გამოდის 1998 წლიდან
2011-02-11
წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია

ყველა ეპოქა თავის მოთხოვნებს უყენებს საზოგადოებას. XIX საუკუნის პირველი ნახევარი საბედისწერო ჟამი იყო საქართველოს ისტორიაში, ჟამი, როცა ქრისტეს სახელით, ქრისტეს სჯულს მწვალებლობა შემოერია, ჟამი, როცა ჩვენს თავზე "გადაქართველების საშიშროებამ გადაიქროლა".
ილია ჭავჭავაძეს ძალიან აწუხებდა საზოგადოების მოუმზადებლობა ცხოვრებისათვის. ამის ძირითად მიზეზად ის მიაჩნდა, რომ ყმაწვილებს არ ჰყავდათ მცოდნე მომვლელი ქალები. ეს უმთავრესად იმ სასწავლებლების არქონას უკავშირდებოდა, რომელსაც "ქალი, ოჯახის დედა და მეუღლე უნდა გამოეზარდა".
XIX საუკუნის 40-50-იან წლებში ქალთა განათლებისათვის მიღებული ღონისძიებანი ვერ აკმაყოფილებდა იმ დროის მოთხოვნებს. რუსეთის იმპერატორის 1856 წლის 5 მარტის ბრძანებით შეუდგნენ მზადებას საგუბერნიო ქალაქებში ქალთა სკოლების მოსაწყობად, გიმნაზიებთან მიახლოებული სწავლების კურსის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი ა. ნოროვი, იმავე წლის 28 მარტის სპეციალური ცირკულარით, სთხოვდა იმპერიის სასწავლო ოლქების მზრუნველებს, შეეტყობინებინათ, მათი ოლქის რომელ ქალაქებში იყო უფრო მიზანშეწონილი ქალთა სკოლების დაარსება, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისათვის, რა საგნები უნდა ასწავლონ ამ სკოლებში და როგორი უნდა იყოს მათი მმართველობითი სისტემა.
კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ა. ნიკოლაი აღნიშნული ცირკულარის მიღებისთანავე დაეკითხა ამ საკითხის შესახებ ამიერკავკასიის გუბერნატორებს და თბილისისა და ქუთაისის სახალხო დირექტორებს. მათ მოახსენეს ადგილობრივ ქალთა განათლებისადმი საკუთარი დამოკიდებულების შესახებ...
1847 წლის 14 მაისს, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების დიდი მონდომებით, რომლის თავმჯდომარე იმ პერიოდში ელისაბედ ვორონცოვა იყო და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის უშუალო ნებართვით, ქუთაისში დაარსდა რიგით პირველი ქალთა სასწავლებელი. მისი მიზანი იყო "კეთილი ცოლებისა და ოჯახის კარგი დედების აღზრდა".
ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოსათვის მართლაც საჭირო იყო ქალთა ასეთი სასწავლებლის დაარსება. იგი ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერა, უაღრესად საინტერესო, შინაარსობრივად დატვირთული და ზნეობრივად ამაღლებული სასწავლებელი უნდა გამხდარიყო. საწყისი სურვილები და მცდელობა ქართველი ინტელიგენციისა სწორედ ასეთი იყო.
კერძო შემოწირულებების ხარჯზე, თავდაპირველად ორგანყოფილებიანი ქალთა სასწავლებელი გაიხსნა ერთი კლასით, მისი კონტინგენტი 15-ს არ აღემატებოდა. ელემენტარულ კურსზე ისწავლებოდა საღვთო სჯული, რუსული და ქართული ენები, კალიგრაფია და სუფთა წერა. შემდეგ წლებში დაემატა ისტორია და გეოგრაფია.
ქუთაისის ქალთა სასწავლებელს მძიმე მატერიალურ პირობებში უხდებოდა არსებობა. ქუთაისი ამ დროს ეკონომიკურად და კულტურულად ჩამორჩენილი ქალაქი იყო.
სასწავლებლის პირველი მზრუნველი იყო ქალბატონი მარიამ უსპეხნი, ქუთაისის მაშინდელი გუბერნატორის მეუღლე. გარდა ამისა, სასწავლებელს მხარში ედგნენ და ეხმარებოდნენ ქალთა კეთილდღეობის საზოგადოების ქუთაისის გამგეობის წევრები და ამ გამგეობის მაშინდელი თავმჯდომარე ო. ლევაშევა. მისი ხელმძღვანელობით სასწავლებელთან შექმნილ ბიბლიოთეკას გადაეცა 150 ცალი წიგნი (ლევაშევას შემდეგ ამ საზოგადოებას თავმჯდომარეობდა პელაგია წერეთელი).
1860 წლიდან სასწავლებელი სამკლასიანად გადაკეთდა. თუ შევადარებთ მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდის პროცესს თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლისას, დავინახავთ, რომ იგი წინ უსწრებდა ქუთაისს. პირველად აქ 30 გოგონა სწავლობდა, ხოლო 5 წლის შემდეგ კი _ 196.
პანსიონში ჩარიცხულთ, გადასახადის სახით, ფულის მაშინდელი კურსით, 50 მანეთს სთხოვდნენ. სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, ამიტომ რეგიონის მცხოვრებლები რუსულში სათანადოდ მოუმზადებლობის გამო ვერ ახერხებდნენ ბავშვების შეყვანას სასწავლებელში, უჭირდათ პანსიონის ხარჯების გადახდაც. მეფის მთავრობას არ აწყობდა ქართველთა ლტოლვა სწავლა-განათლებისადმი. ისინი ცდილობდნენ ხელოვნურად შეექმნათ ბარიერები სასწავლებლის "განტვირთვისათვის", რამაც ხელი შეუწყო მის გადაქცევას შეძლებულ ოჯახიშვილთა სკოლად. თავდაპირველად სასწავლებელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კერძო შემოწირულებათა ხარჯზე არსებობდა.
მიუხედავად ხელისშემშლელი პირობებისა, ქართველთა ბუნებიდან გამომდინარე, სწრაფად იზრდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონტინგენტი. სასწავლებელი ოთხი კლასით დაკომპლექტდა, მაგრამ მაინც ვერ დააკმაყოფილა ქუთაისისა და რეგიონის მოთხოვნები. მოწინავე საზოგადოებამ დაიწყო ზრუნვა ქუთაისში ქალთა გიმნაზიის გახსნისათვის, ანდა, ზემოთ აღნიშნული ქალთა სასწავლებლის გიმნაზიად გადასაკეთებლად.
ქალთა სასწავლებელს ქართველი საზოგადოება თავისი ხარჯით, შემოწირულებებით ინახავდა. მაგრამ ის იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებდა, რაშიც ბრალი, ძირითადად, რუს პედაგოგებს მიუძღოდათ (დასაწყისისათვის სასწავლებელი რუსი პედაგოგებით დაკომპლექტდა). დროთა განმავლობაში, ქართველ პედაგოგთა რიცხვი თანდათანობით გაიზარდა. ამასობაში დაბრუნდნენ კიდეც მოსკოვსა და პეტერბურგში განათლებამიღებული ქართველები. თუმცა ისინიც რუსულად აღზრდილები იყვნენ და აზროვნებაც შესაბამისი ჰქონდათ. მათ შორის მაინც იყვნენ პედაგოგები, რომელთაც განსხვავებული ატმოსფერო და სუნთქვა შემოჰქონდათ სასწავლებელში.
1876 წელს ქუთაისს ესტუმრა კავკასიის მეფისნაცვალი თავადი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი. მას, ქუთაისის საზოგადოების სახელით, ქალთა კეთილდღეობის გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა პელაგია წერეთელმა სთხოვა, ნება დაერთოთ, რომ ქალთა სასწავლებლის ნაცვლად ქუთაისში გახსნილიყო ქალთა გიმნაზია. ეს თხოვნა მეფისნაცვალმა დააკმაყოფილა. მან აღძრა შუამდგომლობა განათლების სამინისტროში წარსადგენად. მალე, 1878 წლის 22 აგვისტოს, ქალაქის გუბერნატორის ნ. მალაფეევის თავმჯდომარეობით გაიმართა სასწავლებლის სამზრუნველო საბჭოს პირველი სხდომა.
ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში არსებული მასალები გვაუწყებს ამ სხდომის სრულ შემადგენლობას. სამზრუნველო საბჭოს წევრებმა: ქალთა კეთილდღეობის საზოგადოების ქუთაისის გამგეობის თავმჯდომარემ _ ქალბატონმა პ. წერეთელმა, ქალაქის თავმა თავადმა დ. აბაშიძემ, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ლევანდიმ, გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლმა ნ. წერეთელმა და სხვებმა გადაწყვიტეს, რომ ქუთაისში ქალთა სასწავლებლის ბაზაზე გაეხსნათ საქალებო გიმნაზია.
გიმნაზიის გახსნა ნამდვილ ზეიმად გადაიქცა. გიმნაზიის კურთხევა და საზეიმო გახსნა მოეწყო 1878 წლის 8 სექტემბერს. საგაზეთო და საარქივო მასალები იუწყებიან, რომ ზეიმზე სიტყვით გამოვიდა გუბერნატორი ნ. მალაფეევი, რომელმაც მთელი ქალაქისა და გუბერნიის მოსახლეობას მიულოცა სასწავლებლის გახსნა. ამ პერიოდისათვის ორ მოსამზადებელ და გიმნაზიის ხუთ კლასში ირიცხებოდა 119 მოსწავლე. 1879 წლის 1 იანვრისათვის მათი რიცხვი 160-მდე გაიზარდა.
გიმნაზიის გახსნას თან მოჰყვა სავალდებულო სწავლებისათვის საჭირო საგანთა ნუსხა: საღვთო სჯული, რუსული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, კალიგრაფია, გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა, პედაგოგიკა, ბუნებისმეტყველება, კანონმცოდნეობა, გერმანული და ფრანგული ენები, ტანვარჯიში, გალობა, ცეკვა (გალობა და ცეკვა სავალდებულო საგნებად ითვლებოდა), ხელგარჯილობა, ჭრა-კერვა, ქარგვა, ხაზვა, ხატვა.
1878-1881 წლებში სასწავლებელს დაემატა ახალი კლასები _ მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, ხოლო 1881 წლის სექტემბერში გაიხსნა მეორე კლასიც. მაგრამ ეს ისე მტკივნეულად განიცადეს ახალი, მოულოდნელი ხარჯებით შეშინებულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა, შეკრებებსა და პრესაში გაუგონარი ხმაური ატყდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მერვე ჯგუფი მაინც დაემატა.
ამგვარად, ახლად შექმნილი გიმნაზია რვაკლასიანი საქალებო გიმნაზია იყო. მას 1889 წლის 27 მარტიდან წმინდა ნინოს სახელი მიაკუთვნეს. სწავლება 12-წლიანი კურსით, 4 დაწყებითი განყოფილებით და 8 ძირითადი კლასით, შესაფერისი ზოგადსაგანმანათლებლო საგნების პროგრამით, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საკმაოდ დიდი კონტინგენტით მიმდინარეობდა.
გიმნაზიას ჰქონდა საანბანო განყოფილება, უმცროსი მოსამზადებელი კლასი, ძირითადი მოსამზადებელი კლასი და ძირითადი და პარალელური (მეორე) კლასი _ პირველი და მერვე კლასების ჩათვლით. აქ ძირითადად ქუთაისლები სწავლობდნენ, ხოლო ჩამოსულთათვის სასწავლებელს ჰქონდა პანსიონი, რომელიც შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. გარდა თავადაზნაურთა წარმომადგენლებისა, აქ სწავლის უფლება ეძლეოდა სხვა შეძლებული ოჯახის შვილებსაც, ვისაც კი საშუალება ჰქონდა გადაეხადა სწავლის ქირა, რომელიც წელიწადში 75 მანეთს შეადგენდა ოქროთი.
მოსწავლეებს უნდა ჩაებარებინათ მისაღები გამოცდები, რომელიც ყოველთვის აგვისტოში ტარდებოდა. მშობლები სასწავლებელში წინასწარ წარმოადგენდნენ განცხადებას. არქივში ბევრი მასალაა დაცული ამ საკითხთან დაკავშირებით. აქვე ინახება საგამოცდო უწყისებიც ნიმუშის სახით და წერითი ნაშრომები. მათ აზის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ბეჭედი _ ნატიფი გამოსახულება წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვრისა, რომელსაც ირგვლივ შარავანდედი ადგას.
გიმნაზიაში შემსვლელი გოგონები საგანგებოდ უნდა მომზადებულიყვნენ რუსულ ენაში. გიმნაზიის შინაგანაწესის მიხედვით, მშობელი წერდა განცხადებას და საგანგებოდ შედგენილ ტექსტში თავის თავზე იღებდა გარკვეულ მოვალეობებს. ჩამოთვლილი ვალდებულებანი ერთნაირად აუცილებელი იყო ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, VIII კლასის ჩათვლით.
სასწავლებლის პირველ კლასში მისაღებად მოსწავლე უნდა ყოფილიყო 9-დან 12 წლამდე, მეორეში _10-დან 13 წლამდე, მესამეში _ 11-დან 14 წლამდე და ა.შ. პედაგოგიურ საბჭოს, ამ მხრივ საპატიო მიზეზების საფუძველზე, ეძლეოდა უფლება, დაეშვა გამონაკლისიც. გიმნაზიაში მოსწავლე გოგონას მიღების თაობაზე იწერებოდა თხოვნა. ქუთაისის არქივში მისი ნიმუშიცაა დაცული. თხოვნას თან ერთვოდა მოსწავლეთა დაბადებისა და ყვავილის აცრის მოწმობები.
მიუხედავად იმისა, რომ ცენზურა კრძალავდა გიმნაზიის ნამდვილი სახის ჩვენებას, პრესას მაინც შემორჩა ზოგიერთ ავტორთა მამხილებელი სიტყვები: "ყველამ კარგად იცის, რომ ამ სასწავლებლის შინაური ცხოვრება ბევრნაირად არის დამახინჯებული. საკმაოა კაცი შევიდეს იქ, როდესაც დიდ ვაჟბატონებს არ მოელიან და გადაავლოს თვალი შეგირდების ცხოვრებას, მაშინ ბეჯითად დარწმუნდება, რომ იქ არსებობს მრავალგვარი უწესობა იმის გამო, რომ არ ჰყავს ხეირიანი მოთავე წრფელის გულით მზრუნველი მის შინაგან ცხოვრებაზედ. იმისთანა სიღარიბეს, რომელსაც ცხადად დაინახავთ ტანსაცმელში, სასმელ-საჭმელში, საწოლ-სახურავში, დაუგველს და დატალახიანებულს ოთახებში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვერ იხილავთ ვერც ერთ სხვა სასწავლებელში. უფრო ნაკლების საშუალებით, ქუთაისის (ქალთა) უფასო შკოლა, ათჯერ უფრო სუფთად და რიგიანად არის შენახული, ვინემ საქალებო გიმნაზიაში". ეს იყო შავბნელი დრო, როცა სასწავლებელში ტიმჩენკო-იარეშჩენკოს ქალი ბატონობდა. მისი დამთრგუნველი დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი, კეთილშობილი ქართველი პედაგოგების დევნა, მოწინავე მშობლების ტერორი, საერთო წესრიგისა და ჰიგიენისადმი უყურადღებობა სასწავლებელში ქაოსურ ატმოსფეროს ქმნიდა. ეს აუტანელი ყოფა გარკვეული ხნის მანძილზე გრძელდებოდა და ბოლოს, საბედნიეროდ, ტიმჩენკო-იარეშჩენკოს უფროსობა მალე დასავლეთ საქართველოდან ღამეული გაქცევით დასრულდა.
სასწავლებელში მოსწავლე გოგონების ჩაცმულობა მკაცრად იყო განსაზღვრული. მათ დირექციის მიერ დაწესებული ფორმა უნდა სცმოდათ. ეს იყო ლურჯი კაბა კლასიკური თეთრი საყელოთი და სამაჯურებით, შავი წინსაფრითა და ასევე შავი ბაფთით. ჩაცმულობას მკაცრად აკონტროლებდნენ. შვეიცარი ყოველდღე ამოწმებდა დაწესებული ფორმის სისუფთავესა და გარეგნულ ელფერს. უწესრიგობაში შემჩნეულ მოსწავლეს უკანვე გააბრუნებდა ხოლმე...
მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ დღიური, რომელშიც, გარდა აკადემიური მოსწრებისა, შეიძლებოდა მოთავსებულიყო მშობელთა განცხადებები, რომლებიც მოსწავლეთა ყოფაქცევას, სწავლასა და ჯანმრთელობას ეხებოდა. მშობელს უფლება ჰქონდა, სკოლაში გამოუცხადებლად, მოსწავლის დღიურით ჰქონოდა კონტაქტი კლასის დამრიგებელთან და მასში სხვადასხვა სახის მოთხოვნები ჩაეწერა.
ყოველ ჯგუფში ჰქონდათ მოსწავლეთა აღრიცხვის ჟურნალი. მასში ყოველდღიურად უნდა აღნიშნულიყო მდგომარეობა სასწავლებლის ცხოვრების ყველა სფეროდან, ეს იქნებოდა სასწავლო თუ საყოფაცხოვრებო. ჟურნალში იყო გრაფები, სადაც კეთდებოდა ინფორმაცია განიავების (ვენტილაცია), გათბობის, განათებისა და სხვადასხვა მასალებით მომარაგების შესახებ.
ზოგიერთ გრაფაში წარმოდგენილია გიმნაზიელთა საკვების, სასმელის, თეთრეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ვარგისიანობა. აგრეთვე აღნიშნულია, იყო თუ არა ჯგუფში საკმარისი სასწავლო საშუალებანი, სახელმძღვანელოები, ნოტები, საწერი ქაღალდები, ხელგარჯილობისათვის საჭირო ნივთები და მასალები. უნდა აღნიშნულიყო აგრეთვე, შემოწმდა თუ არა იმ დღეს შენობა და ეზო, წყლის მილები, აბანო, ტანვარჯიშისათვის საჭირო ხელსაწყოები, ჭურჭელი, წყალი.
გიმნაზიაში ყოველდღიურად სრულდებოდა დილის და საღამოს ლოცვები. სასწავლებელს მეორე სართულზე ჰქონდა სამლოცველო (შემდეგ სააქტო დარბაზი). კვირის წირვაზე ან სადღესასწაულო დღეებში მოსწავლეები ჰოსპიტლის ეკლესიაში დაჰყავდათ. კვირაში ორჯერ ტარდებოდა საღვთო სჯულის გაკვეთილი, რომელიც სავალდებულო საგნად ითვლებოდა.
წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში ყველა საგანი რუსულ ენაზე ისწავლებოდა. მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შემოღებულ იქნა ყველა საგნის სწავლება ქართულ ენაზე. ამიერიდან რუსულ ენას კვირაში მხოლოდ ორი გაკვეთილი დაეთმო. ასე რომ, ქართულმა და რუსულმა ენებმა როლები გაცვალეს. ადრე დაჩაგრულმა ქართულმა ენამ, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდებოდა და ისიც შაბათს, ბოლო გაკვეთილზე, ახლა უკვე თავისი ბუნებრივი, წამყვანი ადგილი დაიკავა გიმნაზიაში.
გამოცდები სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ ტარდებოდა _ დეკემბერსა და ივნისში. ამას კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები ერქვა, რომლის ჩატარების შემდეგ მოსწავლეს ეძლეოდა მოწმობა.
გამოცდების რაოდენობა კლასების ზრდასთან ერთად იზრდებოდა. მაგალითად, მე-4 კლასში იყო 6 ან 8 გამოცდა, მე-8 კლასში კი _ 10 გამოცდა. მე-8 კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლო პედაგოგიური საბჭო ისმენდა საგამოცდო კომისიის ანგარიშს მთელი წლის განმავლობაში გიმნაზიელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შედეგების შესახებ. იგივე საბჭო ადგენდა კურსდამთავრებულთათვის ოჯახის დიასახლისისა და ოჯახის მასწავლებლის წოდების მინიჭებას ცალკეული დარგების მიხედვით. მოსწავლეების დასაჯილდოებლად იყენებდნენ პირველი და მეორე ხარისხის ჯილდოს, ოქროსა და ვერცხლის კვერს. მასწავლებლის გამორჩეულობა ვერცხლის მედლითა და ალექსანდრეს ლენტით აღინიშნებოდა.
საისტორიო დოკუმენტებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ გიმნაზიაში დიდი ყურადღება ექცეოდა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას. ქალთა გიმნაზიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულად "ნინოობა" ითვლებოდა.
აქტიურობას იჩენდნენ საეკლესიო წრის წარმომადგენლებიც და გიმნაზიის ხელმძღვანელობას მიმართავდნენ თხოვნით, რომ მნიშვნელოვანი თარიღის დროს გიმნაზიელ ქალებს თავისუფლება და ყოველმხრივ ხელშეწყობა ჰქონოდათ, რომ ევლოთ ეკლესიაში და დასწრებოდნენ წირვა-ლოცვას.
ისე როგორც საგნების სწავლება, წირვაც, მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. წმინდა ნინოს ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებაც რუსულად საუბრობდნენ. გაზეთ "იმერეთის" ფურცლებზე დაბეჭდილია გულისტკივილით აღსავსე წერილი _ "წმინდა ნინოს დღესასწაულის გამო". "14-ს ამ თვეს ჩვეულებრივათ იდღესასწაულა ქუთაისის საქალებო სასწავლებელმა თავისის ტაძრის წმინდანის ნინოს დღეობა. მწირველი იყო ყოვლად სამღვდელო გიორგი. წირვაზე გალობდა სასწავლებლის გუნდი. სასწავლებლის მღვდელმა დღის შესაფერისი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც განუმარტა შეგირდებს აღმზრდელობითი მნიშვნელობა ტაძრისა. წირვის დროს კვერექსები აქა-იქ ქართულადაც ისმოდა. გალობა კი არ ყოფილა ქართული. არ ვიცი, არ იცოდნენ თუ არ ისურვეს".
სასწავლებელი თავიდანვე დაკომპლექტებული იყო რუსული ეროვნების მაღალპროფესიონალური და განათლების დარგში უანგაროდ მოღვაწე პედაგოგებით. თუმცა, მათ შორის იყვნენ უკიდურესად ქართველთმოძულე ადამიანებიც...
კონსტანტინე გაბარაშვილის ინსპექტორობის ხანა გარკვეული სიმშვიდის ხანა იყო წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. მან ბევრ დევნილ ახალგაზრდას გაუთბო ობოლი გული. შეწყდა მაბეზღარობა, მონური მორჩილება და დამამცირებელი მაამებლობა. გაზეთებში იბეჭდებოდა წერილები წმიდა ნინოს სასწავლებლის ქება-დიდებითა და აქ ჩატარებულ ღონისძიებათა ხოტბით. სკოლაში ნამდვილი ქართული სული დატრიალდა, მაგრამ ასე, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა.
გიმნაზიაში შეიქმნა მასწავლებელთა და მშობელთა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მოსწავლეების მაღალზნეობრივად აღზრდისათვის. ყველა ამ მნიშვნელოვან მოვლენას კ. გაბარაშვილი ხელმძღვანელობდა.
ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელს წლების განმავლობაში არ ჰყავდა მუდმივი პედაგოგიური კადრები, გარდა დაწყებითი კლასებისა. უფროსი კლასების მასწავლებლები მიწვეულნი იყვნენ ვაჟთა გიმნაზიებიდან. სასწავლებელს არ ჰყავდა საკუთარი დირექტორიც. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ითვლებოდა და სასწავლო ნაწილს ის განაგებდა. ამ საქმეს სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ შავრაზმელი დირექტორები: ლევანდი, კოცებე, სტოიანოვი და სხვები, რომლებიც აშკარად დევნიდნენ ქართულ ენას.
ქალთა გიმნაზიაში ქართველ პედაგოგთა რიცხვი 10%-საც კი არ აღწევდა. აი, რას გვიამბობს XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის 20-იანი წლების ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ივანე პურადაშვილი ამის შესახებ: "რუსული ენის მასწავლებელმა დზუბინსკიმ ქართულ ენას "ძაღლის ენა" უწოდა". ამის გამო ახმაურდა საზოგადოება, გაიმართა მიწერ-მოწერა, მაგრამ უშედეგოდ _ ამის გამო შოვინისტი მასწავლებელი კვლავ განაგრძობდა თავის საქმიანობას.
მოწინავე საზოგადოება ცდილობდა, პასუხი გაეცა ასეთი გამოხტომებისათვის. იყო ერთეული გაკიცხვები, ცალკეული გამოსვლები, რომლებიც ზოგჯერ მკვლელობითაც კი მთავრდებოდა. მაგრამ ეს საერთო ამინდს ვერ ცვლიდა.
როგორც ცნობილია, თბილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლაღიაშვილმა, 1886 წელს, მოკლა სემინარიის რექტორი, რეაქციონერი ა. ჩუდეცკი. მოგვიანებით, ქუთაისში, რეალური სასწავლებლის შენობაში გამართულ "ბალზე", მკურნალის "გიმნაზიის" მოსწავლემ იოანე ლორთქიფანიძემ (ტიტე ლორთქიფანიძის ძმა), სასიკვდილოდ დაჭრა რეალური სასწავლებლისა და კლასიკური გიმნაზიის დირექტორები, ცნობილი შავრაზმელები _ ლეონტიევი და გლუშაკოვი. განთქმული ქირურგის როდზევიჩის სასწრაფოდ ჩარევამაც ვერ იხსნა ისინი საშინელი დასახიჩრებისაგან. მათ საჩქაროდ დატოვეს ქუთაისი. რამდენიმე თვის შემდეგ დაიჭირეს იოანე ლორთქიფანიძე. არასრულწლოვნების მიუხედავად, სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილი მიუსაჯეს. ამ ინციდენტის შემდეგ უფრო გაძლიერდა ქართველი მოსწავლეების დევნა-შევიწროება.
ქალთა გიმნაზიაში სწავლა, ალბათ, ტრაგედიად გადაიქცეოდა, რომ არ ყოფილიყვნენ ის მოწინავე მასწავლებლები, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვლიდნენ მათ. ასეთები იყვნენ განათლების დარგში უანგაროდ მოღვაწე პედაგოგები: თეიმურაზ ჭუმბურიძე, შალვა თაბუკაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ბაბო მჭედლიძე, მექი ხელიძე, ედუკი მაჭავარიანი, გიორგი დევდარიანი, მარუსია ხუნდაძე, იოანე არსენიშვილი, ივანე წულუკიძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, პლატონ წულუკიძე, ივანე ჭეიშვილი, ბათლომე კუხიანიძე და სხვ.
1921-1924 წლებში სასწავლებელს ხელმძღვანელობდა არკადი ჩხენკელი. 1924 წლიდან ცენტრალური საჩვენებელი სკოლის დირექტორი იყო ნიკოლოზ მისაბიშვილი _ უაღრესად განათლებული და ერუდირებული პიროვნება, მთელი რიგი სახელმძღვანელოების ავტორი. იგი 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. 1956 წელს ნ. მისაბიშვილი რეაბილიტირებულ იქნა.
წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია ამაყობს აღზრდილთა შესანიშნავი თაობებით, რომელთაც სხვადასხვა დროს უსწავლიათ სასწავლებელში, მათ შორის უნდა აღინიშნოს: ვერიკო ანჯაფარიძე, ოლია ოკუჯავა, თამარ წერეთელი, თამარ ბოლქვაძე, მავრა და გოგუცა კუპრაშვილები, ფატი და თამარ გოკიელები, რევაზ ჩხეიძე, როდამ ჩაჩანიძე, მერი დავითაშვილი, გიორგი ნიორაძე. აქ აღიზარდნენ აკადემიკოსები: ირაკლი ჭუმბურიძე, თემურ იოსელიანი; პროფესორები: ვიტალი კაკაბაძე, ჯუმბერ ჭუმბურიძე, კოტე ანთაძე; მეცნიერების, კულტურის და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მრავალი წარმომადგენელი.
ამ სასწავლებელში, ძირითადად და ტრადიციულად, ქართული არისტოკრატიული და ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელთა შვილები სწავლობდნენ.
ამგვარად, აღნიშნული სასწავლებელი დაარსებიდან, ე.ი. 1847 წლიდან, ქალთა სასწავლებლად იწოდებოდა, 1878 წლიდან _ ქალთა გიმნაზიად, 1889 წლიდან _ წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიად, ხოლო 1921 წლიდან _ მესამე ჰუმანიტარულ ტექნიკუმად, 1924 წლიდან _ ცენტრალურ საჩვენებელ სკოლად... 1995 წლიდან სასწავლებელი ისევ წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიად იწოდებოდა, ამჯერად ის ქუთაისის #3 საჯარო სკოლაა.

ლია გაბუნია
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ახალი ისტორიისა და განათლების
განყოფილების კოორდინატორი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის
დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი

გურამ გაბუნია
სრული პროფესორი,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

25-28(942)N