გამოდის 1998 წლიდან
2010-12-17
ევროპული ფესტივალი თბილისში

2015 წელს თბილისი მოზარდთა ძალიან დიდ აღლუმს უმასპინძლებს — ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი ევროპელი ახალგაზრდების კულტურულ-სპორტულ ცენტრად იქცევა — წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე სტუმარი გვეწვევა. ცხადია, მათი უმრავლესობა მოზარდი იქნება — 14-დან 17 წლამდე.
ქართული სპორტისთვის ეს ისტორიული გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთა გენერალურმა ასამბლეამ 27 ნოემბერს მიიღო ბელგრადში, სადაც თბილისს ერთადერთი კონკურენტი ჰყავდა — ჩეხური ბრნო. ფარული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თბილისმა ხუთი ხმით აჯობა კონკურენტს — 26:21. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი ქალაქისთვის ასეთ სოლიდურ კამპანიაში მონაწილეობის პირველი ცდა იყო, ბრნომ კი ზედიზედ მესამედ წააგო არჩევნები. ისიც საინტერესოა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგიური ღონისძიება პირველად გაიმართება, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონმა კი მხოლოდ ერთხელ უმასპინძლა — 2007 წელს იმავე ბელგრადმა, 2011-ში კი მეზობელ ტრაბზონში ჩატარდება.
აქედანაც კარგად ჩანს, ანალოგიური ფესტივალის მასპინძლობას რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ჩვენთვის ამ ფაქტის სპორტული მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება — საქართველო ხომ სერიოზულად გაუმჯობესებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას მიიღებს, ვინაიდან ფესტივალის სათანადოდ ჩასატარებლად ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზები უნდა აშენდეს. მათი ნაწილი უკვე მზადაა და მხოლოდ მცირეოდენი რეორგანიზაცია დასჭირდება, სხვები კი უახლოეს წლებში უნდა გაკეთდეს. ფესტივალი ქვეყანას კიდევ ერთ სარგებელს მოუტანს — აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ ოლიმპიური სოფელი უნდა აშენდეს, რომელიც თამაშების შემდეგ სტუდენტურ ქალაქად გადაკეთდება. ამდენად, ფესტივალით თბილისს სტუდქალაქიც შეემატება. ეს იმდენად მასშტაბური ღონისძიებაა, ამიერიდან საქართველოს გზა ხსნილი აქვს უმაღლესი რანგის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობისკენ, მაგალითად, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისკენ. საქართველო თანდათან ცდილობს ევროპის სპორტულ ოჯახში ჩაბმას და შარშან ძიუდოში კონტინენტის პირველობასაც უმასპინძლა, მაგრამ დიდი შეჯიბრებების გამართვის უფლება არაა ასე იოლად მოსაპოვებელი. ამიერიდან, ამ ფესტივალის ჩატარების შემდეგ, აღარ დაისმება კითხვა, შევძლებთ კი ამა თუ იმ დიდი ტურნირის ღირსეულად ჩატარებას? გავართმევთ თუ არა თავს საორგანიზაციო საკითხებს? ამ ძნელ გზაზე საქართველოს უკვე მწვანე შუქი ენთება.
სპორტულის გარდა, ძალზე დიდია ამ ფაქტის პოლიტიკური მნიშვნელობაც. ქართული სპორტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს ევროპის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რითაც მათ დახმარების ხელი გამოგვიწოდეს. დიდი სპორტული შეჯიბრებების არ იყოს, ამ ნაბიჯით საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზეც ეხსნება გზა დიდი სიმაღლეების — ევროკავშირის თუ სხვა რეგიონული გაერთიანებებისკენ. მაგალითად, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამას დროთა განმავლობაში აუცილებლად მოჰყვება მსგავსი გარღვევა სხვა სფეროებში, რაც საბოლოოდ ევროკავშირში თუ სხვა სტრუქტურებში შესვლით დამთავრდება. ცხადია, ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება, მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ეს კარგი დასაწყისია.
ერთი სიტყვით, ფესტივალი ძალიან სჭირდება საქართველოს, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ევროპაში ხელცარიელნი არც ჩვენ მივალთ — ევროპა აქ აღმოაჩენს მისთვის უცხო, დასავლურისა და აღმოსავლურის ნაზავ კულტურას, უფრო ახლოს გაიცნობს აქაურ ენდემურ ბუნებას, უძველეს ხელოვნებას... სხვა თუ არაფერი, საქართველოში უძველეს ადამიანთა ნაშთებია აღმოჩენილი. თანაც, საქართველოს შეუძლია ერთგვარი სამშვიდობო ხიდიც იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის...
მისასალმებელია, რომ ბავშვთა ფესტივალის მასპინძლობის მოპოვებაში და უფროსთა პოლიტიკურ ჭიდილში გადამწყვეტი როლი ბავშვებმა შეასრულეს. დედაქალაქის მერთან და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასა და პოლიტიკოსებთან, ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად ბელგრადში, ევროპის ეოკ-თა ასამბლეაზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ანსამბლ „კავკასიონის“ ბავშვები და ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლე ანა ბარამიძე შედიოდნენ. მოცეკვავე ბავშვებმა სცენაზე ისეთი ცეცხლი დაანთეს, დარბაზში ფურორი მოახდინეს, ევროპელებს სისხლი აუჩქროლეს და ლამის ცეკვაში აიყოლიეს. ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის ქალიშვილმა ანა ბარამიძემ კი ფრანგულ ენაზე მიმართა ევროპელ თანატოლებს და საქართველოში სტუმრად მოიპატიჟა. პატარა გოგომ მოახერხა და ამ მიმართვაში ისეთი მუხტი ჩადო, თურმე დარბაზში ხალხი აატირა, მათ შორის, სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონები — ჩვენი დავით გობეჯიშვილი და ასამბლეის მასპინძელი, სერბეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი ვლადე დივაცი. სპორტსმენობის გარდა, დივაცი ადამიანობითაც გამორჩეული ფიგურაა — კოსოვოს ომის შედეგად დაობლებულ ბავშვს ზრდის და საკუთარი შვილებისგან არ გამოარჩევს. თურმე ამ უდიდესმა კალათბურთელმა ბარამიძის გამოსვლის შემდეგ პარალელი შვილობილთან გაავლო, ეს ორმეტრიანი ატირებული კაცი ანასთან მივიდა, მიეფერა და უთხრა, ჩემს ხმას პირადად შენ გაძლევო. ასე მოუპოვა პატარა ანამ თბილისს ერთი მხარდამჭერი.
საქართველომ ერთი სიურპრიზი უკვე შესთავაზა ევროპას — ცოცხლად შესრულებული საპრეზენტაციო პროგრამა. მასში „კავკასიონის“ ბავშვებთან ერთად დუეტი „ჯორჯიაც“ მონაწილეობდა მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის შემადგენლობით, რომლებმაც საქართველოსთვის ჯერაც უცნობი ფესტივალის ჰიმნი შეასრულეს. იმ ცეკვის შემდეგ თურმე ევროპელებმა უთხრეს ჩვენებს, ამით კონკურენტი პირდაპირ მოკალითო. საერთოდ, ევროპელები ცოცხლად შესრულებულმა საპრეზენტაციო ნომრებმა მოხიბლა და თურმე ერთხმად აღნიშნეს მისი ორიგინალურობა.
ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობა: კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ძიუდო, ველოსპორტი, ცურვა, მძლეოსნობა და ჩოგბურთი. მაშ ასე — დაველოდოთ 2015 წელს და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, როცა თბილისი ერთი კვირით ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

25-28(942)N