გამოდის 1998 წლიდან
2011-04-20
პრეტესტი - მარტივი, საშუალო თუ რთული?

როგორ აფასებენ მეთორმეტეკლასელები პრეტესტს

თბილისის N24 საჯარო სკოლა
ნინო მაჩაიძე: პრეტესტში მონაწილეობა მივიღე, ეს ნამდვილად კარგი საშუალება იყო იმისათვის, რომ გავცნობოდი საგამოცდო სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო ბიოლოგიის ტესტები, განსაკუთრებით — ანატომიის ნაწილი. ასევე რთული იყო ფიზიკისა და ქიმიის ტესტები, არასაკმარისი დროის გამო, ამ საგნებში სათანადოდ ვერ ვემზადები. მართალია, სკოლაში აბიტურის გაკვეთილები ტარდება, მაგრამ კვირაში ერთხელ სააბიტურო გაკვეთილზე დასწრება საკმარისი არ არის.
ნაკა ქურდაძე: სიმართლე გითხრათ, მეგონა პრეტესტი გაცილებით მარტივი იქნებოდა. რაც შეეხება პრეტესტის ჩატარების პრინციპს, არც ისე დახვეწილი იყო. საცდელი ტესტირების ჩატარების მიზანი, როგორც გვითხრეს, გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა იყო, სამწუხაროდ, სისტემა საკმაოდ გაუმართავად მუშაობდა. ყველა საგანში ძალიან დიდი დატვირთვით ვმეცადინეობ, თუმცა, მაინც მეშინია ქიმიის. რთულია, ერთ წელიწადში, სხვა საგნებთან ერთად, ქიმიაში ისე მოემზადო, რომ ტესტში მოცემულ საკმაოდ რთულ შეკითხვებს გასცე პასუხი და ბარიერი გადალახო.
ქეთი ნიკოლაშვილი: ძალიან ბევრ ჩემ თანატოლს არ აქვს ყველა საგანში მომზადების საშუალება. სამწუხაროდ, ტრიმესტრული სწავლებით გამოწვეულმა ჩავარდნამ ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში უკან დაგვხია. ერთ წელიწადში ამ საგნების ხარისხიანად შესწავლა ძალიან რთულია. პრეტესტში მივიღე მონაწილეობა. კარგია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ყველა ტიპის დავალებებს გავცნობოდით და შეძლებისდაგვარად გვეპასუხა. თუმცა, კარგი იქნებოდა ჩვენი შესაძლებლობები შეფასებულიყო ან პასუხის არასწორად გაცემისას, ეკრანზე სწორი პასუხი გამოჩენილიყო. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შეკითხვები მარტივი იყო. ვფიქრობ, ბევრი ჩემი თანატოლი ვერ შეძლებს ბარიერის გადალახვას.
გიორგი იმერლიშვილი: პრეტესტში ზოგიერთი საგანი მარტივი და ჩემთვის ადვილად დასაძლევადი იყო, ზოგიერთი კი — საკმაოდ რთული. გამიჭირდა ფიზიკის ტესტი, სადაც თითოეული ამოცანის ამოსახსნელად, მინიმუმ, ოთხი ფორმულა უნდა იცოდე. ბიოლოგიაში იყო ისეთი საკითხები, რომელიც ანალიზს საჭიროებს; საკითხები ანატომიიდან ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა; მათემატიკა იმ მხრივ იყო რთული, რომ საკმაო დროს მოითხოვდა. არ ვიცით, გვექნება თუ არა სათანადო დრო თითოეულ კითხვაზე საპასუხოდ. ისტორია და გეოგრაფია ჩემთვის რთული არ იყო. სააბიტურო გაკვეთილები ტარდება, მაგრამ ყოველთვის ვერ ვესწრები, დროის სიმცირის გამო, ვეღარ ვასწრებ ეროვნული გამოცდების საგნების მომზადებას. სამწუხაროდ, დღესდღეობით სკოლებში არ არის სწავლების ისეთი მაღალი დონე, რომ არ დაგჭირდეს რეპეტიტორთან მომზადება. სააბიტურო გამოცდებისთვის, დამატებით, ფიზიკასა და ქიმიაში ვემზადები კერძო მასწავლებელთან.
ნატო დარჩიაშვილი: ზოგადად, პრეტესტი რთული არ იყო, მაგრამ იყო ჩამჭრელი შეკითხვებიც, ძლიერ მოსწავლეზე გათვლილი. იმის გამო, რომ ფიზიკა და ქიმია მხოლოდ ერთი თვე ისწავლებოდა, ძალიან ჩამოვრჩით. სამწუხაროდ, არ ვართ საკმარისად ინფორმირებულები, თუ როგორ ჩატარდება სააბიტურო გამოცდები, მაგალითად, მაინტერესებს, როდის დადგინდება ზღვარი, რამდენი შეკითხვა იქნება, რა დრო დაეთმობა თითო კითხვას და ა.შ.
ივანე თოფჩიშვილი: ქართული და ინგლისური ჩემთვის ძალიან ადვილი იყო, საკმაოდ რთული იყო ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია. სამწუხაროდ, ეს საგნები, თავის დროზე, სათანადოდ ვერ ვისწავლეთ სკოლაში, ვფიქრობ, ამ საგნებში უფრო მარტივი კითხვები უნდა იყოს. მართალია, სკოლაში სააბიტურო გაკვეთილები ტარდება, მაგრამ სამწუხაროდ, შეზღუდული დროის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ დასწრებას. გაცილებით მეტ დროს ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას ვუთმობ.
თორნიკე ნარსავიძე: ჩემი აზრით, პრეტესტში, ყველაზე რთული მათემატიკა იყო. მაგალითად, სკოლის პროგრამაში არ არის წრეწირის სეგმენტები და სექტორები, რაც პრეტესტში იყო. ჩემი აზრით, სააბიტურო გამოცდაზე, ეროვნულისგან განსხვავებით, გაცილებით მარტივი კითხვები უნდა იყოს. მე აბიტურის გაკვეთილებზე დავდივარ, დამატებით ვერ ვემზადები. იმედია, აბიტურის გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა, სააბიტურო გამოცდების ზღვრის გადალახვაში დამეხმარება.
ლილი მამულაშვილი: გვპირდებოდნენ, რომ პრეტესტი მინიმალური დონის იქნებოდა და ყველა შეძლებდა მის დაძლევას. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო, ქართულშიც კი საკმაოდ რთული ტესტები იყო. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებული ვარ, პრეტესტის დაძლევა მაინც გამიჭირდა. მაინტერესებს, გამოცდაზე იქნება თუ არა განსაზღვრული კითხვების რაოდენობა? რამდენი საკითხი იქნება თითოეულ საგანში? მაშინვე გავიგებთ, გადავლახეთ თუ არა ზღვარი? აბიტურის გაკვეთილები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ 30 მოსწავლესთან ერთად მეცადინეობას კერძო მასწავლებელთან მიღებული ცოდნა სჯობს, თუკი, ფინანსური საშუალება გაქვს.
ანი ხარებაშვილი: პრეტესტში მონაწილეობამ გარკვეული გამოცდილება მომცა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისეთი მარტივი იყო როგორსაც გვპირდებოდნენ. ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია საკმაოდ რთული იყო, ჰუმანიტარული საგნები — შედარებით ადვილი. ტრიმესტრულმა სწავლებამ, რა თქმა უნდა, უკან დაგვხია. ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების ჩაბარება არ გამიჭირდება, რადგან ამ საგნებში დამატებით ვემზადები. სააბიტურო გაკვეთილები სკოლაში კვირაში ერთხელ ტარდება. ვინაიდან დასწრება თავისუფალია, ბევრი ჩემი თანაკლასელი ამ საგნებში კერძო მასწავლებელთან მომზადებას არჩევს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს: პრეტესტის შემთხვევაში დრო შეზღუდული არ იყო, როგორც ვიცით, საატესტატო გამოცდებზე გარკვეული დრო დაეთმობა თითოეულ შეკითხვას, კერძოდ რა დრო დაეთმობა თითოეულ შეკითხვას? რა კრიტერიუმებით მოხდება შეფასება? იმისათვის, რომ ზღვარი გადავლახოთ, რამდენ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი?
დავით ზაზაშვილი: ჩემთვის რთული იყო საბუნებისმეტყველო საგნები — ფიზიკა და ქიმია, მათემატიკაც საკმაოდ რთული იყო. იყო ტესტებში ისეთი საკითხები, რომელსაც მოსწავლე პასუხს ვერ გასცემს, თუ დამატებით არ ემზადება. ტრიმესტრულმა სწავლებამ საკმაოდ დაგვაშორა ამ საგნებს. მაინტერესებს, საატესტატო გამოცდის დასრულებისთანავე გვეცოდინება გადავლახეთ თუ არა ზღვარი?

თბილისის ¹23 საჯარო სკოლა
თინა ბარაბაძე: ყველაზე მეტად ბიოლოგია გამიჭირდა. მეგონა, პრეტესტი გაცილებით მარტივი იქნებოდა. სკოლაში სააბიტურო გაკვეთილებს სისტემატურად ვესწრები. ძალიან ვნერვიულობ ნოუთბუქების გამო, ვინაიდან გავარჯიშების გარეშე საკმაოდ რთულია სენსორული ტექნიკის მართვა. მაინტერესებს: როდის გახდება ცნობილი გამოცდის შედეგები, რა სირთულის ტესტები იქნება ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში, რა იქნება თითოეულ საგანში გადასალახი ბარიერი?
ნათია ფაილოძე: თითოეულ საგანში იყო ადვილი, საშუალო და რთული კითხვები. საშუალო და ადვილ კითხვებს რეპეტიტორთან მომზადების გარეშეც გასცემს მოსწავლე პასუხს, მაგრამ რთული კითხვები შესაძლებელია ჩამჭრელიც კი აღმოჩნდეს.
პირადად მე, აბიტურის გაკვეთილები ნამდვილად დამეხმარა პრეტესტის დაძლევაში. მაინტერესებს — ტესტის დასრულებისთანავე გავიგებ გადავლახე თუ არა ბარიერი? როდის დადგინდება ბარიერი, იქნება თუ არა შეზღუდული დრო თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად? რა დრო იქნება განსაზღვრული თითოეული კითხვისთვის? სამწუხაროდ, ჯერ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. შესაძლებელი იქნება თუ არა ბარიერის გადალახვა მარტივი კითხვების ხარჯზე.
კოტე ებრალიძე: ჩემთვის ისტორიის პრეტესტი მარტივი იყო, სამაგიეროდ, ძალიან რთული იყო მათემატიკა. ჩემი აზრით, პრეტესტი გათვლილი იყო იმ მოსწავლეებზე, ვინც რეპეტიტორთან ემზადება. მაგალითად, გეოგრაფიაში იყო ასეთი კითხვა: ეკვატორის, პირობითად, ამ გრადუსზე ან მერიდიანის ამ გრადუსზე, რომელი ქვეყანა მდებარეობს? თუ რუკა არ გაქვს, ზეპირად რთულია ამ კითხვას უპასუხო; მაგალითად, ქიმიაში იყო შეკითხვა — მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში, ამა და ამ რიგში, მერამდენეა ალუმინი ან სპილენძი? ჩემთვის წარმოუდგენელია 117 ელემენტის მდებარეობის დაზეპირება.
ერთ წელიწადში ნასწავლი საგანი არ არის სწავლა და განათლება, ეს თავში ჩაყრილი ინფორმაციაა, რომელსაც ვიზეპირებ იმიტომ, რომ ატესტატი ავიღო. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, გამოსავალს ისევ სწავლაში ვეძებ.
მაინტერესებს, შეძლებს თუ არა მოსწავლე ქიმიის გამოცდაზე ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემისა და ქიმიური ჯგუფების პერიოდული ცხრილის გამოყენებას? გეოგრაფიის გამოცდაზე ექნება თუ არა მოსწავლეს რუკით სარგებლობის შესაძლებლობა?

თბილისის ¹43 საჯარო სკოლა
მარიამ პაპიძე: პრეტესტში ვმონაწილეობდი და შედეგით უკმაყოფილო ვარ. ამბობდნენ, მარტივი საკითხები იქნებაო, რაც მათთვის მარტივია, ჩვენთვის ის რთულია, რადგან ტრიმესტრული სწავლების „წყალობით“ ეს მარტივიც არ გვისწავლია. თუ ამ სირთულის ტესტები იქნება გამოცდებზე, ბევრი ვერ გადალახავს ზღვარს.
სოფო ჯამრელიძე: მარტივი კი არა, საშუალოზე რთულიც კი იყო შემოთავაზებული პრეტესტი. გამოჩნდა, რომ ყველა საგანში ყველაფერი უნდა იცოდე და თანაც ძალიან კარგად. მინიმალური ცოდნით ვერც ერთ საგანში ვერ გადალახავ ზღვარს.
გვარი და სახელი არ დაასახელა: სამედიცინოზე ვაბარებ და ბიოლოგიას კარგად ვსწავლობ, ვემზადები კიდეც. მიუხედავად ამისა, 50 საკითხიდან 8 შეცდომა დავუშვი. ჩემთვის ეს ბევრია. მიმაჩნია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების პრეტესტები რთული იყო. აქ მეტი შანსია, ვერ გადალახო დადგენილი ზღვარი. რატომ გვექცევიან ასე უსამართლოდ, ვერ გამიგია?!
ავთო ასათიანი: მათემატიკაში ყველა ტესტი გავაკეთე, მაგრამ ორი ისეთი ტერმინი შემხვდა, მანამდე რომ არ მისწავლია და არც პროგრამაში წერია. როგორც პედაგოგმა ამიხსნა, თურმე, ვიცი რაც არის, მაგრამ სხვა ტერმინია გამოყენებული. გამოცდაზე ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.

ჩვენი რესპონდენტების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებგვერდზე
ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს გადავხედეთ. იქ ყველა იმ შეკითხვაზეა გაცემული პასუხი,
რომელიც გამოსაშვები გამოცდების ირგვლივ დასმულა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის
ცნობილი გახდა, რომ მეთორმეტეკლასელები გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებდნენ.

ტესტირებისას დაფიქსირდება თუ არა, კითხვაზე პასუხის გაცემისას, სწორია თუ არა პასუხი?
მოსწავლე ვერ დაინახავს სწორად უპასუხა თუ არა კითხვას, პროგრამა მას უბრალოდ მომდევნო კითხვას მიაწვდის.
იქნება თუ არა განსაზღვრული კითხვების რაოდენობა?
გამოსაშვები გამოცდების კითხვების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ ტიპის გამოცდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამა, კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის შესაძლებლობებს არ დაადგენს.
შესაძლებელია ერთი მოსწავლის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა, ვთქვათ, 30 აღმოჩნდეს, მეორის შემთხვევაში კი — 18. კითხვების მაქსიმალური რაოდენობა წინასწარ იქნება განსაზღვრული.
როდის გახდება ცნობილი გამოცდის შედეგები?
შედეგს (ქულას) მოსწავლე მონიტორზე გამოცდის დასრულებისთანავე დაინახავს.
შეძლებს თუ არა მოსწავლე ქიმიის გამოცდაზე პერიოდულობის სისტემისა და ხსნადობის ცხრილის გამოყენებას?
მოსწავლეს ქიმიის გამოცდაზე ექნება პერიოდულობის სისტემისა და ხსნადობის ცხრილის გამოყენების შესაძლებლობა.
თუ იქნება ისეთი ტიპის დავალებები, რომელზე პასუხის გასაცემადაც მოსწავლეს რუკის გამოყენება დასჭირდება? საუბარია, როგორც ისტორიულ, ასევე გეოგრაფიულ რუკებზე.
ისტორიასა და გეოგრაფიაში რუკის გამოყენება სხვადასხვანაირად მოხდება. ისტორიაში ცალკე ქაღალდზე ნაბეჭდი რუკა მოსწავლეებს არ მიუვათ. შესაძლოა, იყოს შემდეგი ტიპის დავალება: ეკრანზე იქნება ნაჩვენები ისტორიული რუკა, რომელზეც შეკითხვა იქნება მიბმული. რაც შეეხება გეოგრაფიას, მოსწავლეებს დაურიგდებათ რუკები, რომელთა ერთ მხარეს საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიული რუკა იქნება წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს — მსოფლიოს პოლიტიკური რუკა.
საატესტატო გამოცდებისას იქნება თუ არა შეზღუდული დრო თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად?
თითოეულ კითხვაზე საპასუხოდ მოსწავლეს განსაზღვრული დრო ექნება, გამოცდის ხანგრძლივობა კი საათნახევარი იქნება.
რა იქნება კომპეტენციის მინიმალური ზღვარი?
საატესტატო გამოცდებისთვის ბარიერი დადგინდება პრეტესტის შემდეგ, რომელიც 15 აპრილს დასრულდება.
რა სირთულის ტესტები იქნება საბუნებისმეტყველო საგნებში — ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა?
ტესტები არსებობს სხვადასხვა სირთულის: რთული, მარტივი და საშუალო. ჩვენ გავითვალისწინეთ სასკოლო სისტემაში არსებული ხარვეზები, მოსწავლეების მდგომარეობა და წელს გამოცდაზე ამოცანებს და დავალებებს მხოლოდ მარტივი სირთულის დავალებათა ბლოკიდან შევიტანთ.
ამოცანის ამოხსნისას მოსწავლეებს მიეცემათ თუ არა დასაანგარიშებლად ფანქარი და ფურცელი?
ამოცანები იქნება ისეთი ტიპის, რომ მოსწავლეს ფურცელი და ფანქარი შეიძლება საერთოდ არ დასჭირდეს, მაგრამ თუ ბავშვს სურვილი ექნა, რომ ფურცლისა და ფანქრის დახმარებით ამოხსნას ამოცანა, მას ამის საშუალება მიეცემა.

***
ერთ-ერთმა მოსწავლემ საყვედური გამოთქვა: „სკოლის პროგრამაში არ არის წრეწირის სეგმენტები და სექტორები, რაც პრეტესტში იყო“. ჩვენ დავუკავშირდით გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელს ზაზა თევდორაძეს და ვთხოვეთ განმარტება.
ბატონმა ზაზამ დაგვარწმუნა, რომ ეს საკითხები, ისევე როგორც საგამოცდო ტესტებში შესული ყველა სხვა საკითხი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამიდანაა. მან დაგვისახელა თ. ვეფხვაძის IX კლასის სახელმძღვანელო, რომლის 446-ე გვერდზე წარმოდგენილია სწორედ ის საკითხები, რომელიც მოსწავლემ დაასახელა.

მოამზადეს
მაკა ყიფიანმა
ანა ფირცხალაიშვილმა

25-28(942)N