გამოდის 1998 წლიდან
2011-04-20
სასულიერო სასწავლებელი

სასულიერო განათლების ერთ-ერთ ძირითად კერას საქართველოში სასულიერო სასწავლებლები წარმოადგენდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის მთავრობა და უწმინდესი სინოდი დასავლეთ საქართველოში სასულიერო განათლებით დაინტერესებას უწყობდა ხელს. ღარიბ მოსწავლეებს უფასო სწავლებით იზიდავდნენ და სასწავლებლის ბიუჯეტიდან გაღებული თანხით აფინანსებდნენ. ამას ხელს უწყობდა მოსახლეობის დაინტერესებაც, რადგან აქ, ძირითადად, სწავლა-განათლებას მშობლიურ — ქართულ ენაზე იღებდნენ.
ქუთაისში სასულიერო სასწავლებლის არსებობა 1821 წლის 6 თებერვლიდან დაიწყო, იმერეთის ეპისკოპოსის სოფრონის ინიციატივით. პირველად სამრევლო კლასის პირველი ჯგუფი ნაქირავებ ბინაში მოათავსეს. სასწავლებლის ზედამხედველად და რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა მიხეილ კოლოუბინსკი. 1822 წლისათვის პირველ კლასში უკვე 82 მოსწავლე იყო, მათგან უმრავლესობა — მაღალი მოსწრებისა, ამიტომ ამავე წელს დღის წესრიგში დადგა მეორე კლასის გახსნის საკითხი.
1822 წლის 14 მარტის ცირკულარი გვამცნობს, რომ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა დანიელ გოლუბევი, ხოლო კოლოუბინსკი გადაიყვანეს რუსული ენის მასწავლებლად მეორე კლასში. პირველი კლასის მასწავლებლად გამოიგზავნა თბილისის სასულიერო სემინარიის სიტყვიერების კლასის მოსწავლე პანტელეიმონ წინამძღვრიშვილი. ქართული ენის მასწავლებლად სოფრონმა დანიშნა არქიდიაკონი ანტონი, ხოლო საღვთო სჯულის მასწავლებლად — დანიელ გოლუბევი.
„1822 წლისათვის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის უმდაბლეს განყოფილებაში ირიცხებოდა 18 მოსწავლე, უმაღლეს განყოფილებაში — 20, სულ — 38 მოსწავლე. მათ შორის სასულიერო უწყების შვილები —17, სხვადასხვა უწყებისა — 21“.
იმავე წელს ონის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად გადაყვანილ იქნა პანტელეიმონ წინამძღვაროვი. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდნენ: დავით ფურცელაძე, იოვანე სავანელი და ანტონ დიაკონი.
1829 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაემორჩილა თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობას. ამ დროს სასწავლებელს მიხეილ კანდელაკოვი ზედამხედველობდა.
1830 წელს არქიეპისკოპოსმა სოფრონმა და ზედამხედველმა გოლუბევმა თხოვნით მიმართეს სემინარიის მმართველობას, რომ საჭიროდ მიაჩნდათ, სასწავლებელთან გახსნილიყო მეოთხე კლასი, რომელშიც ეკლესიის მსახურთა შვილები მხოლოდ ქართულ ენაზე შეისწავლიდნენ საღვთისმეტყველო საგნებს. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ქართულ ენაზე სწავლა იშვიათობა იყო. განცხადებას პასუხი არ მოჰყოლია. ამავე წელს სასწავლებლის ზედამხედველს გოლუბევსა და მასწავლებლებს — სიმონ დადიანიძესა და ნიკოლოზ ქუთათელაძეს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ისინი გოლუბევს მექრთამეობაში სდებდნენ ბრალს.
1841 წელს სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა ივანე გონგესოვი. მან ეგზარქოსის წინაშე დასვა საკითხი სასწავლებლისათვის „ბურსას“ მშენებლობის შესახებ. „სემინარიის მმართველობამ „ბურსას“ მშენებლობისათვის 600 მანეთი ვერცხლით გამოყო, რათა საბოლოოდ დაესრულებინათ შენობა. მშენებლობა დაიწყო იმავე წელს და დამთავრდა 1842 წლისათვის“.
„ბურსა“ იყო სასწავლებელთან მოწყობილი საერთო საცხოვრებელი, ძირითადად, სასულიერო პირთა შვილებისათვის. ზოგჯერ შეიძლებოდა დაეშვათ გამონაკლისი ძალიან ნიჭიერთათვის. საარქივო მასალები ადასტურებს ვინმე გლეხის შვილის ცხოვრებას „ბურსაში“, სადაც ყველა მოსწავლე სახელმწიფო ხარჯზე იმყოფებოდა.
1847 წლის 24 აგვისტოს, მაშინ, როცა ონის სასულიერო სასწავლებელი გაუქმდა, მთელი მისი ინვენტარი და სხვა ნივთები ქუთაისის სასულიერო სასწავლებელს გადაეცა. აგრეთვე ქუთაისში გადმოიყვანეს მასწავლებლები — პოკროვსკი და კანდელაკი.
სასულიერო სასწავლებელში, მოსწავლეთა კონტინგენტის დიდი რაოდენობის გამო, ბევრჯერ დაისვა საკითხი მეორე სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა. მაშინდელი პრესა აჭრელებული იყო წერილებით სასულიერო სასწავლებელში მოსწავლეთა დიდი რაოდენობისა და ამ სასწავლებლის მოუწყობლობის შესახებ. მიუთითებდნენ აქ დამკვიდრებულ საოცარ უწესრიგობასა და არეულობაზე, როგორც თვით სასწავლებელში, ასევე მის პანსიონსა და საავადმყოფოშიც. გაზეთი „ივერია“ მკაცრად აკრიტიკებდა უფუნქციო საავადმყოფოს და უამრავი მაგალითი მოჰქონდა ავადმყოფ მოსწავლეთა მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის შესახებ. ექიმები კერძო პრაქტიკით უფრო იყვნენ დაკავებულნი და ნაკლებად იცლიდნენ ავადმყოფი მოსწავლეებისათვის.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, დიდი იყო სასულიერო სასწავლებელში შემსვლელთა რიცხვი. ამას ხელი შეუწყო სასულიერო სემინარიის გაუქმებამაც. ამასთან დაკავშირებით, სემინარიის ინვენტარი და მთელი მისი მოწყობილობა სასწავლებლის განმგებლობაში გადმოვიდა. განსაკუთრებით ფასეული იყო წიგნადი ფონდი.
1853 წელს სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა გიორგი ხელიძე. ის სუსტი ხელმძღვანელი აღმოჩნდა და ცდილობდა, მოსწავლეთა ფიზიკური დასჯით დაეფარა საკუთარი ნაკლი. სასულიერო სასწავლებელს ღირსეული ხელმძღვანელებიც ჰყავდა, მაგრამ ხშირად მექრთამეები და მძარცველები იგდებდნენ სკოლის მმართველობას ხელში. ასეთი ზედამხედველები მშობელთა კრებებზე ყოველთვის ერთსა და იმავე საკითხებზე საუბრობდნენ. მათი სიტყვით, თითქოს სასწავლებლის საქმე დღითი დღე უმჯობესდებოდა. ისე კი, ცხადად ჩანდა, რომ პირიქით ხდებოდა და მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. არავინ იცოდა, რისთვის იხარჯებოდა შემოსული თანხები. ამის გარკვევა და სასწავლებელში იდეალური წესრიგის დამყარება ნიკოლოზ ტატიშვილის ინსპექტორად დანიშვნის შემდეგ მოხერხდა. იგი ყოფილა განათლებული, ნიჭიერი და ანგარიშიანი პიროვნება. ზედმიწევნით პუნქტუალურად წარმართავდა სასწავლებლის ხარჯებთან დაკავშირებულ ფინანსებს, ებრძოდა ყოველგვარ ბუნდოვანებას. მაშინდელ პრესაში დადებითადაა შეფასებული ნიკოლოზ ტატიშვილის საქმიანობა. ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებიდან მთელი სამღვდელოება სიხარულს გამოთქვამდა ასეთი კაცის დანიშვნის გამო, რადგან იმ ტანჯვით შეკრებილ მანეთებს, რომელსაც სამღვდელოება სასულიერო სასწავლებლისათვის გაიღებდა, ინსპექტორი გაიყოლებდა ხოლმე. ეს კი, იმერეთის სამღვდელოების, სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა მშობლების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევდა.
ნ. ტატიშვილმა გაამართლა იმერეთის სამღვდელოების იმედები. მისი მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ: რუსული ენის მასწავლებელზე დაიხარჯა 3465 მანეთი; შეშაში — 300 მანეთი; მოსამსახურეებზე — 200 მანეთი; ერისკაცის შვილების სასწავლო ფული შემოვიდა 1876-1881 — წლებში 9432 მანეთი და სხვ. ამასთან ერთად ვხვდებით ასეთ ინფორმაციასაც: „1882 წლიდან გადატანილი არის დანარჩენი ფული 1883 წელში კრედიტის ბილეთებით. 1883 წელში შემოვიდა 27.772 მან. და 11 კაპ., დაიხარჯა 14.242 მან. და 25 კაპ. ამას გვაუწყებს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ნიკოლოზ ტატიევი, თანაშემწე ივანე გაფრინდაშვილი.“
ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, როცა რამდენიმე ზედამხედველს დაატოვებინეს თანამდებობა. მათ შორის იყო ა. ფხაკაძეც. ეს ნახევრად შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი მფლანგველი, ადგილობრივმა მმართველობამ ძალით მოაცილა სასულიერო სასწავლებელს.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დიდხანს სუფევდა არაჯანსაღი ატმოსფერო. ეს ნათლად ჩანს უამრავ მოგონებაში, რომელთა მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ XIX საუკუნის 50-იან წლებში აღნიშნულ სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა სათანადო დონეზე არ იდგა. ამას თბილისის სასულიერო სემინარიის მიმართვაც ადასტურებს.
მდგომარეობა სასულიერო სასწავლებელში მხოლოდ მას შემდეგ გამოკეთდა, რაც ეპარქიას სათავეში ჩაუდგა გაბრიელ ეპისკოპოსი. მისი თაოსნობით, 1863 წელს, განთავისუფლდა ზედამხედველი გიორგი ხელიძე და მისი ადგილი კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულმა გერასიმე კალანდარიშვილმა დაიკავა. ამ პერიოდში ყურადღება ექცეოდა ქართული ენის მაღალ დონეზე სწავლებას და რუსი მასწავლებლებისათვის ქართული ენის აუცილებელ ცოდნასაც.
სასულიერო სასწავლებელი ემორჩილებოდა საქართველოს ეგზარქატს და მისი მეშვეობით, უწმინდეს სინოდს. იყო ოთხკლასიანი სასწავლო დაწესებულება, ოთხწლიანი სწავლების კურსით.
ამ სასწავლებელს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ: მიხეილ კოლოუბინსკი, დანიელ გოლუბევი, ივანე გონგესოვი, გიორგი ხელიძე, ალექსანდრე ფხაკაძე, ნიკოლოზ ტატიშვილი და სხვები.
1872 წელს იმერეთის სამღვდელოებას გადაუწყვეტია, რომ ცამეტი ათასი მანეთი შეეტანა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შესანახად. სამღვდელოების ასეთი გარჯით უნდა აიხსნას ის ფაქტიც, რომ, პირველ რიგში, სასწავლებელში სასულიერო პირთა შვილები ირიცხებოდნენ. მხოლოდ ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში, შეეძლოთ საერო პირთა შვილების ჩარიცხვა. ამ საკითხს სამმართველო წყვეტდა. მიღებისას ბავშვების სამედიცინო შემოწმებაც ხდებოდა. ამას აგვარებდა სასამართლო, ანუ განმწესებელი სხდომა, რომელიც თვითონ სასამართლოში არსებობდა. მოსწავლე იმდენად ჯანსაღი უნდა ყოფილიყო, რომ შეძლებოდა მძიმე და აუტანელი ფიზიკური შრომის გაძლება, ყველა იმ რიტუალის შესრულება, რომელიც სწავლის დამთავრების შემდეგაც ელოდა.
წლების განმავლობაში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა კონტინგენტი ასე გამოიყურებოდა:
1892 წელს აქ სწავლობდა 551 მოსწავლე, 1893 წელს — 596, 1894 წელს — 623, 1895 წელს — 619, 1896 წელს — 617, 1897 წელს — 634, 1898 წელს — 619, 1900 წელს — 557, 1901 წელს — 550, 1903 წელს — 575, 1905 წელს — 207, 1907 წელს — 274, 1908 წელს — 209, 1909 წელს — 220, 1911 წელს — 262, 1912 წელს — 262, 1913 წელს კი — 288.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებელმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის სასწავლო სისტემაში დაბრუნებასა და მტკიცედ დანერგვაში. აქ, მოსწავლეთა აკადემიური წარმატების გაძლიერების მიზნით, პირველად, რუსი ეროვნების მასწავლებლებისათვის სავალდებულოდ იქნა მიჩნეული ქართული ენის ცოდნა.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებელმა მრავალრიცხოვანი კადრი აღუზარდა დასავლეთ საქართველოს. შემდეგ ისინი ასწავლიდნენ ახალგაზრდებს, არა მარტო როგორც სასულიერო პირები, არამედ როგორც პედაგოგები და დიდი წვლილი შეჰქონდათ მათი განათლების საქმეში.

ლია გაბუნია
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ახალი ისტორიისა და განათლების განყოფილების კოორდინატორი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტთან არსებული ქუთაისის და მისი
რეგიონის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი


გურამ გაბუნია
სრული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებათმცოდნეობის ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის სრული პროფესორი,
უნივერსიტეტთან არსებული ქუთაისის და მისი რეგიონის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-კონსულტანტი

25-28(942)N