გამოდის 1998 წლიდან
2011-04-20
აი ია - ყველაზე ძალმოსილი შედევრი ქართული ცნობიერების ისტორიაში

1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება, რასაც 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენები დაედო საფუძვლად — საქართველოს მოსახლეობამ სწორედ ამ დღეს გააპროტესტა ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. საპროტესტო აქციებმა მოიცვა საქართველო, ათიათასობით ადამიანი ხელისუფლებისაგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. ასე მოვიპოვეთ 14 აპრილი და დავამკვიდრეთ დედაენის დღეც.
მანამდე კი, ქართველთა გენიალურ პალინდრომზე — „აი ია“-ზე იაკობ გოგებაშვილმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იზრუნა — პირველი საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალური, ზნეობრივი და პატრიოტული კრიტერიუმები დიდხანს არჩია. მის პირად არქივში დაცულია მასალა, რომელიც დედაენაზე მუშაობის პროცესს ასახავს — როგორ აზუსტებდა, ხვეწდა თითოეულ ნიუანსს, მეთოდს, ხერხს, სიტყვას მარტივიდან რთულისაკენ, როგორ ცდილობდა, რაც შეიძლება სახალისო ყოფილიყო ყმაწვილთათვის მის მიერ შეთავაზებული მოთხრობა თუ ლექსი. „ჩვენი ანბანი იმგვარ სისტემაზე არის აგებული, რომ კარგად ცნობილი საგნების სურათების საშუალებით ადვილად სწავლობენ უცნობ ასოებს და ასეთ სისტემას ის ღირსება აქვს, რომ არამც თუ დიდი, პატარაც კი შეძლებს უმასწავლებლოდ შეითვისოს წიგნის ცოდნა, ამას სხვათაშორის მოწმობენ კორესპონდენტები სტამბულიდან, რომლებიც გვატყობინებენ, რომ „დედა ენა“ ძლიერ უადვილებთ ყველას თვითონ, სხვების დაუხმარებლად, ისწავლონ წერა-კითხვა“ — წერდა იაკობ გოგებაშვილი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური მასალა — დედაენის გამოცემების სრული სპექტრი — 13 აპრილს ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა და შთამბეჭდავმა ექსპოზიციამ, თითოეული სტენდით, რომელიც გამოცემებს ეკავა, დედაენის თითო საფეხურის, მისი განვითარებისა და ცვლილების შესახებ ქრონოლოგიურად მოგვითხრო.
ყოველ გამოცემას, გარდა იმისა, რომ ის თარიღითაა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ისტორია აქვს — პირველი დედაენა გოგებაშვილის ნაქონია და მისივე ხელითაა ჩასწორებულ-რედაქტირებული, მერვე გამოცემა (გადაშლილია მისივე ხელით და მეცხრე გამოცემა აწერია) — პირველი საკითხავი წიგნი, სახლობაში სახმარებელი; ამ წიგნის შესწორებები და ჩანაწერები იაკობ გოგებაშვილის ხელითაა ჩაწერილი. „დედა ენის“ შექმნამდე ოცი წლით ადრე კი, 1865 წელს, იაკობ გოგებაშვილმა შეადგინა „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“. ქართულ ანბანს მხოლოდ ინიციალები აწერია — ი. გ. ეს იყო პირველი მცდელობა, პირველი ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი ქართველ ყმაწვილთათვის; ამის შემდეგ, პირველად, „დედა ენა“ 1976 წელს გამოიცა. გამოფენაზე ეს გამოცემა წამოდგენილი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილი ეგზემპლარით. ეს წიგნი იმითაც ფასდაუდებელია, რომ დიმიტრი ყიფიანის ნაქონია.
შემდგომი გამოცემები — 1878 -1892 წლები — გამოირჩევა პირველი ქართული გრავიურებით, რომლებიც გრიგოლ ტატიშვილის მიერაა შესრულებული.
1900-იან წლებში გამოცემული წიგნები უკვე მინაწერებით ჩნდება: „სკოლებში სახმარებელი“. მეცხრამეტე გამოცემაზე წაიკითხავთ წარწერას: 314, 000 (სავარაუდოდ, წიგნის ტირაჟია), სამას სამოცი სურათით, წიგნი სახელგაკეთებულია განათლების სამინისტროსგან და მოწონებულია უწმინდესის სინოდისაგან. 1912 წლის გამოცემა რიგით ოცდამეცამეტეა, მისი განახლებული ვარიანტი ახლახან გამოიცა.
შემდეგი სტენდი უკვე საბჭოთა პერიოდის „დედა ენის“ გამოცემებს ეთმობა — 1940 წლიდან 1952 წლამდე. თვალშისაცემია ბელადების სურათები. თუ ამ პერიოდამდე გამოცემულ „დედა ენაში“ აქცენტი მშობლიურ ენაზე და სხვა საკითხებზეა გაკეთებული, აქ წიგნი უკვე იდეოლოგიზირებულია პოლიტიკურად. ბუნებრივია, იდეოლოგიზირება წინანდელ გამოცემებშიც იქნებოდა, თუმცა სხვა კუთხით. 1944 წლის გამოცემის სატიტულო ყდაზე ჩნდება სტალინის სურათი. იმავე სტენდზეა იშვიათი გამოცემა — დედაენის ერთ-ერთ გვერდზე ლავრენტი ბერიას სურათია განთავსებული და ლექსიცაა მიძღვნილი. ეს გამოცემა იშვიათია იმით, რომ ბერიას ფოტოა შემონახული. იმ პერიოდის გამოცემებს თვალს თუ გადავავლებთ, მისი სურათები თითქმის ყველგან ამოხეულია. თავდაპირველი გამოცემები, მსგავსი თემატიკისგან თავისუფალია, მაგრამ ისევე, როგორც ყველა და ყველაფერი, საბჭოთა იდეოლოგიისგან ვერც „დედა ენა“ იხსნიდა თავს და ამიტომაც, ამ პერიოდის გამოცემებში უხვად ჩანს საბჭოთა ისტორიის ანარეკლი.
საინტერესოა, ოსმან ტამტრულის მიერ ჭანურ ენაზე (ძველი ქართულით) შედგენილი გამოცემა — „ნანანენა“, რომელიც1891 წლით თარიღდება, ასევე, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი დედაენა და ჯიბის დედაენები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო პლაკატები, რომლებიც იაკობ გოგებაშვილსა და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უკავშირდება: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებლების პლაკატი, 1879 წელი, რომელიც წიგნის მოყვარულთა საზოგადოების მიერ დაიბეჭდა; იაკობ გოგებაშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პლაკატი; საინტერსოდაა მოთხრობილი ქართული კომიქსებით „იავნანამ რა ჰქნა?!“
„დედა ენის“ მნიშვნელობას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ქართველ მოღვაწეთა გამონათქვამები:
„ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს. აიღებს, გაშლის და, თითქოს ისევ დაიბადაო, ამ სამზეოს უცებ სხვაგვარად ხომ დაინახავს, სხვანაირად გაიაზრებს. ჰოდა, იმ დღეს რა დაგვავიწყებს, ამ უპირველესი წიგნის ყდაზე ამოქარგული ბულბულის სტვენა როცა ერთბაშად გავიგონეთ და შიშით, აქ არ გაგვიფრინდესო, ხელი მაშინვე დავაფარეთ. მისი ტკბილი სტვენა-ჭიკჭიკი, ღამით ღამეში გაკიდებული ნაზი ქვითინი, განა, მას აქეთ არ გვესმის ხოლმე?“
დემნა შენგელაია

„ამ წიგნის მეოხებით ქართველობა ერთის ქართული ენით იწყებს წერა-კითხვას, სწავლებას და ლაპარაკს. ყველგან ამ წიგნის მეოხებით ქართული ენა ეფინება.“
ზაქარია ჭიჭინაძე

„იაკობ გოგებაშვილი ღირსია, რომ ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძეგლი დუდგას.“
აკაკი

„დედა ენა“ და „ბუნების კარი“ სახელმძღვანელოები კი არა, უდიდესი პოემებია. მე თანახმა ვიქნები, გამოვიდეს ეხლა ეს წიგნები, არა როგორც სახელმძღვანელო, არამედ საკითხავ წიგნად.“
გალაკტიონი

მარიამ ჭყონია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი: „13-14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „დედა ენის“ დღეს გამოფენა მივუძღვენით, ასევე, სკოლის მოსწავლეებისათვის ნანა ჯანელიძის ფილმის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ჩვენება გავმართეთ. დასრულების შემდეგ კი, საბავშვო მწერლებმა — ირმა მალაციძემ და მარიამ წიკლაურმა ფილმის განხილვა მოაწყვეს.
რაც შეეხება გამოფენას, მართლაც ძალიან საინტერესოა. საზოგადოებას შევთავაზეთ „დედა ენის“ უნიკალური გამოცემები, რომლე-ბიც ჩვენს ბიბლიოთეკაშია დაცული. „დედა ენის“ გამოცემების ყველაზე სრული კოლექცია სწორედ ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება, ასევე, დაცულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივი, მათი წევრების ბიბლიოთეკები, იაკობის ნაქონი კარადა მისივე ბიბლიოთეკით და სხვ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1876 წელს გამოცემული პირველი „დედა ენა“ და ქართული ანბანი, რომელიც მის გამოცემას წინ უსწრებდა, დათარიღებულია 1865 წლით. 1877 წლის „დედა ენა“ იმითაც უნიკალურია, რომ გოგებაშვილის ხელითაა ჩასწორებული. ერთ-ერთი იშვიათი ექსპონატი 1872 წლითაა დათარიღებული — „დარიგება მასწავლებელთათვის“, წიგნი პედაგოგებისთვის, როგორ ასწავლონ „დედა ენა“. გამოიფინა, ასევე, 1912 წელს, გოგებაშვილის სიცოცხლეში გამოცემული ბოლო „დედა ენაც“ და საერთოდ, ყველა გამოცემა, რაც კი მის სიცოცხლეში დაბეჭდილა. დამთვალიერებლისთვის სიახლე იქნება, ალბათ, ვალერიან რამიშვილის მიერ გამოცემული დედა ენა, რომელიც უსინათლო ბაშვებისთვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილა.
ექსპოზიცია უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა ჩვენს ფონდებში დაცულმა პლაკატებმა და ამონარიდებმა ჟურნალ-გაზეთებიდან — რას წერენ „დედა ენის“ შესახებ ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები. გამოფენა გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე და ყველა იმ ადამიანზე, ვისთანაც ყველაზე ახლოსაა „დედა ენა“. ამ ექსპოზიციით დამთვალიერებელს შეუძლია თვალი მიადევნოს ყველა საფეხურს — როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა გოგებაშვილის უკვდავი ქმნილება.“
წიგნი, რომელიც დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, ავტორის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, 33-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი გამოცემა სპეციალურ კომისიას მიენდო, რომელსაც ლ. ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876-1925 წლებში „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დღემდე ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების მთავარ ფესვად რჩება, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ ამ წიგნის სიყვარულით არ არის გამოწვეული. ილიაც ხომ „დედა ენას“ უდიდეს მნიშვნელობას იმიტომ ანიჭებდა, რომ მიაჩნდა: „ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანმოუხედავად ვთხოულობთ დედაენისათვის რთულსა და დამოუკიდებელ გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაცა, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია.“ ილიას სიტყვები დღეს — ოცდამეერთე საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას, ქართველი ბავშვი დღესაც „აი ია“-თი იწყებს განათლებას.
იაკობ გოგებაშვილის გენიალურ მიგნებას — „აი ია“-ს გია მურღულია ცხრა მთავარი მომენტით გვიხსნის:
რ ეს არის ღვთაებრივი ჰარმონიის გამოხატულება, თვით შემეცნება. მას სარკისებური პრინციპიც აქვს — შენ თავს რომ დაგანახვებს, ისეთი. ჯერ კიდევ ძველებმა იცოდნენ, რომ საკუთარი თავის შემცნობი სამყაროსაც შეიმეცნებს. ამიტომაც ეწერა დელფოსის ტაძრის შესასვლელში: „შეიცან თავი შენი“.
რ აი ია არის წინადადება. გოგებაშვილი ბავშვის განათლებას იწყებს პირდაპირ წინადადებით, არა ასოთი ან სიტყვით, არამედ პრინციპულად — წინადადებით, ანუ აზრით.
რ სწავლება იწყება საგნის შეცნობით, აი ია — პირველივე წინადადებით საგანს შეიცნობ. ესეც ძალიან არსებითია.
რ ეს არის, აგრეთვე, აღმოჩენის სიხარული, აი ია — ესე იგი აღმოაჩინე რაღაც.
რ არანაკლებ არსებითია სახელის დარქმევა საგნისთვის — აი, ყვავილი, რომელსაც ია ჰქვია. სახელის დარქმევა უკვე საგნის შეცნობას ნიშნავს.
რ ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნების დაკავშირება ბუნებრივ მშვენიერებასთან, სილამაზესთან. როდესაც, ბუნების გარდა, ბავშვის თვალსაწიერშიც ამოდის ია, ეს არის მშვენიერება, ანუ შემეცნების პრინციპად აღებულია ესთეტიზმი.
რ ეს არის ზიარება ქართული მეტყველების მუსიკასთან — ხმოვნების საოცარ ჰარმონიასთან.
რ ეს არის გრაფიკული გამოსახულების სრულქმნილება — როგორც ა, ისე ი სრულყოფილ სიმრგვალეს — წრეს უკავშირდება და განასახიერებს.
რ ბიბლიაში ასეთი რამ წერია— ღმერთი არის ანი და ჰოე, ანუ ის არის სამყაროს დასაწყისი და დასასრული. აი ია-შიც, ამ პატარა წინადადებაშიც სიმბოლურად მთელი სამყაროს ისტორიაა მოცემული (სახეობრივად — განფენა და უკუფენა), ანუ ხსენებული დასაწყისი და დასასრული. იაკობის შესანიშნავი მიგნება ათწლეულების შემდეგაც ახალი რაკურსით წარმოგვიდგება, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ეს კაცი იყო დაუმადლებელი გენიოსი და ძალიან ბევრ რამეზე იფიქრა, სანამ შექმნა ეს შედევრი. აი ია — ეს არის ყველაზე პატარა და იქნებ, ყველაზე ძალმოსილი შედევრიც ქართული ცნობიერების ისტორიაში.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N