2016-12-08 დიდი სკოლის მემკვიდრე ირაკლი თავაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემავალი ზემოხეთის არასრული საჯარო სკოლა მცირეკომპლექტიანია — შარშან ის სამინისტროსეულ რეფორმაში მოჰყვა და 9-კლასიანიდან 7-კლასიანად გადაკეთდა. ამათგან ერთი კლასკომპლექტია, რომელშიც მესამე-მეოთხე კლასებია გაერთიანებული, სკოლაში ამჟამად 10 მოსწავლეა. ცხადია, ასეთ პირობებში სპორტის გაკვეთილების სრული დატვირთვით ჩატარებაც ძნელია და — სხვა საგნებისაც. სპორტის სამი სავალდებულო დისციპლინაც ამ სპეციფიკის გათვალისწინებით აირჩიეს — მაგიდის ჩოგბურთი, შაში და ჭადრაკი. სამივე ისეთი სახეობაა, მაინცდამაინც რთული არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სჭირდება და თან ინდივიდუალური სახეობებია. ამას ისიც ემატება, რომ სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი...
ეს ჩემი მშობლიური სკოლაა, რომელიც 28 წლის წინ დავამთავრე. ფიზკულტურას მაშინაც ახლანდელი სპორტის მასწავლებელი ზურაბ სანიკიძე ასწავლიდა, იმდროინდელი მასწავლებლებიდან კი ისევ მუშაობენ ჩემი კლასის დამრიგებელი ნათელა ცოგიაიძე, მაშინდელი დირექტორი იური ნიკოლაიშვილი, თამარ თევზაძე, ნანა თავაძე, ვარა სოზაშვილი... სკოლისთვის სპორტული დარბაზი იმ დროსაც პრობლემა იყო და ზამთარში ან წვიმიან ამინდში ნუგეშად მხოლოდ შაში გვრჩებოდა, ახლა კი მოსწავლეები ბევრად უკეთეს დღეში არიან, რადგან მაგიდის ჩოგბურთიც დაემატათ... მისთვის ინვენტარი — მაგიდის ერთი კომპლექტი, თავის დროზე, რაიონულმა საკრებულომ აჩუქა სოფლის საკრებულოს, იმათ კი, რადგან სხვაგან ფართი არ ჰქონდათ, სკოლის ძველ შენობაში დადგეს. ასე შემორჩა ეს მაგიდა სკოლას, რაც კარგი საჩუქარია ბავშვებისთვის.
როგორც ზურაბ სანიკიძე ამბობს, სკოლას ინვენტარის მხრივ არ უჭირს. მაგალითად, აქვთ ბურთები — ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის. ასევე აქვთ ჭადრაკისა და შაშის დაფები და სხვა აუცილებელი სპორტული ინვენტარი. თუმცა პრობლემები გაცილებით მეტია და გაცილებით დიდი. მაგალითად, დარბაზის არქონაზე არანაკლებ პრობლემურია ღია მოედანი, რომელიც დღეს გაცილებით შემცირებულია, ვიდრე — ჩემს ბავშვობაში. სკოლის ახალი შენობა 2006 წელს აშენდა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, როგორც მაღალმთიან სოფელში, ოღონდ ეს ყველაფერი მოედნის ხარჯზე მოხდა — დაიდგა იქ, სადაც კალათბურთისა და ფრენბურთის კომბინირებული მოედანი იყო. დღეს, საფეხბურთო სტადიონის გვერდით, კალათბურთის მხოლოდ ერთი ფარია. არადა, ეს მოედანი სოფელში ერთადერთია და ის ოდითგან არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, სხვა ასაკის მაცხოვრებლებსა და ზაფხულში დამსვენებლებსაც ემსახურებოდა. ზაფხულობით იქ ხშირად ყოფილა ხოლმე ისეთი ხალხმრავლობა, სათამაშო კი არა, სამუსაიფოდ ჩამოსაჯდომი ადგილიც ჭირდა. ამიტომ სოფელში, აქა-იქ, საკუთარი ინიციატივით, სასოფლო დანიშნულებისთვის გამოუყენებელ მინდვრებზეც აწყობდნენ მოედნებს, რომლებიც ზაფხულობით გადატენილი იყო. ახლა სკოლის საფეხბურთო მოედანიც ძალიან უხერხულ ადგილას აღმოჩნდა — ზედ ემიჯნება შენობას და არსებობს მინების ჩამსხვრევის ალბათობა. მართალია, ძველი შენობაც ახლოს იყო მოედნებთან, მაგრამ მასა და საფეხბურთო არენას შორის კალათბურთ-ფრენბურთის ის ზემოხსენებული მოედანი იყო, რაც რისკს ბევრად ამცირებდა.
სპორტით დაინტერესებული სოფლის ბავშვებისთვის რაიონის ხელმძღვანელობა უკვე მეორე წელიწადია, მართლაც რომ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს — ჩოხატაურიდან ზემოხეთამდე დანიშნულია სპეციალური მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები, კვირაში რამდენჯერმე, რაიონულ ცენტრში ჩაჰყავს, სადაც სპორტულ სექციებში ვარჯიშობენ, შემდეგ კი ისევ სოფელში ამოჰყავს. ტრანსპორტი ამ მიმართულებით მდებარე ყველა საკრებულოს ემსახურება — კოხნარისა და საჭამიასერის თემებსაც. თან სპორტისთვის გამოყოფილად კი მიიჩნევა, მაგრამ ლიტერატურული თუ სხვა წრეებით — დაინტერესებული ბავშვებიც თან დაჰყავს. ამ მართლაც საყურადღებო, საშვილიშვილო წამოწყებამ გაამართლა და ძალიან ბევრი ბავშვია ჩაბმული სპორტში. ზემოხეთის სკოლიდან, უკლებლივ ყველა რომელიმე წრეზე დადის, უმეტესობა კი — სპორტზე: ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რაგბი, ფეხბურთი და სხვა... როგორც გითხარით, ეს პროგრამა მეორე წელია, მოქმედებს, ეს კი არც ისე დიდი დროა, თუმცა ზემოხეთის სკოლის ერთი მოსწავლე უკვე შარშანვე გადაიყვანეს საფეხბურთო კლუბში. ზოგადად, ხევისწყალას ხეობის ზემოჩამოთვლილ თემებში ინტერესი იმდენად დიდია, რომ ის ერთი მიკროავტობუსი ყველა მსურველს ვერ იტევს და გაჩნდა იდეა, რომ საჭიდაო სახეობებისთვის სექცია კოხნარშიც გაიხსნას. იმედია, ჩანაფიქრი რეალობად იქცევა და ეს პროექტიც დიდხანს იარსებებს.
სოფლებში რომ ბევრი ნიჭი უკვალოდ იკარგება, არახალია. ნიჭიერი ბავშვები ჩემ დროსაც ბევრნი იყვნენ, მაგრამ სპორტულ სექციებში სიარულს უტრანსპორტობის გამო ვერ ვახერხებდით — სპეციალურად გამოყოფილს ვინღა დაეძებს, რაიონულ ცენტრამდე არ იყო პირდაპირი სარეისო ავტობუსი, ხოლო ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნება, უკეთეს შემთხვევაში, შუაღამისას თუ შეიძლებოდა, როცა ავტობუსი ბოლო რეისს ასრულებდა და ისიც მხოლოდ საჭამიასერამდე. ამის გამო ჩვენთვის დიდ სპორტზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა, თორემ ვინ იცის, მართლაც რამდენი ტალანტი დაიკარგა უყურადღებობით და არა მხოლოდ ზემოხეთში.
სპეციალური ავტობუსი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც ემსახურება — დილით მოჰყავს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი მიჰყავს. ესეც ძალიან კარგი საქმეა, რადგან მასწავლებელთა დიდი ნაწილი საჭამიასერიდან დადის, 3-4 კილომეტრიდან. ამ სოფლის სკოლადამთავრებულებიც, სწავლის გასაგრძელებლად, იქაურ საშუალო სკოლაში დადიან, მაგრამ თვით ზემოხეთის მოსწავლეთა ნაწილიც არანაკლებაა დაშორებული სოფლის სკოლას. ცხადია, მათთვის დიდი შეღავათია ეს ტრანსპორტი, რადგან, ბოლო წლებში, ბევრი ოჯახი იმიტომ გადასახლდა სოფლიდან, რომ შვილებს რამდენიმე კილომეტრზე ვერ ატარებდნენ სკოლაში. ოღონდ ის ტრანსპორტი, რატომღაც, საჭამისერის სკოლისთვისაა დანიშნული (!), ანუ ვალდებულია მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე. მძღოლები თავისი კეთილი ნებით უარს არც ზემოხეთის სკოლის კონტინგენტს ეუბნებიან, თუმცა, პერიოდულად მცირე გაუგებრობები მაინც ხდება ხოლმე (ოღონდ არა მძღოლების მიზეზით). არა გვგონია, ეს პრობლემა რაიონის ხელმძღვანელობისთვის ძნელად მოსაგვარებელი იყოს. თუმცა ზემოხეთის სკოლაშიც არის ერთი მასწავლებელი — გულიკო თავაძე, რომელიც ამ სიკეთით ვერ სარგებლობს. ის ზემოხეთის თემის ყველაზე შორეულ სოფელში — თხილაგანში ცხოვრობს, სადაც, უგზოობის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა გაძნელებულია.
ზოგადად, როგორც აქაური მასწავლებლები ამბობენ, უგზოობა სოფლის და სკოლის უმთავრესი პრობლემაა, რაც პირდაპირ იწვევს მიგრაციას და მოსწავლეთა შემცირებას. სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი მთავარ დაბრკოლებად მცირე კონტინგენტს ასახელებს, რადგან ამის გამო მონაწილეობას ვერ იღებენ ვერც სპორტულ და ვერც სხვა სახის ღონისძიებებში — ვერ ახერხებენ გუნდის გაყვანას. იყო იდეა, რომ საჭამიასერის სკოლასთან ერთად გაერთიანებული გუნდი შეექმნათ, მაგრამ წინააღმდეგობას თავად იმ ღონისძიებების დებულებების გამო წააწყდნენ, რაც ერთი სკოლიდან ერთი გუნდის გაყვანას ითვალისწინებს, ასეთ გაერთიანებას კი გამორიცხავს. არადა, საჭიროა, ასეთი პატარა სკოლების ინტერესებიც გაითვალისწინონ — მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ამ სკოლის მოსწავლეებს არასპორტულ სფეროებშიც ბლომად წარმატებები აქვთ.
როგორც გითხარით, სკოლის ახლანდელი შენობა 2006 წელს აშენდა და საზეიმოდ გაიხსნა, რასაც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. სოფელში იმ დროსაც არსებობდა გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენებული სკოლის ორსართულიანი, სქელკედლებიანი და ვრცელი შენობა. სოფლის მოსახლეობის დიდი სურვილი იყო, ახლის აშენების ნაცვლად, ის გაერემონტებინათ, მაგრამ ხალხს ვინ უგდო ყური — ამოვიდნენ „სპეციალისტები”, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ შენობა ავარიულია და შერემონტებას არ ექვემდებარება. არადა, მას შემდეგ 10 წელიწადი გავიდა, ის ვითომ ამორტიზებული ნაგებობა კი დღესაც თავის ადგილას დგას. უბრალოდ, უპატრონობამ თავისი კვალი დაატყო — ზოგან იატაკია აყრილი, ფანჯრები ჩაიმსხვრა და ბევრგან ჩარჩოებიც აღარაა, მაგრამ ეს დღესაა ასეთ მდგომარეობაში, თორემ, თავის დროზე, მის გარემონტებას 5, მაქსიმუმ 10 ათასი ლარი თავისუფლად ეყოფოდა. არადა, ოფიციალური მონაცემებით, ახალი შენობის აგება 52 ათასი ლარი დაჯდა, ამ დროს კი ის ბევრად პატარაა ძველთან შედარებით. ამბობენ, სოფლიდან წასულ სააკაშვილსაც უთქვამს, რომ მცოდნოდა, აქ ასეთი სკოლა იყო, იმას გავარემონტებდი და ახალს არ ავაშენებდიო. სამწუხაროდ, ძველი სკოლის გამოყენებაზე არავის უფიქრია — თავისუფლად შეიძლებოდა იქ სპორტული დარბაზის გაკეთება, ან ბიბლიოთეკის, საკრებულოს (ესეც თავიდან ააშენეს) თუ სხვა საჯარო დაწესებულების განთავსება... ახლა კი დგას ის ვრცელი შენობა დადუმებული, მოქუფრული და გარინდებული, თან სათუთად ინახავს სოფლის ისტორიას. ყოველთვის სინანულით შევდივარ იმ შენობაში და მოგონებები თავისით მოდიან. მოგონებები გარდაცვლილი თანაკლასელების, თანასკოლელების და მართლაც კარგი პედაგოგების — ჟორა გუბელიძის, ნოდარ ცხომელიძის, ქართლოს რიაზანოვის, ეთერ თევზაძის, ლეილა ჩხიკვაძის. სკოლის კედლები წინა თაობის მართლაც ჩინებულ მასწავლებელთა — სერაპიონ ჩიკაშუას, ეკატერინე თოდრიას, ელენე სიხარულიძის, ლაზარე ნიკოლაიშვილის, მარო თევზაძის, ნინა ნაცვლიშვილის და სხვათა ხსოვნასაც ინახავს, რომლებსაც სოფელში დღესაც მოწიწებით იხსენიებენ.
|