2017-04-20 „ოპტიმალური გამოსავლის“ ძიებაში
აუტიზმის სპექტრის აშლილობები, ჯერჯერობით, ბოლომდე შეუსწავლელია მედიცინაში, დაბალია საზოგადოების ცნობიერება, არსებობს უამრავი მითი, რომელიც ამ დაავადების გარშემო ვრცელდება და რომელსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. თავისთავად, აუტიზმის ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დავანგრიოთ მითები, რომელიც აუტიზმის გარშემო არსებობს, რადგან თავიდან ავიცილოთ არასწორი ინფორმაციის შესაძლო შედეგები, რომელიც ხშირად უფრო საზიანოა, ვიდრე ინფორმაციის უქონლობა.
აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ საზოგადოებაში არსებული მითებისა და რეალობის შესახებ გვესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი:
— აუტიზმის სპექტრის აშლილობის შესახებ არსებობს კვლევები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იძლევა. მაგალითად, ვაქცინაციას კვლევების ნაწილი რისკ-ფაქტორებს განაკუთვნებს, ნაწილი კი პრევენციად მიიჩნევს. რას გვეტყვით ამის შესახებ?
— აუტიზმი და ვაქცინაცია, ეს ის თემაა, რომელიც მყარად ინარჩუნებს აქტუალობას წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერსად შეხვდებით კვლევითი მტკიცებულებებით გამყარებულ მონაცემებს ვაქცინაციის, როგორც აუტიზმის სპექტრის აშლილობების რისკ-ფაქტორის შესახებ. ყველაზე პოპულარულ და ვალიდურ ინტერნეტ გვერდებზე Autism Speaks, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და ა.შ. ძალიან მკაცრად ხაზგასმულია, რომ ეს კავშირი არ არის დადასტურებული, დღემდე აუტიზმთან დაკავშირებული ყველაზე მყარი მითი მოსახლეობაში მაინც აცრებია. მაგ., ამ აზრს წელს მიემხრო ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და განცხადებაც კი გააკეთა პრესისთვის, რომელსაც მწვავე რეაქცია მოჰყვა მეცნიერთა წრეებიდან, რომლებიც აბსოლუტურად არ ეთანხმებიან მსგავს მტკიცებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი უარყოფითი კავშირი ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არ დადასტურებულა, მოსახლეობაში შფოთვის შემცირების მიზნით,1999 წლიდან, ამერიკაში ორგანიზაციამ the Food and Drug Administration (FDA (CDC) სრულად ამოიღო საბავშვო ვაქცინებიდან ნივთიერება (ვერცხლისწყალი), რომელსაც უკავშირებდნენ გაზრდილ რისკებს. თუმცა, ამ პერიოდიდან მოყოლებული, პრევალენსი აუტიზმთან დაკავშირებით კი არ შემცირდა, პირიქით გაიზარდა: 2000 წელს, თუ აუტიზმის გავრცელება 1:150-თან იყო, ამჟამად 1:68 ბავშვზე მოდის, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს იმ დამოკიდებულებას, რაზეც რიგი წრეებისა მსჯელობდნენ. თუ შევადარებთ იმ უარყოფით შედეგებს, რაც აუცრელობამ შესაძლოა მოგვცეს (წითელასმიერი ენცეფალიტი, ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი — ტვინის ქსოვილის ანთებითი პროცესი, რაც ხშირად სიკვდილით ან მყარი უნარშეზღუდულობით მთავრდება), ნამდვილად ღირს დაფიქრება, ავყვეთ თუ არა ამ გაბატონებულ მითს აუტიზმთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მტკიცებულებებს აუტიზმის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ძირითადი საკითხები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს, პრაქტიკულად კვლევის პროცესშია, თუმცა შედარებით დადასტურებულi რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების გაიდლაინებში. მაგ. NICE (The National institute for Health and Care Excellence) გაიდლაინში თავმოყრილია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: და ან ძმა აუტიზმის სპექტრის აშლილობით; დედის 40 წელზე მეტი ასაკი ბავშვის დაბადებისას; მამის 40-49 წლის ასაკი ბავშვის დაბადებისას; ახალშობილის წონა 2500 გრამზე ნაკლები; 35 კვირაზე ნაკლები გესტაციის ახალშობილი; ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის საჭიროება; ცნს-ის თანდაყოლილი მანკები და/ან დისფუნქცია; მამრობითი სქესი; 20 კვირაზე ადრე ნაყოფის მოშლის საშიშროება; დედის მიერ ორსულობის პერიოდში გარკვეული მედიკამენტების გამოყენება; დედაქალაქში ცხოვრება; ემიგრაციაში მყოფი დედა.
— დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CდC) მონაცემებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, სტატისტიკა არ შეცვლილა. 2010-2017 წლამდე აუტიზმის სპექტრის აშლილობის გავრცელების სტატისტიკა ასეთია: 1:68, აქედან ითვლება, რომ ბიჭებში ყოველი 42-დან ერთს აქვს აუტიზმის დიაგნოზი, ხოლო გოგონებში — 189-იდან — ერთს. ამგვარად, ბიჭებში 4,5-ჯერ მეტია, ვიდრე გოგონებში. რა არის ამის მიზეზი?
— ეს თანაფარდობა ძალიან სერიოზული კვლევის ობიექტად იქცა. ამის ასახსნელად რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს:
1. წლების განმავლობაში დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, კლინიკური შემთხვევები და ნიშნები ეფუძნებოდა ბიჭებში დასმული დიაგნოზის კლინიკურ გამოვლინებას.
2. არსებული სკრინინგული ტესტები შესაძლოა არ იყოს სანდო აუტიზმის გამოსავლენად გოგონებში და დახვეწას საჭიროებდეს.
3. გოგონებს შეუძლიათ უკეთ ადაპტირდნენ და „შენიღბონ“ აუტიზმის სპექტრის სიმპტომები (ე.წ. „კომუფლიაჟის ჰიპოთეზა“).
არსებობს კვლევებით დამტკიცებული თავის ტვინის სტრუქტურული სხვადასხვაობა აუტიზმის დიაგნოზის მქონე გოგონებსა და ბიჭებს შორის.
შეიძლება გოგონებში გამოხატული იყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის სიმპტომატიკა, მაგრამ შედარებით მსუბუქად, მისი კომპენსირება გარკვეული უნარ-ჩვევების ხარჯზე ხდება. მაგალითად, გოგონას შეუძლია ითამაშოს იმიტაციური, წარმოსახვითი თამაში — თოჯინა დააძინოს, აჭამოს, ათამაშოს და ა.შ., მაშინ როდესაც ბიჭებში წარმოსახვითი თამაშის არარსებობა აუტისტური სპექტრის აშლილობის გამოვლინების ერთ-ერთი პათოგნომური ნიშანია. ზოგადად, წარმოსახვითი თამაში აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს მკვეთრად დეფიციტურია. გოგონებში მსგავსი თამაში გვხვდება, თუმცა, შესაძლოა ძალიან გაღარიბებული და სტერეოტიპული იყოს მისი შინაარსი.
აუტიზმის მქონე გოგონებს შედარებით უფრო მეტად შესწევთ უნარი, ჩაწვდნენ სოციალურ კონტექსტს, „ფეხი აუწყონ“ თანატოლებს, რის საფუძველზეც ისინი ახერხებენ იმიტაციურ ურთიერთობებს (თუმცა, უფრო მეტად მაშინ, როცა ინიციატივა სხვისგან მოდის და არა საკუთარი ინიციატივის ხარჯზე). მათ, როგორც წესი, ჰყავთ, სულ მცირე, ერთი მეგობარი, რომელსაც ეჯაჭვებიან და მასზე დამოკიდებულნი ხდებიან.
ასაკის მატებასთან ერთად გოგონები მეტად ხვდებიან თავიანთ განსხვავებულობას თანატოლებთან შედარებით და იმისათვის, რომ ნაკლებად გამოირჩეოდნენ, მიმართავენ ისეთ ხერხს, როგორიცაა: ნაკლები აქტიურობა საუბრის დროს, ზედმეტად მოწესრიგებულობა, რომ არ დაიმსახურონ შენიშვნები და ასევე, მეტად ემორჩილებიან იმ სოციალური გარემოს წესებს, სადაც ხშირად უხდებათ ყოფნა.
შეეხება ბიჭებს, ითვლება, რომ მათში მწვავედ ვლინდება სოციალური ინტერაქციის პრობლემა — არ აქვთ მოტივაცია, შესაბამისად, ნაკლებად აქვთ ურთიერთობაც. ნელ-ნელა, სავარაუდოდ, კვლევები დაადასტურებს, რომ გოგონებში არც თუ ისე იშვიათია აუტისტური სპექტრის აშლილობა, უბრალოდ, მისი ამოცნობა და დიაგნოსტირება არ ხდება სწორად.
— მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის, სტეფან სენეფის მოსაზრებით, 2025 წელს, აუტიზმი ყოველ მეორე ბავშვს ექნება. რამდენად რეალურია ასეთი შემაშფოთებელი მზარდი სტატისტიკა?
— ესეც ერთ-ერთი კვლევაა, რომელსაც, თავისთავად, არსებობის უფლება აქვს. ის ერთ-ერთი მოსაზრებათაგანია, ჰიპოთეზაა. თუ ადრეულ სტატისტიკას გადავხედავთ, მაგალითად, CდC -ის მონაცემებით, 2000 წელს, ითვლებოდა, რომ 150 ბავშვში ერთს აუტიზმის სპექტრის აშლილობა ჰქონდა. შედეგ, სურათი, ნელ-ნელა, შეიცვალა: 2004 — 1:125; 2006 — 1:110; 2008 — 1:88, ხოლო 2010-ში — 1:68 (2010-დან დღემდე, სტატისტიკა არ შეცვლილა). იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ ბევრი წელი იქნება უცვლელ ნიშნულზე.
— რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდის შეჩერება, ხომ არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ გარკვეული პრევენცია განხორციელდა?
— ჩემი აზრით, სიხშირიანობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები. იმ პერიოდში აქტიურად იხვეწებოდა დიაგნოსტიკა. მაგალითად, ბოლო დროს, შეიცვალა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები და, ასა-ს ქუდქვეშ გაერთიანებული საკმაოდ დიდი ჯგუფიდან, ბევრი დიაგნოზი ამოვარდა. აუტიზმის წინაპირობად გენეტიკური წინასწარგანწყობისა და რისკ-ფაქტორების ურთიერთქმედება მოიაზრება, რისი წინასწარ განჭვრეტა და ამ გზით პრევენცია, ცოტა არარეალურად მეჩვენება.
მედიცინაც სწორედ პრევენციაში ვერაფერს სახარბიელოს ვერ გვთავაზობს. მაგალითად, ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი დედისა და მამის ასაკს შორის სხვაობაა. თუ ამ რისკ-ფაქტორს გავითვალისწინებთ, ქალსა და მამაკაცს შორის 10 წელზე მეტი სხვაობა არ უნდა იყოს. რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ ეს ვინმემ გაითვალისწინოს და ქორწინებაზე უარი თქვას იმ მიზნით, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის პრევენცია მოახდინოს.
— „წითელი დროშები“ — ასე ეწოდება ადრეულ ნიშნებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ. რა არის ის პირდაპირი სიგნალები, რომლის არსებობის დროს განგაში უნდა ავტეხოთ?
— მშობელი, ძირითადად, პრობლემას ამჩნევს მას შემდეგ, რაც ბავშვი გადაავადებს მეტყველების დაწყების პერიოდს. თუმცა, თუ 9 თვეზე არ არის სოციალური ღიმილი, 12 თვისთვის ბავშვი არ რეაგირებს სახელით დაძახებაზე, არ წარმოებს ან დეფიციტურია თვალით თვალში მზერითი კონტაქტი, 14 თვისთვის არ იშვერს თითს სასურველზე მისანიშნებლად, 16 თვეზე არ წარმოებს წარმოსახვითი თამაში, 24 თვისთვის 10- ზე ნაკლებ სიტყვას ამბობს — უცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. ასევე, ბავშვებს ასა-თი აქვთ სერიოზული დეფიციტი და სიმწირე ემოციის გადმოცემის მიმიკა-ჟესტების საშუალებით. უჭირთ როგორც საკუთარი ემოციის გამოხატვა, ასევე სხვისი ემოციის გაგება. შესაძლებელია, ბავშვები მეტყველებდნენ, მაგრამ ხშირად დეფიციტურია მეტყველების ფუნქციური გამოყენება. ახასიათებთ მყისიერი ექოლალია — სხვისი ნათქვამის მყისიერი განმეორება ან წარსულში გაგონილი ფრაზების გამოყენება (მოგვიანებითი ექოლალია). მათ უჭირთ დიალოგის წარმოება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, მივაქციოთ ყურადღება, რამდენად ფუნქციური, კონტექსტურია მათი მეტყველება ან როგორ შეუძლიათ დიალოგის წარმოება; დასმულ შეკითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა; ხომ არ არის მხოლოდ სიტყვების სახელდება, მაგალითად, საგანი დაინახა და მას მხოლოდ ასახელებს; უჭირთ ურთიერთობები თანატოლებთან, აქვთ შეზღუდული ინტერესები, მეტად ინტერესდებიან დეტალებით, საგნებს იყენებენ არაფუნქციურად (აკაკუნებენ და აყურადებენ, აბზრიალებენ და აკვირდებიან, თვალების წინ ატარებენ ერთი მიმართულებით).
— რამდენად გადამწყვეტია აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირებისთვის დროულად მიმართვა და ადრეული ჩარევა?
— „ადრეული აღმოჩენა, ადრეული მოქმედება“ — მაგალითად, ასეთი პროგრამა აქვს აutism Speaks-ს. ადრეული ინტერვენცია რადიკალურად ცვლის პროგნოზს. ითვლება, რომ სამ წლამდე დაწყებული თერაპიის შემთხვევაში, 50 პროცენტში, იმდენად უმჯობესდება გამოსავალი, რომ ამ ბავშვებს აღარ აქვთ სკოლაში ჩართულობისა და შემდგომი განვითარების სირთულეები, ყოველ შემთხვევაში, მინიმუმამდეა დასული. ბოლო წლებში მკვლევრები, სულ უფრო ფართოდ იყენებენ ტერმინს „ოპტიმალური გამოსავალი“, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა აუტიზმის სპექტრის აშლილობის ნიშნები არსებობდეს, მაგრამ ხელს არ უშლიდეს ინდივიდს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, რაც, ერთგვარად, დიაგნოზის მოხსნის ტოლფასია.
— როგორ მიიღწევა „ოპტიმალური გამოსავალი“, რას ითვალისწინებს ადრეული ინტერვენცია — მხოლოდ თერაპიას თუ მედიკამენტურ ჩარევასაც?
— მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია მაშინვე, როგორც კი გამოითქმება ეჭვი განვითარების სირთულეებთან დაკავშირებით. აუცილებელია თერაპიის ინტენსივობა და უწყვეტობა. მედიკამენტი გამოიყენება, მხოლოდ და მხოლოდ, თანმხლები ფსიქიატრიული ან სომატური დაავადებების დროს, თუ აუტიზმს არ ახლავს თანმდევი სიმპტომატიკა, ასეთ შემთხვევაში, პრაქტიკულად, არანაირი მედიკამენტი არ გამოიყენება და არანაირ მედიკამენტს ეფექტი არ აქვს.
— როგორია სტატისტიკა საქართველოში, გვაქვს თუ არა მონაცემები აუტიზმის სპექტრის აშლილობის დინამიკის შესახებ?
— სამწუხაროდ, სტატისტიკა არ გვაქვს. პირველი პილოტური კვლევა, საქართველოში, 2008-2009 წლებში ჩატარდა. ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციამ გამოიკვლია და ნახა, რომ 115 ბავშვში 1-ს ჰქონდა აუტისტური სპექტრის აშლილობა. მაშინ ეს რიცხვი, ფაქტობრივად, ემთხვეოდა მსოფლიო სტატისტიკურ მონაცემებს.
— სჭირდებათ თუ არა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს სპეციალური სასწავლო პროგრამები და რამდენად ინტენსიურია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თქვენი თანამშრომლობა?
— ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნამდვილად ვერ ხერხდება, თუმცა, ალბათ, სასურველი იქნებოდა. ასა-თი ბავშვების 46 პროცენტს ინტელექტთან დაკავშირებული სირთულეები არ აქვთ, თუმცა მათი სკოლის გარემოში ჩართულობის ძირითად პრობლემას, სხვადასხვა ინტენსივობით გამოხატული, ქცევის დარღვევები წარმოადგენს, ამას შესაძლოა დაემატოს ყურადღების კონცენტრირების სირთულე. ხშირად აუტიზმის სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებს აქვთ დასწავლის სპეციფიკური სირთულეები. თუ პედაგოგებს ექნებათ შესაბამისი ფსიქოგანათლება და მოტივაცია, ვფიქრობ, სწავლის მისაღებად, ადეკვატური გარემოს შექმნა ამ ბავშვების უმრავლესობისთვის დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
— არსებობს თუ არა სახელმწიფოს მიერ ცენტრალიზებულად დაფინანსებული პროგრამები და ძვირადღირებულია თუ არა ასა-ს თერაპია?
— 2015 წლიდან ფუნქციონირებს მერიის პროგრამა, რომელიც მხოლოდ თბილისს მოიცავს. ასეთივე პროგრამას ახორციელებს ბათუმის მერიაც. თბილისში ბავშვებს თვეში 20 თერაპიული საათი უფინანსდებათ, რაც ცოტა არ არის, მით უმეტეს, რომ შენარჩუნებულია უწყვეტობა და მუდმივობა. ეს აისახა კიდეც შედეგებზე.
სასურველია, უფრო მეტად გაძლიერდნენ მშობელთა ასოციციები. სწორედ ძლიერმა მშობლებმა შეცვალეს ბევრი რამ სასიკეთოდ. მათ უნდა დაანახონ მუნიციპალიტეტებს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ცენტრების არსებობა რეგიონებშიც. ამ საკითხებზე მომუშავე ცენტრები დაუზარლად გავუწევთ მათ დახმარებას. რასაკვირველია, უმჯობესია, სახელმწიფო პროგრამა უფრო მასშტაბური იყოს, მაგრამ თუნდაც მუნიციპალიტეტების დაფინანსებით პროგრამების ამოქმედება სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.
— საერთაშორისო სტანდარტით, რამდენი თერაპიული საათი მიიჩნევა ნორმად და გქონიათ თუ არა ცენტრში „ოპტიმალური გამოსავლის“ შემთხვევები?
— განვითარებულ ქვეყნებში ითვლება, რომ თერაპიული პროცესი, კვირაში, 25-დან 40 საათს მოიცავს. პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი. ქართული რეალობით, კვირაში 5 საათია გათვალისწინებული. ჩვენს ცენტრში, ქცევით თერაპიასთან ერთად, საჭიროების მიხედვით, მშობელს აქვს საშუალება, ბავშვი ჩართოს: ხელოვნების, სენსორულ, ფიზიკურ და მეტყველების თერაპიებში. ვთავაზობთ ასევე სპეცპედაგოგის მომსახურებას.
რაც შეეხება „ოპტიმალურ გამოსავალს“, ასეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, გვქონია. გარკვეული დროის შემდეგ, პაციენტისთვის ინტენსიური თერაპია მოგვიხსნია, თუმცა, ზოგიერთი სირთულეების არსებობის გამო, მაგალითად, სოციუმში ინტეგრირება სხვაგვარად ორგანიზებული თერაპიით ჩაგვინაცვლებია — ვრთავთ ჯგუფურ აქტივობებში, ვმუშაობთ სოციალურ სიტუაციებზე, ისტორიებზე და ა.შ.
სტატისტიკაც ამას გვეუბნება, ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში 3-25%-ია შესაძლებელი „ოპტიმალური გამოსავლის“ მიღწევა. ვიყოთ ყურადღებიანები, პრობლემური ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მივმართოთ პროფესიონალებს, ადრეულად ჩავრთოთ ბავშვი რეაბილიტაციის პროცესში და შედეგიც არ დააყოვნებს.
ესაუბრა
ლალი ჯელაძე
|