკოლებიდან. ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები ვიყავით იმით, რომ რეგიონის მასწავლებლებისგან წამოვიდა ასეთი მონდომება და აქტიურობა. პროექტის მონაწილეთა შორის, უფრო მეტნი აღმოჩნდნენ რუსთავისა და გორის პედაგოგები და ერთი მასწავლებელი — ახალციხიდან. საკმაოდ მოტივირებული ახალგაზრდა ქალბატონები არიან და მათი ძლიერი მხარე, როგორც გითხარით, აიტი უნარების ფლობაა.
— საპილოტე პროექტისთვის მხოლოდ ხუთი მასწავლებელი იყო გათვალისწინებული, თუ ამჯერად მეტი არ შეირჩა?
დიახ, გადავწყვიტეთ მცირე რაოდენობის მასწავლებლით დაგვეწყო. თუმცა, 5-მასწავლებლიანმა საპილოტე ჯგუფმა სინამდვილეში უნდა შეძლოს, 30-დან 40 მოსწავლემდე დაფარვა. დასაწყისისთვის ეს ცოტა არ არის.
— რატომ შეირჩა მხოლოდ ბრიტანეთში მცხოვრები მოსწავლეები?
— ბრიტანეთში მცხოვრები მოსწავლეები იმიტომ ავირჩიეთ, რომ, ამ შემთხვევაში, უპირატესობა მივანიჭეთ მასწავლებლების მხრიდან ინგლისური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნას. მათთვის ეს იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უნდა ასწავლონ (გათვალისწინებული გვყავს 7-დან 12 წლამდე ბავშვები. ჯგუფები ამ დღეებში დაკომპლექტდება და მასწავლებლებს დისტანციურ კლასებს გავუნაწილებთ). ამასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, ისინი ნულოვანი კომპეტენციის არიან (ქართული ენის ფლობის დონეს ვგულისხმობ) ან იციან ძალიან ყოფითი ქართული, რასაც ენის ცოდნას ვერ დავარქმევთ. შესაბამისად, ნულოვანი დონით ვიწყებთ.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ავირჩიეთ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები, როგორც გითხარით, ისიც გახლავთ, რომ ჩვენმა მასწავლებლებმა მეტ-ნაკლებად იციან ინგლისური ენა. ამიტომ მათთვის ინგლისურენოვანი ბავშვები შევარჩიეთ, გაკვეთილზე რაიმე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, ინგლისური ენა რომ გამოიყენონ. თუმცა, ყველანაირად ვეცდებით, რომ გაკვეთილი ერთენოვანი იყოს და ქართულ ფორმატში წარიმართოს. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობა წარმოიქმნება, რამაც შეიძლება მოსწავლეების მოტივაცია დააგდოს, მასწავლებლები შეძლებენ, მათ ინგლისურ ენაზე დაეხმარონ. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირი ფორმატია და ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა.
— რას გვეტყვით სასწავლო პროგრამაზე, სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა?
— დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული როგორც მეორე ენის“ პროგრამას ეფუძნება და მას ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი მაია მელიქიძე თაოსნობს. სწორედ მან მოარგო ქართული ენის ფლობის დონე უშუალოდ ამ პროგრამას. მეთოდიკის ნაწილს კი ჩვენ, ცენტრის ექსპერტები განვსაზღვრავთ. „Microsoft-საქართველო“ ონლაინ საკლასო ოთახს გვთავაზობს, სადაც, ერთდროულად, ჩაერთვებიან მასწავლებლები და მოსწავლეები. მათ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება აქვთ — ხედავენ და ესმით ერთმანეთის. გარდა ამისა, ამ რესურსს არ აქვს მასალების ატვირთვისა თუ პრეზენტაციების გაშვების პრობლემა, ყოველმხრივი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.
— რა ინტენსივობით და ხანგრძლივობით ჩატარდება დისტანციური გაკვეთილები?
— საპილოტე რეჟიმში თითოეული მასწავლებელი, მაქსიმუმ, 5 გაკვეთილს ჩაატარებს. ეს ყველაფერი 25 დეკემბრამდე, ბრიტანეთში საშობაო არდადეგების დაწყებამდე, უნდა მოვასწროთ. ახალ წლამდე, თვის ბოლოსთვის კი, უკვე მზად გვექნება საპილოტე პროექტის ანალიზი. დისტანციური ფორმატისა და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, რადგან მოსწავლეები პატარა ასაკის არიან და, ზოგადად, ზრდასრული ადამიანისთვისაც რთულია ამ რეჟიმში მუშაობა, გადავწყვიტეთ, დისტანციური გაკვეთილის ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვროს. კიდევ ვიმეორებ, ამით პატარებში გადატვირთვით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს გამოვრიცხავთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი გაკვეთილის არც ფორმატი და არც ხანგრძლივობა, წარმოუდგენელია ის 40-45 წუთი გაგრძელდეს. თუმცა, ეს რომ სალექციო ტიპის გაკვეთილი იყოს, შესაძლებელია მას მოუსმინოს მოსწავლემ, მაგრამ რადგან ძალიან დატვირთული იქნება როგორც ვიზუალური, ისე აუდიო მხარე, არ არის მიზანშეწონილი, აქტიური, ცოცხალი, საკომუნიკაციო ტიპის პატარა ფორმატის გაკვეთილი ამაზე დიდხანს გაგრძელდეს.
— რა უნარებზეა გათვლილი დისტანციური გაკვეთილი და რა შედეგებს ელით?
— დისტანციური გაკვეთილი მინიმალურ უნარებსა და ეფექტურ შედეგებზეა გათვლილი და ოთხივე საკომუნიკაციო ფაზას მოიცავს — მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა. თუმცა, უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია რეცეფციულ უნარებზე — მოსმენა და კითხვა. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ენის ფლობის დონის მიხედვით, ა1 დონე პირველ საფეხურად მიიჩნევა, რეცეფციული უნარების გასავითარებლად კი ყველაზე დიდი დოზით მოსმენა გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ბავშვები უფრო ბევრს მოისმენენ, რაშიც უდიდესი როლი მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ აუდიო თუ ვიზუალურ მასალას მიენიჭება. ყურადღება გამახვილდება რეპეტიტორულ უნარებზეც — იმის გამეორებაზე, რაც მათ მოისმინეს.
— მოხდება თუ არა ბავშვების შეფასება?
— შეფასების ნაწილში, ვფიქრობთ, რომ უფრო აქტიური იყოს განმავითარებელი შეფასებები, რადგან ეს არ არის ფორმალური განათლების ნაწილი, სადაც მოსწავლეები ქულებით ფასდებიან. გვინდა, ისინი მაქსიმალურად მოტივირებული გავხადოთ, თუმცა, განმავითარებელი სახის შეფასება, თავისთავად, აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ხარვეზები, რომლებიც მოსწავლეებს წინა გაკვეთილებზე ჰქონდათ. მათი გათვალისწინებით კი, გაკვეთილზე ბავშვმა უნდა შეძლოს იმის გაკეთება, რაც მანამდე ვერ მოახერხა.
— როგორც მინისტრმა განაცხადა, დისტანციური გაკვეთილები გახდება ერთ-ერთი დამატებითი აქტივობა, სქემით განსაზღვრულ აქტივობებს შორის, რომელიც მასწავლებელს კრედიტ-ქულით შეუფასდება. საინტერესოა, როგორ მოხდება პედაგოგების შეფასება?
— მასწავლებლის შეფასება პროექტის საპილოტე რეჟიმში, ამ ეტაპზე მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე მოხდება. მაგრამ, როცა პროექტი ოფიციალურ სახეს მიიღებს, შევაფასებთ როგორც მოცემულობას, ისე მის შედეგებს — მოსწავლეთა შედეგებს, მათი ჩართულობის ხარისხს, მოტივაციას. მშობლებისთვის აუცილებლად გვექნება სპეციალური კითხვარი, მათი აზრი უმნიშვნელოვანესია, რადგან, ამ შემთხვევაში, სწორედ ისინი არიან დამკვეთები. მათ სურთ, ამ გაკეთილებით შვილებმა ქართული იდენტობა შეინარჩუნონ. აბსოლუტურად ვეთანხმებით დიასპორის წარმომადგენლებს, ინიციატორებს, რომ ეს მართლაც საშვილიშვილო საქმეა. ძალიან ბევრი, ათასობით ქართველი ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ და, სურვილის შემთხვევაში, მათ შვილებს ჩვენ ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებით.
რაც შეეხება კრედიტ-ქულებს, საპილოტე პროექტით მასწავლებლებს ვერ მივანიჭებთ, რადგანაც მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იქნებიან პროექტში ჩართულები, თუმცა სამომავლოდ დისტანციური გაკვეთილები აუცილებლად აისახება პროფესიული განვითარების სქემაში, რისთვისაც შესაბამისი მასწავლებლები მიიღებენ ხოლმე კრედიტ-ქულებს. ძალიან მოტივირებული და მონდომებული მასწავლებლები შევარჩიეთ, ამ საქმიანობაში ხელფასს გადავუხდით და ეს გამოცდილება მათ რეზიუმეშიც აუცილებლად აისახება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|