გამოდის 1998 წლიდან
2010-12-17
მეგზური სულიერი სრულყოფის გზაზე

ლიტერატურის მთავარი დანიშნულება ადამიანის სულიერი აღზრდაა, მისი ზნეობრივი სახის სრულყოფა, რათა მან შეძლოს საზოგადოებაში ცხოვრება, სიკეთის, მშვენიერებისა და სიყვარულის იდეალების დაფასება. ლიტერატურის კარგი სახელმძღვანელო კი აუცილებელია იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს ამ იდეალების დამკვიდრებაში თავისი წვლილის შეტანა, სასწავლო პროცესი იმგვარად განახორციელოს, რომ მოსწავლეს დაეხმაროს სულიერი სრულყოფის გზაზე.
როგორია, ამ თვალსაზრისით, მე-10 კლასის რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელო? მასწავლებელს აქვს თავისუფლება, მისთვის ყველაზე მოსახერხებელი შეარჩიოს. შერჩევის კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და პედაგოგის პროფესიონალიზმს, ინტელექტს, გამოცდილებას ეფუძნება.
სახელმძღვანელო სახელმწიფოს დაკვეთაა, ე.ი. იგი ირეკლავს საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნებს, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია ჩამოყალიბებული. ჩვენში თითქმის ყოველ წელს სახელმძღვანელოების ცვლა შეიძლება დადებითი და უარყოფითი ნიშნით განვიხილოთ, ეს, ერთი მხრივ, მეტყველებს, რომ საგანმანათლებლო მიზნები არ არის ცხადად ჩამოყალიბებული, მეორე მხრივ, მიანიშნებს სრულყოფილებისაკენ სწრაფვაზე.
ამის დასტურია თამაზ ვასაძისა და ნინო შარაშენიძის ავტორობით შედგენილი სახელმძღვანელო, რომელსაც აშკარად ეტყობა გაუმჯობესება. მეორე ავტორის, ენის სპეციალისტის დამატებამ, სახელმძღვანელოს შესძინა ის აუცილებელი მასალა, რომლის დახმარებითაც ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების მიზანი ხორციელდება.
ეს სახელმძღვანელო თემატური პრინციპითაა შედგენილი, რაც ავტორებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი (კერძოდ, VIII საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით — იოანე საბანისძის „აბოს წამებიდან“ დაწყებული) სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები ერთ რკალში მოაქციონ, ეს ხელს უწყობს ქართული ლიტერატურის მთლიანობაში წარმოდგენას.
სახელმძღვანელო იცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ვფიქრობთ, მართლაც, ამ წიგნით სწავლის შემდეგ, მე-10 კლასის მოსწავლე შეძლებს:
არგუმენტირებულ მსჯელობას სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
c ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბებას და წარმოჩენას;
c ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირებას, შედარებას, შეპირისპირებას, დაკავშირებას და ანალიზს;
c სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრებას და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
c სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზებას;
c წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენას;
c ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის აღმოჩენას.
რა თქმა უნდა, კარგ სახელმძღვანელოსთან ერთად, მნიშვნელოვანია კარგი მასწავლებელი და ბეჯითი მოსწავლე, რომელსაც მეათე კლასამდე უკვე შეძენილი და დახვეწილი ჰქონდეს მოსმენის, კითხვის, წერის, ზეპირმეტყველების უნარები.
სახელმძღვანელოში მხატვრული ნაწარმოებები ხუთ რუბრიკაშია წარმოდგენილი. თითოეულის კონცეფცია საინტერესო და საგულისხმოა, ესენია: 1. დაკარგული ედემი, რომელშიც აქცენტირებულია ეროვნული იდეალები, კერძოდ, ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აუცილებლობა ერის გადარჩენისთვის. ეს მნიშვნელოვანი თემა ტრადიციულადაა დამუშავებული ილიას „დაკარგული ედემის“, „მგზავრის წერილების“, „აჩრდილის“, ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“, აკაკის „განთიადის“, გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ვაჟა-ფშაველას წერილის „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ და ილიას წერილის „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ მიხედვით. აქ კარგი იქნებოდა ალექსანდრე ყაზბეგის „ელგუჯადან“ ერთი ფრაგმენტის ჩართვაც.
2. ბედნიერი ერი — ამ რუბრიკაში წარმოდგენილი ნაწარმოებების მიხედვით, წარმოჩნდება ქართველთა ხასიათი, ცხოვრების წესი, ოღონდ სარკასტულად, იუმორით, სატირით (აქ არის: ილიას „ბედნიერი ერი“ და „კაცია-ადამიანი?!“, დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“, რეზო ჭეიშვილის „ბიძია“ და ფილიპე გოგიჩაიშვილის წერილი „ჩვენ და ცხოვრება“).
3. ადამიანი საზოგადოების პირისპირ — აქ სხვადასხვა ასპექტით წარმოჩენილია პიროვნებისა და საზოგადოების რთული ურთიერთობა. იოანე საბანისძის „აბოს წამების“, ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“, აკაკი წერეთლის „გამზრდელის“, დავით კლდიაშვილის „შერისხვის“, გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“, ჯემალ ქარჩხაძის „იგის“, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბას“ მიხედვით.
აქ ძველი ქართული ლიტერატურის, ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოების ჩართვა, ერთი შეხედვით, შეიძლება ხელოვნურადაც კი მოგჩვენებოდათ, მაგრამ, იმის გაცნობის შემდეგ, თუ რაგვარი სასწავლო-შემეცნებითი მასალა ახლავს, ეს ეჭვი გაქარწყლდება.
ავტორი თავიდანვე, მცირე მინაწერში ხაზს უსვამს, რომ „ეს ნაწარმოები გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის ერთი ღირსეული პიროვნების პოზიცია და ქმედება“. ძველი ქართული ტექსტის აღქმის გასაადვილებლად განმარტებები ტექსტშივეა ჩართული. ნაწარმოების გასააზრებლად კითხვებიც კარგადაა შერჩეული და დაჯგუფებული სამ ნაწილად: 1. რწმენა ძალადობის წინაშე, 2. ქართლში შემოსვლა და ნათლისღება, 3. დევნა, დასჯა, სულიერი გამარჯვება.
აქვეა მოყვანილი ფრაგმენტი ნოდარ წულეისკირის რომანიდან „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი“, ფრაგმენტი დავით გურამიშვილის „დავითიანიდან“ („ვაი, რა კარგი საჩინო...“), ციტატა სემიონ ფრანკის წერილიდან ქრისტიანული ცხოვრების გზის არსზე. ამ ყველაფერს შესაბამისი დავალებები ახლავს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეს, კარგად გაიაზროს აბოს თავგანწირვა.
მიუხედავად ამისა, მაინც დაგვრჩა მცირე უკმაყოფილების განცდა, რადგან არაფერია ჰაგიოგრაფიის ჟანრსა და მის სპეციფიკაზე ნათქვამი. კარგი იქნებოდა, რეზო სირაძის რომელიმე წერილიდან ფრაგმენტის მოხმობა, რომელიც მოსწავლეს უკეთესად გაარკვევდა აბოს თავგანწირვის მოტივაციაში, მისი, როგორც ქრისტიანობისთვის წამებულის, სახის გარკვევაში.
4. რუბრიკა შინაგანი ხმა — ვაჟა-ფშაველას „სინდისისა“ და „მგლის“, მიხეილ ჯავახიშვილის „ორი განაჩენის“, ნიკო ლორთქიფანიძის „სანახავათ“, ვასილ ბარნოვის „აღდგომის ცოდვის“, დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით. ეს რუბრიკა მნიშვნელოვნად გაამდიდრა გურამიშვილის ნაწარმოების ჩართვამ, რომელსაც გასააზრებლად, მშვენიერი კითხვების გარდა, პარალელის გასავლებად ახლავს ფრაგმენტები დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბას ნაწარმოებებიდან („გალობანი სინანულისანი“ და „სწავლანი“).
5. შემდეგი რუბრიკაა: რაც არ იწვის, არ ანათებს — აქ წარმოდგენილია: გურამიშვილის „დავითიანი“ („სჯობს ვეტრფიალო მზეთამზეს“, ბარათაშვილის „არ უკიჟინო, სატრფოო“ და „რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“, ილიას „განდეგილი“, აკაკის „რაც არ იწვის, არ ანათებს“, ვაჟა-ფშაველას „სოფლისა წესი ასეა“, ნიკო ლორთქიფანიძის „ქორწილი“, გურამ რჩეულიშვილის „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“, რეზო ინანიშვილის „ჩემი საწყალი სიყვარული“, ნოდარ დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“. აქ კარგი იქნებოდა „ვეფხისტყაოსნიდან“ მცირე ფრაგმენტი, მაგალითად, ნესტანის ტარიელისთვის ქაჯეთიდან გამოგზავნილი წერილიდან.
სახელმძღვანელოს ბოლოს არის დანართი „შტრიხები ქართველ მწერალთა პორტრეტებისთვის“, რომელმაც აუცილებელი მასალით შეავსო წიგნი. აქ არის არა მხოლოდ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, არამედ ავტორთა შესახებ მოგონებები და სხვა საინტერესო ამბები.
ახლა, იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ შეისწავლება ნაწარმოები, ერთი კონკრეტული მხატვრული ტექსტის სწავლების მაგალითზე წარმოგიდგენთ აქ გამოყენებულ ერთგვარ მოდელს, რომელიც არსებითად აირეკლავს მთელ წიგნს.
მაგალითად, როგორ შეისწავლება ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“? დასაწყისში მოკლედ და ლაკონურად, ავტორის შემოქმედების ზოგადი და არსებითი შეფასებაა წარმოჩენილი, შემდეგ არის ტექსტი (სქოლიოში განმარტებებითა და ლექსიკონით), რომელსაც მოსდევს თემატურად დაჯგუფებული კითხვები მსჯელობისთვის, რაც განავითარებს მოსწავლის ზეპირმეტყველების უნარს. ეს კარგია, რადგან შესაძლებლობას ქმნის, რომ ნაწარმოები სხვადასხვა რაკურსით გაანალიზდეს. მაგ., „ბედი ქართლისას“ კითხვები ასეა დაჯგუფებული: „საქართველოს ბედი — ორი თვალთახედვა“; „კამათი საქართველოს ბედზე“; „რაც ლიონიძეს უთქმელი დარჩა“; „მეფის აზრი უცვლელია“. აქ სხვადასხვა ტიპის კითხვებია, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი ხდება ტექსტის ფაქტობრივი მასალის დამახსოვრება, იდეურ-თემატური ანალიზი და მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე მსჯელობა.
აქვე მოსწავლეებს მიცემული აქვთ დავალება, თვითონ დასვან კითხვები. ეს კარგი სტრატეგიაა, რათა მათ გამოუმუშავდეთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
მოსწავლეს ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევისთვის სხვა დავალებაც — თვითონ მოიძიოს ისტორიული მასალა ამ საკითხზე და იმსჯელოს, რამდენად მისდევს ავტორი ისტორიულ მოვლენებს.
ასევე, დამოუკიდებლად უნდა გაავლოს პარალელი ამავე პოეტის ლექსთან „ფიქრნი მტკვრის პირას“ და გურამიშვილის „ქართლის ჭირთან“.
აგრეთვე, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას ემსახურება რამდენიმე დავალება; აქ მოყვანილია კიტა აბაშიძის ციტატა, რომელიც მეფის გადაწყვეტილებას გარკვეული არგუმენტებით ამართლებს.
დავალება კი ამგვარია: იმსჯელეთ, რა არის წარმოჩენილი პოემაში ისეთი, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ციტატაში მოცემულ თვალსაზრისს. აქვეა წიგნის ავტორის კომენტარი 1832 წლის შეთქმულებაზე და შემდეგ კვლავ დავალება, თუ როგორ განზოგადდა ნაწარმოებში ამ შეთქმულების მნიშვნელობა. ამას მოსდევს კვლავ ავტორისეული კომენტარი, რომელშიც ამ პოემაში ბუნების მხატვრული ფუნქციაა გაანალიზებული და სამსჯელოდ შეთავაზებულია პარალელის გავლება ილიას „დაკარგულ ედემთან“.
წერის უნარის გასავითარებლად დავალებად მიცემულია ესე: „როდის და რატომ კარგავს ქვეყანა დამოუკიდებლობას“, რომელსაც რამდენიმე მითითება რომ ახლდეს, კარგი იქნებოდა. აქვეა სადისკუსიო თემა შეთავაზებული.
როგორც ვხედავთ, სხვადასხვა ტიპის დავალება უხვადაა შეთავაზებული, რაც მასწავლებელს ყოველგვარ პირობას უქმნის, წინასწარ დასახული მიზანი, ტექსტის ყოველმხრივ გაანალიზებისა, თანმიმდევრულად მოცემული ამოცანების შესრულებით, წარმატებით განახორციელოს.
აქვე გამოვთქვამთ მცირე შენიშვნას: როგორ უნდა დაიწეროს ესე, ამის შესახებ რჩევა ცოტა მოგვიანებით, აკაკის ლექს „განთიადის“ შესწავლის შემდეგაა შეთავაზებული. კარგი იქნებოდა, პირველსავე მასალას ხლებოდა. ეს ხარვეზი შეიძლება შემდგომ გამოცემაში იოლად ჩასწორდეს.
ეს მოდელი მცირეოდენი ცვლილებით მეორდება ყოველი ტექსტის შესწავლისას.
ამ თემის სწავლებისას არ იყო საჭიროება მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტის გათვალისწინებისა თუ უცხო მოაზროვნეთა ციტირებისა, რაც სხვაგან არის, მაგალითად, მაქს ვებერის ციტატა მოხმობილია „დაკარგული ედემის“ სწავლებისას, თანაც საგულისხმოა, რომ ციტატას ახლავს დავალება, მოსწავლემ თვითონ დაინახოს და გააანალიზოს კავშირი ორ სხვადასხვა ტექსტს შორის. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა შემდეგი დავალებები: მოსწავლემ ერთმანეთს უნდა შეუდაროს გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე...“ ჯაკომო ლეოპარდის ლექსს „იტალიისადმი“. ილიას „კაცია-ადამიანის?!“ სწავლებისას მოყვანილია ფრაგმენტები ერაზმ როტერდამელის სატირული თხზულებიდან „სისულელის ქება“, ამავე თემაზეა მოხმობილი ლევ ტოლსტოის მოსაზრებაც ადამიანის სხეულებრივი და სულიერი ცხოვრების შესახებ.
საგულისხმოა ტექსტის შესასწავლად მოფიქრებული რუბრიკა „ლიტერატურის არსენალი“, რომელშიც ავტორის კომენტარებია ლიტმცოდნეობით თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ზოგ ტექსტს ახლავს რუბრიკა „ციტატა“, რომელშიც შემოთავაზებულია სასწავლო თემასთან დაკავშირებული ქართული და მსოფლიო კულტურის ცნობილ მოაზროვნეთა თვალსაზრისები შესაბამისი დავალებით. ასე ეცნობიან მოსწავლეები ნიკოლაი ჰარტმანის, კურტ ჰიუბნერის, მიგელ დე უნამუნოს, სემიონ ფრანკის, კიტა აბაშიძის, აკაკი ბაქრაძის, გრიგოლ რობაქიძის და სხვათა ნააზრევს.
„პარალელების“ რუბრიკაში ხშირად არის მასალა: „გთხოვთ წაიკითხოთ“, რომელშიც ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სხვადასხვა მწერლის რომელიმე ნაწარმოებს და მოსწავლეებს ურჩევს პარალელების გავლებას. მაგალითად, „ალუდა ქეთელაურის“ სწავლებისას ავტორი შეკუმშულად, ლაკონურად წარმოაჩენს, თუ როგორ უპირისპირდება ჰენრიკ იბსენის პიესა „ხალხის მტრის“ მთავარი გმირი, ექიმი სტოკმანი, საზოგადოებას და დავალებად აძლევს მისი ქცევის მოტივაცია შეადარონ ალუდა ქეთელაურისას. ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ სწავლებისას ჰერმან ჰესეს „ტყის კაცია“ გახსენებული. ვაჟას „სტუმარ-მასპინძლის“ სწავლებისას — სოფოკლეს ტრაგედია „ანტიგონე“, „ჰაკი აძბას“ სწავლებისას — ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ და მოპასანის ნოველა „ფუნთუშა“, ვაჟას „სინდისის“ სწავლებისას — ბაირონის „კაენი“, ჯავახიშვილის „ორი განაჩენის“ სწავლებისას — დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“, ნიკო ლორთქიფანიძის „სანახავათ“ სწავლებისას — ანტონ ჩეხოვის „როტშილდის ვიოლინო“, ილიას „განდეგილის“ სწავლებისას — გუსტავ ფლობერის „წმინდა ანტონის ცდუნება“, ემილ ზოლას „აბატ მურეს შეცოდება“, ტოლსტოის „მამა სერგი“. ეს, მართლაც, ძალიან კარგი სტიმულია ახალი წიგნის წასაკითხად და თანამედროვე ახალგაზრდების იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლის აღმოსაფხვრელად, რომელსაც უწიგნურობა ჰქვია.
როგორია ნინო შარაშენიძის მიერ დართული მასალა საერთო სათაურით „ენის სამყაროში“? ვფიქრობთ, ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხები. ეს მასალა ითვალისწინებს პრაქტიკულ მუშაობას.
ავტორი მხატვრული ტექსტისთვის ნიშანდობლივ ყველა ლიტმცოდნეობით საკითხს დაწვრილებით წარმოაჩენს და შესაბამისი დავალებებით ხელს უწყობს მოსწავლეს, უკეთესად გაერკვეს თითოეული მწერლის სტილსა და მხატვრული ხედვის თავისებურებაში. ამ დავალებათა მოდელი ასეთია: ჯერ არის მწერლის ენაზე საუბარი, შემდეგ ტექსტისთვის დამახასიათებელ რომელიმე შტრიხზე, ვთქვათ, არქაიზმსა და მის ფუნქციაზე, კონტრასტზე, ავტორისეულ თუ სხვა ტიპის თხრობაზე, სხვადასხვა სტილის — სამეცნიერო, პუბლიცისტურ, ოფიციალურ-საქმიან და მხატვრულზეა მსჯელობა; კლდიაშვილის სწავლებისას ყურადღება გამახვილებულია იუმორზე, ირონიასა და სატირაზე, მონოლოგის, დიალოგის, პოლილოგის რაობასა და ფუნქციაზე. მსჯელობაა სხვადასხვა ტიპის ესეზე. ყოველ საკითხს ახლავს შესაბამისი პრაქტიკული ხასიათის დავალება. ასე რომ, მოსწავლე გაიაზრებს მხატვრული ტექსტის შექმნის თავისებურებებს.
საგულისხმოა, რომ არის ასეთი დავალებაც: „გავიხსენოთ გრამატიკიდან და შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა“. აქ მოსწავლე, მასწავლებლის დახმარებით, გაიხსენებს მორფოლოგიის, სინტაქსის, პუნქტუაციის, სტილის საკითხებს და შეასრულებს დავალებას.
კარგია, რომ სახელმძღვანელო, შეძლებისდაგვარად, ილუსტრირებულია, ავტორთა ფოტოები და შინარსობრივი რეალიების ამსახველი ნახატებია ჩართული.
ასე რომ, სახელმძღვანელოს მთავარი ფუნქცია, უხელმძღვანელოს, გეზი მისცეს, გაარკვიოს მასწავლებელიცა და მოსწავლეც — შესრულებულია. მასწავლებელს ამომწურავი გეგმა აქვს მიწოდებული, თუმცა მისი დახმარება კითხვებზე პასუხისას, ყოველ თემაზე მსჯელობისას აუცილებელი იქნება და სწორედ აქ დასჭირდება მას საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების მოხმობა. ეს ცოდნა და გამოცდილება კი გამუდმებით უნდა შეიძინოს და დახვეწოს ქრთული თუ უცხოური სამეცნიერო და პედაგოგიკური ლიტერატურის გაცნობით.

მაია ჯალიაშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის
ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

25-28(942)N