2018-03-15 ონლაინ ტრენინგები — მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი
ლალი ჯელაძე
პირველად საქართველოში მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ელექტრონულ რეჟიმში შეძლებენ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველომ“ პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გამართა. შეხვედრაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მონაწილეობდნენ. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების მიზნით, ფონდმა ონლაინ მოდულების შექმნა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო. „მომავალ წელს დავიწყებთ კურსების დანერგვას, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მაიკროსოფთის მიერ ქართულად თარგმნილ პლატფორმაზე შევიდნენ, მათთვის სასურველი კურსი აირჩიონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ინოვაციური პროექტი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და ინგლისურში“, — ამბობს მაგდა მაღრაძე.
„ონლაინ კურსი 9 მოდულისაგან შედგება და მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ პროგრამას, ასევე საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს. ელექტრონული პროგრამა არის სიახლე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. პროგრამა მოქნილია და მასწავლებელს აძლევს საშუალებას, საკუთარი პროფესიული განვითარება თავად დაგეგმოს სახლიდან გაუსვლელად, მისთვის ხელსაყრელ დროს,“ — განაცხადა ლია გიგაურმა. — ეს არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრენინგების ტრადიციულმა ფორმამ „ამოწურა თავისი თავი“ და საჭიროა უფრო მეტად მოქნილი და მდგრადი სისტემა, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი სახლიდან ან საკლასო ოთახიდან ისარგებლოს პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსებით.“
ელექტრონული ტრენინგები შეიძლება სქემაში აისახოს და მასწავლებლებს ტრენინგების გავლის საფუძველზე კრედიტქულები მიენიჭოს.
„ყველა რეფორმის ფარგლებში, რომელიც დღეს მიმდინარეობს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ერთ-ერთი მიმართულება დეცენტრალიზაციაა. ონლაინ ტრენინგებიც დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი სახეა, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ტრენინგები დარეგისტრირდება მასწავლებლის სახლში და პედაგოგები ამ კურსებს წარმატებით გაივლიან, შესაძლებელია მიენიჭოთ კრედიტები“, — განაცხადა ლია გიგაურმა.
პროცესი 2019 წლის აპრილში დასრულდება, პილოტირების შემდეგ იგი ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ფონდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების შემუშავებას მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
რატომ გახდა საჭირო პროფესიული განვითარების ონლაინ პლატფორმაზე გადასვლა და რა მიზანს ისახავს პროექტის მიერ შეთავაზებული მოდულების ონლაინ ფორმატში გადაყვანა, ამის შესახებ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე ამბობს, რომ პროექტის დასაწყისიდანვე მუშაობენ საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გასაძლიერებლად. ეს ინიციატივა მასწავლებლების ტექნოლოგიებთან დაახლოების გარდა, კიდევ რამდენიმე მიზანს ემსახურება. ირინა აბულაძე: „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც ზოგადად დადასტურებულია, არის ის, რომ, პირველ რიგში, მასწავლებელი კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს ტექნოლოგიებთან მიმართებაში, მან უნდა შეიგრძნოს ტექნოლოგიების გამოყენების ხიბლი და ეფექტი. ინიციატივა რამდენიმე მიზანს ემსახურება: ერთი არის ის, რომ მასწავლებლები თავად განვითარდნენ პროფესიულად და დაახლოვდნენ ტექნოლოგიებთან, რაც გულისხმობს მათთვის ონლაინ ტრენინგების შეთავაზებას. თვითონ ნახავენ და გამოცდიან, რამდენად ეფექტურია პროცესი, რომ შემდეგ ანალოგიური ინიციატივები საკლასო დონეზე განახორციელონ.
მეორე მიზანი გახლავთ ის, რომ პირისპირ ტრენინგისგან განსხვავებით, რომელიც უკვე კარგად აპრობირებულია, ონლაინ ტრენინგის შეთავაზება უზრუნველყოფს მასწავლებლის უფრო მეტ ხელმისაწვდომობას — მას შეეძლება, სკოლიდან და სახლიდან გაუსვლელად, პროფესიული განვითარება თავად დაგეგმოს; განსაზღვროს დრო, მეტი კომფორტი შეიქმნას, რადგან აღარ დასჭირდება გარკვეულ დროს გარკვეულ ლოკაციაზე მისვლა და ა.შ.
მესამე და უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელმა დროში გაწერილი დავალებები თუ სხვა აქტივობები საკლასო ოთახთან მეტად დააკავშიროს. პირისპირ ტრენინგის დროს ეს რთულია ლოჯისტიკურადაც და ტექნიკურადაც. შეუძლებელია მასწავლებლებმა ტრენინგისთვის განკუთვნილ დროის მონაკვეთში წინ და უკან იარონ და იქ მიღებული ინფორმაცია/ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ. ონლაინ ფორმატის შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია, პირიქით, ძალიან ეფექტურიც. მაგალითად, პირობითად, ერთი 12-საათიანი მოდული, რომელსაც შაბათ-კვირას გადიოდნენ მასწავლებლები, შეუძლიათ ხუთი კვირის განმავლობაში გადაანაწილონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი პრაქტიკას არ მოწყდეს და ყოველი პატარა ეტაპი — შეთავაზებული დავალებები და აქტივობები — საკლასო ოთახში განახორციელოს. ის ამით რეფლექსიასაც აკეთებს და ყველაფერს პროფესიულ განვითარებასთან აკავშირებს. პრაქტიკულად, მასწავლებელს, უფრო მეტი დრო ეძლევა, რომ კარგად გაიაზროს მასალა და დაუკავშიროს პრაქტიკას.
ონლაინ მოდულები არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ლექციების სახით ჩანაწერი მასალა. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ინტერაქცია და თანამშრომლობა. მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება, კომუნიკაცია დაამყაროს როგორც კურსის ფასილიტატორთან (ტრენერთან), ისე მის ჯგუფში მყოფ ადამიანებთან. როცა ტრენინგ-კურსი გაიხსნება, დაკომპლექტდება სატრენინგო ჯგუფი, რომლისთვისაც კურსის დასაწყისი და დასასრული საერთო იქნება. შეიქმნება ისეთივე სატრენინგო ჯგუფი, როგორიც ეყოლებოდა ნებისმიერ ჩვეულებრივ სატრენინგო კურსს, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტრენინგის პროცესში ან შემდგომ, საკლასო საქმიანობისას, მიღებულ გამოცდილებებს, მოსაზრებებსა და რესურსებს. ჯგუფს ეყოლება ფასილიტატორი-ტრენერი, რომელიც ამ პროცესებს თვალს მიადევნებს, რეკომენდაციებს მისცემს, დავალებებს შეაფასებს და ა.შ.
რაც შეეხება კრედიტქულების მინიჭებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესს აუცილებლად ექნება წამახალისებელი მექანიზმებიც. მოგეხსენებათ, რომ პირისპირ ტრენინგების შემთხვევაშიც ასეა და, შესაბამისად, ონლაინ ფორმატშიც იქნება განსაზღვრული კრედიტქულები. უბრალოდ, წინასწარ იმის თქმა, რამდენ კრედიტქულას მივანიჭებთ მასწავლებლებს ონლაინ ტრენინგის გავლის შემდეგ, ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ახლა მიმდინარეობს მოდულზე მუშაობა.
მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგების გავლა უფასოა, თუმცა დასაზუსტებელია დეტალები. მაგალითად, თუ ის ვერ დაასრულებს კურსს ან ხელმეორედ მოუწევს იმავე ტრენინგის გავლა, ექნება თუ არა თანხა გადასახდელი.
ყველა მოდული გაივლის პილოტირებას და 2019 წლიდან (მოგეხსენებათ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტი 2019 წლის ივნისში სრულდება და ყველა რესურსი, რაც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება, გადაეცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს) ტრენინგები გამოცხადდება ცენტრის ფარგლებში. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც გადაწყდა ამხელა რესურსის ჩადება ონლაინ კურსების შესაქმნელად, სწორედ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის მდგრადობაა. ფინანსურად და ტექნიკურად პირისპირ ტრენინგები საკმაოდ მოცულობითია, ხოლო ონლაინ ტრენინგების მართვა, ფინანსურ ჭრილში, სახელმწიფოსთვისაც და მასწავლებლისთვისაც უფრო მეტად მომგებიანი და მომხიბვლელი იქნება. ამის გარდა, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია გაცილებით მეტი მასწავლებლის და მეტი ჯგუფის მოცვა კონკრეტულ პერიოდში, ვიდრე ამას გავაკეთებდით პირისპირ ტრენინგების შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ინიციატივა, მდგრადობის კუთხით, პროფესიული განვითარების კურსები რომ არ გაჩერდეს და უფრო მეტი მასწავლებელი მოიცვას, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ვფიქრობთ, პროცესი მიმზიდველი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მასწავლებლებისთვისაც.
რაც შეეხება პირისპირ ტრენინგების გაგრძელებას, გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, ცენტრი 2019 წლიდან შეიმუშავებს ხედვას. იგეგმება სხვა ანალოგიური მოდელით პროფესიული განვითარების კურსების შემუშავებაც, ამიტომ, თავიდან პირისპირ ტრენინგები პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება. მასწავლებელს ექნება საშუალება, აირჩიოს, რომელ ფორმატში გაივლის ტრენინგს. ეს აუცილებელია იმის გამოც, რომ ყველა სკოლას და რაიონს არ აქვს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ამიტომ ცენტრი ორივე ფორმატში გააგრძელებს ტრენინგებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამწლიან ან ხუთწლიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიების მეტი ინტეგრაცია როგორც პროფესიული განვითარების კურსებში, ისე საკლასო ოთახში.
9 მოდულიდან, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, სამი კურსი ზოგადპროფესიული უნარების კურსია, რომელიც შესაძლებელია დასრულებისთანავე, 2019 წლიდან, როგორც კი რეგისტრაცია გამოცხადდება, არა მხოლოდ პროექტის სამიზნე საგნების მასწავლებელმა, არამედ ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა გაიაროს, ვისაც კი ამის სურვილი გაუჩნდება. მას შემდეგ, რაც 9-ვე მოდული გაივლის აპრობაციას და ამოქმედდება, ცენტრი სხვა საგნების მიმართულებითაც გეგმავს ანალოგიურ ტრენინგებს.“
ელექტრონულ კურსებს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია შეიმუშავებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტის ხელმძღვანელი, განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ზოგადად კარგი ინიციატივაა და ონლაინ სწავლების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა საქართველოში, ასეთი მასშტაბით. ის საუბრობს ონლაინ ტრენინგების უპირატესობებზე და მიიჩნევს, რომ მასწავლებლებისთვის, სხვა დადებით მხარეებთან ერთად, ონლაინ ტრენინგები ნაკლებ სტრესულია.
სიმონ ჯანაშია: „პირისპირ სატრენინგო პროგრამები ცხადია დარჩება, რადგან მას თავისი უპირატესობები აქვს. პირისპირ ტრენინგების დროს უფრო სწრაფად შეიძლება გადაამოწმოს მასწავლებელმა საკუთარი შესაძლებლობები, მოსაზრებები, სწრაფად დაუკავშირდეს სხვა ადამიანებს, უფრო მარტივად შეიძლება მოხდეს მოდელირება, მაგალითად, ტრენინგზე შეიძლება ჩავატაროთ გაკვეთილი და იქვე გავარჩიოთ და ა.შ. ონლაინ სატრენინგო კურსებს კი სხვა უპირატესობები აქვს, მაგალითად, მასწავლებელმა ტრენინგს შეიძლება დაუთმოს ისეთი დრო, რომელიც მას უფრო აწყობს და არა ის დრო, რაც სატრენინგო კურსის პროვაიდერმა დააწესა. ონლაინ კურსები, ასევე ამცირებს არა მხოლოდ მონაწილეების, არამედ ტრენინგის ჩამტარებლების ტრანსპორტირების ხარჯებს. ამის გარდა, ონლაინ ტრენინგის დროს მეტი შესაძლებლობა ეძლევა მასწავლებელს უფრო მრავალფეროვან მასალას გაეცნოს, თან ისეთი ინტენსივობით, რაც მისთვის უფრო მისაღებია. მაგალითად, მან შეიძლება არა მხოლოდ ერთხელ უყუროს ფილმს, რომელსაც ტრენინგებზე აჩვენებენ, არამედ იმდენჯერ გადაახვიოს და ნახოს, რამდენჯერაც სჭირდება გასააზრებლად, სრული თავისუფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, რამდენი დრო დაუთმოს მასალის შესწავლას ან გააზრებას და ა.შ.
სატრენინგო კურსების მიმწოდებლებისთვის ონლაინ ტრენინგების სისტემა იმიტომ არის კარგი, რომ მეტი მონაცემები გროვდება იმის შესახებ, რამდენად ეფექტურია თავად კურსი. მაგალითად, შესაძლებელი ხდება ვნახოთ, რამდენ დროს უთმობენ ადამიანები კონკრეტული საკითხის წაკითხვას, ყურებას, გააზრებას, განსჯას, ასევე, უკეთ შეძლებენ შემოწმების ხერხების გამოყენებას. კურსები მასწავლებელს იმის შესაძლებლობასაც მისცემს, რომ ისეთ ხალხს დაუკავშირდეს, რომლებსაც სხვაგვარად ვერ დაუკავშირდებოდა. თუ ტრადიციული ტრენინგები რაიონულად ტარდება, მაშინ მასწავლებელი მხოლოდ ამ რაიონში მყოფ მასწავლებლებთან დაკავშირებას შეძლებს, ხოლო, ონლაინ ტრენინგების დროს, მას შეუძლია სხვა რაიონის მასწავლებლებსაც დაუკავშირდეს, ვინც იმავე კურსზეა დარეგისტრირებული. ასევე, ონლაინ კურსები, რომლებსაც ჩვენ შევიმუშავებთ, მონაწილეს საშუალებას მისცემს, კურსის ფარგლებში, თავად მოიტანოს მასალები, ანუ პირისპირ ტრენინგების ფარგლებში, მონაწილე უფრო პასიურია და მხოლოდ ტრენინგის მიმწოდებლებისგან შექმნილ ინფორმაციას იღებს, ხოლო ონლაინ კურსების შემთხვევაში, მასწავლებლები თავად ქმნიან მასალებს, რომლებსაც იყენებენ ტრენინგის განმავლობაში.
ყურადსაღებია ისიც, რომ მასწავლებლებისთვის ასეთი სახით ჩატარებული ტრენინგები ნაკლებად სტრესული იქნება, რადგან ონლაინ კურსი საშუალებას აძლევს ადამიანს, მისთვის მოსახერხებელ დროს და უფრო უსაფრთხო გარემოში გაიაროს ტრენინგი სხვებისგან დამოუკიდებლად, დარეგისტრირდეს მისთვის უფრო მისაღებ ჯგუფში.
სულ 9 კურსი შეიქმნება — სამი ზოგადი და ექვსი საგნობრივი. მონაწილეს ერთდროულად შეუძლია გაიაროს ზოგადი და საგნობრივი კურსიც, თუკი ის შეთავაზებული იქნება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გადასაწყვეტია, რა სიხშირით იქნება ხოლმე ონლაინ კურსები. ონლაინ კურსი გულისხმობს ასევე პირისპირ ფორმატსაც. მაგალითად, მასწავლებელმა ზოგადი კურსი შეიძლება ოთხი კვირის განმავლობაში გაიაროს ინტერნეტის ფორმატში, ამის შემდეგ კი ერთი შეხვედრა აუცილებლად პირისპირ ფორმატში შედგება.
სამომავლოდ, თუ მასწავლებლები ნახავენ, რომ მისაღები ფორმატია, ალბათ, კურსების რაოდენობაც გაიზრდება. შეიძლება გაიზარდოს იმ ორგანიზაციების რიცხვიც, რომლებიც ამ კურსებს მოამზადებენ და შესთავაზებენ მათ. ასეთი ონლაინკურსები უფრო და უფრო პოპულარული ხდება უმაღლესი განათლების სფეროში და კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტები ჩაერთვებიან პროცესში და მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც მიაწვდიან ასეთ კურსებს. პრინციპში, ეს ძალიან სასარგებლოა იქ, სადაც მასწავლებლების ნაკლებობაა. ცხადია, სკოლის დირექტორებისთვისაც შესაძლებელი იქნება მომავალში ასეთი ტიპის კურსების განხორციელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც პრინციპი იცვლება სკოლაში და აუცილებელია, რომ დიდი რაოდენობის ადამიანებს გააგებინო, თუ როგორ დანერგონ ეს პრინციპი. ონლაინ კურსები ფართო შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, მიაწოდოს ორგანიზაციას ამა თუ იმ საკითხზე ინსტრუქტაჟი.“
ელექტრონული კურსების პილოტირება გაზაფხულზე დაიწყება, პირველ სამ ელექტრონულ კურსზე მუშაობა კი პილოტირების საფუძველზე მიღებული საბოლოო შესწორებებით დასრულდება. 2018 წელს ზოგადი კურსების შემუშავება იგეგმება, ხოლო 2019 წელს საგნობრივი ელექტრონული კურსების შემუშავება დასრულდება.
***
2013 წელს აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის (გრანტის) ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. კომპაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიულ ინვესტიციებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების დასაფინანსებლად, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების გაძლიერების მიზნით.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ STჶმ მიმართულების მასწავლებლებისა და საჯარო სკოლების დირექტორთა ტრენინგებს 2016 წლიდან ატარებს, რისთვისაც გამოყოფილია 14 მილიონი დოლარი.
2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, „ლიდერობის აკადემია 1“-ის ფარგლებში გადამზადდა არაქართულენოვანი სკოლების 166 დირექტორი. „ლიდერობის აკადემია — 2“-ის ფარგლებში კი მიმდინარეობს 1776 ქართულენოვანი სკოლის დირექტორისა და 1642 სკოლის ფასილიტატორის გადამზადება. რაც შეეხება პროფესიული განვითარების ტრენინგებს, ტრენინგების მოდული „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ გაიარა 15134-მა მასწავლებელმა, 6630-მა პედაგოგმა კი — საგნობრივი ტრენინგი.
|