2017-03-16 დეცენტრალიზაცია — სერვისების განვითარების ახალი ეტაპი
ლალი ჯელაძე
გიორგი მაჩაბელი, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას აცხადებს. წელს ცენტრმა პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების დეცენტრალიზაციის პროცესს დაუთმო, რომელიც, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, ცენტრთან ერთად, მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას ითვალისწინებს.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის ზრდას, რაც საჭიროებებსა და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას გულისხმობს.
„სერვისების განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ და ვფიქრობთ, დადგა დრო, როცა აქტიურად უნდა წავიდეთ დეცენტრალიზაციისკენ, — ამბობს ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი — ეს ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა და გვჯერა, თუკი ამ მიმართულებით წავალთ, ამაღლდება მიწოდებული სერვისების ხარისხი, გაძლიერდებიან სხვადასხვა პროვაიდერები, ინსტიტუციურად გაიზრდება მათი მდგრადობა და შესაბამისად — პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომობაც.“
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ცენტრი რაღაცას „ვერ აკეთებს ან შესაბამისად ვერ აკეთებს“, უბრალოდ, „გვინდა, რომ ხარისხის ის მარჯა, რომელიც ცენტრს უჭირავს, კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროვაიდერებმა. რაც უფრო მეტი პროვაიდერი იქნება ბაზარზე და რაც უფრო ინტენსიური იქნება ამ მიმართულებით კონკურენცია, მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ წაადგება საქმეს.“ — აცხადებს ცენტრის დირექტორი.
რეალურად ფარავს თუ არა ცენტრი ბაზრის მოთხოვნას? ამის შესახებ ბატონი გიორგი ამბობს, რომ: „ყველაფერი ყველა მიმართულებით ერთი და იმავე ხარისხით რომ ჩაატარო, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მონოპოლიის პირობებში ხარისხის მაღალი მარჯის შენარჩუნება რთულია და, შესაბამისად, ამ მიმართულებით ბაზრის გახსნა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაც, რასაკვირველია, ერთი დღის საქმე არ იქნება — ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით. ეს იქნება ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში რამდენიმე ისეთი პროვაიდერი ორგანიზაცია გაჩნდება, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტს შესთავაზებს პედაგოგებს. მასწავლებლებს კი, ამით არჩევანის საშუალება მიეცემათ, თავად გადაწყვიტონ, რომელი ორგანიზაციის სერვისი გამოიყენონ პროფესიული განვითარების პროცესში.“
სერვისების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას აძლევს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა მიმწოდებელს, კონკურენტულ გარემოში შეიმუშაოს და განახორციელოს მრავალფეროვანი პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. სერვისის მიმწოდებელი შესაძლებელია იყოს:
— ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ან დაწესებულებათა ქსელი;
— პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
— საგნობრივი და პროფესიული ასოციაცია;
— კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი სხვა იურიდიული პირი.
იქნებიან თუ არა პროვაიდერებს შორის „წამყვანი სკოლები“? გიორგი მაჩაბელი ამბობს, რომ წამყვან სკოლებს აუცილებლად მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სხვა სკოლებს, ჩაუტარონ ტრენინგები ან განახორციელონ პროფესიული განვითარების პროგრამები: „პროფესიული განვითარების მთელ ციკლში და პროგრამებში აქტიურად იქნებიან ჩართული როგორც სკოლები, ისე უმაღლესი სასწავლებლები (თავისთავად, ის სკოლა და სასწავლებელი, რომელიც ამისთვის მზად იქნება). ასევე, პროვაიდერები შეიძლება გახდნენ ორგანიზაციები, რომლებსაც ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ და შესაძლებლობა აქვთ, ჩვენ მიერ გამოცხადებული პირობების თანახმად, მასწავლებლებს სხვადასხვა კურსები შესთავაზონ. ცხადია, ეს პირობები იმ კონკურსის ფარგლებში იქნება, რომელიც გამოცხადდება.“
ვინ უზრუნველყოფს პროვაიდერს ფინანსურად და იქნება თუ არა პედაგოგისთვის, ისე როგორც აქამდე იყო, ეს მომსახურება უფასო? ამ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი პასუხობს, რომ ყველაფერი, რასაც ცენტრი დააფინანსებს, პედაგოგისთვის იქნება უფასო (ანგარიშსწორება მოხდება ცენტრსა და პროვაიდერს შორის). „მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, თუ პროვაიდერები, ფასიან მომსახურებას შესთავაზებენ და ამით დააინტერესებენ პედაგოგებს. უბრალოდ, ცენტრი ამ სერვისების მარეგულირებელი ორგანიზაცია იქნება, ანუ მიზნობრივი გრანტებისა და შესყიდვის კონკურსები სწორედ იმაზე გამოცხადდება, რაც სახელმწიფოსა და ცენტრის ინტერესში იქნება.
მოქნილი სისტემა გვაქვს და ძალიან კარგია, რომ ცენტრმა გრანტების გაცემის უფლება მიიღო. გრანტებს გარკვეულ მიმართულებებზე და გარკვეული ოდენობით გავცემთ. მიზნობრივ პროგრამებს იმ მიმართულებით განვახორციელებთ, რაც ჩვენი პირდაპირი ინტერესი იქნება. პროვაიდერები გრანტების კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას და გრანტებით დაფინანსებულ პროგრამებს განახორციელებენ, სერვისები შესყიდვის წესითაც განხორციელდება. ამ შემთხვევაშიც, კონკურსში მოუწევთ მონაწილეობა.“
როგორც ირკვევა, რეგისტრაციის პროცესის მიმართ, პროვაიდერების მხრიდან, დიდი ინტერესი გაჩნდა და, დაახლოებით, 40-მდე ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა. „მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად რეგისტრირდებიან. ჩვენ შევისწავლით, რა ტიპის ორგანიზაციები არიან, რა გამოცდილება და რესურსები აქვთ და მხოლოდ ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყეტილებას, ვის შეუძლია პროგრამებში მონაწილეობა, რადგან რეგისტრაცია ჩვენს კონკურსში მონაწილეობის წინაპირობაა. ყურადღებას ვაქცევთ დარეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროგრამებს და მათ გამოცდილებას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალბედებს არ შეეძლებათ პროვაიდერობა. პირველ ჯერზე, ორიენტირს გამოცდილ ორგანიზაციებზე ავიღებთ, რათა პირველივე ეტაპიდან მოვახერხოთ ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება.“ — აცხადებს გიორგი მაჩაბელი.
ვინ იქნება ხარისხზე პასუხისმგებელი და განახორციელებს თუ არა ცენტრი ხარისხზე მონიტორინგს? ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ხარისხს ცენტრი გააკონტროლებს და ამ პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის ისეთ მექანიზმებს ჩამოაყალიბებს, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო გარე პროვაიდერების ხარისხის კონტროლს, არამედ თვითონ ცენტრის პროდუქციის გაკონტროლებასაც. „ჩვენ არ ვიქნებით პროვაიდერების კონკურენტი ორგანიზაცია. იქ, სადაც მთლიანი დაფარვა იქნება გარე პროვაიდერების მიერ, ცენტრი დამატებით ინტერვენციას აღარ განახორციელებს და ფოკუსირებას მხოლოდ იმ მასწავლებლებზე მოახდენს, რომლებიც გეოგრაფიული, საგნობრივი თუ თემატური პრინციპებით დარჩებიან სერვისის გარეშე. ცენტრი სწორედ მათ შესთავაზებს თავის პროდუქციას. ასე რომ, ამ მიმართულებითაც, ძალიან აქტიურები ვიქნებით, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც. შემდგომში, თუ გარე პროვაიდერები მთლიანად დაფარავენ ცენტრის მიერ აქტუალურად მიჩნეულ თემატიკას, რა თქმა უნდა, ცენტრი ამ მიმართულებით მუშაობას შეწყვეტს და კონცენტრირებული გახდება პოლიტიკის შემუშავებაზე, განხორციელებასა და ხარისხის კონტროლზე. ამით ცენტრის ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება.“
რადგან ტრენინგები მიბმულია სქემასთან, შესაბამისად, მიბმული იქნება კრედიტებთან, თუმცა, როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, შეიძლება ისეთი ტიპის ტრენინგებიც ჩატარდეს, რომელში მონაწილეობაც მასწავლებელს კრედიტით არ შეუფასდება. სამაგიეროდ, გარე პროვაიდერი უზრუნველყოფს მის მომზადებას გამოცდისთვის. სხვადასხვა ფორმით შეთავაზებულ ტრენინგებს შორის, მასწავლებლები, სურვილისამებრ, აირჩევენ რომელიმე პროვაიდერის, დამატებით, ფასიან ტრენინგს და კრედიტის მიღების ნაცვლად, იმ ცოდნის აკუმულირებას მოახდენენ, რასაც პროვაიდერი შესთავაზებს.
„ამ ბაზარზე ძალიან ბევრი წინადადება გაჩნდება. პროცესი, ჩვენი მხრიდან, რეგულირებადი იქნება და დიდ ყურადღებას მივაქცევთ ხარისხსა და ხელმისაწვდომობას“ — ამბობს გიორგი მაჩაბელი და იხსენებს დეცენტრალიზაციის წინა მცდელობას, რომელიც ნაწილობრივ წარმატებული და ნაწილობრივ წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლად ჩაითვალა. ცენტრში ახლა სწორედ ამ მასალის დეტალური გაანალიზება მიმდინარეობს, რათა თავი დაიზღვიონ იმავე შეცდომებისგან. თუმცა, სიახლე, ალბათ, შეცდომების გარეშე ვერც ახლა ჩაივლის, „მაგრამ გვინდა, რომ რისკი მინიმალური იყოს. ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ყველაფერს და გვსურს ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ, რათა თვითონ პროცესს არ მიადგეს ზიანი და არავინ თქვას, რომ არც ეს მცდელობა გამოვიდა.“
დეცენტრალიზაციის პროცესი დაიძრა და 2017 აპრობაციის წელი იქნება. ცენტრი, მის მიერ უკვე განხორციელებული ტრენინგების საფუძველზე, ეტაპობრივად, გადაწყვეტს, რომელ ტრენინგზე გამოაცხადოს კონკურსი.
პირველი კონკურსი საგნობრივი ასოციაციებისთვის ჩატარდა და ოთხმა გამარჯვებულმა უკვე მიიღო გრანტი. ერთი თვის განმავლობაში, მათ ცენტრს უნდა წარმოუდგინონ კვლევა, შედარებითი ანალიზი, საგნობრივ და მასწავლებლის სტანდარტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში. მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ცენტრი შემდგომ საქმიანობაში გაითვალისწინებს.
კონკურსის გარდა, საგნობრივი ასოციაციები აქტიურად ჩაერთვებიან საგნობრივ ტრენინგებში, რადგან ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ, წესით, ამ ასოციაციებმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ თითოეული მასწავლებლის საჭიროებები მათ საგნებში. საბოლოო ჯამში, მიზანიც სწორედ ეს არის, თითოეული მასწავლებლის საჭიროებაზე გასვლა და ტრენინგებზე მათი გათვალისწინება. ამ მიმართულებით, საგნობრივი ასოციაციების კიდევ უფრო გაძლიერება იგეგმება. გარდა ამისა, გიორგი მაჩაბელი აცხადებს, რომ სამომავლოდ მთლიანად სქემის დეცეტრალიზაციისკენ წავლენ და ეს პროცესები პარალელური იქნება.
რა იგულისხმება სქემის დეცენტრალიზაციაში?
„სკოლებს ისე გავაძლიერებთ, რომ შეიქმნას, მათ ბაზაზე არსებული, პროფესიული განვითარების სქემები. შეიძლება ერთ სკოლას თავისი ინდივიდუალური პროფესიული განვითარების სქემა ჰქონდეს, მეორეს — თავისი. ეს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენი ხედვაა. მართალია, ვიწყებთ ცენტრალიზებულად, მაგრამ ეს დაგვეხმარება კადრებისა და სკოლების მომზადებაში, სათანადო გარემოს ჩამოყალიბებაში, რადგან თანამშრომლობითი გარემოს გარეშე, ისევ მხოლოდ კონფლიქტების პრევენციაზე ვიქნებით ორიენტირებული. საბოლოო ჯამში, როცა ამისთვის მზად ვიქნებით, ჩვენც და მთლიანად სისტემაც, ისეთ მოდელზე გადავალთ, სადაც ძირითადი რგოლი იქნება სკოლა და წამყვანი როლიც მას დაეკისრება, თავის ადმინისტრაციით — დირექტორით, რომელსაც ეცოდინება, როგორ წარმართოს სასწავლო პროცესი და როგორ გახდეს ამ პროცესის ლიდერი. სწორედ ამას ემსახურება „ლიდერობის აკადემიები“ და მათი ტრენინგებიც. თავისთავად, საკითხი კომპლექსურია, მაგრამ მთავარია, სისტემაში სტაბილური განვითარებისა და წინსვლის გარემო შენარჩუნდეს და გაუთავებელი ზიგზაგებით აღარ ვიაროთ ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ, რაც არც ჩვენ გვაძლევს ხელს და არც პედაგოგს.“ — განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.
|