2017-03-23 დებატები — ლიტერატურის გაკვეთილის ნაწილი აზროვნების განვითარებისათვის ანა ფირცხალაიშვილი
ეს არ იყო ჩვეულებრივი გაკვეთილი ტრადიციული გაგებით, მაგრამ ეს იყო გაკვეთილი, რომელიც, ყოველგვარი საგნობრივი გამოკითხვის გარეშეც, ადვილად დაგარწმუნებთ, თითოეული მოსწავლე, ნებისმიერ შეთავაზებულ თემაზე, როგორ თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, კამათობს ოპონენტთან, ცდილობს საკუთარი აზრის უპირატესობაში დაარწმუნოს იგი და ამას შესაშური აქტიურობით აკეთებს. აქ არ არიან გამორჩეულად აქტიური ან პასიური ბავშვები; კარგად ჩანს, რომ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული მეთოდი ყველასთვის თანაბრად მისაღები და სახალისოა.
გაკვეთილის პრინციპი კი ასეთია: ბაქსვუდის სკოლის ქართულის მასწავლებლის, ნიკა ჩუბინიძის მოთხოვნით, მეხუთეკლასელები აწარმოებენ „აზრების დღიურს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები დღიურში აკეთებენ მოკლე ჩანაწერს, მათი აზრით, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის ან მოსაზრების შესახებ და განსახილველად სთავაზობენ ერთმანეთს. ნიკა მასწავლებელი ამბობს, რომ ასეთი დებატები გაკვეთილის ნაწილია და საუკეთესო საშუალებაა თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის. აზრის მკაფიოდ გამოხატვის, საკუთარი პოზიციის დაცვის უნარის გამომუშავება ლიტერატურის (და არა მარტო ლიტერატურის) სწავლების უმთავრესი მიზანია, რაც წიგნიერების გარეშე ვერ მიიღწევა. „ჯერ არავის მოუფიქრებია ისეთი მეთოდი და საშუალება, რომელიც წიგნის კითხვას შეცვლის. სწორედ წიგნიერებაა საფუძველი იმისა, რომ იყოთ საზრიანები, ჭკვიანები და განათლებულები“ — მიმართა გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს ნიკა ჩუბინიძემ.
იმ დღეს V ბ კლასელები წარმოგვიდგენდნენ თავიანთ „აზრების დღიურს“. გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა, დარბაზი პარალელურკლასელებმა (ისინიც ამ მეთოდით მუშაობენ და საკუთარი სურვილით დაესწრნენ გაკვეთილს, მომდევნო გაკვეთილზე მათაც მიეცემათ იგივე შესაძლებლობა), მშობლებმა და პედაგოგებმა შეავსეს.
გაკვეთილი ნინო გოქაძეს მიჰყავდა Vბ კლასიდან. პირველი, ვინც საკუთარი აზრი გაგვიზიარა, მარიამ კილაურიძე იყო. ეკრანზე მოსაზრება გაჩნდა, რომელიც, დაახლოებით, ასე ჟღერდა — ადამიანი ისეთი უნდა იყოს, როგორიც თავად უნდა, იყოს და არა ისეთი, როგორც სხვებს უნდათ, დაინახონ, პარალელურად — ერთი და იმავე ქალის ფოტო, სხვადასხვა იმიჯით. როგორც მარიამმა გვითხრა, ეს აზრი ერთმა ფილმმა შთააგონა. მთავარი გმირი, პირველ ფოტოზე, საკუთარი გემოვნებითაა ჩაცმული, მეორეზე — სხვათა აზრის გათვალისწინებით და გავლენით. გოგონას მიაჩნია, რომ არ უნდა დაემორჩილო საზოგადოებრივ აზრს, აუცილებლად უნდა შეინარჩუნო ინდივიდუალობა. მისი ოპონირება არ იყო იოლი, თუმცა არც ოპონენტები იყვნენ რადიკალურად განსხვავებული აზრის.
მეტი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა დანიელ მესტიაშვილის ამ მოსაზრებას: „ადამიანები შედარებით ნელა რომ იზრდებოდნენ, ანუ უფრო დიდხანს რომ ცოცხლობდნენ, უფრო კარგი იქნებოდა, რადგან დიდხანს არ გარდაიცვლებოდნენ ჩვენი საყვარელი ადამიანები“.
ჟიურის წევრების (ასე ჰქვიათ ოპონენტებს) ემოციური გამოსვლები, ძირითადად, ასეთი შინაარსის იყო:
• დაუსრულებლად თუ გაგრძელდა სიცოცხლე, ცხოვრებას აზრი დაეკარგება;
• ღმერთმა ასე დააწესა — ადამიანი იბადება, ცხოვრობს და მერე მიდის — ყველას თავისი დრო აქვს;
• ადამიანი 100-ს რომ გადასცილდება, შეიძლება იმდენი ვინმე მოუკვდეს, რომ ძალიან გულნატკენი იყოს;
• რაც მეტ დროს ატარებ საყვარელ ადამიანთან, მით უფრო მტკივნეულია მასთან განშორება;
• ბევრ ხანს თუ იცოცხლებ, ბევრი სევდა დაგიგროვდება და დაიტანჯები, ჯობია ისე დარჩეს, როგორც არის.
ბევრი იკამათეს ბავშვებმა სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ, თუმცა დანიელი მაინც თავის აზრზე დარჩა — რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა, „მაგალითად, 300 წლამდე“.
მარიამ თავაძის იდეაა სახელმწიფოში კანონით ევალებოდეთ ადამიანებს გაჭირვებულების დახმარება.
ოპონენტები ასე ეხმიანებიან მის მოსაზრებას:
• ეს აზრი არასწორია იმიტომ, რომ არ შეიძლება დაუსრულებლად აძლევდნენ ადამიანები სხვას ფულს;
• ფულს, რატომ? — პასუხობს მარიამი — მთავარია, ასწავლო რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ იცხოვრო;
• ჩვენს ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, მდიდარი — ცოტა, სულ რომ სხვებს დაეხმარონ, ისინიც გაღარიბდებიან, ამიტომ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ. გაჭირვებულს ის ურჩევნია, სამუშაო ჰქონდეს და არა ის, რომ სხვამ არჩინოს...
კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა თემის გარშემო კამათი, რომ მათემატიკის მასწავლებელი სოსო მჭედლიშვილი არ ჩარეულიყო. მან ბავშვების ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მარიამი მხოლოდ ფულად დახმარებას არ გულისხმობდა — „უნდა დაეხმარო იმის სწავლებაში, რაც გულისხმობს ცხოვრების სწორად გავლას“ — დააზუსტა ბატონმა სოსომ.
„ყველას ცხოვრებაში არის რაღაც საინტერესო, რაც სიცოცხლეს უხალისებს“ — გვეუბნება ლილე ბოგვერაძე. პირველი, რაც მის ოპონენტს აზრად მოსდის, ეს კითხვაა — რა გაუხალისებს ღარიბს ცხოვრებას, მას ხომ ფული არ აქვს? ამიტომ ეს აზრი არასწორია; სხვანაირად ფიქრობს მისი თანაკლასელი, რომელსაც მიაჩნია, რომ თუ ეს ღარიბი ქალია (?) და გაუჩნდა შვილი, ხომ ძალიან გაუხარდება. თუმცა, პასუხად ისევ შეკითხვას იღებს — თუ ფული არ აქვს, როგორ გაზრდის? ამ თემის ირგვლივაც არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მათ შორის ღარიბის ცხოვრებაშიც, შეიძლება მოხდეს საინტერესო და სახალისო ამბავი და რაკი ცხოვრება სირთულეების გარეშე არ არსებობს, პრობლემები მდიდრებსაც აქვთო; მეორენი, სკეპტიკურად განწყობილები, ამტკიცებდნენ, თუ მატერიალურად არ იქნები უზრუნველყოფილი, ვერანაირ პრობლემას ვერ დაძლევ, მუდმივად სხვები ხომ ვერ დაგეხმარებიანო.
მარიამ ხაბარელი მართლაც სერიოზულ საკითხს შეუწუხებია: „ყველგან, სადაც კიბე ან შენობის ასასვლელია, კარგი იქნებოდა, ყოფილიყო ინვალიდებისათვის გამოყოფილი გზა, რომელიც გაუადვილებდა გადაადგილებას“. თანატოლები, ძირითადად, დაეთანხმნენ მარიამს, მხოლოდ იმაზე მსჯელობდნენ, სად სჯობდა ასეთი გზის გაკეთება — ლიფტამდე, კიბეებთან თუ კიდევ სხვაგან. უფროსებმა კი ბავშვებს ტერმინოლოგიის შეცვლა ურჩიეს და აუხსნეს, რომ ასეთ შემთხვევებში სჯობს გამოვიყენოთ ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.
გამორჩეული იყო სანდრო ურუშაძის მიერ შემოთავაზებული აზრი: „ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება უფრო ადვილია თამაშით, ვიდრე საუბრით“. აი, რას ფიქრობენ სანდროს კლასელები ამის შესახებ:
• სულ თამაშით ურთიერთობა არ შეიძლება, სანდრო აკონკრეტებს — მხოლოდ გაცნობის პერიოდს ვგულისხმობ, თამაშით რომ გაიცნობ, მერე უფრო გაუგებთ ერთმანეთს.
• პირველად შეიძლება, მაგრამ არ უნდა მიეჩვიოს ამას, თორემ რომ გაიზრდება, ეგონება, რომ მაშინაც ასეა საჭირო;
• თამაშით ვერ მიხვდები, როგორი ადამიანია, გულში რას ფიქრობს, ბოროტია თუ კეთილი. ეს რომ გაიგო, უნდა ელაპარაკო, ისაუბროთ სხვადასხვა რამეებზე.
ანასტასია რურუამ, რომლის აზრითაც „მათხოვრებისთვის უნდა იყოს თავშესაფარი და სასიცოცხლო პირობები“, თანატოლებისგან შენიშვნა მიიღო — ასე უხეშად არ უნდა დაგეწერა, უნდა იყოს „მზრუნველობას მოკლებული“... უმეტესობა დაეთანხმა ანასტასიას, ზოგმა თქვა, რომ ასეთი თავშესაფრები არის, ოღონდ მეტი უნდა იყოს და კეთილმოწყობილი.
ასეთივე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ანი ღლონტის, ნიკოლოზ იაშვილის, ნიკო აბულაძის და სხვათა მიერ შემოთავაზებულ აზრებს. გაკვეთილი დიდხანს გაგრძელდა. ყველას უნდოდა საკუთარი აზრის გამოხატვა — ვის თანხმობის, ვის ოპონირების, ზოგი ნაწყენიც დარჩა, რომ დროში შეზღუდეს. ნიკო მასწავლებელი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში აზრის გამოხატვის კულტურაც დაიხვეწება და ნელ-ნელა აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაში გადაიზრდება. ლიტერატურის მიზანიც ესაა. წლების შემდეგ, როცა თავად იქნებიან მინისტრები, პარლამენტარები, ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნას უზრუნველყოფენ, სადაც აღარ იქნება ის პრობლემები, რომლებზედაც დღეს სწუხან. ასე რომ მოხდეს, მათ აუცილებლად კარგად უნდა ისწავლონ და ბევრი წიგნი წაიკითხონ.
გაკვეთილის ბოლოს ბავშვებს ქართულის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ცხვედიანმა მიმართა: „აღფრთოვანებული ვარ ამდენი ჭკვიანი ბავშვის მოსმენით, რომლებიც ისეთ საკითხებზე დაფიქრებულან, სულ რომ აინტერესებს ადამიანს; რამდენი წლისაც არ უნდა გახდეთ, ეს ინტერესი არ განელდება, იმიტომ რომ ეს მუდმივად საინტერესო საკითხებია. კარგია, რომ გისწავლიათ ფიქრი. ადამიანი როცა ფიქრობს, გონებრივად იზრდება და ყალიბდება, სრულყოფილებისკენ მიდის. ძალიან გამახარა თქვენმა ინტერესმა, რომ გინდათ გამოთქვათ საკუთარი აზრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ჯერ მხოლოდ მეხუთეკლასელები ხართ და არ იცით, რამხელა გამარჯვება მოგიპოვებიათ, რომ გაგიჩნდათ სურვილი თამამად გამოთქვათ საკუთარი აზრი. იფიქრეთ ბევრი, იკითხეთ ბევრი, დასვით კითხვები და გამოთქვით თქენი აზრი. ეს იმის საწინდარია, რომ იქნებით ჭკვიანები, თქვენი ცხოვრება იქნება საინტერესო და არა ერთფეროვანი და მოსაწყენი. მადლობა თქვენს მასწავლებელს, ცოდნის წადილი რომ გაგიღვიძათ და ასე ფიქრი გასწავლათ.
ყველა ლიტერატორი ვერ იქნება, მაგრამ მსჯელობის და აზრის გამოთქმის, საკუთარი პოზიციის დაცვის და სხვისი ოპონირების უნარი უნდა გქონდეთ.
არსებობს ფაქტობრივი მასალა და მისი ცოდნა და არსებობს უნარები. აი, ამ უნარების განვითარებისკენაა სკოლა, პირველ რიგში, მიმართული. ჩვენ გვყავს უნარების პედაგოგიც, რომელიც ასაკის შესაბამისად მუშაობს — დაწყებით საფეხურზე ლოგიკური უნარების განვითარებისთვის, მაღალ კლასებში — ანალიტიკური უნარების. მართალია, ეს შრომა ამოუწურავია და არასოდეს თავდება, მაგრამ სახალისო, საინტერესოა და შედეგზე ორიენტირებული.
დღევანდელმა ჩვენმა შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა“.
ბოლოს, საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ, დამსწრეთა აღფრთოვანებული შეძახილების ფონზე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა:
1. ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილი — ყველაზე გონივრული მოსაზრების ავტორი;
2. მარიამ თავაძე — ყველაზე საინტერესო მოსაზრების ავტორი;
3. მარიამ კილაურიძე — ყველაზე ლოგიკური მოსაზრების ავტორი;
4. ნიკოლოზ გურამიშვილი-დარჩია — ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრების ავტორი;
5. დანიელ მესტიაშვილი — ყველაზე კრიტიკული მოსაზრების ავტორი;
6. ნიკო აბულაძე — ყველაზე ანალიტიკური მოსაზრების ავტორი.
|