2018-01-25 დამტკიცდა სტანდარტი პედაგოგის განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად
მომავალი სასწავლო წლიდან პედაგოგის განათლების ახალი საუნივერსიტეტო პროგრამა ამოქმედდება. 300-კრედიტიანი ორსაფეხურიანი პროგრამა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მასწავლებლის მომზადების პირველი მცდელობაა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. 5-წლიანი პროგრამის კურსდამთავრებული მაგისტრის ხარისხს მიიღებს და სკოლაში უფროსი მასწავლებლის პოზიციას დაიკავებს.
პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შექმნაზე საბჭომ მუშაობა დაასრულა და შეიქმნა დოკუმენტი, რომელმაც გარკვეულ სტანდარტში მოაქცია საუნივერსიტეტო 300-კრედიტიანი პროგრამა. დოკუმენტი გახდება საფუძველი იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ პედაგოგების ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების სააკრედიტაციოდ მომზადებას.
როგორ შეიქმნა დარგობრივი მახასიათებლები, რა ძირითად სიახლეებს სთავაზობს პროგრამა მომავალ მასწავლებლებს და როგორ მოხდება მისი დანერგვა გარდამავალ პერიოდში — ამ თემებზე გვესაუბრებიან თამარ სანიკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მახარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და მანანა რატიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
თამარ სანიკიძე
როგორ შეუწყობს ხელს ცენტრი ახალი პროგრამის დანერგვას
თავდაპირველად მინდა აღვნიშნო რომ 300-კრედიტიანი პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის შექმნას ადმინისტრირება გაუწია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. იმისათვის რომ კარგი პროდუქტი შეიქმნას, ადმინისტრირების პროცესში, ცენტრი უზრუნველყოფს დარგის სპეციალისტებისა და ყველა საჭირო დაინტერესებული მხარის კოორდინაციას, რაც შრომატევადი და ხანრძლივი პროცესია. დღეს ეს პროდუქტი სახეზე გვაქვს — დარგობრივი მახასიათებელი შეიქმნა. გვქონდა ასევე საშუალება, გაგვეზიარებინა კარგი უცხოური პრაქტიკა, გაგვევლო კონსულტაციები და სამუშაოში ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები. ვიმუშავეთ გაეროს ბავშვთა ფონდთან (იუნისეფთან), დარგობრივი მახასიათებლის შექმნაში, მათი დახმარებით, ჩაერთო საქართველო-ესტონეთის განათლების პროგრამის ექსპერტი. შემდგომი ხელშეწყობა იმაში გამოიხატება, რომ უნდა ვიმუშაოთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან იმისათვის, რომ დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით სწორად ააგონ საგანმანათლებლო პროგრამები. კარგია, რომ შეიქმნა დარგობრივი მახასიათებელი, ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ პროფესია დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალში პედაგოგიკა ყოველთვის ხვდებოდა, თუმცა, პრაქტიკულად და რეალურად, აბსოლუტურად დაურეგულირებელი იყო. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ პროფესიაში შემოუშვეს ისეთი პირები, რომლებიც მასწავლებლის კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებდნენ. მივიღეთ სურათი, სადაც პროფესიული კვალიფიკაციით ან სკოლის ატესტატით დაიწყეს მასწავლებლობა და დღესაც აგრძელებენ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მათი გარკვეული ნაწილი უკვე სერტიფიცირებულია. აღარაფერს ვიტყვი პროგრამების შინაარსზე, მათ ხარისხზე და სწავლების ხანგრძლივობაზე. უკეთესი შედეგის მისაღებად, მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. კანონიც გასწორდა და გარდამავალი ეტაპებიც დაიგეგმა, განისაზღვრა ალტერნატიული გზებიც. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პედაგოგების მომზადება დაბრუნდა უნივერსიტეტებში, ხოლო მათი გადამზადება, ტრენინგები და გამოცდები იქნება პროფესიული განვითარების ნაწილი და არა ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ინსტრუმენტები. ამიტომ, იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი — სექტემბრამდე უნდა მოვასწროთ და ვიმუშაოთ დაწესებულებებთან იმისათვის, რომ მათ სწორად აღიქვან დარგობრივი მახასიათებელი და მასზე მორგებული პროგრამები განავითარონ. ეს არის ჩვენი გამოწვევა, იმიტომ რომ, ცოტა არ იყოს, დროში შეზღუდულები ვართ და გვინდა, კარგად და ხარისხიანად გაკეთდეს ეს ყველაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების მისაღებად გამოცხადებული პროგრამების ჩამონათვალი გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს მივაწოდეთ, შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტში, გარდამავალი მუხლის სახით, დავუშვით შესაძლებლობა, რომ მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამები მოგვიანებით დაემატოს გამოცხადებული პროგრამების ნუსხას. ამ პერიოდს იმისათვის გამოვიყენებთ, რომ პროგრამების შემუშავებაში დავეხმაროთ დაწესებულებებს და შემდეგ უკვე პროგრამების აკრედიტაცია განვახორციელოთ ისე, რომ ახალი სასწავლო წლისთვის დაწესებულებებმა შეძლონ ახალ პროგრამაზე მსურველების მიღება. ასეთია ჩვენი ოპტიმისტური გეგმა.
კარგია, რომ, პრაქტიკულად, ყველა უნივერსიტეტი, რომელიც მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, დარგობრივ საბჭოში იყო ჩართული და მონაწილეობდა დარგობრივი მახასიათებლების შექმნაში. ამიტომ, ვფიქრობთ, პროგრამების შემუშავება არ უნდა გაჭიანურდეს და, ჩვენი ხელშეწყობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დროულად წარმოადგენენ პროგრამებს აკრედიტაციისათვის.
რამდენი სტუდენტის მიღება შეეძლებათ უნივერსიტეტებს პროგრამაზე, ეს სააკრედიტაციო პროცესის საკითხია, იმიტომ რომ, აკრედიტაციის სტანდარტები, პროგრამის შემუშავებასთან ერთად, იმასაც გულისხმობს, რომ დაწესებულებამ უნდა გვიჩვენოს, რამდენი სტუდენტის მიღებას გეგმავს, რატომ და საიდან გამომდინარეობს ეს მოთხოვნა, ანუ მას შრომის ბაზარზე უკვე ნამუშევარი უნდა ჰქონდეს (შრომის ბაზარზე სახელმწიფო, როგორც დამსაქმებელი, თავისთავად მოიაზრება).
მოხვდება თუ არა უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალში მასწავლებლის პროფესია
ეს, ალბათ, უფრო სამინისტროს, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი უწყების, დონეზე უნდა განისაზღვროს. თუმცა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, იძლევა ამ მიმართულების დაფინანსების საშუალებას. დაფინანსების სხვადასხვა გზა არსებობს. ვინაიდან მასწავლებლის პროფესია რეგულირებადი მიმართულებაა, აკრედიტაციას აუცილებლად საჭიროებს, ხოლო აკრედიტაციის გავლა ნიშნავს, რომ სტუდენტი ამ პროგრამაზე წაიღებს გრანტს. მოხდება თუ არა ეს პროგრამა უფასო მიმართულებებში, ეს საკითხი, ჩემი აზრით, უნდა განისაზღვროს რეალურად არსებული დეფიციტის შევსების გათვალისწინებით.
ეს პროცესი ყველა მოთამაშისთვის ღიაა. ამიტომ, აკრედიტაციის შედეგად განისაზღვრება ის სასწავლებლები, კერძო თუ სახელმწიფო, რომელთაც ამ პროგრამების განხორციელების უფლება მიეცემათ.
თამარ მახარაშვილი
დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი
მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებით უდაოდ მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა სწორედ კვალიფიციური პედაგოგია და ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, მომავალი თაობის განათლებას ეხება.
სწორედ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიან დარგობრივ მახასიათებელზე და ამ პროცესში ჩავრთეთ ყველა ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.
პროცესში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. პედაგოგების დამსაქმებლები შრომის ბაზარზე სწორედ სკოლები არიან, შესაბამისად, ისინი ფლობენ ყველაზე სწორ ინფორმაციას, თუ რა მიმართულებით სჭირდება პედაგოგს გაძლიერება. შესაბამისად, სკოლის ხმა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. დარგობრივ საბჭოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან წარმოდგენილები იყვნენ არამხოლოდ სკოლის დირექტორები, არამედ მასწავლებლებიც, რადგან ერთია, თუ როგორ ხედავს სკოლაში მიმდინარე პროცესს ხელმძღვანელი ან მენეჯერი და მეორეა, თავად პედაგოგი როგორ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და საჭიროებებს.
დარგობრივი საჭო 32 წევრისგან შედგებოდა, აქედან 19 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი იყო. რეალურად ყველა ის დაწესებულება, ვინც ახორციელებს მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამას და ზრდის პედაგოგებს, პროცესის მიღმა არ დარჩენილა. გარდა ამისა, პროცესში აქტიურად იყო ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დარგობრივი საბჭოს მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული ინკლუზიური განათლების სამმართველო.
მოგეხსენებათ, რომ პედაგოგებს მუშაობა უწევთ შშმ და სსსმ მოსწავლეებთან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ფართო ჭრილში იყო განხილული, თუ რა უნარები და ცოდნა უნდა ჰქონოდა პედაგოგს, რომელიც ამ კატეგორიის მოსწავლეებთან მუშაობს. მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიან პროგრამის გარკვეულ ნაწილში ინკლუზიური მიმართულება გათვალისწინებულია, მაგრამ 300-კრედიტიან პროგრამაში მომუშავე ჯგუფმა ამ საკითხს ასე შეხედა: მასწავლებლის მომზადების პროგრამაში კი არ დააწესა კონკრეტული კრედიტი ინკლუზიისთვის, არამედ პროგრამაში მისაღწევი სწავლის თითოეულ შედეგში განსაზღვრა სპეციალური საჭიროების მქონე და შშმ პირებთან მუშაობის სპეციფიკის ცოდნის აუცილებლობა.
ითვალისწინებს თუ არა პროგრამა სპეციალური მასწავლებლის პროფილით მომზადებას
სპეციალური მასწავლებლის მომზადება ცალკე თემაა, მაგალითად, სმენადაქვეითებულ ან უსინათლო ბავშვებთან მუშაობის დროს განსხვავებული კომპეტენციებია საჭირო. როცა 300-კრედიტიან პროგრამაზე ვსაუბრობთ, რომლის გავლის შემდეგაც, პირი მაგისტრის კვალიფიკაციას მიიღებს, ვგულისხმობთ, რომ ამ კვალიფიკაციის მქონე პირმა უნდა შეძლოს ისეთ ჯგუფში მუშაობა, სადაც შეიძლება შშმ პირიც იყოს. თუმცა იქ, სადაც ამის საჭიროებაა, სპეციალური მასწავლებლის ცნებაც შემოდის და ამ საკითხზე მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თავისთავად, სისტემას სპეციალური მასწავლებელი სჭირდება, კონკრეტულ ბავშვის საჭიროებასთან ბმაში, მაგრამ მასწავლებელს, რომელსაც 300-კრედიტიანი პროგრამა აქვს გავლილი და უკვე მაგისტრია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირი საჭიროების მქონე ბავშვთან მუშაობა უნდა შეეძლოს.
შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ დარგობრივი მახასიათებლების შექმნა, იყო ის პროცესი, როცა თვეების განმავლობაში, დარგობრივი საბჭოს 33 წევრი აქტიურად მუშაობდა ამ მნიშვნელოვანი პროდუქტის შექმნაზე. პროდუქტის , რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემის — მომავალი თაობის აღზრდის მთავარი მონაწილის, მასწავლებელის კვალიფიკაციას ეხება.
დღეს დარგობრივი მახასიათებლების სახით უკვე არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შექმნიან პროგრამებს. რეალურად, ეს ის სავალდებულო მინიმუმია, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგის განათლების ახალი საუნივერსიტეტო პროგრამა და ის შედეგები, რომელზეც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა გაიყვანონ მათ მიერ მომზადებული მასწავლებლები.
დღეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც დაწესებულებები გაივლიან კონსულტაციას და მიიღებენ კომპეტენტურ რეკომენდაციებს ჩვენი ექსპერტებისგან, მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის თაობაზე.
|