გამოდის 1998 წლიდან
2011-06-06
მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო გიმნაზია

რევოლუციამდელ ქუთაისში არსებულ სასწავლებელთა შორის თავისი მოკრძალებული ვალი მოიხადა მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო გიმნაზიამ.
1899 წელს სპეციალური რეკლამები იუწყებოდნენ: „მთავრობის ნებართვით ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, ალ. ჭყონიას სახლში, პირველი სექტემბრიდან დაარსდება ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიის კურსით. მდგომიარე წელს გაიხსნება ორი მოსამზადებელი განყოფილება და პირველი პროგიმნაზიული კლასი, ხოლო შემდეგში ყოველ წელიწადს მოემატება თითოეული კლასი. საჭირო ცნობების მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ ლიდა გრიგოლის ასულ ანჯაფარიძეს, ან მარიამ იოსების ასულ ყაუხჩიშვილს“.
1903 წელს მეორე ხარისხის კერძო სასწავლებელი, სადაც მარიამ ყაუხჩიშვილი მსახურობდა, მის ხელმძღვანელობაში გადავიდა. მარიამის პირადი შუამდგომლობითა და სკოლაში სასწავლო პროცესის სანიმუშოდ დაყენებით, 1908 წელს, პროგიმნაზია პირველხარისხიანად გადაკეთდა. მას თანდათანობით მიემატა V-VIII კლასები და სრული გიმნაზიის სახე მიიღო. მთავრობის კომისიამ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სავსებით დამაკმაყოფილებლად სცნო, სრულუფლებიან ქალთა კერძო გიმნაზიად დაამტკიცა და მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი მიანიჭა.
1903 წლიდან პროგიმნაზია თბილისის ქუჩაზე, პეტრე გოკიელის სახლში ფუნქციონირებდა. ხოლო შემდეგ, ქუთაისში მცხოვრები ქართველი კათოლიკეების დახმარებითა და ბანკიდან აღებული სესხით, მარიამმა ქალაქის ცენტრში შეიძინა ორსართულიანი შენობა დიდი ბაღით (ამ შენობაში, საბჭოთა პერიოდში, მოთავსებული იყო ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი).
1912 წლის 31 ოქტომბერს სათავადაზნაურო ბანკმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მარიამ ყაუხჩიშვილმა შეისყიდა ანა ნიჟარაძის მამული სახლით, გუბერნატორის შესახვევში, თბილისის ქუჩაზე. ღირებულება, ფულის მაშინდელი კურსით, შეფასებულ იქნა 4831 მანეთად. „მამული ორი ნაკვეთისაგან შედგებოდა, რომელთა საერთო ფართობი 1670 კვადრატული საჟენი იყო.“
სილამაზით იპყრობდა ყურადღებას მეორე სართულის ყოველი ოთახის კედლებისა და მაღალი ჭერის მოკაზმულობა. „განსაკუთრებით მეორე სართულის მთავარი სადარბაზო ოთახი, კოშკისებურად აგებული, რომლის გუმბათი და კედლების ნაწილი სამკუთხოვანი, ფერადი შუშებით იყო მოპირკეთებული. ამ კოშკისებური ლამაზი ნაგებობის წინა, ღია ნაწილი, ჩვეულებრივი ფორმის ოთახს წარმოადგენდა, სადაც ჩვენი ახალი სკოლის სამასწავლებლო იყო მოთავსებული, თვითონ მარიამი აქვე ცხოვრობდა, ამავე ოთახის გუმბათიან კუთხეში.“
„ყაუხჩიშვილის გიმნაზია კომერციული მიზანდასახულობის მქონე ორგანიზაცია კი არ იყო, არამედ, ის წარმოადგენდა ფართო ასპარეზს, როგორც მარიამის უტყუარი აღმზრდელობითი უნარის გაშლა-განვითარებისათვის, ისე მის სკოლაში მომუშავე პედაგოგების უმრავლესობის ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა“.
ამის დამადასტურებელია მოსწავლეთა საკმაოდ დიდი კონტინგენტი, რომელიც ამ სკოლას ჰყავდა:
1902-1903 სასწავლო წელს — 339 მოსწავლე, 1903-1904 სასწავლო წელს — 331, 1904-1905 სასწავლო წელს — 296, 1906-1907 სასწავლო წელს — 291, 1910-1911 სასწავლო წელს — 404, 1912-1913 სასწავლო წელს — 402, 1913-1914 სასწავლო წელს — 510 მოსწავლე და ა.შ.
ქალთა გიმნაზია ასეულობით ახალგაზრდამ დაამთავრა. მისი პირველი გამოშვება 1912 წელს იყო. მაშინ სკოლა 35-მა მოსწავლემ დაასრულა.
იმ წლებში ქალთა და ვაჟთა სკოლები ცალ-ცალკე იყო. მარიამ ყაუხჩიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასწავლებელი ქალთა სკოლას წარმოადგენდა, ვაჟებიც ჩარიცხა. სწავლას მოწყურებული ყველა ახალგაზრდისათვის ღია იყო გიმნაზიის კარი.
შესანიშნავი ხელმძღვანელი და პედაგოგი გზასაცდენილი ახალგაზრდების წინ ციხესიმაგრედ აღიმართებოდა და იტყოდა: „უნდა გამოვასწოროთ, არ უნდა მივცეთ ქუჩას, მისგან კარგი მოქალაქე უნდა გამოვიდეს“. ამიტომ ქუთაისელები „მარიამ ყაუხჩიშვილის სკოლას მოსწავლეების გამოსასწორებელ სკოლას ეძახდნენ“ (კ. ლილუაშვილი).
სხვადასხვა დროს მარიამ ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში სწავლობდნენ: აკადემიკოსი გ. ჭოღოშვილი, პროფესორები: კ. ლილუაშვილი, ო. ეზიკაშვილი, ცნობილი გამომგონებელი თ. შავგულიძე, ჟურნალისტი და მწერალი რ. ბეროძე და სხვები.
სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა. იგი ერთ-ერთი სკოლა იყო, სადაც საქართველოს ისტორიას ასწავლიდნენ. სწორედ ამიტომ აფასებდა მას ქუთაისის ინტელიგენცია. სწორედ ამიტომ დაამთავრებინეს სახელოვანმა პედაგოგებმა — სილოვან ხუნდაძემ და ნინო ნაკაშიძემ თავიანთ შვილებს ეს სასწავლებელი.
სასწავლო წელი 1 სექტემბერს იწყებოდა და მთავრდებოდა 31 მაისს. ტარდებოდა მისაღები და ჯგუფიდან ჯგუფში გადასაყვანი გამოცდები. გამოსაშვებ გამოცდებს იღებდა კომისია. რადგან ეს სასწავლებელი კერძო იყო, გამოსაშვები გამოცდები ტარდებოდა ვაჟთა გიმნაზიაში — ოფიციალური პროგრამით. გამომცდელი მასწავლებლები სიამოვნებით აღნიშნავდნენ მოსწავლეების სერიოზულ მომზადებას.
გოგონები იცვამდნენ უჯრედოვანი ქსოვილის კაბებს, ზედ ყავისფერ წინსაფრებს იკეთებდნენ. ფონდში დაცული ათეულობით ფოტოსურათი ამ სკოლის ცხოვრების სხვადასხვა მხარეს ასახავს. ეს სურათები ერთგვარი რელიკვიაა და კარგად გვიჩვენებენ სახალხო განათლების საუკეთესო ტრადიციებს ჩვენს ქალაქში.
სწავლების გადასახადი, სხვა სკოლებთან შედარებით, მცირე იყო: 20, 15, 5, 3 და 2 მანეთიც კი, ვისაც რამდენის შესაძლებლობა ჰქონდა. ღარიბი მოსწავლეები საერთოდ თავისუფლდებოდნენ გადასახადისაგან. მ. ყაუხჩიშვილის გიმნაზია უფრო მეტად დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებს ემსახურებოდა. ის მცირე შემოსავალი, რომელიც გიმნაზიას ჰქონდა, მისსავე კეთილდღეობას ხმარდებოდა. „1912 წელს მან 368 მოსწავლიდან 78 ღარიბი ბავშვი გაანთავისუფლა სწავლის ქირისაგან. ამ თანხის რაოდენობა 1790 მანეთს შეადგენდა.“
ღარიბ ბავშვთა სწავლისათვის საკმარისი არ იყო სწავლის ქირიდან განთავისუფლება. საჭირო იყო მათი შემოსვა და სწავლის პირობების შექმნა. ამიტომ მარიამმა ამ საქმეში ქუთაისის ფართო საზოგადოებრიობაც ჩააბა. მისი ინიციატივით, ქუთაისში იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად. საღამოებზე, საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საუკეთესო მხატვრული ძალები: ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის გუნდი მიხეილ შარაბიძის ლოტბარობით, ამავე სასწავლებლის სიმებიანი კვარტეტი. საღამო მიჰყავდათ ნინო ჩხეიძესა და ბონდო მიქელაძეს. პოეტები — პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი გიმნაზიის ხშირი სტუმრები იყვნენ. დასასრულს იმართებოდა ზომიერებით გამორჩეული ვახშამი, რომელიც დასვენების საუკეთესო საშუალება იყო.
თეატრში, ამავე დანიშნულებით, იმართებოდა „ელექტრო რადიუმი“, რომელშიც მონაწილეობდნენ საგასტროლოდ ჩამოსული ცნობილი მსახიობები. შემოსული თანხა მარიამ ყაუხჩიშვილის სკოლის ღარიბ მოსწავლეებსა და მუსიკალურ სასწავლებელს ხმარდებოდა. არქივში დაცულია ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის, მელიტონ ბალანჩივაძის ხელწერილი — „მ. ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართული საღამოს შემოსავლიდან მივიღე მუსიკალური სკოლის ფონდის გასაძლიერებლად სამასი მანეთი (300 მან.)“.
მეორე ხელწერილი ტრიფონ ჯაფარიძეს ეკუთვნის: „ქალბატონო მარიამ, გაახლებთ ას მანეთს თქვენი გიმნაზიისათვის გამართული საღამოს შემოსავლის მისამატებლად იმ იმედით, რომ კეთილი გულით მოძღვნილი მცირედიც შეიწირების.“
მარიამ ყაუხჩიშვილის სკოლაში აღზრდის ორიგინალური მეთოდი იყო. აქ ბავშვებს კი არ სცემდნენ, არამედ ზრდიდნენ დარწმუნებით, პირადი მაგალითით, შთაგონებით. ამ სკოლიდან არც ერთი მოსწავლე არ გარიცხულა. სასწავლებლიდან გარიცხვას ქალბატონი მარიამი პედსაბჭოს სისუსტედ თვლიდა.
კარგი სწავლისა და დისციპლინისათვის ბავშვებს აჯილდოვებდნენ წიგნებით, მიჰყავდათ თეატრში. მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დამყარებული მოსწავლეთა მშობლებთან. უფროსი კლასის მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე კითხულობდნენ რეფერატებს, მართავდნენ დისკუსიებს, აწყობდნენ ექსკურსიებს, უშვებდნენ ხელნაწერ ლიტერატურულ ჟურნალს, რომელშიც ათავსებდნენ საკუთარ ლექსებს, მოთხრობებს, სკოლის ცხოვრების ამსახველ წერილებს და ა. შ.
გიმნაზიას ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. რუს, ევროპელ და ქართველ კლასიკოსთა ჩინებულ გამოცემებს გვერდს უმშვენებდა საბავშვო ლიტერატურის იშვიათი ფონდი. სკოლაში გახსნილი იყო ჭრა-კერვის სახელოსნო, სადაც გოგონები კერვას ეუფლებოდნენ.
სასწავლებელში არსებობდა სანიტარიული კომისია ლეჟავას თავმჯდომარეობით, რომელიც კონტროლს უწევდა სკოლისა და მოსწავლეების სისუფთავეს.
„რევოლუციამდელ ქუთაისში მ. ყაუხჩიშვილის სასწავლებელი ერთადერთი იყო, რომელსაც ფიზიკის სწავლებისათვის საჭირო ყველა ხელსაწყო გააჩნდა, აგრეთვე ბუნებისმეტყველებისათვის მრავალი მცენარე სპეციალურ ქოთნებში, თევზები აკვარიუმებში და ცხოველთა ჩონჩხები.“
ამ პერიოდის „ქუთაისში მოღვაწეობდა კოლექციონერი ალექსი სობრიევსკი, — იგონებს დოც. გ. კოკოჩაშვილი, — იგი პროფესიით ვეტექიმი იყო და დიდი მონდომებით აგროვებდა კავკასიის მოლუსკების ნიჟარების კოლექციას. საქართველოდან გამგზავრების წინ მან ნაწილი მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიას დაუტოვა. სობრიევსკის კოლექციამ კიდევ უფრო გაამდიდრა ზოოლოგიური კაბინეტი“ (იხ. კ. ლილუაშვილის დასახ. ნაშრ).
შემდეგში ეს კოლექცია მარიამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა საჩუქრად. ფონდში დაცულია მადლობის წერილი, რომელიც გიორგი ჯავახიშვილმა მოსწერა მარიამ ყაუხჩიშვილს.
მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო გიმნაზიამ 1921 წლამდე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე იარსება. ამის შემდეგ სკოლამ ბევრჯერ განიცადა რეორგანიზაცია: ჯერ შრომის სკოლად გადაკეთდა, ხოლო 1938-1939 სასწავლო წლიდან — მე-17 საშუალო სკოლად და ა. შ.
გიმნაზია ყოველთვის უზრუნველყოფილი იყო მოწინავე პედაგოგთა კადრებით. აქ ასწავლიდნენ: ტარასი აბზიანიძე, ზინაიდა ჩიკვაიძე, ნიკოლოზ გურგენიძე, ალექსანდრე თორაძე, მარიამ ორახელაშვილი, ალექსანდრე უკლება. აქ კარგი მეთოდური გამოცდილება მიიღეს მასწავლებლებმა: ენრიკა ოქრომჭედლოვამ, ელენე მეფისაშვილმა, ჟენია რუხაძემ, თამარ სვანიძემ და სხვებმა.
პროგიმნაზიის უმცროს კლასებში თავისი პედაგოგიური მომზადებით გამოირჩეოდა ჟუკოვსკაია — რუსული ენის მასწავლებელი ქალი, დები: სოფიო, ელენე და მარიამ ბუტულაშვილები. ელენე მათემატიკის მასწავლებელი იყო, ხოლო სოფიო და მარიამი — რუსული ენისა და ლიტერატურის. გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებლად ითვლებოდა ელენე მეფისაშვილი. მესამე-მეოთხე ჯგუფებს ფრანგულ ენას ასწავლიდა ვენერა ბერიძე — სათნო, კეთილი ადამიანი და საგნის შესანიშნავი სპეციალისტი.
ქართული ენის მასწავლებელი პროგიმნაზიის კლასებში იყო ელენე ლორთქიფანიძე-წულუკიძე (ცნობილი რევოლუციონერის, ალექსანდრე წულუკიძის ქვრივი); მისი წასვლის შემდეგ — მაგიტა ანთაძე (ნინო ნაკაშიძის და). მაგიტა, ამ პერიოდში, ძალზე ახალგაზრდა, მაგრამ ენერგიული და ნიჭიერი ქალი იყო. უფროს კლასებში ასწავლიდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალექსანდრა პოპოვა. მოსკოვიდან ქუთაისში ჩამოსული პედაგოგი მარიამმა თავის სკოლაში მოიწვია. პოპოვა მეტად განათლებული ქალი ყოფილა, რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კარგი მცოდნე, რევოლუციური იდეებით ანთებული პედაგოგი. ის ახლოს იცნობდა ვ. ი. ლენინს და გარკვეული დროის განმავლობაში ხშირად ხვდებოდა მას. საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ტრიფონ ჯაფარიძე, მათემატიკურ საგნებს — სიმონ ოცხელი და გედევან წერეთელი, ბუნებისმეტყველებას — ალექსანდრე ჯანელიძე, შემდეგში ცნობილი მეცნიერ-გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. საღმრთო სჯულის მასწავლებლები იყვნენ — ა. გერსამია და ცქიტიშვილი, გამორჩეულნი დემოკრატიული შეხედულებებითა და კეთილშობილებით.
სკოლის დირექტორი, შემდეგში საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი მარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილი დაიბადა 1866 წელს ქალაქ ქუთაისში. 1886 წელს დაამთავრა ქუთაისის წმიდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია. ამავე წლიდან 1898 წლამდე მოისმინა ჟენევის პედაგოგიური კურსები და გაეცნო საზღვარგარეთის საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების სტრუქტურას. 1903 წლის სექტემბრიდან 1921 წლამდე მარიამ ყაუხჩიშვილი დირექტორად მუშაობდა ქუთაისის ქალთა კერძო გიმნაზიაში, რომელიც სამართლიანად ატარებდა მის სახელს; საკუთარი ოჯახი არ გააჩნდა, იგი ჭეშმარიტი პედაგოგი იყო.
მარიამ ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა 1939 წელს თავისსავე სკოლის შენობაში, სადაც ერთი პატარა ოთახი ეჭირა საცხოვრებლად. დაკრძალეს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე. ქუჩას, სადაც მისი სკოლა მდებარეობდა, მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი ეწოდა.

ლია გაბუნია
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის
დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,
მეცნიერებათა დოქტორი

გურამ გაბუნია
სრული პროფესორი, ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორი, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერტსიტეტის
საზოგადოებათმცოდნეობის ფაკულტეტის
საქართველოს ისტორიის კათედრის
სრული პროფესორი

25-28(942)N