2017-03-09 როგორ მოვიპოვო სტატუსი: უფროსი — წამყვანი — მენტორი
ლალი ჯელაძე
დღეის მონაცემებით, საქართველოში, მასწავლებლების უმეტესობა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პრეტენდენტია, ვინაიდან პედაგოგთა უმრავლესობა პრაქტიკოსია. აქედან გამომდინარე, მათი უმეტესობა სწორედ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად იღვწის. შემდეგ საფეხურზე გადასვლა პრაქტიკოსისთვის მით უფრო საშურია, რამდენადაც ხელფასის მატება სწორედ კარიერულ წინსვლაზეა დამოკიდებული. წინა პუბლიკაციაში შევეცადეთ მასწავლებლებისთვის მარტივი ენით აგვეხსნა გზა, რომელიც სქემაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უნდა გაიაროს უფროს მასწავლებლობამდე. ამჯერად კი გთავაზობთ ცვლილებების შემდეგ დანარჩენ საფეხურებზე — უფროსი, წამყვანი და მენტორი — რა დამატებითი თუ სავალდებულო აქტივობების შესრულება მოუწევთ მასწავლებლებს სტატუსის შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად.
უფროსი მასწავლებელი
ირინა სამსონია, უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი: „ცვლილებების შემდეგ, უფროსი მასწავლებლისთვის სტატუსის შენარჩუნება ისევ დარჩა აუცილებელ მოთხოვნად. წინა სქემის მიხედვით, სტატუსის შესანარჩუნებლად განსაზღვრული იყო 4 წელი, რომელშიც საპილოტე წელიც მოიაზრებოდა. ამ ვადაში იმისთვის, რომ მასწავლებელს შეენარჩუნებინა სტატუსი,13 კრედიტქულა უნდა დაეგროვებინა: 2 შიდა საგაკვეთილო დაკვირვებით — 4 კრ/ქ, გარე დაკვირვებით — 5 კრ/ქ და დამატებითი საქმიანობებით — 4 კრ/ქ. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ვერ შეინარჩუნებდა სტატუსს, სკოლა ვალდებული იყო, მასთან შრომითი ხელშეკრულება გაეწყვიტა, თუმცა, ვიდრე ამას გააკეთებდა, ინდივიდუალური საქმიანობისთვის, დამატებით, კიდევ ერთი წელი ეძლეოდა და უჩნდებოდა შანსი სტატუსის შესანარჩუნებლად. ცვლილების შემდეგ, მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად სამი წელი განისაზღვრა. ამ ხნის განმავლობაში, მან უნდა შეძლოს იმავე რაოდენობის — 13 კრ/ქ დაგროვება, მაგრამ სავალდებულო აქტივობად მხოლოდ შიდა საგაკვეთილო დაკვირვებების გავლა რჩება, რითაც 4 კრედიტქულას დააგროვებს, ხოლო დარჩენილ კრედიტქულებს დამატებითი აქტივობებით შეივსებს. ამ დამატებით საქმიანობებს ის შეარჩევს შეთავაზებული ჩამონათვალიდან, რომელიც გაცილებით ვრცელია და საერთოა უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის. რაც შეეხება გარე დაკვირვებას, როგორც ხედავთ, ის აღარ მოეთხოვება უფროს მასწავლებელს სტატუსის შესანარჩუნებლად.
თუ მასწავლებელი სამი წლის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს უფროსის სტატუსს, მას დამატებით ერთი წელი მიეცემა გამოსასწორებლად — ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის... მაგრამ თუკი ვერც ასე შეძლებს შედეგების გაუმჯობესებას, ამ ეტაპზე აღსანიშნავია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. მასწავლებელი, რა თქმა უნდა, სტატუსს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ სკოლიდან წასვლის ნაცვლად ჩამოქვეითდება პრაქტიკოსი მასწავლებლის პოზიციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილების თანახმად, მასწავლებელი სკოლიდან არ გადის. ის ხელახლა იწყებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი გზის გავლას. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში მას უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის განსაზღვრული დამატებითი საქმიანობების შესრულება მოუწევს.
ცვლილებაა ასევე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზებშიც. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უფროს მასწავლებელს, რომელსაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურდა, სქემის წინა ვერსიის მიხედვით, მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა — დაეგროვებინა 19 კრედიტქულა, აქედან, სტატუსის შესანარჩუნებელ 13 კრ/ქულას უმატებდა 6 კრ/ქულას, რომელსაც შიდა საგაკვეთილო დაკვირვებით (2 კრედიტქულა), საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევით (2 კრედიტქულა) და დამატებითი საქმიანობებით (2 კრედიტქულა) მოიპოვებდა. ცვლილების შემდეგ, უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, გახდეს წამყვანი, სქემა უკვე სამ ალტერნატიულ გზას სთავაზობს კარიერული წინსვლისთვის.
განვიხილოთ ეს გზები. ერთი გზაა, როდესაც პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ისევ რჩება ერთ-ერთ აქტივობად და ის ისევ 2 კრედიტქულით ფასდება. წინა სქემაში უფროსი მასწავლებლისთვის გარე დაკვირვება სტატუსის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა იყო, ცვლილების შემდეგ, ეს მოთხოვნა მოიხსნა და მხოლოდ წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად იქცა სავალდებულოდ. გარე დაკვირვება სწორედ ამ ეტაპზე შემოდის, როგორც სავალდებულო აქტივობა, რისი საშუალებითაც მასწავლებელი 5-ის ნაცვლად 4 კრედიტქულას მოიპოვებს. ამასთან, მან უნდა ჩაატაროს ორი სამოდელო გაკვეთილი და ამ გზით მოიპოვოს 2 კრედიტქულა. დანარჩენი 5 კრედიტქულა მასწავლებელს დამატებითი აქტივობებით შეუძლია შეივსოს.
მეორე გზა განკუთვნილია მათთვის, ვინც სქემის ძალაში შესვლის შემდეგ მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი ავტომატურად ხდება წამყვანი, ყოველგვარი დამატებითი თუ სავალდებულო აქტივობების განხორციელების გარეშე.
მესამე გზა კი განკუთვნილია ორი კატეგორიის მასწავლებლებისთვის: ა) მათთვის, რომელთაც სქემაში განაწილების დროისთვის მინიჭებული ჰქონდათ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ბ) იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ. ეს მასწავლებლები გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირდაპირ გადაინაცვლებენ მომდევნო საფეხურზე და გახდებიან წამყვანი მასწავლებლები.“
წამყვანი მასწავლებელი
სოფიკო ლობჟანიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი: „წამყვან მასწავლებელს ორი შესაძლებლობა აქვს: ერთი — დააგროვოს გარკვეული რაოდენობის კრედიტები იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტატუსი და მეორე — დააგროვოს დამატებითი კრედიტები (სავალდებულო თუ დამატებითი აქტივობებით), რომ გადავიდეს შემდეგ საფეხურზე და მიიღოს მენტორის სტატუსი.
რა ცვლილება განიცადა სტატუსის შენარჩუნებამ ან მოპოვებამ? სქემის წინა რედაქციაში, წამყვან მასწავლებელს, ხუთი წლის განმავლობაში, 17 კრედიტქულა უნდა დაეგროვებინა იმისთვის, რომ სტატუსი შეენარჩუნებინა. კრედიტების ამ რაოდენობას აგროვებდა: 5 სამოდელო გაკვეთილის ჩატარებით (5 კრ/ქ), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევით (3 კრ/ქ), სასწავლო რესურსის ან პროფესიული ლიტერატურის შექმნით (2კრ/ქ) და დამატებითი საქმიანობებით (7 კრ/ქ). ცვლილების შემდეგ, წამყვან მასწავლებელს 4 წელი ეძლევა, რომ სტატუსის შესანარჩუნებელი 17 კრედიტქულა დააგროვოს. წინა სქემის მიხედვით, სტატუსის შესანარჩუნებელ ვადას ერთი წელი მოაკლდა, სამაგიეროდ, მასწავლებლისთვის სასიკეთო ცვლილება განხორციელდა — 17 კრედიტქულის დაგროვება მას მრავალფეროვანი დამატებითი აქტივობებით შეუძლია. დამატებითი აქტივობების ნუსხა მართლაც იმდენად გამრავალფეროვნდა, ჩამონათვალის გარდა, პედაგოგს თავად შეუძლია აქტივობის ინიცირება და იმ შემთხვევაში, თუ ამ აქტივობას შეფასების ჯგუფი მოიწონებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, შეფასების კრიტერიუმებსაც დაადგენს. ამასთან ერთად, სტატუსის შესანარჩუნებელი კრედიტქულების დაგროვებისთვის, მასწავლებელს შეუძლია, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო სავალდებულო აქტივობებიც განახორციელოს. ბუნებრივია, ისევე როგორც სხვა სტატუსის შემთხვევაში, თუ შესანარჩუნებელ კრედიტქულებს ვერ დააგროვებს, ჩამოქვეითდება და, შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის საფეხურზე ჩამოინაცვლებს. ამის შემდეგ კი, კრედიტქულების ათვლა ჩვეულებრივ ისევ ისე დაიწყება, როგორც ხდება უფროსიდან წამყვანამდე. ამიტომაც მას თავიდან მოუწევს, როგორც შესანარჩუნებელი, ისე შემდეგ საფეხურზე გადასასვლელი კრედიტქულების დაგროვება. სქემაში ცვლილებაა იმ კუთხითაც, რომ კრედიტქულების გადაყოლა, ისე როგორც წინა სქემაში ხდებოდა (მეტობით დაგროვების შემთხვევაში), აღარ მოხდება — ყოველ შემდეგ საფეხურზე მასწავლებელი ნული ქულით გადავა, ანუ სტატუსის შეცვლის შემდეგ თავიდან დაიწყებს დაგროვებას.
ახლა რაც შეეხება მენტორის სტატუსის მოპოვებას — თუ მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად 17 კრედიტქულის მოგროვება სჭირდება, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად და ყველაზე მაღალ საფეხურზე გადასასვლელად 25 კრ/ქულა უნდა დააგროვოს ძირითადი, ანუ სავალდებულო აქტივობებით — ოთხი სამოდელო გაკვეთილის ჩატარება (4კრ/ქ) — წინა სქემის მიხედვით სავალდებულო იყო 5 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა (3 კრ/ქ); სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა (2 კრ/ქ ); დანარჩენი 16 კრედიტი მას შეუძლია, დამატებითი აქტივობებით შეივსოს. თუ მასწავლებელი მოიპოვებს მენტორის სტატუსს, მას აღარ მოუწევს სტატუსის შესანარჩუნებელი კრედიტების დაგროვება, რადგან მენტორობა უვადოა. თუმცა, მენტორს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოს სკოლაში.
სქემაში კიდევ ერთი სიახლეა, რომლის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევაში (განსაკუთრებული ღვაწლისთვის, დამსახურებული წვლილისთვის, განსაკუთრებული აქტივობისთვის და ა.შ.), მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისია უფლებამოსილია, მასწავლებელს, კრედიტების დაგროვების გარეშე, მიანიჭოს ესა თუ ის სტატუსი.“
უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობები და მისი შესაბამისი კრედიტქულები
პროფესიული განვითარების მიმართულებით:
•კონფერენციებში მონაწილეობა — 1 კრედიტქულა;
•სტაჟირება — 1 კრედიტქულა;
•აკრედიტებული ან რეგისტრირებული ტრენინგ-მოდულის ავტორობა — 25 საათი 1 კრედიტქულა;
•აკრედიტებული ან რეგისტრირებული ტრენინგ-მოდულის ტრენერობა — 0,5 კრედიტქულა;
•აკრედიტებული ან რეგისტრირებული ტრენინგის გავლა — 25 საათი 1 კრედიტქულა;
•აკრედიტებული ან რეგისტრირებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლა — კრედიტქულების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად;
•სახელმწიფო ენის კურსის გავლა დადასტურებული ენის ფლობის დონის სერტიფიკატით — 2 კრედიტქულა თითოეული დონისთვის;
•მასწავლებლის მიერ ინიცირებული ნებისმიერი დამატებითი საქმიანობა ამ მიმართულებით — კრედიტქულებს განსაზღვრავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.
სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით:
•სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში — 1-2 კრედიტქულა;
•სასწავლო პროექტები — 0,5 კრედიტქულა;
•დისტანციური სწავლება — 0,5 კრედიტქულა;
•კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისთვის, შეჯიბრებისთვის (მათ შორის სპორტული და სახელოვნებო ) მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება — 0,5 კრედიტქულა;
•სასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა ამ მიმართულებით — კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.
კლასგარეშე და სოციალური საქმიანობები:
•წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა — 1 კრედიტქულა;
•სემესტრის განმავალობაში საწრეო მუშაობის (მათ შორის სპორტული და სახელოვნებო) წარმართვა — 0,5 კრედიტქულა;
•საზაფხულო სკოლის მოწყობა — 1 კრედიტქულა;
•თავისუფალი გაკვეთილები — 0,5 კრედიტქულა;
•სოციალური პროექტები (მათ შორის მშობლებთან და თემთან მუშაობა) — 0,5 კრედიტქულა;
•მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა — კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.
პროფესიული თანამშრომლობა:
•სამოდელო გაკვეთილების ჩატარება — 1 კრედიტქულა;
•რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა: სტატია — 1 კრედიტქულა, მეთოდური ლიტერატურა — 2 კრედიტქულა, გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა — 4 კრედიტქულა;
•სტუდენტის ან სტუდენტების ჯგუფის კონსულტირება — 1 კრედიტქულა;
•ზოგადი განათლების სფეროში შინაარსობრივ-კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა — 1 კრედიტქულა;
•საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა — 1 კრედიტქულა;
•კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა — 0,5-1 კრედიტქულა;
•ფასილიტატორობა — წელიწადში 3 კრედიტქულა;
•მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა) — წელიწადში 1 კრედიტქულა;
•მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა — კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.
უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის დამატებითი აქტივობები ოთხ მიმართულებაში გადანაწილდა. ეს მიმარულებებია:1) პროფესიული განვითარება; 2) სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, 3) კლასგარეშე და სოციალური აქტივობები და 4) პროფესიული თანამშრომლობა.
ირინა სამსონია: „სახელმწიფო ამ ოთხი მიმართულებით ავალდებულებს სკოლებს და მასწავლებლებს, იმუშაონ და განახორციელონ თავიანთი აქტივობები, ხოლო მიმართულების შიგნით მაქსიმალურად ფართო არჩევანს აძლევს მათ. თითოეული მიმართულების ფარგლებში, როგორც ხედვათ, მასწავლებელს საშუალება ეძლევა განსხვავებული აქტივობა შემოგვთავაზოს.
სწორედ ამაზე მიუთითებს ეს ჩანაწერი თითოეული მიმართულების ბოლოს: მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობები. ერთი მხრივ, მასწავლებლებს ვაძლევთ აქტივობების გარკვეულ ჩამონათვალს, რომლისთვისაც შეფასების ინსტრუმენტები უკვე შევიმუშავეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მას გაუჩნდეს ახალი იდეა და გამოხატოს ინიციატივა სხვა აქტივობის განსახორციელებლად. ეს მოხდა იმიტომ, რომ მასწავლებელი მკაცრად შემოსაზღვრულ ჩარჩოებში არ ყოფილიყო მოქცეული და მისთვის მეტი ინიციატივის, თავისუფლებისა და შემოქმედებითობის გამოვლენის საშუალება მიგვეცა. ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელმა მის მიერ ინიცირებული აქტივობა თავდაპირველად სკოლის შეფასების ჯგუფთან უნდა შეათანხმოს. თანხმობის შემთხვევაში, შეფასების ჯგუფი მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და ისინი ერთობლივად განსაზღვრავენ კრედიტქულების რაოდენობას ცალკეული აქტივობისთვის. ცენტრი სამუშაოს მოცულობისა და საქმიანობის ტიპის გათვალისწინებით აძლევს სკოლას რეკომენდაციებს კრედიტქულების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ასეთი აქტივობის შეფასების ინსტრუმენტს, მას სკოლა თავად ადგენს. ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ამგვარმა პრაქტიკამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალი, საინტერესო აქტივობებისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვასა და გავრცელებას სკოლებში.
პოზიტიური სიახლეა სქემაში პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით მრავალფეროვანი აქტივობების შემოტანა. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც სასკოლო კულტურის, ისე თითოეული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიმართულებას, აქ მნიშვნელოვანი სიახლეა სასწავლო პროექტების დამატება აქტივობების ჩამონათვალში. სქემის ახალ რედაქციაში აისახა დისტანციური სწავლებაც. სიახლეა ასევე აქტივობა, რომელიც გულისხმობს ცალკეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფების მომზადებას სხვადასხვა კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისა თუ შეჯიბრებისთვის.
რაც შეეხება კლასგარეშე საქმიანობების მიმართულებას, აქ აქტივობების დიდი ჩამონათვალია. ეს მიმართულება მოიცავს საწრეო მუშაობას, საზაფხულო სკოლის ან ბანაკის მოწყობას, თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებას (რომლის კონცეფციის შექმნა და შეფასების კრიტერიუმების მომზადება მთლიანად სამინისტროს პრეროგატივაა).
პროფესიული თანამშრომლობის მიმართულებას, ბევრ ნაცნობ აქტივობას, შეამხნევდით, რომ დაემატა ახლებიც, მაგალითად, კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მხოლოდ შეხვედრებში მონაწილეობა ფასდება კრედიტქულებით, ხოლო უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის — როგორც ამ შეხვედრების ორგანიზება, ისე მათში მონაწილეობა. საინტერესო სიახლეა ასევე ისეთი აქტივობის დამატება, როგორიცაა ზოგადი განათლების სფეროში შინაარსობრივ-კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, მთელი განათლების სისტემა ეყრდნობა და ოპერირებს რამდენიმე კონცეპტუალური დოკუმენტით. მათ შორისაა ეროვნული სასწავლო გეგმა, ასევე მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და ეთიკის კოდექსი. თუ მასწავლებელი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, რომ მან მონაწილეობა მიიღო ამ ტიპის დოკუმენტების შექმნაში, მას მიენიჭება კრედიტქულა.“
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სქემაში სავალდებულო და დამატებით აქტივობებს შორის არსებულ პროპორციასაც შეეხო. ადვილად შესამჩნევია, რომ სქემის ახალ რედაქციაში სავალდებულო აქტივობათა წილი შემცირდა, ხოლო დამატებითი აქტივობების წილი გაიზარდა. მაგალითად, უფროს მასწავლებელს სტატუსის შესანარჩუნებლად განკუთვნილი 9 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობებით უნდა მოეგროვებინა, ხოლო დამატებით — 4, წინსვლისთვის კი 13 კრედიტქულა უნდა დაეგროვებინა სავალდებულო აქტივობებით, დამატებით — 6. ახალ ვერსიაში ეს შეფარდება საგრძნობლად შეიცვალა და ასე გამოიყურება: სტატუსის შესანარჩუნებლად უფროსმა მასწავლებელმა სავალდებულო აქტივობებით მხოლოდ 4 კრედიტქულა უნდა მოიპოვოს, სტატუსის ასამაღლებლად კი — 8. სამაგიეროდ, გაიზარდა დამატებითი აქტივობების წილი და ასეთი შეფარდება გვაქვს: უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისთვის — სავალდებულო 4, დამატებითი 9 (ჯამში 13კრ/ქ), წინსვლისთვის კი — სავალდებულო 8, დამატებითი11 (ჯამში 19 კრ/ქ).
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად კი საერთოდ აღარ არის საჭირო სავალდებულო აქტივობების განხორციელება მაშინ, როცა, წინა სქემის მიხედვით, ამ სტატუსის შესანარჩუნებლად წამყვან მასწავლებელს სავალდებულო აქტივობებით 10 კრედიტქულა უნდა დაეგროვებინა.
|