2018-05-24 დღევანდელი საგამოცდო მოდელი დახვეწას საჭიროებს რამდენად მომზადებული ხვდებიან უფროსკლასელები გამოცდებს, რომელ უნივერსიტეტებსა თუ მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობას და ამზადებს თუ არა სკოლა მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის — ამ თემებზე მოსაზრებებს გვიზიარებენ მეთორმეტეკლასელები.
გიორგი გიორგობიანი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლა
სამწუხაროდ, გამოცდებს სათანადოდ მომზადებული ვერ ვხვდები, რადგან არ მქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რაც, ალბათ, აისახება კიდეც ჩემი ტესტირების შედეგზე.
საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვრის გადალახვა მართებულად მიმაჩნია, ადრე არსებული მოდელი, რომლის დროსაც ქულა იწერებოდა, არ იყო ცოდნის სწორად შემფასებელი და ვფიქრობ, უსამართლოც იყო. ახალი მეთოდი უფრო კორექტულია და ზედმეტ კრიტერიუმებს არ შეიცავს.
როგორც საატესტატო, ისე ეროვნული გამოცდების თანამედროვე მოდელი ნაწილობრივ მომწონს, ჯერ კიდევ ბევრი კომპონენტია მოსაგვარებელი, დასახვეწი და გადასახედი. ამ ბოლო დროს, რატომღაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად პროფესიად ირჩევენ დაწყებით პედაგოგიკას, ტურიზმს, ჟურნალისტიკას... ბევრჯერ მიფიქრია, რომ ხშირად, ახალგაზრდები, გაუაზრებლად ირჩევენ პროფესიას. ბევრს ადვილი ჰგონია ამა თუ იმ პროფესიის შესწავლა, როცა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, საკმაოდ ბევრ სირთულეს აწყდებიან და პროფესიის შეცვლაც კი უწევთ. არც ის მიმაჩნია სწორად, როცა აბიტურიენტები ფაკულტეტს იმის მიხედვით ირჩევენ, სადაც დაბალი კონკურსია და ადვილად შეძლებენ მოხვედრას ან კიდევ სასწავლებლის პრესტიჟულობის გამო. მე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ავირჩიე. ჩვენს თაობაში უპირატესობას სახელმწიფო უნივერსიტეტებს ანიჭებენ. ბევრი ჩემი მეგობარი უპირატესობას პროფესიულ სასწავლებლებს ანიჭებს, არის ისეთი პროფესიული მიმართულებები, რომლითაც მომავალში შეიძლება დავინტერესდე და დავეუფლო კიდეც.
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სასკოლო განათლება მთლიანად ორიენტირებულია გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე, რადგან მარტო სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. მოსწავლისთვის აუცილებელია, გაკვეთილმა საინტერესოდ და შემოქმედებითად ჩაიაროს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, შემოქმედებითობა შეზღუდულია.
თემურ კობახიძე
თბილისის 128-ე საჯარო სკოლა
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოცდებს კარგად მომზადებული ვხვდები. რაც შეეხება მიღებულ ცოდნას, სჯობს შედეგებს დაველოდოთ, ისინი გაგვცემენ ამ კითხვაზე ყველაზე ზუსტ პასუხს.
რეალურად, საატესტატო გამოცდების დანიშნულება ჩაჭრა-არჩაჭრის საკითხის გადაწყვეტაა. ქულით თუ ქულის გარეშე, ტესტირება შედეგს მაინც გვიჩვენებს. ეს გადაწყვეტილება სავსებით მისაღებია ჩემთვის. უარყოფითი და დადებითი მხარეები თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია, ჩემთვის ეს უბრალოდ ცვლილებაა, რომელიც გამოცდების მოდელს არანაირ გადამწყვეტ მნიშვნელობას არ სძენს.
თანამედროვე საგამოცდო მოდელი შეცვლას და დახვეწას საჭიროებს. სანამ არ მოხდება ცვლილება უკეთესობისკენ, საგამოცდო სისტემა ჩემს სიმპათიებს ვერ დაიმსახურებს.
რაც შეეხება ფაკულტეტების არჩევანს, სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არ მომეპოვება, მაგრამ ჩემ გარშემო ძალიან ბევრს სურს, სამედიცინო სფეროში განაგრძოს სწავლა. ამის ზუსტი მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია, ალბათ, სწორედ ეგაა ჩვენს თაობაში პრესტიჟული. მე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ავირჩიე. ჩემი ვარაუდით, ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტების სიაში წელსაც თავისუფალი და აგრარული, თსუ და სამედიცინო უნივერსიტეტები იქნებიან. ამის მიზეზი სწავლის ხარისხში, ინფრასტრუქტურასა და გაცვლით პროგრამებში უნდა ვეძებოთ.
როგორც ვიცი, პროფესიული განათლება არც ისე პოპულარულია საქართველოში, ჩემ ირგვლივ არც ისე ბევრი მსურველია. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელში აპირებდნენ, უკვე აიხდინეს საწადელი, მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ.
უფასო ფაკულტეტები, ცხადია, ეხმარება ახალგაზრდებს განათლების მიღებაში, მაგრამ უფასო ან დაფინანსებული განათლების მიღება გრანტის დახმარებითაც შეიძლება. უკანასკნელი განაპირობებს უნივერსიტეტში უფრო ჭკვიანი ახალგაზრდების ჩარიცხვას, რადგან გრანტის ასაღებად შედარებით მაღალი ქულების აღება უწევთ.
გრანტის გაცემის წესს კარგად ვიცნობ, რა თქმა უნდა, არ არის სრულყოფილი და სტანდარტების შესაბამისი. ამიტომ, სანამ არ დაიხვეწება დღეს არსებული გრანტის გაცემის წესი, ჩემს მოწონებას ვერც ეს პროცედურა დაიმსახურებს.
ის, რომ საქართველოში სასკოლო განათლება მთლიანად ორიენტირებულია გამოცდებზე, ცხადია, ზღუდავს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს, მაგრამ ისეთი სისტემის მოფიქრება, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის არც თუ ისე ადვილია. სხვა მრავალი ქვეყნის განათლების სისტემაც სწორედ გამოცდებზეა მორგებული. კარგი იქნება, ზოგიერთისთვის მხოლოდ გამოცდების ჩაბარება თუ არ გახდება სკოლაში სწავლის მიზანი, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჯერ ალტერნატივა არც აქ ჩანს.
ბექა ჩანქსელიანი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლა
საატესტატო გამოცდებს კარგად მომზადებული ვხვდები, ხოლო ეროვნული გამოცდებისთვის ჯერ კიდევ ვმეცადინეობ, რადგან არის საკითხები, რომელთა დახვეწა და საფუძვლიანად დამუშავება მჭირდება.
საატესტატო გამოცდებზე შეფასების ქულის გაუქმებას, ჩემი აზრით, უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს, ვიდრე დადებითი. დადებითი მხოლოდ ის არის, რომ მოსწავლეებს აღარ შეექმნებათ დაბალი ქულის მიღებით გამოწვეული დისკომფორტი. უარყოფითი მხარე — მოსწავლეების დიდმა რაოდენობამ, მათ შორის მეც, დაკარგა სწავლის მოტივაცია. დარწმუნებული ვარ, ბარიერს ადვილად გადავლახავ, ამიტომ ბევრს აღარ ვმეცადინეობ. თუ საატესტატო გამოცდების მოდელის პრინციპი მხოლოდ ბარიერის გადალახვაა, მაშინ რა საჭიროა გამოცდები? სკოლას პირდაპირ მიენიჭოს ატესტატის გაცემის უფლება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი ძალიან მომწონს, ვფიქრობ, ყოველწლიურად კიდევ უფრო იხვეწება.
ჩემი მეგობრების უმრავლესობა ისეთ ფაკულტეტებს ირჩევენ, რომელთა უმეტესობას არჩევით საგნად გეოგრაფია აქვს. ჩემს თაობაში ასევე მოთხოვნადი და საინტერესო ფაკულტეტებია ენერგეტიკა და გამოთვლითი ტექნიკა. მე ეკონომიკისა და საფრენი აპარატების მართვის ფაკულტეტი ავირჩიე.
აბიტურიენტების უმრავლესობისთვის სასურველი უმაღლესი სასწავლებელი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ასევე სდასუ და ილიაუნი. ამ უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხიც მაღალია და ფასიც მისაღები. ჩვენს თაობაში გამორჩეული და თითქმის ყველასთვის სასურველი სასწავლებელია თავისუფალი უნივერსიტეტი, მაგრამ ძალიან ძვირია და ამიტომ ბევრი აბიტურიენტი იქ ჩაბარებაზე თავს იკავებს.
პროფესიული სასწავლებლების შესახებ მეტ-ნაკლებად ვფლობ ინფორმაციას. ჩემი მეგობრები პროფესიულში სწავლის გაგრძელებას არ აპირებენ, მაგრამ უმცროსკლასელთა დიდ რაოდენობას სწავლის პროფესიულში გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი.
გრანტის გაცემის წესში არც ისე კარგად ვარ გარკვეული. კარგი იქნება, თუ გრანტის გაცემა მხოლოდ უნარების და არჩევითი საგნის ჯამით მოხდება.
უფასო ფაკულტეტების არსებობას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი არ მოუტანია. თუმცა, ერთბაშად გაუქმებას, სჯობს 10-15 აბიტურიენტის ადგილი დატოვონ, სადაც მოხვედრა მაღალი ქულით იქნება შესაძლებელი.
თორნიკე მიგინეიშვილი
ფოთის მე-5 საჯარო სკოლა
მთელი წელია, საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ვემზადები, ამიტომაც მიმაჩნია, რომ კარგად ვარ მომზადებული, თუმცა, ამ ეტაპზე, მეტ ყურადღებას საატესტატო გამოცდებს ვუთმობ. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მაქსიმალურად ვეცდები, უკეთ მოვემზადო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
წლევანდელ ცვლილებას საატესტატო გამოცდებზე აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. კარგია იმ მხრივ, რომ მოსწავლეები ნაკლებად ნერვიულობენ ნიშნის გამო, ნაკლებად დაძაბულები არიან გამოცდის პროცესში, რაც ცოდნის მაქსიმუმის გამოვლენაში ეხმარებათ. მაგრამ აქვს ცუდი მხარეც — მოსწავლეებში დაიკლო მოტივაციამ.
ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების სისტემა არ განსაზღვრავს ბავშვის ცოდნის დონეს. დავალებები როგორც რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე სირთულის მიხედვით არასწორადაა გადანაწილებული. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ჯერ პირადი გამოცდილება არ მაქვს ამ საკითხზე, თუმცა, თუ წინა წლების ტესტების ნიმუშებს დავეყრდნობი, ჩემი აზრით, უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების ბარიერი შედარებით მაღალი უნდა იყოს და ტესტებიც უფრო რთული.
აბიტურიენტები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფაკულტეტს ირჩევენ, ძირითადად, რამდენიმე ფაკულტეტია პოპულარული: ბიზნესი, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და სამედიცინო. ნაწილი იმიტომ ირჩევს, რომ ნამდვილად მოსწონს ეს პროფესია, ნაწილი სხვისი გავლენის ქვეშ ექცევა, უმეტესობას არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ ფაკულტეტზე სურს სწავლა და პოპულარულ პროფესიას ირჩევს. მე სამართალმცოდნეობა ავირჩიე, რამდენიმე წელია მომწონს ეს სფერო და მსურს, მომავალში, ჩემი პროფესია გახდეს. მთავარია, ადამიანი იყოს იმ სფეროში და აკეთოს ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.
უნივერსიტეტის არჩევა, ხშირად, ფაკულტეტის არჩევაზე რთულია, რადგან აბიტურიენტთა უმრავლესობა ყურადღებას აქცევს, როგორი გარემოა უნივერსიტეტში, როგორი ლექტორები არიან, აქვს თუ არა გაცვლითი პროგრამები და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ პრაქტიკულ ცოდნას აძლევს სტუდენტს. თუმცა, ხშირად, ფასი გადამწყვეტია, სწავლის საფასური ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ვფიქრობ, საქართველოში პროფესიულ განათლებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ყველანაირად უზრუნველყოფილი პროფესიული სასწავლებლები მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია, ამიტომაც, მოსწავლეების უმეტესობა განვითარების ამ გზას არ ირჩევს. ყველას სურს უმაღლესი განათლების მიღება, რადგან მიიჩნევენ, რომ პროფესიულ განათლებას საქართველოში პერსპექტივაც ნაკლები აქვს და ხელშეწყობაც. წელს ჩემს სკოლას სამოცამდე ახალგაზრდა ამთავრებს, როგორც ვიცი, არც ერთი არ აპირებს სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელში.
კარგად ვიცნობ გრანტის გაცემის წესსაც და, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, გრანტის მოპოვებისას, პრიორიტეტი უნარების ქულას (1,5) რომ ენიჭება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, როგორ უნარებს ფლობს აბიტურიენტი, სწორედ ამით შეიძლება გავნსაზღვროთ მისი შესაძლებლობები.
უფასო ფაკულტეტების გაუქმება შეცდომა იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ბავშვებს, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ საშუალება, გადაიხადონ 2250 ლარი (ან კიდევ უფრო მეტი) სახელმწიფო ართმევს საშუალებას, მიიღონ უმაღლესი განათლება.
საქართველოში სასკოლო განათლება, ნამდვილად, მხოლოდ გამოცდებისთვის მოსწავლის მომზადებაზეა ორიენტირებული. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვსწავლობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კატის, შემდეგ კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბაროთ, სტუდენტები გავხდეთ და დიპლომი გვქონდეს. დაშვებითაც არ ვუშვებთ, რომ რომელიმე ბავშვს შეიძლება სულაც არ სურდეს უმაღლესი განათლების მიღება და იქნებ უკეთესი პროფესიონალი დადგეს, ამა თუ იმ ხელობას თუ დაეუფლება. ცუდ, უხეირო დიპლომიან უმაღლესდამთავრებულს, ნამდვილად სჯობს თავისი საქმის უდიპლომო პროფესიონალი.
ბესო ქურასბედიანი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლა
საატესტატო გამოცდებს მომზადებული ვხვდები, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კი კვლავ ვაგრძელებ მზადებას. ვეცდები, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო.
საატესტატო გამოცდებზე ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოსწავლეებისთვის. სიახლემ ბევრს მოტივაცია დაუკარგა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება მისაღებია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტს ბარიერის გადალახვა წარმოადგენს.
საატესტატო გამოცდების მოდელი, ეროვნული გამოცდების მოდელისგან განსხვავებით, სერიოზულად დასახვეწია.
აბიტურიენტების უმეტესობა ისეთ ფაკულტეტებს ირჩევს, როგორიცაა: სამედიცინო, სამართალი, ეკონომიკური. ეს არჩევანი, ძირითადად, მომავალში კარგი ანაზღაურებითაა განპირობებული. მე ავირჩიე ჩემი საყვარელი საქმიანობა — IT სფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
ყველაზე პრესტიჟულია სახელმწიფო უნივერსიტეტები — ილიაუნი, ჯავახიშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის... თუმცა, არანაკლებ მოთხოვნადია კერძო უნივერსიტეტებიც — სეუ, თავისუფალი, კავკასიის და სხვ. პრესტიჟულობას ახალგაზრდებში ხარისხიანი სწავლება განსაზღვრავს.
პროფესიულ სასწავლებლებზე საკმაოდ კარგად ვარ ინფორმირებული, რამდენიმე ჩემი მეგობარი ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში აპირებს სწავლის გაგრძელებას, მათ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მივესალმები.
რაც შეეხება გრანტის გაცემის წესს, ვიცი, რომ ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასების მიღების შემთხვევაში მომენიჭება გრანტი, რაც, ბუნებრივია, სწორი გადაწყვეტილებაა.
უფასო ფაკულტეტების გაუქმება მიუღებელია, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც უჭირს სწავლის საფასურის გადახდა, თუმცა აქვთ სწავლის სურვილი.
სასკოლო განათლების პროგრამა მთლიანად გამოცდებზეა ორიენტირებული, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმ საკითხებს, რომელიც გამოცდებისთვის გვჭირდება, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებას. თუმცა, რამდენად ამზადებს სკოლა მოსწავლეს გამოცდებისთვის, ეს ცალკე საკითხია.
მოამზადა მაკა ყიფიანმა
|