2017-11-16 ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევა ბავშვებში
მეტყველება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან. ენისა და მეტყველების განვითარება არის დროში განფენილი პროცესი, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია დაბადებიდან 5 წლამდე ასაკი. ბავშვი იბადება თანდაყოლილი უნარით იმისათვის, რომ იმეტყველოს, მაგრამ თუ დაბადებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, სადაც მეტყველების განვითარებისთვის უკიდურესად არასახარბიელო პირობებია, ასეთ შემთხვევაში, ამ უნარს პრაქტიკულად კარგავს. ამის მაგალითია ინდოეთში მომხდარი შემთხვევა, როდესაც იპოვეს ჯუნგლებში დაკარგული ბავშვი. მისთვის მეტყველების სწავლება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ უნარის განვითარების სენსიტიური პერიოდი უკვე განვლილი იყო.
შესაბამისად, აქედან მორალი ჩვენთვისაც — პირველი ხუთი წელი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რათა განვავითაროთ ბავშვის ენა და მეტყველება. ხუთი წლის შემდეგაც ხდება ენისა და მეტყველების თანდათანობით დახვეწა, მაგრამ ძირითადი მოცემულობა პირველი ხუთი წლის მანძილზე ყალიბდება. ამ პერიოდში ძალიან სწრაფად ივსება ლექსიკური მარაგი. გამაოგნებელია, თუ რა სისწრაფით ითვისებს ტიპური განვითარების მქონე ბავშვი ახალ სიტყვებს. ხშირად საკმარისია ერთხელ მაინც მოისმინოს სიტყვა, რომ ის უკვე მის ლექსიკურ მარაგშია გადასული.
— როგორია ენისა და მეტყველების განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და რა ასაკში შეიძლება იჩინოს თავი ბავშვის მეტყველების განვითარებაში სირთულეებმა ?
— ენისა და მეტყველების განვითარების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. დაახლოებით 10 თვიდან 18 თვემდე ბავშვმა ცალკეული სიტყვები უნდა გამოიყენოს. 18 თვიდან 2 წლის ასაკამდე უკვე ორი სიტყვა უნდა გადააბას. შემდეგ კი რთულდება და რთულდება. რეცეპტული ენა, ანუ მიმართული მეტყველების გაგება უფრო ადრე ვითარდება. ბავშვი სანამ თქმას ისწავლის, იქამდე აღიქვამს სიტყვებს. ამის საილუსტრაციოდ მოგიყვანთ სახალისო მაგალითს. სპეციალისტი ეუბნება პატარა ნიკოლოზს: „ნახე, ნიკოლოზ, თევზი“. ბავშვი ეუბნება: „თესი“. სპეციალისტი ეკითხება: თესი?, „არა, თე-სი“ — გიმარცვლავს. სმენით აღიქვამს, რომ თევზია და არა თესი, მაგრამ ვერ გისწორებს. ეს არის, როდესაც რეცეპტული ენის განვითარება უსწრებს ექსპრესიულს. მაგრამ დარღვევების შემთხვევაში, თუ რეცეპტული ენა დეფიციტურია, ექსპრესიული ენაც მიყვება აუცილებლად. როგორც უკვე აღვნიშნე, არის კიდევ არტიკულაციის დარღვევა, როდესაც არც ერთი ენობრივი კომპონენტი არ არის დაზიანებული, მაგრამ ბავშვი ვერ გამოთქვამს არტიკულემებს მისი ასაკის შესაბამისად. ეს არ ნიშნავს, რომ 2 და 3 წლის ბავშვს უნდა მოვთხოვოთ გამართული არტიკულაცია, მაგრამ, დაახლოებით, 6- 7 წლის ასაკში უკვე ყველაფერი ჩამოყალიბებული უნდა იყოს.
მშობლებმა და პედაგოგებმა, პირველი ხუთი წლის განმავლობაში, უნდა მიაქციონ ყურადღება, თუ ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარებაში რაღაც ნორმასთან შეუსაბამო ხდება. მაგ. ქართულ კულტურაში მიღებულია — ბიჭია და ალაპარაკდება. ბავშვები დიდი ხნის მანძილზე ვერ ლაპარაკობდნენ და მათი უნარები თანდათანობით გააქტიურდება ხოლმე. არსებობს კვლევები, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებსაც მეტყველების ესა თუ ის პრობლემა უფიქსირდებათ, სამ კატეგორიაში შეიძლება გაერთიანდნენ. ესენია: გვიან გააქტიურებული; გვიან ამეტყველებული; მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე.
აი, ზუსტად ის გვიან გააქტიურებული ბავშვები არიან ის კატეგორია, რომელიც თითქმის ჩუმადაა, პირველი ორი წლის მანძილზე. ლექსიკური მარაგის გაფართოების დაბალი ტემპი აქვთ, 2 წლის შემდეგ საგრძნობლად აუმჯობესებენ მას და მესამე დაბადების დღეზე უკვე ნორმალურად განვითარებულ თანატოლებს უტოლდებიან (რესკორლა და სხვ., 2000). ეს ის კატეგორიაა, რომელზედაც ამბობენ ხოლმე, რომ დააცადეთ და ალაპარაკდება. როგორ უნდა მივხვდეთ, ბავშვი ალაპარაკდება თუ ეს პრობლემაა და შესაბამისი ჩარევა განვახორციელოთ?! არის კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს იმ ბავშვებს, ვისთანაც შეგვიძლია მეტნაკლებად მშვიდად ვიყოთ და რომლებსაც თავისით განუვითარდება ენა და მეტყველება.
პირველი მაჩვენებელია ის, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს მიმართული მეტყველების გაგების პრობლემა. შეიძლება ბავშვი ვერ ლაპარაკობდეს, მაგრამ, ასაკის შესაბამისად, ყველა ნიუანსით უნდა აღიქვამდეს რისი თქმა უნდა მოლაპარაკეს, ყოველგვარი ჟესტის და მითითების გარეშე. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც მშობელს ვეკითხებით, აღიქვამს ბავშვი თქვენს ნალაპარაკევს? ის გვაძლევს დადებით პასუხს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ბავშვი გარშემომყოფების ჟესტებით, მიმიკით, კონტექსტით ხვდება, თუ რას ითხოვენ მისგან, ხოლო სიტყვიერ მიმართვას, ყველანაირი მინიშნების გარეშე, ვერ აღიქვამს. ასეთ შემთხვევაში, ბავშვს აქვს მიმართული მეტყველების, იგივე რეცეპტული ენის განვითარების პრობლემა, შესაბამისად, ვერ დაველოდებით, რომ თავისით განუვითარდება უნარები და აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.
მეორეა ჟესტები, რომლებიც თან ახლავს ბავშვის მეტყველებას. სიმბოლური, პირობითი ჟესტების გაგება არ უნდა იყოს პრობლემური. თუ ეს ორი ასპექტი რეცეპტული ენისა და ჟესტების გაგება წესრიგშია, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, რომ ბავშვი თავისით ალაპარაკდება. თუმცა, მე პირადად, როგორც სპეციალისტი და როგორც მშობელი, ყველას ვურჩევ, რომ, თუნდაც სახლის პირობებში, აუცილებლად იზრუნონ ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარებაზე. შეუქმნან ბავშვს განვითარებისათვის მასტიმულირებელი ენობრივი გარემო.
— როგორია კვლევის შედეგები ამ მიმართულებით დასავლეთში და ჩვენთან?
— თანამედროვეობაში ძალზე აქტუალურია ტექნიკის გავლენის კვლევა ბავშვის განვითარებაზე. ამ მიმართულებით, საქართველოში, ვახორციელებთ კვლევას, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. დასრულებისთანავე გაგაცნობთ შედეგებს. დასავლეთში ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, თუ ბავშვს ოდნავ მაინც უფიქსირდება ენისა და მეტყველების პრობლემები, ტექნიკასთან (იქნება ანიმაციური ფილმების ყურება, კომპიუტერზე თამაში, ტელეფონითა და ტაბლეტით დაკავება და ა.შ.) უმეთვალყურეოდ გატარებული დიდი დრო დამღუპველად მოქმედებს ამ ბავშვების განვითარებაზე. მშობლები ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ამ მოსაზრებას. მე პირადად, ამ თემას ორი პოზიციიდან აღვიქვამ, როგორც მშობლის და როგორც სპეციალისტის. ძალიან კომფორტულია, რომ ბავშვი დასვა კომპიუტერთან ან ტელეფონთან, არ აქვს მნიშვნელობა. იფიქრო, რომ უსაფრთხოდ არის და მშობელმა მშვიდად მიხედო შენს საქმეს. თუმცა ამას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის, განსაკუთრებით ენისა და მეტყველების განვითრების თვალსაზრისით. ბავშვი ამ დროს ძირითადად გადართულია ვიზუალური გამღიზიანებლების აღქმაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უყურებს ქართულენოვან მულტფილმს ან ვიდეორგოლს, რადგან არავერბალური უნარები მისი ძლიერი მხარეა, ხოლო ვერბალური უნარები — სუსტი. ხაზგასასმელია ისიც, რომ მეტყველება რეციპროკული პროცესია, ანუ როდესაც კომპიუტერი „გელაპარაკება“ უკუკავშირს არ გთხოვს. ასეთ შემთხვევაში მეტყველების გამოყენების უნარის განვითარება ძალიან ფერხდება. ენისა და მეტყველების სრულყოფილად განვითარებას სჭირდება ცოცხალ ადამიანთან რეალური კომუნიკაცია. შესაბამისად, ამ კატეგორიის ბავშვებისათვის ტექნიკასთან გატერებული დრო დაკარგულია მათი ენისა და მეტყველების განვითარებისათვის. ტექნიკის სარგებლისა თუ საფრთხის შესახებ საუბრისას მშობლებს ხშირად აქვთ ხოლმე კონტრარგუმენტი, რომ ბავშვმა ისწავლა თვლა და სიმღერა ინგლისურად. ჩათვალეთ, რომ ერთი ინგლისური სიტყვის სწავლით მან 50-100 სიტყვა დაკარგა ქართულად.
ერთი შეხედვით, ბევრ კვლევას იპოვით, რომელიც გეუბნებათ, რომ ტექნიკა ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. მაგრამ იქ აუცილებლად უნდა ნახოთ რა ასაკის ბავშვზეა საუბარი და ტექნიკის როგორ მოხმარებაზეა ლაპარაკი. როგორც წესი, საუბარია: სკოლამდელი ან დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებზე, მშობლის ან მზრუნველის დახმარებით კონტროლირებულ პროცესზე, კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ აპლიკაციებზე, ტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდული, კონკრეტული დროით. არა უმეთვალყურეოდ და უკონტროლოდ მიშვებულ პროცესზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობლების თქმით, მათი 1-2 წლის ბავშვები გაღვიძებიდან დაძინებამდე, ჭამის ჩათვლით, სულ უყურებენ ეკრანს. ამ შემთხვევაში, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ტექნიკა მავნე ზეგავლენას მოახდენს ბავშვის განვითარებაზე.
არის კიდევ ერთი პრობლემა — ყოველთვის იქნება მშობელი, რომელიც იტყვის: „აი, ჩემი ნაცნობის ბავშვიც ესეა, მაგრამ იმისი მეტყველება პრობლემური არ არის“. პასუხი არის ის, რომ ტექნიკა ცარიელ ადგილზე არაფერს არ შვება, მაგრამ თუ ენა და მეტყველება ოდნავ მაინც სუსტი მხარეა, ამ შემთხვევაში, მინიმალური დეფიციტი შეიძლება ძლიერ დარღვევად ჩამოყალიბდეს. ამიტომ სჯობს, რომ მოვარიდოთ ბავშვებს ტექნიკური ხელსაწყოები. თუ ვერ ვახერხებთ ამას, მაშინ ჯობია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ ეს პროცესი, მაგალითად, ანიმაციური ფილმების ყურების შემთხვევაში, დავსხდეთ ერთად, გავახმოვანოთ, დავუსვათ კითხვები, გამოვიყენოთ სიუჟეტი ბავშვის თხრობითი უნარების განვითარებისთვის. ტექნიკის ზეგავლენა არის მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლოს ბევრ ქვეყანაში.
— რა შეიძლება იყოს ბავშვის მეტყველების განვითარების დარღვევის მიზეზი?
— ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევები ესაა ჰეტეროგენური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ტიპის დარღვევებისგან შედგება. ეს არის რეცეპტული ენის განვითარების დარღვევა (ამ დროს ბავშვს უჭირს მიმართული ენის აღქმა), ექსპრესიული ენის დარღვევა (როდესაც ბავშვი კარგად აღიქვამს ნალაპარაკებს, მაგრამ თვითონ ასაკის შესაბამისად ვერ ლაპარაკობს), არტიკულაციის დარღვევა (როდესაც ბავშვს უჭირს ასაკის შესაბამისად სხვადასხვა ბგერების გამოთქმა), გარდა ამისა, გვაქვს კიდევ მეტყველების რითმულ-მელოდიური სტრუქტურის დარღვევა, მაგალითად, ენაბორძიკობა, უწესრიგო მეტყველება.
ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მიზეზების დასახელება ასე ცალსახად ვერ ხერხდება. ამ მიმართულებით არსებობს მრავალფეროვანი თეორიები. ბიოლოგიურ თეორიებში საუბარია გენეტიკურ მიდრეკილებაზე. ასევე მეტყველების განვითარება შეიძლება შეაფერხოს შუა ყურის ანთებამ. ამ დროს შეიძლება შეფერხდეს რეცეპტული ენის განვითარება, მაგრამ როგორც კი მოიხსნება ეს პრობლემა, მეტყველების პრობლემაც ალაგდება. ფსიქოლოგიურ თეორიებში, მაგალითად, საუბარია სმენითი აღქმის მოცულობის შევიწროვებაზე, რის გამოც ვერ ხერხდება ერთბაშად მიწოდებული ინფორმაციის აღქმა. შეიძლება სუქცესიური გადამუშავება არის პრობლემური, რის გამოც თანმიმდევრული წყობა ვერ აღიქმება და შედეგად ვიღებთ ენის განვითარების დარღვევას. მე პირადად, ამ ყველაფერს დავამატებდი ტექნიკას, რომელიც შეიძლება უშუალო გამომწვევი მიზეზი არ არის, მაგრამ ხელს უწყობს ენისა და მეტყველების და არა მხოლოდ ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევას. მაგალითად, ბავშვს სიძნელეები აქვს მოტორული განვითარების თვალსაზრისით, იმის მაგივრად, რომ იხოხოს, იფორთხოს, ბევრი იმოძრაოს, ერთ ადგილზე ზის, უყურებს ეკრანს, ვეღარ ვარჯიშდება მოტორიკა და ფერხდება განვითარება. ტექნიკასთან ინტენსიურმა „ურთიერთობამ“ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობისა და წონის პრობლემებიც.
— როგორია ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების დიაგნოსტირების პროცესი?
— თავად დიაგნოსტირების პროცესი შედგება სხვადასხვა ასპექტებისაგან. საწყის ეტაპზე, აუცილებელია მშობლის ნახევრად სტურქტურირებული ინტერვიუ, რომელიც ტარდება ბავშვის გარეშე. ამ დროს ვიღებთ ღირებულ ინფორმაციას ბავშვის შესახებ, მუცლად ყოფნის პერიოდიდან დაწყებული მიმდინარე მოვლენებით დამთავრებული. შემდგომში ვიბარებთ ბავშვს. ბავშვის ენობრივი უნარების შეფასებაში გვეხმარება როგორც სტანდარტიზებული ტესტების გამოყენება, ასევე ბავშვზე დაკვირვება. ენისა და მეტყველების დარღვევები არ რის რთულად სადიაგნოსტიკო. თუმცა, გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით რეცეპტული ენის განვითარების დარღვევის დიაგნოსტირებისას. პატარა ასაკში რეცეპტული ენის განვითარების დარღვევის მქონე ბავშვი და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი ძალიან გავს ერთმანეთს. ჩვენს დასკვნებში ხშირად ნახავთ ჩანაწერს, რომ ბავშვს აღენიშნება აუტიზმის სპექტრის აშლილობის ნიშნები და რეცეპტული ენის განვითარების დარღვევა, ანუ ორივე სავარაუდო მდგომარეობა იწერება ხოლმე. მერე, როდესაც ტექნიკას მოაშორებ და მუშაობას დაიწყებ, ჩანს რომელი მიმართულებით წავა ბავშვის განვითარება. არის შემთხვევები, როდესაც დიაგნოზის დასმა სწრაფადაა შესაძლებელი. არის შემთხვევები, როდესაც მშობელს პირდაპირ ვუხსნით, რომ სურათი არ არის ნათელი, ამ ეტაპზე, სავარაუდო მდგომარეობას გიწერთ და დაკვირვების პროცესში დაზუსტდება დიაგნოზი. ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. ზოგადად, ექსპრესიული ენის განვითარება, არ არის რთულად სადიაგნოსტიკო. არც არტიკულაციის სპეციფიკური დარღვევის დიაგნოსტირებაა ხოლმე პრობლემა. არტიკულაციის სპეციფიკური დარღვევისთვის დამახასიათებელია ის, რომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან კარგად განვითარებული და იყოს ეს შეფერხება იზოლირებულად გამოხატული. თუ ენისა და მეტყველების სპეციფიკურ დარღვევებზეა საუბარი, ასეთ შემთხვევაში, სხვა უნარები კარგად არის განვითარებული და იზოლირებულად, ენა და მეტყველება ირღვევა. არავერბალური უნარები კარგია, ენა და მეტყველებაა დარღვეული, ერთ შემთხვევაში — რეცეპტული, მეორე შემთხვევაში — რეცეპტულ-ექსპრესიული.
— როგორია მეტყველების განვითარებაში დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პერსპექტივა?
მშობლების მხრიდან ძალიან ხშირად დასმული კითხვაა ხოლმე, რა შედეგი გვექნება და როდის. რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ეს დამოკიდებულია ბავშვზე და დარღვევის ტიპზე. მნიშვნელობა აქვს, მშობელი რამდენად სისტემატურად ატარებს და არ გააცდენს სპეციალისტთან შეხვედრებს. ასევე მშობელი რამდენად შეასრულებს სპეციალისტის რეკომენდაციებს. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი 3 თვეში ხედავს, რომ თვალსაჩინო ცვლილებებია. დიდი ხნის პრაქტიკა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სპეციალისტის ჩარევის შემთხვევაში დადებითი შედეგი იქნება აუცილებლად, მაგრამ დაზუსტებით, რამდენ ხანში იქნება შედეგი, ეს ძალიან ინდივიდუალურია და ამაზე წინასწარ ლაპარაკი წარმოუდგენელია.
ენისა და მეტყველების დარღვევების რეაბილიტაციაზე, საქართველოში, ვმუშაობთ ენისა და მეტყველების თერაპევტები და ნეიროფსიქოლოგები. ნეიროფსიქოლოგები, ძირითადად, ვმუშაობთ, როდესაც ენა და მეტყველება სხვა კოგნიტურ ფუნქციებთან ერთად არის დარღვეული. ნეიროფსიქოლოგებს ჩვენი მეთოდები გვაქვს, ლოგოპედებსა და ენისა და მეტყველების თერაპევტებს — თავისი. ჩვენ მოდელირების ტიპით ვმუშაობთ, ანუ ვთავაზობთ კონკრეტულ მოდელს როგორ უნდა თქვას. ვასმენინებთ და „ყურში ვუჯენთ“ სწორ მოდელებს. ლოგოპედებს აქვთ იმიტაციური მოდელი, ანუ მე ვიტყვი და შენ გაიმეორე. ნეიროფსიქოლოგებს მიაჩნით, რომ, როდესაც რომელიმე უნარი არის დეფიციტური, იქ არ უნდა დააძალო ბავშვს, აქ და ახლავე გაიმეოროს მოსმენილი. უნებლიე დონეზე გადაგვყავს მეტყველების პროცესი. ბავშვი თამაშობს, სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული, სწორ მოდელებს ვთავაზობთ და პრობლემურ კომპონენტზე ვკონკრეტდებით ხოლმე, იქნება ეს პრაგმატული, ფონოლოგური, ფონემატური, მორფოლოგიური თუ სინტაქსის კომპონენტი. ენისა და მეტყველების თერაპევტები განსხვავებული მიდგომით მუშაობენ. „აქ და ამჟამად“ პრინციპით, მე ვიტყვი და შენ გაიმეორე. კვლევების მიხედვით, ორივე მიდგომა ეფექტურია. უბრალოდ, იგივე კვლევები დასძენენ, რომ ბავშვები, რომლებთანაც მოდელირების მეთოდი იქნა გამოყენებული, უფრო ხალისიანები და ემოციურად უფრო ლაღები არიან. უფრო იოლად ხდება შეძენილი ცოდნის გადატანა და გენერალიზება სხვადასხვა სიტუაციებში. თუმცა, აღიარებული ფაქტია, რომ ორივე მეთოდით მუშაობა ეფექტურია.
— რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, რომლებიც მსგავსი სირთულის წინაშე დგანან?
— მშობლებს ვურჩევ, დიდი დრო გაატარონ საკუთარ შვილებთან. ბევრი ელაპარაკონ. ოღონდ აქ მაინც ზომიერებაა დასაცავი. თუ ენისა და მეტყველების კარგი განვითარება აქვს ბავშვს და ზედმეტად დავტვირთავთ შთაბეჭდილებებით, ზედმეტ სტიმულირებას გავუკეთებთ მის მეტყველებას, ენაბორძიკობის პროვოცირება შეიძლება მოვახდინოთ. რაც შეიძლება უნდა მოვარიდოთ ტექნიკურ საშუალებებს და ის დრო, როცა ბავშვი დაკავებულია ტექნიკასთან ჯდომით, გამოვიყენოთ მასთან ურთიერთობისათვის. ჩვენთან კომუნიკაცია ბავშვისათვის მიზანმიმართული აქტივობაა და უნებლიე დონეზე მეტყველების განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვს უნდა მოვარგოთ ჩვენი საუბრის მანერა. მშობელი ბავშვს უნდა ესაუბრებოდეს ასაკის შესაბამისად. პატარა ასაკის ბავშვთან არ უნდა გამოვიყენოთ ძალიან რთული კონსტრუქციის წინადადებები, თუმცა „ენის მოჩლექა“ კატეგორიულად იკრძალება. საუბრის ჟღერადობა გადადის ბავშვის მეტყველებაში. ეს დამახინჯებული, „ენის მოჩლექით“ ნათქვამი გადადის ბავშვის ლექსიკაში და რჩება მის მეტყველებაში ძალიან დიდხანს. მნიშვნელოვანია მეტყველების სტიმულირება სახლის პირობებში. სასურველია, მშობელმა რაც შეიძლება მეტი ელაპარაკოს ბავშვს, გაახმოვანოს გარემოში არსებული საგნები და მოვლენები. მაგალითად, ქუჩაში: „ნახე, წითელმა მანქანამ გაიარა, ეს მანქანა უფრო პატარაა, ეს უფრო დიდია; ან მოდი, გზაზე გადავიდეთ; ამ გოგოს ჭრელი კაბა აცვია“. მნიშვნელოვანია წავუკითხოთ წიგნები, აღვწეროთ და გავახმოვანოთ ნახატები.
შორენა მამუკაძე
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
geopsychology.ge
|