2018-01-24 საპილოტე მოდელის გამოწვევები და რისკები
ლალი ჯელაძე
პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში, სკოლის დირექტორებისა და პროექტში ჩართული განათლების სპეციალისტების მონაწილეობით, პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მიზანია ქართული სკოლებისთვის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავება, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. პროექტში 15 სკოლაა ჩართული და სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავდა მოწვეული ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ტურებს დანიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მეორე ეტაპი — სკოლის საჭიროებებზე მორგებული შეფასებებისა და განვითარების მოდელების შემუშავებასა და პილოტირებას. ბოლო ეტაპი კი კვლევას, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
„განათლების ხარისხის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის როგორც შიდა, ასევე გარე შეფასების სისტემების აწყობას. დღეს საზოგადოება ზოგად განათლებას სუბიექტური გამოცდილებით და სუბიექტური მოლოდინების შესაბამისად აფასებს. წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ვითარდებოდა სკოლის შიდა და გარე შეფასების სისტემები. ამ ეტაპზე, უფრო მწყობრ სისტემაზე გადავდივართ. ჩვენმა სკოლის დირექტორებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს სხვადასხვა ქვეყნებში, დააკვირდნენ არსებულ მოდელებს, გააანალიზეს, როგორ შეიძლება მათი გადმოტანა ჩვენს რეალობაში და ქართული სკოლის სინამდვილეში და, რაც ყველაზე მთავარია, შეიმუშავეს საკუთარ სკოლებში, სკოლის შიდა შეფასების სისტემები, სკოლის განვითარებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, — განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.
„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისთვის, მაია მიმინოშვილისთვის პროექტი იმ თვალსაზრისითაა საინტერესო, რომ: „ის არ გულისხმობს კონკრეტული ორგანიზაციის, მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ან რომელიმე ექსპერტთა ჯგუფის მომზადებას იმისთვის, რომ სკოლებისთვის შეიმუშაონ ეფექტური მოდელი. ეს პროექტი გულისხმობს მონაწილე სკოლების მომზადებას იმისთვის, რომ თვითონ მოარგონ კონკრეტული შეფასების მოდელი საკუთარ სკოლას, რომელიც ითვალისწინებს, ბუნებრივია, ამ სკოლის საჭიროებებს, სპეციფიკას.“
შეხვედრა ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: დირექტორებმა, რომლებიც პროექტის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ (გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში), ისაუბრეს სკოლის შიდა შეფასებისა და განვითარების სისტემებზე, დისკუსია გაიმართა საქართველოს სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხაშურის N6 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ხადური იმ 15 დირექტორიდან ერთ-ერთია, ვინც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ „სკოლის შეფასებისა და განვითარების“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ორეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, გახდა „სკოლის შეფასებისა და განვითარების“ საბჭოს წევრი (საბჭოს წევრები სკოლის დირექტორები და სამინისტროს სტრუქტურების წარმომადგენლები არიან). „საბჭოს ამოცანაა, შევიმუშაოთ შიდა შეფასებისა და განვითარების მოდელები, გამოვცადოთ საკუთარ სკოლებში, გავაანალიზოთ პროცესი და შედეგები, მოვამზადოთ რეკომენდაციები სხვა სკოლებისთვის და პოლიტიკის მიმღებთათვის. პროექტის მეორე ეტაპი სწორედ სკოლის საჭიროებებზე მორგებული შეფასებისა და განვითარების მოდელების შემუშავებასა და პილოტირებას ითვალისწინებს. — ამბობს თამარ ხადური, — პროექტის ფარგლებში, სასწავლო ტურით ვიმყოფებოდი დანიაში, ქალაქ ორჰუსში. ძალიან მომხიბლა დანიის განათლების სისტემამ, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნების აღზრდისკენაა მიმართული. დანია, განათლების დონით, მსოფლიო რეიტინგების ათეულშია შესული. თვალშისაცემია სკოლების გამართული ინფრასტრუქტურა, რესურსების მრავალფეროვნება და სიმრავლე. კეთილმოწყობილი თავისუფალი სივრცეები სკოლებში. იქ მნიშვნელოვანია მოსწავლის კეთილდღეობა. დანიას სკოლების შიდა და გარე შეფასების საინტერესო და მარტივი მოდელები აქვს. ექსპერტები, საჭიროების შემთხვევაში, უწევენ სკოლებს დახმარებას და აძლევენ რეკომენდაციებს.“
ამჟამად კი პროექტის ფარლებში მიმდინარეობს სკოლის თვითშეფასების ქართული ექსპერიმენტული მოდელის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებულია სოფლის მცირეკონტინგენტიანი, ქალაქის დიდი და ურბანული ტიპის სკოლების სპეციფიკა, მათი მსგავსება და განსხვავებები. თუმცა, რადგან ჯერ არ არის დამთავრებული აღნიშნული პროცესი, სკოლის დირექტორი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ამბობს, რომ საქართველოში სკოლების თვითშეფასების მოდელის შემუშავებასთან დაკავშირებით, გარკვეული რისკები არსებობს, რაც გამოწვეულია მსგავსი გამოცდილების არქონის, კომპეტენტური ადამიანების სიმცირისა თუ სხვა ფაქტორების გამო. მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დაძლევადია უცხოური გამოცდილების გაზიარებით: „ჰოლანდიელმა და გერმანელმა ექსპერტებმა ვორქშოპებზე გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება, რომელსაც ქართული მოდელების ასაგებად ვიყენებთ“ — გვითხრა თამარ ხადურმა.
თბილისის 175-ე სკოლის დირექტორი თინათინ ალავიძე ამბობს, რომ სკოლები განსხავავებული კულტურის მატარებლები არიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ისეთი მოქნილი ინსტრუმენტები და მოდელები, რომელსაც საკუთარ საჭიროებებს მოარგებენ და შეძლებენ თვითშეფასებას. მისი აზრით, სკოლის შიდა შეფასების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა და ამ პროცესებში თანამონაწილეობა ამაღლებს სკოლის პასუხისმგებლობას და უფრო ეფექტურს ხდის პროექტის მიმდინარეობას. პროექტის ფარგლებში, განვითარებული ქვეყნების შიდა და გარე შეფასების სისტემების დაკვირვების შესაძლებლობამ კი უფრო მეტად დააფიქრა ქართველი დირექტორები იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენი განათლების სისტემის წინაშე დგას.
„ჩვენი მუშაობა ძირითადად კვლევაზეა დაფუძნებული. საკვლევ საკითხად ავიღეთ stem საგნებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის განმავითარებელი შეფასების ეფექტურობა. სასწავლო პროცესში განმავითარებელი შეფასების გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. დროული და კარგი განმავითარებელი შეფასებით, მოსწავლე გეგმავს მიღწეული შედეგის გაუმჯობესების გზებს, მასწავლებელი კი — საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების გზებს.
სკოლის მასწავლებლებისგან შეიქმნა ხარისხის და ინტერვენციის ჯგუფები, შემუშავდა კვლევის გეგმა, საკვლევი ინსტრუმენტები, განისაზღვრა ბენეფიციარები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება, რის საფუძველზეც გამოიკვეთება ძლიერი და სუსტი მხარეები და განხორციელდება ინტერვენციები.
დავადგენთ განმავითარებელი შეფასების ეფექტიანი გამოყენებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს. მასწავლებლები გაეცნობიან განმავითარებელი შეფასების განხორციელების სტრატეგიებსა და მეთოდებს. პედაგოგებისთვის შემუშავდება რეკომენდაციები, რაც სამუშაო პროცესს და შეფასების სისტემას უფრო ეფექტურს გახდის“ — ამბობს თინათინ ალავიძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა გოგოლაძე ამბობს, რომ ყველა საჯარო სკოლას დაეგზავნა წერილი, პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში, თანამშრომლობის შეთავაზებით. „გასაუბრების შემდეგ მოვხვდი პროექტის საბჭოს შემადგენლობაში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ტიპის გასაუბრება, რაც კი ოდესმე გამივლია, 3-ეტაპიანი და როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გასაუბრების ელემენტებით დატვირთული. პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა ტიპის სკოლების შერჩევას (დედაქალაქის, ქალაქის, სოფლის, ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულის და ა.შ.), რათა ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების დახმარებით, სკოლის განვითარებისათვის შემუშავებული შეფასების სისტემების სხვადასხვა მოდელის განზოგადება სკოლების მაქსიმალურად ფართო სპექტრზე მომხდარიყო“ — გვიამბობს გვანცა გოგოლაძე.
სკოლის დირექტორი, რომელიც პროექტში ქალაქის მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის სტატუსით ჩაერთო, ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი შესაბამისი სასწავლო ღონისძიებები გაიარეს: ტრენინგები, კოლეგების გამოცდილების გაზიარება, სასწავლო ტურები ევროპის წამყვან ქვეყნებში და სწორედ მიღებული ცოდნის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, კოლექტივთან შეთანხმებით შეარჩიეს საკვლევი მიმართულება — საწყის ეტაპზე ფოკუსირება STჶმ საგნებზე. „ამჟამად კვლევას აღნიშნული მიმართულებით ვახორციელებთ და, სასწავლო წლის ბოლოსთვის, ვგეგმავთ ე.წ. შეფასების სისტემის საპილოტე მოდელის შემუშავებას, რომელიც ჩვენი სკოლის შემთხვევაში, ჯერ მხოლოდ კონკრეტულ საგნებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინგლისური) და კონკრეტულ კლასებში (ვჳჳ, ვჳჳჳ, ჳხ, ხ, ხჳ), „განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების შიდა და გარე თავსებადობაზე“ იქნება მიმართული. საწყის ეტაპზე, სკოლისთვის ყველაზე აქტუალურ, თვალსაჩინო და პრობლემურ საკითხზე შევჯერდით, თუმცა, მომავალი სასწავლო წლიდან, ვფიქრობთ, მეტი გამოცდილება გვექნება სკოლის საჭიროებების უფრო ფართო სპექტრზე მორგებული შეფასების მოდელზე სამუშაოდ. მნიშვნელოვანია, რომ მოდელების პილოტირებისა და დანერგვის პროცესში პროექტის საბჭოს წევრები, რეგულარული შეხვედრებისას, განვიხილავთ მათ, ვაფასებთ და, საჭიროების შემთხვევაში, შეგვაქვს ცვლილებები. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ველოდებით უცხოელი კონსულტანტების ვიზიტებს სკოლებში, ადგილზე კომპეტენტური რჩევებისა და კონკრეტული რეკომენდაციების მისაღებად,“ — ამბობს გვანცა გოგოლაძე.
რაც შეეხება სასწავლო ტურს, რომელიც დანიის საგანმანათლებლო სისტემის გაცნობას ემსახურებოდა, ვალეს ¹2 საჯარო სკოლის დირექტორი ამ შესაძლებლობისთვის დიდ მადლობას უხდის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს“ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას. ამბობს, რომ: „მარტივმა და ამავდროულად ეფექტურმა გარე და შიდა შეფასების სასკოლო სისტემამ ტურის ყველა მონაწილე მოგვხიბლა ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული გამართული საგანმანათლებლო სისტემით, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში განათლებული და დამოუკიდებელი პიროვნების ღირსეულ აღზრდაზე. სკოლები, სადაც, მოსწავლეების შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან/სურვილებიდან გამომდინარე, დიფერენცირებული სწავლება მიმდინარეობს და მერვე კლასამდე მიმდინარე შეფასება არ არსებობს. ხოლო სკოლები, სადაც მეცხრე კლასის შედეგები განსაზღვრავს მოსწავლის პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, მთლიანად ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემით ფასდება. სკოლით კმაყოფილებაც კი მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მშობლებში ცენტრალიზებული გზით მომზადებული და მოწოდებული კითხვარებით იზომება. ქვეყნის თითოეული საჯარო სკოლა, აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენებით, მუდმივად ფლობს ობიექტურ ინფორმაციას სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო საქმიანობის ეფექტურობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაშიც (პრობლემის გამოვლენა), ასევე მუნიციპალურ დონეზე, გარე კონსულტანტების დახმარებით, გეგმავს და ახორცილებს ინტერვენციებს.“
10 იანვრის შემაჯამებელ შეხვედრაზე სამი სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო ტურის მონაწილეებმა გერმანიის, ჰოლანდიისა და დანიის საგანმანათლებლო სკოლების გარე და შიდა შეფასების სისტემების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს ერთმანეთს და იმ სტრუქტურებს, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ქართულ რეალობაში სკოლების გამართულ ფუნქციონირებასთან. პროექტის მონაწილე სკოლის დირექტორების პრეზენტაციებში, საკუთარ სკოლებში მიმდინარე თვითშეფასების საპილოტე ვერსიების შესახებ, ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები და რისკები, რომლებსაც სკოლები სისტემის დანერგვის პროცესში ხვდებიან. „სკოლებს გვჭირდება სტრუქტურულად გამართული და ვალიდური ინსტრუმენტები კვლევებში გამოსაყენებლად (სასურველია ცენტრალიზებული გზით მომზადებულ/მოწოდებული), კომპეტენტური საკონსულტაციო ჯგუფი, საწყის ეტაპზე მაინც, სწორი მიმართულებებისა და ინტერვენციების დასაგეგმად და, რაც მთავარია, სასკოლო კულტურა და მზაობა ობიექტური თვითშეფასების განსახორციელებლად, კომპეტენცია და შიდა და გარე მოტივაცია ამ ყველაფრის გასაკეთებლად.“ — ამბობს გვანცა გოგოლაძე.
|