2017-05-04 პროფესიული განათლების „ჰაკათონი“ დასრულდა
დასრულდა პროფესიული განათლების პირველი „ჰაკათონი“ — ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების შეჯიბრი, რომელშიც 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტური ჯგუფები მონაწილეობდნენ. „ჰაკათონი“კარგი იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნის საუკეთესო ასპარეზია.
შეჯიბრი ორ საფეხურს მოიცავდა: პირველ ეტაპზე, სტუდენტები იდეების გენერირებაზე (კრეათონი) მუშაობდნენ, მეორე ეტაპზე გადასული საუკეთესო იდეის მქონე გუნდები კი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (ფabლab) ბაზაზე, თავიანთი იდეების პროტოტიპებს ქმნიდნენ. საქართველოში სამრეწველო ინოვაციების 22 ლაბორატორიიდან 14 პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე მოქმედებს. პროექტის მიზანი იყო კრეატიული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე. მის ფარგლებში, მონაწილე გუნდები საკუთარ სასწავლებლებს წარმოაჩენდნენ და, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ცდილობდნენ საპრიზო ადგილებისა და იმ ფულადი ჯილდოების მოპოვებას, რომლებიც კერძო კომპანიებმა დააწესეს.
23 აპრილს, დასკვნით ეტაპზე გადასული 9 გუნდიდან, საუკეთესო გამოვლინდა. წარმოდგენილი იდეების პროტოტიპებიდან გამარჯვებულად დასახელდა: „სმარტ რუკა“ — გუნდი „Eternal“, კოლეჯი „სპექტრი“; „მოწყობილობა შშმ პირებისთვის“ — გუნდი „პანაცეა“, კოლეჯი „ოპიზარი“; „ღვინის ბოთლის ინოვაციური შეფუთვა“ — გუნდი „თაიგული“, კოლეჯი „მერმისი“; „სამკურნალო მცენარეების საშრობი აპარატი“ — გუნდი „ეკო“, კოლეჯი „ოპიზარი“; „იდეა — სამზარეულოს მინი- სათბური“ — გუნდი „Healthy“, კოლეჯი „ბლექსი“; „დაცვის სისტემა“ — გუნდი „Nano“, კოლეჯი „ბლექსი“.
„ჰაკათონი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. მისასალმებელია ამ პროცესში ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული კომპანიის EUHACK-ისა და კერძო სექტორის ჩართულობა. კერძო კომპანიებმა — დამსაქმებელთა ასოციაციამ, ფერმერთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში, ენერგო-პრომ, თეგეტა მოტორსმა და ბილაინმა — წარმატებული გუნდებისთვის ჯილდოები დააწესეს.
ჟიურის წევრმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ აღნიშნა: „გუნდების შეფასებისას ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის, მთავარი კრიტერიუმები იყო ინოვაციურობა და პერსპექტივაში მაღალი კომერციული დაინტერესება. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პროფესიული განათლების პოპულარიზებისა და გაძლიერების მიზნით წამოწყებულ პროექტებში, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა მოთხოვნადი კადრების დეფიციტთან დაკავშირებით.“
პროფესიული განათლების „ჰაკათონში“ გამარჯვებული პროექტი „ჭკვიანი დაფა“ კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტის, არჩილ გობეჯიშვილის გუნდმა შექმნა. დაფა სრულ ინფორმაციას იძლევა საქართველოს რეგიონებზე, ისტორიაზე, ფლორასა და ფაუნაზე, გეოგრაფიაზე, ტურისტულ მარშრუტებსა და ღირსშესანიშნაობებზე.
დაფა სხვადასხვა ძვირფასი ხის ჯიშებისგანაა დამზადებული და დაყოფილია საქართველოს 11 რეგიონად და 68 რაიონად, ზუსტად ისე, როგორც საქართველოს რუკაზეა მოცემული. დაფასთან ადაპტირებულია აპლიკაციის დემო ვერსია, სადაც ინტეგრირებულია ყველა საჭირო ინფორმაცია. „ჭკვიანი დაფა“ დაინტერესებულ პირს ხმოვან რეჟიმში აწვდის აპლიკაციაში მოთხოვნილ ნებისმიერ ინფორმაციას კონკრეტულ რაიონზე.
„ვფიქრობთ, ჩვენი პროექტი მალე გახდება ცნობილი. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, იმავე პრინციპით ვგეგმავთ, „ჭკვიან დაფაზე“ გავაკეთოთ როგორც მსოფლიო კონტინენტების რუკები, ასევე მენდელეევის ტაბულა, ანატომია, სახალისო მათემატიკა, იგავები, ზღაპრები და სხვა საინტერესო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ „ჭკვიანი დაფა“ მიმზიდველი იქნება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ოჯახებისთვის და ტურისტული ცენტრებისთვის“ — განაცხადა არჩილ გობეჯიშვილმა.
ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე: „ვფიქრობ, პროფესიული განათლების „ჰაკათონის“ ჩატარება იმ მოსაზრებითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ მონაწილეთა შორის ისეთი ახალგაზრდებიც გამოვლინდნენ, ვინც თავიანთი მომავალი დაუკავშირეს სოფლის მეურნეობას და შესაბამისად, ინოვაციებს სოფლის მეურნეობაში. მათ ძალიან საინტერესო, ინოვაციური იდეები წარმოადგინეს. გაეროს განვითარების პროექტის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ჩვენი, ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ისინი ფულადი ჯილდოთი დავასაჩუქრეთ, რომ თავიანთი მომავალი უფრო ოპტიმალურად დაგეგმონ და გახდნენ ბიზნეს ოპერატორები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ახალგაზრდები პროფესიული სასწავლებლიდან არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენს დარგს, გარდა იმისა, რომ გაახალგაზრდავება სჭირდება, სჭირდება პროფესიულად გადამზადებული კადრები, რომლებიც შემდეგ, დარწმუნებული ვარ, პრობლემის გარეშე დასაქმდებიან. დღეს ისინი, სწავლასთან ერთად, თავიანთ ინოვაციურ იდეებსაც ავლენენ.“
საინტერესოა იმ ახალგაზრდების მოტივაცია, რომლებმაც თავიანთი მომავალი სოფლის მეურნეობას, შესაბამისად, აგროინოვაციებს დაუკავშირეს, გადაწყვიტეს, რომ სოფლის მეურნეობა დღეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
მარიამ ცეცხლაძე, პროფესიული კოლეჯის „ბლექსი“ სტუდენტი: „ჩვენი იდეა იყო „მინი-სათბური სამზარეულოსთვის — ეკოსამზარეულო“. იდეა გაგვიჩნდა იმიტომ, რომ საქართველოში და, ზოგადად, გლობალურად დღეს, პრობლემას წარმოადგენს ეკოლოგიურად ჯანსაღი, შხამ-ქიმიკატების გარეშე მოყვანილი მწვანილი. ამიტომ, ჩვენ დიასახლისებს ვაძლევთ საშუალებას, ყოველ სეზონზე, კერძების მოსამზადებლად, თავიანთი ხელით მოყვანილი მწვანილი გამოიყენონ. წარმოვადგინეთ სათბურის მსგავსი რამდენიმე კონსტრუქცია, რომელიც ფანჯრის რაფაზე იდგმება და შესაძლებლობას გვაძლევს, მთელი წელი, გვქონდეს მწვანილი სამზარეულოში.
ჩვენი ინოვაცია შეუძლია გამოიყენოს როგორც დიასახლისმა, ისე მცირე საოჯახო სასტუმრომაც, ასევე მათ, ვინც სარესტორნო ბიზნესშია ჩართული. იმედი გვაქვს, წარმატებები ექნება ამ პროექტს.“
გუნდი „Healthy“ ოთხი წევრისგან შედგებოდა. სამომავლოდ, განავითარებენ თუ არა ეს ახალგაზრდები თავიანთ გამოგონებას და უკვე, როგორც ბიზნეს იდეას, წარმოადგენენ, ამას დრო გვიჩვენებს. დღეს ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი იდეის რეალიზაცია საქართველოში ძალიან პოპულარული გახდება. საგრანტო კომპონენტები, რომლებიც მიკრო და მცირე მეწარმეობაში, ასევე, ახალგაზრდა ფერმერებისთვის იგეგმება, ალბათ დაეხმარებათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში.
მარიამ ცეცხლაძე, კოლეჯის პარალელურად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. ამიტომ მიაჩნია, რომ ერთგვარი ვალდებულება აქვს, თქვას საკუთარი სიტყვა სოფლის მეურნეობაში. სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში აპირებს, შემდეგ — დოქტორანტურაში. „დღეს, ჩვენს სამშობლოს ძალიან აკლია აგრარული სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლები. ვფიქრობ, ჩამოვყალიბდები, როგორც ამ დარგის ერთ-ერთი ძლიერი პროფესიონალი.“ — აცხადებს მარიამი.
მეორე მარიამი — საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“ სტუდენტი მარიამ ზედგინიძე ახალციხიდანაა. მისი გუნდი „ეკო“ სამ წევრს აერთიანებდა, მათი ბიზნეს იდეა იყო „სამკურნალო მცენარეების საშრობი აპარატი“. „გვინდოდა შეგვექმნა მოსახლეობისთვის იოლად მოსახმარი ხელსაწყო, რომელიც იაფიც იქნებოდა და თან ისეთ პროდუქციას მიიღებდნენ, რომელიც ყველასთვის იოლი გამოსაყენებელი იქნებოდა. დღეს დიდია ინტერესი სამკურნალო მცენარეების მიმართ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ამიტომ ვიფიქრეთ, არ იქნებოდა ურიგო პრაქტიკული და ადვილად გამოსაყენებელი დანადგარის შექმნა.
ჩვენი აპარატის გამოყენება შეიძლება როგორც სახლის პირობებში, ასევე კერძო აფთიაქებში, კარგი იქნება სასწავლო დანადგარად იმ პროფესიულ კოლეჯებში შეტანა, სადაც ისწავლება სოფლის მეურნეობის ეს დარგი — სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი. სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.“
მსოფლიოში, რა თქმა უნდა, მსგავსი აპარატები არსებობს, უფრო დიდი მასშტაბის, საქართველოს რეალობისთვის კი ეს მართლა ინოვაციაა. კარგი იქნება, თუ ავტორები შეძლებენ ამ აპარატის საწარმოო ციკლში ჩაშვებას, უფრო და უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას და ბიზნეს ოპერატორებად მუშაობას.
„პირველ წარმატებას ჩვენ უკვე მივაღწიეთ, თუ მომავალში მოგვეცემა იმის საშუალება, რომ განვავითაროთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ დანადგარს, ვფიქრობ ძალიან სასარგებლო გახდება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე სააფთიაქო ქსელებში. ჩვენი აპარატი შეიძლება დაიხვეწოს, გრადუსებში ცვლილება შევიტანოთ და ჩაის ან კენკროვნების გასაშრობადაც გამოვიყენოთ.“ — ამბობს მარიამი.
მართლაც ინოვაციური მიდგომა იყო, მარკეტინგის კუთხით, გუნდის „თაიგული“ მიერ წარმოდგენილი „ღვინის ბოთლის ინოვაციური შეფუთვა“, რომელიც, ღვინის ბოთლთან ერთად, მომხმარებელს სანელებლებსაც სთავაზობს. ყუთზე დატანილი შტრიხ-კოდის დახმარებით, შეთავაზებულ პროდუქტებზე სრული ინფორმაციის მიღება შეიძლება.
„ჩვენი იდეა უფრო მარკეტინგული გათვლის იყო. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ხარისხის ოჯახური ღვინოა, რომელიც ვერ უწევს სათანადო კონკურენციას დიდ საწარმოებს, — ამბობს ბექა დათაშვილი, საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ სტუდენტი — „გვინდოდა, ოჯახური მცირე ბიზნესის ღვინო ბაზარზე უფრო მოთხოვნადი გაგვეხადა. ვცდილობთ, ამას ქართული სანელებლების დახმარებით მივაღწიოთ, რომლებიც ევროპაში არ არის, ამდენად უფრო მოთხოვნადი და საინტერესოა.
საქართველოში ჩამოსული ტურისტები ჩვენს ღვინოს თუ იყიდიან, რომელიც უნიკალური და ძალიან გემრიელია, ყუთზე დატანილი კოდის დახმარებით, ტელეფონით ამ ლინკს შეიყვანენ, ავტომატურად, ვიდეოგაკვეთილი ჩაირთვება, რომელიც უჩვენებს, როგორ მზადდება ამ ღვინით ერთ-ერთი ტრადიციული ქართული კერძი, რა თქმა უნდა, ქართული სანელებლების დახმარებით და ამ ღვინოსთან ერთად მიირთმევა.
ვფიქრობთ იდეის შემდგომ დახვეწასა და განვითარებაზე, უფრო მაღალტექნოლოგიურ რაღაცებს მოვიფიქრებთ, სხვადასხვა ღონისძიებებს ჩავრთავთ, რომ ოჯახური ღვინო უფრო მოთხოვნადი გახდეს ბაზარზე.“
ნინო ზამბახიძე: „ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს მომავალი, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდები პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ, ბიზნეს ინოვაციური იდეებით არიან აღსავსე და ფიქრობენ, რომ თავიანთ მომავალს, სოფლის მეურნეობას დაუკავშირებენ და ამ კუთხით, ჩვენს ქვეყანას განავითარებენ.“
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა
|