გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
რომანტიკული ფერები

იმ თავისებურებათა შორის, რომლებიც განსაზღვრავენ მწერალთა ინდივიდუალობას, გარკვეული ადგილი უკავია ფერთა გამოყენებას. რომანტიკოსთა შემოქმედებაში ფერები, როგორც წესი, ახდენენ საგანთა კონტურების ნიველირებას; დამახასიათებელია აგრეთვე მკვეთრი კონტრასტის პრინციპი. იტალიელი ხელოვნებათმცოდნე ვენტური აღნიშნავს: „რომანტიკულმა ფერწერამ სტატიკას დინამიკა დაუპირისპირა, უკიდურეს დამთავრებულობას — დაუმთავრებლობა, ობიექტურობას — ჭარბი სუბიექტურობა, სიმკვრივეს — ჰაეროვნება, საგნებს — განათების ეფექტი, გაქვავებულს — მუდმივი ცვალებადობა. ფერწერის მთავარი პრობლემა გახდა ფერი, რომელმაც ბოლო მოუღო პლასტიკურ ფორმას და უარყო სკულპტურული მოდელი“ (Л. Вентури, Художники нового времени, М., 1956, с.54). ეს თვალსაზრისი, გამოთქმული გოიასა და დელაკრუას, კოროსა და ტერნერის და მათ თანამედროვე მხატვართა შესახებ, არსებითად რომანტიკოს პოეტთა ფერთამეტყველებაზეც ვრცელდება.
ფერწერის თვალსაზრისით რომანტიკული პოეზია უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია, ვიდრე ზოგი სხვა ლიტერატურული სისტემა, მაგალითად, კლასიციზმი. რომანტიზმმა მანამდე არნახული ყურადღება დაუთმო ფერებს, ფერთა აღმნიშვნელ ლექსიკას, რომლებიც ძირითადად ბუნების არაპლასტიკური ფერწერის ამოცანას ემსახურება.
ცხადია, განსაკუთრებით მდიდარია ფერების სპექტრი რომანტიკული პოეზიის ერთ-ერთ მთავარ ნაკადში — პეიზაჟურ ლირიკაში და შედარებით ნაკლებად არის წარმოდგენილი მედიტაციურ ლექსებში, სადაც მთავარი ადგილი „შინაგან მონოლოგს“, აღსარებას უკავია. მედიტაციური მიზნებისათვის მეტწილად არასპექტრალური ფერები (თეთრი, შავი, რუხი) გამოიყენება.
ფერი პოეტურ მეტყველებაში რომანტიზმის აღმოჩენა როდია. მაგრამ ამ მხრივ იგი გაცილებით მდიდარია, ვიდრე წინამორბედი პერიოდის ლიტერატურა.
ქართულ პოეზიაში ალ. ჭავჭავაძე პირველია, რომლის ლირიკაში, თავს იჩენს ახალი პოეტიკის, მათ შორის რომანტიკული კოლორიზმის ნიშნები. მართალია, ფერთა აღსანიშნავად იგი ხშირად იყენებს ტრადიციულ ლექსიკურ საშუალებებს („მელნის ტბა“, „ბაგე-ვარდი“, „გიშერი“, „სპეტაკი“ და სხვ.), მაგრამ ამასთანავე მის ლექსებშიც გვხვდება იმ დროის დასავლურ და რუსულ პოეზიაში გაბატონებული ეპითეტი „ლაჟვარდის ფერი“. ასევე მის არაერთ ლექსში შავი ფერი ევროპული რომანტიზმის ინტერტექსტს ეხმაურება.
ინდოევროპულ ენებშიც გავრცელებული „ლაჟვარდი“-ს, „ლაჟვარდოვანი“-ს ეტიმოლოგია არაბულ „აზულ“-ს უკავშირდება. ევროპული რომანტიზმის ზეგავლენით ეპითეტი „ლაჟვარდი“ ქართული რომანტიზმის სამივე დიდ წარმომადგენელთან გვხვდება, მათ შორის ალ. ჭავჭავაძე ერთ-ერთ ყველაზე ადრინდელ ლექსში „სახე შენი“: „მეტმან ცრემლმან ლაჟვარდის ფერ მალება“. „გოგჩა“ ალ. ჭავჭავაძის ყველაზე უფრო რომანტიკული ხასიათის ლექსია და არაა შემთხვევითი, რომ მასში ზეცის ფერის მსაზღვრელად გამოყენებულია „ლაჟვარდი“.
ალ. ჭავჭავაძის ლინგვოსპექტრში განსაკუთრებით ხშირია შავი ფერის აღმნიშვნელი სიტყვები, მათ შორის: შავი და მელნის ტბა (ცხრაჯერ), წყვდიადი (სამჯერ), სიბნელე და ბნელი (ოცჯერ), გიშერი (შვიდჯერ), თალხი, ღამის ფერი, ჩადრბურვილი (ერთჯერ).
პყრობილი პოეტი წყევლის „სადგურსა ბნელსა, ყოვლით თალხსა“ („ოჰ, წარმავალნო“); რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციით გამოწვეულ ეროვნულ ღაღადისში „ისმინეთ, მსმენნო“ შექმნილი ვითარების დასახასიათებლად მუქად შეფერადებულ სახეებს მიმართავს: „პირბნელნი სათნი“, „დაგვახვიეს თავს ბნელნი ბურნი“ და სხვ.
მრავალჯერაა გამოყენებული თეთრის აღმნიშვნელი ლექსიკა: ფერმკრთალი, ნათელი, გამკრთალი, ფერმიხდილი, მიმქრალი, მნათი, მნათებლობს და სხვ.
ალ. ჭავჭავაძის ლირიკაში თავს იჩენს აგრეთვე მწვანე ფერის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ეს არის ბუნებისადმი ინტერესის გამოვლინების ერთ-ერთი ნიშანი: „ველსა ვსხდეთ მწვანით შემკულსა“ („ლოთური სიმღერა“); „მაისის ვარდმან ფურჩნილმან, ბეზეკმან მწვანით მკობილმან, ბულბული ათრო სუნითა“ („მაისის ვარდმან“); „მწვანესა ჰრთოდა თრთვილის წილ ნამი“ („მიწურვილობდა ზამთრისა ჟამი“); „და თქვენს მწვანეზე სრბოლით გულის წყლულს დავიამებ“ („გუთნის დედა“).
„გოგჩა“-ში მწვანე და ცისფერი არა იმდენად განწყობილების, რამდენადაც ბუნების ფერწერას ემსახურება: „თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ“.
მწვანე ფერის შემოჭრა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ პოეზიაში ბუნების თემის დამკვიდრებას დაუკავშირდა. ინგლისურ რომანტიკულ პოეზიაში მწვანე ერთ-ერთი უფრო გავრცელებული ფერია. უორდსვორთი ამ ფერს იყენებს ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე რომელიმე სხვა ფერს და იგი, როგორც წესი, ბუნების მშვენიერებას უკავშირდება. ასევე კიტსის ლექსებში ნახსენებია მწვანე ბალახი, მთები და ხეები.
ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში რომანტიზმი ჯერ კიდევ არ არის მოცემული დასრულებული სახით, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა მწვანე ფერის შემოჭრა მის პოეზიაში ბუნების მოვლენათა აღწერის მიზნით. საინტერესოა, რომ პუშკინის „სპილენძის მხედრის“ თარგმანში პოეტმა ასე თარგმნა: „ზურმუხტის ფერნი ბაღნი“. ზურმუხტისფერი მწვანის აღსანიშნავად შემდეგ გამოყენებული აქვთ გრ. ორბელიანსა და ვახტანგ ორბელიანს.
ალ. ჭავჭავაძის ლირიკაში სპექტრის ფერები — მწვანე და ცისფერი — ახალ რომანტიკულ ტენდენციებს უკავშირდება, თუმცა უპირატესად გამოყენებულია შავი ფერის სიტყვათა ჯგუფი. აქ შეიძლება მივუთითოთ, რომ ბაირონის ლირიკაშიც მინიმალურად არის გამოყენებული სპექტრალური ფერები. მისთვის დამახასიათებელია ასეთი გამოთქმები: „ბნელი მომავალი“, „ბნელი გონება“, „სულის სიღრმეში სუფევს სიბნელე“, „შავბნელი ბედი“, „ბნელი ფიქრები“, „ჩემს სულში უკუნია“ და სხვ.
ნ. ბარათაშვილის ლირიკაში იშვიათია ფერის აღნიშვნის ტრადიციული საშუალებანი. არც ერთხელ არ იჩენს თავს „მელნის ტბა“, ლალისა და ბაგეთა შედარება, ხოლო ღაწვები და ვარდი მეტად თავისებურად არის ურთიერთდაკავშირებული. „ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა“ („ღამე ყაბახზედ“), „პაწაწა ტუჩნი, ვარდებრ ნაფურცლნი“ („ნა... ფორტეპიანოზედ მომღერალი“).
ბარათაშვილს არა აქვს გამოყენებული არც ერთი სპექტრალური ფერი, გარდა ცისფერისა, და მხოლოდ „ბედი ქართლისას“ ლირიკულ გადახვევაში — „მორბის არაგვი, არაგვიანი“ — მიმართავს მწვანე ფერს: „არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს“.
უხვად არის გამოყენებული მის პოეზიაში ნეიტრალური ფერები: შავი, ბნელი, ბუნდოვანი, შუქმიბინდული, ბინდი, დაბინდული, წყვდიადი; თეთრი, სპეტაკი, ნათელი, განანათლე, ციური, ნათლდება და სხვ. ამ სიტყვათა ჯგუფს ხშირად არა ფერითი დახასიათების, არამედ ემოციური განწყობის ფუნქცია აკისრიათ. „მერანში“ პოეტი შავი ფერის საშუალებით იძლევა ყორნის უაღრესად პლასტიკურ სახეს („უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“), იქვე შავი ფერი არავიზუალურ მოვლენას — ფიქრს — უკავშირდება („და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი“). ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე გრ. ორბელიანის ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ („აღარ გვიბრწყინვის შავ დროთა ძალით ფერ წახდენილი“) და იქვე ფერწერულად არის წარმოსახული უკუღმართი აწმყოს სიმბოლო:
და რაც დაეცა
ის წარიტაცა
შავმან ყორანმან,
ვით უმწე მსხვერპლი!
ქართველმა რომანტიკოსებმა ნაყოფიერად გამოიყენეს ბნელისა და შავის სემანტიკური შინაარსი არა იმდენად კოლორისტული დახასიათების, როგორც თავიანთი სულიერი განწყობილების გამოსახატავად, თუმცა შავი ფერის სიტყვების ჯგუფს, გადატანითი მნიშვნელობით ხმარების დროსაც, მაინც შემოაქვს ლექსში გარკვეული ფერითი ეფექტი. ბარათაშვილის ლექსებშიც შავი ფერი, არაფერწერული ფუნქციით, ჩვეულებრივ სევდასა და წუხილს გამოხატავს: „ბნელი გული გამომიდარე“ („ჩემს ვარსკვლავს“), „შავი ბედი“ („ჩემთ მეგობართ“, „მერანი“), „ჩემს გულს წყვდიადი დაისადგურებს („ვპოვე ტაძარი“, „მერანი“).
გრ. ორბელიანის ლექსებშიც „შავი“ და მისი სინონიმები ხშირად განსაზღვრავენ არა საგანს, არამედ არავიზუალურ მოვლენებს: „შავი ბედი“ („მირზაჯანას ეპიტაფია“ და „საათნავას მიბაძვა“), „გულის სიბნელე“ („ჩემს დას ეფემიას“), „შავი ფიქრნი“ („მუხამბაზი“) და სხვ.
ხშირად იყენებს ბარათაშვილი თეთრი ფერის ეფექტს. შეიძლება ითქვას, რომ თეთრი მის ლირიკაში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც — მწვანე ფერი კიტსის ლექსში „ოდა ბულბულს“.
ბარათაშვილის ლექსებში ისეთი განსაზღვრებები, როგორიცაა — მნათი, განანათლოს, ნათელი, ცისიერი, ციური — თეთრის ემოციურ შეგრძნებას ქმნიან და სულიერების, ზეციურობის შინაარსს ატარებენ.
„ციური“ ბარათაშვილის ლექსებში თეთრი ფერის შინაარსს უახლოვდება, ყველგან სინათლესა და სიწმინდეს უკავშირდება: „კვლავ ციური ცეცხლი გამოისარე“ („ჩემს ვარსკვლავს“), „მაშ რად ერჩები მათ შორის და ციურთ დაედარები, მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი“ („არ უკიჟინო“), „და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი“ („ვპოვე ტაძარი“), „თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფიალებისა ცეცხლი ციური“ („ჩინარი“), „დამაფრქვევს ცვარს ციურს“ („ცისა ფერს“).
განსაზღვრება „თეთრი“, რომელიც ალ. ჭავჭავაძეს არც ერთხელ არა აქვს გამოყენებული, ბარათაშვილთან განსაკუთრებულ პოეტურ დატვირთვას იძენს. ლექსში „ღამე ყაბახზედ“ პოეტის წინაშე ზმანებასავით მოვლენილი საოცნებო ქალი ერთადერთი ფერით — თეთრით არის დახასიათებული; ლექსში „ქეთევან“ ჩონგურზე მომღერალ ქალს აგრეთვე მოსავს თეთრი — „სპეტაკი საცმელი“, ლექსში „საყურე“ საყურის რხევა თეთრი შროშანის რხევასთანაა შედარებული.
ბარათაშვილის ლექსებში საგანთა ფერითი განსაზღვრება მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირად ფერითი ეპითეტების ნცვლად გამოყენებულია ემოციური ეპითეტები, მაგალითად:
ჰოი, მთაწმინდავ,
მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქვრელნი,
ვერანანი და უდაბურნი....
ასევე ლექსში „ჩინარი“ ჩინარის განსაზღვრებისათვის გამოყენებულია მრავალი ეპითეტი, მაგრამ არ არის არც ერთი კოლორისტული განსაზღრვება, ვინაიდან ეპითეტების ემოციური მხარე პოეტისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა ხედვითი, ვიზუალური მომენტი. ამ ლექსის მხატვრულ ძალას, პეიზაჟის აღქმის თავისებურებას განსაზღვრავს არა „გაფერადების“ ტექნიკა, არამედ ამ პეიზაჟზე სუბიექტური საწყისის პროეცირების უნარი.
ბარათაშვილის ფერწერა შუქ-ჩრდილის ეფექტზეა აგებული. „შემოღამება მთაწმინდაზე“-ს ავტორი სინამდვილეს გვიჩვენებს უპირატესად არა ფერითი სიუხვით, არამედ მკრთალი განათების შუქზე, სადაც შუქი და ჩრდილი ერთმანეთს ეცილება უპირატესობისათვის.
მთაწმინდაზე განმარტოებული პოეტი ამჩნევს, რომ „ბინდი გადეკრა ცისა კამარას“ და ნელ-ნელა ჩნდება „დისკო-გადახრით შუქმიბინდული“ მთვარე, შემოღამების შუქზე ძნელად გასარჩევია ფერები და მხოლოდ შავ-თეთრი მეფობს. აქ ლაჟვარდოვანი ცისფერი არაამქვეყნიური ფერია, „ზენაართ სამყოფთა“ კუთვნილებაა.
ბარათაშვილი ხშირად მიმართავს ცისფერს, რომელსაც ღრმა სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც ცნობილია, ბარათაშვილის „ცისა ფერს“ ერთგვარი შემოქმედებითი გაპაექრება-პოლემიკაა ალ. ჭავჭავაძის ლექსთან „ფერსა ბნელს“, რომელიც თავის მხრივ რუსული რომანსის გადმოქართულებული ვარიანტია. ბარათაშვილის ლექსში ცისფერის აპოლოგია სცილდება სატრფიალო თემატიკას. ამ ფერს, ყველა სხვა ფერთა შორის, პოეტი იმ მიზეზით ანიჭებს უპირატესობას, რომ იგი ცით არის „მოსრული“.
ცისფერის საშუალებით რომანტიკოსები გამოხატავენ იდეალის მიუწვდომლობას. აქ შეიძლება გავიხსენოთ ჰაინეს სიტყვები: „მიუხედავად ჩემი გამანადგურებელი იერიშებისა, მე თვითონ ყოველთვის ვრჩებოდი რომანტიკოსად და ასეთი ვიყავი უფრო მეტად, ვიდრე თვითონ მეგონა. ყველაზე უფრო მომაკვდინებელი დარტყმების შემდეგ, რომლებიც მე მივაყენე რომანტიკული პოეზიით გატაცებას გერმანიაში, მე თვითონ შემიპყრო ცისფერი ყვავილის გამო უსაზღვრო წუხილმა“.
ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირას“, „გოგჩის“ მსგავსად, მტკვრის ანკარა ზვირთებში იხატება „ლაჟვარდი ცისა“ (შდრ. „ცისა ლაჟვარდს“ — „გოგჩა“). ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ ლაჟვარდოვანი ცა არა მხოლოდ ფერწერულად შეფერადებულია, არამედ ცის სილურჯე ამასთანავე სიმბოლოა იდეალთა და ოცნებათა მიუწვდომლობისა: „აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფვიან“.
ქართულ ენაში დიფერენცირებულია სპექტრის ერთ-ერთი ძირითადი ფერის „ცისფერის ბაცი და მუქი შეფერილობა: ცისფერი-ლურჯი; ინგლისურ ენაში „Blue“ აღნიშნავს ცისფერსაც და ლურჯსაც. ბარათაშვილის პოეზიაში ცისფერის აღმნიშვნელი სიტყვების ჯგუფიდან გამოყენებულია ლაჟვარდი, ცისფერი და ლურჯი. ლექსში „ცისა ფერს“ არ არის დიფერენცირებული სხვაობა ცისა ფერსა და ლურჯსა ფერს შორის ისევე, როგორც ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირას“. ამ ლექსშიც „ლურჯი“ და „ცისფერი“ იდეალურ სფეროს განეკუთვნება და მისი ფუნქცია არ ამოიწურება მხოლოდ ფერწერულობით.
ბარათაშვილი ერთგან ხოტბას ასხამს შავთვალებიან ქალს „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო“ და ამასთანავე არანაკლები აღფრთოვანებით ეტრფის ცისფერ თვალებს: „თვალებში მშვენიერს ვეტრფი მე ცისა ფერს“. ბაართაშვილი ამ შემთხვევაშიც რომანტიკულ პოეზიასა და ფერწერაში დამკვიდრებული ესთეტიკის ერთგული რჩება.
XIX საუკუნის პირველი ნახევრის ფერწერაში მოხდა ქალის პორტრეტის ერთგვარი კანონიზაცია: „უპირველეს ყოვლისა ეს არის აუცილებლად ლამაზი ქალი — ქერა ქალი ცისფერი თვალებით ანდა — შავთვალა შავგვრემანი ქალი. ქალის სახის ეს ორი ტიპი შაბლონის ხასიათს იძენს და გარკვეულ ფსიქოლოგიურ გააზრებას ღებულობს. ცისფერი თვალები ჩვეულებრივ უკავშირდება წარმოდგენას სულიერ სიწმინდესა და სიმშვიდეზე, ხოლო შავი თვალები — წარმოდგენას ვერაგ და დემონიურ ნატურაზე. ასეთი ვითარება იყო ფერწერაში და თითქმის ასეთივე — პოეზიაში: შავი ან ლაჟვარდისფერი თვალები, შავი ან ოქროსფერი დალალები თანამეზობლობენ და იბრძვიან პირველობისათვის მრავალი რომანტიკოსი პოეტის ლექსებში“.
როდესაც ალ. ჭავჭავაძე შავ თვალებს ეტრფის, ხოლო ნ. ბარათაშვილი ამ ლექსის ანტისტილიზაციას ახდენს და სხვა ლექსში კი თვითონვე უმღერის შავ თვალებს, ქართული რომანტიზმი ზოგადრომანტიკულ ესთეტიკას იმეორებს.
ქართული რომანტიზმის დიდ სამეულში გრ. ორბელიანის ლირიკა ყველაზე მეტად არის შეფერადებული. მატერიალური სამყაროს ყოველგვარი გამოვლინებით ტკბობა, ჰედონიზმი მის ლირიკაში ხშირად ძლევს პლატონურ საწყისს და როცა პირველი იმარჯვებს მეორეზე სინამვდილის ცოცხალი, მაჟორული ფერები ჩნდება:
ვარდი ხარ? — არა!
ზამბახი? — არა!
მაგრამ შენს ღაწვთზე
აღყვავებულნი,
არიან ორნივ შეზავებულნი!..
გრ. ორბელიანის ლირიკაში წითელი „მატერიალური“, „მაჟორული“ და ამქვეყნიური სილამაზის მაუწყებელი ფერია. იგი ცხოვრების რეალური სინამდვილის გამომხატველი ფერია, რომელსაც რაიმე ალეგორიულობას მოკლებული წმინდა ფერწერული ფუნქცია აქვს. ანალოგიურია ვარდისაგან ნაწარმოები შედარებები და განსაზღვრებანი: „ვარდებრივთა ღაწვთა ზედა მარგარიტნი გადმოგცვივის“ („მტირალ ნ...ს“), „ვარდთ დაგეკონოს ღაწვთაზე გაშლილთა“, „ვინ დაადგინა ვარდო ღაწვთა მცველად“ („ალბომში ღრაფინია ოპერმანისას“), „ვარდი — შენი ბაგენი“ („ს“).
„სადღეგრძელოში“ წითელი ფერის ჯგუფის სიტყვათაგან გამოყენებულია „ვარდისფერი“ და შედარება „ცეცხლის ალებრივ“: „ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეღება“, „აენთნენ ცეცხლის ალებრივ შორს გაბნეულნი ღრუბელნი“.
ორბელიანის ფერთა გამაში მწვანე ფერს წმინდა ფერწერული დანიშნულება აქვს და ყველგან მდელოს, ველსა და გაზაფხულს უკავშირდება: „ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს“ („იარალის“), „მდელო ნაზად აღმწვანდების“ („გაზაფხული“), „სად ველნი, ფერად ზურმუხტნი ნაზადა აღმწვანდებიან“. პოეტი აქ იყენებს სიმწვანის აღმნიშვნელ როგორც ძირეულ ლექსიკურ ფორმას — „აღმწვანდებიან“, ასევე მის სინონიმს — „ფერად ზურმუხტნი“. ბუნების ლირიკის ნიმუშში „საღამო გამოსალმებისა“ გაზაფხულთან დაკავშირებით მწვანე ფერს კვლავ ფერწერული ფუნქცია აქვს: „გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით“.
ზურმუხტისფერი ბუნების სიმწვანის აღსანიშნავად ასევე ხშირად გვხვდება ვახტანგ ორბელიანის ლექსებში: „მდინარე ა..ს“, „გამოსალმება“, „მოგონება“, „ორი სიზმარი“, „ადგილი“, „კიდევ კახეთს“, „მართალი ასაკი“ და სხვ.
გრ. ორბელიანის პოეზიაში დასტურდება აგრეთვე „ლაჟვარდოვანის“ გამოყენების რამდენიმე შემთხვევა: „ოდეს ვარსკვლავი დილის წინ მსრბოლი მკრთოლვარებს ზეცას ლაჟვარდოვანსა“ („ვითა ღამეში“); „შესტრფი... ცა ვარსკვლოვანსა, ლაჟვარდოვანსა“ („ალბომში ღრაფინია ოპერმანისას“), „სადა შევჰხარით ლაჟვარდად ცისა კამარას მორთულსა“ („სადღეგრძელო“). ეს მაგალითები რომანტიკული ინტერტექსტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ.
„სადღეგრძელო“-ში გვხვდება ცისფერის აღნიშვნის საინტერესო მეტაფორული ფორმა: „სადა შევჰხარით... ღამით ვარსკვლოვანს ფირუზსა, მთოვარით განათლებულსა!“ ამავე სტროფში პოეტი მზის ბრწყინვით გასხივოსნებული ფერის აღსანიშნავად იყენებს „ლაჟვარდს“, ხოლო მთვარით განათებული ვარსკვლავიანი ცის ფერს „ფირუზის“ საშუალებით აღნიშნავს.
გრ. ორბელიანის ლირიკაში თეთრ ფერს უახლოვდება თავისი ემოციური ზემოქმედებით ისეთი განსაზღვრებანი და ზმნები, როგორიცაა: მნათი, უნათლესი, ნათლოვანი, ნათელმოსილი, მინათლე, ნათლდება, სპეტაკი და სხვ.
ზოგჯერ გრ. ორბელიანი უაღრესად ნიუანსირებულ ფერწერულ შტრიხებს მიმართავს: „მწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი“ („მუხამბაზი“), „თოვლ-ღვინო შენნი ღაწვნი“ („...ს“).
განსხვავებით ინგლისური რომანტიზმის წარმომადგენელთა ლირიკისაგან, რომელშიც უხვად გამოიყენება სპექტრული ფერები, ქართველ რომანტიკოსთა, განსაკუთრებით — ბარათაშვილის პალიტრაში შუქ-ჩრდილის, თეთრისა და შავის, სინათლისა და სიბნელის, გარდამავალი განათების ეფექტი და ცისფერი ჭარბობს.
ქართველ და ევროპელ რომანტიკოს პოეტთა შორის საერთოა უპირველესი რომანტიკული ფერის — ცისფერის ემოციური და ხშირი გამოყენება სულიერებისა და არაამქვეყნიური საწყისის გამოსახატად.

თამარ ნუცუბიძე
„წერილები ლიტერატურისა და კულტურის შესახებ“

25-28(942)N