გამოდის 1998 წლიდან
2010-12-17
ირაკლი ფარჯიანი - გამოფენა „ესკიზი, ილუსტრაცია“

გამოფენა „ესკიზი, ილუსტრაცია“ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების ყველაზე ვრცელ, ფარულ და ჩვენთვის უცნობ მონაკვეთს წარმოაჩენს. პირველად გამოიფინება ესკიზები სურათებისათვის. გამოფენა შესაძლებლობას მოგვცემს თვალი გავადევნოთ ირაკლი ფარჯიანის ცნობილი სურათებისა და სერიული ნამუშევრების შექმნის პროცესს.
როგორ იქმნებოდა სხვადასხვა სერიის სურათები, რელიგიური კომპოზიციები და ილუსტრაციები? აბსტრაქციების, ბერლინის ციკლის, რელიგიური სიუჟეტების — ადამ და ევას, ჯვარცმის, ხარების და სხვა კომპოზიციები? რა მოდიფიკაციას განიცდიდა ესკიზი ფინალურ ობიექტამდე — სურათამდე? ეს ყველფერი კარგად ჩანს გამოფენაზე წარმოდგენილ მრავალრიცხოვან ესკიზებში. სხვადასხვა წლებში შესრულებული შავ-თეთრი და ფერადი ჩანახატები ეტაპობრივად ასახავენ იდეის ტრანსფორმაციას — მის განხორციელებამდე. გამოფენა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ რა გზით მიდიოდა მხატვარი საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
ეს, შუალედურ პროცესში შესრულებული ნამუშევრები, წარმოდგენილი ხან ცალკეული პერსონაჟის, ხან ლანდშაფტის, ხან რელიგიური სიუჟეტის სახით, თავისთავად ატარებენ მხატვრულობის ისეთ პოტენციას, რომ თითოეული მათგანი დასრულებული ობიექტის სახითაც შეიძლება აღვიქვათ.
ეს არ არის ესკიზი-ჩანახატი, ეს არის ესკიზი-სურათი, ყველა თავისი მხატვრული, გამომსახველობითი და ემოციური მახასიათებლებით. გარდა ამისა, მათ, თემის, კონცეფციისა და განწყობის პირველად დაფიქსირების უპირატესობაც გააჩნიათ. თანაც ესკიზებში მხატვარი არ ითვალისწინებს მომავალ მაყურებელს; ეს მისი, დახურული სამყაროა და ამ ნამუშევრებს მისთვის პრეზენტაციული დანიშნულება არ გააჩნიათ. უფრო ინტიმურია, ექსპერიმენტის, რისკის, აღმოჩენის და ზოგჯერ თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, შეიძლება ამ ყველაფერს „პირადი წერილების“ სტატუსი ჰქონდეს, რომლის ადრესატიც საბოლოო თვალსაზრისით — სურათია.
მხატვარი ესკიზებში „ამოწმებს“, გარდაქმნის თავის კონცეფციას, ემოციას, კომპოზიციურ არჩევანს. პირველად ეხება არჩეულ თემას. ამიტომ ამ ესკიზებში განსაკუთრებული გულწრფელობა და თავისუფლება იგრძნობა. იუმორის უფლებასაც კი აძლევს თავს. ანუ ქმნის ძირითადი „ტექსტის“, თავისი ნაწარმოებების პირველ „ჩანაწერებს“ — პერსონაჟების, ნიშანთა და ობიექტთა მთელი სისტემის სახით. ამიტომ ეს ესკიზები მხატვრის პირველი აღმოჩენების და მიგნებების მანიფესტაციაა.
პირველად აქ ჩნდებიან და სიცოცხლეს იწყებენ მისი პერსონაჟები, ფორმას იღებს ლანდშაფტი, წარმოიქმნება სახე — ობიექტების მთელი სისტემა: ნავების, მინერალების, აბსტრაქტული მოდელების სახით.
ამ ესკიზებში ხატვის პროცესის თავისუფლება ჩანს. მხატვარი თითქოს ფიქრის სისწრაფეს მიჰყვება ხელით. ფიგურების დინამიკა ფრინველის ფრენის მსგავსია. ნელი ფრენაა — დედამიწაზე. ფიგურები თითქოს გამჭვირვალეა, არამატერიალური, მანათობელი ფაქტურით არის შესრულებული და ამ საოცარ ეფექტს ძირითადად ფანქრით ქმნის. გრაფიკით მიღწეულია ფერწერის შთაბეჭდილება. და ეს პატარა, მანათობელი სურათები ემოციურადაც დიდი ნაწარმოებების მსგავს განწყობას ატარებენ. ანუ სწორედ მათშია თავმოყრილი ის ძირითადი ენერგია, რომელიც შემდგომში ირაკლი ფარჯიანის მთელ შემოქმედებას ასაზრდოებდა.
ბაია წიქორიძე
ბაია გალერეა

25-28(942)N