გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
სამაგალითო სკოლა ნოვაციით და ტიპური პრობლემებით

თბილისის 182-ე საჯარო სკოლა (დირექტორი — სოფო საბულუა) ანალოგიური ტიპის დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც სპორტი შემოსავლის წყაროდ აქციეს. სკოლამ ამას საცურაო აუზის ამუშავებით მიაღწია, სადაც ახლა ფასიანი ჯგუფებიცაა გახსნილი. აუზი აქ ადრეც არსებობდა, მაგრამ ბოლო წლების ძნელბედობამ ისიც შეიწირა, თუმცა ბოლომდე არ განადგურებულა. მოგვიანებით დირექციამ მისი გარემონტება განიზრახა, თუმცა ხელოსნებმა იმდენად დიდი თანხა მოითხოვეს, მის გადახდას სკოლა ვერაფრით შეძლებდა, ამიტომ ისევ საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს გარემონტება. ნელ-ნელა, ეტაპობრივად და თანდათან საქმე წინ წასწიეს და შარშან აუზი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ის არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეების, არამედ მთელი დასახლებისთვის მუშაობს. თავიდან ანაზღაურება შიდა და გარე კონტინგენტისთვის განსხვავებული იყო, მაგრამ ახლა ყველასთვის საერთოა. ჰყავთ პროფესიონალი კადრიც და წვრთნის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. ცხადია, ინტერესიც ძალიან დიდია — ზამთარში მსურველთა რაოდენობა, ჩვეულებრივ იკლებს ხოლმე, მაგრამ ამ სეზონზე 150-მდე ბავშვი მაინც დადიოდა, ახლა კი კონტინგენტის გაზრდას ელოდებიან.
ამ აუზის ამუშავება იმის მაგალითია, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება შეიძლება — როცა მსგავსი აუზები მთელი ქვეყნისთვის პრობლემაა და ისეთ დიდ ქალაქშიც კი, როგორიც „საქართველოს მეორე დედაქალაქად“ წოდებული ქუთაისია, აუზის არარსებობის გამო, ბავშვებს ცურვას... ჩვეულებრივ ოთახში, იატაკზე ხელების ქნევით ანუ ცურვის იმიტაციით ასწავლიან (ალბათ, გახსოვთ ეს ცნობილი ტელესიუჟეტი, არც ისე დიდი ხნის წინ მთელი ინტერნეტსივრცე რომ მოიარა), ერთმა რიგითმა სკოლამ ამის გაკეთება მოახერხა! მართალია, აუზის შენახვა ცოტა ძვირი სიამოვნებაა და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შემოსავალიც იმდენია, საკუთარი თავის შენახვა შეუძლია. უბრალოდ, თვით აუზის გაკეთებაა იმდენად ძვირადღირებული სამუშაო, ამას თავისი ხარჯით სკოლები კი არა, წმინდა კომერციული ტიპის ორგანიზაციებიც კი ვერ შეძლებენ. თან მშენებლობის თანხას წყლის გათბობის, ელექტროენერგიის და სხვა ტიპის ხარჯებიც ემატება. შარშან ამ აუზის გახსნას რაიონის მაჟორიტარი რუსუდან კერვალიშვილიც კი ესწრებოდა, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ კი ეს სკოლა სამაგალითოდ და იმის ნიმუშად დაასახელა, თუ როგორ უნდა გამონახოს სკოლამ სახსრები.
თუმცა, სკოლის ერთადერთი ღირსება საცურაო აუზი არაა. ის გარეუბანში, ვარკეთილში მდებარეობს და 1305 მოსწავლე ჰყავს, სპორტში კი დიდი ტრადიციები აქვს. აქაურები მუდმივად მონაწილეობენ კალათბურთის, სკოლბურთის, ფრენბურთის თუ სხვა სახეობების გათამაშებებში — რესპუბლიკურშიც, საქალაქოშიც, სარაიონოშიც და წარმატებებიც მოეპოვებათ. მაგალითად, შარშან ქვეყნის სკოლბურთის ჩემპიონატში მესამეზე გავიდნენ, ფრენბურთშიც მოიპოვეს მედლები, წარმატებით გამოვიდნენ „მხიარულ სტარტებში“ — მეორეზე გავიდნენ... თუმცა, მოსწავლეთა გარდა, აქაურები მასწავლებელთა შორის გამართულ სპორტულ ღონისძიებებშიც მონაწილეობენ და იქაც წარმატებით. მაგალითად, შარშან, განათლების მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით ჩატარებულ ქვეყნის „მასწავლებელთა თამაშებში“ მონაწილეობდნენ (ეს კომპლექსური ღონისძიება იყო, ანუ სპორტის რამდენიმე სახეობაში გაიმართა) და გაიმარჯვეს კიდეც. ტრადიცია წლეულსაც გრძელდება — რამდენიმე დღის წინ სკოლის კალათბურთელთა გუნდმა საქალაქო პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. პარალელურად, ახალი შეჯიბრებებისთვის ემზადებიან.
ქვეყნის სხვა სკოლების მსგავსად, სპორტის გაკვეთილები აქაც ახლებურად ტარდება — VI კლასამდე ბავშვებს საერთო ფიზმომზადებას ასწავლიან, იმის ზევით კი უკვე დიფერენცირებული მიდგომაა სპორტის სახეობების მიხედვით. სკოლამ მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით სამი სათამაშო სახეობა აირჩია — კალათბურთი, ფრენბურთი და ხელბურთი, თუმცა ისევ და ისევ ბავშვთა სურვილის გათვალისწინებით, გაკვეთილებზე სახეობების გადანაცვლება ხდება.
ცურვის გარდა, სკოლაში კალათბურთის ფასიანი სექციაც მუშაობს, ოღონდ მისი სტილი პრინციპულად განსხვავდება საგაკვეთილო კალათბურთისგან — იქ უკვე პროფესიულ დონეზე ასწავლიან თამაშს, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. სხვანაირად რომ ვთქვათ, კალათბურთს გაკვეთილზე თუ მაინც უფრო გასართობი ფუნქცია აკისრია, ამ სპეციალურ მეცადინეობებზე კი პროფესიულ ასპექტებზე ამუშავებენ, დიდი სპორტისთვის ამზადებენ. ეს მსურველებისთვისაც სტიმულია — დიდ სპორტში გზის გაკვლევის შანსი ეძლევათ. განსხვავებულია მასწავლებელთა მიდგომაც. ცურვისა და კალათბურთის ფასიან ჯგუფებში ადგილობრივი მოსწავლეების გარდა, ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სკოლას კადრები არ უჭირს, მაგრამ დიდი პრობლემაა ბაზა, ინვენტარი. სკოლას ღია მოედნები კი აქვს, მაგრამ იქაურობა მოუწყობელია და თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს. ისე, ცოტა გასაკვირი კია — რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, ხელოვნურსაფარიანი მოედნების ბუმი იყო. ეს ძალიან კარგია და მისასალმებელი, მაგრამ პარადოქსია, რომ ამის პარალელურად სკოლების სპორტული ბაზებით უზრუნველყოფა არავის მოჰგონებია. მართალია, იმ მოედნებს სხვა სამინისტრო აშენებდა, ეს კი სხვისი გასაკეთებელია, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, ერთიანი ხედვა სპორტში, თორემ ხელისუფლებისთვის უწყებრივი ფუნქციები სულ ერთია — საჭირო თანხა ორივე სამინისტროსთვის ერთი და იმავე ბიუჯეტიდან გაიცემა. ვფიქრობთ, მომავალი თაობის ჯანმრთელად აღზრდას მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს — ჯანმრთელი ადამიანი ხომ ქვეყნის თავდაცვისუნარიან მოქალაქეს ნიშნავს, მოსახლეობის გაჯანსაღებაზე დახარჯული ფული კი სოციალური ფონდების შემცირებას იწვევს — ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე — დაავადებულის განკურნება. დასავლეთი სწორედ ასე უდგება საკითხს, ჩვენთან კი ამ მარტივ ჭეშმარიტებას ჯერაც ვერ აფასებენ.
დირექცია იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულში ღია მოედნებიც გაკეთდება, თუმცა ამგვარი დაპირება ზემდგომთაგან ადრეც არაერთხელ მიიღეს. ეს კარგი სამსახური იქნება არა მარტო ამ სკოლის, არამედ მთელი უბნის ახალგაზრდობისთვის. იმედია, დაპირება ამჯერად მაინც შესრულდება, მანამდე კი, ამ სკოლის მთელი სპორტული ბაზა ერთადერთი დახურული დარბაზით შემოიფარგლება და ისიც ძალზე პატარაა, არასტანდარტული — 24X12. დაგვეთანხმებით, 1300 ბავშვისთვის ეს ძალზე ცოტაა, თუმცა მეორე პრობლემაა ის, რომ არც ინვენტარი ჰყოფნით. ესეც კიდევ ერთი გადაუჭრელი დილემა არა მხოლოდ ამ სკოლის, ზოგადად — ყველასთვის.
ყველაფრის მიუხედავად, სკოლა ამ პირობებშიც კი ახერხებს, აქტიურად იყოს ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. მართალია, დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ მაინც. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რა ღონისძიებებში არიან ისინი ჩართულნი, თუმცა ოფიციალურ ასპარეზობებამდე ჯერ სკოლაში ტარდება შიდა შესარჩევი შეჯიბრებები, სადაც სკოლის ნაკრების წევრებს არჩევენ. სკოლაში ამ შიდა შეჯიბრებებისთვის ცხრილიც კი შეადგინეს, რაც, ძირითადად, დამატებითი გაკვეთილების ხარჯზე ხდება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ სკოლა მონაწილეობს არა მხოლოდ იმ სამ არჩეულ სახეობაში გამართულ ტურნირებში, არამედ — სხვა სახეობებშიც.
რაც შეეხება ახლებურ მიდგომას, ანუ ნოვაციას — სპორტის გაკვეთილების შემოღებას, მიესალმებიან და მიაჩნიათ, რომ ადრინდელთან შედარებით, დღეს პროგრესია. მათი აზრით, ეს მოდელი მეტ-ნაკლებად მოიცავს ყველა ბავშვის ინტერესს. იქნებ ყოველ გაკვეთილზე მათთვის მისაღები სახეობა არ იყოს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ამის დროც დადგება. ცხადია, არის შემთხვევები, როცა ვიღაცას, ვთქვათ, ფრენბურთი უნდა და არა კალათბურთი, მაგრამ ამაზე მასწავლებლები აქეთ სვამენ კითხვას — ქიმია, ფიზიკა ან სხვა საგანი განა ყველას უნდა, მაგრამ მაინც ხომ სწავლობენო? როგორც ზევით გითხარით, მასწავლებლები — მალხაზ ანდღულაძე, პავლე მაჩაიძე და გივი სუხოშვილი ყველას ინტერესის გათვალისწინებას ცდილობენ.
იმედს ვიტოვებთ, ახალ სასწავლო წელს ეს სკოლა განახლებული სპორტული ბაზით შეხვდება, რაც აქაური ბავშვებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება. თუმცა, როგორც გითხარით, ანალოგიური პრობლემა ძალიან ბევრ სკოლას აწუხებს თბილისშიც და რეგიონებშიც. კარგი იქნება, სახელმწიფო ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე კომპლექსურად თუ იმსჯელებს.

ირაკლი თავაძე

25-28(942)N