გამოდის 1998 წლიდან
2010-11-17
5 წლის შედეგები

ეროვნულ გამოცდებს განათლების რეფორმის  ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევენ. ამ ხნის განმავლობაში, მკვეთრად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება გამოცდების ახლებური სისტემის მიმართ. საინტერესოა, როგორ აფასებენ განვლილი ხუთი წლის  შედეგებს ეროვნული გამოცდების ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს.

კახა ჯამბურია, ქართულის, როგორც მეორე ენის ჯგუფის ხელმძღვანელი:
ბოლო ხუთი წლის შედეგების შესახებ თუ ვიმსჯელებთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვითარება თანდათან ცოტათი უარესდება. რამ გამოიწვია ეს, ამის ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია. საერთოდ, წერით დავალებაში კარგად ჩანს ხოლმე ბავშვის თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნების, მსჯელობისა და არგუმენტირების უნარი. სწორედ წერით დავალებაში გამოიკვეთა, რომ ბავშვები არაადეკვატურ პარალელებს ავლებენ ნაწარმოებებს შორის. მათ ჰგონიათ, რომ ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზი აუცილებლად მისი დაკავშირებაა სხვა ნაწარმოებებთან. ამას მასობრივი სახე აქვს და პარალელები, ძირითადად, ნაძალადევია. წარმოიდგინეთ, ბავშვი გვადის სისხლიან ყამას ბარათაშვილის მერანს რომ შეადარებს, რა კავშირი შეიძლება ამათ შორის არსებობდეს?! ასეთი ნაძალადევი, ხელოვნური იმდენი რამ შეგვხვდა წლევანდელ ნაწერებში, რომ ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა _ რა იწვევს ამას? ერთმა ჩვენმა გამსწორებელმა ივარაუდა, ის ხომ არა, რომ ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, ძირითადად, თემატური პრინციპითაა შედგენილი, მუდმივად არის რაღაც საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექსტი. სწორედ ეს ხომ არ იწვევს იმას, რომ ბავშვები კონკრეტულ ნაწარმოებს, იქნება ეს ლექსი, მოთხრობა თუ ნაწყვეტი, სხვა ნაწარმოებებისაგან დამოუკიდებლად კი ვერ იაზრებენ და აანალიზებენ, არამედ ცდილობენ მაინცდამაინც რაღაცას შეადარონ?! ასეთი შედარებები ხშირად ხელოვნური და არაზუსტი გამოდის. როგორც ჩანს, სასწავლო პროცესია ისე აგებული, რომ ბავშვებს რჩებათ შთაბეჭდილება _ ლიტერატურული ანალიზი აუცილებლად ითხოვს რაღაცასთან დაკავშირებას. მე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, ეს სახელმძღვანელოების ბრალია, სასწავლო პროცესისა თუ რისი, ამას ცალკე კვლევა სჭირდება, მაგრამ სურათი ასეთია. შეინიშნება სხვა უცნაური ტენდენციაც, რომელიც ადრე არ შეგვიმჩნევია:  იყენებენ უცხო სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა აშკარად არ იციან. ხანდახან იმდენ უცხო სიტყვას იყენებენ, რომ აზრის გაგებაც ჭირს. შეიძლება ახალი სახელმძღვანელოების შემოსვლამ მასწავლებლებს გაუჩინა იმის მოთხოვნილება, რაც შეიძლება მეტი ტერმინი ასწავლონ, არ ვიცი. მაგალითად, ერთი აბიტურიენტი ხშირად იყენებდა სიტყვას `მეტაპლაზმი~ აბსოლუტურად უაზროდ, ისე, რომ ვერ გაიგებდი, რა არის ეს მეტაპლაზმი, რაში გვჭირდება ან რა შუაშია ლიტერატურული ანალიზის დროს, რატომ დაისახა მიზნად მისმა მასწავლებელმა ამდენი უცხო სიტყვა ასწავლოს და გამოაყენებინოს ანალიზისას, გაუგებარია.
ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი ნაკლი ჩვენი კრიტიკისა, ლიტერატურათმცოდნეობისა _ რაც უფრო მეტად გაუგებრად წერდა და მეტ უცხო სიტყვას იყენებდა ავტორი, უფრო განათლებული ჩანდა. ეს მეტისმეტად პროვინციული მიდგომაა, სამწუხაროდ, ჩვენი ლიტერატურათმცოდნეების ნაწილი იყო ასეთი და საშინელი საკითხავი იყო მათი წერილები. მეგონა, ეს წარსულს ჩაბარდა, ამის დრო გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, წლევანდელ ნაწერებში ასეთი ტენდენციები გაჩნდა.
კიდევ, რა შთაბეჭდილებაც შეგვექმნა ხუთი წლის განმავლობაში და რაც ძალიან ეტყობათ აბიტურიენტებს, ეს არის უწიგნურობა. ეს თაობა ძალიან ცოტას კითხულობს, რაც ჩანს კიდეც მათ ნაწერებში _ ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ, უჭირთ აზრის გასაგებად ჩამოყალიბება, ამიტომ ხშირად ერთსა და იმავე სიტყვას იმეორებენ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ძალიან ცოტა აქვთ წაკითხული, რადგან, როცა მიზნად ისახავენ პარალელის გავლებას, ისეთი არაადეკვატურია ეს პარალელები,  რომ არა მარტო წაკითხულის, არამედ ნანახის, ვთქვათ პიესის ან ფილმის, გამოყენებასაც ვერ ახერხებენ. ეტყობა, ცოტა სპექტაკლი აქვთ ნანახი, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი უმრავლესობა თეატრში საერთოდ არ დადის, არც წიგნებს კითხულობს და, როგორც ჩანს, ძირითადად, უყურებს ჰოლივუდის იაფფასიან პროდუქციას, რომელიც არ აძლევს მას სულიერ საზრდოს.
რასაც ამ გამოცდების დროს ვუყურებ, ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, სასწავლო პროცესის ხარვეზია, რასაც თავისთავად იწვევს ის, თუ როგორ არის დაგეგმილი სასწავლო პროცესი, პედაგოგთა კვალიფიკაცია და ბოლოს _ სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოები თანდათან უმჯობესდება და მასწავლებელს დიდი არჩევანი აქვს, ამიტომ მაინცდამაინც სახელმძღვანელოებს ვერ დავაბრალებთ ამ შედეგს. ის, რომ სახელმძღვანელოებში ლიტერატურული მასალა თემატურადაა დალაგებული, შეიძლება მასწავლებელმა ძალიან კარგადაც გამოიყენოს, შესაბამისად, მიიღოს ძალიან კარგი შედეგი და, იმავდროულად, ასეთი კატასტროფულიც. ალბათ, ჩვენი მასწავლებლები არ იყვნენ მზად ახალი სახელმძღვანელოების გამოყენებისთვის, არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია ან ისეთ დროს მიიღეს ეს სახელმძღვანელოები, რომ კარგად შესწავლა-გააზრება ვერ მოასწრეს. როგორც წესი, სასწავლო წლის დასაწყისში იღებენ ახალ სახელმძღვანელოებს, რაც არ ვარგა. ევროპაში მასწავლებელი ერთი წლით ადრე იღებს სახელმძღვანელოს, გამომცემლობა უგზავნის. ისინი მთელი წლის განმავლობაში შეისწავლიან და იაზრებენ, როგორ შეიძლება მისი გამოყენება. კარგი იქნება, ჩვენი გამომცემლობები თუ გაითვალისწინებენ მათს გამოცდილებას. არ შეიძლება სექტემბერში 400-გვერდიანი წიგნი მისცე მასწავლებელს (ერთ-ერთ კლასშია ასეთი უალტერნატივო სახელმძღვანელო) და უთხრა, ამით უნდა ასწავლო. შეიძლება სექტემბერში მან ამდენი ახალი მასალა გაიაზროს, მეთოდოლოგიურად დაამუშაოს და სწორად გამოიყენოს გაკვეთილზე? შედეგად ვიღებთ იმ სურათს, რაც წლევანდელ გამოცდებზე გვქონდა. თავისთავად მისასალმებელია, როცა სახელმძღვანელოში შეტანილია მსოფლიო ლიტერატურის ძალიან კარგი ნიმუშები, მაგრამ როგორ არის ეს დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორ გაიაზრა მასწავლებელმა, რა მიიტანა მოსწავლემდე და როგორ ამუშავა, ამის შეფასება ძნელია. თუ მხოლოდ გამოცდების შედეგებით ვიმსჯელებთ, კატასტროფაა.
როგორც ჩანს, გარკვეული საკითხები სერიოზულადაა გადასახედი. კარგი იქნება, თუნდაც თქვენმა რედაქციამ მოიწვიოს მასწავლებლები და ჩაატაროს დისკუსია. საინტერესო იქნება იმ მასწავლებელთა აზრის მოსმენა, რომლებიც გასწორების პროცესში მონაწილეობდნენ და იციან ეს ხარვეზები. ისინი სკოლაშიც ასწავლიან, შემდეგ კი საგამოცდო ნაშრომების გასწორებისას ხედავენ შედეგს _ სწორედ ამ ადამიანებს უნდა ჰკითხოს საზოგადოებამ აზრი და სამინისტრომაც მათ უნდა მოუსმინოს. სამწუხაროდ, ჩინოვნიკები ხშირად ისე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არ ეკითხებიან პროფესიონალებს. მაგალითად, ვთქვათ, 2-3 წელია შემოვიდა ახალი სახელმძღვანელო, ვკითხოთ პრაქტიკოს მასწავლებელს აზრი, როგორ იყენებს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სახელმძღვანელო უალტერნატივოა. ჩვენი გამოცდების შედეგების მიხედვით, სურათი თითქოს უარესდება. იქნებ მათ გვითხრან ამის მიზეზი. მე პირადად ამაზე პასუხი არა მაქვს, მაგრამ ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ.

სოფო დოლიძე, ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი: 
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცნობილია, რომ აბიტურიენტებს აქვთ განცდა, თითქოს ის ყველაზე რთულია. ასეთი დამოკიდებულება ადეკვატური იყო იმ პირობებში, როდესაც ზოგადი უნარების ტესტზე დამოკიდებული იყო სწავლის დაფინანსება.  ამ შემთხვევაში, ტესტს ზედმეტი პასუხისმგებლობაც კი ეკისრებოდა და  აქედან გამომდინარე, ძალიან სტრესული იყო თვითონ აბიტურიენტებისთვის. მათი დაფინანსება ამ ერთ დღეზე, ერთ გამოცდაზე იყო დამოკიდებული.  დაძაბულ ვითარებაში უწევდათ მუშაობა და ეს ემოციური ფონი ქმნიდა სირთულის განცდას. რეალურად ზოგადი უნარების გამოცდა ყველაზე რთული ნამდვილად არ იყო, ყველა არჩევითი საგნობრივი გამოცდა მასზე რთულია.
თუმცა პირველ წელთან შედარებით ტესტის საშუალო მაჩვენებელმა დაიწია. ტესტი შედარებით რთული გახდა, 2007 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტესტები თანაბარი სირთულისაა. მართალია, ექსპერტული შეფასებებით ტესტი არ იყო გართულებული, მაგრამ შედეგი გვიჩვენებდა, რომ აბიტურიენტები ისეთი წარმატებით ვეღარ ართმევდნენ თავს ამა თუ იმ დავალებას. ვცდილობდით, აგვეხსნა ამის მიზეზი და ყველაზე ადეკვატურად მეჩვენება ის მოსაზრება, რომ აბიტურიენტებს, რომლებიც 2008-10 წლებში მოვიდნენ გამოცდის ჩასაბარებლად, ძალიან რთულ პერიოდში მოუწიათ სასკოლო ეტაპის გავლა. ეს ბავშვები დაიბადნენ, დაახლოებით, 1993-94 წლებში. ვიცით, როგორი ვითარება იყო იმ წლებში საქართველოში. საერთოდ, როდესაც უნარებზე ვლაპარაკობთ, ეს არის ერთგვარი ბუნებრივი შესაძლებლობა, რომელიც დაბადებიდანვე ვითარდება. ადამიანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების პირველი ხუთი წელი, რომ თანაბრად და ეტაპობრივად განუვითარდეს სხვადასხვა სახის ინფორმაციის აღქმის უნარი შეხებით, მოტორიკით, შემდეგ  ბავშვი ვერბალურ ინფორმაციაზე გადადის და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ უნარების განვითარების უდიდესი წილი სასკოლო ასაკზე მოდის, მაგრამ სკოლამდელი ეტაპიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აბიტურიენტები, რომლებიც ბოლო წლებში აბარებენ  გამოცდებს, ისეთ პირობებში იზრდებოდნენ, როდესაც არ ჰქონდათ შუქი, სციოდათ, მშობლების ერთადერთი საზრუნავი მათი გამოკვება იყო. აღარ იყო ლაპარაკი ტელევიზიით მულტფილმებისა და საბავშვო ფილმების ყურებაზე, ან იმაზე, რომ მათთვის წიგნები შეეძინათ, წაეკითხათ, ემღერათ და გაერთოთ, ყველაფერს მოკლებულები ელემენტარულად სიბნელეში და სიცივეში იზრდებოდნენ. აქედან გამომდინარე, აბიტურიენტთა შედარებით დაბალი მიღწევები არა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაზე, არამედ სხვა გამოცდებზეც, უფრო გლობალური პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ ერთი _ აკადემიური სფეროსი. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი შედეგების ერთგვარი ახსნა ესეც არის. იმედი გვაქვს, ვითარება გაუმჯობესებისკენ წავა. მიუხედავად ყველაფრისა, მათ მაინც ძალიან ბევრს მიაღწიეს იმიტომ, რომ წელს საკმაოდ რთული ბარიერები გადალახეს _ ყველა აბიტურიენტს ჩასაბარებელი ჰქონდა მეოთხე საგანი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თითქმის ყველა საგანში, 25%-მდე გაიზარდა. ვფიქრობ, ის, რომ ბევრმა აბიტურიენტმა წარმატებით გაართვა თავი გამოცდებს, დიდი მიღწევაა.
მოგეხსენებათ, ზოგადი უნარების ტესტი ორი ბლოკისგან შედგება _ ვერბალური და მათემატიკური.
წელს აბიტურიენტებს მცირე სიახლეს ვთავაზობთ შინაარსის თვალსაზრისით _ მათემატიკურ ნაწილს დაემატა ერთი ბლოკი _ მონაცემთა  საკმარისობა, ძალიან საინტერესო დავალებებია, რომელთა მიზანია არა კონკრეტული ამოცანის ამოხსნა და პასუხის მიღება (როგორც ეს სტანდარტული ამოცანების ბლოკშია), არამედ იმის განსაზღვრა _ რა ინფორმაცია, რა მონაცემებია საჭირო იმისათვის, რომ ამოცანა ამოიხსნას. აბიტურიენტმა უნდა განსაზღვროს, რა არის აუცილებელი დავალებაში მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად. მალე გამოვაქვეყნებთ ტესტური დავალებების ნიმუშთა კრებულს, რომელშიც ამ ბლოკის დავალებები (სათანადო განმარტებით და ინსტრუქციით, რა მოეთხოვება აბიტურიენტს) იქნება განხილული, რომ აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდეთ, კარგად გაეცნონ ამ სიახლეს. გამოცდისთვის მომზადების პროცესში მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ბევრი დავალების ამოხსნა არაფერს იზამს, აუცილებელია სათანადოდ გავიაზროთ _ რა გამოცდაზე მივდივართ, როგორია ტესტის ფორმატი, რა ტიპის დავალებები უნდა შევასრულოთ, რა ინსტრუქციები იქნება შესასრულებელი... თუკი ეს ყველაფერი წინასწარ გვეცოდინება, გამოცდაზე დროს აღარ დავკარგავთ და საშუალება გვექნება, 3 სააათი (მთელი საგამოცდო დრო) დავალებების შესრულებას დავუთმოთ. როდესაც დავალების ფორმატი და ამოხსნის ხერხები ვიცით (რასაც ჩვენი კრებული სთავაზობს აბიტურიენტებს), მგონია, რომ ეს უკვე ძალიან სერიოზული მომზადებაა ზოგადი უნარების გამოცდისთვის.
ისევ მათემატიკურ ნაწილს დავუბრუნდები _ თუ აბიტურიენტი გრძნობს, რომ რაღაც დანაკლისი აქვს მათემატიკის ცოდნაში, რა თქმა უნდა, ამ ცოდნის შევსებაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ხშირად ვხვდებით _ სექტემბრიდან მოყოლებული `უნარებში~ მომზადება (ზოგიერთ ამას ორი წლის განმავლობაშიც აკეთებს), სრულიად წარმოუდგენელია.
ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ამ ბოლო დროს შევიტყვეთ _ ზოგადი უნარები დაწყებით საფეხურზე ისწავლება, როგორც საგანი. გამოცემულია ტესტების კრებულები, რომლებიც ქართულისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებს ახლავს. მხოლოდ სათაურს გეტყვით `ზოგადი უნარ-ჩვევათა გასავითარებლად~. მე რომ მკითხოთ, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ გავაპროტესტოთ ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო ან ერთი რომელიმე სკოლის პოლიტიკა _ ზოგადი უნარების, როგორც საგნის შეტანა სასწავლო განრიგში. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს დაუშვებელია, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, ეს ცუდი შედეგის მომტანია. გარდა იმისა, რომ ბავშვს არაფერში წაადგება, დააზარალებს კიდეც. ამიტომ, მართლაც შეშფოთებულები ვართ. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი. რა თქმა უნდა, სკოლას აქვს უფლება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა შესთავაზოს მოსწავლეებს ესა თუ ის საგანი და ძალიან ბევრი სკოლა ამას ადეკვატურად ახერხებს (ჭადრაკი, ლიტერატურა და სხვა საინტერესო საგნები). ვფიქრობ, ზოგადი უნარების სწავლება უფრო კომერციული, მარკეტინგული ხერხი თუ დაინტერესების საშუალებაა, რასაც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს საზოგადოების არაინფორმირებულობა იმის შესახებ, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება და რით დავაზარალებთ ჩვენს პატარას (ლაპარაკია I-II კლასელებზე).
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რა არის ზოგადი უნარები? ეს არის ლოგიკური, თანმიმდევრული აზროვნების შესაძლებლობა. შესაძლებლობის სწავლება ხომ არ შეიძლება. უნარები უნდა განვავითაროთ არა მხოლოდ დაწყებითი საფეხურიდან, არამედ გაცილებით უფრო ადრეული ეტაპიდან. როგორ და ვინ უნდა გააკეთოს ეს, რა მასალის საფუძველზე და როგორ შეაფასოს _ ეს ის კომპონენტებია, რომელზეც აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ. პირველი წლებიდან ამას აკეთებენ მშობლები, ამიტომ მნიშვნელოვანია თვითონ მშობლების განათლება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. მათ უნდა შეაყვარონ შვილებს წიგნი სრულიად ბუნებრივად, დააინტერესონ სხვადასხვა სფეროთი, გააღვიძონ მათში შემეცნების ინტერესი. როდესაც ბავშვი მოდის სკოლაში, რა არის პირველი ამოცანა? ვასწავლოთ და შევაყვაროთ კითხვა. კითხვის სწავლებაში იმდენი რამ არის ჩადებული, ეს ისე ავითარებს უნარებს, რომ აქ კიდევ დამატებითი საგანი სრულიად ზედმეტია. თან უნარების განვითარება უნდა მოხდეს მრავალმხრივ, ამის `ჩაკეტვა~ ერთ საგანში დაუშვებელია. როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ბავშვი სწავლობს კითხვას და შესანიშნავ მოთხრობებს კითხულობს, უკვე პირველ კლასშივე უნდა მოხდეს ამ უნარების განვითარება, შეიძლება ვკითხოთ შინაარსი, ნაწარმოების დედააზრი _ რა წავიკითხეთ, როგორია შენი აზრი, მოდი ვიმსჯელოთ და ა.შ. ასევეა ბუნების გაკვეთილებზეც, პედაგოგები (ხაზი მინდა გავუსვა _ პედაგოგები, რომლებიც ამა თუ იმ საგნის სპეციალისტები არიან) ძალიან საინტერესო მასალას აწვდიან მოსწავლეებს, იმისათვის, რომ მათ დაინახონ მოვლენების არსებითი ნიშნები, ამ მოვლენებს შორის კავშირი, შეძლონ გარემოს მოთხოვნების გააზრება და მათზე ადეკვატური რეაგირება. იქაც გვხვდება ძალიან საინტერესო ტექსტები _ გასააზრებლად საუკეთესო მასალა პატარებისთვის. როდესაც გაკვეთილზე პროფესიონალი პედაგოგი შედის, ჩვენ არანაირი რისკის წინაშე არ ვართ, რადგან მან იცის, როგორ მიაწოდოს ეს ყველაფერი მოსწავლეს, როგორ მისცეს ბიძგი აზროვნებისთვის, ფიქრისთვის,  მსჯელობისთვის, როგორ გამოუმუშაოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უნარი. ეს ხომ ასეც ხდება სკოლაში.
ნამდვილად იყო მცდელობა, სახელმძღვანელოები ისე აგებულიყო, რომ სასწავლო პროცესი სწორედ უნარების განვითარებაზე ყოფილიყო ორიენტირებული. მათემატიკის გაკვეთილზეც ის დავალებები, რომლებიც პირველ კლასშია, სწორედ აზროვნების უნარს ავითარებს, რაოდენობებსა და რიცხვებთან მიმართებაში. ეს ის უნარებია, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა განვითარდეს და მომავალში აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს ეროვნულ გამოცდაზე. ამიტომ ერთ კონკრეტულ საგანში ამის მოქცევა შეუძლებელია.
საინტერესოა ვინ ასწავლის ამ საგანს? შეიძლება ის ადამიანი რომელიმე საგნის კარგი მცოდნე იყოს, მაგრამ საინტერესოა რამდენად კორექტულად აწვდის ის მოსწავლეებს უნარების განმავითარებელ სავარჯიშოებს.
მეორე საკითხია _ რას ვასწავლით? უნარების სწავლა რომ შეუძლებელია, ამაზე შევთანხმდით, უნარებს მხოლოდ განვავითარებთ. სახელმძღვანელოს, რომელსაც მოსწავლეებს ვაწვდით, აწერია: `ზოგადი უნარები~, `ვერბალური ნაწილი~, `მათემატიკური ნაწილი~ _ დაწყებითი კლასების მოსწავლეს ასეთი აბსტრაქტული ცნებების გაგების უნარი ამ ეტაპზე არ აქვს. რაც არ უნდა კარგი მოსწავლე და ნიჭიერი ბავშვი იყოს, მისთვის ეს გაურკვეველ სიტყვებად რჩება, რადგან აბსტრაქტული აზროვნების განვითარებას დრო სჭირდება და, ასე ვთქვათ, შესაბამისი ასაკი აქვს. აბსტრაქციის მაღალი ხარისხის გამო ჩნდება გაურკვევლობის განცდა, როცა მე არ ვიცი ბოლომდე, რასთან მაქვს საქმე, ეს კი ჩემში გარკვეულ უარყოფით ემოციას აღძრავს. ანუ ტერმინები `ვერბალური~, `ზოგადი უნარები~ უარყოფით ელფერს იძენს პატარებისთვის.
როგორც ვთქვით, მნიშვნელოვანია მასალა, რომელსაც ვაწვდით ამგვარ გაკვეთილებზე. ზოგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ კორექტული დავალებებია და შეიძლება ქართულის, მათემატიკის ან ბუნების წიგნში ყოფილიყო შეტანილი. ზოგ შემთხვევაში კი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტულად შექმნილი მასალაა. გამოცდების ცენტრი დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსების დანახარჯის შედეგად აღწევს იმას, რომ აქვს ზოგადი უნარების ტესტი. ტესტის შექმნას სჭირდება სათანადო ექსპერტები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს. ამ ექსპერტების მომზადებაზე დაიხარჯა ძალიან სერიოზული დრო. ამ ადამიანებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს 7-8 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, დიდი დრო და ადამიანური რესურსები იხარჯება იმაზე, რომ რასაც ჩვენ შევქმნით, შემოწმდეს მრავალმხრივ _ გაიაროს ექსპერტული შეფასება, საცდელი ტესტირება, რომელშიც ათასობით მოსწავლე, აბიტურიენტი თუ სტუდენტი მონაწილეობს. თუ ამ მეცნიერულ პროცედურებს არ გავივლით, არ გვექნება იმის გარანტია, რომ კორექტული დავალებები შევქმენით. არის სათანადო დრო და რესურსი დახარჯული იმ დავალებების შესაქმნელად, რომლებსაც ამ სახელმძღვანელოებში ვხვდებით? ვფიქრობთ _ არა. თუ ამ სახელმძღვანელოებსა თუ ტესტების კრებულებს დავათვალიერებთ, დავრწმუნდებით, რომ მასალის კორექტულობაზე ექსპერტებს ნაკლებად უფიქრიათ. ზოგიერთი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. შეგნებულად არ მინდა დავასახელო კონკრეტული მაგალითები, რადგან ეს არ არის კამპანია რაღაცის წინააღმდეგ, ეს არის მცდელობა, მშობლებსა და მასწავლებლებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ: `ნახეთ ეს მასალა და დაფიქრდით. ხომ შეიძლება ჩვენი შვილების, მოსწავლეების უნარების განვითარებაზე ისე ვიზრუნოთ, რომ საერთოდ არ ვუხსენოთ მათ მეცნიერული ტერმინები, არ დავტვირთოთ ზიდმეტი სახელმძღვანელოებით. მათემატიკური ამოცანები, სხვადასხვაგვარი ტექსტები წავაკითხოთ სხვადასხვა გაკვეთილზე, თუნდაც, დავარქვათ ამ გაკვეთილებს `კითხვის გაკვეთილები~ ან `სახალისო მათემატიკის გაკვეთილები~, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _ `ზოგადი უნარები~, რაც მხოლოდ მარკეტინგული სვლაა, გათვლილი საზოგადოების არასაკმარისად ინფორმირებულობაზე.
გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე _ შეფასება. წარმოიდგინეთ, როდესაც მოსწავლე, ვთქვათ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაბალ შეფასებას იღებს, ისმენს მასწავლებლისგან ამგვარ კომენტარს: `დღეს ისე კარგად ვერ წაიკითხე, უკეთ შეგიძლია~... ან მათემატიკის გაკვეთილზე _ `მე შენგან მეტს ველოდი~, `კარგად დაფიქრდი, შენ ამის ამოხსნას შეძლებ, თუ საშინაო დავალებას მოამზადებ~ და ა.შ. როდესაც ეს რომელიმე საგანთან დაკავშირებით ხდება, მოსწავლისთვის ყოველთვის არსებობს ერთგვარი `გამართლება~ _ `სათანადო დრო არ დავუთმე~, `ცოტა ვიზარმაცე და ამიტომ არ გამომივიდა~, `გაკვეთილი არ ვისწავლე~. როდესაც მსგავსი ვითარება უნარებთან დაკავშირებით გვექნება, ეს ბევრად უფრო მტკივნეული იქნება და, სამწუხაროდ, არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ბავშვს ვინმე, თუნდაც თანაკლასელი, არაკორექტულად ეტყვის: `შენ უნარებში ვერაფერს ვერ აკეთებ და, საერთოდ, არ შეგიძლია აზროვნება~. პირველკლასელებში თუ არა, V-VI კლასელებს შორის მაინც ხომ შეიძლება შეგვხვდეს ასეთი კომენტარები. სამწუხაროდ, არც მასწავლებლის მხრიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ყველა აბსოლუტურად კორექტულად შეაფასებს მოსწავლეს. ყოველივე ამან ძალიან სერიოზული, უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს მოსწავლის თვითშეფასებაზე და უკვე, წარმოიდგინეთ, დაბალი კლასებიდანვე მას გამოუმუშავდება მყარი უარყოფითი დამოკიდებულება `რაღაცის~ მიმართ, რაც XII კლასში ელის _ ზოგადი უნარების გამოცდების მიმართ. თუ წლების განმავლობაში მოსწავლე ამ მუხტს ატარებს, რას მივიღებთ გამოცდაზე? თუკი უარყოფითი ემოციის გამო გამოცდაზე ტესტს შინაგანად `ვებრძოლეთ~, ვერ შევძლებთ ტესტზე მშვიდად მუშაობას და ჩვენი უნარების მაქსიმალურად გამოვლენას. იმისათვის, რომ წარმატებით ჩავაბაროთ ეს გამოცდა, უნდა ვიცნობდეთ ტესტს, ასე ვთქვათ, კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ თავს მასთან.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგადი უნარების ტესტი უმაღლესი სასწავლებლის საგამოცდო ტესტია და არა _ სკოლის მიღწევების შესამოწმებელი. ეს არის ტესტი, რომელიც ადგენს, რომ აბიტურიენტი, რომელსაც გარკვეული ხარვეზები აქვს ცოდნაში (მაგალითად, იმის გამო, რომ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, სადაც ზამთრობით რამდენიმე თვე შეიძლება ვერ იაროს სკოლაში), მაგრამ ზოგადად, სისტემატურად მეცადინეობს, ბეჯითად სწავლობს და ძალიან უნარიანი, აზრიანი ადამიანია, მზად არის, მიიიღოს ახალი ცოდნა. ეს ტესტი დამატებითი ქულების მოპოვების შესაძლებლობაა ასეთი ახალგაზრდებისთვის. სკოლა, წლების განმავლობაში, სისტემატური და სწორი სწავლებით უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს უნარების გამომუშავებაში და არა _ ასწავლოს საგანი `ზოგადი უნარები~.
ეს ის საკითხია, რომელზეც ახლა ყველაზე მეტს ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტეკლასელთა გამოცდებისთვის მზადების პრობლემაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეთორმეტეკლასელები პიროვნულად ჩამოყალიბებულები არიან და მათ `საფრთხე~ არ ემუქრებათ. რაც შეეხება დაწყებით საფეხურზე უნარების სწავლებას, პირადად მე, ეს პრობლემა ბევრად უფრო მტკივნეულად მიმაჩნია. მინდა მოვუწოდო მშობლებსაც, პედაგოგებსაც და დირექტორებსაც _ კარგად დაფიქრდნენ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნებოდი უნარების, როგორც საგნის სწავლების. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ უნარების გამომუშავება სკოლაში ისედაც ხდება. თუ გვინდა, ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს, შეგვიძლია გავაკეთოთ კითხვის, ლიტერატურის გაკვეთილები, სახალისო მათემატიკა, ჭადრაკი და სხვ. როგორც კი საგანს გაურკვეველ სახელს დავარქმევთ და გაურკვეველი სახელმძღვანელოებით ვასწავლით, ძალიან დავაზარალებთ ჩვენს ბავშვებს.

ივა მინდაძე, უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი:
თუ ბოლო წლების ტენდენციაზე ვილაპარაკებთ, ჩანს, რომ მოთხოვნა ინგლისურ ენაზე იზრდება, შესაბამისად, მცირდება მოთხოვნა გერმანულსა და ფრანგულ ენებზე. რუსული ენის შემთხვევაში ვითარება უფრო სტატიკურია. პირველი წლის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო იმ აბიტურიენტთა პროცენტულმა რაოდენობამ, ვინც აბარებდა რუსულ ენას, მაგრამ მას შემდეგ რუსული ენის ჩამბარებელთა რაოდენობა ერთ ნიშნულზე გაჩერდა. რუსული ენის ჩამბარებელთა რაოდენობა, დაახლოებით, აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის მეოთხედია; ინგლისურის _ თითქმის ორი მესამედია; ასე მაგალითად, წელს ფრანგულს 1000-მდე აბიტურიენტი აბარებდა, გერმანულს _ 2500-მდე, რუსულს _ 8000-მდე, ხოლო ინგლისურს _ 22000-მდე აბიტურიენტი.
თუ ვილაპარაკებთ თვითონ აბიტურიენტების მომზადებაზე, ძნელია რაიმეს თქმა, ვინაიდან ჩვენი ტესტები გამიზნულია საშუალო დონის მომხმარებელზე. სირთულე, წლების განმავლობაში, თითქმის, უცვლელია. შეიცვალა მხოლოდ რამდენიმე დავალების ფორმა. შედეგიც ამ დროის განმავლობაში თითქმის უცვლელია. არ შეიმჩნევა არც პროგრესი და არც განსაკუთრებული რეგრესი, რაც, ჩვენს პირობებში, ეს უკვე ერთგვარი პროგრესია.
შარშან შეიცვალა ერთ-ერთი დავალების ფორმა _ ეს იყო დახურული ტიპის, გრამატიკული დავალება. მოცემული იყო წინადადება, რომელიც აბიტურიენტს გარკვეული ინფორმაციით უნდა შეევსო, სამი მოცემული ვარიანტიდან. ამ დავალების ნაცვლად, ახლა მოცემულია ტექსტი, რომელიც ქმნის დავალების კონტექსტს, ამ ტექსტში გამოტოვებულია მაკავშირებელი სიტყვები, წინდებულები თუ სხვა გრამატიკული დატვირთვის მქონე სიტყვები, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს. მოცემული კონტექსტი უადვილებს აბიტურიენტს დავალების შესრულებას.
გაიზარდა იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, ვინც წერით დავალებებს წერს. პირველ ორ წელს მათი რაოდენობა შედარებით მცირე იყო. ბოლო სამი წელია, შეიმჩნევა ისეთი ტენდენცია, რომ თითქმის ყველა წერს თხზულებას. ეს მისასალმებელია, რადგან აბიტურიენტები მეტ ყურადღებას აქცევენ ტექსტის პროდუცირებას, შექმნას. როგორც ჩანს ამას სკოლებშიც უფრო მეტი ყურადღება ექცევა, რაც თავისთავად კარგია. მოსწავლეს უვითარდება უნარი დაწეროს _ წერილობით გამოთქვას საკუთარი აზრი და გარკვეული არგუმენტებით გაამყაროს ის.
მომავალ წელს ტესტის ცვლილება არ იგეგმება, ფორმატი დარჩება ისეთივე, როგორიც შარშან იყო. არც სირთულის მხრივ იგეგმება რაიმე ცვლილებები.

მანანა ჯავახიშვილი, საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ხელმძღვანელი:
მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წელს დაიწყო, თუმცა საზოგადოებრივ მეცნიერებებში ტესტი პირველად 2006 წელს შეიქმნა. ეს იყო კომბინირებული ვარიანტი _ შედიოდა როგორც ისტორია, ასევე გეოგრაფია, ანუ ეს იყო 100-ქულიანი ტესტი, რომელიც შუაზე იყოფოდა: 50% ეკუთვნოდა ისტორიას, 50% _ გეოგრაფიას. ასე გაგრძელდა 2009 წლამდე. ასე რომ, 2006-2009 წლებში იყო ერთი ტესტი, რომელიც აბიტურიენტთა ორ საგნობრივ კომპეტენციას ზომავდა, რაც, უნდა ვაღიაროთ, გამართლებული არ იყო. რა თქმა უნდა, უკეთესია, ტესტმა ერთი კონკრეტული საგნის კომპეტენცია გაზომოს.
2010 წელს ტესტი პირველად დაიყო _ 80-ქულიანი ტესტი იყო ცალკე ისტორიაში და ცალკე გეოგრაფიაში. ის, რომ აბიტურიენტები ცალ-ცალკე აბარებდნენ ამ გამოცდებს, დიდ მიღწევად მიმაჩნია. ერთიანი ტესტის შემთხვევაში მაინც შეზღუდული ვიყავით _ გარკვეული ტიპის დავალებებს ვერ ვცდიდით, თუნდაც იმ მიზეზით, რომ აბიტურიენტი საგამოცდო დროში ვერ ჩაეტეოდა. ამ მხრივ, მდგომარეობა გაუმჯობესდა და ეს ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ამიერიდან, ცალ-ცალკე იქნება გამოცდა ისტორიასა და გეოგრაფიაში.
წლების განმავლობაში ცვლილება იმ თვალსაზრისითაც მოხდა, რომ თავდაპირველად, 2006 წელს, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, მხოლოდ საქართველოს ისტორიაში მოწმდებოდა აბიტურიენტთა კომპეტენცია. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პროგრამულ ნაწილში ასახულია არა მარტო საქართველოს ისტორია, არამედ მსოფლიო ისტორიაც. ესეც, რა თქმა უნდა, პროგრესია, რადგან ცალკე საქართველოს ისტორია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, საინტერესო არ არის, ცალმხრივია და ბავშვის გლობალურ, მასშტაბურ განვითარებასაც ხელს უშლის. ამდენად, მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა.
ზოგადად ტესტის თავისეურებას რაც შეეხება, ყოველთვის ვცდილობთ, აქცენტი არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნაზე გავაკეთოთ, არამედ ზოგადად გავამახვილოთ ყურადღება: კრიტიკულ აზროვნებაზე, არგუმენტირების უნარზე, მსჯელობაზე, გარკვეული მოვლენის ისტორიულ კონტექსტში ჩასმაზე და ა.შ.
ყოველთვის ვცდილობთ, ტესტი ისე შევადგინოთ, რომ არსებული პოპულაციის დონეს და უნარებს მოვარგოთ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთმანეთს ვაჯიბრებთ სხვადასხვა ცოდნისა და უნარების მქონე ბავშვებს და უკეთესს გამოვავლენთ ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. ამიტომ, სანამ საგამოცდო ტესტს შევადგენდეთ, ვატარებთ საპილოტე ტესტირებებს, დაახლოებით ვიგებთ რა დონის პოპულაციასთან გვაქვს საქმე და რა სირთულის დავალებები შეუძლიათ დაძლიონ. შემდგომში ისეთ დავალებებს ვაკეთებთ, რომლებიც ზუსტად ამ დონეს შეესაბამება. ამიტომაც, ჩვენს ტესტში ჩაჭრილთა რაოდენობა ყოველთვის მცირეა. 2010 წელს 10 000-ზე ცოტა მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა ისტორიის ტესტი და მხოლოდ 7% ჩაიჭრა, ასევეა გეოგრაფიაში, თუმცა იქ აბიტურიენტთა რაოდენობა შედარებით მცირე იყო _ 1500 და იქაც 7% ჩაიჭრა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ტესტი არის ძალიან ზომიერი, პოპულაციაზე მორგებული _ მათი ცოდნისა და უნარების ადეკვატურია, რამდენადაც, ჩვენი მიზანია სასელექციო ტესტის შექმნა და უმაღლესი სასწავლებლისთვის საუკეთესო აბიტურიენტის შერჩევა.
წელს პრინციპული სიახლე არ იგეგმება. ქულათა რაოდენობაც უცვლელი რჩება. სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ, თუ აქამდე ტესტის ქრონომეტრაჟი 3 საათი იყო, მომავალ წელს ისტორიას 2-საათნახევარი დაეთმობა. ხაზს ვუსვამ _ მხოლოდ ისტორიაში. გეოგრაფიაში ისევ 3 საათი დარჩება.
მინდა ერთი რამ დავამატო, რაც ძალიან აღელვებთ ჩვენს აბიტურიენტებს. მოგეხსენებათ, სკოლებში, ერთი და იმავე კლასში, რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელო არსებობს. ხშირია პრობლემა, როცა ერთი მოსწავლე ერთი სახელმძღვანელოთი სწავლობს, მეორე კი _ მეორეთი, ერთში წერია ესა თუ ის საკითხი, მეორეში _ არა. ამიტომ ხშირად უჩნდებათ შეკითხვა _ რა ვქნათ? ჩვენს სახელმძღვანელოში ეს საკითხი არ არის, თქვენ კი შეიტანეთ საგამოცდო პროგრამაში. შემიძლია დავამშვიდო ეს აბიტურიენტები _ ასეთ ფაქტს ადგილი აღარ ექნება, ჩვენ შეჯერებული გვაქვს ყველა ალტერნატიული სახელმძღვანელო და ტესტური დავალებები მხოლოდ იმ საკითხებზე იქნება შედგენილი, რომელიც ორივე სახელმძღვანელოს კვეთაზეა, ანუ ჩვენს პროგრამაში, რომელიც მოცემულია კრებულში `როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის~, საკითხები ზუსტად იმ დოზით იქნება შერჩეული, რა დოზითაც არის კვეთა ალტერნატიულ სახელმძღვანელოებში. ამდენად, მათ შეუძლიათ წყნარად მოემზადონ ერთი სახელმძღვანელოთი, გაიარონ პროგრამა და დარწმუნებული იყვნენ, რომ გამოცდაზე ნამდვილად არავინ მოსთხოვთ იმაზე მეტს, თუ ნაკლებს არა, რაც მათ სახელმძღვანელოშია მოცემული.
მინდა ჩვენს აბიტურიენტებს მივმართო, გამოცდაზე ძალიან დიდი ყურადღებით შეავსონ პასუხების ფურცელი. მოგეხსენებათ, რომ საბოლოოდ სწორდება პასუხების ფურცელი. თვითონ ტესტში მათ შეუძლიათ ივარჯიშონ, რაღაც მიაწერონ კიდეც, ამით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ხოლო გადათეთრების დროს, პასუხების გადატანისას, ყურადღებით შეავსონ პასუხების ფურცელი, არ აჩქარდნენ და, რაც მთავარია, კარგად წაიკითხონ ინსტრუქცია. ხშირია შემთხვევები, რომ ბავშვები ჩქარობენ, ყურადღებით არ კითხულობენ ინსტრუქციას და ამის გამო დასანან შეცდომებს უშვებენ ხოლმე. ჩემი რჩევა იქნება _ დრო საკმარისზე მეტი გაქვთ, ამიტომ წყნარად გაეცანით ინსტრუქციას და ძალიან ფრთხილად გადაიტანეთ პასუხების ფურცელში პასუხები.

გიორგი ჩეჩელაშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჯგუფის ხელმძღვანელი:
წელს გამოცდა ბიოლოგიაში 2691-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, ქიმიაში _ 465-მა, ფიზიკაში _ 81-მა. როგორც ხედავთ, ფიზიკაში კატასტროფულად ცოტა აბიტურიენტია. ჩათვალეთ, რომ წლის განმავლობაში ფიზიკის სახელმძღვანელო, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 81-მა მოსწავლემ გადაშალა. ეჭვი მაქვს, რომ ფიზიკის გაკვეთილები, პრაქტიკულად, არ ტარდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, წელს სკოლებში საატესტატო გამოცდები რომ დაინიშნა. იმედია, ბავშვები სერიოზულად მოკიდებენ ხელს ყველა საგანს, მათ შორის _ ფიზიკასაც.
რაც შეეხება სტიმულირებას _ ჩვენ გვეგონა, რომ გრანტების ის განაწილება, რომელიც წლევანდელ გამოცდებზე იყო დადგენილი, სტიმულს მისცემდა აბიტურიენტებს, აერჩიათ ის ფაკულტეტები, რომლებიც ფიზიკისა და ქიმიის ჩაბარებას ითხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ არც ამან უშველა საქმეს. ფიზიკის ჩამბარებლებისთვის იყო ცალკე კონკურსი და მათთვის საკმაოდ სოლიდური თანხაც იყო გამოყოფილი _ ფიზიკის `ჯიბე~ 100 000 ლარზე მეტს შეადგენდა. ჩვენ მოველოდით, რომ ეს ფაქტორი სტიმულს მისცემდა აბიტურიენტებს, მაგრამ, წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც გამოცდაზე მხოლოდ 81 მსურველი გამოვიდა, ანუ ფიზიკის `ჯიბე~ აუთვისებელი დარჩა და, ბუნებრივია, სხვა საგნებზე გადანაწილდა. ფაქტობრივად, ყველამ ვინც კი არ ჩაიჭრა ფიზიკაში, მიიღო გრანტი. ბიოლოგიაში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, რაც იმან განაპირობა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტმა ეს საგანი მოითხოვა როგორც სავალდებულო. რაც შეეხება ფიზიკას, ეს საგანი თსუ-ს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტმა მოითხოვა, მაგრამ ერთ-ერთი არჩევითი საგნის სტატუსით მათემატიკასთან, ქიმიასთან და ბიოლოგიასთან ერთად. ამიტომ, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებს ბიოლოგიის ჩაბარება ერჩივნათ. პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმაც ფიზიკა მათემატიკასთან ერთად მოითხოვა, აბიტურიენტებმა აქაც მათემატიკის სწავლა არჩიეს, რადგან ზოგადი უნარების ტესტი შეიცავს მათემატიკურ ნაწილს და როგორც ჩანს, ორივე გამოცდისთვის ერთიანად ემზადებოდნენ. თუმცა, სწორედ ბევრი მათემატიკაჩაბარებული დარჩა გრანტის გარეშე, მაშინ როცა, ფიზიკა რომ აერჩიათ, შეიძლებოდა, გრანტი მოეპოვებინათ. როგორც ჩანს, დაფინანსების ახალი სისტემა კარგად არ იყო მათთვის ცნობილი.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენს სკოლებში ფიზიკა სათანადოდ არ ისწავლება. მოსწავლისათვის მხოლოდ ერთ წელიწადში ფიზიკის გამოცდისთვის მომზადება შეუძლებელია _ ეს საგანი წლების განმავლობაში უნდა შეისწავლებოდეს. ამიტომაც იყო ფიზიკის გამოცდაზე გამოსვლის გარკვეული შიში. მიუხედავად იმისა, რომ ტესტი რთული არ იყო, 81 აბიტურიენტიდან 56% ჩაიჭრა. ფიზიკის ჩამბარებლები დაიყვნენ ორ მკვეთრად განსხვავებულ ჯგუფად: ერთი ჯგუფი, რომელმაც ფიზიკა არ იცოდა და ჩაიჭრა; ხოლო მეორე ჯგუფი _ რომელმაც მიიღო საკმაოდ მაღალი ქულები (100%, 98% და ა.შ.); შუაში იყო ჩავარდნა. ანუ, ერთი მხრივ, იყვნენ ძალიან სუსტები, მეორე მხრივ _ ძლიერები, თუმცა ძალიან ძლიერი მაინც არ ითქმის, რადგან ტესტი არ იყო რთული. ბიოლოგიასა და ქიმიაში შედარებით ნორმალური განაწილება იყო, არ იყო ასეთი მკვეთრი დაყოფა ორ ჯგუფად.
საბუნებისმეტყველო საგნებში წინა წლებში ერთიანი გამოცდა ტარდებოდა და აბიტურიენტები, ძირითადად, ბიოლოგიის ხარჯზე გადიოდნენ ფონს. ტესტის ფიზიკის ნაწილის საშუალო ქულა (პროცენტებში) 27-ს არ ასცდენია, ქიმიაში იყო _ 45-47, ბიოლოგიაში 53-54-ამდე ადიოდა. როგორც ხედავთ, ფიზიკაში მაჩვენებელი მაშინაც დაბალი იყო.
გასული წლების გაერთიანებული ტესტის პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
2006
საშუალო ქულა (%) _ 43; ჩაჭრილები (%) _ 6; 26 ქულამდე _ 24.
2007
საშუალო ქულა (%) _ 41; ჩაჭრილები (%) _ 5.5; 26 ქულამდე _ 26.
2008
საშუალო ქულა (%) _ 32; ჩაჭრილები (%) _ 9; 26 ქულამდე _ 12.
2009
საშუალო ქულა (%) _ 34; ჩაჭრილები (%) _ 12; 26 ქულამდე _ 41.5.
წელს სიახლე იქნება საატესტატო გამოცდა მეთორმეტეკლასელთათვის, რომელიც სავალდებულოა და, შესაბამისად, მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს კიდეც მზადება. უკვე ბევრი პედაგოგი გვეხმიანება გამოცდებთან დაკავშირებით, აზუსტებენ პროგრამას და სხვა დეტალებს. ინტერესი ამ გამოცდებისადმი დიდია. იმედია, ფიზიკის სწავლებასაც მიუბრუნდებიან. გარდა ამისა, განათლების მინისტრმა არა ერთხელ განაცხადა, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება პრიორიტეტული იქნება. პრიორიტეტის მინიჭება, იმედია, მომავალში ამ საგნებში საათების დამატებასაც გულისხმობს, რაც საათობრივ ბადეშიც უნდა აისახოს. შესაძლებელია, საბუნებისმეტყველო საგანთა შესწავლის მოთხოვნა გაძლიერდეს მაღალ კლასებში, ასევე, შეიძლება გარკვეული პრივილეგიების დაწესებაც იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც მისაღებ გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნებს აირჩევს. წელს ეს პრიორიტეტი უკვე მინიჭებული იყო, მაგრამ რატომღაც არ იმუშავა. ეს, ალბათ, არასაკმარისად ინფორმირებულობის გამო მოხდა.
ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც დღევანდელი არასახარბიელო სურათი განაპირობა, თავის დროზე საათობრივ ბადეში საბუნებისმეტყველო საგნების საათების შემცირებას უკავშირდება. ჯერჯერობით ამ მხრივ მატება არ ჩანს და გაურკვეველიცაა, რის ხარჯზე უნდა გაიზარდოს საბუნებისმეტყველო საგნების საათების რაოდენობა. თუ ეს სხვა რომელიმე საგნის ხარჯზე უნდა მოხდეს, არც ეს იქნება სასურველი. დღეისათვის გამოსავალია იმ საათების უფრო ეფექტურად გამოყენება, რომელიც საათობრივ ბადეშია გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ეს უკვე მასწავლებელთა პროფესიონალიზმზეცაა დამოკიდებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს მასწავლებელთა სერტიფიცირებაც შეუწყობს ხელს.
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ფიზიკაში აბიტურიენტთა ცოდნის დონე სულ უფრო ეცემოდა და წელს კატასტროფული სურათი მივიღეთ. ეს არის შედეგი იმისა, რომ 2006 წელს ძველ სასწავლო გეგმას ნელ-ნელა ჩაენაცვლა ახალი რეფორმირებული ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ძალიან სუსტ დონეს ითვალისწინებდა, რაც განსაკუთრებით ეხება ფიზიკას. გეგმის მიხედვით იგნორირებული იყო სწავლების უმნიშვნელოვანესი მხარე _ ამოცანების ამოხსნა. ამოცანების ამოხსნის ნაცვლად, გეგმა მოითხოვდა `პრობლემების გადაჭრას~.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ ადრეც გვქონდა შენიშვნა, რომელსაც კიდევ ერთხელ მოვიყვანთ გამომდინარე მისი პრინციპულობიდან: `პრობლემის გადაჭრა~ არის კალკი, არასწორი თარგმანი პოლისემიური ინგლისური ტერმინისა `Pრობლემ შოლვინგ~, რომელსაც სასწავლო ლიტერატურაში ცალსახად შეესაბამება ტერმინი `ამოცანების ამოხსნა~. რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლე თავისი ცოდნის ფარგლებში ვერანაირ პრობლემებს ვერ გადაჭრის ფიზიკის კანონების გამოყენებით. რაც მას უნდა მოეთხოვებოდეს სასწავლო გეგმით, ეს არის ამოცანების ამოხსნა.
სწორედ ამის გამო შეცდომაში შეყვანილი აღმოჩნდნენ ავტორები და მასწავლებლები, და მათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მიიჩნიეს, რომ მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნა აღარ მოეთხოვებათ. ვფიქრობ, ამის შედეგია უცოდინარი მოსწავლეების დიდი რაოდენობა დღეისათვის.
წელს შემუშავებული სასწავლო გეგმა, რომელიც ახლახან მომზადდა, ბევრად უკეთესია. მაგრამ ეს გეგმა, ცხადია, ვეღარ შეეხება უფროსკლასელებს, რომლებიც წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ფიზიკას არ სწავლობდნენ. ამიტომ, თუ საბუნებისმეტყველო საგნებს პრიორიტეტად ვაცხადებთ, ან საათობრივ ბადეში უნდა შევიდეს ცვლილება, ან უნდა ამაღლდეს სწავლების ხარისხი. საჭიროა სასწავლო პროცესი უფრო ეფექტურად დაიგეგმოს, თუნდაც ის საათები, რამდენიც არის გათვალისწინებული საათობრივ ბადეში, ფიზიკის ფუნდამენტური კანონების შესწავლას უნდა დაეთმოს და არა _ ზოგად საუბრებს მოსწავლის მიერ ფიზიკის პრაქტიკაში გამოყენებაზე. ამაში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი როლი მასწავლებელს ენიჭება.

ზაზა თევდორაძე, მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი:
ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, უდავოდ, დადებითი შედეგი მოგვიტანა. აბიტურიენტებს დაეტყოთ, რომ უფრო მომზადებულები მოდიოდნენ, დარწმუნდნენ _ უმაღლესში მოხვედრის ერთადერთი გზა იყო ცოდნა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეები წიგნს დაუბრუნდნენ, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი მაინც, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება. შემდეგ წლებში მდგომარეობა დასტაბილურდა და ვერ ვიტყვი, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეს ზრდა ისევ შეინიშნება. სტაბილური ვითარება იმაზე მიგვანიშნებს, რომ სკოლებში პროცესი გარკვეულ დონემდე მივიდა და გაჩერდა, აღმავლობა აღარ შეინიშნება. 2010 წლის გამოცდის შედეგებიც ამაზე მეტყველებს. მე-4 სავალდებულო გამოცდის შემოღებამ განაპირობა მათემატიკის გამოცდის ჩამბარებელი აბიტურიენტების საერთო რიცხვის ზრდა 8000-დან 14000-მდე, რამაც საშუალო ქულის დაწევა გამოიწვია. ის 6000 აბიტურიენტი არ იყო მათემატიკაში მომზადებული, სკოლაში შეძენილი ცოდნით მოვიდნენ და, სამწუხაროდ, ეს ცოდნა საშუალოზე დაბალი აღმოჩნდა.
კარგია, 4 სავალდებულო გამოცდა რომ დაწესდა. ადრე ვითარება კურიოზებამდე მიდიოდა: ზოგიერთ უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზეც კი არ მოითხოვებოდა მათემატიკის ჩაბარება, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებზე. ერიდებოდნენ კონტინგენტის დაკარგვას. თუმცა, ნამდვილად არაბუნებრივია მათემატიკის ფაკულტეტზე მათემატიკის გამოცდის ეშინოდეთ. ანალოგიური მდგომარეობა იყო ეკონომიკურ ფაკულტეტებზე. ეკონომიკის ფაკულტეტზე მისაღებ გამოცდაზე მათემატიკას რომ არ მოითხოვ, რა უნდა ასწავლო სტუდენტებს _ მხოლოდ ტერმინები?
მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, საგამოცდო პროგრამაც ოდნავ გადახალისდა. 2005 წლიდან, როდესაც ეროვნული გამოცდები დაიწყო, პროგრამაში არ იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: მათემატიკური სტატისტიკა და ალბათობის თეორიის ელემენტები. მასალის შინაარსობრივი მხარის სხვა არსებითი გამდიდრება არ მომხდარა.
შეიცვალა ტესტის ფორმატი. თავდაპირველად ყველა საგნის ტესტის მაქსიმალური ქულა 100-ის ტოლი იყო. ეს სკალირებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნა გახლდათ. შემდეგ პროცესი დაიხვეწა და უკვე აღარ არის სავალდებულო ტესტი 100-ქულიანი იყოს. მათემატიკაში ეს 100 ქულა ხელოვნურად იყო შექმნილი. მაგალითად, `დახურულბოლოიანი~ დავალებები, ამოსარჩევი პასუხებით ფასდებოდა 2 ქულით, რაც არაბუნებრივი იყო. ეს დავალებები 1 ქულით რომ შეგვეფასებინა, მაშინ 100 ქულის მოსაგროვებლად საჭირო გახდებოდა ტესტში დავალებათა რაოდენობის გაზრდა. ეს კი ძალიან გაართულებდა მათემატიკის ტესტს (მათემატიკა ხომ ისედაც ცოტა მძიმეა მოსწავლეებისთვის). რადგან 100 ქულისგან განვთავისუფლდით, ტესტის უფრო ბუნებრივ ფორმატზე გადავედით _ 1 ქულით ფასდება `დახურულბოლოიანი~ დავალებები და დანარჩენები შესაბამისად, 2, 3, და 4 ქულებით. ტესტის ახალი ფორმატი 55-ქულიანი გამოვიდა.
შინაარსობრივ მხარეში ცვლილება არ არის დაგეგმილი. საგამოცდო პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით იწერება, ამიტომ თუ არ შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა, არც საგამოცდო პროგრამაში შევა ცვლილება.

ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N