2018-02-22 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებენ გამოსაშვები გამოცდების მოდელში შესაძლო ცვლილებებზე მუშაობას. დღეისათვის, დაზუსტებულია 2017-2018 წლისთვის გათვალისწინებული სიახლეები. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება —ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი — მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი მიიღო თუ ნაკლები.
ამ სიახლეს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და ვიდრე უშუალოდ დაგეგმილ ცვლილებებზე დაიწყებდა საუბარს, ის მიზეზები გაიხსენა, რომელიც საატესტატო გამოცდების ამ კონკრეტული სისტემის შემოღებას უძღოდა წინ — 2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი — განხორციელება, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. ცენტრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა — რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო და საქართველოს ყველა სკოლაში, ერთდროულად, ცენტრალიზებულად ჩატარებულიყო სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდები 8 საგანში — ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.
„გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა მიღებული და ჩვენ ვალდებული ვიყავით, შემოგვეღო გამართული საგამოცდო სისტემა. ბუნებრივია, მიზნად დავისახეთ სასერტიფიკაციო ტიპის საგამოცდო სისტემის შემოღება და, იმთავითვე, ბარიერი, რომელიც უნდა გადაელახა მოსწავლეს, რომ დაედასტურებინა კომპეტენცია კონკრეტულ საგანში, ძალიან დაბალი იყო — მხოლოდ და მხოლოდ 5,5 ქულა (ან მეტი) უნდა მიეღო მოსწავლეს იმისათვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩათვლოდა.
რადგან ეს სისტემა ე.წ. სასერტიფიკაციო ტიპისაა, იმთავითვე ვამბობდით, რომ მთავარია, მოსწავლემ ბარიერი გადალახოს და არა აქვს მნიშვნელობა მის შეფასებას კონკრეტული ქულით. მაშინ ეს ჩვენი შეთავაზება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არ მიიღო და იძულებულები გავხდით, შკალა, რომელზეც მაქსიმალური სიზუსტით იზომება მოსწავლის შესაძლებლობა, მათთვის ნაცნობ — 5-დან 10-ბალიან შკალაზე — გადაგვეტანა. თუმცა, ისევ გავიმეორებ, ნამდვილად გამართლებული იქნებოდა პრინციპი — გადალახა-ვერგადალახა, ე.წ. ჵass/ფail სისტემა და არა კონკრეტული ქულით მოსწავლის შეფასება.
ეს სისტემა მაქსიმალური სიზუსტით ზომავს კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას და თუ მან ვერ მოახერხა მინიმალური ბარიერის გადალახვა (რაშიც იგულისხმება, რომ კონკრეტულ საგანში მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას მაინც ფლობს), ეს, ბუნებრივია, არის ნიშანი იმისა, რომ მოსწავლე უბრალოდ არ არის ატესტატის მიღების ღირსი.“
იმისათვის, რომ მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახოს, დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, გამოცდების ცენტრი, თითოეული საგნისთვის, გამოაქვეყნებს ნიმუშებს, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწორი წარმოდგენა შეექმნათ საგამოცდო დავალებებზე. ადაპტირებული ტესტირება ისევ ქართული მოდელით — geCat-ით ჩატარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
სიახლეა ისიც, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ყველა საგანში ნიმუშების რაოდენობა, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, გამოცდებამდე, ტესტების სხვადასხვა ვარიანტებზე ივარჯიშონ და მასწავლებელთან ერთად განიხილონ.
დამატებითი ნიმუშები თითოეული საგნისათვის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე — www.naec.gov.ge.
„ხშირად ისმის კითხვა — რას ამოწმებს კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება? ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ის სისტემა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ზომავს კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას — ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი — მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ 8-ვე საგანში მოახერხოს მინიმალური კომპეტენციის დადასტურება საატესტატო გამოცდებზე.“
შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება გამოცდების რაოდენობის შემცირება, მაია მიმინოშვილმა უპასუხა: „ერთ-ერთი გამოცდის ამოღებით ხელს შევუწყობთ იმას, რომ მოსწავლეებს ამ საგნის შესწავლის მოტივაცია დაეკარგებათ და დღეს, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ისედაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთი მტკივნეული ცვლილება იქნებოდა სკოლებისთვის.“ გამოცდების რაოდენობა იგივე რჩება, მე-11 კლასის ბოლოს მოსწავლეები ჩააბარებენ ოთხ საგანს — ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო ქართულს, მათემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას — მე-12 კლასის ბოლოს.
ზოგადად, სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდის სპეციფიკაზეც საუბრისას, ცენტრის დირექტორმა განმარტა, რით განსხვავდება ამ ტიპის ტესტირება, მაგალითად, სასელექციო ტიპის გამოცდისგან, სადაც ქულას მართლაც გარკვეული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ იქ აპლიკანტები კონკურსში მონაწილეობენ. „სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდას ვიყენებთ მასწავლებლების შემთხვევაში, სადაც კონკრეტული ბარიერია დაწესებული და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი საფეხურით გადააბიჯებს ამ ბარიერს კონკრეტული აპლიკანტი. დატვირთვა სასერტიფიკაციო გამოცდისა სწორედ ეს არის — გადალახავს თუ არა კონკურსანტი დადგენილ ბარიერს.
ძალიან მინდა, რომ პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, ღირსია თუ არა კონკრეტული მოსწავლე მიიღოს საშუალო განათლების ატესტატი, სკოლებთან ერთად გავიზიაროთ და ქვეყანაში არ იყოს ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას, იმსახურებს თუ არა მოსწავლე ატესტატს.“
მაია მიმინოშვილმა შარშანდელი აჟიოტაჟიც გაიხსენა, როდესაც დაახლოებით 11 ათასმა მოსწავლემ ვერც ერთ საგანში ვერ მოახერხა ბარიერის გადალახვა, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებული იყო გარკვეულ სტრესთან და ემოციებთან. „კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ მღელვარებას მოვუხსნით მოსწავლეებს. ხშირ შემთხვევაში, მშობელიც და მასწავლებელიც ელოდება შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ქულას, რომელიც ეწერება მოსწავლეს, არანაირი გავლენა არ აქვს მედალზე, წლიურ ნიშანსა თუ სხვა ნებისმიერ შეფასებაზე. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო მეტად ასწევს სკოლის ავტორიტეტს. ხაზგასმით ვამბობ, რაც უნდა დახვეწილი იყოს საგამოცდო სისტემა, თუ სკოლა ობიექტურად აფასებს მოსწავლეს, ეს ყველაზე იდეალური საშუალებაა, ნამდვილად, მოსწავლის შეფასებისა. ამიტომ, ამ ახალი სისტემით, ჩვენი ორგანიზაცია, სკოლებთან ერთად, იღებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ მოსწავლეს ატესტატი.“
მოსწავლის კომპეტენციას ჯერ სკოლა შეაფასებს და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს ის საატესტატო გამოცდის ჩაბარებას. „როდესაც მოსწავლე თორმეტი წლის განმავლობაში სწავლობს სკოლაში, ყველაზე უკეთესად, რა თქმა უნდა, სკოლა შეაფასებს და ბუნებრივია, დადებითი შეფასების შემთხვევაში, მას შეუძლია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია კონკრეტულ საგანში,“ — აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
ამრიგად, სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად — მე-11 და მე-12 კლასებში — ჩატარდება, მაგრამ შეცვლილი ფორმატით — ტესტირების დასრულებისას, მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა მისთვის მინიჭებულ საგამოცდო ქულას, არამედ შეტყობინებას, ჩააბარა თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. შეფასებისა და გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ ეს სიახლე, რომელიც წელს დაინერგება, მნიშვნელოვანია და მოხარულები არიან, რომ მოხერხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოსაზრებების შეჯერება.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა
|