2018-05-03 ახალ კანონს რეფორმის ახალი ტალღა მოჰყვება გასულ წელს დამტკიცდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი — განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია (2017-2021), რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროფესიულ განათლებას; წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობას წარედგინა ახალი კანონპროექტი პროფესიული განათლების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნა. თუმცა, ბოლო წლებში, მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც, ბევრი რამ შეიცვალა სისტემაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შესახებ ჩვენი გაზეთიც წერდა და მომავალშიც ასე იქნება. ამჯერად, დავინტერესდით, ამ დოკუმენტების ფონზე, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიულ განათლებასთან და იმ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, რაც მომავალი პროფესიული სტუდენტისთვის იქნება საინტერესო.
გვესაუბრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი
— როგორია სახელმწიფო პოლიტიკა პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში, ზოგადად, და კონკრეტულად რაზე გაკეთდება აქცენტი წელს?
— პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია და ეფუძნება როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საჭიროებებს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია, რომელშიც მოცემულია სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო პრიორიტეტები და მათი განხორციელების გზები, 2013 წელს დამტკიცდა. როგორც სტრატეგიის, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოციალური პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები. ამდენად, მასში გათვალისწინებულია პროფესიული განათლების განვითარების ყველა ძირითადი ასპექტი, რომლებიც უკავშირდება შრომის სფეროს ორიენტაციას შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, ხელმისაწვდომობის ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებას, მოქნილობას და მიმზიდველობას, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის განხორციელებას. მოგვიანებით, 2017 წელს, დამტკიცდა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია (2017-2021), რომელშიც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროფესიულ განათლებას, როგორც ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილს. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტები კეთდება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე, სწავლა-სწავლების პროცესების ხარისხის გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების მასშტაბების ზრდასა და ხელმისაწვდომობაზე. პროფესიული განათლების პოლიტიკის პრიორიტეტია, ასევე, სისტემის ინტერნაციონალიზაცია, პოპულარიზაცია და მიმზიდველობის ზრდა.
მიმდინარე წელი საკვანძო წელია პროფესიული განათლების სისტემისთვის, რადგან საქართველოს მთავრობისთვის უკვე წარდგენილია ახალი კანონი (პროექტი) პროფესიული განათლების შესახებ. კანონპროექტი მომზადდა დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, მისი მიღება სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში და ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის ფორმირებას. კანონპროექტში შემოთავაზებულია მთელი რიგი მიდგომებისა, რომელთა მეშვეობითაც სისტემა უფრო ეფექტურად უპასუხებს დღეს არსებულ გამოწვევებს, ასევე უზრუნველყოფს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებასა და თავსებადობას. ამდენად, 2018 წელს სამინისტრო ფოკუსირებული იქნება ახალი კანონის დანერგვის ღონისძიებებზე, პარალელურად, გაგრძელდება დაგეგმილი აქტივობები ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გაფართოების, კოლეჯების ინფრასტრუქტურის განვითარების, საჯარო სკოლებში პროფესიული უნარების განმავითარებელი კურსების დანერგვისა და სხვა მიმართულებებით.
— თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრი და დანერგვის მასშტაბი — როგორია ტენდენცია (მათ შორის მოდულური სწავლების). ვისაუბროთ ხარვეზებზეც — კადრები, სახელმძღვანელოები, საკანონმდებლო ბაზა, სასწავლებლების ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.
— სტრატეგიის ფარგლებში, 2014 წლიდან, აქტიურად დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმა, რომლის ფარგლებში, ეტაპობრივად ხორციელდება მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. მოდულური პროგრამების შემუშავებაში აქტიურად არიან ჩართული დამსაქმებლები. ამასთან, მოდულური მიდგომით სწავლებისას გაძლიერებულია პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი, გათვალისწინებულია მეწარმეობისა და სხვა საკვანძო კომპეტენციების (უცხო ენა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომუნიკაცია და სხვ.) სწავლებაც. დღეისათვის, სისტემაში დანერგილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თითქმის 50% მოდულურია, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის და სხვა მიმართულებების. მოდულური პროგრამების მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება და სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ 2019-2020 წლებში სისტემა სრულად გადავა მოდულური მიდგომით სწავლებაზე.
პროგრამების გაზრდილ ხარისხთან ერთად, უმნიშვნელოვანესია უშუალოდ განხორციელების ეტაპი და სწავლების მიდგომები/ფორმები. 2016 წლიდან სისტემაში ინერგება ახალი ინიციატივა, რაც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური ფორმის განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული ფორმა ითვალისწინებს მონაცვლეობით სწავლას კოლეჯსა და საწარმოში, რა დროსაც პროგრამის ძირითადი სწავლის შედეგების მიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, დამსაქმებელ ორგანიზაციაში ხდება.
მოდულური პროგრამების დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მათი ხარისხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწის, ადამიანური (დაწესებულებების ადმინისტრაცია და პროფესიული განათლების მასწავლებლები) და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების მიმართულებით. ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს“ პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ და მისი საგრანტო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც, 2016 წლის ბოლოს, სამეტაპიანი შერჩევის შედეგად, გამოვლინდა ათი გამარჯვებული პროექტი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, გამარჯვებულმა დაწესებულებებმა/ორგანიზაციებმა უკვე შეიმუშავეს 40-ზე მეტი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. შემუშავებული პროგრამების ნაწილი პროფესიულ სასწავლებლებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებისათვის დაინერგა, ნაწილის დანერგვა კი 2018-2019 წლებში იგეგმება.
განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, პროფესიული განათლების სფეროში კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევაც შესაბამის საკანონმდებლო ბაზას საჭიროებს, ამ მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის მომზადებაზე. სწორედ აღნიშნული კანონის მიღებამ უნდა გაუხსნას გზა რეფორმის ახალ ტალღას, რომლის ფარგლებშიც, შეიქმნება ზრდასრულთა საჭიროებებზე მორგებული მომზადება-გადამზადების სისტემა; პროფესიული განათლების ფარგლებში, გაჩნდება ზოგადი განათლების (საშუალო საფეხური) მიღების შესაძლებლობა, პროფესიული განათლება დაუკავშირდება უმაღლეს განათლებას, უმაღლესი პროფესიული განათლებისა და ე.წ. „მოკლე ციკლის“ პროგრამების ფორმირების გზით; გაჩნდება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე აღიარების შესაძლებლობა; დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები; განისაზღვრება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმები და სხვ. ახალი კანონის მიღების შემდეგ, შესაძლებელი გახდება აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა პროფესიული განათლების ძირითადი გამოწვევების აღმოფხვრაზე და სრულად იქნეს მიღწეული პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიითა და განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები.
— იგეგმება თუ არა რეგიონებში ახალი პროფესიული სასწავლებლების გახსნა?
— პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პროფესიული განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, საქართველოს არაერთ რეგიონში (მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი და სხვ.), გაჩნდა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ახალი კოლეჯების დაფუძნება კერძო კომპანიების აქტიური ჩართულობითაც ხორციელდება. საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში, ბოლო წლებში, დაფუძნდა სამთო სათავგადასავლო კოლეჯი გუდაურში, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი თბილისში, ასევე სამშენებლო პროფილის კოლეჯი ზესტაფონში.
— რატომ არ შევიდა შესწორება კანონში (იგულისხმება ე.წ. საკანონმდებლო ჩიხი), რომელიც უზღუდავს ცხრაკლასდამთავრებულ პროფესიულ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას?
— ე.წ. „საკანონმდებლო ჩიხი“ სისტემის უმწვავესი პრობლემაა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სამინისტრომ გადაწყვიტა სისტემური მიდგომით გამკლავებოდა ყველა პრობლემას და „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი შეიმუშავა. არსებული კანონის ანალიზმა ცხადყო, რომ მხოლოდ ცალკეული შესწორებებითა და ცვლილებებით ვერ მოხდებოდა „ჩიხის“ აღმოფხვრა, რადგან სახეზეა ურთიერთდაკავშირებული ბევრი საკითხი, მათ შორის განათლების სხვა სფეროებთან (ზოგადი, უმაღლესი) მკვეთი საკითხები. ამდენად, ახალი კანონპროექტით, სწორედ სისტემური მიდგომებია შემოთავაზებული, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის (ხ-ხჳჳ კლასი) სწავლის შედეგების ჩართვაც. ამ ტიპის პროგრამის გავლა დასრულდება დიპლომის გაცემით, რომელიც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან იქნება გათანაბრებული. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, პროფესიული განათლების ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტის შეფასების სისტემის განვითარებას.
— მოკლედ ვისაუბროთ უცხოელი პარტნიორების დახმარებისა და ადგილობრივი ბიზნესის მონაწილეობის შესახებ პროფესიული სასწავლებლების განვითარების საქმეში.
— პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობა, რომელთა მხარდაჭერითაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა — საქართველომ“, პროფესიული განათლების მხარდასაჭერად, მეორე კომპაქტის ფარგლებში, გამოყო 16 მლნ. აშშ დოლარი. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: 1. მსხვილი საგრანტო პროგრამა პროფესიული განათლების პროვაიდერებისათვის; 2. მცირე გრანტების პროგრამა პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას შორის არსებული თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა-ხელშეწყობისათვის; 3. ტექნიკური და ექსპერტული დახმარების გაწევა პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის. მსხვილი საგრანტო კომპონენტის მთლიანი ბიუჯეტი 12 მლნ. აშშ დოლარი იყო და მიზნად ისახავდა, პროფესიული განათლების პროვაიდერებისა და კერძო სექტორის/დამსაქმებლების ურთიერთთანამშრომლობით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, თანამედროვე პროგრამების განვითარებას. 2016 წლის ბოლოს, სამეტაპიანი შერჩევის შედეგად, გამოვლინდა ათი გამარჯვებული პროექტი, რომლებიც ჯამში შეიმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის 45 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას (40-მდე პროგრამა უკვე შემუშავებულია). საგრანტო დახმარება, ასევე, მოიცავს დანერგვის ეტაპსაც, სადაც გათვალისწინებულია სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სახელოსნოების მოწყობა და აღჭურვა. შემუშავებული პროგრამების ნაწილი, პროფესიულ სასწავლებლებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებისათვის, უკვე დაინერგა. პროგრამების დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად, საერთაშორისო სერტიფიკატსაც მიიღებენ.
საქართველოს დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების მხარდასაჭერად, 2013 წელს, ამოქმედდა ევროკავშირის სექტორული მხარდაჭერის პროგრამა „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“. დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის ხარისხისა და მიმზიდველობის ზრდა უწყვეტი განათლების პერსპექტივით. პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავდა: საბიუჯეტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტებს. პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. პროგრამის საბიუჯეტო დახმარების (რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში 4 წლის განმავლობაში 20 მილიონი ევროს ჩარიცხვას ითვალისწინებდა) აქტიური განხორციელება 2014 წლის დასაწყისში დაიწო და 2017 წლამდე გაგრძელდა. პროგრამის მეორე ნაწილი — „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი (ჶჲვჶგჶ)“ 2018 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. ტექნიკური მხარდაჭერა არა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება, არამედ დაკავშირებულია, სისტემურ დონეზე, შესაბამისი სექტორის პოლიტიკის განვითარებასა და მართვასთან. პროცესებში, ასევე, ჩართული არიან სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოები და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ ეტაპზე, ახალი საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის საჭიროების თავსებადობაზე იქნება ფოკუსირებული. ევროკავშირის ახალი პროგრამა აქცენტირებული იქნება სამ კომპონენტზე: უნარების პროგნოზირება და თავსებადობა, უნარების განვითარება და მეწარმეობის განვითარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამასთან (ჲნდჵ) თანამშრომლობით (შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით), ახორციელებს პროექტს „საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემების მოდერნიზაცია“. პროექტის ფარგლებში, მხარდაჭერილია სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალური და მოდულური პროგრამების დანერგვა. გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე, ხორციელდება პროექტი „საქართველოს ფორმალური/არაფორმალური პროფესიული განათლების სისტემის და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირების გაღრმავება უწყვეტი განათლების კონტექსტში“, რომლის მიზანია საქართველოში მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების მხარდაჭერა. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტის „ინტეგრირების ხედვა“. შეიქმნა 5 ინტეგრირებული მოდული, რომელთა პილოტირება მეცხოველეობისა და მეხილეობის პროგრამებში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების გჳZ თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება პროექტი „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანსაც შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ტექნიკური დახმარების გაწევა წარმოადგენს. GIZ-ის მხარდაჭერით, საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის გაუმჯობესების მიზნით, 6 კოლეჯში დაინერგა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის „EFQM“ სრულყოფის მოდელი. ინერგება დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მეღვინეობის, ტურიზმის და მშენებლობის მიმართულებით. ასევე, აღსანიშნავია ორგანიზაციის მხარდაჭერა ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებითაც.
რაც შეეხება კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიული განათლების განვითარების პროცესში, აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები განხორციელდა. 2015 წელს შემუშავდა საჯარო-კერძო პარტნიორობის კონცეფცია, რომლის ფარგლებში, შეიქმნა 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება:
• ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით (2015 წელს);
• ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის თანამშრომლობით (2016 წელს);
• (ა)აიპ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სს „მ2 უძრავი ქონებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. რეაბილიტაციის დასრულება დაგეგმილია 2018 წელს, რის შემდეგაც რეგიონის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, სრულიად უფასოდ ისწავლონ სამშენებლო მიმართულების დუალურ პროგრამებზე და/ან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები შემდგომი დასაქმების მიზნით. კოლეჯში, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება საერთო საცხოვრებელი.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა
|