2017-12-21 მხოლოდ სკოლის მანდატურის სამსახურის გაძლიერებით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ
საზოგადოებაში გრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ რა და როგორ შეიცვალოს განათლების სისტემაში, რომ მსგავსი ტრაგედიები (ვგულისხმობთ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას) აღარ განმეორდეს, რა პრევენციული ზომები იქნება ეფექტური მოსწავლეების ძალადობისგან დასაცავად. ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ.
დათო ტურაშვილი მწერალი
„იმ დეგრადირებული საბჭოური ცნობიერების გამო, რომელიც მემკვიდრეობით დაგვრჩა იმ ქვეყნისგან, რომელიც ოფიციალურად აღარ არსებობს, ძალიან ძნელია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკითხისადმი კომპლექსურად და სწორად მიდგომის შემთხვევაში, პოზიტიური შედეგი მაინც გვექნება.
თქვენ რაც ჩამოთვალეთ (საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციის ჩართვა; მოსწავლეებთან ფსიქოლოგების აქტიური მუშაობა), აშკარად კომპლექსური მიდგომის მცდელობაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მთავარი პრობლემა მენტალური სიბეცეა და ამიტომ მთავარი გამოსავალიც სწორედ იმ აზროვნების შეცვლაა, რაც იწვევს ამდენ ძალადობასა და აგრესიას ჩვენ ირგვლივ. ჩვენი საზოგადოება გაჯერებულია ერთმანეთისადმი ზიზღით. როცა ამას ნებისმიერი ახალგაზრდა ბავშვობიდან ხედავს და ესმის, თუ როგორ სძულთ უფროსებს ერთმანეთი, ძნელია ჰქონდეთ ჯანმრთელი გონება და ცნობიერება. ამიტომაც ყველა ჩამოთვლილ პრევენციულ ზომას დავამატებდი სალექციო კურსებსა და შეხვედრებს სკოლებში იმ ადამიანებთან, ვინც პატარებისთვის ავტორიტეტია და ვინც სწორად და კარგად აუხსნის მოსწავლეებს, რატომ არის ძალადობა და ძველბიჭური მენტალიტეტი გოიმებისა და ჩამორჩენილი ადამიანების არჩევანი.“
მარიამ რამინაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსის“ თავმჯდომარე
„უმძიმესია ტრაგედიაზე კომენტარი. ფაქტი ერთია — ხელისუფლების მიერ წაქეზებული და შექებული ძალადობა, უპირველესად, ფაქტებად, ამბებად და ქცევად, მოზარდებში იჩენს თავს! ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტი. ამ ამბავმა მოზარდების პრობლემების ლუსტრაცია მოახდინა. გაზრდილია აგრესია და, ფაქტია, რომ დაუსჯელობის სინდრომიც არსებობს. ყველაფერი კი, დიდი სისწრაფით უკან მსვლელობისას, ძალიან ჰგავს ავბედით 90-ანებს.
შეიძლება არაპოპულარული იყოს ჩემი პოზიცია, მაგრამ ეს ამბავი ქვეყანაში არსებული ვითარების ერთი კონკრეტული გამოვლინებაა და ერთი სკოლის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი პრევენცია შეუძლებლად მიმაჩნია. თუმცა, თავის მხრივ, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საგანმანათლებლო სისტემამ თავისი პასუხისმგებლობა არ გააცნობიეროს. უახლოეს წარსულში, ყველას გვახსოვს, სკოლებში მანდატურის სამსახურის გაუქმების არგუმენტად ამ უკანასკნელის პოლიციური ხასიათი განიხილებოდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა მანდატურის სამსახურის ავტორიტეტზე, მის საქმიანობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა მანდატურის საქმიანობა სკოლაში და ფაქტობრივად, ფორმალურ ინსტიტუციად გადააქცია. დღეს კი, როცა პრობლემის წინაშე დავდექით, გამოსავლად სკოლაში არათუ მხოლოდ მანდატურის, არამედ პოლიციის მონაწილეობაც განიხილება. თვისთავად ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ვერც ეს გადაწყვეტს პრობლემას.
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, ვიდრე სახელმწიფო არ უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში დასჯილი იყოს დამნაშავე, არ იყოს წახალისებული ბულინგი და ყველასთვის ერთი სამართალი არსებობდეს, ვერასოდეს შევძლებთ მოზარდებში ძალადობის პრევენციის უზრუნველყოფას.
აუცილებლად უნდა გააქტიურდეს სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო აქტივობების, სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა მოისპოს შერჩევითი სამართლის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ამ ბოლო დროს სკოლებში ძალიან გახშირებულია.“
გულიკო ხორბალაძე
128-ე საჯარო სკოლის დირექტორი
„არსებობს ფრაზა — „ცეცხლი უკვალოდ არ ჩნდება“. ჩემი აზრით, პრევენციის მიზანია ურმის გადაბრუნებამდე შევამჩნიოთ ის სიმპტომები და მთავარი ნიშნები, რაც კონფლიქტური სიტუაციის წინა პერიოდს ახლავს. პედაგოგიური გამოცდილება გვკარნახობს, რომ მოზარდთა შორის ურთიერთობების გამწვავებას თან ახლავს: დაძაბულობა, უთანხმოება, უხეში საუბრები, უხამსი სატელეფონო გზავნილები და სხვა ნეგატიური განწყობები.
128-ე საჯარო სკოლის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვცდილობთ კონფლიქტში მყისიერად ჩავერიოთ, ჩავრთოთ მშობლები, შევარიგოთ მოსწავლეები, დროულად გამოვავლინოთ რისკები, რათა არ მივიღოთ კონფლიქტის გამწვავებული სახე. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა. ბავშვში აგრესია, თანატოლისადმი მტრული განწყობა არ განეიტრალდება ერთჯერადი, თუნდაც, დირექტორთან შეხვედრით ან მანდატურის ჩარევით. ასეთ ბავშვთან აუცილებელია დამრიგებლის ინდივიდუალური, სისტემატური მუშაობა.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას ვცდილობთ, კლასებში შევქმნათ პოზიტიური ურთიერთობები. როცა კლასში, მოსწავლეებს შორის, მეგობრული ატმოსფეროა და კლასი ერთი ოჯახივითაა, ნაკლებია სისასტიკის გამოვლენის რისკი. პოზიტიური ურთიერთობების შექმნას სამი მიმართულებით ვცდილობთ: პირველი, ეს არის ქცევის წესები — როგორ უნდა იქცეოდნენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში, კლასებში გამოკრულია ურთიერთთანამშრომლობასა და პატივისცემაზე დამყარებული წესები (პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ, შეცდომის დაშვების დროს მიუღებელია დაცინვა, გაკიცხვა და სხვა).
მესამე — ვახორციელებთ საგაკვეთილო პროცესზე მონიტორინგს. გულდასაწყვეტია, რომ ზოგჯერ საგაკვეთილო პროცესს ისევ ძველი, საბჭოური რუტინა გასდევს: მოსწავლეები სხედან ერთმანეთის ზურგს უკან, არ არის კომუნიკაცია, გაკვეთილის პროცესში მათი ჩართულობაც ნაკლებია, პედაგოგები მხოლოდ ერთეულ მოსწავლეებზე გადიან. ამ სიტუაციის შესაცვლელად ტრენინგებზე, სამუშაო თათბირებზე მასწავლებლებს ყურადღებას ვუმახვილებთ პოზიტიური საკლასო გარემოს ჩამოყალიბებაზე, ვთავაზობთ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად დანერგონ თანამშრომლობითი მუშაობის სტრატეგიები: წყვილებში, ტრიადებში, ჯგუფებში. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თანამშრომლობითი სტრატეგია, ჯგუფური მუშაობა შესანიშნავი საშუალებაა კარგი, მეგობრული და სრულყოფილი ატმოსფეროს შესაქმნელად, რისთვისაც სკოლაში მასწავლებელთა შორის ვნერგავთ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ კულტურას. ხელს ვუწყობთ სასწავლო თემის შექმნას და მასწავლებელთა შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარებას. ისინი ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო, განიხილავენ საგნების სწავლა-სწავლების პრობლემურ საკითხებს, ამუშავებენ საგაკვეთილო გეგმებს, შეიმუშავებენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გზებს თავიანთი პედაგოგიური პრაქტიკის შესაცვლელად.
როცა დანაშაული ხდება, ხშირად ვაწყდებით ფაქტს — მშობელი იცავს შვილს: „ისე არ დაარტყამდა, აუცილებლად იქნებოდა ამის წინაპირობა“, „რამდენჯერაც ცუდად მოექცევიან, იმდენჯერ დაარტყამს ჩემი შვილი, ამაში წინ ვინ დაუდგება“. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ასეთ ფრაზებს მშობლებისგან. ძალიან ძნელია მათი მენტალობის შეცვლა. წარმოიდგინეთ, ერთდროულად, სკოლამ უნდა მოახერხოს მშობლის დამოკიდებულების შეცვლა, მოსწავლის აგრესიის განეიტრალება, მშობლის მიერ ჩანერგილი იდეის — „დაგარტყამენ დაარტყი“ — ამოშლა მათი ცნობიერებიდან. ფსიქოლოგიური მიდგომაა საჭირო, ძალიან გვიჭირს მშობლებთან მუშაობა, თუნდაც იმის გამო, რომ რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეების მშობლები, ხშირ შემთხვევაში, გაშორებულნი არიან, რაც მოზარდს მეტად დიდ ტრავმას აყენებს და ხშირად აგრესიულს ხდის. არიან მოსწავლეები, რომელთა მშობლები უცხოეთში არიან წასული, ისინი ხშირად ნათესავთან ან ბებია-ბაბუასთან იზრდებიან.
მშობლის ჩართულობა ყველაზე მთავარია, იმავდროულად, ძალიან რთული საქმეა. ჩემი და რამდენიმე პედაგოგის ინიციატივით, სკოლაში, საგანგებო სოციალური პროექტი წამოვიწყეთ. მშობლები, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, ჩავრთეთ სკოლის ბიბლიოთეკის რეორგანიზაციაში. შევაგროვეთ მაკულატურა, მოვაწყვეთ აქციები და ა.შ. მშობლებისა და მოსწავლეების ჩართულობით შემოსული თანხით ვაპირებთ ვიყიდოთ წიგნები და გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა, რადგან ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა კატასტროფულ მდგომარეობაშია.
სკოლაში არის კიდევ ერთი, ხანგრძლივი დასვენების (ვგულისხმობ 20-წუთიან დასვენებას) პრობლემა. სამწუხაროდ, მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და ჩვენ დასვენების შემცირების უფლება არ გვაქვს. ჩვენი სკოლა ძალიან პატარაა, არ გვაქვს სპორტული დარბაზები, არ გვაქვს სათანადო სიდიდის ბიბლიოთეკა, სასადილო, დერეფნებიც ვიწროა. დიდ დასვენებაზე ჭირს კონტროლი მოსწავლეთა მოძრაობაზე, დაჯახება, რა თქმა უნდა, იწვევს გარკვეულ ტრავმებს. ჩვენ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა ორი 10-წუთიანი შესვენებით მუშაობა. კარგი იქნება, თუ დასვენებების საკითხს თავად სკოლა დაარეგულირებს ადგილობრივი პირობების თანახმად.
მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის საქმეში დიდია სკოლის ფსიქოლოგის როლი. სკოლაში ფსიქოლოგი და სპეცპედაგოგი გვყავს, მაგრამ ისინი, ძირითადად, დაკავებული არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობით. რაც შეეხება მანდატურის ფსიქოლოგის სამსახურს, მათთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა მშობლები ძნელად გვთანხმდებიან იმაზე, რომ შვილები ამ ცენტრში ატარონ. მოგეხსენებათ, ქცევის მართვა უდიდესი პრობლემაა, არსებობს მეთოდური ლიტერატურა, ქცევის მართვის სტრატეგიები, მაგრამ თითოეული ბავშვი თითო სამყაროა, სადაც შეღწევა და ქცევის კორექცია ძალიან რთულია. ამ საქმეში ჩვენს დამრიგებლებსაც და ფსიქოლოგებსაც სჭირდებათ პროფესიული მხარდაჭერა და დახმარება, თუნდაც ტრენინგების სახით.
დანაშაულის პრევენციის მიზნით ხშირად ვაწყობთ საინფორმაციო შეხვედრებს მშობლებთან, ისინი მიესალმებიან სკოლის მჭიდრო თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან, რეიდების ჩატარებას, მანდატურის სამსახურის გაძლიერებას. მისასალმებელია, რომ პატრული გააკონტროლებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, რათა საეჭვო პირები არ შეგროვდნენ სკოლის მახლობლად. იმედია, მომავალში მსგავსი ტრაგედიის წინაშე არცერთი ჩვენგანი არ აღმოვჩნდებით.“
მანანა მელიქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
„ძალადობა ინდივიდუალური, ჯგუფური, სოციალური, კულტურული ფაქტორების რთული ურთიერთქმედების შედეგია. აქედან გამომდინარე, ბავშვზე ძალადობის პრევენციაც სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორისაკენ არის მიმართული. პრევენციის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია: საკანონმდებლო, საგანმანათლებლო, დასაქმების, სასამართლო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩართვა. ბავშვებში და ბავშვებზე ძალადობის აღკვეთა, ფაქტობრივად, ყველა ადამიანის საქმე უნდა იყოს. მხოლოდ ყველა სექტორის კოორდინირებული მუშაობითაა შესაძლებელი ძალადობის დასაძლევად ქმედითი და ეფექტიანი გზების გამოძებნა.
ვფიქრობ, მანდატურმა უნდა აკონტროლოს, საჭიროების შემთხვევაში, აღკვეთოს ძალადობის ფაქტები და აღნიშნული ფაქტის არსებობის შემთხვევაში, აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას. მხოლოდ სკოლის მანდატურის სამსახურის გაძლიერებით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. საჭიროა სკოლებში ფსიქოლოგების შტატის დაშვება, რომლებიც იმუშავებენ ბავშვებთან არა ერთჯერადად, არამედ პერმანენტულად.
რაც შეეხება ბულინგს, რომელიც ჩვენს სკოლებში საკმაოდაა გავრცელებული, მისი პროფილაქტიკისთვის საჭიროა:
1. პრობლემის არსებობის აღიარება — სკოლამ უნდა აღიაროს არსებული მოვლენის არსებობა (ხშირად სკოლა ამას არ აღიარებს). სასურველია, სკოლის თანამშრომლებს შეუერთდნენ ბავშვებიც და მშობლებიც. პირველად უნდა დადგინდეს პრობლემის მასშტაბები. ეს შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ანონიმური გამოკითხვით.
2. პრობლემის განსაზღვრა — მისი არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლიობა.
3. სამუშაო გეგმის შემუშავება და რეალიზაცია: სკოლაში ძალადობის ნებისმიერი აქტის მიუღებლობა; დაკვირვების განხორციელება სკოლის დერეფანში, ეზოში, ბუფეტში და ა.შ.; მუშაობა კლასთან თავისუფალი დისკუსიის რეჟიმში; სკოლის ეთიკური კოდექსის შემუშავება; სკოლის ფსიქოლოგის მუშაობა ბავშვებთან.“
მოამზადა მაკა ყიფიანმა
|